კრივი

მეორე საჯარო გასართობი იყო კრივი. ყეენობა თუ ისტორიის მოგონებაა, კრივი - ფიზიკური ვარჯიშობაა: კრივი ჩვენებური, ტფილისური ჩვეულებაა. საგულისხმოა, რომ სხვა ერს (ინგლისური ბოქსის გამოკლებით) მუშტი არ უყვარს. მაგალითად, რუსს სილა უფრო ემარჯვება. ყარაჩოღელსაც უყვარს სილა, მაგრამ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად ამქრის დღესასწაულზე. ისე კი ყარაჩოღელი ჭკუის სასწავლებლად მხოლოდ "ბრმა სილას" ხმარობს (სილა - ხელის ზურგის გარტყმით). კრივის დროს კი დოგადოგა მიდიოდნენ ერთმანეთზე: ჯერ ერთი მოკრივე შემოჰკრავდა ერთი ხელით მუშტს; ხოლო თუ მოპირდაპირე ისეთი სუსტი აღმოჩნდებოდა, რომ ამ ერთი მოქნილი მუშტით წაბარბაცდებოდა, მაშინ მეორე მხრიდან მეორე მუშტსაც მიარტყამდა მისაშველებლად, რომ ზეზე დამდგარიყო, სწორად; მერე დაიჭერდა ორივე ხელით - შეაჯანჭყარებდა, შეასწორებდა და კვლავ იწყებოდა ახალი გამოცდა ბრძოლისა.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის ხოშის მოსაკლავად ყოჩების, მამლების და აქლემთა ჭიდაობას ეტანებოდნენ (ძველად როცა ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, ტფილისის მეთავლეები ჰმართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას, - აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით). მაგრამ ყველაზე გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებულ მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზე ფერად მძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვეროებს კოპწიად გადაუხერხავდნენ. მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი - გაშლილ ასპარეზზე. ჭიდაობის ადგილას პატრონებს ყოჩები "დროშკებით" მიჰყავთ, თან აუარებელი ცნობისმოყვარე ხალხი მისდევდა. ჯერ ითათბირებდნენ, მერე აჭიდავებდნენ: დამარცხებული ყოჩის პატრონი გაჯავრებული ქეიფობდა. თუ ჭიდაობა მხარეთა შორის დამარცხების შედეგებს არ იძლეოდა, მაშინ ყოჩაობა შემდეგი კვირისათვიის გადაიდებოდა ხოლმე. ჭიდაობას ჰხემძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა. უკანონობაც ხდებოდა (მაგალითად, როცა პატრონი თავის ყოჩს ჯაჭვს შეხსნიდა, ამ ჯაჭვს შეუმჩნევლად მოპირდაპირე ყოჩს სახეში მიარტყამდა, - ამას ეძახდნენ "ყოჩის გაფუჭებას"). ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა. ბოლო მაინც ერთი იყო: ჭიდაობის გათავების შემდეგ, ყველანი "ჩასხდებოდნენ" მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი.
მაგრამ უფრო გულხმიერი და ეპოქალურია ნამდვილი მუშტი-კრივი.
ძველად სიონის ტაძარი ქალაქის ორ მოკრივე ნაწილს საზღვრად ითვლებოდა - ჩრდილოეთისა და სამხრეთის. მოკრივეთა მიჯნას წარმოადგენდა აგრეთვე შუაბაზარი ქურქჩების სახელოსნოებამდე.
იყო შემთხვევა როცა მოკრივეთა "თაბუნს" მტკვარი ჰყოფდა.
კრივი იმართებოდა სხვა-და-სხვა ადგილას: ზარაფხანის ახლოს, საცა ეხლა ბაყალხანაა (მეტეხის ციხის ქვემო ნაწილი); არსენალთან, ეგრეთწოდებულ "ჭირიანთ ხევში"; "ბოსტნის ურმებზე" (ძველი დამოჟნის უბანი); ავლაბრის იქით "ნახირის უბანში" სადაც ეხლა ყაზარმებია; უფრო ხშირად კი სიონის ქუჩაზე; აბას-აბადის და კოლორთაღის მოედნებზე, აგრეთვე მოღნინის ეკლესიის ახლობელ ქუჩაზე; ბოტანიკურ ბაღის ზემოდ, ჩანჩქერის თავზე მამადავითის ყელთან, სადაც წინად დაცემული ადგილი ყოფილა.
კრივისთვის არც განცხადება იყო საჭირო და არც შათირების დაგზავნა.
კრივი იმართებოდა კვირაობით, ყველიერის ბოლო დღეებში, აგრეთვე ნათლიღების მეორე დღეს, რადგან მიცვალებულთა სულის მოხსენების გამო, ამ დროს ყველა დუქნები დაკეტილი იყო.
ყველაზე დიდი კრივი - ეგრედ წოდებული "ავლაბრის კრივი" - იმართებოდა კვირაცხოვლობა დღეს, ამ სახელწოდების ეკლესიის მახლობლად.
კრივი პატარა ბიჭების შეჯიბრებით იწყებოდა. შემდეგ 18-20 წლის ჭაბუკები შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს; ჭაბუკებს 25-30 წლის ვაჟკაცები მოსდევდნენ; ხოლო როცა ბრძოლა გამწვავდებოდა, ორივე ბანაკიდან გაისმოდა ძახილი: "ქომაგი!" "ქომაგი!" და ეშხში შესული დარბაისელი და გამოცდილი ფალავნები უკვე ნამდვილ კრივს იწყებდნენ.
ათი-თხუთმეტი წუთის შემდეგ მოკრივეთა ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო: ნაცემი და დაბეგვილი მოკრივენი სტოვებდნენ ასპარეზსს და ნელინელ უკან იხევდნენ (ეგრეთწოდებული "დამდგარი კრივი" კი ხშირად ორ-სამ საათს გრძელდებოდა). მაგრამ ბრძოლა ამით არ თავდებოდა "დამარცხებულნი იშველიებდნენ ქვებს, აგურებს, ხის ნაჭრებს და ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებოდათ. ამის გამო ხშირად იმსხვრეოდა მეზობელ სახლების კარფანჯრები, აივნები, შუშაბანდები და სხვა; ბევრი მოკრივე ბრძოლიდან დაჭრილი გამოჰყავდათ; ხშირად მოჰხვედრია დამსწრებსაც, რომელთა შორის მაღალი თანამდებობის პირნიც იყვნენ". (1)
ერთი ასეთი კრივი მოხდა 1851 წელს, 4 თებერვალს; ხმა დაირხა, რომ ამ კრივში 300 კაცი დაიჭრა და ხუთი მოკვდაო. ამის გამო მთელი ოფიციალური მიწერ-მოწერაც კი გაიმართა (2) და ამიერ კავკასიის უმაღლესი ადმინისტრაცია იძულებული გახდა ცენტრალური ხელისუფლებისათვის ახსნა-განმარტება წარედგინა. მეფის მოადგილის ვორონცოვის განმარტების შემდეგ, ნიკოლოზ პირველმა ასეთი ბრძანება გამოსცა: "კრივის ნება მიეცეს ქალაქს გარეთ, მაგრამ ისე კი, რომ მუშტების გარდა სხვა რამ იარაღი არავინ იხმაროს. კრივს თვალყური უნდა ადევნოს პოლიციამ, რომელსაც ნება ეძლევა შეაჩეროს კრივი იმ დროს, როდესაც მოპირდაპირენი გახურდებიან". (3)
კრივში მონაწილეობდნენ უმთავრესად ხელოსანთა წრიდან გამოსული ფალავნები; ზოგჯერ მათ ვაჭრებიც უერთდებოდნენ.
კრივი იწყებოდა მრავალრიცხოვან დამსწრეთა შეძახილით და ყიჟინით. ხშირად მუშტის გარტყმა ისეთი ძლიერი ყოფილა, რომ არემარე ბანს აძლევდა. (4)
მოკრივენი უქუდოთ, მკერდ-გაღეღილნი, ჩოხის კალთებ-აკეცილნი და ხშირად ფეხ-შიშველნიც იბრძოდნენ. მოკრივეთა რიცხვი განსაზღვრული არ იყო.
კრივს ჩვეულებრივად ეგრედწოდებული წარჩინებული პირები მფარველობდნენ. ქომაგები ცხენებზე ისხდნენ, ერთმანეთს ეკამათებოდნენ და თავიანთი რაზმის ფალავნებს აქეზებდნენ. ზოგჯერ "კარგად დამრტყმელ" მოკრივეებს ფულითაც ასაჩუქრებდნენ.
არის თქმულება, რომ კრივს მეფე ერეკლეც ესწრებოდა. კრივი იყო ზნეობით სწავლა ვაჟკაცობის წვრთნისა და ვარჯიშობისა". (5)
გრიგოლ ორბელიანის თქმისა არ იყოს:

"აბა ერთი კრივში მნახე ვინა ვარ!"

რუსეთის დამყარების პირველ დღიდანვე, სხვა ადათებთა შორის, კრივიც აკრძალეს, როგორც "საშიში თამაში"; მაგრამ თავარმართებელი ციციანოვის დროს, ხალხის თხოვნით კრივი განახლებული იქმნა; "არა იმიტომ, რომ ციციანოვის ძარღვებში ქართული სისხლი სჩქებდა, არამედ იმიტომ, რომ ხალხს თავისებურება არ დაჰკარგოდა და სამხედრო მოქმედებაში გაწვრთნილიყო". (6) კრივი ბევრნაირი იყო:

მუშტის კრივი,
ხრიდოლი (კრივი ცალი ხელით),
სალდასტი (ქვის კრივი).

ყველაზე გავრცელებული იყო მუშტის კრივი და სალდასტის კრივი. "მუშტის კრივს მართავდნენ ზაფხულში, ქალაქის ქუჩებში და სალდასტის კრივს ზამთარში, ქალაქ გარედ. განსაკუთრებით საყურადღებო ყოფილა სალდასტის კრივი. კრივს ჰქონდა თავისი წესები, ხალხის ჩვეულებაზე დამყარებული. კრივში წართმეული იარაღი, სარტყელი, ქუდი და ნაბადი ითვლებოდა კანონიერ ნადავლად ანუ ალაფად. როცა ქალაქში კრივი გაიმართებოდა, მაყურებლები სახლის სახურავებზე ადიოდნენ, ავსებდნენ ბანებს და იქიდან შესცქეროდნენ ომს და ამხნევებდნენ გამბედავ მებრძოლთ თანაგრძნობის აღმოჩენით; როცა ქალაქ გარედ იბრძოდნენ შურდულებით და ხის ხმლებით, მაყურებლებს წინდაწინვე ჰქონდათ დაკავებული გორები და მაღლობი ადგილები. კრივს განსაკუთრებით ახალგაზრდობა მისდევდა. ეს საკვირველიც არ არის. ქართველ ქალს ერთი ათად უფრო ტურფად ეჩვენებოდა ის ვაჟი, რომელიც კრივში გაიმარჯვებდა და სახელს გაითქვამდა. მოკრივენიც, რასაკვირველია რამოდენადაც სახელის შოვნას ცდილობდნენ, იმდენადვე სწადდათ და ცდილობდნენ თავის გამოჩენას თავიანთ "ორთავ თვალის სინათლის" სასიამოვნოთ და სასიქადულოთ. კრივს ჰქონდა თავისი ჭეშმარიტად კარგი მხარე: ქართველი კაცი პატარაობიდანვე იწრთვნებოდა სამხედრო ხერხებში, ავარჯიშებდა თავის საღ გონებას და გამჭვრეტელობას, რომელიც მას ბუნებით დაჰყოლია. ვარჯიშობდა სიმარდეში, სისწრაფეში - ერთი სიტყვით, კრივში ქართველი იძენდა ყველა იმ თვისებებს, რომელნიც ძვირფასნი არიან სამხედრო საქმისათვის". (7) კრივს ძლიერ ღატაკი ლიტერატურა აქვს, მხედველობაში თუ არ მივიღებთ დავით იოსების ძე ბებუთოვის მემუარებს. (8) ეს ერთადერთი ბეჭვდითი მასალაა, რომელსაც სხვა-და-სხვა ვარიაციით იმეორებენ: დუბროვინი (9), პოტტო (10), ვეიდენბაუმი (11) და სხვა.
აი, ამ ბებუთოვს აწერილი აქვს სალდასტის კრივი, რომელშიაც თითონაც მიუღია მონაწილეობა. მკითხველმა რომ წარმოადგინა იქონიოს ამ დაუნდობელ ძველებურ კრივზე, ეს აღწერილობა ოდნავი კუპიურებით:
"ბრძოლა დავიწყეთ ჩვენ - ამბობს ბებუთოვი, - ქვემო უბნის ბავშვებმა, მე გადავხტი წინ და სხვებთან ერთად დავიწყე შურდულით ქვების სროლა, ქამარზედ მეკიდა ხის ხმალი და მარცხენა მხარზედ საფრად ნაბადი მქონდა. ახლოს რომ მივედით, მოწინააღმდეგენი ხმალში იწვწვდნენ ერთმანეთს. ერთი გამბედავი ყმაწვილი დახტოდა ჩემს წინ და თავს იფარავდა ჩემი შურდულისაგან. უეცრად მოვარდა ჩემთან. ჩვენ შევეტაკენით და დავუწყეთ ერთმანეთს ხმლით ცემა. ჩემი მოქიშპე დავჭერი. მაგრამ მეც გამიპო იმან წარბი... დიდებ შორის ქვის სროლა და ხელჩართული... მე დავრჩი როგორც მაყურებელი. დაძლევა და ჯობნა არცერთ მხარეს არ ეტყობოდა. ჩვენებმა ჩუმად შუაღამისას გაგზავნეს ერთი რაზმი ზემო მხარის გარს შემოსავლელად, თითქმის ექვს ვერსამდე. ამ რაზმს ჰქონდა ნაბრძანები, გასულიყო ორშაბათს და ასე თორმეტ საათზე გადმოშვებოდა სოლოლაკის მთას და მოსწოლოდა მტერს. ამასთანავე მთაზე, ოქროყანიდან დაწყებული, ამ რაზმს უნდა დაეყენებინა საუკეთესო მეშურდულენი, რომ მტრისთვის ზურგში დაეწყოთ სროლა... ორივე მხრიდან გამოვიდნენ მეშურდულენი და ათასობით და სეტყვასავით მიაყარეს ქვები ერთმანეთს... ყველგან გაცხარებული შეტაკება იყო. მომხდურებს როცა წააქცევდნენ, სცდილობდნენ მთიდან გადმოგდებას, მაგრამ მეგობრები შეეშველებოდნენ და ომი ისევ გათანასწორდებოდა. ბრძოლა გაგრძელდა თითქმის ერთი საათს და ქვემო უბნელებმა მოახერხეს მაინც ნახევარი მთის დაკავება და ნაბდებით თავს იფარავდნენ შურდულის ქვებისაგან, რომელიც ზუზუნით მოდიოდა... უეცრად მოისმა საშინელი ყვირილი. განთქმულ მებრძოლთა სახელი ელვასავით მოეფინა მთელ ხალხს და მეგობრებს რაღაც ელექტრონისებურმა ნაპერწკალმა გაურბინა ძარღვებში. ზურნისა და საყვირების გამაყრუებელი ღრიალი მოეფინა არემარეს. ომი ცეცხლივით აენთო. ეხლა იბრძოდნენ ხის ხმლებით, ქვებს აღარ ხმარობდნენ, კრივის წესით, ხმალ-და-ხმალ შეტაკებაში, ქვის სროლა მხდალობად ითვლებოდა. ზემო უბნელები შესუსტდნენ და უკუ იქცნენ. ქვემო უბნელებმა დაიჭირეს მთა და მტერი გაიქცა სოლოლაკის ხეობისაკენ" (12).
ხშირად ეს ფიზიკური ვარჯიშობა, ავქსენტი ცაგარლის თქმით, ეს "მუშტის ქუხილი", თავდებოდა ფიზიკური დასახიჩრებითაც. "კრივის მეორე დღეს ბლომათ იყვნენ ხოლმე თავგახეთქილები, თვალწავარდნილები და ცხვირპირდამტვრეულები." (13).
თუმცა შურდულები პატარა ზომისა იყო ხმლებიც-ხისა, მაგრამ მაინც საშინელი და დაუზოგავი ხდებოდა ეს "უმუშტო კრივი"... მიუხედავად ამისა, უნდა ითქვას, რომ ამ "ცხვირპირის დამტვრევას" სულაც არ მოსდევდა ბოროტი გრძნობები და ხშირად ასე ფიზიკურად დასახიჩრებულნი, ნიშნად შერიგებისა, სალხინო ადგილებში მიდიოდნენ და ერთად დროს ატარებდნენ.
"კრივი" როგორც ფიზიკური ვარჯიშობა, თავისი ხასიათით და დანიშნულებით არაფრით არ განსხვავდებოდა ასეთივე ხასიათის ვარჯიშობისაგან, რომელიც სხვა ერის ყოფა-ცხოვრებამ წარმოშვა (ბოქსი, ჭიდაობა და სხვა). საერთო მიზეზები იწვევენ საერთო ხასიათის ვარჯიშობასაც: ერთფეროვანი ფიზიკური შრომით დაღლილი სხეული, მოდუნებული მოძრაობა სისხლისა გახალისებას მოითხოვდა, და ტფილისელმა ხელოსნებმაც თავიანთი "ტივის სისხო მკლავების" გასატკაცუნებლად, კრივსაც მიმართეს ისევე, როგორც ინგლისელებმა - ბოქსს.
სალდასტის კრივი მთავარმართებელ ბარიათინსკის დროს სამუდამოდ აიკრძალა. დარჩა მხოლოდ ჩვეულებრივი მუშტის კრივი, რომელმაც სამოცდაათიან წლებამდე გასტანა. ამ გვიანობამდე დარჩენილ მუშტის კრივს, რომელიც ქალაქ-გარედ იმართებოდა, პოლიციის ზედამხედველობით, თავისი წესები ჰქონდა გამომუშავებული. ხშირად ზოგიერთ მოკრივეს საშინელი მაგარი ცაცია ჰქონდა, ვისაც შემოჰკრავდა - მორჩა, ცოცხალი ვეღარ ადგებოდა. აი, ამისთანა მოკრივეს სიტყვა ჰქონდა მიცემული, ან როგორც ამბობენ, "ხელი ჰქონდა მოწერილი", რომ იგი აღარ იკრივებდა... მაგრამ, როგორც ყოველგვარ დადგენილებას, რასაკვირველია, ამასაც გვერდს უხვევდნენ, "ხელისმოწერა", - ხელის მოწერით რჩებოდა და ამ მუშტის კრივსაც მოჰყვებოდა ხოლმე თავისი მსხვერპლი, თუმცა არა იმდენი, რამდენიც სალდასტის კრივს.
კრწანისის სასაფლაოზე, ამ რამოდენიმე წლის წინათ, ერთი საფლავი ვნახე, როგორც საფლავის ქვის წარწერიდან ჩანს, განსვენებული სალდასტის კრივის მსხვერპლი გამხდარა. აი ეს ეპიტაფიაც:

"გულში ქვა მომხვდა, მეცა ზარები, თავს დამეხვივნენ ტოლნი-ჯარები; ჩამომატარეს ციხის კარები, საწყალ დედაჩემს შერჩეს გონება, ყველამ მაღირსეთ თითო ცხონება." (14)

* * *

(1) – С. Кишмишев «Тифлис 40-их годов», «Кавказ». 1894 წ. N60; ამავე ავტორის ცნობით: "მეტად დამახასიათბლად აქვს აჭრერილი კრივი ალექსანდრე დიუმას თავის წიგნში "De Paris a Actorgan". ამ კრივში დაშვებულთა შორის თვით ალექსანდრე დიუმაც ყოფილა" (იქვე).
(2) – Акты, т. X..გვ. 825.
(3) – ibid, გვ. 827.
(4) - ზოგი ერთი მოკრივე ხალხის მიერ დარქმეულ ზედმეტ სახელს ატარებდა. მაგ: "ქარაფანდოღა" - კლდის დამქცევი; ამბობენ, ამ მოკრივეს კლდისთვის, რომ მუშტი შემოერტყა, ბელტს ჩამოაგდებინებადაო; მეორე მოკრივე - დნგრ სოლომონა - ისეთი ყოჩაღი ყოფილა, რომ როგორც ამბობენ, ცხენის ნალს ხელით გადაჰღუნავდა და დაჩოქილი კრივობდა. ხოლო მესამე მოკრივეზე ქაჩალ სტეფანეზე ასეთი ლეგენდაა: ერთხელ სიონის ქუჩაზე კრივის დროს ბანიდან ჩამოვარდნილი აგური დაეცა თავზე. აგური ოთხად გადაატყდა, ხოლო სტეფანემ კი აინუშშიაც არ ჩააგდო, მაღლა აიხედა და ხუმრობით წარმოსთქვა: "ვინ ოხერია, რომ მეკენჭვებაო!".
(5) – "ცისკარა", 1869 წ. N3. გვ. 81
(6) - Акты, т. X..გვ. 826
(7) – "ივერია", 1885 წ. N1. კრივის შესახებ ცნობებისწ მოსაწოდებლად მივმართეთ ჩვენს უხუცესს მოღვაწეს ნიკო ავალიშვილს, რომელმაც არ დაიზარა და მოგვაწოდა "თავისი თვალით ნახული" კრივის ზოგიერთი ამბავი. ჩვენი ცნობების დასამტკიცებლად და შესავსებად მოგვყავს შემოკლებით ეს წერილი:
"...კრივზედ ცნობის მოსაცემად საჭიროა მოგახსენოთ, რომ მე ჩემი უფროსი და ერთად ერთი ძმის ოჯახში ვიზრდებოდი; მამა ხუთი წლისას მომიკვდა, ჩემი ძმის მეგობარ-ამხანაგებში ერთი სახელდობრ გიორგი ნადირაძე, დიდი მამობრივი ყურადღებით მეპყრობოდა: საცა კი რამ ამბავი ხდებოდა საჯაროდ, უეჭველად მეც მაჩვენებდა. კრივის ნახვა მეტად უყვარდა, მუდამ მიდიოდა და მეც თერთმეტ-თორმეტი წლიდან უეჭველად თან წამიყვანდა ხოლმე.
მაშინ (1855 წ. და შემდეგ) კრივი იმართებოდა კვირა დღეობით, შუადღის შემდეგ ორი სამი-საათიდან, კვირაცხოვლის არეში, ეხლა რომ არსენალის დიდი შენობებია, იმ მეიდანზედ. ის ადგილი თუმცა მცირედად დაბალ-მაღალი ვაკე იყო.
მოკრივენი "ზემო" და "ქვემო" უბნად იყოფოდნენ. ამ ორი უბნის შუა ხაზი: ხარფუხ - ავლაბარ-კლდისუბან-ჩუღურეთსა და გარეთუბან-კუკია-ვერა და დიდუბის შუა იყო...
კრივი იწყებოდა მოზარდი ყმაწვილკაცებით და იგინი რომ გახურებაში შევიდოდნენ, ხან ერთი და ხან მეორე უკან დაიწევდა, მაშინ დაჯაბნილს და დაწეულს მისი უბნის დიდრონები ჩაეშველებოდნენ; ეხლა ისინი დასწევდნენ უკან მოპირდაპირე უბანს და მათაც დიდრონები ჩაეშველებოდნენ, და ასე თანდათანი დიდრონების ჩაშველებით კრივის ასპარეზს დიდრონები იჭერდნენ და მაშინ მოზარდი ახალგაზრდობა დაქანცული და დაბეგვილი სტოვებდა ასპარეზს...
სახელგანთქმული მოკრივენი ორივეორივე უბანს რამდენიმე ჰყვანდა; იგინი მარქაფა რაზმს შეადგენდნენ და მარტო გაჭირების დროს ჩაერეოდნენ ხოლმე კრივში. ამ მარქაფა მოკრივეთა სახელი მარტო სამისა მახსოვს: ლოპიანა, გიჟუა და ღორ-კოლა. მათში ყველაზე განთქმული ლოპიანა იყო, ის რომ ჩაერეოდა კრივში, მოპირდაპირეს ისე აწვებოდა, როგორც ძლიერი რამ მანქანა და ბევრჯელ ყოფილა, რომ ხევში ჩაურეკნია მოწინააღმდეგე უბანი.
მოკრივეთ შიგადაშიგ დასვენებაც იცოდნენ. დაწყებამდის და დასვენების დროს, ორივე უბნის მოკრივენი თავიანთ ბელადებს გარს ეხვეოდნენ...
კრივი დაბინდებაზედ ადრე იშლებოდა, ესე ვსთქვათ "გენერალური ბრძოლის" შემდეგ, როდესაც ორივე მხრის მარქაფაც მთლად ჩაერეოდა საქმეში და ლოპიანასი და მისი ამხანაგების მეოხებით ზემო უბანი დიდათ გაიმარჯვებდა - ან ხევში ჩაჰკრავდა ან უიმისოდაც დაჰქსაქსავდა, დაირეკავდა ქვემო უბანს. არ მახსოვს, რომ ქვემო უბნის გამარჯვება ვისმე როდისმე ეთქვას.
კრივის ცქერა მეტად უყვარდა ხალხს, ამიტომ დიდძალი მაცქერალი ცხენიანი და თუ ქვეითი ესწრებოდა კრივზედ, ჰლამის ნახევარ ქალაქი"...
(8) – «Военный Сборник», 1867 წ. N 6 და 7.
(9) – "Тифлиский Листок», 1899 წ. N 165, სურათბიანი დამატება, N8.
(10) – «История войны и владычества русских на Кавказе». ტ.1, წიგნი II, გვ. 146.
(11) – "Кавказкий Календарь»,1855 წ.
(12) - "Кавказкий Сборник»,1902 წ. ტ. XXIII, გვ.14. შეად.
(13) - "Кавказ», 1846 წ. N1.
(14) - ყოველ ათეულ წლებს თავისი ცნობილი მოკრივე ჰყავდა. მეთვრამეტე საუკუნის ფალავან-მოკრივეთა სახელები ჩვენამდე არ მოსულა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან კი ტფილისში ცნობილნი იყვნენ შემდეგი მოკრივენი: შერმაზანა, საათო (მთავარმართებლის პ. ციციანოვის ფალავანი), ხარფუხელი მკლავილეკუა, ოქრომჭედელი თაფანა, ბებუთაანთ გიგა (ლობჟანიძე), ყასაბი გულუაშვილი, ცხრაფეხაანთ გოლა, გამხდარა სიმონა (გოცირიძე), ლეჰენძაანთ ავეტიქ (ლენჩიშვილი), ბაბამ სირქია, ჭონი კვინიხა (არჩილს მუხრანბატონის ფალავანი), მჭედელი სია, ჩუღურეთელი თეთრ-ახალუხა, წითელ-ფუფაიკა კოლა, მეჩანგლე ლოპიანა (გრ. ორბელიანის ფალავანი), თოქმაჩი გულაზა, მთაწმინდელი კომშუა, ჭიანუა, პაჭუა, ღორუა, გიჟუა (დათიკო მელიქსედეს-ძე ბებუთოვის ფალავანი), ყასაბი ჟირნაშვილი, ნიკოლა ცაცანაშვილი, გიჟ-მიხაკა, ბოშ-ოჰანეზა, მიკიტანი გრიშა (მამულოვი), დაბაღი ლოხოშა, დაბაღი პეტუა, დაბაღი ბეჯინშა, ბაყალი გომფუა, განჯელი ალია, ფარქასტუ კოლა, ასასი ბუჟუჟა, კუკიელი ვირიცოხნაშვილი, ქარაფ-ქანდოღა, დნგრ სოლომანაშვილი და სხვ.



სტატიის ავტორი - იოსებ გრიშაშვილი;
სტატია აღებულია  - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამომცემლობა „სახელგამი“, 1927 წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014