ერთი საქორწინო ტრადიციის შესახებ
თერმეს (თურქეთი) ქართველებში
(ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით)

საქორწინო ურთიერთობები ადამიანების მიერ გავლილი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მისგან მიღებული შთაბეჭდილება ძნელად თუ ავიწყდება ადამიანს. ეს გარემოება კი მეტ საფუძველს ქმნის ქორწინების ინსტიტუტის სრულყოფილი შესწავლის საქმეში, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებრივი და საოჯახო ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან არის დაკავშირებული. ამ ინსტიტუტის შესწავლამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენებურთა ეროვნული ცნობიერების მყარად შენარჩუნებასა და საიმედოობაში.
საქართველოში საქორწინო ურთიერთობის შესწავლას, ვახუშტი ბატონიშვილიდან მოყოლებული, არაერთი სამეცნიერო ნაშრომი მიეძღვნა. უკანასკნელ პერიოდში ამ მიმართულებით კვლევის არეალი კიდევ უფრო გაფართოვდა და ისტორიულ ქართულ ტერიტორიაზე თუ უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა შესახებ რამდენიმე საყურადღებო გამოკვლევაც იქნა მომზადებული.
თერმე თურქეთის ტერიტორიაზე სამსუნის ვილაიეთის შემადგენლობაში შემავალი საკმაოდ დიდი დასახლებაა, სადაც XIX საუკუნის II ნახევარში, მუჰაჯირობის პერიოდში, ბევრი ქართველი დასახლებულა. სადღეისოდ ქართულ მეტყველებასთან ერთად Mმათ მყარად აქვთ შესისხლხორცებული მშობლიური ადათები და ზნე-ჩვეულებები. მათ შორის ყურადღებას იქცევს ქორწილი, რომელიც საქორწინო ურთიერთობების მრავალსაფეხურიან ციკლში დამაგვირგვინებელ ეტაპს წარმოადგენს.
საკვლევ რეგიონში საქორწინო ჩვეულების შესწავლიდან ჩანს, რომ მთლიანობაში მისი ძირითადი ეტაპები თანხვედრილიაზოგადქართულ ტრადიციულ ქორწინებასთან, გარდა იმ გამონაკლისისა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი. ეს საინტერესო ჩვეულება საქორწილო ნადიმის დამთავრებისას სრულდებოდა.
ინფორმატორთა თქმით, შუა ქორწილის დროს აუცილებლად უნდა შესრულებულიყო შემდეგი რამ: აივნიდან გაიქნევდნენ ქორწილზე დაკლული საქონლის ტყავს, ანუ `ქოჩხოს”, რომელიც მოზვრის უნდა ყოფილიყო. ტყავი სველი იყო და ხელში სრიალებდა. `ჩხუბობდნენ ერთმანეთში, გაათრევდნენ ერთმანეთს: ხან სახლის ქვეშ, ხან წყალში, ხან ხეზე, ხან ახორშიც გადადიოდა დავა და ბოლოს რომელიმე ცხენით გაიტაცებდა მას.”. ინფორმატორები ამ ტრადიციას არაერთგვაროვნად ხსნიან, თუმცა მას თამადობასთან არ აკავშირებენ. ჩვენს მიერ მოპოვებული საველე ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით, აღნიშნული საქორწილო ჩვეულება ზემო აჭარამაც შემოგვინახა.Aაქაც საქონლის ტყავი აუცილებლად მოზვრის, ბუღას უნდა ყოფილიყო, რომლისგანაც ტიკს ამზადებდნენ. ამის წინაპირობა ასეთი იყო: ქორწილის დამთავრებისას თამადა, ანუ სუფრის თავკაცი იტყოდა: `ქორწილის ჩვეული წესი ასეთია - თამადობისთვის მებრძოლი ვაჟკაცები გარეთ გავიდეთ და მოვაწყოთ შეჯიბრება”.Gგამარჯვებულს მოგებული საქონლის ტყავი თან მიჰქონდა და მისგან დამზადებული ტიკით მომდევნო ქორწილში ღვინო უნდა მიეტანა. შეჯიბრის მთავარი პირობა კი ის იყო, რომ გამარჯვებული მომდევნო ქორწილში თამადად ინიშნებოდა. ჩვენებურთა ეთნოგრაფიული მონაცემებით აღწერილი საქორწინო ტრადიცია, ფაქტობრივად, შესაბამისობაშია ხულოში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევის შედეგებთან. ე.ი. მასში ჩანს ერთგვარი ტრანსფორმაცია ძველი დროიდან მომდინარე თამადობის ინსტიტუტისა. წარმოდგენილი მასალები აჭარაში თამადობის ტრადიციების დადასტურებას წარმოადგენს. ეს გარემოება კარგად ჩანს დასავლეთ საქართველოში…თამადის გავრცელებული სახელწოდების `ტოლუმბაშის” მნიშვნელობაში, რომელიც თურქულად `ტიკის თავს” ნიშნავს. რაც შეეხება ღვინის ჭურჭელს – ტიკს, იგი, როგორც აღვნიშნეთ, ზემოაჭარულ ქორწილში თამადის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენდა. სამეცნიერო ლიტერატურაში მიღებული ტერმინი თამადა, რომელიც აშკარად არაქართულია, გვიანაა ჩვენში შემოსული და დამკვიდრებული, მაგრამ ეს როდი ნიშნავს იმას, რომ `თამადობის” ინსტიტუტი ჩვენში არ არსებობდა.
ამრიგად, თურქეთში მცხოვრები თერმეს ქართველების საქორწინო ტრადიციების შესწავლამ წარმოაჩინა ამ ინსტიტუტის ქართული საქორწინო ტრადიციებიდან მომდინარეობა და მათი შემონახვა. ყოველივე ეს კარგად ვლინდება ქორწინების ციკლის ძირითადი ეტაპების თანმიმდევრობაში, საქორწინო ლექსიკაში, ქორწილთან დაკავშირებული გართობა-მხიარულების ქართულ ხალხურ ტრადიციებში. ამასთან, ამ ტრადიციასთან დაკავშირებული ეთნოგრაფიული მასალით ერთგვარად შეივსება ის დეფიციტი, რომელიც არსებობს თამადის ინსტიტუტის წარმოშობის შესახებ, რომლის პირველწყაროდ სადღეისოდ მხოლოდ ეთნოგრაფიული მონაცემები არის მიჩნეული.



სტატიის ავტორი - ნაილა ჩელებაძე, ჰეირათინ შენი (ცივაძე); სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეზობელ სახელმწიფოთა გეოპოლიტიკური ინტერესების კონტექსტში.

სტატია აღებულია  - აჭარის დედასამშობლოსთან დაბრუნების 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის მასალებიდან, გამომცემლობა ,,შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”,  ბათუმი, 2009 წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014