ძველი თბილისის ბიბლიოთეკა

&მარტო ყარაგიოზას თეატრი, ნაღლი, ყავახანები და სხვ., აშკარაა, სავსებით ვერ დააკმაყოფილებდა ხალხის გონებრივ მოთხოვნილებას.
ხალხში გაიღვიძა ''წიგნის ცოდნის'' სურვილმა.
ტფილისის ძველი თაობა მხოლოდ ხელტნაწერებს კითხულობდა და ხელნაწერებს უსმენდა. ''მნათობი'' სწერდა: ''თქვენ შეხვდებით მედუქნეებს, რომელნიც გულ-მოდგინეთ კითხულობენ ბეჟანიანს, ქალვაჟიანს, ბარამიანს და გადაწერაში ერთი ორად ფასს აძლევენ.'' 1)
ეხლა კი მათი მომდევნო თაობა გადაწერაზე ''ფულს აღარ ჰხარჯავდა'' და ბეჭვდითი სიტყვით სარგებლობდა. გაცნდნენ იაფ-ფასიანი წიგნების გამომცემელნი: წოვინარაშვილი, ახპატელოვი, მდივანოვი, ჭიჭინაძე, ჩარექოვი, ედიგაროვი, კობალაძე, ლაზარევი (ყაზაროვი), ფამბაკელოვი, ზარგაროვი, ლიზა მარჯანოვი, შემდეგ - იოსებ და ბაგრატ არნაუტოვები, ვანო ესაღოვი, ალ. შახბარათოვი (შიბრია), მიხ. ზარიძე და სხვ.; ესენი ბეჭდავდნენ, როგორც აღმოსავლეთის ფანტასტიურ ზღაპრულ მოთხრობებს, ისე იმ დროინდელი პოეტების სახალხო ლექსებს. ამ ხალხურ სიტყვიერებას ჩვეულებრივად მფარველობდა და რედაქტორობდა ჩუმი და დაუვიწყარი მოღვაწე პეტრე უმიკაშვილი. აი, რასა წერს იგი თავის ავტობიოგრაფიაში: ''1875-1877 წლებში სხვათა სხვათაგან გამოცემით და ძველი ხელთნაწერების ტექსტით ჩემი რედაქტორობით დაიბეჭდა: ბეჟანიანი, ალექსიანი, ქალვაჟიანი და თეიმურაზ-მეფის ვარდ-ბულბულიანი, ამ წვრილ მოთხრობათა და ლექსტა ბეჭვდა მრავალი იყო და არც კი ვიცი, რამდენს ბეჭდავენ და ვინ ბეჭდავს.'' 2)
პეტრე უმიკაშვილი მართალია. ტფილისის დაბალი მოსახლეობა ხარბად ეტანებოდა ამგვარ გამოცემებს. ზოგი წიგნი მეოცე და მეორმოცე გამოცემადაც გამოდიოდა და ათი-ათასობით ვრცელდებოდა მდაბიო ხალხში. ''მართალია, ამ წიგნაკების უმრავლესობას შინაარსის მხრით დიდი ნაკლულევანება ახლავს, მაგრამ მათი ხალხში გავრცელება მაინც არ იყო უსარგებლო და უმნიშვნელო... ვინ იცის არსენას ლექსმა მაგალითად, ან ქალვაჟიანმა რამდენი წერაკითხვის არ მცოდნე დააინტერესა და ქართული წიგნის სწავლის წყურვილი აღუძრა! ''ნაკლულევანება ამ წიგნებისა კარგად ვიცოდიო, წერს იგივე პ. უმიკაშვილი, - მაგრამ ჩემი საკუთარი საყვედური და სხვების საყვედური იმით გამიქარვებია, რომ ეს პირველი ნაკადული იყო, რომელიც დაიძრა და თუ ამ ნაკადულს ჭუჭყი მოჰყვა, ამას დრო წაჰრეცხს და წაიღებსო.'' 3)
ასეთ წიგნებს ერთ დროს ზ. ჭიჭინაძეც ჰბეჭდავდა, როცა იგი მარქსისტული იდეებით იყო გატაცებული, თუმცა წიგნის წინასიტყვაობაში ხშირად თავს ისე ''იმართლებდა:'' ''ჩემთვის დიდათ სამწუხაროა, რომ ამ წიგნსა ვბეჭდავ, მაგრამ რასა იქმს კაცი, როცა ეს წიგნი ხალხში ძლიერ არის გავრცელებულიო'' 4)
სურვილ-გაღვიძებული ხალხი ეტანებოდა იმ წიგნებს, რომლებიც მისტვის მისაწვდომი იყო და რომლებსაც აწვდიდნენ. 5)
ძველი მკითხველის გონება ამ ზღაპრული წიგნებით საზრდოობდა და ისიც დიდის ხალისიტ ელოდა რომელიმე ახალი, გამომცემლების მიერ დაპირებულ, ზღაპრის დაბეჭვდას.
მაგრამ არ იქნება მართალი, თუ ამ ''ძველი მწერლობისადმი'' სიყვარულს მხოლოდ ტფილისის მოქალაქეებს მივაკუთვნებთ. ალექსანდრე ორბელიანი (1801-1869) თავის ერთ წერილში სხვა მაღალ თხზულებათა შორის ამ ''შაურიან წიგნაკებსაც'' ეხება: ''ჩვენი წინაპრები, - სწერს ორბელიანი, - თუ ერთი ხელით იბრძოდნენ, მეორეტი სწერდნენ ისეთი სიტყვიერების წერილებს, როგორებიც არიან: არჩილიანი, ვარდბულბულიანი, ქაცვია-მწყემსი, დავრიშიანი, სიბრძნე-სიცრუე, ყარამანიანი, ბარამიანი, მირიანიანი, გულიჯანიანი'' და სხვ. 6)
ჩვენ მიერ მოხსენებულ გამომცემლებს, რომელნიც მდაბიო ხალხს აწვდიდნენ ამ ზღაპრული პოემების პროზაულ ვერსიებს, ჰქონდათ ერუდიცია? გემოვნება? თუ მხოლოდ მოგების მიზნით ხელმძღვანელობდნენ?
გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ ორიოდე წიგნაკის გარდა (,,ბარამიანი'' და ნაწილობრივად ,, ყარამანიანი'') მათი გამოცემანი კრიტიკის გარეშე იდგა. ტექსტი-შეუსწავლელი,
გამოცემა-ღატაკი, კორექტურა-ბარბაროსული, ილუსტრაციები-პრიმიტიული. 7) ზოგმა გამომცემელმა არამც თუ წიგნის წაკითხვა, თავისი სახელგვარის მოწერაც არ იცოდა (მაგ. ალ. შახბარათოვმა), ზოგ გამომცემელს თვითონ შეჰქონდა ტექსტში შესწორებანი. 8) იყო შემთხვევები, როცა გამომცემელნი ავტორებს ერთმანეთში რევდნენ. მაგ., გამომცემელმა მ. ზარიძემ 1908 წ. გადაბეჭდა პოემა ,,სარიდონიანი'' (პირველი გამოცემა ეკუთვნის ქაიხოსრო ჩარექოვს 1879 წ.) და ავტორად სულ ახალგაზრდა გლეხი მიხ. ჯაჭვაძემ გამოაცხადა. ამაზე დ. გივიშვილმაც შენიშნა:

,,ერთ წიგნს იღებ და არქმევ
შენ მეორის სახელსა
და ხალხს მაგით ატყუებ,
თვალებს უბამ მნახველსა''

ცნობილია, რომ სასიმღერო ლექსების ავტორები თავიანთ გვარს თუ ფსევდონიმს შიგ ტექსტშივე რითმავდნენ. მაგ.,

''მესამე ვსვათ, ღირს, ვარგა,
ყური დამიგდეთ კარგი-
ღმერთმა, დიდხანს გვიცოცხლოს
ს კ ა ნ დ ა რ ნ ო ვ ა გ ი ო რ გ ა''. 9)

ამ ლექსს ალ. შახბარათოვის მიერ გამოცემულ წიგნში, ასეთი დაბოლოვებით ვკითხულიობთ:

''მესამე ვსვათ, ღირს, ვარგა,
ყური დამიგდეთ კარგი-
ღმერთმა, დიდხანს გვიცოცხლოს
შ ი ბ რ ი ა შ ა ხ ბ ა რ ა თ ო ვ ი''. 10)

განმარტება მეტია! გარდა იმისა, რომ გამომცემელმა ლექსის რითმა დაარღვია, სხვისი შრომა თავისად გამოაცხადა და ამით მკითხველი შეცდომაში შეიყვანა.
ამგვარი კურიოზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ეს ორი ბეჭდური ნიმუშიც მხოლოდ იმიტომ მოვიყვანეთ, რომ წარმოვიდგინოთ, თუ მკითხველი აუდიტორია რამდენად არ იყო გათვითცნობიერებული, როგორ ენდობოდა გამომცემლებს და ერთ ავტორს მეორისგან ვერ არჩევდა. 11)
რა იყო სულიერი საზრდო მაშინდელი აუდიტორიისა? რას წარმოადგენდა ეს ლიტერატურა? რითი იკვებებოდნენ ის სახალხო პოეტები, რომელთა შესახებაც ქვემოდ უნდა გვქონდეს ლაპარაკი? ეს იყო ერთის მხრით, აშუღების ზეპირი სიტყვები და მეორე მხრით, ის უთვალავი ზღაპრები, რომლებიც იაფ-ფასიან წიგნაკებად იბეჭდებოდა: ყარამანიანი, ბარამიანი, ახრასიანი, ეთერიანი, ქოროღლიანი, ვარშაყიანი, ალექსანდრ-ლუდვიკიანი, კარხმალაჯიანი, როსტომ-ზურაბიანი, ბეჟანიანი, დავრიშიანი, მარიანიანი, შუშანიკიანი, ალდუზიანი, სარიდონიანი, ალექსიანი, ქალვაჟიანი, შვიდ-ვეზირიანი (თიმსარიანი) და სხვ. ამ ზღაპრულ მოთხრობათა შორის ყველაზე პოპულიარული იყო ,,ქალვაჟიანი'', ,,ყარამნიანი'', და ,,შვიდვეზირიანი''. თუ შვიდვეზირიანი, ეს შესანიშნავი კონსტრუქციით დაწერილი რომანი, ნაღეჭი ენით იყო ნათარგმნი, სამაგიეროდ ,,ყარამნიანის ენა თუმცა შეიძლება გრამატიკულის მხრით გვეჩვენოს უსწორმასწოროდ, მაგრამ მდიდარია თავისი ფორმებით, სხვა-და-სხვა ტექნიკურ სიტყვებით და პლასტიკითაც.'' 12)<
ერთის მხრით მშვენიერი ქართული ,,ყარამნიანისა'' და, მეორეს მხრით, მისი ფანტასტიკური შინაარსი, ბევრს მკითხველს თუ მსმენელს იზიდავდა, ,,მსმენელსაც'' იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად ყარამნიანი ხმამაღლა იკითხებოდა და ოჯახის დანარჩენი წევრები კი ირგვლივ უსხდნენ და სულგანაბული უსმენდნენ, ფერიებმა პაპის საძიებლად როგორ წაიყვანეს ,,ჰაიართ-უხუცესი'', რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაშუი ჰაერში ფრენის დროს ბალთასა და ისე იკვებებოდა.
ხალხი დიდის გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს ამ წიგნის გმირთა ფათერაკიან თავგადასავალს, ხარობდა მათი სიხარულით, იტანჯებოდა მათი ტანჯვით და ყოველივე წვრილმანს ისე განიცდიდა, თითქოს მომსწრე ან დამსწრე ყოფილიყოს ამ ზღაპრული ეპოპეისა: ,,მაშინ გარდანქეშანმა ზორაბ-შაჰს უბრძანა: ეს წყეულნი როგორც მიკრულნი არიან ისრევე გუდებათ დახადეთ, რადგანაც ამათ ჩემ დატყვევებას ანბირ და ზანგ დევებს უთვლიდნენ, მაგრამ მე ჩემმა საბაოთ ღმერთმა მიხსნა მაგათის ხელიდან; ეხლა მყრალმა რაჯიბმა ეგენი დაიხსნას... თითონ ხელმწიფები და ბანოვანნი ადგნენ და სასახლეში წამოვიდნენ, მაშინ საჰმანმა, გარდანქეშანმა და ზორაბ დევმა საჩქაროდ დევები მოიშველიეს და სამნივენი დაატყვევეს, შემდეგ გუდით ამოიღეს და ბზით გატენეს, მერე ქუჩუკის ბრძანებით ერთ ალაგას დაჰკიდეს''... ან კიდევ: ,,ჰეი ყარამან,-შესძახა მდევმა-სიკვდილისთვის რომ აქ არ მოსულიყავი, ნუ თუ შენს ქვეყანაში სიკვდილი აღარ იყო?.. ყარამანმა მარჯვენა ხელი მარცხენას გვერდს შემოივლო, მარცხენა-მარჯვენას და ისეთი საზარელი ხმით შესძახა, რომ მსმენელმი უსუჯლოდ იქმნენ, ცხენნი, მსრტოქანნი და სპილონი დაფრთხნენ, დაწყვიტეს საბამნი და მინდორს გარბოდნენ, ლაშქარნი ისე შეშინდნენ და შეიშალნენ, რომ მეორედ მოსვლა ეგონათ''...
საკმარისი იყო სულგანაბულ მსმენელებს გაეგონათ ყარამნიანის მეტაფორა:,, სეილან-ჯადო და ქალან-ჯადო ვეშაპებზე შესხდნენ და გველები მათრახებად დაიჭირეს'', ან-და მოესმინათ: ყარამანმა, ამ ას ოთხმოცდა ჩხრამეტი წყრთის სიმაღლის კაცმა, როგორ დაიკივლა, როგორ ასწია ,,ყაფის მთა'' და სამი დღის განმავლობაში როგორ ეჭირა ხელში ასე აწეული, რათა თავისი ლაშქარი ქვეშ გაეტარებინა, რომ მსმენელები ბავშვურ აღტაცემაში მოსულიყვნენ და საერთი ყიჟინა აეტეხათ.
ანტონ ფურცელაძე (1838-1913), ულოღიკოს ფსევდონიმით ,,ყარამნიანის'' შინაარს ,,დანჯღრეულ და გალაღებულ ოცნების სიზმარს ადარებს''. 13)
მაგრამ, ჩემის აზრით, ეს სასტიკი განაჩენი შეუფერებელი უნდა იყოს ისეთი ნაწარმოებისთვის, რომელიც თავისი შესანიშნავი მეტაფორებით და რაინდული შინაარსით, ერთის მხრით ესთეტიკურ გემოვნებას უღვიძებდა და მეორე მხრით ადამიანური გრძნობებს უსათუთებდა იმ დროინდელ დაწვრილმანებულ ცხოვრბის წუმპეში ჩაფლულ მოსახლეობას.
სამართლიანად აღნიშნავს ე.თაყაიშვილი, რომ ქართულ ენაზე არ არი არცერთი წიგნი, რომელიც მდაბიო ხალხში ისე იყოს გავრცელებული, როგორც ,,ყარამნიანი". 14)
ყარამნიანი ნათარგმნია ირაკლი მეორის დროს, სახლთუხუცესის და სარდრის დავით ორბელიანის მიერ. 15)
ცალკე წიგნებად გამოცემის ინიციატივა ეკუთვნის სახალხო პოეტს დავით ლაზარევს. 16)
ხოლო ლადო აღნიაშვილმა (1860-1904), ,,ყარამნიანი" პიესად გადააკეთა (3 მოქ. და 11 სურათად), რომელიც ჩვენს სცენაზე რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი.
ძველად ყველა ქართულ ოჯახში ,,ვეფხვის ტყაოსანთან'' ერთად ,,ყარამნიანის'' უზარმაზარი ხელთნაწერიც ინახებოდა (2500 გვერდიანი!) ,,მზითვის სიები" ხომ უყარამნიანოდ იშვიათი მოვლენა იყო! ამ წიგნს ერთნაირის ხალისით ეტანებოდა, როგორც დაბალი ხალხი ისე მაღალი საზოგადოება.
ნ. ბერძნიშვილი (1820-1875) ურჩევდა ,,ცისკრის" რედაქტორს ივ. კერესელიძეს, თარგმნების ნაცვლად, ,,ყარამნიანი" და სხვა ჩვენი ძველი მწერლობის ნიმუშები რომ დაბეჭდო, ჟურნალი უფრო მოგებული იქნებაო. 1857 წელს ,,ცისკარში" დაიბეჭდა ლიუდვიგ მე-XV-ის დროის ფრანგ მწერლის მარმონტელის ,,მეუდაბნოენი", რომელის თარგმანიც ეკუთვნოდა იმ დროინდელ თვალსაჩინო მოღვაწეს სარდიონ ალექსი-მესხიშვილს. 17) ნ. ბერძნიშვილმა ,,ცისკრის" კრიტიკულად განხილვის დროს დაიწუნა ეს მოთხრობა და სხვათა შორის, დასწერა: ,,ჩვენ გვაქვს ჩვენი საკუთარი ავლადიდება, რომელიც მოითხოვს ფაქიზ განვითარებას და ღრმა შესწავლას, გვყავს პოეტები, პროზაიკოსები და რომანტიკოსებიც და მე ვამბობ, რომ ჩვენი ხალხი ნაწყვეტებს:
ვისრამიანიდან, ყარამნიანიდან და ბეჟანიანიდან უფრო სიამოვნებით წაიკითხავს, ვიდრე რომელიმე დრომოჭმული ფრანგულ მოთხრობას. 18)
ყველა ამ მოთხრობებს თავისი ნაირფერობით და სიტყვის პლასტიური დაწყობით კარგა ხანს ჰყავდა დატყვევებული ქართველი ხალხის ლიტერატურული გემოვნება.
ხალხი ინსტიქტით გრძნობდა კარგად დაწერილ წიგნს და ნიჭიერ ავტორს.
მართლაც ნ. ბერძნიშვილისა არ იყოს, რატომ არ უნდა ,,წაეკითხათ სიამოვნებით" ვისრამიანი? ,,ზოგჯერ ჯაჭვსა შიგან ხრმალი შევიდის, ვითა წყალი, ზოგსა თვალთა შიგან ისარი შეეპარის, ვითა ძილი, ზოგსა გულსა შიგან შუბი შეეპარის, ვითა სიყვარული... ომსა შიგან ისარი მკერვალისა ჰგვანდა, მკერვალისაებრ შეაკერის ხორცი უნაგირსა."
მაგრამ დაუბრუნდეთ ,,ყარამნიანს" ყარამნიანის ომის აღწერილობა სულ სხვა ხასიათისაა და სრულებით განსხვავდება სხვა აღმოსავლურ ზღაპრებისგან. საინტერესოა ამ საგმირო ეპოპეიდან ერთი ბძოლის სურათის გახსენება:
სპარსეთის მბრძანებელი წავიდა ინდოეთის დასაპყრობად. ინდოეთის მეფემ გაიგო იმის წინააღმდეგ ამხედრება და თითონაც, საბრძოლველად გამზადებული, მტერს წინ შეეგება. ძველა, როგორც მიღებული იყო, მთელი ჯარი კი არ იბრძოდა, არამედ რჩეული ფალავნები. ამ შეკვეთებაში ორივე მხრიდან ბევრი თვალსაჩინო ალავანი დაიხოცა, ,,მოლაშქრეთა თავები მიწაზე ხეთა ფურცელივით სცვიოდანენ." ბოლოს სპარსეთის ლაშქრიდან გამოვიდა ,,თორმეტი სახელოვანი ფალავანი", რომელთა შორის იყვნენ, ბარამჯიბილი, გარდანქეშანი და ყათრანი (ყარამანის ბიძაშვილი). ამათ ინდოეთის ლაშქრიდან გამოსული ფალავნები დაამარცხეს. სპარშეთის ლაშქრის წინააღმდეგ გამოვიდა ინდოეთის მეფის ასული ,,კეკლუცთა დედოფალი" - სარვი-ხურმან. სარვი ხურმანი კაცურად იყო ჩაჩქან-გადაცმული. იმის ვაჟობაში არავის არ შესდიოდა ეჭვი, გუმანი ვერავინ აიღო. სარვი-ხურმანმა სპარსეთის რამდენიმე გულადი ფალავანი ერთი ლახტის მოქნევით დასჯაბნა. სპარსეთის ლაშქრის სახელის აღსადგენად სარვი-ხურმანთან შესაბრძოლებლად თვით ყარამანი თავის ექვსფეხა რაშით. ორივე ლაშქარში ატყდა ხმიანობა: ,,ჰკარ, მოჰკალ, შეჰკარ, შეიპყარ." მთელი დღე გაგრძელდა ,,ომი ფიცხელი",ომი სასტიკი და უმაგალითო; ვერცერთი მებრძოლი ვერა სჯობნიდა და ორივენი ,,ირკინებოდნენ." როცა მებრძოლთა გასაშველებლად ,,მწუხრის ჟამს გასაყარს ნაღარს შეჰბერეს", მოწინააღმდეგენი გაშველდნენ. ორი ლაშქრით შორის თითქმის დამყარდა მშვიდობა. მაგრამ ყარამანი და სარვი-ხურმანი ისე იყვნენ ბრძოლის ჟინით ატეხილნი და ერთმანეთის წინაღმდეგობით გაღიზიანებულნი, რომ ღამით, ჩუმად გაიპარნენ ლაშქრიდან და ,,შორეულ ადგილას, მთის ძირში" განაგრძეს დაუზოგავი ბრძოლა. აქ ერთმანეთა შეამტვრიეს და შეალეწეს ლახტი და აბჯარი, შუბი და ხმალი, გურზი და ბეგთარი, ერთი სიტყვით, ,,ჯაჭვსა და ჯავშანსა ერთმანეთა ზეწარსავით ახევდნენ. "საბრძოლველად რომ იარაღი აღარ დარჩათ, მაშინ ეს ორი რაინდი - ყარმანი და სარვინ-ხურმანი - ძალდაძალ ეტაკნენ ერთმანეთს და გაიმართა ხელჩართული ჭიდაობა... ბოლოს, როგორც იყო, ყარამანმა მოიკრიფა თავისი უკანასკნელი ძალ-ღონე, სარვი-ხურმანი დაბოჭა წელში, ასწია მაღლა და გამეტებით დაანარცხა მიწაზე. სარვი-ხურმანს გული წაუვიდა, აქ მას თავისთა უნებურად მოსძვრა მუზარადი და ძირს გადმოეყარა ,,სუმბულის მზგავსი კავ-ზილფნი." ყარმანმა დაინახა რომ მისი იშვიათი მეტოქე ქალი იყო.
აი, აქ ინასკვება მათი სასიყვარულო რომანის გორგალი, რომელიც მოთხრობის რამდენიმე კავშირი იშლება. ამათი დახმარებით შერიგდება ის ორი უდიდესი სახელმწიფო, რომრლიც ერთდროს სამტროდ იყვნენ ატეხილნი.
ყარმანიანი იყო განცვიფრების და მოულოდნელობის წიგნი.
ამით აიხსნება მისი პოპულიარობა და ის დაუბერებელი სილაზათე, რომელიც ხშირად თანამედროვე მკითხველსაც იზიდავს.
არა ნაკლებ უყვარდა ხალხს რუსუდანიანი რომელიც ხელთნაწეად ვრცელდებოდა დაბალ ხალხში: ასლის და ქიარიმას თავგადასავალი: ყარაბოღლის ამბავი: შვიდვეზირიანი და სხვ. ყველა ეს თხზულებანი მხატვრული ენით, მოსწრებული სიტყვა-პასუხით და გონება-მახვილობის ნიმუშებით არის აფერადებული.
მაგალითად:

რუსუდანიანი. მეფის-ძე ნადირობის დროს ირემს მოჰკლავს, დაჭრილი ირემი, რომელსაც აღმოაჩნდება: ,,რქა-ოქროსი, ჩლიქები-შავი, მკერდი-თეთრი და წითელი ზურგი", მეფის-ძეს ეუბნება: ,,მე ამად მოვალ, რომ მსურდა იაგუნდის ქალაქში წამეყვანე, იქაური ხელმწიფის ობოლ-ქალზე საქორწილოდ. მე ვკვდები... ჩემი მარჯვენა კოჭი ამოიღე, - ჯარი ნუ გინდა, თორემ ვერ მიხვალ გამოქვაბულში, - ეს ჩემი კოჭი ააგდე და სითაც შაქს დაჯდეს, იქით იარე და სადაც ის ქალია, იქ მიხვალო." 19) ასლი და ქიარიმას ლირიულ სცენებში ერთი მშვენიერი ადგილია: შეყვარებული ქიარიმა საზს უკრავს და თავის სატრფოს სიმღერით კაბის ღილებს უხსნის; ღილები ასეა მოწყობილი, რომ, როცა სიმღერა უკანასკნელ ღილამდე მიაღწევს, მთელი კაბა ისევ ხელახლა იკვრება.
ჩვენ აუდიტორიას იზიდავდა არა მარტო ისეთი სასიყვარულო რომანტიკა, არამედ თვით ყაჩაღ ,,ქოროღლის" ცხოვრებაც თავისი ,,შავი ბედით", რაინდულ თავგადასავალით და სევდიანი სიმღერებით.
ქოროღლის ცხენის აღწერა ყველამ ზეპირად იცოდა:
შეხე, ხანო, ამ ცხენის ნესტოებს - ხან განივრად იღება, თითქოს ცეცხლის ალი გადმოჰქშენავსო, ხან ერთის თვალის დახამხამებაში ნესტოები უცბად ეკუმშება: ამის ბარკლები ქორფა ჯეირნის წმინდა ბარკლებსა ჰგავს, თითქოს ისარივით გასაფრენად გამზადებულაო; ამისი ტუჩები ნორჩი აქლემის ტუჩსა ჰგავს - იგი მაშინათვე გრძნობს სადავის ოდნავ შერხევას; როცა ქერის მარცვლებს სჭამს, ამის პირი წისქვილის ქვასავით შრიალებს: ხერხემალი კურდღლის ზურგს ჩამოჰგავს: სწორი და გასიპული კუდი აბრეშუმივით ელვარებს და გველივით იკლაკნება; ამისი ყელი ფარშევანგის ყელს არ ჩამოუვარდება; ამისი თავი პატარაა და ზომიერი; თვალები ორ ვაშლს უგავს და კბილები - ალმასს. როცა ეს საჯინიბოდან გამოჰყავთ, ჰაერს ეთამაშება და ონავარი ბავშვივით ჩლიქებით მიწასა სთხრის. ამისთანა ცხენის პატრონმა კარგად იცის თავისი რაშის ყადრი. შენ კი ამ ცხენისათვის მამაჩემს გახურებული შანთით თვალები ამოუწვი. მე რუშანი მქვიან, ბრმის შვილი - ქოროღლი; მე და ჩემი ცხენი, უგლიმო და საზიზღარო ხანო, თავისუფალნი ვართ. მობრძანდით და დამიჭირეთ.
ყარაბოღლის ამბებშიც არის გაბედული შედარებანი: "დევებმა უთხრეს ყარაბოღლის, სანთლის ცულით რკინის კუნძი უნდა დასჩეხოვო. ყარაბოღლი დაღონდა და სთხოვა, ცოტა მადროვეთო;
რძალთან შევიდა და სესჩივლა. რძალმა უთხრა, მაგაზედ რად დაღონდი, გამოიღე ჩემი თმა, სანთლის ცულს ისე დაახვიე რომ დევებმა ვერ შენიშნონ, დაჰკარ რკინის კუნძს და მაშინვე ლუკმა-ლუკმა იქცევაო. ყარაბოღლიც ესე მოიქცა. დევებს გაუკვირდათ: ეს რა ყოფილაო! შემდეგ დევებმა უთხრეს: აი, ეს სავსე თასი ამ ალვის ხეზე ისე უნდა აიტანო, რომ ცვარი არ გადმოაგდოვო. ყარაბოღლიმ უპასუხა, კარგი ცოტა მადროვეთო; შევიდა რძალთან და შესჩივლა. რძალმა უპასუხა: მაგან როგორ დაგაღონა! წაიძრო თითიდან ბეჭედი და გადასცა: ეს ბეჭედი ჩააგდე იმ თასში და ისე აიტან და ჩამოიტან, რომ ერთი ცვარიც არ გადმოვარდებაო. ყარაბოღლიც ასე მოიქცა, დევები დამარცხდნენ. ყარაბოღლიმ გაიმარჯვა და სხვა....
შვიდ-ვეზირიანი? მართალია, "შვიდ-ვეზირიანის" ენა არ არის ისეთი მცვრიანი, როგორც "ვისრამიანისა", ისეთი დარბაისული, როგორც "სიბრძნე-სიცრუისა", მაგრამ მთელი ეს წიგნი სავსეა მშვენიერი მოთხრობებით, რომლებშიაც ქალთა ვერაგობა საუცხოვო სიუჟეტებად არის დახვეწილი. მაგალითისათვის მოვიყვანთ ერთი მოთხრობის შინაარს: იყვნენ ცოლ-ქმარნი, რომლითაც გაგიჟებით უყვარდათ ერთმანეთი. ერთხელ ქმარი ხუმრობით დანას ათამაშებდა, დანა უცბად ცოლს მოხვდა, და ხელი გაუკაწრეო, იდარდა, იავადა და ამ დარდს თან გადაჰყვა. ცოლი აღარ ჰშორდებოდა ქმრის საფლავს, დღენიადაგ საფლავზე იყო და ცრემლებით მოსთქვამდა თავისი ქმრის დაღუპულ სიყვარულს. ბოლოს ამ ქალის ნათესავებმა აუშენეს სასაფლაოზე პატარა ქოხი: რადგან სულ სასაფლაოზე ხარ, ბარემ მანდ იცხოვრეო. დარჩა ქალი თავისი ქმრის საფლავზე და მთელ დღეებს ჰგოდებდა. იმ ქალაქში ჩვეულება იყო: ქურდს ავაზაკს ჩამოაღრჩობდნენ, ჩამოკიდებულს დასტოვებდნენ და ყარაულს დაუყენებდნენ. მკვდარი რომ ვისმე მოეპარა, ყარაული სიკვდილით აგებდა პასუხს: ჩამოხრჩობილის მაგივრად ყარაული უნდა ჩამოკიდებულიყო ძელზე. ერთხელ სწორედ ამ სასაფლაოს მახლობლად ჩამოჰკიდეს ერთი ავაზაკი და მკვდარს ყარაული დაუყენეს, რომ ნათესავებს არ მოეპარათ, იმ ღამეს ამოტყდა საშინელი ქარაშოტი და ყინვა. ყარაულმა სიცივეს ვეღარ გაუძლო. სასაფლაოსთან შენიშნა რაღაც ქოხი, რომელშიაც ცეცხლი ენთო. მივიდა და პატრონს სთხოვა გავიყინე, ნება მომეცი შემოვიდე, ცოტას შევთბები და ისევ მალე წავალო. ბევრი მუდარის შემდეგ ქვრივმა შეუშვა თავისთან. ყარაული შეთბა ცეცხლთან, მადლობა გადაუხადა და თავის სადარაჯოზე დაბრუნდა, მაგრამ რას ჰხედავს? მკვდარი აღარ არის! რა ჰქნას? გათენდება და ყარაული უნდა ჩამოეკიდოს მის მაგივრად, იფიქრა და, რომ ვერაფერი მოახერხა, ისევ იმ ქვრივთან დაბრუნდა რჩევისათვის. ქვრივმა მოისმინა ყოველივე და ბოლოს ასე უთხრა ყარაულს: მე შენ მომეწონე და, თუ პირობას მომცემ, რომ ჩემი იქნები, გამოსავალს გიჩვენებო. ყარაული დაეთანხმა. ქალმა უთხრა: ამოთხარე ჩემი ქმრის საფლავი და ის დაჰკიდე მოპარული გვამის სანაცვლოდ - მკვდარი მკვდარია და ვერავინ ვერაფერს შეიტყობსო. ყარაულმა საჩქაროდ ამოთხარა იმ ქალის ახლად გარდაცვლილი ქმრის საფლავი, რომ განთიადისთვის ყველაფერი მოესწრო. მაგრამ როცა ამოღებულ გვამს დააცქერდა ყარაული შეკრთა. ქვრივი შეესიტყვა: "რა მოხდა?" ყარაულმა უპასუხა: ვაი ჩემს თავს, იმ კაცს რომელიც მოიპარეს, კბილები სულ არა ჰქონდა, ამას კი საღი კბილები აქვსო. "მერე რა მოხდა, - უთხრა ქვრივმა, - აიღე ქვა, ჩაარტყი და არც მაგას ექნება კბილებიო". ყარაულმა ვერ ჩეძლო ამის ასრულება. მაშინ ქვრივმა თვით აიღო ქვა და თავის მკვდარ ქმარს კბილები ჩაუმტვრია. ყარაული კიდევ ყოყმანობდა. ქვრივი კვლავ შეესიტყვა:"რა მოხდა?" ყარაულმა უპასუხა "იმ კაცს სასირცხო არა ჰქონდა, ამას კი აქვს და ვაი თუ შეიტყონო. ქალმა უთხრა: "მერე რაღას უყურებ? აიღე ხმალი და წარკვეთეო." ყარაულმა კვლავ ვერ შესძლო ამის ასრულება, მაშინ ქალმა ყარაულს წააძრო ხანჯალი და მეუღლეს სასირცხო მოჰკვეთა. ყარაულმა წაიღო ამ დიაცის ქმრის გვამი, დაჰკიდა მოპარულ ავაზაკის გვამის მაგივრად და ამგვარად გადარჩა სიკვდილს, როცა ქვრივმა ყარაულს პირობის შესრულება მოსთხოვა, ყარაულმა უპასუხა: "შორს, ვერაგო დედაკაცო, შენს მკვდარს ქმარს რომ ეს საქმე დამართე, მე ცოცხალს რაღას მიზამო!..."

ბარამიანი?
ბეჟანიანი?
დავრიშიანი?
მაგრამ კმარა! ეს ორიოდე ნიმუშიც საკმარისად ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი ძველი მწერლობა სავსეა სარომანო სიუჟეტებით, ხლართით, ინტრიგით, მოულოდნელობით,- და რა კარგი იქნებოდა, რომ ეს მდიდარი ლიტერატურული მასალა ზოგჯერ მაინც გადაეთვალიერებინათ იმათ, რომელნიც თავიანთი მოღვაწეობით მხატვრულ შემოქმედებასთან არიან დაკავშირებულნი! აი, ასეთი იყო ჩვენი ძველი ტფილისის ბიბლიოთეკა!
აი, ეს "ბაზრული მწერლობა" იყო ჩვენი სახალხო პოეტების შემოქმედების დვრიტა.

* * *

1) იხ. «მნათობი» ნ. ავალიშვილის რედაქტორობით, 1869 წ., XII გვ. 6.
2) პეტრე უმიკაშვილი, (1838-1904): "ივერია", 1904 წ., 123 და ვ. გუნიას "საქართველოს კალენდარი", 1904 წ., გვ. 575.
3) ფ. გოგიჩაიშვილი: "პ. უმიკაშვილის სახსოვრად", 1905 წ., გვ 16.
4) იხ "ალექსიანი" 1886 წ. გვ. 3.
5) ერთი ყარაჩოღელი ესაღოვი იყო ("იყო" კი არა, ეხლაც ცოცხალია, ხარფუხში ცხოვრობს), რომელიც განიერ შარვლით და ვერცხლის ქამრით დადიოდა ტფილისის ქუჩებში და კალათით წიგნებსა ჰყიდდა. ამრიგათ, ძველი ტფილისის ბაზარს, გარდა საკუთარი მწერლებისა, მხატვრებისა და გამომცემლებისა, - თავიანთი წიაღიდან წარმოშობილი მოხეტიალე ბუკინისტებიცა ჰყავდა.
6) "ცისკარი", 1858 წ., ივლისი, გვ. 128.
7) ზოგი რეცენზენტი ამბობდა: "ამით არა ჲშავს-რა, კაცმა იმდენი ყურადღება გარეგან ფორმას არ უნდა მიაქციოს, რამდენიც სიაფესა და ბეჭვდის გარკვეულობასო" (იხ."მნათობი", 1872წ., გვ.6 ).
8) 1872 წელს დაბეჭდილ "არსენას ლექსში", გამომცემელს ნ ი კ . ყ ი ფ ი ა ნ ს, როგორც ბოლოსიტყვაობიდან ჩანს, თვითნებური შესწორებანი შეუტანია: "ეს კი უნდა აღვიარო -სწერს "არსენას" გამომცემელი- რომ ჩემდა სამწუხაროდ, სხვა-და-სხვა მიზეზების გამო, იძულებული ვიყავი ზ ო გ ი ე რ თ ი ა დ გ ი ლ ი დ ა ზ ო გ ი ე რ თ ი ს ი ტ ყ ვ ე ბ ი ვ ა რ ი ა ნ ტ ე ბ ი ს ა შ ე მ ე ც ვ ა ლ ა" (იხ. ნიკ. ყიფიანის მიერ გამოცემული "არსენას ლექსი", 1872წ., გვ. 17).
9) იხ. "სალხინო საზანდარი", 1912 (მეხუთე გამოცემა) წ., გვ. 232
10) იხ."ალავერდი-იაღშიოლდი", 1914წ., გვ. 13
11) იაფ-ფასიან გამომცემლებს ხშირად მოსწავლე ბავშვებიც ეტანებოდნენ, და შ ი ბ რ ი ა შ ა ხ ბ ა რ ა თ ო ვ ე ბ ი ს საშუალებით ბაზარზე გამოდიოდა მოუმწიფებელი გონების ნაწარმოებები, რომლებსაც რამდენიმე წლის შემდეგ "ავტორები" ბაზარ-ბაზარ აგროვებდნენ მოსასპობად და დასაწვავად. სხვათა შორის, ასეთი წიგნაკები იყო ა რ . ჯ ა ჯ ა ნ აშ ვ ი ლ ი ს "ორიოდე ლექსი", ვ ი ქ ტ . მ ა ტ ა რ ა ძ ი ს "სხვა-და-სხვა ლექსები" ბ. ა ხ ო ს პ ი რ ე ლ ი ს "ფაფუკას იონები" და,-ბოდიშს ვიხდი, - ჩ ე მ ი "ფანტაზია" 12) "მოამბე" , 1904 წ.,
N IV, გვ.112
13) იხ.,,ცისკარი'',1863წ., სექტ., გვ 90.
14) "Описание»... ტ. II., გვ. 163.
15) დავით ორბელიანი (1716-1796) იყო სიძე ირაკლი მეორისა. ცოლად ჰყავდა ირაკლის ქალი თამარი. ქართულის გარდა მან კარგად იცოდა სომხური და სპარსული ენებიც. რამდენჯერმე დიპლომატიური მისით წარგზავნილ იქმნა სპარსეთში, საიდანაც მოიტანა ყარამნიანის ხელთნაწერი და ქართულად გადმოსთარგმნა (პროფ. კ. კეკელიძე: "ქართული ლიტერატურის ისტორია", ტ. II, 1924 წ., გვ. 284.) დავით ორბელიანს ბესიკმა ოდაც უძღვნა. პოეტი მას უწოდებს "ყარამან დავითს" (იხ. სერ. გიორგაძის "ბესიკი", 1912 წ., გვ. 160).
16) დავით ლაზარევი (1832-1919) ტფილისელი მოქალაქე იყო, ნალბანდის შვილი. იგი, როგორც ასოთამწყობი, მომსწრე იყო "ცისკრის", "საქართველოს მოამბის" და "დროებისა".
შემდგომ ასოთაწყობას თავი დაანება და თავის ვაჟთან ერთად ალექსანდრეს ბაღთან გააღო წიგნის სავაჭრო: დ. ლაზარევი სწერდა აგრეთვე სასიმღერო ლექსებს და სომხურიდან სთარგმნიდა მოთხრობებს (მაგ., რაფფის "ზედსიძე"). ლაზარევი უფრო ცნობილია, როგორც ყარამნიანის გამომცემელი. იგი ეძიებდა ყარამნიანის ხელთნაწერებს, თვითონვე აწყობდა, ყდას თვითონვე ჰხატავდა და კლიშესაც ბზის ხეზე თვითონ სჭრიდა. სხვათა შორის, "ყარამნიაში" მოთავსებულია მეტად საყურადღებო, ფიროსმანის სტილის ილუსტრაციები, რომლის ავტორიც ჩვენთვის უცნობია.
17) იხ. "ცისკარი", 1857 წ. N1, 2; სარდიონ დიმიტრის-ძე ალექსი-მესხიშვილი (1826-1863) იყო მამა ჩვენი სასიქადულო მსახიობის ლადო მესხიშვილისა და დავით რექტორის ძმისწული.
იგი პირველი ქართველი ექიმი იყო, რომელმაც პეტერბურგის სამხედრო დოსტაქრული აკადემია დაამთავრა. სარდიონ ალექსი-მესხიშვილი არასდროს არ ყოფილა ცენზურის თანამდებობაზე, როგორც ეს გრ. ყიფშიძეს და პავლე ინგოროყვას ჰგონია (იხ. ილიას თხზულებანი, მ. გედევანიშვილის გამოცემა, გვ. XXVIII და "ქართული წიგნის" გამოცემა, ტ. IV, გვ. 436). ის "მესხიევი" კი, რომელიც "ცისკრების" გარეკანზეა ცენზორად გამოცხადებული, იყო მეტეხელი მღვდელი ეფრემ ალექსი-მესხიშვილი (იხ. გიორგი ერისთავის თხზულებანი, 1884 წ., იონა მეუნარგიას წერილი, გვ. LXV, და ვალ. გუნიას: "საქართველოს კალენდარი" 1893 წ. გვ. 429).
18) «Кавказ», 1857 წ., N 4; ალ. ცაგარელიც უსაყვედურებდა "ცისკარს" – "ბოლო მოუღებელ თარგმნილ რომანების ბეჭდვას" (იხ. "ცისკარი", 1865 წ., N 3, გვ. 25).
19) ტფილისელებს აქვთ აგრეთვე პატარა არაკები, რომლებშიაც გამოხატულია თავისებური შეხედულებანი ზნეობაზე, ყოფა-ცხოვრებაზე და სხვ.; მოვიყვანთ ორ ნიმუშს:

1. ერთხელ შეიკრიბენ მწერები და ქვე-წარმავალნი, გამართეს თათბირი იმის შესახებ, საკბენად რომელ ცხოველს უფრო ტკბილი სისხლი ექნებოდა! დიდი კამათის შემდეგ სისხლის გასასინჯად კოღო გაგზავნეს, კოღომ ყველანი დაკბინა და დარწმუნდა, რომ ადამიანის სისხლი ყველა ცხოველზე უფრო გემრიელი იყო. მაგრამ კოღომ ვერც-კი მოასწრო თავის გამგზავნელებთან დაბრუნება, რომ მერცხალმა გაუგო, დაეცა და გადაყლაპა.
2. ახალგაზრდა პატარძალი ცომს ზელავდა. ჯერ საქმე არ მოეთავებინა, რომ თმის ვარცხნა დაიწყო. უცბათ დედამთილმა შეუსწრო. ახალგაზრდა ქალი შიშით და სირცხვილით თავქოჩორა ოფოფად გადაიქცა და გაფრინდა.



სტატიის ავტორი - იოსებ გრიშაშვილი;
სტატია აღებულია  - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამომცემლობა „სახელგამი“, 1927 წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014