მხოლოდ ადამიანი, როგორც homo istoricus - ი, აწესრიგებს წარსულს და გარემომცველ არეს, ანიჭებს მათ მნიშვნელობას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია, რომელიც აწესრიგებს წარსულს, არის დრო. დრო, უფრო მეტად, ადამიანის გონების პროდუქტია, ვიდრე რაღაც, რაც თავისთავად არსებობს. ქაოსიდან კოსმოსამდე აყვანილი სივრცე მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაშია და მისი გონების ნაყოფია; ეს ყველაფერი, თავისთავად, მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი ინტელექტუალური მოვლენებია. "დრო" და "სივრცე" _ ადამიანის გამოცდილების განმსაზღვრელი პარამეტრებია. ამ და სხვა კატეგორიების მეშვეობით ადამიანი აყალიბებს სამყაროს საკუთარ მოდელს, რომელშიც გამოვლენილია მის მიერ სამყაროს აღქმა და სინამდვილის გააზრება, შეხედულებათა სისტემა სამყაროზე, მასში არსებულ ძალებზე, მიმდინარე პროცესებზე, ადამიანის ადგილზე სამყაროში.
დროის და სივრცის შესახებ პირველი წარმოდგენები ყალიბდება, ალბათ, უკვე პალეოლითში. ეს კატეგორიები სახვადასხვა დროს სხვადასხვაგვარად აღიქმება ადამიანის მიერ, რაც თავისთავად გამოხატულებას პოვებდა კულტურის ყველა სფეროში, სხვადასხვა ნიშან-სიმბოლოს საშუალებით. ცხადია, რომ სიმბოლური ნიშნების ფორმა და მნიშვნელობა მუდმივი და ერთნაირი ვერ იქნებოდა, რამდენადაც საზოგადოების შეხედულება გარემომცველ სამყაროზე იცვლებოდა და რთულდებოდა.
ადამიანმა აღმოაჩინა სამყაროს ოთხი მხარე, თითეოულს თავისი მნიშვნელობა მიანიჭა, გამოსახა იგი ორი ურთიერთგადამკვეთი წრფით, თავისი თავი კი ამ გადაკვეთათა ცენტრში მოათავსა. სივრცე დაჰყო სამგანზომილებიან თანაბარ მონაკვეთებად და ამ დაყოფის დროსაც თავისი თავი ისევ ცენტრში მოაქცია; ქვესკნელი – დედამიწა (ე.ი. ადამიანი) _ ზესკნელი. ამ სივრცობრივ ზონებს დროითი პარამეტრები შეუსაბამა: წარსული, აწმყო და მომავალი, რასაც ხალხის გენეალოგიაც დაუკავშირა _ წინაპრები, დღევანდელნი და მომავალნი. შეიძლება ითქვას, რომ ეს სამყაროს იდეალურად მოწესრიგებული ფორმაა, რომლის მხატვრულ სახეს წარმოადგენს კოსმიური ხე, ქართულ სინამდვილეში არსებული დედაბოძი და მასთან დაკავშირებული პრაქტიკული, მხატვრული და მითოლოგიურ-რელიგიური ტრადიციული ცერემონიები _ საქორწინო, მიცვალებულის კულტთან და ნაყოფიერებასთან დაკავშირებული და ა.შ.
ამ მხრივ საინტერესოა, თუ როგორ შემოინახა ენამ ეს უძველესი რწმენაწარმოდგენები.
დედაბოძი შედგება ორი სიტყვისაგან: "დედა" და "ბოძი". "დედა" მშობელია, დასაწყისია რაღაც ახლის. "ბოძი" სულხან-საბასთან განმარტებულია, როგორც მონაცემი, საბოძვარი, ბოძებული, მონიჭებული, მცირე სვეტი. ბოძიდან წარმოებული სიტყვები თავისი მნიშვნელობით რაღაცის ბოძებას, ჩუქებას, მინიჭებას ნიშნავს: საბოძვარი - "უადრესთაგან მისაცემელი", ბოძებული და ა.შ.
ასეთივე მნიშვნელობითაა ნახმარი სხვადასხვა ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში: “და საუფლისწულოდ ებოძნეს ქუეყანანი”..., ...და [ბაგ]რატ კურაპალატსა ნაბ(ო)ძვ(ა)რი...” “და მიბოძნა, რომე ტყუენი”. საინტერესოა "მებოძირის” განმარტება: “სადა გზანი შეიყრებიან, გინა ჯვარედინი გზა”. ხომ არ ნიშნავს ეს კოსმიური ხის, ე.ი. ზეციურის და
მიწიერის შეერთებას დედამიწაზე. ამ აზრის, ტრადიციის გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ სვეტიცხოველის არსებობა ქართულ ქრისტიანულ ტრადიციაში და მასზე დაფუძნებული დედა-ეკლესია. სვეტი ხომ ზეციდან დაეშვა და ღვთიურიჱ მადლი მოიტანა: “...იხილეს მათცა სუეტი იგი, ცეცხლისა სახედ ჩამოვიდოდა...”. საინტერესოდ გვეჩვენება დაკრძალვის წესში არსებული ერთი ტრადიცია: მიცვალებულის დასვენება გზაჯვარედინზე.
არქაულ საზოგადოებაში არსებობს მსოფლგაგების ერთადერთი ფორმა _ მითოლოგია, სადაც დროისა და სივრცის კატეგორიები თვისობრივად ერთგვაროვანია, განუყოფელ მთლიანობას, ე.წ. ქრონოტიპს წარმოადგენენ. ამ ქრონოტიპს რაღაც საიდუმლო ძალა მიეწერება. მითოლოგიურ წარსულში მოხდა სამყაროს, საკრალური დროისა და სივრცის გაჩენა, რომელთაც განსაკუთრებული ძალა მიეწერებათ, ისინი ემოციურადაა დატვირთული: შეიძლება იყვნენ კეთილნიც და ბოროტნიც. არსებობს საკრალური დრო, რომელიც დაკავშირებულია "საწყის" დროსთან, ზუსტად ასევე არსებობს საკრალური სივრცე, განსაზღვრული წმინდა ადგილები, დამორჩილებულნი განსაკუთრებულ ზებუნებრივ ძალებს: ადამიანი, კოსმიური ხე, წმინდა მთა და ა.შ.
ამ მხრივ საინტერესოდ მიგვაჩნია "ქართლის ცსოვრებაში" დაცული ცნობა ქართველთა მითიური წინაპრის ქართლოსის შესახებ: “…...და ესე ქართლოს მოვიდა... და განავიდა მთასა მას ზედა... და უწოდა მას სახელი თუსი ქართლი.” შემდგომ აქ ჩნდება ქართლოსის საფლავიც. ხდება ადგილის საკრალიზება, ეს მთა საკრალურია, აქ განისვენებს მითიური წინაპარი, ამ ადგილიდან გავრცელდა მთელი ქართლის ქვეყნის და შემდეგ მთელი საქართველოს სახელწოდება. “... და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი...”. დესაკრალიზებული სივრცე ხელახლა საკრალიზდება, ოღონდ ახალი ნორმების ანუ ახალი კერპის ხარჯზე.
ადამიანის საცხოვრისი სამყაროს მიკრომოდელია, რომელმაც თავისი ასახვა ჰპოვა, პირველ რიგში, გარეგნულ ფორმებში: საცხოვრებლის მრგვალი ფორმა იცვლება კვადრატულით ან სწორკუთხა ფორმით, სახურავის კონსტრუქციაც იცვლება. ცნობილია, რომ საცხოვრებელი, როგორც ჩაკეტილი სივრცე, წარმოშობისთანავე აკმაყოფილებდა საზოგადოების შესაბამის მოთხოვნათა ძირითად პრინციპებს. ყოველ მომდევნო საუკუნეში ახალ სოციალურ დაკვეთათა შესაბამისად ხდებდოა ამ იდეის ახლებური ინჟინერული რეალიზაცია. სახურავი განასახიერებდა ცას. სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, "ცას" რთული, მრავალფენიანი აგებულება აქვს, მაგრამ იგი უსაზღვრო არ არის. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, უსაზღვრო მხოლოდ ღმერთია. ცის გარდა არსებობს “ზე-ცა”, ე.ი. ჩვეულებრივ ცაზე მაღლა მდგომი.
სივრცობრივი ერთეულის მნიშვნელობას გამოხატავს “სკნელი” _ “ზესკნელი”, “ქვესკნელი”, “უკანასკნელი”, “გარესკნელი”, რომელთა საკოორდინაციო ღერძზე განლაგებით იქმნება მთლიანი სამყაროს სურათი. “უკანასკნელი”, თავისი მნიშვნელობით, სამყაროს იმ ნაწილის აღმნიშვნელი ტერმინი ჩანს, რომელიც გამოიხატებოდა მიმართებით “უკან”, “უკუ” და უკან ე.ი. “უკუნ” ერთი და იგივე მნიშვნელობისა უნდა იყოს. ისინი აღნიშნავენ უკან მოხედვას, დაბრუნებას, უკუსვლას, უკანა მხარეს, და ა.შ. ამავე დროს, “უკუნი” და “უკუნითი-უკუნისამდე” მარადისის აღმნიშვნელია. საბას განმარტებით, “უკუნი” ბნელი წყვდიადია. ამავე დროს, “უკუნითი-უკუნისამდე”, “უკუნი” და “საუკუნო” აღნიშნავენ მარადის, დროის დიდ მონაკვეთს.
საინტერესოდაა განმარტებული “დრო”: “დრო” ესე არს ჟამთა კეთილავობისა სახელი, ვინათგან ვიტყვით: იმა მეფისა ჟამსა კეთილ დრო მაქვნდა და ან დრო არს ანუ უდროო და ეგევითარნი”. ერთ შემთხვევაში დროს აქვს მსაზღვრელი, შემდეგ მსაზღვრელის გარეშე იხმარება, მაგრამ იმავეს (კეთილ დროს) გულისხმობს. ამით “დროს” შინაარსი ფართოვდება. “ჟამი ნაწილი არს დღისანი, ხოლო დრონი უხნიერესნი ჟამთანი, რამეთუ ერთსა დროსა შინა მრავალნი ჟამნი წარხდებიან.” ჟამი დროში შედის, მაგრამ დროს მარადიულობის მნიშვნელობაც შეიძლება მიენიჭოს, მთავარია, რომ “დრო” სიკეთესთან ზიარებას გულისხმობს, უდროობა სიკეთის მოკლებას. დრო _ სიკეთე, ან დრო _ ბოროტება, შეიძლება სივრცესაც გულისხმობდეს და შიძლება ერთგვარი ქრონოტოპიული გააზრება ვიგულისხმოთ, ამის კარგი მაგალითია _ “წუთისოფელი”. წუთი დროის ძალზე მცირე მონაკვეთია “ერთი წამი სამეოც წუთია _ დღე, საწუთო, საწუთრო”. საწუთოსა და საწუთროზე ამბობს: “გინა ე[ს] სოფელი”. სოფელს კი ასე განმარტავს საბა: “სამ სახედ ითქმის: საუკუნო იგი სოფელი და წუთისოფელი და კაცის ბუნებაც სოფლად ითქმის”. ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში “სოფელი” მრავალი მნიშვნელობითაა ნახმარი: სოფელი, როგორც მთელი მსოფლიო, სამყარო, როგორც სააქაო და საიქიო ცხოვრების აღმნიშვნელი: “აცხოვნე ყოველი სოფელი...” “..სადაცა იქადაგოს სახარება ესე.. მუნცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა”, “..გრწმენიან იესო ქრისტე.. ცხოვრებისათვის ყოვლისა სოფლისა ხორცითა მოსრული..”, "...თვით უნდა ხსნა სოფლისა...”, “...რა(მეთუ) მრავალნი წყალობანი ჰყუნა ჩემ ზ[ედ]ა სოფელსა ამასა შინა...”, “...დღეთა შ(ინ)ა სიკუდილისა და სოფლით განსვლისა მისითა...”.
სოფელი, როგორც ქვეყანა, მხარე, დაბა: “ ..იყვნენ სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლის მსახურ...”. “...არავინ იპოვა სხუა, მსგავსი მისი, იონთა სოფელსა შინა..”, “...რომელთა დაიპყრეს სოფელი...”, “...რომლისა სოფლისანი ხართ...”, “...ივლტოდა ყოველი კაცი ქალაქად და სოფლად...”, “...რომელი სოფელსა შუა აღაშენა...”, “...რათა დაუტევონ სოფლები და ქალაქები...”, “...ვთხოვე [ლ]ნ ოთხნი სოფელნი...”, “...და მონასტ[ე]რნი და ს[ო]ფ[ე]ლნი, რომელ მე მომიგიან...”. ვფიქრობთ, საინტერესოა თუ როგორ და რა მნიშვნელობითაა ნახმარი ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში წუთისოფელი. იგი გულისხმობს მთელ იმ დროს, მთელ ქვეყანას სადაც და როდესაც ადამიანი თავის სიცოცხლეს ატარებს:
“ამ ტიალ წუთისოფელში
ბევრი ამბები ყოფილა...
ყველას ჰკლავს თითო რამ სევდა,
ვინც კი ამ ქვეყნად შობილა”.
ანდა:
“ბინდისფერია სოფელი,
უფრო და უფრო ბინდდება,
რა არის ჩვენი სიცოცხლე,
ჩიტივით გაგვიფრინდება.
...სოფელში შემოაღამდა,
ბინდმა ძაღლივით დაფლითა”.
“აჩქარებითა სოფელი
არავის მოუჭამია,
ვინაც რომ აჩქარებულა,
ბოლო დროს დაუნანია”.
“სოფელო, მიეთ-მოეთო,
საბრუნავისა მახეო,
ზოგსა ცათამდის აიყვან,
ზოგსა უკუღმა დაჰხევო”.
“სოფელი” სააქაო და საიქიო ცხოვრების სინონიმადაცაა ნახმარი:
“...დაცლილან ნასახლარები,
ზოგან სულ მწინდად აყრილან,
ამ სოფელს აღარ დამდგარან,
იმ სოფლის მკვიდრნი შაქმნილან”.
ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მრავლადაა ასეთი მაგალითები, რომელთა სრულად ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. ერთი რამ კი უდავოა, წერილობით ძეგლებში თუ ქართულ ფოლკლორში, ტერმინებს _ “სოფელი”, ქვეყანა”, “წუთისოფელი” _ ერთი და იგივე აზრი აქვთ მინიჭებული და ერთი და იგივე მნიშვნელობითაა ნახმარი. ისინი გამოიყენება როგორც, ზოგადად, მთელი მსოფლიოს, სამყაროს, კონკრეტული მხარის, დაბის, ქვეყნის, აგრეთვე სააქაო და საიქიო ცხოვრების აღმნიშვნელადაც.
სტატიის ავტორი – მაია ქვრივიშვილი;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – "ცივილიზაციური ძიებანი", N1, თბილისი, 2003წ.
|