წოვა-თუშები
საქართველო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეებისაგან შედგება, რომელთა მკვიდრნი ქართული ენის სხვადასხვა დიალექტზე ლაპარაკობენ. ამ თვალსაზრისით საქართველოს არაერთი სხვა ქვეყნის მსგავსად კიდევ ერთი თავისებურებაც ახასიათებს: რამდენიმე ეთნოგრაფიულ ჯგუფს ქართული სალიტერატურო ენისაგან ერთგვარად დაშორებული მეტყველება ახასიათებს. საუბარია ზანურ და სვანურ მეტყველებაზე, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ოჯახში სალაპარაკოდ იყენებენ. ამდენად, ეს ენები სოციოლინგვისტური, ეთნოლოგიური და საისტორიო თვალსაზრისით ფაქტობრივად ქართული ენის დიალექტებს წარმოადგენდნენ (ახლაც ასეა!). ისტორიულად იგივე შეიძლება ითქვას დვალების შესახებაც, რომლებიც ცენტრალური კავკასიონის მთებში ცხოვრობდნენ. სავარაუდოა, რომ დვალებსაც საკუთარი საოჯახო მეტყველება ჰქონდათ, რომელიც სვანურსა და ზანურს შორის იდგა, უფრო მეტ სიახლოვეს კი ზანურთან იჩენდა. დვალების ნაწილი XV_XVI საუკუნეებში საქართველოს მთისწინეთსა და ბარში გაიფანტა, ნაწილი კი ოსების მიერ იქნა ასიმილირებული. რაც შეეხება მეოთხე, ჩვენთვის საინტერესო ჯგუფს წოვა-თუშებს, ანუ როგორც მათ სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიებენ _ ბაცბებს, ისინი, როგორც ცნობილია, ერთ-ერთ ვაინახურ ენაზე ლაპარაკობენ; წოვა-თუშები (ბაცბები) საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში _ თუშეთში ცხოვრობდნენ; დღეს კი აღმოსავლეთ საქართველოს ბარში _ კახეთში მკვიდრობენ. წოვა-თუშები ქართველი ხალხის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ამრიგად, ქართული ეთნოსი, რომელიც საუკუნეების მიღმა ჩამოყალიბდა, სალიტერატურო ენასთან ახლოს და შედარებით შორს მდგომი ეთნოგრაფიული, ტერიტორიულ-ლოკალური ერთეულებისაგან შედგებოდა. გამონაკლისი მხოლოდ წოვა-თუშების ეთნოგრაფიული ჯგუფი იყო, თუმცა მათი მეტყველება ქართული ლექსიკური ერთეულებით იყო გაჯერებული. ზოგად ეთნოლოგიურ და საენათმეცნიერო ლიტერატურაში მათი მეტყველება სოციოლინგვისტური თვალსაზრისით ქართული ენის სხვადასხვა დიალექტებთანაა გათანაბრებული. საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე მეგრელებისთვისაც, სვანებისთვისაც, დვალებისთვისაც და წოვა-თუშებისთვისაც ქართული ენა იყო სახელმწიფო, სალიტერატურო და საღვთისმეტყველო ენა. ისინი პასიურნი არასოდეს ყოფილან ქართულ ეთნიკურ სტრუქტურაში და სათანადო წვლილი შეჰქონდათ ქართული ენისა და კულტურის განვითარებაში. შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ დასახელებული ეთნოგრაფიული ჯგუფები უფრო მჭიდროდ იყვნენ ერთიან ქართულ კულტურასთან, ეკონომიკასთან, სოციალურ სისტემასთან ინტეგრირებულნი, ვიდრე სალიტერატურო ენასთან უფრო ახლოს მდგომი ზოგიერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი. იგივე შეიძლება ითქვას რელიგიურ-სარწმუნოებრივ ასპექტზეც. მაგალითისათვის ისიც კმარა, რომ სვანეთში XIII_XIV საუკუნეებში შედგენილი ყველა დოკუმენტი ძირითადად ადგილობრივი მკვიდრების მიერაა შედგენილი და ამის დამადასტურებელი არგუმენტი ენათმეცნიერებს არა ერთი აქვთ.
სვანებისა და წოვა-თუშების შესახებ ეთნოლოგი ს. არუთინოვი შემდეგს წერდა: «В горной Грузии бацбийцы и сваны по всем этнографическим меркам должны бы считаться особыми народами, со своими особыми обычаями, совершенно обособленными языками, но и те, и другие требуют, чтобы их считали грузинами». სწორია ავტორი, როდესაც წერს, რომ სვანებიც და წოვა-თუშებიც ქართველებად მიიჩნევენ თავს. რაც შეეხება იმას, რომ ისინი თურმე თხოულობენ ქართველებად ჩათვლას, სინამდვილეს არ შეესაბამება. საკითხი სვანების და წოვა-თუშების ქართველობა-არა-ქართველობის შესახებ მოსახლეობაში არც არასოდეს დამდგარა. მხოლოდ რუსეთის იმპერიის ინტერესებში შედიოდა სხვადასხვა ეთნოსებად მათი გამოცხადება. XIX საუკუნეში, რა თქმა უნდა, წოვა-თუშებიც და სვანებიც მოითხოვდნენ, რომ ქართველებად მიეჩნიათ ისინი. ს. არუთინოვი იმასაც აღნიშნავს, რომ ეთნოგრაფიული ნიშნით, როგორც სვანები, ისე წოვა-თუშები განსაკუთრებულ ხალხად უნდა ჩაითვალონ.
დავსძენთ, რომ სწორედ ეთნოგრაფიული თვალსაზრისით არ შეიძლება სვანებისა და წოვა-თუშების განსაკუთრებულ ხალხებად მიჩნევა. ეთნოგრაფიული ყოფით ისინი თითქმის არაფრით განსხვავდებიან ქართველთა სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფებისაგან. ესა თუ ის განმასხვავებელი ნიშანი განპირობებულია ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოთი.
წოვა-თუშები ეთნოგრაფიული თვალსაზრისით (სამეურნეო ყოფა, მატერიალური კულტურა, სოციალური ურთიერთობები, სულიერი კულტურა) თითქმის არაფრით განსხვავდებიან იმავე ქართულენოვანი თუშებისაგან და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ეთნოგრაფიული ჯგუფებისაგან.
წოვა-თუშები დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეში _ კახეთში, უფრო სწორად, მის ერთ-ერთ დიდ სოფელში _ ზემო ალვანში (ახმეტის რაიონი) მოსახლეობენ. ისტორიულად კი მათი საცხოვრისი კახეთის მთიანეთის ერთ-ერთი კუთხე _ თუშეთი იყო. თუშეთი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. თუშეთი, რომელიც ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, საქართველოს მთიანეთის ერთგვაროვანი მხარე იყო (ახლა ის თითქმის მთლიანად დაცლილია მოსახლეობისაგან) თავისებურებით გამოირჩეოდა და ეს თავისებურება ენობრივ სიტუაციაში მდგომარეობდა.
წერილობითი მონაცემებითა და ეთნოგრაფიული მასალებით, თუშეთი ოთხი თემისაგან ანუ ტერიტორიული ერთეულისაგან (უფრო ადრე, რვა თემისაგან) შედგებოდა: წოვა, გომეწარი, ჩაღმა, პირიქითი. გომეწრის, ჩაღმის და პირიქითის თემებში (ტერიტორიულ ერთეულებში) მცხოვრები თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე მეტყველებდნენ და მეტყველებენ. რაც შეეხება წოვათის თემში მცხოვრებ თუშებს, ისინი ორენოვანნი არიან. მათი საშიანო-საოჯახო ენა იყო წოვური (წოვა-თუშური), ანუ როგორც საენათმეცნიერო ლიტერატურაშია დამკვიდრებული _ ბაცბური. გარეთ კი ქართული ენის კახური დიალექტის მსგავს კილოზე მეტყველებენ. თუშების ეს ორი ჯგუფი სხვა მხრივ, არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ბუნებრივია, ქართულენოვანი თუშების მსგავსად, წოვა-თუშებიც ეთნიკურ ქართველებად მიიჩნევენ თავს.
არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელ 1886 წლის სტატისტიკურ მონაცემებს თუ ერთმანეთს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ თუშეთში სულ 49 სოფელი იყო. აქედან წოვა-თუშები მხოლოდ ოთხ სოფელში (ინდურთა, საღირთა, წარო და ეტელთა) არიან აღრიცხულნი. რაც შეეხება ქართულენოვან თუშებს (რომლებსაც წოვა-თუშებისაგან განსასხვავებულად ზოგჯერ ჩაღმა-თუშებს უწოდებენ), ისინი 45 სოფელში მკვიდრობდნენ. ეს უკანასკნელნი 830 კომლს შეადგენდნენ და 4 174 კაცს ითვლიდნენ. წოვა-თუშურ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა 1 533 კაცი იყო. ეს რაოდენობა 337 ოჯახზე იყო განაწილებული. წოვა-თუშების ერთ ოჯახში საშუალოდ 4,54 სული ცხოვრობდა. 1886 წლისათვის ქარული ენის თუშურ დიალექტზე მოლაპარაკენი თითქმის 2,7-ჯერ მეტნი იყვნენ წოვა-თუშურ ენაზე მოლაპარაკე თუშებზე. 1873 წლის მონაცემებით წოვა-თუშების რაოდენობა ოდნავ მეტი იყო (1571 სული). 1831 წლისათვის კი წოვა-თუშების 278 კომლი იყო აღრიცხული, სულთა რაოდენობა კი 1531-ს შეადგენდა. ასე რომ, XIX საუკუნეში დაახლოებით 55 წლის განმავლობაში წოვა-თუშების რაოდენობა თითქმის არ შეცვლილა, ის 1 500 კაცის ფარგლებში მერყეობდა.
დღეს წოვა-თუშების რაოდენობა დაახლოებით 2 000-ის ფარგლებში მერყეობს.
წოვა-თუშების ზემოთ დასახელებული ოთხი სოფლის გარდა, სამეცნიერო ლიტერატურაში კიდევ ოთხი სოფელია დასახელებული _ ნაზართა, ნადირთა, მოზართა და შავწყალა, რომლებიც საკმაოდ ადრე იქცა ნასოფლარებად. თუშების მკვიდრებს შორის წოვები პორველნი იყვნენ, რომლებიც კახეთის ბარში ჩამოსახლდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში მათი მიგრაციის შესახებ სხვადასხვა თარიღია დასახელებული, მაგრამ რეალობასთან ყველაზე ახლოსაა 1830-იანი წლები. 1831 წელის მოსახლეობის აღწერით, წოვა-თუშები წოვათის ოთხ დასახლებულ სოფელში (საგირთა, ინდურთა, ეტელთა, წარო) კვლავ არიან აღრიცხულნი. მხოლოდ ნაკვეთაურის გვარის ორი ოჯახის შესახებაა მინაწერი, რომ ისინი კახეთის ბარში, სოფელ ბახტრიონში (ბახტრიონი წოვა-თუშების დღევანდელ სამკვიდრებელთან, სოფელ ზემო ალვანთან ახლოს მდებარეობს) ცხოვრობენ. მთიდან აყრილი წოვა-თუშები დღევანდელ საცხოვრებელში _ სოფელ ზემო ალვანში მაშინვე არ ჩამოსახლებულან. საბაბი წოვა-თუშების მამა-პაპათა საცხოვრისიდან აყრისა, სტიქიური უბედურება ყოფილა. 1830 წელს სოფელი საგირთა ღვარს და მეწყერს წაულეკავს. დანარჩენი სოფლების მოსახლეობა კი იმავე პერიოდში შავ ჭირს გაუნახევრებია. ეთნოგრაფიული მასალებით, წოვა-თუშების აყრის და ბარში გადასახლების მიზეზი სტიქიასთან ერთად შავი ჭირიც ყოფილა.
ზემოთ ვნახეთ, რომ 1831 წელს წოვა-თუშები ისევ წოვათის სოფლების მკვიდრად არიან აღრიცხულნი. მაგრამ არა მხოლოდ 1831 წლის, არამედ 1841, 1873 და 1886 წლების საარქივო მონაცემებითაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. უფრო მეტიც, 1910 წლის «Кавказский календарь»- ის მიხედვით, წოვა-თუშები ბარში, სოფელ ალვანში ოფიციალურად არ არიან რეგისტირებულნი (სოფელთა ნუსხაში ალვანი საერთოდ არაა შეტანილი). ისინი კვლავ წოვათის ოთხ სოფელზე (წარო, ეტელთა, ინდურთა, საგირთა) არიან მიწერილები. 1907_1908 წლების მონაცემებით, მათი რაოდენობა 1904 კაცს შეადგენდა. ეთნოგრაფიული მონაცემებით, XIX საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ წოვა-თუშები მხოლოდ ზაფხულობით ადიოდნენ მთაში (აღწერებიც ამ დროს ტარდებოდა).
დროებითი სადგომი კი მათ ტბათანასთან ჰქონდათ, რომელიც მდ. ალაზნის ხეობის სათავეში მდებარეობს. შემდეგ თანდათან ტბათანა წოვა-თუშების მხოლოდ საზაფხულო სადგომად იქცა, ზამთარში კი დაიწყეს თუშების კუთვნილ საზამთრო საძოვრებზე _ დღევანდელი სოფლების ზემო ალვანისა და ქვემო ალვანის ტერიტორიაზე, მთების ძირში, დროებითი საზამთრო ბინების აშენება. ზემო ალვანში დასახლებამდე, ზამთრობით თუშები კახეთის ბარის რამდენიმე სოფელში ცხოვრობდნენ: ბახტრიონის, ხორხელის, ქისტაურის მიწებსა და პანკისის ხეობაში. ამრიგად, როგორც ვხედავთ, წოვა-თუშები ნახევრად მომთაბარულ ცხოვრებას ეწეოდნენ, რასაც განაპირობებდა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში მათ შორის მეცხვარეობის განვითარების მაღალი დონე. მომრავლებულ ცხვარს კი როგორც საზამთრო საძოვრები (ბარში), ისე საზაფხულო საძოვრებიც (მთაში) ესაჭიროებოდა. წოვა-თუშები ცოლ-შვილთან ერთად არ მომთაბარეობდნენ. მეცხვარეობით მხოლოდ მამაკაცები იყვნენ დაკავებულნი. ამიტომაცაა, რომ მეცხვარეობის აღნიშნულ ფორმას სამეცნიერო ლიტერატურაში ნახევრადმომთაბარულს უწოდებენ. ასე რომ, სტიქიურ უბედურებასთან ერთად, წოვა-თუშების მთიდან აყრის მიზეზი მათი სამეურნეო საქმიანობა _ ნახევრად მომთაბარული მეცხვარეობაც იყო. სამეცნიერო ლიტერატურაში წოვა-თუშების წოვათიდან აყრის სხვა მიზეზიცაა დასახელებული. ერთ-ერთ მიზეზად მეზობელი არაქართული ეთნიკური ერთეულის _ ქისტების (ჩაჩნების) თავდასხმებს ასახელებენ.
სახლების მშენებლობა ალვანის ველზე წოვა-თუშებს XIX_XX საუკუნეების მიჯნაზე დაუწყიათ და მათი ნახევარი ამ დროისათვის ზამთარს უკვე აქ ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ წოვა-თუშებისათვის უკვე დიდი ხნის განმავლობაში წამყვანი დარგი მეცხვარეობა იყო, არასოდეს უთქვამთ უარი მიწათმოქმედებაზე. საყურადღებოა, რომ ბარში, სოფელ ზემო ალვანში, მიგრირებული წოვა-თუშები გვარების მიხედვით სახლდებოდნენ. მთაში განსახლების პრინციპი არც ბარში მოიშალეს.
თუშეთი და თუშები პირველივე ქართულ საისტორიო წყაროში გვხვდება. ლეონტი მროველი მოგვითხრობს რა IV საუკუნის დასაწყისში საქართველოს გაქრისტიანების ამბებს, აღნიშნავს, რომ ქართველ მთიელთა ერთმა ნაწილმა _ ფხოველებმა ქრისტიანობა არ მიიღეს. მეფის მოხელეს (ერისთავს) კი იარაღი გამოუყენებია და ფხოველები თუშეთში გადასახლებულან. თუშები მეორედ ისტორიკოს ჯუანშერთან არიან მოხსენიებულები VIII საუკუნეში არჩილის მეფობის დროს. უფრო ადრე თუშებს ტუსკების სახელით, კლავდიის პტოლემეოსი (ახ. წ. II საუკუნე) ახსენებს. რაც შეეხება წოვა-თუშებს, პირველად ისინი XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ავტორთან ვახუშტი ბაგრატიონთან არიან დასახელებულნი. ვახუშტი წოვა-თუშების ენობრივი თავისებურებების, ე. ი. ორენოვნების შესახებაც საუბრობს. ქართულ საისტორიო საბუთებში კი წოვა-თუში პირველად 1754 წლის სამართლის ერთ-ერთ ძეგლშია დასახელებული. მასში საუბარია იმაზე, რომ თუშეთის მოურავი (სახელმწიფო მოხელე) ზურაბი გარე კახეთის სოფელ საგარეჯოს მივიდა, რათა გაერკვია ადგილობრივი მაცხოვრებლის, ვინმე ელიზბარის მიერ წოვა-თუშის ანთა აუაშვილის დაჭერის ამბავი. ამავე საბუთში, ანთა აუაშვილსა და მისი ძმის ჩუმას გარდა, სხვა წოვა-თუშებიც (უთი შველაშვილი, სანდაურ მუშთრყალიშვილი, უჯი ბერუკაშვილი, საღირ უჯიშვილი) არიან დასახელებულები. ამავე დოკუმენტში ქართული ენის თუშურ დიალექტზე მოლაპარაკე სხვა ორი თუშიცაა დასახელებული (დოჭველი გოთა გოთაძე და შენაქოელი დავით ხელიძე). არც უცხოელ ავტორებს დარჩენიათ თუშები ყურადღების გარეშე. მაგალითად, 1771 წელს საქართველოში იმოგზაურა გერმანელმა იოჰან ანტონ გიულდენშტედტმა. მან წოვა-თუშების შესახებ აღნიშნა, რომ ისინი ქართულნარევ ქისტურად ლაპარაკობენო. წოვა-თუშების შესახებ სამეცნიერო ლიტერატურაში დიდი ხანია აზრთა სხვადასხვაობაა.
ვინ არიან ისინი? ადგილობრივი მკვიდრნი არიან თუ მიგრირებულნი? რატომაა ერთი ხალხის (ეთნოსის) ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფი ენობრივად ორ სხვადასხვა ნაწილად გაყოფილი? რატომ არიან წოვა-თუშები ორენოვანნი? ზოგიერთი მკვლევარი, პირველ რიგში, ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქართველოს მთაში (თუშეთში) მცხოვრები წოვა-თუშები მხოლოდ გვიან, XVIII საუკუნიდან გვხვდებიან საისტორიო წყაროებსა და დოკუმენტებში. ეს ფაქტი სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ მათ გვიან და თანაც აღნიშნული პერიოდიდან დაიწყეს თუშეთში ცხოვრება. თუ მოსული და მიგრირებული არიან ჩრდილოეთ კავკასიიდან (როგორც ზოგიერთი ფიქრობს, ინგუშეთიდან), როდის უნდა მომხდარიყო ეს? ამავე დროს ისმის კითხვა: როდის გახდნენ ორენოვანნი? ფაქტია, რომ საქართველოს ბარში ჩამოსახლებამდე, ჯერ კიდევ მთაში (თუშეთში) ცხოვრებისას, წოვა-თუშები ორენოვანნი იყვნენ. ამას ვახუშტი ბაგრატიონისა და გერმანელი მეცნიერის გიულდენშტედტის ცნობებიც ადასტურებენ. თუშეთში წოვა-თუშები ქართულ ენაზე მეტყველი თუშების გარემოცვაში ცხოვრობდნენ. თუშეთის მოსახლეობის ძირითადი, 2/3 ნაწილი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ქართული ენის თუშურ დიალექტზე მეტყველებდა. წოვა-თუშების ცხოვრება წარმოუდგენელი იყო მათთან ურთიერთობის გარეშე. ამას ისიც ამტკიცებს, რომ წოვა-თუშებსა და დანარჩენ თუშებს ეთნოგრაფიული ყოფა, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები მსგავსი აქვთ. ორივე ჯგუფს ისტორიულად ინტენსიური კონტაქტები და სამეურნეო-ეკონომიკური კავშირები ჰქონდათ ბართან. უკვე რამდენიმე საუკუნეა წოვა-თუშები, რაც ორენოვანნი არიან. წოვა-თუშების ურთიერთობას ქართულენოვან თუშებთან და შემდეგ საქართველოს ბარის მოსახლეობასთან, როგორც ჩანს, დიდი ხნის ტრადიცია აქვს, რადგან მათ ენაში ლექსიკის 2/3 შეღწევას ქართული ენიდან ხანგრძლივი დრო დასჭირდებოდა. აბრამ შავხელიშვილი წერს: Грузинский язык всегда был родным языком цова-тушин. Это еще раз подтверждается той огромной духовной литературой, которая хранится в краеведческом музее села Алвани. Население одинаково владело и грузинским и цова-тушинским языками». XX საუკუნის 30-იან წლებში ეთნოგრაფი ს. მაკალათია კი აღნიშნავდა, რომ `წოვა-თუშები წოვურ ენაზე მეტყველებენ. მათი ენა წარმოშობით ღილღურია (ე.ი. ინგუშური) და ქისტურის მონათესავე. მაგრამ ამ წოვურ ენაში მრავლადაა ქართულიდან ნასესხები და შეთვისებული სიტყვებიც. წოვებს უყვართ თავიანთი წოვური ენა და შინ და გარეთ ერთმანეთში წოვურად საუბრობენ. ოჯახში წოვური ყველამ იცის; მისი უცოდინრობა სირცხვილია. ბავშვები ენას ამ წოვურით იდგამენ და შემეგ ქართულს სწავლობენ”. ახლა ისევ უნდა დავუბრუნდეთ წოვა-თუშების აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში დასახლების საკითხს. იმის გამო, რომ სათანადო წერილობითი წყაროები, საბუთები არ გაგვაჩნია, ამ პრობლემის შესახებ მსჯელობისას ერთადერთი წყარო გადმოცემები და ენობრივი მონაცემებია. ამთავითვე უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერები, რომლებიც წოვა-თუშების საკითხს ეხებიან, ორ ჯგუფად იყოფიან, ერთნი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მათი წინაპრები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ჩრდილოეთ კავკასიიდან, ინგუშეთიდან არიან მოსულები და, მეორენი, რომლებიც ასევე ამტკიცებენ, რომ წოვა-თუშების წინაპრები თავიდანვე აქ მკვიდრობდნენ და ისინი არსაიდან არ არიან მიგრირებულნი. არსებობს მესამე შეხებულებაც, რომელიც ავრცობს მეორე შეხედულებას. ამ მოსაზრების ავტორი ასკვნის, რომ წოვა-თუშები თუშეთის ოდინდელი მკვიდრნი არიან და სწორედ ისინი არიან ძველ წყაროებში მოხსენიებული თუშები და თუშეთის ქართულენოვანი მოსახლეობა შედარებით გვიანაა მოსული აქ საქართველოს ბარიდან; მოსული ქართულენოვანი მოსახლეობის წოვა-თუშებთან ასიმილაცია, მათი გაქართველება და ადგილობრივი მკვიდრი თუშების მეტყველება მხოლოდ თუშეთის წოვათის თემს შემორჩა. ამ შეხედულების ავტორია ყიზილაშვილი, რომელიც განათლებით არც ისტორიკოსია და არც ლინგვისტი.
წოვა-თუშების აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში _ თუშეთში ჩრდილოეთ კავკასიიდან (ინგუშეთიდან) გადმოსახლების შესახებ მონაცემები ჯერ კიდევ XIX საუკუნის პრესაში იბეჭდებოდა, რაც გაგრძელდა და აისახა XX საუკუნის სამეცნიერო ლიტერატურაში. ძირითადი არგუმენტი იყო გადმოცემები და წოვა-თუშური ენის მსგავსება ვაინახურ ენებთან. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს მოსაზრება XIX საუკუნის პრესაში დაბეჭდა, იყო ივანე ცისკარიშვილი, წარმოშობით წოვა-თუში (ცისკაროვი 1843). ამ მოსაზრებას იზიარებდა ლინგვისტი აკაკი შანიძე. მისი აზრით, ქართულენოვანი თუშების `მამა-პაპანიც წოვა-თუშურად ლაპარაკობდნენ და შემდეგ თანდათან გადმოვიდნენ ქართულზე~. ამდენად, ის ქართულ ენაზე მოლაპარაკე თუშებს ნარევ, ქართულ-ვაინახური წაარმოშობის მოსახლეობად მიიჩნევდა. წოვა-თუშების ვაინახური წარმოშობის შესახებ წერდნენ: პ. უსლარი, ვ. ლაგაზიძე, თ. უთურგაიძე, ჯ. სტეფნაძე...
რუს მეცნიერთაგან აღნიშნული პრობლემით განსაკუთრებით დაინტერესდა კავკასიათმცოდნე ეთნოგრაფი ნ. ვოლკოვა. არსებული სამეცნიერო ლიტერატურის და მის მიერ მოპოვებული გადმოცემების საფუძველზე (როგორც წოვა-თუშებში, ისე ჩრდილოეთკავკასიელ ინგუშებში), ის ერთმნიშვნელოვნად ასკვნიდა, რომ წოვა-თუშები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში _ თუშეთში ჩრდილოეთ კავკასიიდან, ინგუშეთიდან, არიან გადმოსახლებულნი. ნ. ვოლკოვას მიერ ჩაწერილ გადმოცემებით, ინგუშეთიდან წოვა-თუშების გადმოსახლების მიზეზი სარწმუნოება ყოფილა. მათ ქრისტიანობის უარყოფასა და ისლამის მიღებას აიძულებდნენ. მაჰმადიანობა რომ არ მიეღოთ, ამის გამო წამოვიდნენ და საქართველოს მთებში ჩამოსახლდნენ. სხვა გადმოცემით, ინგუშეთში, სადაც წოვა-თუშების წინაპრები ცხოვრობდნენ, მიწა ძალიან მცირე და მწირი იყო. ამიტომ მათ გადაწყვიტეს ახალი მიწა ეძებნათ დასასახლებლად.
ადგილს, საიდანაც ისინი გადმოსახლდნენ, ვაპი (ვაბი) ეწოდება. წოვა-თუშების ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლების შესახებ გადმოცემები ნ. ვოლკოვას თვით წოვა-თუშებისაგან ჩაუწერია: `წოვები ქართველები ვართ, მაგრამ წარმოშობით ქისტები და ენაც ქისტურის მონათესავეა. დღეისათვის წოვები თუშების ნაწილი ვართ, მაგრამ ჩვენ მოვედით სხვა მხრიდან, დასავლეთიდან, ღალღას (ღალღაის) ქვეყნიდან. როდესაც შაჰ-აბასს უნდოდა ყველას მუსლიმანურ სარწმუნოებაზე მოქცევა, მაშინ ღალღელები გადმოსახლდნენ საქართველოს მთებში~. ნ. ვოლკოვა უთითებს კიდევაც იმ ადგილს, საიდანაც წოვა-თუშების წინაპრები გადმოსახლებულან. ესაა არმხის (ჯეირახის) ხეობის სოფელ ერზის მახლობლად ადგილი, რომელსაც ვაბი (ვაპი) ჰქვია. ინგუშური გადმოცემებით, წოვა-თუშების ინგუშეთიდან აყრა-გადასახლების მიზეზი მცირემიწიანობა ყოფილა. ამავე დროს ინგუშეთშიდაფიქსირებული ეთნოგრაფიული მონაცემებით, ინგუშეთიდან საქართველოში გადმოსახლებული წოვა-თუშების წინაპრები თავის დროზე ინგუშეთში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინციიდან _ ხევსურეთიდან ყოფილან გადმოსახლებულნი, ხევსურების მონათესავენი ყოფილან. სხვა ნაშრომში იგივე ავტორი წოვა-თუშურ გვართა ნაწილის ხევსურეთის არხოტის თემიდან გადმოსახლებაზე მიუთითებს. ასეთ გვარებს შორის ის ისტორიულ გადმოცემებით პირველ რიგში ცისკარიშვილების დიდ გვარს ასახელებს. აქ ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს გადმოცემა იმის შესახებ, რომ ხევსურეთის ლიქოკის ხეობაში ცხოვრობდნენ ბაციონნის გვარისანი, რომლებიც აქედან გაურკვეველი მიმართულებით გადასახლებულან. ამ თვალსაზრისით იქნებ ისიც იყოს მნიშვნელოვანი, რომ ხევსურეთში ერთ-ერთ სოფელს `ბაცალიგო~ ჰქვია. რუსი ეთნოგრაფი ნ. ვოლკოვა იმასაც აღნიშნავდა, რომ ჩაჩნეთის მაისტის თემის მოსახლეობა ოდესღაც ენითა და კულტურით ქართველებთან ახლოს იდგა და წარსულში ქრისტიანობას აღიარებდა. უფრო მეტიც, ჩაჩნეთის სოფელ როშნიჩუში ნ. ვოლკოვას ჩააწერინეს გადმოცემა, რომ ჩაჩნეთის მალხისტის თემის მკვიდრი ჩაჩნები ქართველ მთიელთა _ ხევსურთა შთამომავლები არიან. მას საქართველოდან (ხევსურეთიდან) გადმოსახლებულთა შთამომავლებად ჰყავს მიჩნეული ინგუშეთის მეცხალის ხეობის სოფელ შუანის მკვიდრნიც. სხვათა შორის, ვაინახები (ჩაჩნები) ხევსურთა მეზობელ ქართველთა ეთნოგრაფიულ ჯგუფს ფშავლებს `შუო~-ს უწოდებენ. ახლა ისევ დავუბრუნდეთ ნ. ვოლკოვას წიგნში მოყვანილ ინგუშურ გადმოცემას ინგუშეთიდან საქართველოს მთაში გადმოსახლებული წოვა-თუშების ქართველ მთიელებთან (ხევსურებთან) ნათესაობის შესახებ. თითქმის ანალოგიური გადმოცემა ჩავიწერეთ ჩვენც 2005 წელს ძველი ამბების, გადმოცემების შესანიშნავი მცოდნისაგან ადამ ალექსის ძე ჩარხოშვილისაგან (დაბადებული 1928 წელს), რომელიც მას ბავშვობაში ღრმად მოხუცებისაგან მოუსმენია: საქართველოს რამდენიმე სოფელში მცხოვრები ექვსი მეცხვარე (ხუთი ქიზიყის მხრიდან და ერთიც სოფელ მატნიდან _ გვარად ტურაშვილი) კარგი საძოვრების ძებნაში ფშავის გომეწრის ხეობაში საკმაო ხანს გაჩერებულა. ფშავში მათ შეუერთდათ კაცი, გვარად შველური. ამ უკანასკნელს მეცხვარეებისათვის შესანიშნავი საძოვრებით მდიდარი ინგუშეთის ჯარიახის ხეობა მიუსწავლებია. ამ შვიდი გვარის ქართველი მეცხვარე თავისი ცხვრითა და ცოლ-შვილით მართლაც გადასულა ინგუშეთში. აქ მათ ერთი ადგილობრივი მკვიდრიც შეჰმატებიათ. ასე გაჩნდა ინგუშეთის ერთ-ერთ სოფელში რვა გვარი, რომელთა წევრებიც შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაქორწინდნენ. ქართული წარმომავლობის მეცხვარეთა შთამომავლებისათვის ინგუშური მშობლიურ ენად იქცა. ინგუშეთში კარგა ხნის ცხოვრების შემდეგ საქართველოდან მიგრირებულთა შთამომავლებს ადგილობრივი ინგუშები ავიწროვებდნენ, რადგანაც ისინი აქ საძოვრებით სარგებლობის პირობით მოვიდნენ და არა დასასახლებლად. შევიწროვებული მეცხვარეები და მათი ოჯახები იძულებული გახდნენ ინგუშეთიდან აყრილიყვნენ და ახლა ჩაჩნეთში გადასულიყვნენ.
ჩაჩნეთში რამდენიმე ადგილი გამოუცვლიათ და ბოლოს ითონხალეში დასახლებულან. ითონხალეში გარკვეული ვადით ყოფნის შემდეგ, წოვა-თუშების წინაპრები თუშეთის პირიქითის თემის სამ სოფელში _ გირევში, ჭონთიოში და ჰეღოში _ დასახლებულან. ამ სოფლებში შეკედლებულნი შემდეგ წოვათაში გადასახლებულან და რვა გვარი სხვადასხვა სოფელში დამკვიდრებულა. პირველი ადამიანი, რომელიც წოვათის თემში დასახლებულა, ჭეიჭენის გვარის წარმომადგენელი წოე ყოფილა. მაგრამ მას არც ოჯახის წევრები და არც სხვები გაჰყოლიან. წოვათაში წოვა-თუშების საბოლოო დასახლება სათუშო ყრილობის გადაწყვეტილებით მომხდარა, რადგან პირიქითა თემის სამი სოფლის (გირევის, ჭონთიოს, და ეღოს) მოსახლეობას თვითონ არ ჰქონდა საკმარისი მიწა. ამიტომ იყო, რომ თავდაპირველად მიცვალებულები წოვა-თუშებს დასაკრძალავად თუშეთის პირიქითის თემის სოფელ ჭონთიოში მიჰყავდათ.
პირველი დასახლებული ადამიანის სახელის `წოას~ გამო ეწოდა თემს წოათას (წოვათს) სახელი. მათ ქრისტიანობა შენარჩუნებული ჰქონდათ, მაგრამ შენარჩუნებული ჰქონდათ თუ არა ქართული ენა, გადმოცემებით არ დასტურდება. ფაქტია, რომ XVIII საუკუნეში წოვა-თუშები ორენოვანნი იყვნენ. წოვა-თუშურ ენასთან ერთად, ისინი ქართულ ენასაც ფლობდნენ. ამ თვალსაზრისით არანაკლებ საყურადღებო უნდა იყოს იმავე ნ. ვოლკოვას მიერ ღრმა მოხუცებულებისაგან ჩაწერილი სოციალური ხასიათის მასალა, რომ ღალღები (ინგუშები) ვაპიელებზე (საიდანაც გადმოსახლებულნი იყვნენ წოვა-თუშები) მაღლა აყენებდნენ თავიანთ თავს. მათ წესად ჰქონდათ დადგენილი, რომ ერთი ღალღის (ინგუშის) მოკვლისათვის სამაგიეროდ ორი ვაპიელი მოეკლათ. ამ მასალით აშკარაა, რომ ვაპიელები, როგორც მოსულები, უცხონი იყვნენ ინგუშებისათვის და, ამის გამო, როგორც ადგილობრივი მკვიდრნი, მიგრირებულებზე თავს მაღლა იყენებდნენ.
გადმოცემით, საქართველოდან ინგუშეთის სოფელ ვაბში გადასული შვიდი მეცხვარის შთამომავლები აქ ორი-სამი თაობის განმავლობაში დარჩნენ; აქ შეითვისეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან ინგუშური ენა. ნ. ვოლკოვას მიერ ჩაწერილი გადმოცემებით წოვა-თუშთა წინაპრები ინგუშეთიდან თუშეთში შაჰ-აბასის დროს გადმოსახლდნენ, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ შაჰ-აბასს ინგუშეთში არასდროს არ ულაშქრია. საერთოდ დასახელებულ მკვლევარს წოვა-თუშების მიგრაციის დროის განსაზღვრა რთულ საქმედ მიაჩნდა. თვით წოვა-თუშებში ჩაწერილი გადმოცემებით ისინი ბახტრიონის ბრძოლაში (1659 წელი) აქტიურად იბრძოდნენ. ჩვენი ეთნოგრაფიული მასალებით ამ დროს წოვა-თუშები თუშეთის პირიქითი თემის ზემოთ დასახელებულ სამ სოფელში ცხოვრობდნენ და წოვათის მკვიდრნი ჯერ არ იყვნენ. ეთნოგრაფიული მასალებით, სათუშო ყრილობამ წოვათში წოვა-თუშები ბახტრიონის ბრძოლის მესამე წელს, ე. ი. 1662 წელს დაასახლა. რამდენ ხანს ცხოვრობდნენ მათი წინაპრები თუშეთის პირიქითის ხეობაში, გადმოცემებით ამის დადგენა ერთობ ჭირს. ჩვენი აზრით, ეს დროის მცირე მონაკვეთი არ უნდა ყოფილიყო, რადგან წოვათში გადმოსახლების შემდეგ კარგა ხნის განმავლობაში მათ მიცვალებულები დასაკრძალად პირიქითში გადაჰყავდათ.
წოვა-თუშებს ქართული გვარსახელები აქვთ. მათი გვარსახელების როგორც ძირები (ფუძეები), ასე სუფიქსები ქართულია. ისინი ბოლოვდება _ ძე, _შვილი დაურ სუფიქსებით. თუმცა, როდესაც წოვა-თუშები საუბრობენ წოვა-თუშურ ენაზე, ისინი თავიანთ გვარებს თავისებურ ფორმას აძლევენ. როგორც შენიშნულია, `ერთი ჯგუფი იწარმოება_ღარ ელემენტის დართვით, მეორე კი -ურ ელემენტს დაირთავს. ამ მეორე ჯგუფის გვარებს ბოლოში დაერთვის კიდევ -ი სუფიქსი, რომელიც მრავლობითობას გამოხატავს~. მაგალითად, აფშინაშვილი წოვა-თუშურად არის აფშინა-ღარ, ქავთარაშვილი _ ქოვთარ-ღარ, ჭრელაშვილი _ ჭრელა-ღარ, შველაშვილი _ შველა-ღარ, ვეშაგურიძე _ ვეშგურ-ღარ, ხაჩიურიძე _ ხაჩირ-ღარ, და სხვ. სამართლიანადაა შენიშნული, რომ -ღარ ელემენტი კრებითობას, კუთვნილებას გამოხატავს. მეორე რიგის გვარები წოვა-თუშურ ენაში იწარმოება —ურ, _რ (←ურ) ელემენტის დართვით. მაგალითები: მეოტიშვილი _ მევტ-ურ-ი, მჭედლიშვილი _ ჭედლ-ურ-ი, შალაფიშვილი _ შალფ-ურ-ი, ქადაგიძე _ ქადგ-ურ-ი, დინგაშვილი _ დინგ-რ-ი, წოტოიძე _ წოტ-რ-ი, ლაგაზიძე _ ლაგზ-ურ-ი და ა.შ. _ურ სუფიქსს წოვა-თუშურ ენაში კ. ჭრელაშვილი ქართული ენის სუბსტრატად მიიჩნევს.
თავდაპირველად ყოველ წოვა-თუშურ სოფელში ერთი გვარის ხალხი მკვიდრობდა. ეთნოგრაფიული მონაცემებით ეს გვარებია: ფეშკროუ, შუირთლოუ (შურთლობი), ჭეიჭენი, შველური, ბეიხური, წარბი, ბღუჯრობი და უედღარა. ამ გვარებს შემდეგ სხვადასხვა გვარები გამოეყო, ე.ი. ხდებოდა ახალი გვარების წარმოქმნა. ეს პროცესი _ ძირითადი გვარისაგან ახალი გვარების გამოყოფით მიმდინარეობდა, როგორც მთაში ცხოვრების, ისე ბარში გადმოსახლების შემდეგაც. ბევრია შეძმავებული, ხარით შეყრილი გვარი (ანუ ხელოვნურად დანათესავებული გვარი), რომელთა წინაპრებიც უმეტეს შემთხვევაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და ჩრდილოეთკავკასიიდან მოსული დაქირავებული მწყემსები იყვნენ. გვარსახელებს საფუძვლად გამორჩეული წინაპარი მამაკაცის სახელი ედებოდა. ეს გვარები, როგორც ახალი, ისე ძველი, ერთ სანათესაო წრეს წარმოადგენდა.
წოვა-თუშური გვარების შესახებ საინტერესო სურათი იხატება. მაგალითად, სოფელ საგირთის ერთ ნაწილში წარმოშობით გომეწრელი ფშავლის შველურის მოდგმისანი დასახლდნენ. შველურთა გვარიდან არიან გამოსულები დინგაშვილები და ცისკარაშვილები. შემდეგ ცისკარაშვილების გვარს რამდენიმე ახალი გვარი გამოეყო. სოფელ საგირთის მეორე ნაწილში (მას ძველად `წოეთას~ უწოდებდნენ) ჭეიჭენის გვარისანი მკვიდრობდნენ. ეს გვარი დაახლოებით 12 გვარს მოიცავს: შავხელიშვილი, ბაბოშვილი, ბასილაშვილი, მიქელაძე, ბაჩულაშვილი, ჯიმშერიშვილი, იტოშვილი, ჭრელაშვილი, ფილიშვილი, ციხელიშვილი. ჭეიჭენის გვარის ძირითადი ნაწილი ამოწყვეტილა. მათ უშუალო მემკვიდრეებად საგიშვილები ითვლებიან. თუმცა სხვა მონაცემებით ისინიც ხევსურეთიდან მიგრირებული ბერდიშვილების შთამომავალნი არიან. დანარჩენი გვარები შეყრილ, ხელოვნურად დანათესავებულ გვარებად მიიჩნევა.
თავდაპირველად სოფელ ეთელტაში ფეშკროუს გვარისანი ცხოვრობდნენ. ოფიციალურად დღეს ასეთი გვარი აღარ არსებობს. ამ გვარში გაერთიანებულია: ჩარხოშვილები, მუშტარაულები, ბახტარიშვილები, ბაინდურიშვილები, ბაძოშვილები, ჯიხოშვილები, ბაიაძეები, პაპაშვილები, ბუქურაულები, ბეგუმიშვილები, ხადიშვილები, ნაკვეთაურები, ჭარელაშვილები, ღალიშვილები, შანქიაშვილები, ოჟილაურები.
ფეშკროუს გვარის უშუალო შთამომავლად მხოლოდ ბაძოშვილები ითვლებიან. დანარჩენი გვარები შეძმავებული, ხარით შეყრილი (ხელოვნურად დანათესავებულნი)
არიან. მიუხედავდ იმისა, რომ სოფელ ეთელტის მკვიდრ 16 გვარს ერთმანეთთან სისხლისმიერი ნათესაობა არ აკავშირებდა, ისინი ერთმანეთზე არ ქორწინდებიან. სოფელ ინდურთის ძირითადი გვარი შორთიანი (შორთიული) ყოფილა. დღეს ისინი შორთიშვილის გვარს ატარებენ. ინდურთის დანარჩენი გვარები ძირითადად ხელოვნურად არიან ერთმანეთთან დანათესავებულნი, მაგალითად, ლაგაზიძეები ფშავიდან მოსულან.
სოფელ წაროში მკვიდრობდნენ: უჯირაულები, სულხანაურები, დათოიძეები, ხაჩირიშვილები, ჟოდურიშვილები. მათ თავდაპირველ გვარად წაროელი (წოვა-თუშურად _ წარბი) მიიჩნევა. მაგრამ სინამდვილეში წაროელების უშუალო შთამომავალი არც ერთი დასახელებული გვარი არაა. სოფელ წაროს თავდაპირველი მკვიდრნი შავ ჭირს გაუწყვეტია. მთაში არსებული ტრადიციით წაროელთა ნასახლარზე პირველად სულხან ახალაური დაუსახლებიათ და რადგან ის მათ მემკვიდრედ გამოაცხადეს, წაროელის გვარიც მიუღია. მართლაც, დღეს, სულხან ახალაურის შთამომავალთა ოფიციალური გვარი (როგორც მთხრობელები ამბობენ `დასაწერი გვარი~) სულხანაურია, მაგრამ მოსახლეობა მათ დღესაც წაროელებს (წოვურად _ წარბი) უწოდებენ. წოვა-თუშეთის სოფლებში წოვა-თუშების გარდა ცხოვრობდნენ ფშავიდან, ხევსურეთიდან, ქისტეთიდან მიგრირებულებიც. მოსული გვარები ადგილობრივი გვარების მფარველობის ქვეშ იყვნენ, როგორც ადგილობრივები იტყოდნენ, `შეძმავებულები~ იყვნენ. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში უცხოს მიღების, გათავისების წესი ტრადიციული იყო. ეს იყო მოსულის (მიგრანტის) ხელოვნურად დანათესავება. ამ უკანასკნელსა და მის შთამომავალთ სისხლისმიერი ნათესავისაგან არავინ ასხვავებდა. უცხო, მოსული ადამიანი ტერიტორიული თემის (სოციუმის) სრულუფლებიანი წევრი ხდებოდა. ეს კი, როგორც შენიშნულია, განამტკიცებდა სოციალურ ერთობას. მთიელებისათვის კი ეს ერთობა ერთ-ერთი უმაღლესი ფასეულობა იყო.
სოფელ მოზვერთას ძირითადი გვარია ბაიხოიძე. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ინგუშეთიდან თუშეთში მოსული რვა გვარიდან შვიდი ქართული წარმოშობის იყო (ხუთი ქიზიყელი, ერთი სოფელ მატნელი და ერთიც გომეწრელი ფშაველი). ინგუშური წარმოშობის ერთადერთ გვარად სწორედ ბაიხოიძეების (ბეიხური) გვარი ითვლება. შემდეგ ბაიხოძეების გვარში ათზე მეტი გვარი შესულა. ძირად ბაიხოძეები კი, სიავკაცის გამო, თუშებს ამოუწყვეტიათ. ბაიხოძის მხოლოდ ერთი კოჭლი კაცი დაუტოვებიათ ცოცხალი, რომლის შთამომავალნიც ახადიშვილები და თორღვაშვილები არიან. მთხრობელთა თქმით ახლაც არიან ბაიხოძეები, მაგრამ ისინი სინამდვილეში დიდოელი შარმადინოვნების შთამომავლები არიან.
ჩვენი ეთნოგრაფიული მასალებით დღეს სულ 96 წოვა-თუშური გვარი ითვლება, რომლებიც რვა ძირითად გვარში არიან გაერთიანებული. რვა ძირითადი გვარიდან შვიდი გვარი ქართული წარმომავლობის იყო და მხოლოდ ერთი გახლდათ ინგუშური წარმომავლობის. ინგუშეთის ჯარიახის ხეობაში (ადგილი ვაბი) ცოლ-შვილით გადასული შვიდი ქართველი მეცხვარის შთამომავლები ორი-სამი თაობის განმავლობაში დარჩნენ ინგუშეთში, სადაც მათ ძირითად სალაპარაკო ენად ინგუშური იქცა, რადგან საქართველოდან გადმოსულთა შთამომავლები ადგილობრივ ინგუშებთან შევიდნენ საქორწინო ურთიერთობაში. შვიდ წარმოშობით ქართველ გვარს ინგუშეთში მერვე, ინგუშური გვარიც დაემატა, რომლებიც შემდეგ თუშეთში დასახლდნენ. თუშეთში დასახლების შემდეგ, წოვა-თუშებს, როგორც მთაში, ისე მთიდან გადმოსახლების შემდეგ ფშავიდან, ხევსურეთიდან და სხვა კუთხეებიდან მოსული არაერთი გვარი შეუერთდა.
წოვა-თუშებთან ხელოვნურად დანათესავებულები ძირითადად დაქირავებული მწყემსები იყვნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში ცხვრის საკმაო რაოდენობის გაჩენის შემდეგ აქვე დარჩენის სურვილს გამოთქვამდნენ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ცალკეული გვარების მიგრაცია XIX საუკუნის მოსახლეობის კამერალური აღწერის დავთრებითაც დასტურდება.
ეთნოგრაფიულ მონაცემებს სრულიად თანხვდება ენობრივი მონაცემები. ლინგვისტთა შენიშვნით (მ. ქურდიანი), წოვა-თუშური ენა სხვა ენაა; ის ინგუშურისაგან განსხვავდება. ამდენად, თუ წოვა-თუშების წინაპრები ინგუშეთის ჯარიახის ხეობაში ორი-სამი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ, მაშინ მათი ენა დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს ინგუშურისაგან. ამ შენიშვნის საპასუხოდ უნდა ითქვას, რომ ხჳხ საუკუნეში, მაშინ, როდესაც ჯარიახის ხეობა (სადაც მდებარეობდა სოფელი ვაპი) დასახლებული იყო, აქ მცხოვრები ინგუშების მეტყველება განსხვავდებოდა დანარჩენ ინგუშეთში განსახლებულთა მეტყველებისაგან. პ. უსლარის სიტყვით, ყველა ვაინახი თავისუფლად უგებდა ერთმანეთს, გამონაკლისი ჯარიახელები იყვნენ, რომლებიც ერთობ განსხვავებულ კილოზე ლაპარაკობდნენ.
ამრიგად, ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფის _ წოვა-თუშების რვა ძირძველი გვარიდან მხოლოდ ერთ გვარს ჰქონდა არაქართული წარმომავლობა. ისინი ფაქტობრივად საქართველოს სხვადასხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები არიან. წოვა-თუშების ეთნოგრაფიული ჯგუფის ფორმირება რთული სოციალური, კულტურული და სამეურნეო-ეკონომიკური ურთიერთობების შედეგად მოხდა. მათი ორენოვნება კი ინგუშეთში, სოფელ ვაპში რამდენიმე თაობის განმავლობაში ცხოვრებამ განაპირობა. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით წოვა-თუშები არ განსხვავდებოდნენ დანარჩენი ქართველებისაგან. მათი ქართული მეტყველება უფრო ახლოს იდგა ქართულ სალიტერატურო ენასთან, ვიდრე მეზობელად მცხოვრები სხვა ქართული ეთნოგრაფიული ჯგუფებისა.
სტატიის ავტორი – როლანდ თოფჩიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „საქართველოს ეთნოგრაფია/ეთნოლოგია“, თბილისი, 2010წ.
|