მდინარე ურაველი მტკვრის შენაკადია. ურავლის ხეობაში მოსახვედრად ახალციხიდან უნდა გავყვეთ ახალქალაქის გზას. გზატკეცილი აღმოსავლეთისაკენ მიემართება, მდინარე ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე. იმ ადგილის მახლობლად, სადაც ფოცხოვი მტკვარს ერთვის, გზა მარჯვნივ უხვევს, სოფელ მინაძისკენ. ურავლის ხეობა სოფელ მინაძესთან იწყება. აქ სამხრეთიდან მტკვარს მდინარე ურაველი ერთვის. გზა იყოფა: ახალქალაქის გზა მტკვარს მიჰყვება, მეორე ურავლის ხეობაში მიდის - საქართველო-თურქეთის საზღვრისკენ.
ურავლის ხეობა ერთი ულამაზესთაგანია მესხეთში. იგი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლებითაც მდიდარია. ეს ძეგლები შიგ ურავლის ხეობასა და მის მიმდებარე ხევებსა და ხეობებშია.
მინაძინიდან რამდენი კილომეტრის მანძილზე გზა მიადგება დიატომიტის წარმოებას. აქედან ოციოდე წუთის სავალზე, გზის მარჯვნივ, მდებარეობს სოფელი წყორძა, რომელშიაც რამდენიმე ძველი ნაშთია. მათ შორის უფრო საინტერესოა ეკლესია, რომელიც შუა სოფელში, ხევის პირას დგას. ეს სამლოცველო - უგუმბათო, ერთნავიანი შენობა-ძალიან მცირე ზომისაა, იგი თლილი ქვითაა აგებული. სამხრეთით მას მინაშენი ჰქონია, მაგრამ ახლა დანგრეულია. ჩაქცეულია თვით სამლოცველოს კამარაც.
მიუხედავად იმისა, რომ შენობის სიგრძე-სიგანე სულ რამდენიმე ნაბიჯია, მისი კედლები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ეს ალბათ ადგილობრივი ფეოდალის კარის ეკლესია იყო. ფეოდალს არ უნდოდა სხვებს ჩამორჩენოდა ეკლესიის მორთვა-მოკაზმვაში.
მოჩუქურთმებულ არშიაშია ჩასმული შესასვლელი და სარკმლები. აღმოსავლეთ და დასავლეთ სარკმლებს ზემოთ მაღალი ჯვრებია ამოკვეთილი ისე, როგორც დიდი ტაძრების კედლებზე აკეთებდნენ ხოლმე. შენობის კუთხეებში და ჩრდილოეთის კედელზე სრულიად თავისებური სამკაულებია - სხვადასხვა მოხაზულობის რტოებზე გამობმული ყურძნის მტევნებით. ნაწილობრივ მოჩუქურთმებულია კარნიზიც.
აშკარაა, რომ ოსტატს დიდი სიყვარულით უშენებია ეს პატარა სამლოცველო. მას უცდია მორთულობის მხრივაც ოთხსავ კედელზე მთლიანი სურათი შეექმნა. მშენებელი პროფესიულად დახელოვნებული ყოფილა, მაგრამ მხატვრული გემოვნება კი ჰკლებია. ჩუქურთმათა შესრულება, იმავე დროს მოწმობს, რომ ძეგლი ქართული ხუროთმოძღვრების დიდი აყვავების ხანას ვერ მიეკუთვნება. მას ხელოვნების დაქვეითების ნიშნები ეტყობა. ჩუქურთმის სახეები ერთგვაროვანი და ნაკლებ საინტერესოა, შესრულების მხრივაც მშრალია.
ძეგლის შესწავლამ გამოარკვია, რომ იგი XIII საუკუნის მიწურულში უნდა იყოს აშენებული. წყორძის მეორე ეკლესია სოფლის განაპირასაა, ბორცვის კალთაზე. მისი დასავლეთი კედელი მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი. მიწა ფარავს ჩრდილოეთის კედლის ნახევარსაც. შენობა კედელ-კამარიანად დაუზიანებლად დგას; მისი მორთულობა მწირია და უსახური, კედლის წყობა, თუმცა ქვა რიგიანადაა გათლილი, მაინც სავსებით ზუსტი და წესიერი არაა. ეკლესია დაუთარიღებელია, მაგრამ საფიქრებელია, რომ XIV-XV საუკუნეშია აგებული.
წყორძის დასავლეთით, სოფელ ქისათიბისკენ მიმავალი ბილიკის მარჯვნივ, აღმართულია მცირე სიმაღლის ხვეული კლდეები. ეს ადგილი ბაიების სახელითაა ცნობილი. დაახლოებით კლდის შუა სიმაღლეზე შენობათა მთელი ჯგუფია: გალავნის ნანგრევები, გალავნის შიგნით კი კლდეზე მიბჯენილი, თითქოს კლდეში შედგმული, ორი ერთნავიანი ეკლესიაა ერთიმეორის გვერდით. ერთი-მარცხენა, უფრო დაბალია, მეორე – უფრო მაღალი და ვრცელი. გარედან ჩანს ეკლესიათა მხოლოდ სამხრეთის კედლები. მცირე ეკლესია მთლიანად თლილი ქვითაა ნაშენი. დიდი ეკლესიასი მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლები და კამარაა ქვით ნაშენი, ხოლო დასავლეთის კედლის დიდი ნაწილი და საკურთხეველი კლდეშია გამოკვეთილი. ეკლესიებს გარედან კარგად მოჩუქურთმებული კარნიზი აქვთ. მარჯვენა, დიდი ეკლესიის შიგნით ძველი მხატვრობის უმნიშვნელო კვალია დარჩენილი.
ეს ეკლესიები მხოლოდ ნაწილია მთელი კომპლექსისა. მათ ქვეშ ორ სართულად განლაგებული რაღაც სადგომებია (ქვით ნაშენი წინა კედლებით), ხოლო დიდი სამლოცველოდან კლდეში ამოკვეთილი გასაძრომი და სამალავები იწყება.
კლდეებში სადგომთა ამოკვეთა საქართველოში ძველთაგანვე იყო გავრცელებული. კლდის ქალაქი უფლისციხე, კლდეშივე გამოკვეთილი ვარძიის მონასტერი ყველასთვის კარგადაა ცნობილი. მესხეთ-ჯავახეთში კიდევ არა ერთი და ორი ძეგლი მოიპოვება. ბაიები ჯერ არ გამხდარა საგანგებო შესწავლის საგნად. თავისი სიდიდით იგი ვერ შეედრება უფლისციხესა და ვარძიას, მგრამ მაინც დიდად საინტერესო ისტორიული ძეგლია. მესხეთში, რომლის მოსახლეობაც საუკუნეთა მანძილზე მოძალადე თურქეთის მიერ იყო შევიწროებული, განსაკუთრებით ბუნებრივი და დამახასაითებელია ამგვარი სიმაგრეები საიდუმლო სამალავებითა და გასასვლელებით.
ბაიებში ახლა ბევრი რამ დანგრეულია და დაზიანებულია. სადგომების დიდი ნაწილი მიწითაა ამოვსებული, კლდეები ბევრგან ჩამოქცეულია,მაგრამ გადარჩენილ სადგომებშიც ბევრი რამაა საყურადღებო, მაგალითად, გალავანში შესასვლელის მოწყობილობა: თვით კარი, რომელიც საგანგებო ბუდეებშია ჩამაგრებული, ერთი დიდი გათლილი ლოდისგანა გამოკვეთილი. ამ ქვაში სათვალთვალო ხვრელია ამოჭრილი.
ბაიების ყველა შენობა შეიძლება ერთ დროს არ იყოს აშენებული, ის კი ცხადია რომ მთელი კომპლექსი მომწიფებულ შუასაუკუნეთა ხანას ეკუთვნის (უფრო საფიქრებელია, რომ იგი XII –XIII საუკuნეზე ადრინდელი არ არის).
ბაიებიდან შეიძლება სოფელ ანდრიაწმინდაში გადასვლა. გზაზე ვხვდებით ისტორიულ ნაშთებს. ნასოფლარ ღრომას მახლობლად, ანდრიაწმინდისკენ მიმავალი გზის მარჯვნივ, ბევრად უფრო დაბლა, მდებარეობს წმინდა თევდორეს მცირე ერთნავიანი სამლოცველო. იგი კედელ-კამარიანად დგას. თლილი ქვის პერანგი და წვის ფილებიანი საბურავი აქვს. ყურადღებას იპყრობს საბურავის კეხის მორთულობა. აღმოსავლეთით, კეხზე, ქვით გამოქანდაკებული ცხვრის თავია, რომელიც მთელ ფასადს აგვირგვინებს, ხოლო დასავლეთით, სათანადო ადგილას - ეკლესიის მცირე მოდელი.
ასეთი სამკაულები საქართველოში გავრცელებულია. წმინდა თევდორეს ცხვარი ერთი საუკეთესოთაგანია ამგვარ სამკაულთა შორის. ანდრიაწმინდას ეკლესია სოფელ ანდრიაწმინდას ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევია. კედლები მთლიანად დგას (თვალში მოგხვდებათ მათი ფერი- ჟანგიანი, გამომწვარი, თითქმის აგურისფერი), გადარჩენილია კამარის დიდი ნაწილიც. შიგნით საბჯენი თაღების დასაყრდნობ შვერილებს მარტივი სამკაულები აქვს. კედლის პერანგი თლილი ქვისაა. ლოდები ძალიან დიდი.
ეს ორი ეკლესია დათარიღებული არ არის., მაგრამ, როგორც ჩანს, ორივე საკმაოდ ძველი, შუასაუკუნეების ხანისაა.
ანდრიაწმინდას საფარისგან მხოლოდ მცირე ქედი ჰყოფს.
დავუბრუნდეთ ისევ ურავლის ხეობას. ამ ხეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი აგარის ნამონასტრალია, რომელიც სოფელ ურავლის ზემოთ მდებარეობს, მთის თხემზე, მდინარის მარჯვენა ნაპირას. აგარაში მიმავალი ბილიკი, რომელიც ვიწრო ხეობას მისდევს, მთის ნაკადის აყოლებით, ახლა დაბურულია ხშირი მცენარეულობით. ახლო-მახლო მოსახლეობა არ არის, მონასტერი დიდი ხანია მიტოვებულია და შენობათა უმეტესობა დანგრეულია.
აგარის კომპლექსი მრავალმხრივაა საყურადღებო. შენობათა სიმრავლე და ნაირგვარობა მოწმობს, რომ აქ დიდი მონასტერი უნდა ყოფილიყო. მთავარი შენობები დღემდის მოღწეულია, ზოგიერთ მათგანს ისტორიული ცნობის შემცვლელი წარწერები აქვს, ხუროთმოძღვრული თვალსაზრისითაც აქ ბევრი რამაა სინტერესო. აგარის მთავარი ეკლესია ერთი უდიდესი ერთნავიანი ტაძართაგანია საქართველოში. ერთი ეკლესია მთის ფერდზეა, შენობათა უმეტესობა კი უფრო მაღლა, მთის კეხზეა განლაგებული. აქ ოთხი თუ ხუთი ეკლესია მაინც არის, ამას გარდა სამრეკლო, მონასტრის სატრაპეზო ანუ სასადილო და აგრეთვე სხვა, როგორც ჩანს, სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი სადგომების ნანგრევებია.
ყველაზე დიდი ნაგებობა აგარაში მთავარი ეკლესიაა - თლილი ქვით ნაშენი ერთნავიანი შენობა, ერთი უდიდესი ერთნავიანი ეკლესიათაგანი საქართველოში. იგი კედელ-კამარიანად დგას. შიგნით მისი კედლები და გადახურვა თავდაპირველი სახითაა მიღწეული, ყოველგვარი გადაკეთების გარეშე, გარედან კი კედლების პერანგს აშკარად ეტყობა გადაკეთების კვალი.
ტაძრის მნახველს თვალში ეცემა მისი მაღალი მხატვრული ღირსება. შესანიშნავია თვით კედლის წყობა (გადაუკეთებელ ნაწილებში), სარკმელთა ფაქიზი სამკაულები, მარტივი სვეტისთავები ტაძრის შიგნით. შიგა სივრცე, მიუხედავად იმისა რომ აქ მხოლოდ ერთი უგუმბათო დარბაზია, აოცებს მნახველს თავისი დიდებულებით. ეკლესიაში შესვლისთანავე ყურადღებას იპყრობს საკურთხევლის ნახევარწრიულად მომრგვალებული კედლის დამუშავება. აქ ერთიმეორის მიყოლებით 9 ნახევარწრიული ნიშია გაკეთებული ისე, როგორც მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში. შუა მათგანი, სარკმლის ქვის, სხვებზე დაბალი და განიერია. ეს ნიშები, შუა ნიშის გარდა, მღვდელმსახურეთა საჯდომად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.
კედლებს აქა-იქ შერჩენილი აქვს ძველი მხატვრობის კვალი. კედლის ზედაპირის ხასიათი მოწმობს, რომ ეკლესია მთლიანად მოხატული იყო.
გარედან ყველაზე უფრო საინტერესოა აღმოსავლეთის ფასადი. მის შუა ადგილას ჩუქურთმით მორთული სარკმელია, მის ზემოთ კი წარწერა და რელიეფური ქანდაკება. ფასადის ნაპირზე თითო ღრმა მაღალი ნიშაა. ამგვარ ნიშებს ჩვეულებრივ დიდი გუმბათიანი ტაძრების აღმოსავლეთის ფასადზე ათავსებდნენ. ისინი თითქოს აღნიშნავენ მიჯნას საკურთხეველსა და მის მეზობელ ორ ოთახს შუა. მათ ტექნიკური გამართლებაც აქვთ: ამ საშუალებით ამსუბუქებდნენ კედელს, ათავისუფლებდნენ მას ზედმეტი მასისაგან. ერთნავიან ტაძრებში ნიშების გამოყენება ძალიან იშვიათია. აგარის ტაძარი ამ მხრივ ძლიერ გამოირჩევა სხვა ერთნავიან შენობათაგან. მაგრამ ხუროთმოძღვარს ნიშები ისე მარჯვედ მოუთავსებია, რომ კედელი აქაც განტვირთულია ქვის წყობის უსარგებლო მასისაგან.
სამხრეთის კედელზე ყურადღებას იპყრობს სარკმლის საპირე თავისებური, ნაკლებად გავრცელებული ტიპის, სახეებით. ჩუქურთმა აქ, ისევე როგორც აღმოსავლეთის კედელზე, მარტივია, ადვილად გასარჩევი, მცირე სიღრმით ნაკვეთი.
როგორც ავღნიშნეთ, შენობას აჩნია გადაკეთების კვალი. ადვილი შესამჩნევია, რომ წარწერიანი და ქანდაკებიანი ქვა აღმოსავლეთის სარკმლის თავზე შემდეგაა ჩასმული, იგი არ ებმის სარკმლის მთელ მორთულობას. წარწერის შინაარსიც მოწმობს, რომ იგი ამ შენობას არ ეკუთვნის. აქ ვინმე თევდორე გვაუწყებს რომ მან ააშენა სტოა, ე.ი. ღია თაღებიანი გალერეა, ანუ კარიბჭე ეკლესიასთან. ცხადია, წარწერა წინათ სტოაზე უნდა ყოფილიყო და არა ეკლესიის მთავარ ფასადზე. აქ წარწერა შემთხვევით უნდა იყოს მოხვედრილი (რელიეფი გამოხატავს კაცს, რომელიც შენობის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომ ქრისტეს) გადაკეთებულია ეკლესიის დასავლეთის კედელიც. მისი სარკმლისა და შესასვლელის მორთულობა მკვეთრად განსხვავდება სამხრეთისა და აღმოსავლეთის სარკმელთა მორთულობისაგან. მთავარი ეკლესია აგებულია X საუკუნეში ან XI საუკუნის დასაწყისში, შეკეთებულია არა უადრეს XIV საუკუნისა. თვით შენობის ხუროთმოძღვრული ფორმები და მორთულობა გვაფიქრებინებს, რომ აგარის მონასტრის მთავარი ეკლესია აგებულია არა უგვიანეს XI საუკუნის დასაწყისისა, უფრო კი X საუკუნეში. აღმოსავლეთის სარკმლის ზემოთ ჩართული ქვა უფრო ადრინდელი შენობიდანაა ნასესხები, ხოლო დასავლეთის კედლის შეკეთება ბევრად უფრო გვიანდელია, ალბათ XIV საუკუნეს ეკუთვნის.
ტაძრის გვერდით სამხრეთის კედლის პარალელურად, ძველი კედლის ნანგრევია. ერთ ადგილას შერჩენილი აქვს კარნიზის ქვა მშვენიერი ჩუქურთმით, რომელიც აგრეთვე X ან XI საუკუნის ხელობას მოგვაგონებს. ერთი შეხედვით, ეს კედელი თითქოს ეკლესიის მინაშენს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ შესაძლებელია იგი სხვა შენობის ნანგრევსაც წარმოადგენდეს. სამხრეთითვეა ძველი სამრეკლოს ნანგრევი (მხოლოდ I სართულია გადარჩენილი). შენობა ეკლესიაზე 3-4 საუკუნით გვიანდელი მაინც უნდა იყოს.
სამრეკლოს ქვემოთ, მცირე მანძილზე, დგას დიდი შენობა, რომელიც მთავარ ეკლესიასთან ერთად, ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს აგარის მონასტერში. ბერების სასადილო ანუ “ტრაპეზი” აგებულია XI საუკუნის ბოლოს ან XII საუკუნის დასაწყისში. ეს შენობა, რომელიც ერთი დიდი დარბაზისა და მასზე მიშენებული გრძელი სადგომისგან შედგება, წარწერის თნახმად, ბერების სასადილო, “ტრაპეზი” ყოფილა. წარწერაში ნათქვამია “სახელითა ღრმთისაითა და მეოხებით წმიდისა იოანე ნათლისმცემლისაითა, ერისთავთა ბეშქენ და მურვანის მლოცველმან, მე ეფრემ ხელვყავ შენებად ტრაპეზსა ამასო”
ჩვენ არ ვიცით, ვინ იყო eფრემი, მაგრამ მისი პატრონები მურვანი და ბეშქენი, ვისთვისაც იგი ღმერთს ევედრებოდა, ჯაყელთა გვარს ეკუთვნოდნენ. მატიანეებში მოხსენებული არიან ბეშქენ ჯაყელი, თუხარისის ერისთავი, რომელიც ბაგრატ IV განდგომია და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა (ყველის ციხე აგარიდან დაახლოებით 40 კმ. მანძილზეა პირადაპირი ხაზით. ეხლა თურქეთის ფარგლებშია). ერთი ბეშქენი დავით აღმაშენებლის დროსაც იხსენიება, XII საუკუნის პირველ მეოთხედში. უეჭველია, აგარის წარწერა ერთ-ერთ მათგანს გულისხმობს და “ტრაპეზიც” იმ დროს, ე.ი. XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე უნდა იყოს აშენებული.
სოფელი ხეოთი
სოფელი ხეოთი ახალციხიდან 25 კმ. დაშორებით მდებარეობს, სამხრეთ-აღმოსავლეთით. იგი საკუთრივ ურავლის ხეობაში არაა. გზა ხეოთისკენ სოფელ ურაველთან უხვევს.
გადასახვევის მახლობლად, ხევის სიღრმეში, ჩანს მცირე ეკლესიის ნანგრევი. ყურადღებას იპყრობს მისი კeდლების მკაფიო ფერი-მოწითალო, თითქმის აგურისფერი. ეს სულ პატარა გუმბათოვანი შენობაა, ე.წ. ტრიკონქის ტიპისა. იგი ჯვარისებრი მოხაზულობისაა და ჯვრის სამი მკლავი (აღმოსავლეთის,სამხრეთისა და ჩრდილოეთისა) შიგნით ნახევარწრიულადაა მომრგვალებული. ამ ტიპის შენობები საქართველოში XI საუკუნეზე გვიან აღარ გვხვდება. შენობას შერჩენილი აქვს მცირეოდენი სამკაული და წარწერა, რომელიც თარიღს არ შეიცავს.
გზა აღმართს მისდევს, შემდეგ გადაივლის დიდ ხევს, რომლის თავზეც (მარჯვნივ) ორცეფის ძველი ციხის ნანგრევია აღმართული და მიადგება სოფელ ხეოთს. ხეოთი, ეკლესია და სამრეკლო შორიდან, სოფლის დასავლეთით, ჭალაში მხოლოდ სამრეკლო ჩანს. ახლო მისვლისას ირკვევა რომ აქ შენობათა მთელი გჯგუფი ყოფილა: ეკლესია და სამრეკლო, რომელიც ერთ მთლიან განუყოფელ ნაგებობას შეადგენდა. ახლა ეკლესია, არსებითად, სულ განადგურებულია: მთავარი ნაწილი სულ ჩანგრეულია, კედლები მცირე სიმაღლეზე დგას. ეკლესია (საკმაოდ ტლანქად ნაშენი) უგუმბათო ყოფილა, ერთნავიანი ტიპისა, ე.ი. იგი ერთი დარბაზისაგან შედგებოდა.
XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველოში სამრეკლოთა მშენებლობა საყოველთაოდ ვრცელდება, მაგრამ, ჩვეულებრივ სამრეკლო განცალკევებით დგას ეკლესიის მახლობლად. ერთმანეთთან დაკავშირებული ეკლესია და სამრეკლო, ისე როგორც ეს ხეოთშია, იშვიათად გვხვდება. ხეოთის სამრეკლო შედარებით კარგადა გადარჩენილი. საერთო აგებულებით იგი არ განირჩევა საფარის სამრეკლოსგან. აქაც ორი სართულია: I სართული გალავანში გასასვლელს კი არ წარმოადგენს, ისე როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში (მაგ.ზარზმაში), არამედ საფარის სამრეკლოს მსგავსად დახურულ სადგომს, სამლოცველოს, რომლის ქვეშაც სამარხი ყოფილა. მეორე სართული ღიაა, თერთმეტთაღიანი (ესეც იშვიათი თავისებურებაა, ჩვეულებრივ თაღების რიცხვი ლუწია) ბოძები, რომელთაც თაღები ეყრდნობა, ორივე სართულის კარნიზები და პირველი სართულის სარკმლები, ერთიანად მოჩუქურთმებულია. ხეოთის სამრეკლო XV ან XVI საუკუნეშია აგებული. ეს ჩუქურთმები, მათი სახეების შერჩევა, ქვაზე კვეთის ხერხები, გვიჩვენებს, რომ ხეოთის სამრეკლო XV ან XVI საუკუნეშია აგებული. მორთულობაში აღარ ჩანს ის ნამდვილი ოსტატობა, რომელიც უფრო ადრინდელ ხანაში, თუნდაც XIII- XIV საუკუნეთა მიჯნაზე იყო. ჩუქურთმები თითქმის ყველა) მხოლოდ გეომეტრიულის სახეებისგან შედგება, მცენარეული სახეები აღარ გვხვდება. ჩუქურთმიანი არშიების სხვადასხვა ნაწილები რიგიანად ვერ უკავშირდება ერთმანეთს, ზოგან სახეები ძლიერ დაღრეცილია. ჩუქურთმის ხარისხის დაქვეითება საერთოდ დამახასიათებელია XV –XVI საუკუნეთა ქართული ხურომოძღვრებისათვის. მაგრამ მიუხედავად მორთულობის მდარე ხარისხისა ხეოთის სამრეკლო მაინც მხატვრულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მისი კედლები რიგიანადაა ნაშენი. მშენებელს კარგად შეურჩევია საშენი მასალა. აქ გამოყენებულია ორგვარი ქვა (ვულკანური წარმოშობისა), ორივე რუხი, მაგრამ რამდენადმე განსხვავებული; და ამ საერთო რუხ ფერში (რომელსაც ზოგან მღრიესგან მომწვანოც დაჰკრავს) , აქა-იქ ცალკეულ ლაქებად, გაბნეულია მკვეთრი მოწითალო-აგურისფერი ქვები (ტუფი), რომლებიც არაჩვეულებრივად აცოცხლებს შენობის საერთო სახეს (ეს წითელი “ლაქები” უმეტესად II სართულზეა, თაღებს ზემოთ). მთლიანად სამრეკლო შორიდანვე ძალიან ფერადოვანი ჩანს.
სამრეკლოს I სართულში, როგორც ავღნიშნეთ, სამლოცველო იყო. აღმოსავლეთის კედელზე (შიგნით), სარკმლის მარცხნივ და მარჯვნივ, ჯვრების რელიეფური გამოსახულებაა. წარწერები (ჯვრებთან) იხსენიებს სამრეკლოს მშენებელს, ვინმე ოლიმპიასა და წმ. ბარბალეს, რომლის სახელობისაც იყო, ალბათ ეკლესია (ან თვით ეს სამლოცველო).
სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – „სამცხის ხუროთმოძღვრული ძეგლები“; გამომცემლობა ნაკადული, 1970წ.
სასარგებლო ბმულები
http://giorgitab.wordpress.com
|