სტალინური პერიოდის საქართველოს თეატრალური ნაგებობები 

საბჭოთა პერიოდში საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცვლილებები მიმდინარეობდა. ამან გავლენა მოახდინა ხელოვნებაზეც, კერძოდ არქიტექტურაზე. ისტორიული პროცესების მიხედვით ის იყოფა რამდენიმე ეტაპად, რომელთაგან განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. სტალინური პერიოდის არქიტექტურა. ამ დროს ხელოვნება პოლიტიკურ-იდეოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა. მონუმენტურობით და პომპეზურობით გამოირჩევიან ამ დროს აგებული ნაგებობები, მათ დიდი ზემოქმედება უნდა მოეხდინა ადამიანებზე. განსაკუთრებით ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ. ამდენად იდეოლოგიურმა ფაქტორმა დიდი გავლენა იქონია ამ დროის არქიტექტურის ხასიათზე. იგება სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. მე კი მინდა შევეხო თეატრალურ ნაგებობებს, რომლებიც საინტერესო გადაწყვეტით გამოირჩევიან.

quTaisis lado mesxiSvilis sax. saxelmwifo dramatuli Teatri

1955 წელს დაიწყო ქუთაისის თეატრის მშენებლობა. ნაგებობა გეგმაში ოვალურია, რომლის ოთხივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული შესასვლელებია მოწყობილი. მთავარ შესასვლელში ოთხი შეწყვილებული სვეტი და პორტიკია. მაყურებელთა დარბაზი წრის სამ მეოთხედს იკავებს. მასთანაა დაკავშირებული სხვადასხვა დანიშნულების ოთახები. ამდენად თეატრის გეგმაში გათვალისწინებულია სასურველი პირობების შექმნა მისი ფუნქიონირებისათვის. ფოიეების, ვესტიბიულების, მაყურებელთა დარბაზის მორთულობა საზეიმო ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით გამოიყოფა სვეტების და პლაფონის დამუშავება. მაყურებელთა დარბაზში კედლები დაფარულია ორნამენტული ნახატით. ჭერის ცენტრალური არე ასევე მოხატულია. ამდენად ეს ყველა მორთულობის ელემენტები მიუთითებენ მისწრაფებაზე შეიქმნას პომპეზური, საზეიმო ხასიათის ნაგებობა, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა მორთულობის ელემენტები.

 

WiaTuris akaki wereTlis sax. Teatri

მონუმენტურობით, პომპეზურობით ხასიათდება ჭიათურის თეატრიც, რომელიც აიგო ძველი კლუბის ადგილზე 1949 წელს. თეატრი ცენტრალური მოედნის განაპირა მხარეს დგას. მთავარი ფასადი ტიმპანით დამთავრებული თაღოვანი პორტალია, სადაც მოთავსებულია კაპიტელები და ლილვების კონა. მთავარი ფასადი აქცენტირებულია ასევე ქანდაკებით, აქ ბრინჯაოსგან ჩამოსხმული აკაკის სავარძელში მჯდომი ფიგურაა. ხოლო ფრონტონის კეხზე მოსასხამში გახვეული ხელებაწვდილი ქალის ფიგურა გამარჯვების სიმბოლო. ამდენად ფასადი მონუმენტურია და მკაცრ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსხვავებით ინტერიერისგან, სადაც აშკარაა დეკორაციულობისკენ მისწრაფება. დარბაზი სცენისკენ წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. ის  600 მაყურებელს იტევს. სცენას ორივე მხარეს უბეები აქვს, აქვეა სხვადასხვა დამხმარე სადგომები და სახელოსნოები. თუმცა გაუთვალისწინებელია რიგი ფუნქციური მოთხოვნები. მაგალითად სასცენო ნაწილის კარები მცირეა და დეკორაციების შეტანა რთულდება. მცირეა სცენის სიღრმეც, არ არის მსახიობთა ფოიე. შენობის შიგნით დიდი ყურადღება ეთმობა მაყურებელთა დარბაზს, აქაა ორნამენტული მორთულობა და მოხატულობა. გამოყენებულია ქვაში ნათალი ორნამენტები, ჭედური ხელოვნების ნიმუშებიდან აღებული მოტივები, ისინი მასშტაბით გადიდებულია და  ხელოვნურის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც ამ პერიოდში აგებული შენობების დიდი ნაწილისთვის არის დამახასიათებელი. ისინი არ პასუხობენ თვითონ მასალის სპეციფიკას და ამითაა განპირობებული მათი, ასე ვთქვათ, ყალბი ხასიათი. ამდენად თეატრის ინტერიერის და ექსტერიერის გადაწყვეტისას ჩანს დიდი ყურადღება მორთულობის მიმართ და ამის გამო გარკვეულ შემთხვევაში გადაუჭრელი რჩება ფუნქციური საკითხები.

baTumis dramatuli Teatri

1952 წელს აშენდა ბათუმის თეატრი.  შენობის ინტერიერისა და ექსტერიერის გადაწყვეტაში კლასიცისტური ფორმებია გამოყენებული. აქაც დიდი ყურადღება ეთმობა მორთულობას, მონუმენტური სახის შექმნას და ფუნქციური მხარე უკანა პლანზე გადადის, რის გამოც სხვადასხვა საჭიროების სათავსოები არაა. სცენას არ აქვს გვერდის უბეები, მცირეა სარეპეტიციო დარბაზები, მუშაობას აფერხებს საწყობების და სახელოსნოების უქონლობაც. ამასთანავე მიუხედავად მდიდრული მორთულობისა დეტალების დამუშავება და მოხატულობა სქემატური და მშრალია.
ამრიგად, ზემოთ დახასიათებულ თეატრებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ სტალინური პერიოდის არქიტექტურის ძირითად დამახასიათებელ ნიშნებზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ისტორიულ-პოლიტიკურმა ვითარებამ დიდად განაპირობა მისი ხასიათი. ამ დროს სოფლის კულტურის სახლებიც კი გამოირჩევიან მონუმენტურობით, ფასადებზე გამოყენებულია მასიური სვეტები და ლამაზად გაფორმებული კაპიტელები. ზოგჯერ გარეგნულ იერს იმდენად დიდ ყურადღებას ანიჭებდნენ რომ უკანა პლანზე გადადიოდა  ნაგებობის ფუნქციური მხარის გადაწყვეტა . არქიტექტორების წინაშე იყო დასახული გარკვეული ამოცანები, რომლებიც საინტერესოდ წარმოჩინდა ფუნქციური და მხატვრული საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით.

ბიბლიოგრაფია:

1. ქართული საბჭოთა არქიტექტურა - ნ. ჯამბერიძე
2. საქართველოს ხუროთმოძღვრების ისტორიის მოკლე ცნობები - ჯ. მალაღურაძე
3. ფოტოების ავტორი - თემურ მუმლაძე; ბათუმის თეატრის ფოტო აღებულია ინტერნეტ ვებ-გვერდიდან www.batumelebi.netgazeti.ge.


სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი მზეონა ჩხეიძე; ხელმძღვანელი ნათელა ჯაბუა, ასოცირებული პროფესორი.

 


megobari saitebi

   

19.02.2016