საქართველოს ხუროთმოძღვრება ანტიკურ პერიოდამდე
მოკლე მიმოხილვა
საქართველოში დღეისთვის მრავლადაა აღმოჩენილი პალეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლები, თუმცა ხუროთმოძღვრული ტრადიციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე მხოლოდ ენეოლითის ხანიდან შეიძლება საუბარი. საქმე იმაშია, რომ პალეოლითის ეპოქაში ძირითადად ხდებოდა ბუნებრივად შექმნილი რელიეფის თავისებურებების გამოყენება (მაგ. გამოქვაბულებისა ან კლდის კარნიზების), ხოლო გაშლილ ადგილებში გამართული სადგომებიდან ბევრი არაფერია ხოლმე გადარჩენილი, ყოველ შემთხვევაში იმდენი, რომ მოხერხდეს ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე ლაპარაკი.
გამართული ხუროთმოძღვული კომპლექსები და ნაგებობები, როგორც ზემოთ ითქვა, ენეოლითის ეპოქიდან გვხდება. ამ ეპოქიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე პრაქტიკულად უწყვეტად შეიძლება გავადევნოთ თვალი ხუროთმოძღების განვითარებას.
ენეოლოთისა და ადრებრინჯაოს ხანის ძეგლებია განხილული ა. ჯავახიშვილის ეტაპურ ნაშრომში: "Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа V-III тыс. до нашей эры". ამ ნაშრომში ავტორმა დეტალურად გაანალიზა ენეოლითის ხანისა და ადრეული ბრინაჯაოს ხანის სამოსახლოთა ხასიათი და არქიტექტურა, როგორც საქართველოს, ასევე კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
ენეოლითური ნაგებობები წარმოადგენდნენ გეგმაში წრიულ შენობებს. რამდენიმე ასეთი შენობა ქმნიდა ერთიან კომპლექსს. ხოლო კომპლექსთა ერთობლიობა კი დასახლებას (სოფელს). ამ არქეოლოგიური კულტურის მატარებელი საზოგადოების წევრები მისდევდნენ მიწათმოქმედებას და როგორც ა. ჯავახიშვილი ვარაუდობს, შესაძლოა იყენებდნენ მარტივ სარწყავ სისტემებსაც. ნაგებობები აგებული იყო ალიზიდან (ალიზის იმ ტიპიდან რომელსაც უცხოურ ლიტერატურაში "Plano-convex"-ს უწოდებენ) და წამოადგენენ ცრუ გუმბათოვან კონსტრუქციას. გუმბათი პრაქტიკულად იატაკის დონიდანვე იწყებოდა. ნაგებობებს საძირკვლები არ გააჩნდათ. ზიგიერთ ნაგებობას კარის გარდა სარკმლებიც ჰქონდა.
შემდეგ პერიოდის, ადრებრინჯაოს ხანის, კერძოდ კი მტკავარ-არაქსული არქეოლოგიური კულტურის სამოსახლოები საკმაოდ განსხვავდება ენეოლითური ხანის სამოსახლოებისაგან. აქ ვხვდებით ერთგვაროვანი გეგმარების ინდივიდუალურ ნაგებობებს, რომლებიც სოფლებს ქმნიან. მტკვარ-არაქსული კულტურის სამოსახლოების კლასიკურ მაგალითად მიჩნეულია ქვაცხელას ნამოსახლარი, რომელიც სოფ. ურბნისის მახლობლად, ქართლში მდებარეობს.
თითოეული ნაგებობა შედგება დერეფნისა და ძირითადი სათავსისაგან. დერეფანს, როგორც ჩანს, კარი არ გააჩნდა. დერეფანი და ძირითადი სათავსი ერთმანეთთან ანფილადურად იყო დაკავშირებული. დერეფანში შესასვლელის ორივე მხარეს გამართული იყო შემაღლებები, სადაც აღმოჩნდა ჭირნახულისა და სამეურნეო იარაღის ნაშთები. როგორც ჩანს, დარეფანი საკუჭნაოდაც გამოიყენებოდა. ძირითადი სათავსი წარმოადგენდა კვადრატული გეგმის მქონე (დაახლოებით 5X5 მეტრზე) ოთახს, რომლის ცენტრშიაც სტაციონარული კერა იყო გამართული. კერის უკან "დედა ბოძი" ყოფილა აღმართული. ოთახში შესასვლელი კარის მოწინააღმდეგე მხარეს, უკანა კედელთან, როგორც წესი, შემაღლებაა ხოლმე გაკეთებული, სადაც სხვადასხვა სახის ჭურჭელი მდგარა.
რამდენიმე სიტყვა ნაგებობათა კონსტურქციების შესახებ. მტკავრ-არაქსული პერიოდის შენობები ნაგები იყო სარ-ლასტისაგან, რომლის ორივე მხარე შელესილი იყო თიხით. გადახურვა ბანური იყო, სტაციონარული კერის თავზე ერდოთი. შეიმჩნევა ერთი საინტერესო თავისებურება: ქვაცხელაზე ქვედა ფენის ნაგებობების კუთხეები მომრგავალებულია. ზედა ფენებში კი აშკარად შეიმჩნევა ტენდეცია კუთხეების გამართკუთხედებისა.
დიდი სხვაობაა ენეოლითურ (შულავერ-შომუ-თეფეს კულტურასა) და მატკვარ-არქსულ დასახლებათა გეგმრაბაში. თუ ენეოლითური დასახლებები შედგენილი იყო კომპლექსებისაგან, სადაც გაერთიანებილი იყო ეზოს გარშემო სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები - მტკვარ-არაქსულ სამოსახლოებზე სულ სხვა სურათია. აქ დასახლება (სოფელი) შედგება ერთგვაროვანი ინდივიდუალური ნაგებობებისაგან, რომლებიც არ არიან კომპლექსებში გაერთიანებულნი. აღსანიშნავია, რომ ქვაცხელას დასახლებაში ზემოთ აღწერილი ერთგვაროვანი, "ტიპიური" ნაგებობებიდან მკვეთრად გამოირჩევა მხოლოდ ერთი, მრგვალი გეგმის მქონე სოფლის განაპირას მდგომი ნაგებობა. ივარაუდება, რომ იგი საკულტო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. ასევე საინტერესოა, რომ ქვაცხელაზე გათხრების დროს არ დაფიქსირებულა დამხმარე ხასიათის ნაგებობები (მაგ. ბეღლები ან სხვა), რაც ასე დამახასიათებელი იყო ენეოლითური სამოსახლოებისათვის.
საინტერესოა, რომ ა. ჯავახიშვილმა თითქოს შეძლო გარკვეული ევოლუციური ხაზის თვალის გადევნება შულავერ-შომუ-თეფეს ტიპის ძეგლებიდან ქვაცხელაზე აღმოჩენილ ნაგებობამდე და მიუთითა ქვაცხელის ნაგებობების შესაძლო გავლენასა თუ გენეტიკურ კავშირზე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გავრცელებულ ტრადიციოულ საცხოვრისზე, რომელსაც დარბაზს უწოდებენ. ტრადიციული საცხოვრისის ეს ტიპი აქვს შესწავლილი პროფ. ლ. სუმბაძეს, რომელმაც ასევე შესაძლებლად მიიჩნია ადრებრინჯაოს ხანის ნაგებობათა დაკავშირება ეთნოგრაფიულად დადასტურებულ საცხოვრისის ტიპთან - დარბაზთან, ამასთან მანვე დამაჯერებლად აჩვენა, რომ ვიტრუვიუსის მიერ აღწერილი კოლხური სახლი, სხვა არაფერია თუ არა ტრადიციული დარბაზის ნაირსახეობა.
ვარაუდი შესაძლო კავშირზე ენეოლოთურ და მტკვარ-არაქსულ საცხოვრისებს შორის ეყრდნობოდა რამდენიმე დაკვირვებას. პირველ რიგში უთითებენ იმირის გორაზე გათხრილ ერთ-ერთ ნაგებობაზე, სადაც გაერთიანებულია ორი წრიული ნაგებობა. ამ ნაგებობის ერთ-ერთ სათავსის ცენტრში აღმოჩნდა კერა, ხოლო მის წინ კი მცირე ღრმული ბრტყელი ქვით ფსკერზე, როგორც წესი, სწორედ ასეთი კვალი რჩება ხოლმე ბოძებისგან. ივარაუდება, რომ სათავსს ბანური გადახურვა ჰქონდა, ცენტრში, კერის თავზე ერდოთი. ბანური გადახურვა უნდა დაყრდნობოდა დედა ბოძზე გადებულ კოჭს. მოსაზრებას, რომ აქ სწორედ ბოძი იდგა მხარს უჭერს ისიც, რომ სათავსის კედლები ბოძზე გადებული სავარაუდო კოჭის შესატყვის ადგილზე შესქელებულია, აქვს ერთგვარი “პილასტრები”. სწორედ ამ ორმაგ სათავსიან ნაგებობას უკავშირებენ მტკვარ-არაქსულ ნეგებობებს და მიუთითებენ ნაგებობათა ორნაწილიანობაზე; ძირითადი სათავსის ცენტრში მდებარე კერასა და მის უკან დედა ბოძზე; ბანურ გადახურვაზე, რომელშიც ერდო იყო გაჭრილი. განსაკუთრებით ხაზს უსვამენ იმ დაკვირვებას, რომ ქვედა ფენების ნაგებობებს გააჩნდათ მორგვალებული კუთხეები. ამ ფაქტს აკავშირებენ ენეოლითური პერიოდის ნაგებობების მრგვალ გეგმებთან.
მაგრამ, ამ ბოლო ხანს, თავად ა. ჯავახიშვილის მიერ აღმოჩენილი ენეოლითური ხანის ახალი ძეგლი ადგილ ბერიკლდეებიდან (ქარელის რაიონი) ართულებს დახატულ სურათს.
საქმე იმაშია, რომ ბერიკლდეებზე, სადაც აღმოჩნდა რამდენიმე კულტურული ფენა, კერძოდ კი, ენეოლითური, მტკვარ-არაქსული და ბედენური, ენეოლითური პერიოდის ფენაში გაითხარა დიდი ზომის ალიზის ნაგებობა (როგორც ა. ჯავახიშვილი ვარაუდობს საკულტო ხასიათისა). იგი შედგება სამი სათავსისაგან: ერთი დიდი კვადრატული დარბაზისაგან, ცენტრში სტაციონარული კერით და ორი შედარებით მომცრო სათავსისაგან, რომლებიც აღმოსავლეთიდან ეკვრიან დიდ სათავსს. ორივე ეს სათავსი დიდ სათავსს უშუალოდ უკავშირდება კარით. დიდ სათავსში შესასვლელი ივარაუდება სამხრეთის მხრიდან, იქდან სადაც გადარჩენილი იყო რიყის ქვით მოკირწყლული ბილიკის (?) ნაშთები. ეს აღმოჩენა გასაოცარ კონტრასტს ქმნის საქართველოში აქამდე ცნობილ ყველა ენოლითურ ნაგებობასთან.
პირველ რიგში, აღსანიშნავია ნაგებობის ზომა, რომელიც შეუდარებლად დიდია შულავერ-შომუ-თეფეს კულტურის თუნდაც ყველაზე დიდ ნაგებობაზე. მეორე, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ის, რომ ბერიკლდეებზე აღმოჩენილი ნაგებობის ყველა კუთხე მართია, მაშინ როდესაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ენეოლითური პერიოდისა აქამდე ცნობილი იყო მხოლოდ მრგვალი ნაგებობანი. ხაზგასასმელია ბერიკლდეების ნაგებობის სტრუქტურული სირთულეც. მას გაცილებით რთული სტრუქტურა აქვს, ვიდრე სხვა ენეოლითურ, ანდა სულაც მტკვარ-არაქსულ ნაგებობებს.
დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ აქამდე არსებული ადრეული ეპოქების, ენეოლით-ადრებრინჯაოს, ხუროთმოძღვრების განვითარების სქემა, ალბათ, საჭიროებს გადასინჯვას ახალი აღმოჩენების შუქზე.
ბერიკლდეებზე ჩატარებული გათხრების შედეგად გამომზეურდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. კერძოდ, პირველად გაითხარა ბედენური ხანის ნაგებობათა ნაშთები. აქამდე ბედენური არქეოლოგიური კულტურა, რომელიც მიეკუთვნება ადრებრინჯაოდან შუაბრინჯაოზე გარდამავალ ეპოქას ცნობილი იყო მხოლოდ ყორღანებით, რომლებშიაც გვხვდება ძალზე დამახასიათებელი კერამიკული მასალა. პირველად ასეთი ყორღანები გაითხარა ბედენის პლატოზე, საიდანაც მიიღო მთელმა კულტურამ სახელწოდება. ბერიკლდეებზე გამოვლენილი ბედენური ხანის ნაგებობათა ნაშთები წარმოგვიდგენენ მტკვარ-არაქსული კულტურისაგან მნიშნელოვნად განსხვავებულ განსახლების სისტემას. თუ მტკვარ-არაქსულ დასახლებებში ყოველი ნაგებობა დამოუკიდებელია, ბერიკლდეებზე აღმოჩენილ ბედენურ ფენაში ნაგებობები გაერთიანებულია ერთმანეთთან. პირობითად, აქ ნახმარი სისტემა შეიძლება აღვწეროთ როგორც "ნაგებობა კედელი". იმისათვის რომ ნათელი გახდეს თუ რას ვგულისხმობთ ამ ტერმინიში, ორიოდე სიტყვით აღვწერთ ბერიკლდეების ტოპოგრაფიას.
ბერიკლდეების არქეოლოგიური ძეგლი განთავსებულია მომცრო სერის მოვაკებულ თხემზე, რომელსაც სამხრეთიდან მტკვრისკენ დაქანებული ციცაბო ფლატე საზღრავს, ჩრდილოეთიდან მომცრო ხევი, რომელიც უერთდება მდინარე ფრონის ხევს. ეს უკანასკნელი ფართობს დასავლეთიდან საზღვრავს. აღმოსავლეთით კი, იქ სადაც სერი იწყება, როგორც ჩანს, ენეოლითის ხანაშივე აღმართული იყო (ისევე როგორც ჩრდილოეთით სერის გაყოლებაზე) ალიზის სათავდაცვო კედელი. ამ კედლის ადგილზე სათავდაცვო კედელი ბედენურ ხანაშიაც არსებობდა, მაგრამ ამ პერიოდში იგი რიყის ქვისგან იყო ნაშენები. სწორედ ამ, ფართობის აღმოსავლეთიდან მომზღუდავი, ბედენური ხანის რიყის ქვის სათავდაცვო კედელზე იყო მიდგმული ნაგებობები მათი უკანა, აღმოსავლეთის კედლებით. ნაგებობები ერთ რიგად იყო ჩადგმული ისე, რომ გვერდითი, სამხრეთისა და ჩრდილოეთის, კედლები ერთმანეთს ემიჯნებოდა.
ამგვარად, ნაგებობები იკითხებოდა როგორც ერთი გრძელი ნაგებობა, დაყოფილი ცალ-ცალკე "უჯრედებად". თანაც იგი წარმოადგენდა ერთგვარად სათავდაცვო კედლის ნაწილს, უფრო სწორედ, იკითხებოდა ასეთად. ნაგებობები შესასვლელებით დამხრობილი იყო დასავლეთით. თითოეული ნაგებობა შედგებოდა ისევე, როგორც მატკავარ-არაქსული ნაგებობა, დარეფნისა და ძირითადი, შედარებით დიდი სათავსისაგან. მაგარამ, მატკავარ-არაქსული ნაგებობებისაგან განსხვავებით, ბერიკლდეებზე აღმოჩენილი ბედენური ხანის ნაგებობებში არ იყო აღმართული დედაბოძი (იატაკში არ აღმოჩნდა დედაბოძისთვის განკუთვნილი ფოსო) და ცენტრალური კერა, არადა სწორედ ეს ელემენტები შეადგენდნენ სივრცის ერთ-ერთ ძირითად მაორგანიზებელ ელემენტებს მატკავარ-არაქსულ ნაგებობებში.
როგორც ვხედავთ, ბერიკლდეების ბედენური ხანის ნაგებობები მკვეთრად განსხვავდებიან მატკვარ-არაქსული ნაგებობებისაგან, როგორც მთლიანად დასახლების გეგმარებითი სტრუქტურით, ასევე თვითეული ნაგებობის სივრცითი აღნაგობით და გადახურვის კონსტრუქციული გადაწყვეტით (როგორც ჩანს, მატკავრ-არაქსული ნაგებობებისაგან განსხვავებით, სადაც გადახურვის კონსტრუქცია ეყრდნობოდა დედაბოძს, ბედენურ ნაგებობებში ბანური გადახურვა ეყრდნობოდა სათავსის კუთხეებში მდგომ ბოძებს). თუმცა არსებობს გარკვეული მსგავსებაც. კერძოდ, ორივე შემთხვევაში ნაგებობები შედგებოდა დერეფნისა და ძირითადი სათავსისაგან; კედლები თიხით შელესილი სარ-ლასტისა იყო, სახურავი კი ბანური უნდა ყოფილიყო.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ფინალურ ეტაპზე მაკვარ-არაქსული კულტურა თანაარსებობდა ბედენურ კულტურასთან, ამასთან უთითებენ "მტკავრ-არაქსული კულტურის დაკნინებასა და ბედენური კულტურის დამკვიდრების პროცესზე", ამის მიზეზად კი ასახელებენ მიგრაციულ პროცესებს, კერძოდ "უცხო, ბედენური კულტურის მატარებელი ტომების შემოჭრას ამიერკავკასიის ტერიტორიაზე". ადრე ბრინჯაოს პერიოდის ცალკე ხუროთმოძღვურულ ჯგუფად შეიძელება გამოიყოს დასაკრძალავი ნაგებობები, კერძოდ კი ყორღნები. ზოგიერთ მათგანში სრულიად გამორჩეულ დასაკრძალავი კამერის კონსტრუქციულ გადაწყვეტას ვხდებით. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ მარტყოფში გათხრილი ადრებრინჯაოს ხანის ყორღანთა ჯგუფი.6 მარტყოფში 1978-1982 წლებში ოთხი ყორღანი გაითხარა. ამ ოთხი ყორღნიდან სამში (## 2, 3 და 4) დასაკრძალავი კამერა ხის ძელებისაგან იყო აგებული.
#2 ყორღანში მხოლოდ ხის ძელების ნაშთები გადარჩა და ამდენედ თავად ხის ნაგებობის კონსტრუქციაზე ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ ეს ყორღანი სხვა ნიშნით იპყრობს ყურადღებას. კერძოდ, კამერის იატაკი თიხატკეპნილ ბაქანს წარმოადგენდა, რომელიც, როგორც ჩანს, წითელი ოქრით იყო შეღებილი.
#3 ყორღნის კამერა, როგორც საქართველოს არქეოლოგიის მეორე ტაომშია აღწერილი, "შვეულად დაყენებული ძელებისაგან შეკრული ნაგებობა იყო", "ხის მორებითვე გადახურული".
სრულიად განსხვავებული იყო #4 ყორღანის ძელური კამერის კონსტრუქცია. აქ კამერის შენობა წარმოადგენდა ორ ერთმანეთში ჩასმულ მუხის ძელებისაგნ შეკრულ "ჯარგვალს". გარეთა "ჯარგვალის" ზომაა 11.0X10.0მ, ხოლო შიდასი - 8.0X6.0მ. ამ ორ "ჯარგვალს შორის სივრცე ამოვსებული იყო ქვებით. როგორც გამთხრელები მიუთითებენ, "კამერის იატაკი ქვის ფილებით იყო მოგებილი, გადახურვა კი ალბათ ხისა იქნებოდა". სამივე აღწერილი ყორღნის კამერისაგან გამორჩეულია #1 ყორღნის კამერა. იგი ნაგები იყო მშრალი წყობით თხელი ფილებისაგან. კამერის ზომაა 3.20X2.70 მ.
როგორც ვხედავთ, მიუხედავათ იმისა, რომ ოთხივე ყორღანი ერთი და იმავე პერიოდს განეკუთვნება, ყველა მათგანი დასაკრძალავი კამერების განსხვავებულ გადაწყვეტას გვთავაზობს. რაც, ერთი მხრივ, მიუთითებს სამშენებლო ხელოვნების მრავალფეროვნებაზე, მაგრამ ამავე დროს ვარუდობს ერთიანი წესის, კამერის გამართვის კანონის არარსებობაზედაც.
შემდგომ პერიოდში, შუა ბრინჯაოს ხანაში, ხუროთმოძღვრების განითარების დონის მხრივ ჯერ-ჯერობით საკმაოდ ბუნდოვანი სურათია. მიუხედავად მრავლად გათხრილი სამარხებისა, რომელთა შორის აუცილებლად გამოსაყოფია ე.წ. თრიალეთის ბრწყინვალე ყორღანების ჯგუფი (და საზოგადოდ ეს არქეოლოგიური კულტურა), პარქტიკულად არაფერი ვიცით თუ როგორი იყო ამ პერიოდის ხუროთმოძღვრება. გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის მხოლოდ თავად ყორღანების კონსტრუქციები.
შუა ბრინჯაოს ხანის ყორღნების კამერები განსხვავებულია ადრებრინჯაოს ყორღნების კამერებისაგან. პირველ რიგში ეს ითქმის სამშენებლო მასალის შესახებ. თუ ადრე ბრინჯაოს ხანაში ხის მასალისაგან ნაგები კამერები დომინირებდა, შუა ბრინჯაოს ხანაში ძირითადად ვხვდებით ქვით ნაგებ კამერებს.
თავისი მაშტაბებით გამოირჩევა ზურტაკერტის (თრიალეთის ზეგანზე) აღმოჩენილი და შესწავლილი ყორღნები. აქ ვხვდებით სამი სახის ყორღნებს ქვაყრილიან, ქვა-მიწაყრილიან და ქვის წრით მოსაზღვრულ ყორღნებს. კამერები ქვის ფილებისაგან მშრალი წყობით იყო ნაგები. მათში მოსახვედრად რამდენიმე შემთხვევაში მოწყობილი იყო საკმაოდ გრძელი დრომოსები, ასევე მშრალი ქვის წყობით ნაგები.
აფხაზეთის ტერიტორიაზე კი ამ დროს, შუა ბრინჯაოს ხანაში ისევე, როგორც ადრებრინჯაოს ხანშიც, გვხდება დოლმენები. ისინი წარმოადგენენ უზარმაზარი ქვის ფილებისაგან შედგენილ ნაგებობებს. ძირითადად დოლმენები შედგება ხუთი ქვის ფილისაგან. რომელთა შორის ოთხი გამოყენებული იყო კედლებად, ხოლო მეხუთე კი სახურავს წარმოადგენდა. საჭიროების შემთხვევაში ზოგიერთი ფილა შესაძლოა ორი ფილისაგან ყოფილიყო შედგენილი. დოლმენები კოლექტიურ სამარხებს წამოადგენენ. მთლად ნათელი არაა, თუ როგორ ხდებოდა მიცვალებულის დოლმენში დაკრძალვა; შეჰქონდათ დოლმენში ცხედარი თუ იყენებდნენ მეორეული დაკრძალვისათვის და მხოლოდ ხორცისგან განძარცვულ ძვლებს "კრძალავდნენ" დოლმენში.
დოლმენები საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გავრცელებული და გვხდება ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი ბრიტანთის ჩათვლით.
საცხოვრისები და სხვა ხასიათის ნაგებობები ისევ მრავლად გვხდება გვიანბრინჯაოსა და ადრერკინის ხანაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყათლანიხევის, სამთავროს ველის, ხოვლეგორის, ნაცარგორის, თრელი გორების, ბეშთაშენის, მელი ღელესა და გადრეკილას სალოცავებისა და საცხოვრისების, ნაომარი გორას გათხრები. სამწუხაროდ, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, ამ ძეგლათა უმრავლესობაზედაც არაა გამოქვეყნებული გათხრების საბოლოო აკადემიური ანგარიშები. თუმცა, ინფორმაცია მათ შესახებ სისტემატურად კეთდებოდა სამეცნიერო სესიებზე სათანადო გრაფიკული და ვიზუალური მასალის ჩვენებით. ნაწილი ინფორმაციისა კი გაბნეულია სხვადასხა გამოცემებში.
ზემოთჩამოთვლილი ძეგლებიდან გამოვყოფდით ხოვლეგორას, რომელიც სრულიად სამართლიანად მიჩნეულია ქართული არქეოლოგიის საეტაპო ძეგლად. აქ გაითხარა რვა სტრატიგრაფიული ჰორიზონტი, რომლებიც შესაბამისად თარიღდებიან ძვ. წ. XV- XIV სს-დან ძვ. წ. V-IV საუკუნეებამდე. პრქტიკულად გორაზე უწყვეტი ცხოვრება ყოფილა. თითოეული სტრატიგრაფიული დონე წინმორბედის გაგრძელებას წარმოადგენს. ხოვლეგორას გათხრების ანგარიში არაა სრულად გამოქვეყნებული. მონოგრაფია რომელიც გამოქვეყნდა შეიცავს უმთავრესად მცირე არქეოლოგიური აღმოჩნების აღწერას,8 ხოლო არქიტექტურული აღმოჩენები დღესაც გამოუქვეყნებელია საბოლოო სახით.
ხოვლეგორას სამოსახლოს ზღუდავდა თხრილი და სათავდცვო კედელი, როლის შიგნითაც საცხოვრისები იყო განლაგებული. ქვედა დონის (VIII-IV სტრატიგრაფიოული დონეებზე) საცხოვრისები წარმოადგენენ ძირითადად ერთოთახიან სწორკუთხა ნაგებობებს, რომელთაც წინ, როგორც ჩანს, დერეფნები ჰქონდათ მოწყობილი. შენობებს ძელური, ორივე მხარეს თიხით შელესილი, კედლები ჰქონია, ნაგები ქვისა და ტალახის საფუძველზე. ვარაუდობენ, რომ გადახურვა ბანური იყო, რომელიც კედლის ხის სვეტებს ეყრდნობოდა. როგორც წესი, ოთახების უკანა კედლის მარცხენა კუთხეში ღუმლები იყო გამართული, ხოლო მრჯვენაში თიხით ნაძერწი საკურთხევლები. VIII-VI დონეების ნაგებობები, ეტყობა, მხოლოდ საცხოვრისებად გამოიყენებოდა რადგან იატაკები თიხატკეპნილია. V სტრატიგრაფიული ჰორიზონტის (ძვ. წ. XII-X.) ნაგებობებში კი ოთახების ნახავარი ბოსლადაა გამოყენებული. ამ ოთახებში იატაკის ნახევარი თიხატკეპნილია, ხოლო მეორეში გამართულია ზღვე (ქვით მოკირწყლული იატაკი საქონლისათვის) და სანერწყული. ძვ. წ. IX-VII ss. (IV ჰორიზონტი) კი ხოვლეგორელებს ერთი საერთო მოზრდილი ბოსელი აუგიათ. იატაკზე აქაც ზღვეა გამართული რომელსაც წუნწუხის სადინარი მიუყვება. ამავე ჰორიზონტში აღმოჩნდა ქვისგან ნაგები მასიური სვეტი (გადარჩენილი სიმაღლე 2 მეტრს აღწევს). ვარაუდობენ რომ ეს სვეტი სალოცავი იყო.
ხოვლეგორის სამოსახლოს იერსახე მნიშვნელოვნად იცვლება III ჰორიზონტიდან (ძვ. წ. VI ს.). ამ დროს მას ქვის გალავანი შემოავლეს. ნაგებობები ძელური კი აღარაა არამედ ნატეხი ქვისა და ტალახის საფუძველზე ტკეპნილი თიხისა ან ალიზის კედლებითაა ნაგები. თანაც ნაგებობები ერთი ოთახისაგან კი აღარ შედგება, არამედ რამდენიმესაგენ. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ოთახების უკანა კედლებთან, კუთხეში კვლავ ღუმლებია გამართული. თუმცა, ამავე დროს, გაჩნდა ახალი ტიპის საკურთხევლები. თუ ადრე ისინი ღუმელსავით ოთახის უკანა კედლებთან იყო გამართული, მიძერწილი, ამ დროიდან ვხვდებით შუა ოთახში მდგომ თიხისა ან ქვის ოთხკუთხა ან მრგვალ ბაქნებს. როგორც აღწერიდან ჩანს, სამოსახლოს სივრცითი სტრუქტურა ძალზე განსხვავდება ადრეული პერიოდების სტრუქტურებისაგან. პირველ რიგში აღსანიშნავია ნაგებობათა გართულება, მათი მრავალნაწილიანობა, რაც, რა თქმა უნდა, შეცვლიდა სამოსახლოს სივრცით სახეს. თავის როლს შეასრულებდა განსხვავება სამშენებლო მასალაშიც, თუმცა ნაკლები ოდენობით, რადგან წინარე ჰორიზონტებში, როგორც აღინიშნა, ძელური კედლები თიხით ილესებოდა. ამგვარად ვიზუალურად თიხით შელესილი ძელური კედლები შორს არ უნდა ყოფილიყო ალიზის და მით უმეტეს, თიხატკეპნილი კედლებისაგან. შეიცვალა ოთახების სივრცითი ორგანიზების სქემაც. კერძოდ, მნიშვნელოვანია თავისუფლად, შუა ოთახში მდგომი საკურთხევლების გამოჩენა. ისინი, რაღა თქმა უნდა, სივრცითი დომინანტის როლს ასრულებდნენ.
ძალზე ახლოს დგას ხოვლეგორის IV ჰორიზონტის ნაგებობებთან სამთავროს ველზე და თრელი გორებზე გათხრილი შესაბამისი პერიოდის შენობები. აქაც ერთოთახიანი ნაგებობებია, ბანური გადახურვით, რომელთაც სავარაუდოა, რომ წინ დერეფანი ჰქონდათ. აქაც უკანა კედელთან, მარცხენა მხარეს ღუმმლებია გამართული. ზოგიერთ ნაგებობაში, ისევე როგორც ხოვლეგორაზე, ერთ ოთახში გაერთიანებულია საცხოვრებელი და საქონლის სადგომი. ერთი ნახევარი ორთახის იატაკისა თიხატკეპნილია, ხოლო მეორეში ზღვეა გამართული. თუმცა არის სხაობაც. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ განაშენიანება ტერასული იყო. ნაგებობების უკანა კედლები დედაქანშია შეჭრილი. ფაქტიურად ისინი ნახევრადმიწურებს წარმოადგენენ. განსხვავებულია სამშენებლო მასალაც. ეს ნაგებობები აგებულია ნატეხი ქვითა და თიხით.
სრულიად განსხვავებული არქიტექტურაა თრიალეთის ზეგანზე. აქ მრავლად გვხდება ე.წ. ციკლიპური ნაგებობები, რომლებიც კომპლექსებადაა გაერთიანებული. ერთ-ერთი ასეთი დასახლება სოფელ ბეშთაშენის ახლოს, ადგილ ელი ბაბაზე გაითხარა ამ რამდენიმე წლის წინ წალკის არქეოლოგიური ექსპედიციის მერ. აღმოჩნდა, რომ დასახლება გვიანბრინჯაოს ხანისა ყოფილა. ნაგებობების გადარჩენილი ნაწილები ნაგებია ბაზალტის დიდრონი ლოდებისაგან. გაურკვეველია ხმარობდნენ თუ არა კედლების ზედა ნაწილებში ალიზს. ტიპიური ნაგებობა შედგებოდა, როგორც წესი, ორი სათავისისაგან. ერთი შედარებით მომცრო და მეორე უფრო დიდი ოთახისაგან. შესაძლოა, დიდი ოთახი გამოიყენებოდა საქონლის სადგომად. ამაზე თითქოს მიანიშნებს ის, რომ იატაკი დიდ ოთახში მოკირწყლულია ხოლმე. მესაქონლეობას კი წამყვანი ადგილი რომ ეჭირა აქაური საზოგადოების ცხოვრებაში ეჭვს არ იწვევს. პრაქტიკულად ყველა ოთახში ნაპოვნია კერამიკული სადღვებლების ფრაგმენტები. ერთ ნაგებობაში აღმოჩენილი სადღვებელების ფრაგმენტების საშუალო რაოდენობა დიდად აღემატება საქართველოს ბარში აღმოჩენილი სადღევებლების საშუალო რაოდენობას. ამ ნაგებობათა გადახურვაც, როგორც ჩანს ბანური იყო.
და ბოლოს, არ შეიძლება სპეციალურად არ შევჩერდეთ გარეჯის უდაბნოში აღმოჩენილ ძეგლზე, რომელსაც ნაომარ გორას უწოდებენ. დასახლება წარმოადგენს დიდი ფართობის მართკუთხედს, რომელიც შეკრულია სქელი სათავდაცვო კედლისაგან. კუთხეებში კოშკები ყოფილა აღმართული. ნაომარი გორის გეგმარება კარგად იკითხება აეროფოტოებზე. მაგრამ, სამწუხაროდ ძეგლი არაა სათანადოდ შესწავლილი. მხოლოდ მცირე გაწმენდითი სამუშაოებია ჩატარებული. არქიტექტურა სრულიად გამორჩეულია, როგორც წინარე ეპოქების ასევე შესაბამისი პერიოდის საქართველოს სხვა რეგიონებისაგან. ნაომარ გორას მისი განსხვავებულობის გამო შუამდინარულ პროტოქალაქებს ადარებენ ხოლმე. თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე კონკრეტულ პარალელებზე ლაპარაკი ნაადრევად მიგვაჩნია.
სტატიის ავტორი – კახა ხიმშიაშვილი, 1996 წელი.
|