ახალქალაქის სოფელ ბარალეთის ეკლესია 

foto

ჯავახეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოს სამხრეთით მდებარეობს, მისი ნაწილი დღეს თურქეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზეა. ის ახალქალაქის, ნინოწმინდის და ნაწილობრივ ასპინძის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებისაგან შედგება. უცხოურ წყაროებში ჯავახეთი ძ.წ.აღ. VIII საუკუნეში იხსენიება, ქართულ წყაროებში- XI საუკუნეში ლეონტი მროველი იხსენიებს. ჯავახეთში მოსახლეობა უძველესი დროიდან ქართული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ქართული მოსახლეობა შემცირდა და XIX საუკუნეში შემოსახლებულ იქნა სომხები, ქურთები,თარაქამები და სხვ. ამ ცვლილებების მიუხედავად ჯავახეთში მნიშვნელოვანი მატერიალური კულტურის ძეგლები შეიქმნა. უძველესი დროიდან აქ  შენდებოდა ციხე-სიმაგრეები, მეგალითური კულტურის ძეგლები, ქრისტიანული ტაძრები, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოს გაერთიანების შემდეგ პოლიტიკური ცენტრი ჭოროხის ხეობიდან მტკვრის ხეობაში გადადის და მესხეთის ცენტრად სამცხე-ჯავახეთი ხდება, იწყება ინტენსიური მშენებლობა ახალი ხიდების, კოშკების, ციხეების, ქარვასლების, მონასტრების და სხვ.
მატერიალური კულტურის ძეგლებით განსაკუთრებით მრავალფეროვანია ახალქალაქის რაიონი, სადაც მრავლადაა შემორჩენილი მეგალითური კულტურის ძეგლები, ქრისტიანული ეკლესიები. ძირითადად აქ ბაზილიკური ტიპის ტაძრები გვხვდება, ეს ალბათ აიხსენება იმით, რომ მძაფრი ისტორიული ვითარების ფონზე ტაძრების ეს ტიპი უფრო ადვილი ასაგები იყო, ამასთან ისინი გამოირჩევიან სადა, მკაცრი გადაწყვეტით და ეხმიანებიან ჯავახურ ლანდშაფტს. ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია კუმურდო, აგებული 964 წელს.
ბარალეთი ჯავახეთის ზეგანზე განლაგებულ სოფელთაგან ერთ-ერთი დიდი და გამორჩეულია. XVI საუკუნეში ბარალეთი ბარალისად იწოდება, XVIII საუკუნეში ის მცირე ქალაქი ყოფილა. სოფელი მდიდარია მატერიალური კულტურის ძეგლებით. სოფლის ჩრდილოეთით აღმართულია 6მ. სიმაღლის ,,ამაღლების" სტელა. ასეთი სტელებით და ქვაჯვარებით მოფენილი იყო ჯავახეთი.  აქ გვხვდება სადღეისოდ ნაკლებად ცნობილი ორნავიანი ეკლესიებიც. ორნავიანი სტრუქტურა გაცილებით ორგანული აღმოჩნდა ამ მხარის ხუროთმოძღვრებისთვის. ეს ალბათ აიხსნება იმით, რომ ინტენსიური მშნებელობა აქ ე. წ. გარდამავალ პერიოდში მიმდინარეობს, რომელიც გამორჩეულია ცხოველხატულობით და მრავალფეროვნებით, რაც თვით ამ არქიტექტურული ტიპის არსსაც პასუხობს. სოფ. ბარალეთში  ორი ეკლესიაა ქართული და სომხური და რამდენიმე ნაეკლესიარი. სომხური ეკლესია ქართულის ნანგრევებზეა დაშენებული. ქართული ეკლესია ღვთისმშობლის სახელობისაა, ის სოფლის ცენტრში მდებარეობს, ძველ სასაფლაოზეა აღმართული. ტაძარი ორნავიანია, შიგნით და გარეთ  შეთეთრებულია. ინტერიერი ისეა შებათქაშებული რომ მისი სტრუქტურის თავდაპირველობაზეც კი ძნელია რაიმეს თქმა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე წარწერაა, სადაც იხსენიება  მეფე გიორგი IV ლაშას აღსაყდრება: ,,აღეშენა ეკლესიაი ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა.“ ვარაუდობენ, რომ XIII საუკუნეში უფრო ძველი ეკლესია გადააკეთეს. ამჟამად ეკლესიაზე სომხების მიერ შედგმულია სამრეკლო ფანჩატური.

ბიბლიოგრაფია:

1. ჯავახეთი - კობა ხარაბაძე;
2. ჯავახეთი - კუკური მეტრეველი;
3. ჯავახეთი - ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი
4. ფოტოების ავტორი - კუკური მეტრეველი.


სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტი მზეონა ჩხეიძე;

 


megobari saitebi

   

21.02.2016