|
soxumis adreqristianul taZarTa kompleqsi |
სოხუმის, ანტიკურ წერილობით წყაროებში სებასტოპოლისის, გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა XX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. 1958-59 წლებში სოხუმის ციხის გათხრების (ა. აფაქიძე, ოთ. ლორთქიფანიძე, ვ. ლექვინაძე, მ. თრაფში, ლ. სოლოვიოვი, ლ. შერვაშიძე) შედეგად ოთხი კულტურული ფენა გამოიყო, რამაც აღნიშნული პუნქტის ადრეანტიკური ხანიდან ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე ფუნქციონირება და უაღრესად დიდი მნიშვნელობა დაადასტურა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩენას ადგილი ჰქონდა ლ. სოლოვიოვისა და ლ. შერვაშიძის მიერ სოხუმის ციხის გათხრების დროს. აქ, სხვა მნიშვნელოვან ნაგებობებთან ერთად, №1 კოშკთან აღმოჩნდა დიდი რაოდენობით მოზაიკის კენჭები. გამთხრელებმა ისინი გარეგნული ფორმით წრომის მოზაიკას (VII ს.) მიამსგავსეს და აქ ეკლესიის არსებობა ივარაუდეს; საყურადღებოა, რომ აქვე გაითხარა რამდენიმე ქრისტიანული სამარხიც [Шервашидзе Л., Соловьев Л. 1960:175]. მკვლევართა ვარაუდი, სოხუმში ადრექრისტიანული ტაძრის არსებობის შესახებ მოგვიანებით, 1987-1990 წლებში დადასტურდა, სოხუმის ციხის ტერიტორიაზე მ. გუნბას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, როცა აღნიშნულ ადგილას სხვადასხვა ნაგებობებთან ერთად (სამეურნეო, საცხოვრებელი, აბანო) ეკლესიის ნაშთიც გამოვლინდა [Гунба М. 1987; Гунба М. 1990 - ვსარგებლობ არქეოლოგიის ცენტრის დოკუმენტაციისა და პუბლიკაციის განყოფილებაში დაცული მ. გუნბას საველე ანგარიშებით]. გათხრების მთელ ტერიტორიაზე ორი კულტურული ფენა გამოიკვეთა. პირველი, ანუ ზედა ფენა განეკუთვნება განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებს, რომელიც ძირითადად კერამიკული ნაწარმითაა წარმოდგენილი; მეორე, ანუ ქვედა ფენა – ადრებიზანტიურ პერიოდს (VI ს-ის ბოლო - VII საუკუნის დასაწყისი); რაც შეეხება VIII-IX საუკუნეებს – ქრონოლოგიური წყვეტილია. აღნიშნული ეკლესია სოხუმის ციხის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ნაგებობა გეგმაში ოქტაგონალურია. ნაგებობის ცენტრში 8 ბურჯია გამოვლენილი, რომელიც 45-50 სმ სიმაღლეზეა შემორჩენილი, სავარაუდოდ ისინი გუმბათის საყრდენ ბურჯებს წარმოადგენდნენ; ყველა მათგანს შიდა მხრიდან რკალისებური ფორმა აქვს. ისინი აგურითა და ქვითაა ნაგები კირხსნარზე [Гунба М. 1990:4-5; Khroushkova L. 2006:57-59]. ნაგებობას გალერეა ანუ ღიათაღებიანი სტოა გააჩნდა. ოქტაგონს ოთხი მინაშენი ჰქონია, რომელიც გეგმაში ჯვრის ფორმას ქმნიდა. მათგან სამხრეთ- აღმოსავლეთი მინაშენი სავარაუდოდ მარტირიუმს წარმოადგენდა, აქვე გაითხარა რამოდენიმე სამარხი [Khroushkova L. 2006:59-60].
2001-2003 წლებში სოხუმის ციხის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა კიდევ ერთი ეკლესია, რომელიც ოქტაგონალური ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ესაა მომცრო ზომის (ექსტერიერის სიგრძე 17 მ) სამნავიანი ბაზილიკა ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდით. ნავები ერთმანეთისაგან სვეტების სამი რიგითაა გამოყოფილი. კედლები რიყის ქვითა და კირხსნარითაა ნაგები, შემორჩენილია 35-40 სმ სიმაღლეზე [Безрученко И., Бжания Д., Горлов Ю., Поротов А. 2002:255-256]. ბაზილიკის იატაკი მოპირკეთებული ყოფილა opus sectile -ის წყობით. ჶსაინტერესოა, რომ ანლოგიური opus sectile - ის წყობა დადასტურებულია ბობოყვათში, ციხისძირის მახლობლად, IV საუკუნის ნაგებობის გათხრის დროს. აღნიშნულ პერიოდში opus sectile-ის წყობა ძალზედ გავრცელებულ დეკორს წარმოადგენდა სირიიდან ვიდრე მაკედონიამდე. სოხუმის ბაზილიკის მოტივთან კი უშუალო სიახლოვეს ამჟღავნებს კურიონისა და სოლოის ბაზილიკებში (კვიპროსზე) და ანტიოქიის რიგ ძეგლებზე გამოვლენილი მოტივები [Khroushkova. 2006:62]. აღნიშნული ტაძრები, ლ. ხრუშკოვას აზრით, ერთ სატაძრო კომპლექსს წარმოადგენს და V საუკუნის დასაწყისში ან მის პირველ ნახევარშია აგებული, იუსტინიანეს დროისათვის კი უკვე განადგურებული ჩანს, რასაც, ნგრევის ფენაში აღმოჩენილი მონეტები ადასტურებენ. აღმოჩენილ მონეტათაგან ექვსი განსაზღვრულია, მათ შორის უძველესი იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ.) მიერაა კაბადოკიის კესარიაში მოჭრილი, ხოლო ყველაზე მოგვიანო – იუსტინიანე I (527-565 წწ.) მიერ 546-547 წლებში ანტიოქიაშია მოჭრილი [Khroushkova L. 2006:67]. აღნიშნულ ეკლესიათა მშენებლობას, შესაძლოა, მართლაც V საუკუნის დასაწყისში ჰქონოდა ადგილი, მაგრამ ჩვენთვის კარგადაა ცნობილია V საუკუნისათვის რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაცია, რომელიც რამდენადმე გართულებული იყო ჰუნთა დამარბეველი თავდასხმების გამო; რაც კარგად ჩანს ბიჭვინთის მაგალითზე, რომელიც აღნიშნულ პერიოდში არქეოლოგიურად სუსტადაა შესწავლილი. ეს დამანგრეველი თავდასხმები, სავარაუდოდ, სებასტოპოლისსაც შეეხებოდა. შესაბამისად, ეკლესიათა მშენებლობის გარკვეულ ფაზას, ვინაიდან აქ მართლაც ნაგებობათა კომპლექსთან გვაქვს საქმე, VI საუკუნეში უნდა ჰქონოდა ადგილი; მით უფრო, რომ ცნობილია იუსტინიანეს მიერ სებასტოპოლისში აღმშენებლობითი სამუშაოების ჩატარების შესახებ [გეორგიკა, 1962:222], რაც, სავარაუდოდ, ეკლესიათა მშენებლობასაც გულისხმობდა. საყურადღებოა, რომ ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა კრამიტის ფრაგმენტი რომაული ლეგიონის დამღით XV Legio Apollinaris [KKhroushkova L. 2006:64]. ანალოგიური დამღიანი (LEG XV) კერამიკული ფილები ცნობილია ბიჭვინთის კასტელუმიდანაც [თოდუა თ. 2003:27], რაც კიდევ ერთ დასტურად შეიძლება ჩაითვალოს აქ რომაული გარნიზონების არსებობისა აღნიშნულ პერიოდში.
საინტერესოა, რომ 1988 წელს ოქტაგონალური ეკლესიის გათხრების დროს აღმოჩნდა სამარხის სტელა ბერძნული წარწერით. სტელა ქვიშაქვის მონოლითისგანაა დამზადებული, ნაკლულია, შემორჩენილი ნაწილის სიმაღლეა 41 სმ, მაქსიმალური სიგანე 33 სმ, სისქე კი – 15 სმ. წარწერა ცხრასტრიქონიანია და შემდეგი შინაარსისაა: “აქ განისვენებს ჯარისკაცი- ლეგიონერი ორესტი, რომლის მოსაგონრადაც აღვმართეთ ეს ეკლესია”. სტელა არა in situ ვითარებაშია აღმოჩენილი, იგი გალლერიეს პილასტრის ფუნდამენტში იყო ჩაშენებული. სავარაუდოდ, თავდაპირველად იგი ე.წ. მარტირიუმში გამოვლენილ სამარხზე უნდა ყოფილიყო გამართული [Габелия А., Ветроградова В. 2004:218-222; Khroushkova L. 2006:66]. კიდევ ერთი ბერძნულწარწერიანი ქვა იგივე სოხუმის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა 1999 წელს. წარწერა 5 სტრიქონიანია, ქვა ნაკლულია და წარწერაც სრულად არ იკითხება, თუმცა შემორჩენილი ნაწილებით ირკვევა, რომ იგი რომელიღაც საზოგადო მოღვაწის განსადიდებლად იყო შექმნილი. წარწერა სტილისტური მონაცემებით II საუკუნით თარიღდება [Габелия А., Ветроградова В. 2004:218-222]. XX საუკუნის 80-იან წლებში სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილია საინტერესო არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიმბოლოებით შემკული კერამიკული ნაწარმი. ისინი ძირითადად გვიანანტიკური ხანის ნგრევის ფენაშია აღმოჩენილი. ესაა ამფორის ფრაგმენტები ბერძნული წარწერითა და ქრიზმით; კერამიკული ხუფის ფრაგმენტი, ასევე ბერძნული წარწერით, ჯვართან ერთად; წითელლაკიანი ჯამის ფრაგმენტი ზედ ამოკვეთილი ასოებით XP [Гунба М., Хрушкова Л. 1990:37]; წითელლაკინი ჯამის ფრაგმენტი ძირზე ჯვრის გამოსახულებით [Гунба М. 1987:5, рис. 9], ანალოგიური ბიჭვინთაში აღმოჩენილი ჯამებისა. ეს ფენა იუსტინიანეს დროინდელი 544-545 წლებში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტით თარიღდება (მონეტა განსაზღვრა ს. შამბამ). ამავე ფენაში აღმოჩნდა ანასტასიუს I (491-518 წწ.) და იუსტინიანე II (565-578 წწ.) კონსტანტინოპოლში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, იუსტინიანე II და სოფიას (574-575 წწ.) მიერ თესალონიკში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა და ერთიც კაბადოკიის კესარიაში მოჭრილი მონეტა არა უგვიანეს III საუკუნისა [Гунба М., Хрушкова Л. 1990:37]. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ადრეც აღმოჩენილა IV-VI საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები ქრისტიანული სიმბოლოებით [Воронов Ю. 1969:52]. ოქტაგონალური ეკლესიის სიახლოვეს რამდენიმე ადრექრისტიანული, უინვენტარო სამარხი გაითხარა.
სამარხები ბრტყელი აგურითადა კირხსნარითაა ამოყვანილი და გადახურული. ერთ- ერთი მათგანი თავთან რამდენადმე ფართოა, ბოლოსკენ კი ვიწროვდება. აღნიშნული სამარხის იატაკი აგურითაა მოგებული, კედლები კი კირხსნარითა და ბრტყელი აგურით ამოყვანილი. სამარხები IV-V საუკუნეების ფენაშია ჩაჭრილი. გამთხრელის აზრით, სამარხები უფრო ადრეული უნდა იყოს, ვიდრე თავად ეკლესია. სტრატიგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით სამარხები V საუკუნის მეორე ნახევრითაა დათარიღებული [Гунба М. 1990:4-5]. მსგავსი ფორმის, აგურით ნაგები სამარხები, იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილია ოჩამჩირიდან, ბიჭვინთიდან და განთიადიდან და VI საუკუნით თარიღდება. ჵდღეისათვის ცნობილია, რომ პირველი ქრისტიანული ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში ბიჭვინთაში ჩნდება, რომელიც აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უძველეს საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა. მმაგრამ, VI საუკუნის 40-იანი წლებიდან, ბიჭვინთა, როგორც ქრისტიანული ცენტრი, კარგავს თავის პირველობას. კერძოდ, 542 წლიდან, როცა ლაზთა მეფის თხოვნით, ირანელებმა ლაზიკაში ილაშქრეს, ხოლო რომაელებმა, იმის შიშით, რომ ირანელები ხელში ჩაიგდებდნენ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისს, თავად დაწვეს და დაანგრიეს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები [გეორგიკა 1962:137]. ამის შემდეგ ბიზანტიის საიმპერატორო კარი ბიჭვინთას თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას და იუსტინიანეს მიერ ჩატარებული დიდი აღმშენებლობითი სამუშაოებიმხოლოდ სებასტოპოლისს შეეხო. პროკოფი კესარიელი მოგვითხრობს: ...იუსტინიანე მეფემ მთელი ეს სებასტოპოლისი განაახლა, ზღუდისა და სხვა სასიმაგრო შენობათა წყალობით უძლეველი გახადა და გაამშვენიერა ის გზებითა და სხვა ნაგებობებით, რის გამოც ის სილამაზითა და სიდიდით ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავ ქალაქად იქცა [გეორგიკა 1962:222]. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაწინაურდა სებასტოპოლისი, როგორც საეკლესიო ცენტრი. თუ ნიკეის საეკლესიო კრების დროს ბიჭვინთის ეპისკოპოსი პოლემონის პონტოს ეპარქიის შემადგენლობაში შედის, შემდეგი დროის საეკლესიო ნუსხათაგან უადრესში, რომელიც VII საუკუნით თარიღდება (VII ნოტიცია), ბიჭვინთის ეპისკოპოსი აღარაა მოხსენებული, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე დამოკიდებულთა შორის დასახელებულია ჯერ სებასტოპოლისის საეპისკოპოსო, შემდეგ კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო. ამიერიდან ბიზანტიის ხელისუფლება ყოველმხრივ უწყობს ხელს სებასტოპოლისის დაწინაურებას. VI საუკუნის 60-70-იან წლებში უნდა მომხდარიყო სებასტოპოლისის ეპისკოპოსის არქიეპოსკოპოსის ხარისხში აყვანა, რადგან დიდი ტრადიციებისა და ავტორიტეტის მქონე ბიჭვინთის საეპისკოპოსოსათვის პირველობის წართმევა სხვანაირად გაძნელდებოდა და მეორეც, ბიზანტიას ირანთან გაწიანურებული და წარუმატებელი ომის პირობებში ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი სჭირდებოდა ეკლესიის სახით. ამის მოგვარება კი საარქიეპისკოპოსოს შექმნით შეიძლებოდა, რადგან არქიეპისკოპოსებს, როგორც ეპარქიათა ხელმძღვანელებს, ემორჩილებოდნენ ეპისკოპოსები და ქორეპისკოპოსები [დიასამიძე ბ. 2001:158]. სებასტოპოლისის დაწინაურება მისი გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. IV საუკუნის II ნახევარში რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ შედგენილი “Tabula Peutingeriana”, რომელიც საგზაო რუკას წარმოადგენს, აღნიშნულია დასავლეთ საქართვალოზე გამავალი სავაჭრო გზები. ერთი ასეთი გზა ტრაპეზუნტიდან მოდის, ფასისზე გაივლის და სებასტოპოლისში მთავრდება. მმეორე გზა იმავე სებასტოპოლიდან იწყება და სომხეთის ქალაქ არტაშატისკენ მიემართება [ჯანაშია ს. 1949:47]. სებასტოპოლიდან უკვე მაშინ, ისე როგორც შემდეგში, გზა გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. ჶეს გზა კოდორის ხეობას მიჰყვებოდა და ყუბანის ზემოთა შენაკადების ხეობებში გადადიოდა ქლუხორის ზეკარით [იხ. ჯანაშია ს. 1949:47]. ამ გზას `აფხაზეთის გზას~ უწოდებდნენ. როგორც ჩანს, ამ გზამ დიდი როლი ითამაშა განსაკუთრებით VI საუკუნიდან სებასტოპოლისის დაწინაურებაში, რადგან ე.წ. “აბრეშუმის გზის” ჩრდილოეთით გადანაცვლების შემდეგ ვაჭრები ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვაზე მდ. კოდორით გადიოდნენ და აქ მთავარი ნავსადგური სებასტოპოლისი იყო. დღეისათვის არქეოლოგიური გათხრები სოხუმის ციხის ტერიტორიაზე დასრულებული არ არის. ააქ გამოვლენილ ეკლესიათა ნაშთები და ჩვენს მიერ მოყვანილი არქეოლოგიური მასალა კი, მხოლოდ დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ საეკლესიო ეკთეზისებში დაცული ცნობებისა.
სტატიის ავტორი – ირმა ბერძენიშვილი.
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „იბერია–კოლხეთი“, საქართველოს კლასიკური და ადრემედიევური პერიოდის არქეოლოგიურ–ისტორიული კვლევანი, №5, თბილისი, 2009წ.
|