სამშენებლო კერამიკის წარმოება ფეოდალური ხანის საქართველოში

თიხისაგან გამომწვარი საშენი მასალის წარმოება და გამოყენება საქართველოში ძვ. წ. ბოლო საუკუნეებიდანვე არის ცნობილი, განათხარი ძეგლებისა და ისტორიული წყაროების მიხედვით.
არქეოლოგიურმა თხრამ მცხეთაში მრავალ ადგილას აღმოაჩინა ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი და ამრიგად დადასტურდა ცნობილი ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.) ცნობის სისწორეც, იბერიაში კრამიტით დახურული ნაგებობების შესახებ.
იბერიაში კრამიტის წარმოება ძვ. წ. IV – III საუკუნეებში კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი და ამიტომ კრამიტის წარმოების ადრე დამწყებთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი ქართველ ტომებს უნდა მიეკუთვნოთ.
ბაგინეთსა (ძვ. წ. I ს) და არმაზისხევის (ახ. წ. II-III სს.) აბანოთა მშენებლობაში გამოყენებული, საგანგებოდ დამზადებული, სხვადასხვა მოყვანილობა-სიდიდის აგურები და საიზოლაციო კრამიტები ნებას გვაძლევენ ვივარაუდოდ ანტიკური ხანის საქართველოში სამშენებლო კერამიკული წარმოების მაღალი დონე.
ადრეფეოდალური ხანის საქართველოში სამშენებლო კერამიკა გვიანანტიკურ ხანასთან შედარებით უფრო ფართოდ არის გამოყენებული. ზოგ შემთხვევაში (ურბნისი) იგი კვლავ მონაწილეობს სამარხების აღნაგობაში, ისევე როგორც გვიანანტიკური ხანის მცხეთის სამაროვნებში. ნამოსახლართა განათხარიდან (ურბნისი, რუსთავი) ირკვევა, რომ რიგითი მოსახლეობის საცხოვრებელ ნაგებობებში სამშენებლო კერამიკა იშვიათად თუ გამოიყენებოდა, რაც ნიშნავს, რომ აგური და კრამიტი ბევრად უფრო ძვირფას სამშეენებლო მასალას წარმოადგენდნენ, როგორც საკმაოდ მაღალ დონეზე ხელოსნური ნაწარმი, ვიდრე რიყის ქვა და ალიზი.
ადრეფეოდალური ხანის საქართველოში კრამიტი ძირითადად გამოიყენებოდა სიმაგრეთა კოშკებისა (უჯარმა, უფლისციხე) და საკულტო ნაგებობათა დასაბურავად.
აგური საქართველოს ადრეფეოდალური ხანის ნაგებობათა მშენებლობაში გამოყენებულია მხოლოდ როგორც დამხმარე საშენი მასალა (V–VI სს. საფორტიფიკაციო ნაგებობები შორაპანი, სკანდე, ვარდციხე). მას ვხედავთ აგრეთვე ეკლესიების მშენებლობაში, სადაც უმთავრესად ქვა გამოიყენებოდა (ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია VI ს., სეფიეთის ეკლესია VII ს., ვაშნარის ბაზილიკა და მავზოლეუმი, VI–VII სს. და სხვა).
საქართველოს ადრეფეოდალური ხანის ძეგლებს შორის მთლიანად აგურით ნაგები მხოლოდ ორი ნაგებობაა ცნობილი: ა) კუხეთის რუსთავის ციხის ძველი აბანო, რომელიც თარიღდება ადრეფეოდალური ხანის დასაწყისი საუკუნეებით და ბ) ოზაანის ამაღლების ეკლესია (IX ს.). ადრეფეოდალური კახეთის (VIII–IX სს.) საერო და საკულტო ნაგებობები, რომლებიც ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები, აგური ნახმარია კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ადგილების ამოსაყვანად. ამ ნაგებობათა შერეულ წყობაში სხვადასხვა ზომის აგურებია გამოყენებული, რაც აღნიშნული წყობის თავისებურებით აიხსნება.
შუაფეოდალურ ხანაში საქართველომ თავისი ძლიერების უმაღლეს დონეს მიაღწია. ამ პერიოდში განსაკუთრებით განვითარდა ხელოსნობა და ვაჭრობა. საქართველოს იმ დროის ქალაქებიდან, თბილისის გარდა, ცნობილია ქუთაისი, დმანისი, თელავი, სამშვილდე, ახალქალაქი და სხვა., რომლებშიც წარმოდგენილი იყო შუასაუკუნეთა ხელოსნობის ყველა იმ დროს არსებული დარგი. თბილისში X–XI საუკუნეებში უკვე არსებობდა ხელოსანთა ორგანიზაციები. 1948–49 წლების არქეოლოგიურმა გათხრებმა თბილისის ძველ უბანში გამოავლინა ერთიმეორის მახლობლად 7 ქურა, რაც მეტყველებს თუ რა დიდი რაოდენობით მზადდებოდა იქ კერამიკული ნაწარმი.
შუაფეოდალურ ხანაში სამშენებლო კერამიკის წარმოებასა და გამოყენებას უფრო ფართო მასშტაბი მიუღია წინა ხანასთან შედარებით. ამაზე მეტყველებს როგორც იმდროინდელი შემორჩენილი აგურის ნაგებობანი, ისე არქეოლოგიური თხრით მოპოვებული მასალები. საერთოდ აგურის როლი ქართულ არქიტექტურაში არასოდეს ყოფილა წამყვანი, რადგან საქართველოში უხვად არსებული სამშენებლო ქვები მათი გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლეოდა. ჩვენში აგური საუკუნეთა მანძილზე დამხმარე მასალად იყო მიჩნეული და იგი არ კარნახობდა თავისთვის შესატყვის სახეს ხუროთმოძღვრებას, მაგრამ მისი სხვადასხვა სახით გამოყენებამ მაინც ტრადიცია შეუქმნა შუაფეოდალურ ხანაში მთლიანად აგურით ანაგები შესანიშნავი ტაძრების (ყინწვისი და ტიმოთესუბანი – XII-XIII სს-თა მიჯნა) ხურითმოძღვრებას.
რუსთაველის ეპოქის საერო ნაგებობაბში აგურის ფართოდ გამოყენების საუცხოვო მაგალითს კი წარმოადგენს გეგუთის სასახლე, აშენებული მეფე გიორგი მესამის, თამარის მამის მიერ. სასახლის უდიდესი ნაწილი შესანიშნავად გამომწვარი, არაჩვეულებრივად მტკიცე ხარისხის აგურით არის ნაგები. საინტერესოა XIX საუკუნის მოგზაური მკლევარის დიუბუა დე მონპერეს ცნობა, რომ XIX საუკუნეში გეგუთის სასახლის ნანგრევებიდან წაღებული აგური ქუთაისის შენობათა ასაგებად გამოუყენებიათ. ამავე ავტორის თქმით, გეგუთის სასახლის მახლობლად, ქუთაისის მიმართულებით აგურის ორი ხიდი ყოფილა ისევე აშენებული.
სოხუმის მახლობლად, მდინარე ბესლეთზე აგებული ქართულწარწერიანი ხიდის (XI–XII სს) მშენებლობაში ქვასთან ერთად აგურიც არის გამოყენებული. აგური ნახმარია აგრეთვე სხალტბა-შიომღვიმის 1202 წლის წყალსადენის მშენებლობაში.
შუაფეოდალურ ხანაშიც გრძელდება შერეულ წყობაში აგურის ფართოს გამოყენება, ოღონდ ახლა წყობა სულ სხვანაირია: ქვას ირგვლივ უწყობენ აგურებს. ამის მაგალითებს იძლევა; კუხეთის რუსთავის ციხის აღდგენილი ზღუდე, თბილისისა და მისი დედაციხის აღდგენილი ზღუდე და არმაზისხევის მონასტრის ეკლესია (XII ს), რომელიც ნაგებია ქვითა და სხვადასხვა ზომის აგურებით. საქართველოში შუაფეოდალური ხანის ნამოსახლარების გათხრებმა გვიჩვენა, რომ აგური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში ნაკლებად ყოფილა გამოყენებული და უპირატესობა ქვას ენიჭება (ოღონდ უფრო რიყისა ან ნატეხს). მაგალითად დმანისში საცხოვრებელი სახლების დიდი უკმრავლესობა ნაგებია ქვით, ხოლო აგური უმთავრესად ბუხრებისა და თახჩების ამოსაყვანადაა ნახმარი.
XI – XII საუკუნეების საქართველოში ფართოდ გაშლილმა საეკლესიო და საერო მშენებლობამ დიდი მოთხოვნილება წაუყენა კერამიკულ წარმოებას: თუ მანმადე აგური მხოლოდ თაღების გადასაყვანად, ქვის წყობის სიმტკიცის გასაძლიერებლად და დროდადრო მოსასწორებლად იხმარებოდა, ახლა უკვე ზოგი ტაძარი მთლიანად შენდება აგურით და თან ძვირფასი სასახლეებისა და ეკლესია-მონასტრების  მშენებლობაშიც იჩენს თავს საგანგებო მოსაპირკეთებელი კერამიკული მასალა – შორენკეცები. იმდროინდელი ქართული სათუნე წარმოების შესანიშნავ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სხვადასხვაფერად მოჭიქული, მოხდენილი და ტექნიკურად სრულყოფილი, ხშირად თეთრკეციანი (ფაიანსური) შორენკეცების მრავლად დამზადება. იმის მიხედვით, თუ შენობის რა ნაწილისათვის იყო განკუთვნილი, მზადდებოდა სხვადასხვა მოყვანილობისა და ზომის შორენკეცები, რომლებიც თავიანთი ფერით და ლაპლაპით უწყობდნენ ხელს შენობათა საერთო მხატვრული იერის სრულყოფას.
ამას თან მოჰყვა აგრეთვე მოჭიქული კრამიტის გაჩენა. მრავალფრად მოჭიქული შორენკეცები და კრამიტები ყურადღებას იქცევენ მათი გამოსაწვავი თიხის შერჩევით და საყალიბებლად შემზადებით. გამოწვის მაღალი ხარისხი და ფერადი ჭიქურის ბრწყინვალება პირველი შეხედვისთანავე ეცემა თვალში ადამიანს და კერამიკული წარმოების მაღალი კულტურის ერთ-ერთ მოწმობას წარმოადგენს. არქეოლოგიური თხრით დმანისში, თბილისში, თუ კუხეთის რუსთავში აღმოჩენილი შორენკეცების უმრავლესობას სამწახნაგოვან-პრიზმული განივკვეთი აქვს, ხოლო მათი გვერდები დანით არის ჯერ კიდევ ნედლ თიხაზე ამოღრმავებული, დუღაბში უკეთ ჩამაგრებისათვის ხელშესაწყობად. მათი გამოსაჩენი ზედაპირი უმთავრესად ფირუზისფერი ან მწვანე ჭიქურითაა დაფარული, საშუალო სიგრძე უდრის 10 სმ, სიგანე – 5 სმ, სიმაღლე – 6 სმ. ზოგი მათგანი კედლების კუთხეების მოსაპირკეთებლად ყოფილა განკუთვნილი, რაც ნიშნავს, რომ ხელოსნებს წინასწარ დაკვეთით უკეთებიათ შორენკეცები და სცოდნიათ თუ სად მოსახმარისი, რა მოყვანილობისა და ზომის დეტალები სჭირდებოდათ მშენებლებს.
შორენკეცები იხმარებოდა რა მარტო ნაგებობათა კედლების შესამკობად, არმედ ხშირად იატაკზე მოსაფენადაც. თბილისის კერამიკულ სახელოსნოში აღმოჩნდა ექვსკუთხა, სწორკუთხა და კვადრატული, ჯერ მოუჭიქავი თუ უკვე მოჭიქული შორენკეცები. მათი გამოყენების შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს ოზაანის `ამაღლების~ ტაძარი (კახეთი), სადაც XII საუკუნის იატაკი, ხელახლა შეკეთების შემდეგ მოუფენიათ ტოლგვერდა, სამკუთხა ექვსკუთხა და რომბისებური მოჭიქული ფილებით. ზოგ მათგანზე გრაფიტოს ტექნიკით გამოხატულია მცენარეული ორნამენტი. ფილა-შორენკეცები დაფარულია ყავისფერი, ფირუზისფერი და მწვანე ჭიქურით. ტიმოთესუბნის გუმბათის ყელს ამშვენებს ცისფრად მოჭიქული შორენკეცების ერთი ზოლი და გუმბათის თაღების არეში ასეთივე შორენკეცებისაგან შემდგარი ჯვრების, იმავდროულად კაბენის წმინდა გიორგის და ძველი ბოგვის ნასოფლარის `ცხრაკარა~ ეკლესიაც ასეთივე ცისფრად მოჭიქული შორენკეცებით ყოფილა მორთული, ოღონდ შიგნით.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ნაგებობათა კერამიკული შემკულობა ცალკეული აქცენტების სახით არის წარმოდგენილი და მათი კედლების მთლიანი ან ნაწილობრივი მორთვა მიღებული არ ყოფილა, შორენკეცებით შემკობის ტრადიცია  აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არის შემოსული.
შუაფეოდალური ხანის ნაქალაქართა თხრა გვიჩვენებს, რომ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ფართო ფენების სახლები ძირითადა ბანიანი ყოფილა, კრამიტით დახურული კი იშვიათია და სავარაუდოდ შეძლებულ პირებს ეკუთვნოდათ. ეს სამშენებლო მასალა (ბრტყელი და ღარისებრი კრამიტი) უმთავრესად განსაკუთრებული დანიშნულების ნაგებობათა (საყდრები, სასახლეები) მშენებლობაშია გამოყენებული. სახურავი დაფარული იყო მეტწილად ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის ურთიერთშერწყმით. ჩვენში ანტიკურ ხანაში შემუშავებული მოყვანილობა კრამიტისა შუაფეოდალურ ხანაშიც არ შეცვლილა, ოღონდ ზომა შემცირდა და ვიწრო, აკეცილი გვერდებიც უფრო დადაბლდა, ხოლო ფართო ბოლოში გარდიგარდმო დაბალი ღობე გაჩნდა წვიმის წვეთების სახურავში გაჟონვის შესაფერხებლად. შუაფეოდალური ხანის კრამიტს აღარ აქვს საწვიმარი ღარები. განათხარი მასალების მიხედვით ბრტყელი კრამიტი რიცხვით აშკარად ბევრად ჭარბობს ღარისებრს. ხშირად ნაგებობათა სახურავი მხოლოდ ბრტყელი, წაღმა-უკუღმა დაწყობილი კრამიტით იხურებოდა, რასაც ადასტურებს დმანისის აბანოს გადახურვის მაგალითი. მარტო ერთი-ერთი ტიპის კრამიტით შენობათა გადახურვის წესი საქართველოში ანტიკურ ხანაშიც არ ყოფილა უჩვეულო.
შუაფეოდალური ხანის ბრტყელ კრამიტებს შორის ყურადღებას იპყრობს ერთი ჯგუფი, რომლებსაც ზედაპირებზე რელიეფური ჯვარი აქვთ გამოყვანილი. ასეთი ჯვრიანი კრამიტები გამოყენებულია X–XII საუკუნეების ტაძართა სახურავებში (ფიტარეთი, მანგლისი, კუმურდო, თიღვა), რაც ნიშნავს ჯვრებთან ერთად, რომ ისინი საგანგებოდ უნდა დაემზადებინათ ეკლესიების დასაბურავად.

საინტერესოა კიდევ ბრტყელი კრამიტები, რომელთა ზედაპირზე, ფართო ბოლოში, ყალიბის საშუალებით რელიეფური სამყურა ყვავილია გამოყვანილი. ამგვარი მოუჭიქავი კრამიტი მრვლად აღმოჩნდა ქვემო ქართლის `თამარის სასახლის~ ნანგრევებად მიჩნეული `ნადარბაზევის~ გათხრისას. სამყურა-ყვავილიანი მოუჭიქავი კრამიტი აღმოჩნდა აგრეთვე

რუსთავის ნაციხვარის თხრისას. ამგვარ კრამიტს იყენებდნენ როგორც საერო, ისე საკულტო ნაგებობათა სახურავებზე და შესაძლებელია, რომ სამყურა ყვავილი მეტად სტილიზებული ჯვრის გამოსახულებას წარმოადგენდა. არის მოსაზრება, რომ ამგვარი ნიშნით აღბეჭდილი კრამიტის გამოწვა სახელმწიფო მონოპოლიას წარმოადგენდა.
მოჭიქული კრამიტებით ეკლესიების სახურავთა დაბურვა საკმაოდ გავრცელებული ყოფილა იმდროინდელ საქართველოში – ტაო-კლარჯეთიდან კახეთამდე. იშხანის ტაძრის გუმბათი დაფარული ყოფილა ცისფრად და წითლად მოჭიქული კრამიტებით, ხოლო ოშკის გუმბათის კრამიტები წითლად და მწვანედ ყოფილა მოჭიქული. ამგვარივე მოჭიქული კრამიტები ხურებია ხახულის მთავარ გუმბათოვან ეკლესიასაც. საინტერესოა, რომ სახურავის მხოლოოდ ნაწილი ყოფილა მოჭიქული კრამიტით დაფარული, ხოლო იქ, სადაც გადახურვა ქვემოდან არ ჩანდა, მოუჭიქავ კრამიტს იყენებდნენ. მოჭიქული კრამიტითვე ყოფილა დაბურული: თბილისის `ლურჯი მონასტერი~, ტიმოთესუბანი, ყინწვისი, წუღრუღაშენი, გუდარეხი, კვეტერის სასახლეცა და ეკლესიაც.
შუაფეოდალურ ხანაში გვხვდება აგრეთვე წარწერიანი კრამიტები (მაგ., რუსთავში, არმაზისხევის მონასტერში, უჯარმაში), მაგრამ წარწერათა ნაწყვეტ-ნაწყვეტობისა თუ ძლიერ დაქარაგმებისა გამო მათი ამოკითხვა არ ხერხდება.
თბილისში 1948 წელს არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ სათუნე სახელოსნოს ნაშთების თხრისას აღმოჩენილ ბრტყელ კრამიტებზე დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ ისინი ძირითადად ერთნაირი ყალიბით არიან ნაკეთები, მაგრამ იმის მიხედვით, თუ სახურავის რა ნაწილზე უნდა ყოფილიყვნენ თავის დროზე დალაგებულები, მათ უკეთდებოდათ დამატებითი დეტალებიც.
XIII საქართველო ჯერ მონღოლების, მოგვიანებით კი ჯერ სპარსელებისა და ოსმალების განუწყვეტელი შემოსევის სარბიელი გახდა, რამაც მძიმე დაღი დაასვა ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას. ყოველი შემოსევის შედეგი მეურნეობის მრავალი დარგის გაჩანაგება და ქალაქებისა და სოფლების დარბევა-აოხრება იყო, რასაც იქ არსებულ კერამიკულ საწარმოთა განადგურებაც მოსდევდა. მაგრამ, მიუხედავათ ამისა საქართველოში აღმშენებლობითი საქმიანობა არ წყდებოდა და აღდგენით სამუშაოებთან ერთად შენდებოდა მრავალი ახალი ნაგებობა, რომლებშიც ქვასთან ერთად ხშირად არის გამოყენებული კერამიკული სამშენებლო მასალაც.
XVI საუკუნუში კი მნიშვნელოვნად იზრდება მშენებლობაში აგურის ხმარება, რაც სამშენებლო კერამიკის ამ დარგის გაფართოებას თავისთავად გულისხმობს.
XVI–XVIII საუკუნეებში მრავალი, მთლიანად აგურით ნაშენი ძეგლი აიგო. ნაგებობათა აგურის ზომები გვიჩვენებენ, რომ სწორედ იმ პერიოდში შეიმჩნევა აგურის განსაზღვრული სტანდარტის შექმნის ტენდენცია, რაც საერთოდ ყოველთვიოს იჩენს თავს მასობრივ წარმოებული ნაწარმის კეთებისას.
აგურის ერთიანი სტანდარტის შემოღებისაკენ სწრაფვაში განსაზღვრული როლი უნდა ეთამაშა ნაგებობათა მარტო აგურით მშენებლობის დანერგვას. ადრე, როდესაც აგური გამოყენებული იყო როგორც დამხმარე სამშენებლო მასალა. მის სტანდარტულ ზომას მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან მშენებლობაში იგი მონაწილეობდა სხვადასხვა ზომა-მოყვანილობის სამშენებლო მასალასთან (რიყის თუ ნატეხ ქვასთან) ერთად.
მშენებლობაში ერთი ზომის აგურის ხმარების მნიშვნელობას გვანიშნებს ნინოწმინდის ცნობილი სამრეკლო (XVI ს.), რომელშიც აგურის ზომა გამოყენებულია, როგორც არქიტექტურული გამოანგარიშების საფუძველი.
აგურის გამოყენება განსაკუთრებით ძლიერდება კახეთსა და ქართლში, სადაც არქიტექტურული ფორმების გამოსაყვანად იხმარება საგანგებოდ დამზადებული მრუდთარგა აგურები, რაც სამშენებლო კერამიკის წარმოების განვითარებას მოწმობს. აგურები უკლებლივ უძირო ყალიბებში არიან ნაკეთები. ადვილად შესამჩნევია ყალიბის აწევის შედეგად აგურის ზედაპირის წიბოების ოდნავ შემაღლება. 
გვიანფეოდალურ ხანაში საქართველოში წინა პერიოდთან შედარებით გაიზარდა შენობათა მოსართავად განკუთვნილი სხვადასხვაფერად მოჭიქული შორენკეცების წარმოება. გვიანფეოდალური ხანის კრამიტები ზომა-მოყვანილობით ძირითადად მსგავსი არიან არსებული, შუაფეოდალური ხანის კრამიტებისა. ამ პერიოდში გრძელდება გამოსახულებიან და წარწერიან კრამიტთა წარმოებაც.




სტატიის ავტორი - ჯ. ჯღამაია.
მასალა აღებულია კრებულიდან  -  `ქალაქები, სოფლები და საწარმოო კერები რუსთაველის ხანის საქართველოში~. 1969წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014