ვანის რაიონის მთაგორიანი სოფელი ბაგინეთი და მისი მიდამოები (ჭანეთი კორთხა) 1952 წელს არქეოლოგიური დაზვერვების მიზნით მოინახულა ნინო ხოშტარიამ. სოფელ ბაგინეთში, რომელიც რაიონის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს 25 კილომეტრის დაშორებით, გურია-აჭარის ქედის ტყიანი ზოლის გასწვრივ, მან მიაკვლია ქვის ნახევრად ჩაფლულ სვეტს.
|
|
bagineTis sveti |
bagineTis sveti |
1976 წელს ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრების მიერ მოძებნილ იქნა ეს ქვა, ხოლო 1977 წელს მოხერხდა მისი ვანში გადმოტანა, არქეოლოგიური ექსპედიციის ტერიტორიაზე.
იგი სწორკუთხა განიკვეთის 1,70 მეტრის სიმაღლის ქვის სვეტია; წინა მხარის წიბოებზე ქვას თითქმის მთელს სიმაღლეზე მასიური გრეხილი ლილვები მიუყვება, მათ შორის სიბრტყე განივრად ვიწრო მორკალული გრეხილებით რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი, სიბრტყის ცენტრში შექმნილია ოვალს მიახლოვებული ჩარჩო ჯვრისათვის. მორკალული წყვილი გრეხილი ზედა ნაწილში სიგანეზეა განფენილი. ასეთივე გრეხილებია ქვის მარჯვენა და მარცხენა წახნაგებზეც. მთლიანად გლუვია ქვის უკანა მხარე.
ქვის ცენტრალური გამოსახულება ეგრეთ წოდებული ძლევის ჯვარს წარმოადგენს, ტოლმკლავიანს, მოგრძო და განიერი ბუნითურთ, რაც ქვაზე გამოკვეთილი ლითონის ჯვრის შთაბეჭდილებას ქმნის.
|
|
WvaneTis sveti |
bagineTis sveti (gverdxedi) |
სვეტის ზედა სიბრტყეზე ამოკვეთილია ფართო კვადრატული ბუდე, მასში, შესაძლოა მაგრდებოდა ჯვრი ან პირამიდული ფორმის ქვა, ესეიგი სვეტის ზედა ნაწილი, რომელიც ჯვრით უნდა დაგვირგვინებულიყო.
ბაგინეთის მიდამოებში (ჭვანეთი) 1978 წელს მოვაკვლიეთ კიდევ ერთი, ამავე ხასიათის, ქვის სვეტს. ისიც, ისევე, როგორც ზემოდ აღწერილი ქვა, სწორკუთხა განივკვეთიანი. ტანის წინა მხარის წიბოებსა და ზედა, თაღოვან ნაწილს გრეხილი ლილვი საზღვრავს; სიბრტყის ცენტრში ამოკვეთილი ჯვრი ოდნავ წაგრძელებულია სიმაღლეში და თითქმის მთლიანად სწვდება სიბრტყის სიგანეს, ბუნიც რამდენადმე დაგრძელებულია და ორად დანაწევრებული.
ეს ქვის სვეტები გარეგნული ფორმებით იმავე მოყვანილობისანი არიან, როგორც ამ ხასიათის ადრეული, VIII-IX საუკუნის ძეგლები (უსანეთი, ბოლნისი). ინარჩუნებენ კიდევაც მათთვის დამახასიათებელ ზოგიერთ ნიშანს (კუთხეების ლილვები). ერთგვარ მსგავსებას ამჟღავნებენ აგრეთვე მზეთა-მზის სვეტებთან, რომლებიც გაცილებით გვიანდელ ხანას განეკუთვნებიან, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი VII-IX საუკუნის ძეგლები.
მზეთა-მზის სვეტებზეც უკვე გამქრალა ნამდვილი რელიეფური ქანდაკებები, თუმცა სამი მხარე უხვადაა მორთული ჯვრებითა და სხვა გამოსახულებებით, თვით სვეტებიც სამსაფეხურა კვარცხლბეკებზე დგას; ჭვანეთის სვეტში კი მხოლოდ კვარცხლბეკის იმიტაციაა შექმნილი, ხოლო სამივე გვერდის დამუშავების ცდა მხოლოდ ბაგინეთის სვეტს ეტყობა - მორკალური გრეხილების სახით. მათი საერთო იერი ერთგვარი სიხისტით ხასიათდება ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს გრეხილების დამუშავების მანერა - გვიანფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი ირიბი, სქემატური ნაჭდევები ლილვებზე, რელიეფურად ნაკვეთი ხვიების ნაცვლად.
ამ სვეტების წარმოშობის თარიღი უფრო გვიანდელ პერიოდში საძებნი გვეჩვენება, ვიდრე მზეთა-მზის ძეგლებია, ზოგადად - განვითარებული ფეოდალიზმის შემდგომ პერიოდში.
მათი აღმოჩენის ადგილები უღრანი ტყითაა დაფარული. ჭვანეთი და ბაგინეთი ახლა მხოლოდ ნასოფლარებს წარმოადგენენ, გამორიცხული არაა, რომ აქ სხვა, უცნობი ძეგლებიც აღმოჩნდება.
სტატიის ავტორი - სარა ბარნაველი
მასალა აღებულია ჟურნალიდან - ძეგლის მეგობარი N51, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი 1979 წ.
|