პირიქით ხევსურეთის ნასოფლარები
(შატილ-მიღმახევის ხეობები)

ხევსურეთი კავკასიონის მთავარი ქედით გაყოფილია პირიქით და პირაქეთ ხევსურეთად. პირიქითი ხევსურეთი ტერიტორიალურად აღემატება პირაქეთს. მთლიანად ისტორიული ხევსურეთი 1050 კვ. კმ-ს შეადგენს. პირიქითი ხევსურეთი სამი მდინარის აუზის სათავეებშია განლაგებული და შეიცავს დაახ. 565 კვ კმ-ს. პირაქეთი კი – 428 კვ კმ-ს. პირიქით ხევსურეთი ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონის შემადგენლობაშია. მოსახლეობის სიმჭიდროვით პირაქეთი ხევსურეთი ყოველთვის ჭარბობდა პირიქითს. 1873 წლის აღწერით მთლიანი ხევსურეთის მოსახლეობა 4872 სულს შეადგენდა. 1926 წ. პირაქეთა ხევსურეთში იყო 536 კომლი, 2202 სულით. პირიქითაში – 407 კომლი, 1683 სულით. 1926 წ. მონაცემებით შატილის თემში, რომელშიც შედიოდა მუცო-არხოტ-ხახაბოს ანუ მიღმახევის მოსახლეობაც, იყო 232 კომლი, 1057 სულით. არხოტის თემში 179 კომლი, 626 სულით (დღეისათვის მთელ ხევსურეთში 132 კომლია, 600-მდე სულით). მოსახლეობის მკვეთრი შემცირების შედეგად ძველ ნასოფლარებს მრავლად დაემატა ახალი ნასოფლარებიც.
ეთნოლოგიური მასალის მიხედვით, არხოტის ხეობას, პირიქითს ან მთისიქითს არ უწოდებენ. მას არხოტის სახელით მოიხსენიებენ და იქაურებს არხოტიონს ან არხოტივნებს ეძახდნენ. სხვა სიტუაცია იყო შატილის თემში, რომელშიც XVIII საუკუნის მიწურულისათვის ორი ხეობა იყო გაერთიანებული: ლებაისკარ-გურო-შატილის და მუცო-ხონე-არდოტ-ანდაქის და ხახაბოსი. უკანასკნელს მიღმახევი ეწოდებოდა.
შატილის თემში სამი გვარი მოსახლეობდა: ჭინჭარაულები, გოგოჭურები და ჯალაბაურები. ჯალაბაურებს ანატორელთაც უწოდებდნენ, რადგან ანატორში მათ წინაპრებს უცხოვრიათ. ზოგიერთი გადმოცემით ანატორში სისაურები და წითელაურებიც მოსახლეობდნენ. მიღმახევში გვართა სიჭრელეა. მარტო ერთ სოფელში ხახაბოში ხუთი გვარის მოსახლეობაა: მამიაური, ხახიაური, ხოსიაური, მინდიკაური და ზვიადაური. პირაქეთი ხევსურეთის მოსახლეობა შემდეგი გვარებისაგან შედგებოდა: არაბული, ჭინჭარაული, გოგოჭური, წიკლაური, ლიქოკელი, ქისტაური, ალუდაური, ქერაული, გიგაური, ბურდული, ფიცხელაური და ანთაური. საერთოდ, პირიქით ხევსურეთში თერთმეტი გვარი მოსახლეობდა.
არხოტის თემში გვარების სიჭრელით გამოირჩეოდა სოფელი ახიელი, სადაც ხუთი ძირითადი გვარი მოსახლეობდა: ოჩიაური, ნაროზაული, ცისკარაული, ბალიაური, ჯაბუშანური. დემოგრაფიული სურათი და გვარ-სახელთა მონაცემები სოფლებისა და ნასოფლარების მიხედვით უთუოდ გასათვალისწინებელია იმ თვალსაზრისითაც, რომ ხშირად სხვადასხვა წვრილწვრილი გვარების გაერთიანება სხვადასხვა გვართემთა შორის მიწაზე დავით იყო გამოწვეული.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გასული საუკუნის ბოლო ათწლეულებში ეთნოლოგიურ-არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ ზოგიერთ საკითხებში ახალი თვალსაზრისები წარმოშვა. ბოლო ათწლეულებში გამოვლინდა მეცნიერებისათვის მანამდე უცნობი ისტორიულ-არქეოლოგიური ძეგლები. გუდანის ჯვარში მივაკვლიეთ XVIII საუკუნის მიწურულის გიორგი XII-ის მიერ გაცემულ სიგელებს, რომელთა მეშვეობითაც დადასტურდა ადგილობრივ მოსახლეობაში შემორჩენილი ზეპირი გადმოცემები. ჩვენს მიერვე იქნა მიკვლეული გასული საუკუნის დასაწყისში ხევსურეთის თემთა შორის მიწა-წყლის გამო დავის შედეგად დადებული ხელშეკრულებები, რომლებიც სხვადასხვა თემ-სოფელთა და გვარების ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ახალ თვალსაზრისთა წამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ხევსურეთმა საქართველოს მთიანეთის სხვა კუთხეებთან შედარებით ისეთი ისტორიული ფაქტები და თქმულება-ლეგენდები შემოინახა, რომელთა შესახებაც წერილობით წყაროებში ან ძალიან სქემატურადაა საუბარი ან საერთოდ არაფერია ნათქვამი. მაგ. ვახტანგ გორგასალზე არსებობდა რამდენიმე თქმულება-გადმოცემა იმის შესახებ, რომ ვახტანგმა დალაშქრა ოსეთი, რომ ყვარის ხეობაში (მდ. იორის სათავე) არსებული მგელათ ციხე ვახტანგის აშენებულია და ა. შ. 1951 წ. ხევსურეთის მოსახლეობის პირწმინდად აყრისა და ბარად ჩამოსახლების გამო ბევრი რამ დაიკარგა. აკად. ა. შანიძის მიერ გასული საუკუნის 10-იან წლებში შეკრებილი და წიგნად გამოცემული ხევსურული პოეზიის ნიმუშები თავისი ვარიანტებით, შენიშვნებითა და კომენტარებით, დღეისათვის მნიშვნელოვან საისტორიო წყაროს წარმოადგენს. კრებულში წარმოდგენილი ტაქსტების ზოგიერთი ნიმუში 200-300 წლის წინ უნდა იყოს შექმნილი. ასეთებად მიგვაჩნია ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში ლაშქრობის ამსახველი ტექსტები და სხვ. ამ ტექსტებში საუბარია იმ სოფლებზე და გვარებზე, რომლებიც დღეს ნასოფლარებია, ხოლო ის გვარები ხევსურეთში საერთოდ აღარ გვხვდება ან მათი ნაწილი ქართლ-კახეთშია მიმოფანტული. მაგ. გუდანში ვინმე კივკოზაურს (ზოგი ვარიანტით კინკოზაური, კავკაზაური), მარიამულებს უცხოვრიათ. ლიქოკის ხეობაში უცხოვრიათ: კვათიონებს, ლომოურებს, ბასილაურებს, როსტომაულებს. არხოტის მხარეში, ტანიის ხეობაში უცხოვრიათ: ბოსელაურს, გოგჩას. კოლოთანის ხეობაში, სადაც ბოლო ჟამს ქიბიშაურები ცხოვრობდნენ, ძველად ბოსელაურსა და ყაბიჯოურთა გვარი ჩანს. სოფ. ამღაში, სადაც ახლა ეს ტერიტორია ჯვარის მიერაა დაკავებული, ოშაყმათ ნამოსახლარებია. მთხრობელი ბეწინა წიკლაურის თქმით ვაშაყმაძეების გვარი აქედან იყო წარმომდგარი. კვირიწმინდაში უცხოვრია ბალახაურის ძეს, იგივე ბალახაურს, აგრეთვე გიგაურებს. გურო-შატილის ხეობაში მდებარე სოფ. გიორგიწმინდაში უცხოვრია ვინმე ხოშაქისტურას, რომელიც ლეკი ყოფილა. ციხე-სოფელ მუცოს განაგებდა თორღვა ძაგანი. ანატორთან მდებარე მარცხენა მხარეს სისაურების ნასოფლარია (ზოგი ვარიანტით წითელაურებისა).
პირიქითა ხევსურეთის სოფლებისა და ნასოფლარების საერთო მახასიათებელი ის არის, რომ საცხოვრებელი ნაგებობები ციხე-ქვიტკირების სახითაა წარმოდგენილი, რომელთა გადახურვა ბანური ან ორფერდიანი იყო. პირიქითა ხევსურეთის საბრძოლო კოშკების გადახურვა გარდა ჭიმღის ციხე-კოშკისა, არის პირამიდულ-საფეხურიანი ანუ სანაწვეთებიანი. ასეთი ციხე-კოშკები და ციხე-სახლები არა მარტო პირიქითა ხევსურეთისათვისაა დამახასიათებელი, არამედ ასეთივე კოშკები და ციხე-სახლებია მთელს ჩეჩნეთ-ინგუშეთში. თავდაცვითი ნაგებობის სიხშირე ისტორიულ ფხოვში, განპირობებული იყო მისი მონაპირე-სასაზღვრო მდებარეობით. პირიქით ხევსურეთში ისეთი ნამოსახლარებიც გვხვდება, სადაც კედლების ნაშთი აღარაა შემორჩენილი. ეს განსაკუთრებით ხშირია იმ ნასოფლარებში, რომელთა მახლობლად ჩნდებოდა ახალი დასახლებანი. ქვა, როგორც საშენი მასალა, ხევსურეთში ძნელად შესაგროვებელი იყო და ახალი სახლის მშენებლობისას ძველ ნამოსახლართა კედლებს ანგრევდნენ. ხშირი იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ფშავ-ხევსურეთში და მთიულეთ-გუდამაყარში ძველი ნასოფლარ-ნაციხრები ჯვარ-ხატების ან ავი სულებისაგან-დევებისგან დაკავებულად მიაჩნდათ და ამ ადგილებზე არა თუ ძველი კედლების ნგრევას, არამედ იქ ღამე გავლასაც ერიდებოდნენ. ზოგიერთი ძეგლის (ნამოსახლარი, ციხე-კოშკი) კედლები უზარმაზარი ლოდებითაა ნაშენი, მშრალად და ძალიან წააგავს სამცხე-ჯავახეთის ძეგლებს, რომლებსაც მეგალითებს ან ციკლოპურ ნაგებობებს უწოდებენ. პირიქით ხევსურეთში ამ სახის ძეგლად შეიძლება მივიჩნიოთ სოფ. გიორწმინდის ციხეგორის სამხრეთით დავაკებულ ადგილზე საშუალო სიდიდის ქვებისაგან გაკეთებული «ქვანაყარები» გალავნისნაირი სახე რომ აქვთ და საკმაოდ დიდ ფართობს რომ მოიცავენ. ამ ქვანაყარებს გარკვეული რეგულარული წყობა აქვთ და ასეთი მოსაზრებისაკენ მივყავართ. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ქვანაყარებიდან ჩრდილოეთით 400-ოდე მ-ის დაცილებით, ციხეგორის სამხრეთის ციცაბო ფერდობზე სამანქანო გზის გაჭრისას ნიადაგის ჩამორეცხვის შედეგად გამოვლინდა ადრეული ბრინჯაოს ხანის სამარხები, რომლებიც შეისწავლა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ ჩვენს მიერ ჩატარებული არქეოლოგიური და ეთნოლოგიური დაზვერვების შედეგად მეგალითური კულტურის ძეგლები გამოვლინდა ქსნის ხეობის სათავეში (ელოიანთ ნასოფლარი); მთიულეთში (დიდველზე და ხადის ხეობაში); გუდამაყარში, სოფ. გამსის ჩრდილო-დასავლეთით; ფშავში - უკანა ფშავის ციხეგორზე; ყაზბეგის რ-ნში, თერგის მარცხენა შენაკად ჩხერეს ხევში. რაც შეეხება სოფ. გიორწმინდის ციხეგორს, ის მდებარეობს გურო-შატილის წყლის მარცხენა ნაპირზე და წარმოადგენს კლდოვან კონცხს, სადაც შემორჩენილია გაურკვეველ ნაგებობათა ნაშთი. ამ ადგილზე ახლა შარის ყარაულის სალოცავია. აღნიშნულ ნაგებობათა ბოლოზე გადიოდა ხეობაში შატილისაკენ მიმავალი ერთადერთი გზა, რომელიც ალბათ, იქ მჯდომთაგან კონტროლდებოდა.
შარის ყარაულს მოსახლეობა გზა-მგზავრობაში დახმარებას ეხვეწებოდა. გადმოცემით ეს სალოცავი უზრუნველყოფდა ამ მონაკვეთზე გამვლელის კეთილ მგზავრობას. ზოგიერთი მთხრობელი აღნიშნავს, რომ გიორწმინდაში ოდესღაც თუშები ყოფილან და იმათი სალოცავი ციხე გორის ჯვარი იყო. აღნიშნულ ადგილზე, ნანგრევებთან აშენებულია დროშათ საბრძანებელი - მშრალად ნაგები ტიპიური კოშკი, რომელსაც კედელში ბრტყელი ფიქალის ქვა აქვს დატანებული. სიპი ქვა კედლიდან თაროსავითაა გამოწეული და სამი წრიული ნახვრეტი აქვს. ამ ნახვრეტებში დროშის ტარს ჩაარჭობდნენ ანუ დროშებს დააბრძანებდნენ. ჩვენ მსგავსი დროშათ საბრძანისი კოშკი ფშავ-ხევსურეთში არსად შეგვხვედრია. დროშებს კოშკზე მიაყუდებდნენ და მხოლოდ ერთ, «სამრისხველო» დროშას კოშკზე ზემოდან დააბრძანებდნენ. თუშთის სალოცავებში კი თითქმის ყველგან ასეთი დროშათ საბრძანებია გამართული. ციხე გორის ნანაგრევებში ვერ ხერხდება ნაგებობათა გეგმარების დადგენა. ციხე გორის მოპირდაპირე მხარეს ტყით დაფარულ ფერდობზე მდინარის მარჯვენა მხარეს ოთხკუთხა თავმორღვეული ციხე-კოშკია.

ტოპონიმ ციხეგორთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ფშავ-ხევსურეთში ყველგან, გარდა ბლოს ციხე გორისა, ხატ-სალოცავებია და ყველა ციხეგორი სტრატეგიულ ადგილს წარმოადგენს, რომელიც აკონტროლებდა ხეობას და ადრეული ეპოქიდან უნდა მომდინარეობდეს. ამ თვალსაზრისით ბლოს ციხეგორიც ხეობის ჩამკეტია. უკანა ფშავის ციხეგორზე დღესაც შემორჩენილია უზარმაზარი ლოდებით შემოზღუდული პატარა ვაკე. ვაკეზე შეინიშნებოდა რაღაც ნაგებობათა ნაშთი. აკუშოს ციხეგორზე კოპალას სალოცავია, სადაც არსებობს ფშავ-ხევსურეთის ჯვარ-ხატების ტიპიური კომპლექსი. როშკის ციხეგორზე იახსარის ნიშია და ამაღლების დროს იქ დღეობა ღამისთევით იმართებოდა.

აღნიშნული ციხეგორები არქეოლოგიური თვალსაზრისით სრულიად შეუსწავლელია. ვფიქრობთ, ყველა ციხეგორზე ადრეული ეპოქის ნამოსახლართა ნაკვალევი უნდა იყოს. ძველი ნასოფლარია სოფელ ლებაისკარის ჩრდილოეთით დაახ. 400-500 მ-ის დაშორებით, მდინარის მარცხენა მხარეს, დავაკებულ ფერდობზე. ამ ნასოფლართან, XIX საუკუნის ბოლო ოცეულში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მიერ აშენებული ეკლესიის ნაშთია. ნასახლართა კედლები არც აქაა შემორჩენილი, მაგრამ კარგად იკვეთება ცალკეული ნასახლარები. თანამედროვე სოფელი ლებაისკარი და მიღმახევის სოფლები: ანდაქი და არჭილო არ გვხვდება დასტურლამალის მინაწერში, სადაც ფშავ-ხევსურეთის სადედოფლო სოფლებია ჩამოთვლილი. მართალია, დასტურლამალის მინაწერი 1789 წელსაა გაკეთებული, მაგრამ თვით აღწერა სადედოფლო სოფლების შესახებ შესრულებული 1780 წელს დავით რექტორის მიერ, რომელიც ბატონიშვილ დავით გიორგის ძეს ახლდა ფშავ-ხევსურეთში, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნულ სოფელთა ტერიტორიები მანამდე არ იყო დასახლებული. ამაზე მეტყველებს ძველი ნაფუძარები. არის ისეთი ძველი ნასოფლარები, რომელთა შესახებ თვით მთხრობელთა ხსოვნასაც არაფერი შემორჩა და მიანიშნებენ მხოლოდ იქ არსებულ სალოცავებს (ადგილის დედა ღვთისმშობელი, ჭიშველის მთავარანგელოზი და ა. შ.). მაგ. შატილიდან ჩრდილოეთით მდებარე შატილელთა საბოსლო სოფელ ფიჭვნში, ციხე-კოშკის ნანგრევთან არსებობს ხატი, სადაც შატილელები ადგილის დედა ღვთისმშობლის სახელზე ლოცულობდნენ.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ძველი კისტანის ნასოფლარი, რომელიც მდებარეობს კისტნისა და ჭალის სოფლის წყალგამყოფ ქედზე, სადაც ციხე-კოშკებია შემორჩენილი. ქედის ზემო ნაწილში მდებარე ორი კოშკი გალავნითაა დაკავშირებული. ამ კოშკებსა და გალავანს შორის მოქცეული ეზო და მასში გამართული სათავსოები გვაფიქრებინებს, რომ თავის დროზე ის წარმოადგენდა საცხოვრებელ კომპლექსს. კოშკები სამსართულიანია. მხოლოდ აბულერთაურთ ანსამბლში მდგომი კოშკია ხუთსართულიანი, რომელიც პირამიდულ-საფეხუროვანი გადახურვით მთავრდება. ყველა კოშკის კედელში სათოფურებია. ციხე-კოშკების ზოგიერთ კედელზე შეინიშნება ხაზოვანი ფიგურები, გაურკვეველი ორნამენტტები. ასეთი ქვები კედლების წყობაში თვალსაჩინო ადგილზეა ჩაშენებული და მეორადი გამოყენების უნდა იყოს. ქედის ჩრდილოეთ მხარეს ვაკე-ფერდობზე ნასოფლარია და მის შესახებ ქრონოლოგიური თვალსაზრისით რაიმეს თქმა ძნელია.
ნასოფლარი ჭეჭყეთი მდებარეობს წუბროვანის წყლის მარჯვენა მხარეს, სადაც გამოდის პატარა ხეობა. ნასოფლარი შედგება 2-3 სართულიანი ოთხკუთხა საცხოვრებელთა ნაშთებისაგან. ასეთი ტიპის საცხოვრებლებს ქვიტკირს უწოდებენ და მსგავსი კოშკური საცხოვრებლები პირაქეთშიც იყო გავრცელებული (სოფ. ბლო, ძველი ბისო).
ჭეჭყეთიდან წუბროვნის წყალი ეშვება მკვეთრი დაქანების ხეობაში, რომლის ბოლოშიც მარცხენა მხრიდან გუროს წყალი ერთვის. გუროს ხეობა იყო ძირითადი საკომუნიკაციო არხოტის, შატილის და ბუდე ხევსურეთის თემებს შორის. ტანიისა და კალოთანის ხეობებიდან ცროლის გავლით გზა ანატორის გასასვლელით გუროს ხეობის სათავეში ეშვებოდა. არხოტის თემთან გუროს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე პირაქეთი ხეობის სხვა თემ-სოფლებთან. ნასოფლარი გურო ერთობ ხელსაყრელ, სათიბ-საძოვრებით მდიდარ ხეობაში მდებარეობს. საინტერესოა ისიც, რომ ნამოსახლარები აქ პირიქითი ხევსურეთის სხვა სოფლების მსგავსად ციხე-კოშკებს კი არ წარმოადგენს, არამედ პირაქათი ხევსურეთის მსგავსად ჭერხოიანი და კალოიანი სახლები ჰქონდათ. სოფელ გუროს აღმოსავლეთის მისადგომში, საიდანაც გზა შედის ნასოფლარში, დგას ტიპიური პირამიდულ-სიპებიანი გადახურვის მქონე ხუთსართულიანი კოშკი, რომლის გარშემოც რამდენიმე სათავსოს ნაშთია და ბათაკათ ციხის სახელით იხსენიებენ (ბათაკანი გოგოჭურების ერთ-ერთი მამიშვილობაა). გუროს იმ ნასოფლართან, საიდანაც 1952 წ. იძულებით აყარეს მოსახლეობა და სამგორში ჩაასახლეს, მდებარეობს უფრო ადრეული ნამოსახლარები, იქ სადაც დღეს სანების ჯვარია. სანების ჯვარი იგივე სამების ჯვარია და მას საღმთოსაც უწოდებენ. სანების თავდაპირველი საარსო იყო მაღალი მთა - გუროს თავი. მთხრობელთა გადმოცემით იქ რაღაც ნაგებობის ნანგრევებია (ეკლესია?). ზამთარში მოსახლეობა სალოცავად ვერ ადიოდა და შემდგომ სალოცავი სოფლის ახლოს გადმოუტანიათ. გუროდან არხოტისაკენ მიმავალი გზა ცროლის მთის სამხრეთი ფერდობების გავლით, ტანიისა და კალოთანის გადასასვლელებით, არხოტის ხეობაში ჩადის. ხოლო მეორე მხრივ ბუდე ხევსურეთში – გორშეღმის თემში გადადის.
ქაჩუს ციხე-სიმაგრე მდებარეობს შატილის სამხრეთ-აღმოსავლეთით 600-700 მ-ის დაშორებით, მდ. არაგვის (არღუნის) მარჯვენა მხარეს კლდოვან კონცხზე. ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან კომპლექსი მიუდგომელია. მხოლოდ აღმოსავლეთიდან შეიძლება ციხესთან მისვლა. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემის მიხედვით, ვიდრე შატილი აშენდებოდა, ჯერ ქაჩუს ციხე აუშენებიათ. ხუთი კოშკიდან მხოლოდ აღმოსავლეთიდან მიშენებული კოშკის კედელშია ჩატანებული სათოფურები. კოშკთა სართულიანობის შესახებ ძნელია რაიმეს თქმა, რადგან კედლები ძლიერაა დაზიანებული. ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ კოშკები 3-4 სართულიანი იყო. ვფიქრობთ, ორი კოშკის გამოკლებით ისინი 4-5 სართულიანი უნდა ყოფილიყო. ქაჩუს ციხე და მუცოს ის ციხე-კოშკი, რომელიც მუცოს კომპლექსში თორღვას ციხის სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ყველაზე უფრო ადრეულ ხანას (IX-X საუკუნეებს) განეკუთვნებოდეს არა მარტო არღუნის, არამედ ასის ხეობაშიც. რაც შეეხება სახელწოდება ქაჩუს, ეს ტოპონიმი გვხვდება თუშეთშიც და პირაქეთ ხევსურეთშიც (ქაჩუს უღელტეხილი თუშეთში გირევიდან ჩეჩნეთში გადასასვლელი; ქაჩის გორი სოფ. მოწმაოსთან; ქაჩუს კალო სოფ. როშკის ძველი ნასოფლარი). ხევსურეთში თიხა-ფიქალებს «ქაჩის ქვას», «ქაჩს» ეძახიან. აღნიშნულ ადგილებში თიხა-ფიქალის ქანებია. ასეთი სახის ქვის კარიერებზე ხდებოდა ბრტყელი ქვების ახეთქვა («აყრა»). პირიქით ხევსურეთში ასეთ ქვებს სიპებს უწოდებენ და მათ სახლების გადასახურავად იყენებდნენ. ასეთი ქვები გამოიყენებოდა აგრეთვე კოშკების სართულშუა გადახურვაში. სიპები კრამიტებივით იყო დალაგებული ცალფერდა სახურავზე და მათ სიპერდიან სახლებს უწოდებდნენ. ასეთი სახლები დღეისათვის მხოლოდ ხონის ჭალაში შემორჩა.
შატილის ერთ-ერთი კოშკის (თიაყათ კოშკის) სამხრეთი კედლის სარკმელის თაღად ჩასმულია დაუმუშავებელი შირიმის ქვა, რომელსაც ფასადზე, გამოსახული აქვს რელიეფური ჯვარი. შატილის ის უბანი, სადაც ეს კოშკი დგას, როგორც არქიტექტორები ფიქრობენ, სხვა უბნებთან შედარებით უფრო გვიანდელია.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ადგილ პირმზითში, იქ სადაც ღვთისმშობლის საზარე და დროშათ საბრძანისი კოშკებია, ძველად ეკლესია მდგარა და აღნიშნული არქიტექტურული დეტალი იქიდან უნდა იყოს მოტანილი. ამჟამად ამ ეკლესიის რაიმე ნაშთის დადგენა გათხრის გარეშე შეუძლებელია. თანამედროვე სასაფლაოს სამხრეთით, ტყით დაფარულ ფერდობზე ავკრიფეთ ხელსაფქვავები და კერამიკული მასალა, რომელიც იქ არსებულ ძველ ნამოსახლარებზე მიგვითითებს. მთის ფერდობზე, ახალი შატილისაკენ მიმავალი სამანქანე გზის გაჭრისას გამოვლინდა ქვების წყობა და სამარხის რამდენიმე ნაშთი. მთელ ფერდობზე შემორჩენილია გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობათა კედლების ნაშთები, რომლებშიც მრავლადაა ჩატანებული ნავისებური ხელსაფქვავის ქვები. ვვარაუდობთ, რომ აქაც ბრინჯაოს ხანის ძველი ნამოსახლარები უნდა იყოს.
სისვაურთ (სისაურთ) ნასოფლარი მდებარეობს ანატორთან, მდინარის მარცხენა მხარეს, იქ, სადაც ოდითგანვე მდინარეზე ხიდი იყო გადებული.
კოშკური ტიპის ნამოსახლარების კედლები მშრალადაა ნაგები საშუალო სიდიდის ქვებით. ხელსაფქვავის ნიმუშები ამ ნასახლართანაც დიდი რაოდენობით გვხვდება. გადმოცემით აქ სისაურებს უცხოვრიათ. ზოგი წითელაურების გვარსაც ასახელებს. აღსანიშნავია, რომ წითელაურთა ნასოფლარი მდებარეობს პირაქეთ ხევსურეთში, სოფ. ბლოს ხეობის სათავეში, მდინარის მარჯვენა მხარეს. აღნიშნულ ნასოფლარებში ნადარბაზალსაც მიანიშნებენ. ნადარბაზალში კი ხშირად სათანადო შესწავლის შემდეგ ნაეკლესიარი გვხვდება. მაგ. არხოტის თემში, კალოთანის ხეობაში, ძველ ნასოფლარში, სადაც კარგად იკვეთება ნაეკლესიარი; ასეთივე ნადირბაზალია არხოტის თემის ნასოფლარ კვირიწმინდასთან ადგილ წყალთშუკში, სოფელ ჭიმღისა და ცირცლოვანის წყალშესაყართან. ეს ნადარბაზალი თითქმის მიწის ზედაპირთანაა გასწორებული. ასეთივე ნადარბაზევს (ნადარბაზალს) ვხვდებით სნოს ხეობაში, იქ, სადაც ჯუთის ხეობისკენ მიმავალი გზა ვაკე ადგილიდან აღმართს შეუყვება. გადმოცემის მიხედვით იქაც ძველად სალოცავი ყოფილა. ნაგებობის ნაშთი იქაც მიწის პირამდეა გასწორებული.
ანატორის ნასოფლარი მდებარეობს მიღმა ხევის წყლისა და გურო-შატილის არაგვების შესაყართან (ხევსურეთში ყველა მდინარეს არაგვს უწოდებენ ან იმ სოფლის «წყალს», რომელიც ამა თუ იმ ხეობაშია. მაგ. შატილის წყალი, გუროს წყალი, ქმოსტის წყალი, ჭიმღის წყალი და ა. შ.). სამანქანე გზამ, რომელიც შატილიდან არდოტამდე გაჭრეს, ანატორის კონცხის რელიეფი დაარღვია. ანატორის ცნობილი აკლდამები მოსწყვიტა ნასოფლარს, რომელიც მდებარეობდა ტყით დაფარულ ფერდობზე, სადაც გამოვლინდა ადრე უცნობი 26 აკლდამა მძლავრი ნასოფლარით. ნასოფლარის კედლები ნაშენია საშუალო და წვრილი ქვებით მშრალად. ნასოფლარის დასაწყისში, შუაში და სათავეში ოთხკუთხა კოშკების ნაშთებია შემორჩენილი.
ნასოფლარის სულ ზედა ნაწილში, საიდანაც ფრიალო კლდე იწყება, გამოვლინდა ეკლესია, რომელიც შიგნიდან გაიწმინდა და გაითხარა ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღ. რ. რამიშვილი) მიერ. არქეოლოგიური მასალა XII-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. ეკლესია IV-V საუკუნეებით დათარიღდა. ეკლესიიდან ზემოთ შეიმჩნევა კლდეზე ნაკვეთი საფეხურები, რომლებიც ადის კლდოვანი გორაკის თავზე, სადაც პატარა ვაკე ადგილია. მასზე გაურკვეველი ნაგებობების ნაშთია და ამ გორას მოსახლეობა მარიემწმიდის გორას უწოდებს. ეს ტერიტორია მოსახლეობისაგან მკაცრად იყო ტაბუირებული. იქ შესვლა არ შეიძლებოდა, რადგან ის ანატორის ჯვრის მთავარანგელოზის კვრივს წარმოადგენდა (კვრივი - ფეხდაუდგმელი ადგილი, სადაც ესა თუ ის სალოცავი თავის საყმოსთან დაახლოებისათვის მიწაზე ეშვებოდა და საიდანაც კვლავ ზეცაში ადიოდა. ერთმანეთის «მოდე-მოძმე» ხთისშვილები სწორედ ამა თუ იმ კვრივში იკრიბებიან საყმოს დახმარებისთვის). მიცუ (იგივე მუცო) საყოველთაოდ ცნობილი ციხე-სოფელია, რომელიც სამ ტერასადაა დაყოფილი. სამი მხრიდან მიუდგომელია. მისასვლელი აქვს მხოლოდ სამხრეთიდან, სადაც საკმაოდ დამრეც კლდოვან ფერდობზე გაჭრილია ვიწრო ბილიკი, რომელიც ადგილ-ადგილ კედლებით ყოფილა გამაგრებული. ამავე მხრიდან ციხე-სოფელი ორპირი გალავნითაა შემოზღუდული, რაც მას პრაქტიკულად მიუდგომელს ხდიდა. დასავლეთი მხრიდან მას პატარა ხევი ჩამოუდის, საიდანაც ციხე-სოფელში თიხის მილებით წყალი ისეთ სიმაღლიდან იყო შეყვანილი, რომ იგი ციტადელამდე აღწევდა. ანსამბლში ყურადღებას იქცევს სამსართულიანი ციხე-სახლი, რომელიც მეორე ტერასის დასაწყისშია აშენებული. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სათოფურებიანი ციხე-კოშკების მშენებლობა უნდა დაწყებულიყო XVI საუკუნიდან. ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ XVI საუკუნემდე ძველი ნასოფლარების ტერიტორიები ათვისებული არ იყო.


საინტერესო გადმოცემასთან გვაქვს საქმე იმის შესახებ, რომ ძველად სამეფო კართან დაპირისპირებულ და ცნობილ გვარებს ოდესღაც ხევსურეთისათვის შემოუფარებიათ თავი. ამ გვართა ნამოსახლარები ძირითადად პირიქით ხევსურეთში, მათ შორის არხოტშიც გვხვდება. გადმოცემით მუცოს ციხე-სოფლები ძაგანისძეთა კუთვნილი ყოფილა და დავით ულუსთან ბრძოლის დროს ძაგანისძეთა შთამომავალი თორღული აქ გადმოხვეწილა. საინტერესოა, რომ გადმოცემით სამეფო კარისაგან სხვადასხვა დროს დევნილ მძლავრ ფეოდალურ საგვარეულოთა ცხოვრებას ადასტურებენ ძველი ანდრეზ-სიმღერები.
მაგ. არხოტში ორბელიანებს უცხოვრიათ იქ, სადაც ახლა ორბეულთას ეძახიან. ბარათაულებს ზოგი ვარიანტით ხახმატში, ზოგი გადმოცემით - გუროში უცხოვრიათ. აბულეთისძეები მოსახლეობდნენ სოფ. კისტანში, სადაც დღესაც არსებობს აბულეთაურთა ციხე-კოშკი და სხვა სამეურნეო ნაგებობები, რომლებიც გალავნითაა შემოზღუდული. აბულეთაურთა «მამიშვილობა» დღესაც არსებობს, რომლებიც ჭინჭარაულთა გვარზე იწერებიან.
მუცოდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით არდოტის წყალს მოერთვის ხონის ჭალის წყალი, საიდანაც იწყება ხონის წყლის ხეობა, რომელიც სათავეში იყოფა სამ ხეობად. ამ ხეობებზე გამავალი გზა ორად განშტოვდება: ერთი გზა ხონის ჭალის, ხონისა და თებულოს გადასასვლელით ჩადის მაისტის თემის საბოსლოებში: ჯიალებსა და ჯიხუეში. თებულოს გადასასვლელთან დაახლოებით 3200 მ სიმაღლეზე ადგილ არჭეხში მთავარანგელოზის სამონასტრო კომპლექსია. ხონის ხეობაში, გორაკზე, იქ, სადაც ხონის წყალი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ უხვევს, მდინარის მარჯვენა მხარეს მთავარანგელოზის სალოცავია, რომელიც «არჭეხით გამოსული, ყინვარზე მაბურთვალის» სახელით იხსენიება. ეს სალოცავი ძველ ნასოფლარზეა დაფუძნებული. მისგან დასავლეთით 300-400 მ-ის დაცილებით მდებარეობს თანამედროვე სოფელი ხონე, რომლის გარშემო სახნავი მიწებია. ხოლო სულ ზემოთ, რასაც ხონის ხორხს ეძახიან, საძოვრები და სათიბებია. ხონის ჭალის მოსახლეობა ხონეში ზამთარში ადიოდა საქონლის გამოსაზამთრებლად.
მეორე ხეობა - ჰუროს ხეობა, რომელიც ციცაბო და მაღალი მთებით ბოლოვდება, გაუვალია. ამ ხეობაში, ქვემოთ შემოზღუდული ეხები და რამდენიმე პატარა ხოლებია, რომლებიც საგანგებოდ იყო გამოყოფილი მშობიარე ქალებისათვის. ხონე-ხონის ჭალაში ქალი სხვაგან ვერ იმშობიარებდა, მიუხედავად იმისა ზამთარი იყო თუ ზაფხული (ასეთ ადგილებს «საჩეხთ» ეძახდნენ პირიქითშიც და პირაქეთშიც).
მესამე ხეობა ხაროჰკის ხეობაა, რომელზეც აწუნთის გადასასვლელით გზა ჩადის თუშეთის როგორც პირიქითა, ისე პირაქეთა ალაზნების სათავეებში. ამ ხეობათა სათავეებზე გავლით, სადაც თუშების საზაფხულო საბოსლოები იყო, საყორნის უღელტეხილით გზა უკავშირდება ალაზნის სათავეებს. აქედან გზა წიფლოვანის ხეობით ჩადის პანკისის ხეობაში. ჩვენ სწორედ ეს გზა გვესახება მაისტის, ლამუროსა და წყალსიქითის თემების პანკისში ჩამოსახლების გზად. ხაროჰკის ხეობა უერთდება ხიდოტანის შედარებით ვაკე-მთიან მასივს, სადაც ზემოთ ნახსენები არდოტიდან ბახაოზე გამავალი გზა ხაროჰკის გზას უერთდება. სწორედ ამ გზათა შესაყართან არის ძველი ნასოფლარი, რომელიც ხიდოტანის ნასოფლარის სახელითაა ცნობილი. აქედან კარგად მოჩანს კახეთის იორ-ალაზნის, თუშეთის ალაზნებისა და არღუნის სათავეების გადასასვლელები.
სოფ. არდოტი თანამედროვე სოფელია, რომლის ქვემო უბანი დაფუძნებულია ძველ ნასოფლარზე. იგი მდებარეობს ანდაქის წყლის მარცხენა მხარეს, იქ სადაც ბისოს ხევი უერთდება არაგვს. არდოტი გარდა სამხრეთის მხრისა, ძნელი მისადგომია. შემორჩენილია ოთხკუთხა ციხე-სახლების ნანგრევები. სოფლის სამხრეთ ნაწილში დგას მცირე მოცულობის ეკლესია ორფერდა სანაწვეთეებიანი გადახურვით. სამხრეთ მხარეზევე, საიდანაც სოფელში შესასვლელია, გასული საუკუნის 80-იან წლებამდე კლდოვან ფერდობზე აღმართული იყო ხუთსართულიანი კოშკი სანაწვეთეებიანი გადახურვით. ანალოგიური - არხოტის ხეობაში კვირეწმიდის კოშკის, ახიელის ხარათ ციხის, ლებაისკარისა და აბულეთურთ კოშკებისა. ანალოგიური კოშკები მრავლად გვხვდება ჩეჩნეთ-ინგუშეთისა და ოსეთის ტერიტორიაზეც.
არდოტის ჩრდილოეთით პატარა ხეობის სათავეში, რომელსაც ბისოს ეძახიან, მდებარეობს ძველი ნასოფლარი, სადაც ახლა ხთიშობლის სალოცავია. იქ არის ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების მიერ აშენებული გუმბათიანი ეკლესია. ამ ეკლესიაში დღეს არავინ ლოცულობს. ნამოსახლარები ხოლების სახითაა შემორჩენილი. ბისოში ინახება «ხთიშობელას» ხატი - სპილენძით შემოჭედილი ხეზე ნაკვეთი გამოსახულება. ხატი შემკულია ჭრელი თავსაფრით, ყელზე ჩამოკიდებული სხვადასხვანაირი მძივებით _ «ყელსადებებით». მისი დღეობა უძრავია და 7 ივნისს იმართება. დღესასწაულის დღეს სოფლის თავზე დავაკებულ ადგილზე ღთისშობელას გამოაბრძანებდნენ დროშასთან ერთად და ქალები მას სხვადასხვა სამკაულებს წირავდნენ. დღესასწაულზე მოდიოდა უკლებლივ ყველა ოჯახის წევრი, მოჰყავდათ ბავშვები. ეს დღეობა იყო მიღმახევის ყველა სოფლის და გვარის დიდი დღესასწაული, რომელიც დატიობის სახელითაა ცნობილი და რომლის მსგავსიც აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არცერთ კუთხეში არ გვხვდება.
ბახაო - ესაა არდოტელთა საბოსლო სოფელი (როგორც შატილისათვის აცეხი და ფიჭავნი). ის ამავე დროს ძველ ნასოფლარს წარმოადგენდა და ხოლების სახითაა შემორჩენილი. ნაგებობათა კედლების შესახებ აქ ვერაფერს ვიტყვით.
ბახაოდან სამხრეთით ოთხიოდე კმ დაშორებით მდინარის მარჯვენა მხარეს მდებარეობს სოფელი ანდაქი. დაახ. ამდენივე მანძილის დაშორებით სამხრეთისაკენ არის სოფელი არჭილო. ორივე ეს სოფელი მოგვიანებითაა დასახლებული. აქ ძირითადად არდოტიდან მოსული მოსახლეობაა, რადგან ისინი იქ სამეურნეო სავარგულების ნაკლებობას განიცდიდნენ. მოგვიანებით აქ ხონის ჭალიდანაც ჩასახლდნენ. ანდაქი და არჭილო არაა ნახსენები სადედოფლო სოფელთა სიაში. დედოფალს სოფლები მეფისგან საჩუქრად გადაეცემოდა, როგორც მისი პირადი საშემოსავლო ერთეული. ამით სოფლები სახასო საკუთრებად იქცეოდა. ხევსურეთის სადედოფლო სოფლები ძირითადად იხდიდნენ ცხვარ-საქონელს, რასაც საბალახე ერქვა. შეიძლება ითქვას, რომ მთელი პირიქითი ხევსურეთის ტერიტორია შატილ-არდოტის თემები, დედოფლის განკარგულებაში იყო და ეს გადასახადი ფეოდალური სახელმწიფოს ბეგარა-გადასახადებთან შედარებით ერთობ მიზერულ ხასიათს ატარებდა ანუ თავისუფალ მთიელებს შეახსენებდა, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ გარკვეული სამსახური გაეწიათ სამეფო კარის წინაშე. ამ ხასიათის ვალდებულება ამსუბუქებდა და სოციალურ დაქვემდებარებას თითქმის შეუმჩნეველს ხდიდა ისეთ სტრატეგიულ მხარეში, როგორიც პირიქითი ხევსურეთია.
ანდაქ-არჭილოს ხეობები და სათავეები საუკეთესო საზაფხულო საძოვრებს წარმოადგენს და პირაქეთი ხევსურეთის ძლიერი თემი საგანგებო ძალასა და მონდომებას არ აკლებდა ამ საძოვრების დაუფლებისათვის ბრძოლას, მაგრამ ეს სხვა თემაა და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვახერხეთ აღნიშნული ტერიტორიის გამოწვლილვით გამოკვლევა. ვფიქრობთ, რომ მესაქონლეობისათვის ერთობ ხელსაყრელ ტერიტორიაზე შეიძლება გამოვლინდეს ადრეული ეპოქების ნასახლარები, ნასადგომარები.
ამჯერად კი ჩვენ ვიცით მხოლოდ ის, რომ ანგელოზათ ხევში, ვიდრე მისი წყალი ანდაქის წყალს შეუერთდება, ადგილ ანგელოზაში არის გალავნით შემოზღუდული ნაგებობათა ნანგრევები. ერთ-ერთი ნაგებობა ქვითკირის დუღაბითაა ნაშენი და თითქოს ზურგიანი კოშკის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარშემო შეიმჩნევა ნამოსახლარები, რომლებიც მიწითაა გადაფარული. საყურადღებოა, რომ აღნიშნული პუნქტიდან მოჩანს ჭანჭახისა და ანდაქის წყალგამყოფ ქედზე მდებარე ხოლიგის გადასასვლელი. ამ გადასასვლელთან არის ხოლიგის წვერის ანგელოზი.
მთხრობელთაგან უკვე არავინ იცის თუ როდის და ვინ ლოცულობდა მასზე. აღნი- შნავენ, რომ იქ რაღაც შენობათა ნანგრევებია. არის ნადარბაზალიც. სხვა შემთხვევებში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სადაც მთხრობელები ნადარბაზალს მიუთითებენ, თითქმის ყველგან ძველი ეკლესიის ნაშთებია გამოვლენილი. საყურადღებოა, რომ კისტან-ლებაისკარით გზა ხოლიგის გადასასვლელით გადადის ხახაბოში, საიდანაც შეიძლება როგორც უკანა ფშავში, ისე კახეთში ჩასვლა. ხშირად ეკლესია-მონასტერსა თუ ციხე-კოშკს გარდა სალოცავისა და თავდაცვისა, სასიგნალო ფუნქციაც გააჩნდათ აღმოსავლეთ საქართველოს მთასა და მთისწინეთში.
ხახაბოს ნასოფლარი მდებარეობს ჭანჭახის წყლის შუა წელზე, კლდოვან ციცაბო გორაზე. ნასოფლარზე შემორჩენილია 3-4 სართულიანი ციხე-სახლები. ხახაბოს კოშკებიდან მოსახლეობამ მოგვიანებით გაშლილ ადგილზე გადაინაცვლა. გაჩნდა ახალი სოფელი ახლა «ჭალას» რომ უწოდებენ. ხახაბოს კომპლექსიდან ყურადღებას იქცევს ძველსა და ახალ დასახლებას შორის ფერდობზე აშენებული სიპერდიანი დარბაზი, რომელიც გიორგი წყაროთგორულის სახელითაა ცნობილი. დარბაზიდან არის ვიწრო შესასვლელი, სადაც წყლის აუზია გამოკვეთილი. მთხრობლები აღნიშნავენ, რომ იქ ადრე წყარო არ ყოფილა და იგი მას მერე წარმოდინდა, როცა აქ წმინდა გიორგი დაარსდა. გადმოცემით ის კახეთიდან, კერძოდ, მატნიდან მოსულა. წყლის აუზში დონე არც იკლებდა და არც მატულობდა. სამლოცველო დარბაზს ეტყობა ძველი ნაგებობის ახლებურად გადაკეთების კვალი. წინამდებარე სტატიაში ჩვენ ვეცადეთ ესა თუ ის ნასოფლარი ანდა სოფელი, რომელიც ძველ ნასოფლარზე ან მოგვიანო ხანაში მის ახლოსაა წარმოქმნილი, დაგვეკავშირებინა საკომუნიკაციო სისტემასთან, რადგანაც ამ ნასოფლართა არქიტექტურული თავისებურებანი პირაქეთ ხევსურეთთან შედარებით ძირეულად განსხვავდება. პირიქითა ხევსურეთის ნასოფლარები და ნამოსახლარები ძირითადად კოშკური ნაგებობებია - ციხე-სახლებია, რაც ძირითადად განპირობებული იყო სასაზღვრო-თვდაცვითი ფუნქციით.

მდინარე იორისა და ფშავ-ხევსურეთის არაგვების სათავეებიდან არღუნის ხეობაზე გავლით გადიოდა მეტად მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული მაგისტრალი, რომელიც კახეთს აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიასთან. ამჯერად სტატიაში ვერ მოხერხდა წარმოდგენა საქართველოს მთიანეთის ამ რეგიონში ისტორიულად მიმდინარე დემოგრაფიული პროცესებისა, როგორც ტომთაშორისი, ისე შიდა ტომური ურთიერთობების, რელიგიური რწმენა-წარმოდგენების, თემთა და გვართა მონაცვლეობის შესახებ, რის შედეგადაც ჩნდებოდა ახალი დასახლებები ან წარმოიქმნებოდა ნასოფლარები, სადაც არსდებოდა ახლად მოსულთა თემისა თუ სოფლის სალოცავები.




სტატიის ავტორი – ივანე წიკლაური;

სტატია აღებულია კრებულიდან – „საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები“, თბილისი, 2008წ.

 

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014