ადრე შუასაუკუნეების მცირე პლასტიკის ნიმუში სვანეთიდან
(ნესგუნის ჯვარი)
|
nesgunis jvari |
ქვემოთ განხილულია მესტიის რაიონის სოფელ ნესგუნში (ლენჯერის საკრებულო) შემთხვევით მიკვლეული ეკლესიის ნაშთის გაწმენდისას აღმოჩენილი, ყალიბში ერთიანად ჩამოსხმული ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი (სიმაღლე _ 62 სმ, გაშლილი მკლავების სიგრძე _ 50 სმ, სისქე თავში _ 5 სმ, ძირში _ 2 სმ), რომელზეც ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული.
ნესგუნი მდებარეობს ზღვის დონიდან 1480 მ-ის სიმაღლეზე, რაიონის ცენტრ მესტიიდან დასავლეთით 3 კმ-ის მანძილზე, ენგურის შენაკად მდ. მუხლურას (მესტიაჭალას) ხეობაში. სოფელში დგას IX-X საუკუნეების მიჯნაზე აშენებული, მცირე ზომის, მაცხოვრის ორ შესასვლელიანი დარბაზული ეკლესია, რომლის ინტერიერი XII საუკუნეშია მოხატული. ეკლესიაში შემონახულია ქვის კანკელი. ნესგუნის ჯვრის მეტ-ნაკლებად სწორი მკლავები ბოლოებში მომრგვალებულია. ჯვრის კიდე გამოყოფილია მის ირგვლივ შემოხაზული ღარით. ჯვარცმის სცენა მკვეთრი, დაბალი რელიეფითაა გამოსახული. კოლობიუმით შემოსილი ქრისტეა მოცემული ენ ფაცე. შუბლზე ორი კლაკნილი ხაზია დატანილი, რაც შესაძლოა ეკლის გვირგვინს გამოსახავდეს. უთმო თავს რელიეფურად ამაღლებული, წრეში მოქცეული ჯვარი ადგას. ჯვრის ეს მკლავი ერთმანეთისაგან დაცილებული ორი პარალელური საკიდით ბოლოვდება.
ჯვრის იდეურ-კომპოზიციური ცენტრი ჭაბუკი ქრისტეს ფიგურაა, რომელიც გამოსახულია ცოცხალი, ღია თვალებით. ქრისტეს სახეზე წამებით გამოწვეული ტანჯვის ნაცვლად სიმშვიდეა აღბეჭდილი. სახე და ოდნავ დაგრძელებული ჰორიზონტალური მკლავები სხეულთან შედარებით მაღალი რელიეფითაა გადმოცემული. ქრისტეს სახის ნაკვთები, პირი, ნუშის ფორმის გახეხილი თვალები, აზიდული წარბები და ტანსაცმლის დეტალები, პირობითადაა გამოყვანილი მეტ-ნაკლები სიღრმის ჩაჭრილი ხაზებით. ცხვირის გამომსახველი ხაზები მორკალულ წარბებში გადადის. სამოსის ფართო სახელოები ნაკეცებიანია. ნაკეცები ვერტიკალური ხაზებითაა გადმოცემული.
ჯვარცმაში ნახატი მოკლებულია პლასტიკურობას, უგულვებელყოფილია ფორმათა მოდელირების ხერხი. განსაკუთრებით სქემატურადაა შესრულებული კოლობიუმის სახელოებს ქვედა ნაწილი, სადაც არცერთი ნაოჭი არ მიანიშნებს სხეულის რომელიმე ნაწილს. სხეულის პროპორციები დარღვეულია. განსაკუთრებით დისპროპორციულადაა გადიდებული ხელები და ფეხები.
მართალია ქრისტეს სხეულის ფორმა და პლასტიკურობა ნაკლებად იგრძნობა, მაგრამ უსიცოცხლოდ დაშვებული, ატროფირებული ქვედა კიდურები, რომლებიც პირდაპირ იღლიის ქვეშ იწყება, მისადაგებულია სახელოების ნაკეცთა დინამიკასთან. სახელოების ნაკეცებს, რომლებიც ორივე მხარეზე თითქმის უკისრო თავთან იწყება, აქცენტი მაცხოვრის თავზე გადააქვს.
ქრისტეს თავს ზემოთ აღმართული წრეში ჩასმული ჯვარი ზომითა და მონახაზით ოსტატურადაა შეწყვილებული ნიკაპიდან ფეხებამდე დაშვებულ კოლობიუმთან, რაც პირობითი სქემის ფიგურალ რელიეფში მაცხოვრის სახისაკენ მზერის მიმმართველ მკვეთრ დინამიურ აქცენტად აღიქმება.
შუასაუკუნეების საქართველოში უმაღლეს დონეზე ასულ ლითონის მხატვრულ დამუშავებასთან შედარებით ლითონის მხატვრული ჩამოსხმა მკრთალადაა წარმოდგენილი, მაგრამ ყალიბში ჩამოსხმული ნიმუშები მაინც საკმაოდ გვაქვს. უშუალოდ ჯვარცმის გამოსახულებიანი ჩამოსხმული გულსაკიდი ჯვრები ცნობილია შენაქოდან, ძველი გავაზიდან, ვანის ვილაეთიდან, თეძამიდან, სოხუმიდან, ლიხნიდან, ახალქალაქიდან და ულუმბოდან. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ნიმუში ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება.
როგორც ცნობილია, ქრისტიანულ იკონოგრაფიაში, თავიდანვე ჯვარცმის ორი ტიპი გავრცელდა: ადრინდელ თეოლოგიურ ინტერპრეტაციაზე აგებული, ცოცხალი ქრისტე, რომელიც სიკვდილზე გამარჯვების იდეას გამოხატავს და დოგმატიკური დებულების სანაცვლო _ ტანჯვა-წამებით გარდაცვლილი ქრისტე. ნესგუნის ჯვრის პირდაპი მდგომი, თვალებგახელილი ქრისტეს ფიგურის გამოსახულება შეესაბამება ადრექრისტიანული დოგმატური ვერსიის ტრიუმფატორის იკონოგრაფიულ ტიპს, მასზე ადრინდელ თეოლოგიურ ინტერპრეტაციაზე აგებული ჯვარცმის („სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“) კომპოზიციაა გამოსახული.
როგორც აღვნიშნეთ, ნესგუნის გულსაკიდ ჯვარზე გამოსახულ ჯვარცმულ ქრისტეს სხეულს ნიკაპიდან ფეხებამდე დაშვებული გრძელი კოლობიუმი მოსავს. ცნობილია, რომ ადრე შუა საუკუნეების ძეგლებზე ჯვარცმული მაცხოვრის სხეული ფეხის ტერფამდე დაშვებული კოლობიუმითაა დაფარული, IX საუკუნიდან კი წინსაფრიანი ქრისტეს ტიპი მკვიდრდება. გრძელი კოლობიუმი მოსავს VII-VIII საუკუნეებით დათარიღებულ, სვანეთში დაცულ სირიულ თასზე გამოსახულ ჯვარცმულ ქრისტეს. გრძელი კოლობიუმით შემოსვის ნიმუშებია აგრეთვე საცხენისისა და კიტროულის სტელებზე (VI-VIII სს.) გამოსახული ჯვარცმის კომპოზიციები.
ზოგიერთი ნიშნებით ნესგუნის გულსაკიდი ჯვრის ახლო პარალელებია VIII საუკუნით დათარიღებული უსანეთის სტელა, სადაც ნათლისღების კომპოზიციაში ყრმა ქრისტეს კვერცხისებური უნიმბო თავი პირდაპირაა დასმული პირობითად გადმოცემულ ტანზე და VIII-IX საუკუნეების გველდესის კანკელის ფილის რელიეფი, სადაც გრძელკოლობიუმიანი ჯვარცმული ქრისტე უნიმბოდაა წარმოდგენილი.
ნესგუნის გულსაკიდ ჯვარზე ქრისტეს ფიგურა ხაზობრივ-გრაფიკულ მანერაშია შესრულებული. ფიგურა გაშლილია მთელ სიბრტყეზე, გადიდებულია კიდურების ზომები, ზედაპირი მჭიდროდაა შევსებული ფიგურით, რაც პირობითობისა და სიბრტყობრივობის შთაბეჭდილებას ქმნის. რელიეფურ დეკორში პლასტიკური ამოცანების გადაწყვეტის ორნამენტულ-სიბრტყობრივი სტილის დომინირება კი შუა საუკუნეთა ქართული ხელოვნების განვითარების ე.წ. გარდამავალი ეტაპის (VII საუკუნის მეორე ნახევარი, X საუკუნის პირველი ნახევარი) ხალხური შემოქმედებისათვისაა დამახასიათებელი.
ცალკე განხილვას მოითხოვს წრეში ჩასმული ჯვარი, .რომელიც ნესგუნის გულსაკიდ ჯვარზე მაცხოვრის თავზეა აღმართული. ჯვარცმის კომპოზიციაში მაცხოვრის უნიმბო თავს ზემოთ წრეში ჩასმული ჯვრის გამოსახვის სხვა ნიმუში, ნესგუნის გულსაკიდი ჯვრის გარდა, ჩვენთვის უცნობია. ნესგუნის ნიმუშზე წრეში ჩასმული ჯვარის გამოსახვა, ჩვენი აზრით, არ ნიშნავს დაბალი დაოსტატების ხელოსნის რომელიმე ნიმუშისადმი თავისუფალ, თვითნებურ მიდგომას. ნესგუნის ჯვარი ყალიბშია ჩამოსხმული, რაც თავისთავად ტირაჟირებას გულისხმობს. შეუძლებელია ოფიციალური ეკლესია შერიგებოდა საეკლესიო ხელოვნების კანონიკის ფარგლებს გარეთ გასვლას, ქრისტიანულ იკონოგრაფიაში დაკანონებული სქემისა და შემუშავებული ტიპის დარღვევას, მით უმეტეს ქრისტიანობის ისეთ კულმინაციურ მოვლენაში, როგორიცაა ჯვარცმა. გულსაკიდი ჯვარის შემქმნელი უთუოდ იმ იკონოგრაფიული ნიმუშით ხელმძღვანელობდა, რაც ანატვიფრის სახით ნესგუნის ჯვარმა შემოგვინახა.
როგორც ცნობილია, ქართული რელიეფების სტილის სპეციფიკა ერთი მხრივ განპირობებული იყო უცხოეთიდან მზა სახით შემოტანილ ადრექრისტიანული ტრადიციებით, მეორე მხრივ, იმ პუნქტებში, სადაც საერთოდ მიღებული ნიმუშები არ არსებობდა _ ფორმების ადგილზე, დამოუკიდებლად შექმნით, სადაც ასეთი ორიგინალური ფორმები იქმნება, შეინიშნება გარკვეული მოუხეშობა, მერყეობა, რაც გარკვეულწილად კომპოზიციური აგების, ჩანაფიქრის ერთიანობით ინიღბება. ნესგუნის გულსაკიდ ჯვარზე ქრისტეს თავზე გამოსახული ჯვარი სიმბოლურად ჯვარცმას უნდა გადმოსცემდეს. ნიშანდობლივია, რომ ქრისტიანობის ადრეულ ხანაში ჯვარცმის სიუჟეტს სიმბოლურად მისტიკური კრავითა და ჯვარით გადმოსცემდნენ, ქრისტეს ფიგურიანი ჯვარცმა კი V საუკუნიდან ჩნდება.
საქართველოში აღმოჩენილ, ყალიბში ჩამოსხმულ გულსაკიდ ჯვრებიდან ნესგუნის ნიმუში ფორმით ყველაზე მეტ მსგავსებას ლიხნის (VII-VIII სს) და ულუმბოს (VII-VIII სს)Oჯვრებთან ავლენს. მსგავსება შეინიშნება ჯვრის ვერტიკალური მკლავების ბოლოების ოდნავ გაგანიერებასა და მომრგვალებაში, ქრისტეს უნიმბოდ გამოსახვაში, ჯვარცმულის პოზაში, ფონისა და რელიეფთა დონეების ურთიერთმიმართებაში, ხელებისა და მთლიანად სხეულის პროპორციულ თანაფარდობაში.
ნესგუნის ჯვრის თარიღის საკითხის კვლევისას არსებითი მნიშვნელობისაა ჯვარცმის იკონოგრაფიაში, თუ როდის ჩნდება და მკვიდრდება გარდაცვლილი ქრისტეს სახე. მეცნიერთა ერთი ნაწილის მტკიცებით მომაკვდავი ან გარდაცვლილი ქრისტეს გამოსახულება XI ს. შუახანებამდე, ან XII საუკუნემდეც კი ცნობილი არ არის. განსხვავებული თვალსაზრისის თანახმად ჯვარცმის ახალი ტიპის ადრეული ნიმუშები IX საუკუნიდან ჩნდება. ავტორთა პირველი ჯგუფის ძირითად დასაყრდენს ნიკტა სტეთატიკოსის სწავლება წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც ჯვარცმის გამოსახულების ახლებური გადამუშავება XI საუკუნიში განხორციელებულა, მაგრამ ვ. რიაბუშინსკიმ ამ თეორიის მცდარობა არგუმენტირებულად დაასაბუთა. ამავე დროს, ჯვარცმული ქრისტეს იკონოგრაფიაში განხორციელებული ცვლილებების ქრონოლოგიის საკითხთან მიმართებაში დოგმატიკურ-თეოლო-გიურ პრობლემათა ასპექტების თეორიულ ანალიზზე გაცილებით მეტ და საყურადღებო ინფორმაციას რეალურად არსებული მასალა შეიცავს ჯვარზე გაკრული გარდაცვლილი ქრისტეა გამოსახული ევროპის მთელ რიგ ხელნაწერთა მინიატურებსა და საწინამძღვრო ჯვრებზე (მაგ.: ნიუ-იორკის P Pierpont-Margan-ის ბიბლიოთეკის IX საუკუნის სახარების ჯვარცმა, X საუკუნე. მიწურულის ბრიტანეთის მუზეუმის ფსალმუნთა ჯვარცმა, 973-982 წწ. მატილდას პირველი საწინამძღვრო ჯვარი ესენის კათედრალიდან, XI საუკუნის დასაწყისის ბერნვარდის ჯვარი ჰილდსჰეიმის ტაძრიდან), საქართველოში _ 973 წ. იშხნის ჭედურ ჯვარზე.
ნესგუნის ჯვრის დათარიღებისას გადამწყვეტი მნიშვნეობა გააჩნიათ საქართველოში სხვადასხვა დროს გამოვლენილ ჯვარცმის გამოსახულებიან გულსაკიდ ჯვრებს, რომელთა უადრესი ნიმუშები წინ უსწრებენ იმ ქართული წიგნის მინიატურის, კედლის მხატვრობის თუ ჭედურობის ძეგლებს, რომლებზეც იგივე კომპოზიციაა გამოსახული.
ჯვარცმის სიუჟეტში თვალებგახელილი ქრისტეს ე.წ. სერიული ტიპი ჩამოყალიბდა VII საუკუნიში, რისი მაგალითიცაა წმიდა მიწიდან ჩამოტანილი და რომის ლუთერანთა კაპელაში დაცული სამახსოვრო პილიგრიმული კოლოფი, რომელზე ასახული კომპოზიციები მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი უძველესი ტაძრების კედლის მხატვრობის ერთგვარ ასლებს წარმოადგენდნენ. რაც შეეხება გარდაცვლილი ჯვარცმული ქრისტეს იკონოგრაფიული ტიპის VIII საუკუნე გაჩენის და X საუკუნე საყოველთაოდ გავრცელების თაობაზე გამოთქმულ აზრს, იგი საქართველოში აღმოჩენილი გულსაკიდი ჯვრების მაგალითზე ფაქტობრივად დასტურდება. კერძოდ, ასეთებია VII-VIII სს. ყალიბში ჩამოსხმული ბრინჯაოს ჯვარცმიანი ორი ჯვარი თვალებგახელილი ქრისტეთი სოხუმიდან და ლიხნედან (აფხაზეთი), VII-IV სს. შუალედით დათარიღებული ჯვარი აღმოჩენილ ვანის ვილაეთში, სოფ. შენაქოში არქეოლოგიური გათხრებისას IX-X სს. მასალასთან ერთად გამოვლენილი IX ს. ორი ჯვარი, IX-X სს. ჯვარი ძველი გავაზის ეკლესიის სამაროვნიდან და VII ს-ის დასასრულისა და VIII ს-ის შუახანების ულუმბოს ჯვარი.
დასახელებული მაგალითების გათვალისწინებით ნესგუნის ჯვრის შექმნის პერიოდი VIII-X სს. შუალედში თავსდება. საქართველოში აღმოსავლურ ქრისტიანული ცენტრებიდან, კერძოდ სირია-პალესტინიდან შემოჰქონდათ საეკლესიო კულტის სხვადასხვა ნივთები (ჯვრები, ხატები, წმიდა წიგნები, საცეცხლურები და სხვ.), რომლებიც შემდგომ ანალოგიური დანიშნულების ინვენტარის დამზადებისას ნიმუშად გამოიყენებოდნენ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული როლი ითამაშა VI საუკუნეში ქართლში მოსულმა ე.წ. 13 სირიელი მამების დასმა, რომელთაც სამონასტრო ცხოვრების დაარსების, სარწმუნოების განწმენდის და ჭეშმარიტი რელიგიოუს ქადაგების მისია დაეკისრა და სწორედ კულტის ყველა დეტალსა და ატრიბუტზე ზრუნვის მიზნით მათ უნდა გაევრცელებინათ ასეთი `ნიმუშები“ თუ მოდელები, რომელთა მიხედვითაც ადგილობრივი ოსტატები საჭირო რაოდენობის ლიტურგიულ და სხვა დანიშნულების საეკლესიო ნივთებს ამზადებდნენ. აღმოსავლურ ქრისტიანული საცეცხლურების მაგალითზე ნათლად ჩანს ქრისტიანული სწავლების, კერძოდ სახარებისეული სცენების ძირითადი იდეის განზოგადებულ სახეებში გადმოცემის, პლასტიკური გამომსახველობის უკიდურესი ლაკონურობის, მოქმედ პირთა მინიმუმამდე დაყვანის და სიუჟეტის სიმბოლური მნიშვნელობის ხაზგასმის გამოკვეთილი ტენდენცია. ნიმუშისა და ასლის ურთიერთმიმართების პრინციპიდან გამომდინარე, ადრეული შუასაუკუნეების ქართული პლასტიკის ნიმუშები, კერძოდ კი უკვე ნახსენები გულსაკიდი ჯვრები, ანალოგიური ნიშანთვისებებით ხასიათდებიან.
ყოველივე ზამოთქმულის შედეგად ნესგუნის ჯვრის შექმნის თარიღად VI-VIII სს. გვესახება. თუ დავეყრდნობით ჩვენი ჯვრის სახვითი საშუალებების და რელიეფის პლასტიკური სტილის ნაწილობრივ მსგავსებას, ერთი მხრივ VI-VII სს. ქართული ქვაჯვარების ფიგურულ რელიეფებთან, მეორე მხრივ კი კომპოზიციური სქემის, გამომსახველობითი მეტყველების და ცალკეული ელემენტების თვალსაზრისით უფრო ახლოს მდგომ VII-VIII სს. ჯვრებს აფხაზეთიდან, გვაქვს საფუძველი თარიღი VII, ან VIII სს-ით დაკონკრეტდეს.
VIII-IX სს. ქვაში გამოკვეთილი ქართული რელიეფური ძეგლებისათვის ნიშანდობლივია იკონოგრაფიული სქემის მხოლოდ ძირითადი არსის შენარჩუნება და ერთდროულად გამოსახულებათა სკულპტურულ-რელიეფური დამუშავების გარედან შემოტანილი ტრადიციული ხერხებისა და საშუალებების უარყოფა, სიბრტყობრივ-გრაფიკული და ხაზობრივ-ორნამენტული გამომსახველობითი მანერის დამკვიდრება, სახის გამომეტყველების ხაზგასმული ექსპრესიულობა. ყველა ეს ნიშან-თვისება მეტ-ნაკლებად ნესგუნის ჯვრის ფიგურულ რელიეფშიც აისახა, ხოლო ქრისტეს თავის მოყვანილობა და სახის ნაკვთების ფორმა (ნუშისებური თვალები, წარბების მონახაზი), მას ყველაზე მეტად VIII ს. დასასრულის უასანეთის სტელასთან აახლოებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ჯვარი ორი _ ე.წ. ტრადიციული და ახალი სტილის საზღვარზე შექმნილი ჩანს და მისი თარიღი VII ს. დასასრულით და VIII ს. შუახანებით უნდა განისაზღვროს. ნესგუნის ჯვარი იმ მხრივაც აღძრავს ინტერესს, რომ საქართველოს მხატვრული ლითონსხმულის ნიმუშთა შედარებითმცირე ჯგუფის ახალი დამატებითი შენაძენია. და ბოლოს, იმისდა მიუხედავად, რომ ნესგუნის ჯვარი უშუალოდ არქეოლოგიური გათხრის პროცესში არ გამოვლენილა, ის მაინც არ უნდა განვიხილოთ მოცემულ გარემოს მოწყვეტით, შემთხვევით მონაპოვრად, არამედ იგი კონკრეტული კულტურული პუნქტის და გარკვეული დროის მკაფიოდ მეტყველი არქეფაქტია.
სტატიის ავტორი – რეზო ხვისტანი;
მასალა აღებულია წიგნიდან – `მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის~, თბილისი, 2009წ.
|