ცნობილია, რომ ათასწლოვანი ომებისა და სხვა უბედურებათა შედეგად, საქართველოს სამეფო-სამთავროთა არქივებს ჩვენს დრომდე სიგელი, ეპიგრაფიკული ძეგლი თუ უცხოური წყარო, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერის წარსულის შესასწავლად. სწორედ ამ მიზნით ვაქვეყნებთ ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ერთ ეპიგრაფიკულ ძეგლს, რომელიც წარმოადგენს ჩუქურთმიანი ქვის ფრაგმენტს (ზომა 49 X 40 სმ), ეს ასომთავრული ბოლონაკლული თერთმეტსტრიქონიანი წარწერა შემდეგნაირად იკითხება.
|
warwera |
წარწერაში ქარაგმის ნიშნად სწორი ხაზი, ხოლო განკვეთილობის ნიშნად ორი წერტილია ნახმარი. წარწერა თითქოს თავისუფლად იკითხება, მაგრამ თუ ღრმად ჩავუკვირდებით მის შინაარსს, ვნახავთ რომ წარწერის ოსტატს რამდენიმე უხეში შეცდომა მოსვლია. წარწერაში წინადადება: „შემწე ეყავ ორსავე ცხო ვრებასა შინა ერისთავთ-ერისთავთა“ მიცემით ბრუნვაშია დასმული ამ ერისთავთა საკუთარი სახელები კი სახელობითში; თუ ეს შეცდომა ასე თუ ისე მისატევებელია, ამის მომდევნო წინადადებაში კი მიუტევებელი შეცდომაა დაშვებული. აქ, ან მთელი ორი სიტყვა („და შეიწყალე“) არის გამოტოვებული, ან სიტყვა „შვილნი მათნი“ სახელობითში არის დასმული, ნაცვლად მიცემითისა. (უნდა ყოფილიყო „შვილთა მათთა“). ამდენი შეცდომების დამშვები წარწერის ოსტატისაგან არც ისე უმნიშვნელო შეცდომაა გასაკვირი , რომელიც წარწერის წაკითხვაში არც თუ უმნიშვნელო წინააღმდეგობას გვიწევს. ეს გახლავთ აქ მოხსენებული სამი ერისთავთ-ერისთავის სახელებისქარაგმების სწორედ გახსნა, პირველი ორი სახელის ქარაგმა ადვილად იხსნება (გიორგი, ივანე), მაგრამ მესამესი ძნელდება. საქმე ისაა, რომ ერისთავთა მეორე და მესამე სახელებია, ორივე ერთნაირად, იე-თი არის დაქარაგმებული. გამოდის, რომ ორივე სახელი ქარაგმების გახსნით უნდა წაგვეკითხა, როგორც „ივანე“. მაგრამ წარწერის შინაარსის მიხედვით, ეს სამი ერისთავი ერთი ეკლესიის აღმშენებელია, რაც მიუთითებს მათს აუცილებელ სახლიკაცობაზე. ისინი მამა და შვილები რომ ყოფილიყვნენ ამას წარწერაში, როგორც წესი, ხაზი გაესმებოდა; აქედან გამომდინარე, ისინი უცილობლად ძმები უნდა იყვნენ, რადგან დადიანთა სხვა ოჯახის წევრი ამ სახელოს ვეღარ დაეუფლებოდა. და თუ ეს ერისთავები ძმები არიან, მაშინ შეუძლებელია ორ მათგანს რქმეოდა ერთი და იგივე სახელი - ივანე. როგორც ჩანს, აქაც წარწერა ოსტატის შეცდომასთან გვაქვს საქმე. ეტყობა ოსტატს მესამე საკუთარი სახელის მაქარაგმებელი ასოებისათვის ადგილები შეუნაცვლებია. ასო ე რომელიც ალბათ აღნიშნავდა საკუთარი სახელის პირველ ბგერას, ბოლოში ამოუკვეთია, ხოლო ი რომელიც ბოლო ბგერას აღნიშნავდა, თავში დაუსვამს. და თუ ეს ასეა, მოვძებნოთ ოდიშის ერისთავთა ოჯახში ისეთი სამი ძმა, რომელთაგან ორს ერქვა გიორგი და ივანე, და ვნახოთ თუ დაემთხვევა მესამე ძმის სახელის ჩვენს მიერ ნავარაუდევი პირველი და ბოლო ასოები, შესაბამისად ე და ი-ს.
ხობის ეკლესიის ხატის წარწერაში ვკითხულობთ: „...პირველ შემკობელსა ხატისა ამისა შენისასა, ნათელს თანა მარჯვნით შენისა მდგომად დააწესე იგ და ძე მათი ვარდან დადიანი. მანდატურთ უხუცესი ბედან დადიანი და ცოლი მათი ბეგაჲსა ქართლის ერისთავისა ასული ხუაშაქი და ძენი მათნი ერაშაჰრი, გიორგი და ივანე მსგავსად მოწყალებისა შენისა დაიცვენ...“
|
warweriani qva zugdidis muzeumidan |
ამ საბუთიდან ჩანს, რომ გიორგი და ივანე დადიანების მესამე ძმას რქმევია „ერაშაჰრი“. როგორც ვხედავთ, ამ სახელის პირველი და ბოლო ბგერები დაემთხვნენ ჩვენს მიერ ნავარაუდევ პირველ და ბოლო ასოებს. მაგრამ აქვე შეიძლება დაგვებადოს კითხვა: თუ გიორგი ივანე და ეი ერისთავები ხობის ხატის წარწერის დადიანები არიან, მაშინ რატომ დაირღვა ძმების შორის უფროს-უმცროსობის რიგი? ჩვენ მიერ მოყვანილ წარწერებში ეს რიგი არ არის დაცული. ერაშაჰრი ხობის ხატის წარწერაში ოირველად წერია (ე.გ. უფროსად გვევლინება ძმათა შორის), ჩვენი ქვის წარწერაში კი მისი სახელი ბოლოშია ამოკვეთილი ( ე.ი. უმცროსად ჩანს).
ძმებს შორის უფროს-უმცროსობის საკითხის გარკვევაში ჩვენ გვეხმარება მარტვილის ღვთისმშობლის ხატის წარწერა:
„...უღირსი მანდატურთუხუცესი ბედანი დადიანი და მეუღლე...უღირსი ხუაშაქი, ქართლის ერისთავისა ასული, ძითურთ გიორგი და ივანე გვიოხენო“ - წერენ ოდიშის ერისთავი და მისი მეუღლე.
აქ, როგორც ვხედავთ, ერაშაჰრი არ იხსენიება, რაც მოწმობს იმას, რომ ის ამ დროს დაბადებული არ ყოფილა, ან არა და გარდაცვლილა. მაგრამ ერაშაჰარი ამ დროს გარდაცვლილი რომ ყოფილიყო, შვილების მოსიყვარულე ბედანი და ხუაშაქი ამ წარწერით ღმერთს შეევედრებოდნენ ერაშაჰრის სულის ოხებას და შესთხოვდნენ მისი ცოდვების შენდობას. ასეთ რასმეს კი წარწერაში ვერ ვხედავთ. მაშასადამე, ერაშაჰარი ძმებს შორის უმცროსი ყოფილა და ზუგდიდის მუზეუმის ქვის წარწერაში ძმათა შორის უფროს-უმცროსობის რიგი დაცულია, წინააღმდეგ ხობის ხატის წარწერისა.
ჩვენი წარწერის გიორგი და ივანე დადიანების იგივეობას ხობისა და მარტვილის წარწერებში მოხსენიებულ გიორგი და ივანე დადიანებთან ისიც უჭერს მხარს, რომ სამივე წარწერაში ამ ორ ძმას შორის უფროს-უმცროსობის რიგი დაცულია. სამივეში ჯერ გიორგია მოხსენიებული, შემდეგ კი ივანე. ამრიგად ჩვენი წარწერის მესამე ერისთავის სახელი სწორედ უნდა იყოს წაკითხული, ახლა, როცა ეს წინააღმდეგობა გადავლახეთ, გთავაზობთ ამ წარწერას:
სამებაო: სამთჳთებაო და: ერთარსებაო: შემწე ეყავ: ორსა[ვე] ცხო[ვ]რებასა: შინა: ე[რისთავთ] ე[რისთავ]თა: გ[იორგ]ი, ი[ვან]ე: ე[რაშაჰრ]ი: [და: შეიწყალე] შვილნი: [მ]ათნი: რ[ომე]ლთა ესე ეკლე[სი]აჲ სიმცირისა [გან დაარღვიეს და უდიდესი აღაშენეს]“...
ეს წარწერა წაიკითხა ცნობილმა პალეოგრაფმა, აწ განსვენებულმა თ. ბარნაველმაც და ის პალეოგრაფიული ნიშნებით X საუკუნით დაათარიღა; მაგრამ წარწერაშიარ გვაქვს ასოთა ტყუბწვეტოვანი დასრულების შემთხვევები, რაც განსაკუთრებით X – XI საუკუნეთა წარწერებისათვისაა დამახასიათებელი. ზუგდიდის მუზეუმის წარწერაში მსგავსად XII – XIII საუკუნეთა წარწერებისა „მ“-ს კუდი არა აქვს „ო“-ს კი კუდი ზევით აქვს მრგვალად აგრეხილი. მაგრამ ეს წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების გარეშეც ადვილად თარიღდება. ხობისა და მარტვილის ხატების წარწერების მიხედვით ერისთავები: გიორგი, ივანე და ერაშაჰრ დადიანები ბედან მანდატურთუხუცესისა და ბეგთა ქართლის ერისთავის ასულის - ხუაშაქის შვილები არიან. ბედანი, პ. ინგოროყვას მიხედვით მანდატურთუხუცესად ყოფილა 1260-1290 წლებში. ბეგა ქართულის ერისთავი კი რუსუდან მეფეის (1222-1245) თანამედროვეა. ჟამთააღმწერელი მას ქართლის ერისთავისა და სურამელს უწოდებს.
თუ გიორგი, ივანე და ერაშაჰრ დადიანების პაპა მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში, ხოლო მამა მეორე ნახევარში, ცხადია, მათ მეცამეტე საუკუნის მიწურულში და XIV საუკუნის დასაწყისში უნდა ემოღვაწნათ. ასეთ შემთხვევაში ეს წარწერაც XIII – XVI საუკუნეთა მიჯნით უნდა დავათარიღოთ.
სტატიის ავტორი – აბესალომ ტუღუში;
მასალა აღებულია ჟურნალიდან – „ძეგლის მეგობარი“ N45, საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოება, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1977 წ.
|