ჯავახეთის ძველი სიმაგრეები

ჯავახეთის ზეგანზე არსებულ თითქმის ყველა წინა ქრისტიანული ხანის ნამოსახლარს თავისი სიმაგრე ჰქონდა, სადაც შიშიანობისას თავს აფარებდა მოსახლეობა, პირუტყვი. გორებზე შოწყობილი ეს სიმაგრეები ერთმანეთისაგან განსხვავებულნი იყვნენ სიდიდით, ფორმით, მიუვალობით. ისინი ბევრად იყვნენ დამოკიდებულნი ადგილობრივ პირობებზე და უმეტესწილად იმეორებდნენ გორის თხემის კონფიგურაციას.

javaxeTis Zveli simagreebi


მშრალი წყობით ნაგები ეს გალავნები, ხშირად ერთგვაროვანი წესით შენდებოდა - კედლის შიდა და გარე პირები მოზრდილი, მეტ-ნაკლებად ერთმანეთს მორგებული ლოდებითაა ამოყვანილი, მათ შორის კი, უსისტემოდ ჩაუყრიათ გროვა უფრო წვრილი ქვებისა. გალავნები ზოგან თითო-ოროლა ბურჯითაა გამაგრებული, ზოგან კოშკის ნაკვალევიც ჩანს. გვხვდება გალავნის შიგნითა სადგომების ნაშთები. არის შემთხვევები, როდესაც კედლები გორათა ფერდებზედაც ეშვებიან და შუაში მოიქცევენ ტერასებზე განლაგებულ სადგომთა ბუდეებს.
მიუვალობის მიზნით, ხშირად გალავნისთვის ბლისკინაც შემოუვლიათ, რომელიც   ივსებოდა, თუ კი ეს მოსახერხებელი იყო, თუ არა და იქიდან ამოყრილი მიწის ზვინული ჰქმნიდა დამატებით დაბრკოლებას მომხდურისათვის. წყლიანი ბლისკინები ახლავთ ჯავახეთის ტბათა ნაპირებზე შემორჩენილ სიმაგრეებს: ორლოვკის, ბუღდაშენის, მადათაფის, ხანჩალის ტბებთან. იქაური ნასოფლარები ტერასებად ეშვებიან ტბისკენ, სადაც ნაპირზე ან ნახევარკუნძულზე დიდი ლოდების მშრალი წყობით სასიმაგრო გალავნებია შექმნილი. მათთან მისადგომ მხარეს გაჭრილი არხი წყლით ივსებოდა. სიმაგრეთა წყება ზოგჯერ გზათა მიმართულებასაც მიგვანიშნებს.

simagre xanCAlis tbasTan

მიუხედავად ფუნქციური და ტექნიკური მსგავსებისა, ჯავახეთის ზემოხსენებული სიმაგრეები არ შეიძლება ყველა ერთი პერიოდისა იყოს. ამას მოწმობს იქ მოძიებული ზედაპირული მასალა - კერამიკული ფრაგმენტები სხეადასხვა ეპოქისა. ისინი ზოგ შემთხვევაში ამ სიმაგრეთა მეორად გამოყენებაზე მეტყველებენ, ზოგჯერ კი სხვადასხვა ეპოქაში მათი მშენებლობის უწყვეტ ტრადიციას ადასტურებენ.
ჯავახურ სიმაგრეთა დიდი ნაწილი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. გამონაკლისია ამირანის გორა ასალქალაქთან, სათხის, ბარალეთის ამაღლების და საროს სიმაგრეები. ქართული მითოლოგიის ლეგენდარულ ამირანთან მისი სახელის დაკავშირება უნდა მოწმობდეს ჩვენი წინაპრების გარკვეულ წარმოდგენაზე, მათ რომ ჰქონიათ ამ გორის სიძველეთა შესახებ. ამირანის გორაზე ნაპოვნია აშელური ხანის ადრეული საფეხურის ქვის იარაღები. მთის ფერდობებზე გამოვლენილია ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი და სამაროვნები, ტერასულად განლაგებული ქვის ნაგებობები. გორის თხემის მოსწორებულ ფართობს გალავანი შემოუყვება, ზემოაღწერილი წესით ნაგები: მშრალად ნაწყობ საპირე ლოდებს შორის ჩაყრილი ხურდა. კედლის სისქე 2-2,5 მ-ია, შეიმჩნევა ნახევარწრიული ბურჯები. გალავნის შიგნით მოჩანს სადგომთა ბუდეები. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თარიღდება ძვ.   III ათასწლეულით, II-ის დასასრულით და I-ის დამდეგით.

simagre sofel spasovkasTan simagre sofel dadeSTan

yaurma

ამირანის გორას ვახუშტი ბატონიშვილიც იხსენიებს ჯავახეთის აღწერისას. ივ. როსტომაშვილს ამირანის გორის გალავანში შეუმჩნევია კირხსნარის გამოყენებაც, მახლობლად ყოფილა ნიშად ქცეული ეკლესიის მცირე ნანგრევი.
სათხის სიმაგრე სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კლდოვან ქედზეა. ნალისებურ თხემს მთელ პერიმეტრზე ევლება 3 გალავანი, რომელიც სწორი კედლით იკვრება და ზღუდავს 6 ჰა ფართობს. კედლის წყობა ისეთივეა, როგორც ამირანის გორაზე, ოღონდ საპირე ლოდები კედლის გარეთა მხარეს უფრო მოზრდილია, ამიტომ სისქეც 4 მ-მდე აღწევს. აქაც ნახევარწრიული ბურჯებია, რომლებშიც ორგან კირხსნარია ნახმარი აშკარა მოწმობა სიმაგრის მეორადი გამოყენებისა. გალავნის შიგნით, სამხრეთის მხარეს კედლით გამოყოფილი შიდაციხე ან კოშკია მოწყობილი, რომლის ფართობია 22 მ X 10 მ. ქართველმა და უცხოელმა არქეოლოგებმა ერთად გათხარეს სათხის სიმაგრის შიდა ტერიტორია. სხვადასხვა ეპოქის ფენებიდან, უძველესი განეკუთვნებოდა ადრებრინჯაოს ხანას (მე-III ათასწლეულის I ნახევარი).
სიმაგრის ჩრდილოეთით 1991 გაითხარა ადრევე გაძარცული ყორღანი ადრებრინჯაოს მოგვიანო ხანისა. სიმაგრის შიგნით გავლებულმა მცირე დაზვერვითმა შურფებმა კი გამოავლინა ამავე ტერიტორიის ათვისება ელინისტურ და შუა საუკუნეთა ხანაში, სწორედ ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარის თავზე. გამთხრელ არქეოლოგთა მოსაზრებით, სათხის სიმაგრის კედლები შესაძლოა არსებობდნენ ადრებრინჯაოს ხანიდან, დასაშვებად მიაჩნიათ მათი მიკუთვნება უფრო გვიანი პერიოდისათვისაც, მაგრამ მაშინ აუხსნელი რჩება მათი პრიმიტიული ფორმა და ცუდი შემონახულობა. აღსანიშნავია, რომ სათხის სიმაგრე შირაკიდან მომავალ გზაზეა, რომელიც შემდეგ ჭიქიანის ობსიდიანის საბადოებისა და თორ-გუჯარეთისაკენ მიემართება.
ბარალეთის ამღლების გორის სასიმაგრო კედელი შესაძლოა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანისა იყოს, თუმცა იქაცაა ადრებრინჯაოს ხანის განათხარი მასალა, ამირანის გორის მასალის მსგავსი.
საროს სიმაგრე მტკვრის კანიონიდან ზეგანზე ამომავალ გზას უდგას ყელში. ის უკეთაა შენახული, ვიდრე ზემოთ. აღწერილი ორი სიმაგრე. მშრალი წყობის კედლები აქ უფრო მასიურია, არის კირხსნარზე ნაგებიც. კედლის სისქე 3 მ-დეა. შერჩენილია კოშკიც, ვეება დარბაზი ფართობით 50მ X 25მ, ორი ოროთახიანი ნაგებობა, დარნები და საროები. მტკვრისპირიდან ზეგანზე ამომავალ გზაზე გამოქვაბულებია სახელწოდებით ,,ქვაბიკარი”, ამოსასვლელში მართლაც კლდეკარია გაჭრილი.
არქეოლოგიური სამუშაოები საროში ჩაატარა მესხეთ-ჯავახეთის ექსპედიციამ. სიმაგრის გარეთ აღმოჩნდა სამაროვანი მე-XV-XIV სს. და ელინისტური ხანისა. სიმაგრის ტერიტორიაზე მოპოვებული კერამიკული მასალა ძირითადად გვიანბრინჯაოს ხანისაა, არის უფრო ადრეულიც, ასევე იპოვება შუა საუკუნეთა ხანისაც. გამთხრელთა ვარაუდით, საროს სიმაგრის ძველი კედლები შეიძლება ელინისტურ და უფრო ადრეული ხანის ფენას დაუკავშირდეს.
საროს სასიმაგრო ნაგებობა შუა საუკუნეებშიც მოქმედებდა. ცნობილია იქაური წარწერა XII ს-ისა, სადაც ციხის აგებაზეა საუბარი. იქ უნდა იგულისსმებოდეს ზემოხსენებული კოშკი, რომელიც კირხსნარის გამოყენებით უშენებიათ.
აღწერილი სიმაგრეები, როგორც ვნახეთ, უძველესი ნასახლარების სიახლოვესაა და, უნდა ვიფიქროთ, მათი განვითარების შედეგად ჩამოყალიბდნენ. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს არქეოლოგიურად შესწავლილ ძეგლებზე ქვემო, შიდა და ზემო ქართლში.
ამ თვალსაზრისით განსხსვავებული ვითარება ჩანს ჯავახეთის ორ ძველ სიმაგრეზე შაორსა და აბულში. შაორის „სიმაგრე ფარავნის ტბის სიახლოვესაა, მის ჩრდილო-დასავლეთით მყოფ კლდოვან მთაზე, 2751 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. მას იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც წერს, რომ ფარავნის ტბასო  „ერთვის წყარო შაორისა, მდინარედ გამომდინარე კლდიდამ და სავსე არს კაილმახითა. ხოლო შაორის მთის თხემსა ზედა დგას ციხე დიდროვანის ლოდითა ნაშენი“. ავტორი რატომღაც არაფერს ამბობს, რომ ეს ციხე მშრალად ნაგებია „უქვითკიროდ“. ასეთი ტერმინი მას ნახმარიც აქვს რკინის ციხის დახასიათებისას სკვირეთისხევში.
შაორის სიმაგრის აშენება დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით განპირობებული უნდა იყოს მთის მიუვალობით, მორენული ღვარით. რომლითაც დაფარულია თხემი და მთის კალთები. ე.ი. სიმაგრისათვის საშენი მასალა აქ ადგილზევეა. ამ ქვების შერჩევით და ერთმანეთზე მორგებით შესაძლებელია საკმაოდ მყარი კედლების ამოყვანა. ზემოთ აღწერილ სიმაგრეებთან შედარებით, შაორზე გაცილებით რთული ნაგებობანი, ჯერაც კარგად იკითხება. ქვედა გალავანში დაყოლებული შესასვლელით ავდივართ სიმაგრის იმ ნაწილში, რომელიც ამავე მთის უფრო დაბალ თხემზეა მოწყობილი. გალავნის შიგნით აქ რამდენიმე სათავსია. ლოდოვანებზე სიარულის გასაადვილებლად აქედან ზევით. სამ მეტრამდე სიგანის ბრტყელი ქვებით ნაწყობი გზა მიემართება, რომლის გასწვრივ სამალავი ბლინდაჟებია გამართული. სიმაგრის მთავარ ნაწილს   „ზედაციხე“ წარმოადგენს. ესაა გალავანი ერთი დაბალი შესასვლელით, რომლის შიგნითაც მიშენებულია ერთი ან ორსართულიანი სადგომები. მათი რაოდენობა ორ ათეულს აღემატება. მშრალად ნაწყობი კედლის სიმაღლე ზოგან 4 მ-ია, სიგანე 3  მ-დე აღწევს. გალავნის შიდა სადგომთა უმეტესობას ცალკე შესასვლელი აქვს, ზოგს კი ერთმანეთთან კარი აკავშირებს.

Saoris cixe
გალავნის გარეთაც კარკნალში დარან-სამალავთა მთელი ჯგუფია. არსად ჩანს საისრე-სამზერები, წყალიც მთის ძირში იქნებოდა. სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო სოფ. შაორი, რომლის სახელს

მიიღებდა მთაცა და სიმაგრეც. სოფლის სახელად შაორი რაჭაშიც გვხვდება, იქაც ტბის ნაპირზე (ამჟამად შაორის წყალსაცავია). მოსახლეობის მიერ შაორის სიმაგრის გამოყენებაზე შემდგომ ხანებში მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ XIX ს-ის მიწურულს იქაურ ერთ სენაკში ორი ქვაჯვარი უნახავთ.
კიდევ უფრო გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 2800 მ-ის სიმაღლეზე. აქაც მთელი ქედი თხემიდან სოფ. აბულამდე მორენებითაა დაფარული. ამით უსარგებლიათ ძველთაგანვე და ლოდების მცირე გადაადგილებით მიუღიათ დარან-სამალავები, რომლებსაც ვიწრო, დაბალი შესაძრომი აქვთ. საკმარისია შესაძრომზე ერთი ლოდის აფარება და ყველაფერი შეუმჩნეველია, ის აღარაფრით გამოირჩევა ქვიანი მასის საერთო გროვიდან. ციხე-გალავანი ამ დარნების შუაში, მაღალ ადგილზეა აგებული. ის შედგება გალავნის, „შიდაციხისა“ და მის კედლებზე შიგნიდან მიშენებული სათავს-სადგომებისაგან.

abulis cixe

მიუხედავად იმისა, რომ წყობა ყველგან მშრალია,  კედლების სიმაღლე ზოგან 5 მ-დე აღწევს, სიგანე კი 3 მ-ია. „შიდაციხე“ მოიცავს ფართობს დაახლ. 60მ X 40მ. დასავლეთის ორი კუთხე მართია, აღმოსავლეთისა მომრგვალებული. ბურჯებიდანაც ორი მრგვალია, სამი ოთხკუთხა. შესასვლელი ორია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. 
ციხის შიგნით 40-მდე სადგომია კედლებსა და ბურჯებზე მიშენებული ზოგან ორ-სამ სართულად. აღმოსავლეთით ტერასებად დაშვებული სამალავები ისევე, როგორც გალავნის შიგნითა სათავსები, სხვადასხვა გეგმისაა: 1. წრიული დიამეტრით ორი მ; 2. მოგრძო დარნები, რომლებსაც ერთი ბოლო მომრგვალებული აქვთ, მეორე სწორკუთხა, ფართობია 4მ X 2მ; 3. მოზრდილი, სწორკუთხა ოთახები.
პირველი ორი ტიპის სადგომების გადახურვა ერთნაირია: ვერტიკალური კედლიდან თანდათან, ცენტრისკენ საფეხურებად გადმოწეული ბრტყელი ფილები იძლევიან ხის დარბაზების მსგავს გვირგვინს. დიდი ოთახების სახურავები ყველგან ჩაქცეულია, შესაძლოა მათ ბანური გადახურვა ჰქონდათ.
აბულის სიმაგრის სამხრეთით, ქედზე წყარო გამოდის, რაც გააძლიერებდა თავდაცვისუნარიანობას.
ზემო ჯავახეთის ორი უმაღლესი მწვერვალი დიდი და პატარა აბულის სახელს ატარებს. აბული ჰქვია მათ შორის მდებარე სოფელსაც, რომლის სახელი მთებზე უნდა გადასულიყო. სოფლის სამხრეთ ნაპირზე ნამოსახლარი გორაა, რომელსაც თავდასაცავი გალავნის კვალი ეტყობა. აქ აკრეფილი კერამიკა წინარე და ადრე შუა საუკუნეებისაა. სოფლის დღევანდელი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი, მოზრდილი თიხის ჭურჭელი ახალქალაქის მუზეუმშია გამოფენილი. ის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება. ალბათ ამავე ხანისაა ზემოაღწერილი ნამოსახლარი გორაც. ენათმეცნიერთა აზრით, სოფლისა და მთების ამ სახელწოდებაში შეიძლება გამოიყოს სპარსული სიტყვა აბ, რაც წყალს აღნიშნავს, აბული კი წყლიან ადგილს, შედ.: აბი, აბისი.
საერთოდ აბულის დღევანდელი ,,ქორ-ოღლი” ძლიერ წააგავს შაორის სიმაგრეს-ერთგვარია ბუნებრივი პირობები, მშენებლობის ტექნიკა, გადაუხურავი ტალანები და მისასვლელები. მაგრამ აბულის სიმაგრე მაინც გამორჩეულია, იგი ერთი უპირველესი ცენტრთაგანი უნდა იყოს უძველესი დროიდან. თვალში საცემია მისი სიდიდე, სიძლიერე, მიუვალობა, სტრატეგიული მდებარეობა: მის სამხრეთით გადის გზა ფოკა-ხოსპიო-ხერთვისისაკენ. ეს გზა ოდნავ შემოვლითია, მაგრამ ზამთარშიაც ადვილად სავალი. აბულის ჩრდილოეთით მეორე, უფრო მოკლე გზაა იმავე მიმართულებისა, რომელსაც ზამთარში ნამქერი აძნელებს. ამ ორი გზის შემაერთებელი ბილიკი სიმაგრის დასავლეთითაა.
ფოკა-განძანიდან მომავალი მოკლე გზა ,,ვეშაპს” ჩაუვლის და ორ მწეერვალს შორის, უღელტეხილზე არსებულ ყორღანულ ველზე გადადის. ჯერ დაუდგენელია, აქვთ, თუ არა ამ ყორღანებს რაიმე კავშირი აბულის სიმაგრესთან, მაგრამ მათი აქვე არსებობა მაინც გასათვალისწინებელია. აბულის სიმაგრე წინაქრისტიანული ხანაშია აგებული, რომელსაც შემდგომშიც გამოიყენებდა მოსახლეობა. უფრო ზუსტ თარიღს არქეოლოგიური შესწავლა მოგვცემდა.
ჯავახეთის ძველ სიმაგრეთა მეორად გამოყენებაზე, არქეოლოგიური მასალის გარდა, წერილობითი წყაროებიც მეტყველებენ. IV ს-ის II ნახევრის რომაელი გეოგრაფოსის, კასტორიუსის მიერ შედგენილი საგზაო რუკა, აღმოსავლეთთან ვაჭრობის ახალ აღმავლობას რომ უკავშირდება, შეიცავს ცნობებს ჯავახეთზე გამავალი გზის შესახებაც. არტაშატიდან სებასტოპოლისს მიმავალ მარშუტზე, ჯავახეთის პირველ პუნქტად აღნიშნულია ფოკა-პაგას.
ფოკაში სოფლის განაპირა გორაკზე შემორჩენილია ოვალური ფორმის, მშრალი წყობის გალავანი. საპირე ქვები აქაც მოზრდილი ლოდებია შუაში კი ჩაყრილია ხურდა. ყველაზე მაღალ ადგილზე თითქოს ნაკოშკარი ბუდეა. აქ ანაკრეფ კერამიკულ ფრაგმენტებში არის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის, შუა საუკუნეთა და მოჭიქული ჭურჭლის ნატეხებიც. კედლის გარეთ შეიმჩნევა თხრილი. გალავანთან მდგარ, კოპიან ქვაჯვარზე მცირე, დარბაზული ეკლესია შემოუშენებიათ.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ ფოკას ძველი სიმაგრე-გალავანი IV ს-ში გამოიყენებოდა, როდესაც კასტორიუსს ის თავის რუკაზე დაჰქონდა. შეაკეთებდნენ მას და ისევ სიმაგრედ გამოიყენებდნენ იქ ქვაჯვრის აღმართვისა და ეკლესიის მშენებლობის დროსაც. დაბოლოს 1046-47  მეფე ბაგრატ IV-სთან ბრძოლის დროს, ლიპარიტ ბაღვაშმა „შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა“. ეს „მოადგა“ გულისხმობს ფოკას ზემოაღწერილ სიმაგრეში მყოფ მეფის მომხრეებს - იქ სხვა სიმაგრე არ ჩანს.
კასტორიუსის რუკაზე ფოკას შემდეგ, გზის გაყოლებით აღნიშნულია აბული-აპულუმ. ამ შემთხვევაშიც ძნელია მხოლოდ მაშინდელი სოფელი წარმოიდგინო და არა ის დიდი სიმაგრე, რომელიც ასე მოხერხებულად აკონტროლებდა აქეე გამავალ გზებს. მაშასადამე შეიძლება ფოკას სიმაგრის მსგავსად, აბულის მეორადი გამოყენებაც ვივარაუდოთ. საინტერესოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოს ძველ მთავართა საგვარეულოებში ასახელებს აბულელს, ერთ მათგანს კი, დავით ადმაშენებლის დროს იხსენიებს. დავითის ისტორიკოსი ამ ადგილას აბულელის მაგიერ იცნობს აბულეთს. თუ ამ საკუთარ სახელთა ამოსავალი ჯავახეთის აბული გახდებოდა, მაშინ გასაგები იქნებოდა ამ პუნქტის მნიშვნელობა შუა საუკუნეების ხანაშიც...
ზემოხსენებულ საგზაო რუკაზე, აბულის შემდეგ აღნიშნულია ხოსპია-კასპია.
ეს უკანასკნელი ქალაქის აღმნიშვნელი ორი კოშკითაა გამოხატული. ხოსპიას სიმაგრე მაღალ მთაზეა, სოფლის სამხრეთით. ლოდოვანი თხემი მშრალი წყობის კედლებითაა გამაგრებული გავრცელებული ხერხით: მსხვილ საპირე ქვებს შორის ჩაყრილი ხურდა. მოზღუდულია ფართობი დაახლ. 40 მ X 25 მ. სხვა გალავნებისგან განსხვავებით, აქ თხემიდან ამოსული კედლები მარაოსავით იშლება ფერდზე და სამკუთხა გალავანში აქცევს რამოდენიმე ტერასაზე განლაგებულ სადგომებს. ანაკრეფ კერამიკაში აქაც წინაქრისტიანულთან ერთად არის უფრო გვიანი ფრაგმენტები, ჩანს ძველი ციხის მეორადობაა აქაც მოსალოდნელი და კასტორიუსის რუკაზე მოხსენიებულ ხოსპიას მატერიალური დასაბუთებაც უჩნდება. ისიც კი შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუკაზე ადნიშნული ეს პუნქტი აერთიანებდა მახლობლად მყოფ ხორენიისა და ამირანის გორის სიმაგრეებსაც. ეგების ამიტომაც იყო რუკისეული ხოსპია ორი კოშკით აღნიშნული.
ჯავახეთის ციკლოპური ხასიათის სიმაგრეებს უახლოესი პარალელები მეზობელ თრიალეთსა და ქვემო ქართლში მოეპოვება. ბუნებრივი პირობების ერთგვაროვნების გამო (უტყეო, მოშიშვლებული ზეგანი) თრიალეთში ისინი უფრო მრავლად და თვალნათლივ ჩანან, ვიდრე ქვემო ქართლის ტყიან ხევებში. თრიალეთის ციკლოპურ ძეგლებს არქეოლოგიური ცენტრის ექსპედიცია სწავლობს გოდ. ნარიმანიშვილის ხელმძღვანელობით. იქ შესწავლილია l6 ციკლოპური ნამოსახლარი, რომელთა ქრონოლოგიური ამპლიტუდა ძვ.   XV-VII ს-თა შორის მერყეობს. თრიალეთში ჯავახეთის სიმაგრე-ნამოსახლართა ყველა ტიპი მეორდება: გალავნიანი გორა-ნამოსახლარები, ტბათა ნაპირებზე ტერასებად განლაგებული ნასახლარები და სამოსახლოსაგან გამოყოფილი სიმაგრეები.
როგორც არქეოლოგები აღნიშნავენ, ყველაზე მნიშვნელოვანი შესწავლილთა შორის არის საბეჭდავის ნამოსახლარი. ის შედგება სასიმაგრო სისტემისა და კვარტლებად განლაგებული  სამოსახლოსაგან. ფართობი-1,5 ჰა, გარშემორტყმულია 5,5 მ სიგანის კედლით, რომელიც ბაზალტის ლოდებითაა ნაგები. გალავნის შიგნით, მთელ პერიმეტრზე მიშენებულია ერთსათავსიანი სახლები. სამოსახლოს საცხოვრებლები ორ-სამ სათავსიანია და მათაც გალავანი ერტყმის. სიმაგრესა და ნამოსახლარზე აღმოჩენილი მასალა ძვ. წ. XIV-XII საუკუნეებითაა დათარიღებული.
საბეჭდავის მახლობლად შესწავლილია კიდევ ერთი ციკლოპური სიმაგრე-ნამოსახლარი - „კნოლე“. მისი ფართობი 50 მ X 60 მ-ია, ნაგებია მშრალად ნაწყობი, დაუმუშავებელი ლოდებით. კედლის სისქე აქაც დაახლ. 3 მ-ია. არქეოლოგები მას მე. VIII-VII სს-ით ათარიღებენ. საინტერესოა, რომ  მახლობლად გაითხარა იმავე პერიოდის სამაროვანი. როგორც ზემოხსენებული ძეგლების გამოქვეენებული გეგმებიდან ჩანს, თუ საბეჭდავის სიმაგრესა და სამოსახლოს საერთო გალავანი აკრავს, „კნოლეს“ სიმაგრის გარეთ განლაგებულ ნასახლარებს და სიმაგრეს საერთო გალავანი არ უჩანს. შესაძლოა, ქრონოლოგიურ განსხვავებაში სოციალური ტეხილიც აისახა. ზემოაღწერილი, გათხრილ-შესწავლილი ძეგლების მსგავსი გამაგრებული საცხოერებლები იქნებოდნენ გუმბათი და ნარდევანი, ბეშთაშენი, თეზი, აშყალა, რომლებსაც ასევე ძვ.წ. II-I ათასწლეულებით ათარიღებენ.
ხოსპიას სიმაგრე ძალიან წააგავს სამწევრისის სიახლოვეს არსებულ დონღუზ-დარას ციკლოპურ სიმაგრეს ფოლადაურის ხეობაში. იქ მთის წვერზე წრიული ნაგებობის ნაშთია, საიდანაც კედლები ეშვება ფერდებზე, იქმნება სამკუთხა ფორმის გამაგრება, მახვილი წვერით მწვერვალზე. კედლების სიგრძე იქ ას მ-ს აღემატება, სისქე კი 2 მ-ს. წყობა იქაც მშრალია. ტექნიკა - დამახასიათებელი გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სიმაგრეთა უმეტესობისათვის: მოზრდილ საპირე ლოდებში ჩაყრილი ხურდა. აღნიშნულ სიმაგრეს აღმ. მხრიდან თხრილი ჰქონია 5 მ. სიგანისა. დონღუზ-დარას ათარიღებს იქვე ნაპოვნი ადრეული რკინის ხანის ბრინჯაოს საკინძი.
ჯავახურ სიმაგრეთა ცოტა შორეულ პარალელებს ვხვდებით დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე, ასევე ვანის ტბის მიდამოებში. ყველაზე ადრე ისინი ივანოვსკიმ აღწერა, ზოგიერთი გათხარა და გამოაქვეყნა კიდეც 1911   მის მიერ გამოცემულ ნახაზებსა და აღწერებში ჯავახეთთან მსგავსებით დამახასიათებელი მეჩვენება ტაშ-ბურუნის სიმაგრე ფართობით დაახლ. 50 მ X 25 მ. სამხრეთის სწორი კედელი ჩრდილოეთიდან ნახევარწრიული კედლით იკვრებოდა. სწორ კედელს გარედან ბლისკინა ჰქონია. კედელი ამოყვანილი ყოფილა მშრალი წყობით, ერთმანეთზე კარგად მორგებული დაუმუშავებელი ლოდებით. კედლის წყობაში ჩაშენებული ურარტული ლურსმული წარწერით ირკვეოდა, რომ ნაგებობა ურარტული იყო.
მის მახლობელ კიდევ ერთ სიმაგრეზე ავტორს აღწერილი აქვს ფარავნის შაორის მსგავსი, ლოდოვანზე გამართული, ეტლით თუ ცხენით მისასვლელი გზა.
არარატის ველზე არსებული ყველაზე დიდი ციკლოპური სიმაგრე 5 ბურჯით ყოფილა გამაგრებული, ხოლო ყველაზე გრძელი კედელი 200 მ-ს აღწევდა.
ხოსპიას სიმაგრის მსგავსი ჩანს ჩილდირის ტბის ნახევარკუნძულზე, მთაზე არსებული გამაგრება, არასწორი სამკუთხა ფორმისა, მახვილი კუთხით მწვერვალზე, ქვევით გაშლილი კედლებით. იქ ნათლად ჩანდა დიდ საპირე ლოდებს შორის, მშრალად ჩაყრილი ღორღი. კედლებს შორის სადგომები იყო, ხოლო თხემზე-სამკუთხა კოშკის ნაშთი. აქვე უნახავს ავტორს მოგვიანო ხანის, მრგვალი კოშკი კირხსნარით ნაშენი, სიმაგრის მეორადი გამოყენების უტყუარი ნიშანი გვიან ხანაში.
სომხეთის ტერიტორიაზე წინარეურარტული და ურარტული ხანის სიმაგრეები შეისწავლეს ბ. პიოტროვსკიმ და ლ. გიუზალიანმა XX-ს-ის 30-იან წლებში. მათ ნარკვევში დახასიათებული ძველი სიმაგრეები მრავალმხრივ მსგავსებას ამჟღავნებენ ჯავახურ ნაგებობებთან: სიმაგრის ციტადელის ფორმას განსაზღვრავს გორის თხემის კონფიგურაცია; დაუმუშავებელ, მშრალი წყობის ორპირ ლოდებს შორის ჩაყრილი ხურდა; ციტადელის გარეთ არსებული კედლები ყველგან არ იკვრება, ხშირია ბურჯებით, გამაგრება; იქაური გორები და ქედები ბუნებრივი ლოდოვანებითაა დაფარული, რაც ძნელად გადასალახია; არის კედლები ერთპირად ჩალაგებული, მშრალად ნაწყობი მოზრდილი ლოდებით, ისინი ბუნებრივად მიუვალ ადგილებს არ ახლავთ; ხშირად სიმაგრის მახლობლად გვხვდება ყორღანები, შიგნით ქვაყუთიანი სამარხებით, რომელთა განათხარი მასალა „ბრინჯაოს ხანისაა“; იპოვება უფრო ადრეული ხანის ანაკრეფი კერამიკა და ისრისპირები.

ატამხანის მახლობელი ტბის ნაპირზე ავტორებს აღწერილი აქვთ მცირე გორაკზე არსებული ციკლოპური სიმაგრე, რომელიც ძალიან წააგავს ჯავახეთის ტბებთან ზემოაღწერილ მცირე გამაგრებებს. იქაც ისევე, როგორც ჩვენთან, სიმაგრის ციტადელი ორპირი კედლისაა, შუაში ღორღით. ფერდზე ტერასებად განლაგებულ ნასახლარებს ერტყმის ტბამდე ერთრიგად ჩალაგებული ლოდები, მშრალად ნაგები კედლები. იქ აღმოჩენილ ლურსმულ წარწერაში იხსენიება „სამეფო ქალაქის აღება“.
ავტორები სრულიად სამართლიანად ასკვნიან, რომ აღწერილი სიმაგრეები სხვადასხვა ეპოქისაა. წინარეურარტული სიმაგრეები ურარტულ ხანაშიც მოქმედებდნენ და ზოგიერთი I ს-მდეც აგრძელებს არსებობას. არის შემთხვევები, როდესაც შუა საუკუნეთა ხანის კედლები ურარტული ხანის სასიმაგრო კედლებზეა ამოყვანილი. ყველაფერ ამას ადასტურებს ანაკრეფი კერამიკა და არქეოლოგიური გათხრები.
ამ ძველ სიმაგრეთა სოციალური ბუნების გასაგებად ისინი გარეგნული ნიშნებითაცაა წერილში დაჯგუფებული. 1 ჯგუფში გაერთიანებულია წინარეურარტული და ურარტული ხანის სიმაგრეები, რომელთაც ახლავთ განათხარი სამაროვნები „ბრინჯაოს ხანისა“, (ე.ი. ძვ.   II ათასწლეულის დასასრულის და I-ის დასაწყისისა). გორების თხემზე არსებული ამგვარი სიმაგრეები მცირეა თავისი ფართობით. დასახლება განლაგებულია გორათა ფერდებზე და ძირში, ისინი უგალავნოა. სიმაგრეში მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული წრე დაეტევა, რაც ნიშანია საზოგადოების ფენებად დაყოფისა. სწორედ ასეთ საზოგადოებას იპყრობენ ურარტუელები.
II-ჯგუფში გაერთიანებულია ურარტუელების აშენებული, ლურსმულწარწერიანი სიმაგრეები. აქ უკვე დასახლებაც გამაგრებულია, მაგრამ მისგან გამოყოფილი ციტადელი საზოგადოების ზედა ფენას იცავს თავისიანებისგანაც. ესენი ნაკლებად განსხვავდებიან თანადროულ ადგილობრივ სიმაგრეთაგან და ჩანს თანაარსებობენ I ჯგუფის მოგვიანო ერთეულებთან. გამაგრებული დასახლებები, სადაც თავს იცავს ადგილობრივი მოსახლეობა, ამ წარწერაში იხსენიებიან როგორც „სამეფო ქალაქები“.
II ჯგუფის განვითარებას მივყავართ III ჯგუფამდე, რომელშიაც უკვე ქალაქური ტიპის დასახლება ჩნდება. კედლები აქაც არქაულია, მაგრამ პირველი ორისაგან განსხვავებული. ასეთ სიმაგრეებში რამოდენიმე გორაა, მაგრამ ციტადელი საერთო გალავანში რჩება.
IV ჯგუფი ადრე შუა საუკუნეებს განეკუთვნება. ეს ფეოდალთა საცხოვრებლები უკვე გამოყოფილია საერთო დასახლებისაგან.
ციკლოპური სიმაგრეები, ლურსმული წარწერების გარეშე, ბევრია აზერბაიჯანშიაც. ისინი იქაც მცირე კავკასიონის ქედებზეა და დაბლობში არ გვხვდება. ქრონოლოგიურად ზოგიერთი წინარეურარტულია, ზოგი-ურარტული ხანისა, სხვები კი უფრო გვიანიც. იქაური სიმაგრეები მიჩნეულია მცირერიცხოვანი მოსახლეობის თავშესაფრად, რომელიც თავს იცავს ასევე მცირერიცხოვანი სხვა ტომის ნახევრადმომთაბარეთაგან, ზაფხულობით საიალაღოდ რომ ამოდიოდნენ მცირე კავკასიონის მთებში. ფიქრობენ, რომ სასაპალნე გზებზე არსებული ასეთი სიმაგრეები, გარკვეული საფასურით, შესამლოა მოქარავნეებსაც გამოეყენებინათ საკულტო დანიშნულებით, რაზედაც თითქოს მიანიშნებენ არქიტექტურული თავისებურებანი.
ხანმოკლე თავდასხმაზე გათვალისწინებული ეს დროებითი თავშესაფრები, ცხადია, დიდ წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ ურარტუელთა კარგად შეიარაღებულ ჯარებს. ამითაც აიხსნება ლურსმულ წარწერებში მოხსენიებული, ერთ დღეში აღებული „ქალაქებისა“ და „ციხესიმაგრეების“ ასეთი დიდი რაოდენობა. დაწინაურებული და ძლიერი მტრისადმი გაწეულ წინაადმდეგობას უნდა შეეკავშირებინა ადგილობრივი პატარ-პატარა ტომები, რასაც მოჰყვებოდა ცვლილებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აზერბაიჯანის ციკლოპურ სიმაგრეებსაც ძვ. II ათასწლეულიდან მოყოლებული შუა საუკუნეებამდე ვარაუდობენ. ამჟამინდელი ადგილობრივი მოსახლეობა მათ „პატარა ციხეს“ „გალავანს“, „ქვის სიმაგრეებს“ უწოდებს. დაუმუშავებელი ქვების ერთიდან ოთხამდე რიგი, სიმაღლეში 3.5 მ-მდე აღწევს. გალავანი გორის თხემს ევლება ერთ, ზოგჯერ ორ-სამ რიგად, იქმნება ტერასები 5-10 მ. სიგანისა. ზოგან კედლები გორათა ფერდებზეც ეშვება. გარკვეული გეგმა მათ არ ახასიათებთ, იმეორებენ თხემის მოხაზულობას, უმეტესად ოთკუთხა, ან მრავალკუთხაა, მათი ფართობი მერყეობს 30 X 45-დან 100 X 150 ნაბიჯამდე.
ზოგიერთი სიმაგრის მახლობლად იქ გვხვდება ძველი ნასოფლარი, ქვაყუთებიანი სამაროვანი. ან მიწაყრილიანი ყორღანები. თავისი გეგმის სირთულით გამოირჩევა გევდუ-კალაჩას და აღსუ-კალაჩას ციკლოპური ნაგებობები, გორის თხემზე და ტერასებად განლაგებული, სადაც კედლის სიმაღლე 3 მ-დეა. იქ შეიმჩნევა კოშკისა და შიდა ნაგებობათა კედლები. გალავანს 3 ბურჯი ახლავს. მახლობლად დგას კალაკენდის შუა საუკუნეთა სათოფურებიანი ციხე, რომლის წყობაშიც გამოყენებულია ციკლოპური კედლის ნაწილი. სოფ. ათაბეგთან, მაღალი მთის თხემზეა ყალაბოინუ-ყალაჩასი, რომელსაც ციკლოპური გალავანი ორ-სამ რკალად ევლება. ის გეგმით წააგავს აბულის სიმაგრეს, კედლის სიმაღლე 3 მ-ია, მაგრამ არაა შიდა ნაგებობები.
ზემოაღწერილ ციკლოპურ სიმაგრეთა აღმრიცხველ-შემსწავლელი ი. ჯაფარ-ზადე ასე აჯგუფებს მათ: 1. დიდი ქვებით ერთპირად ნაგები გალავნები, რომლებიც ქვაყუთებთბანაა დაკავშირებული. ასეთები ავტორს უძველესად მიაჩნია. 2. დიდი ქვებით ნაგები, ორ-სამ გალავნიანი სიმაგრეები, ასევე დაკავშირებული ქვაყუთებთან და ქვაყუთებიან  ყორღანებთან. ისინი პირველი ჯგუფის მომდევნო ხანისაა. 3. საშუალოზე მოზრდილი ლოდებით ნაწყობი, ორ-სამგალავნიანი ნაგებობები, რომლებიც ზოგჯერ შიდა კედლითაა გაყოფილი და იქვეა მცირე ზომის ყორღანი. გალავანს გარედან მინაშენები აქვს, ხოლო სიახლოვეს ქვაყუთებიანი სამაროვანია. ქრონოლოგიურად ესენი მეორე ჯგუფის შემდგომი სიმაგრეებია. 4. მცირე ზომის ქვებისაგან ამოყვანილი ყორეები, რომელთაც წყობის არავითარი ნიშანი არ ეტყობათ. ესენი ყელაზე გვიანია.
საინტერესოა, რომ ავტორს ყველა სიმაგრე სათავდაცვო კი რა, არამედ საკულტო დანიშნულების ნაგებობად მიაჩნია შემდეგ მოსაზრებათა გამო: 1. მათ ახასიათებთ ადვილმისადგომობა, 2. დაბალი კედელი, 3. მცირე ფართობი, 4. უწყლობა და ურეზერვუარობა. ზოგან გალავნის შიგნით სამარხები გვხვდება, დღევანდელ მოსახლეობაში კი შერჩენილია ლეგენდები მათი საკულტო დანიშნულების შესახებ და ასევე შინაური ცხოველებისა, თუ ფრინველების შეწირვის ტრადიცია. გალავანში ხშირად შესასვლელი ისე დაბალია, რომ საქონელი ვერ გავა და ადამიანიც უნდა მოიხაროსო. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის ციკლოპურ ნაგებობებს არ ახასიათებთ ურარტული მშენებლობისა და ჩვენს სამხრეთ რაიონებშიც გავრცელებული ტექნიკა: ორმწკრივად დალაგებულ დიდ ლოდებს შორის ჩაყრილი ხურდა.
1956   ვანის ტბის რაიონის ძველი სიმაგრეები გამოიკვლია ბერნეიმ, რომელმაც მათ მოკლე აღწერილობასთან ერთად გამოაქვეყნა სქემატური გეგმებიც. მან თავიდანვე ყურადღება გაამახვილა იქაური მთიანი მხარის კლიმატურ პირობებსა და მეურნეობაზე, რაც დღევანდელი ჯავახეთის მსგავსია. ასეთ გარემოში აღწერილი გამაგრებული დასახლებები უფრო გასაგებს ხდის მსგავსებას ჯავახურ სიმაგრეებთან. ეს მით უფრო, რომ ლურსმულ წარწერებში მოხსენიებული ზაბახა, ვანის ტბის ჩრდილოეთით, ჩილდირის ტბის მიდამოებში იგულისხმება. ძველი ქართული წყაროები კი, ჯავახეთად მიიჩნევენ კოლა-არტანის ტერიტორიასაც.
ვანის ტბასთან გათხრილ და შესწავლილ ურარტულ სიმაგრეთაგან განსაკუთრებით საინტერესო ჩანან კეჩიკირან კალესი, დელი ჩაი კალესი და ჰისეტ კალესი, რომლებიც ჯავახურ სიმაგრეებს გვანან. მათი ფართობი 20 მ X 30 მ-დან 50 მ X 100 მ-დეა, მსგავსია ცილკოპური კედლების წყობა, ოთხკუთხა გეგმარება და ბურჯები, თითო კოშკი, ტერასები და სადგომები, კედლის სისქე-3 მ. იქ განათხარ კერამიკას ავტორი მე- IX ს-ით ათარიღებს.
ურარტული სიმაგრეები ვანის სამეფოს მოსაზღვრე რაიონებში წარმოადგენდნენ ადმინისტრაციულ ცენტრებს, ადგილსამყოფელს ურარტუელი მმართველისა და გარნიზონისათვის. ფერდობებზე მოწყობილი ტერასები არა მარტო ზრდიდნენ საცხოვრებელ ფართობს, არამედ იცავდნენ კიდეც სიმაგრის კედლებს მოცურებისაგან. ორრიგად, უხსნაროდ დალაგებულ დიდი ლოდებს შორის ჩაყრილი იყო ხურდა და კედლები შიგნიდან ზოგჯერ თიხით იყო შელესილი. გარკვეულ სიმაღლემდე მიყვანის შემდეგ მშრალად ნაწყობ ქვებზე, ხშირად, ზევიდან ალიზის კედლები ედგმებოდა.
1990-93 წლებში, გუმრის (ლენინაკანის) სამხ.-აღმოსავლეთით 15 კმ-ზე, სომხურ-ამერიკულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხარა ჰორომის ორი გამაგრებული გორა. იქაური ციკლოპური კედლების 6 რიგი 4 მ-მდე სიმაღლეზე იყო შერჩენილი. აქაც დიდ საპირე ლოდებს შორის ხურდა იყო ჩაყრილი, ხოლო კოშკს ალიზის აგურები შერჩენოდა. მათი ქვის წყობაზე დალაგებით, კედლები 10 მ-მდე სიმაღლეს მიაღწევდა, სისქე კი 3 მ. იყო.
ჩრდილოეთით მყოფ სიმაგრის კედლებს ეტყობა ურარტული მშენებლობის გავლენა: სასიმაგრო კედლების შემაგრება საყრდენებით, კონტრფორსები ყოველ 7 მ-ზე. ნიშა კოშკის კიდეზე. გალავნის შიგნით, ურთიერთდაკავშირებულ ოთახებში აღმოჩნდა აუზი ფართობით 9 მ X 10 მ. ქვედა ფენებში გაითხარა კოლექტიური სამარხი ძვ.   3350-3305 წწ. ე.ი. ურარტული არქიტექტურის ქვეშ უნდა ყოფილიყო მტკვარ-არაქსის კულტურის დასახლება, რომელზედაც გადადის მე-II ათასწლეულის I ნახევრის კულტურული ფენა.
სასიმაგრო კედელი ძირითადად წინარეურარტული და ურარტული ხანისაა, არის პოსტურარტული პერიოდისაც - მეორადი გამოყენების კვალით. ,,ადრეურარტულ“ ნაგებობებს ახასიათებთ სიმეტრიული გეგმარება, შედარებით მძიმე, საქმის ცოდნით ნაშენი კედლები. შიგნიდან ზოგან მათ შელესვის კვალი ეტყობა. ერთ ოთახში აღმოჩენილი სანელსაცხებლე მოწმობს გარკვეული სტატუსის მქონე რეზიდენტის იქ ცხოვრებას. იპოვეს კავკასიური ტიპის ისრისპირი ძვ. წ. 1000 წ. ახლო ხანებისა, ასევე კარის გასაღები რკინისა, ძვ. წ. VIII-VII ს-ებს რომ განეკუთვნება. საცხოვრებელი ნაგებობანი მიჩნეულ იქნა „ადმინისტრაციულ კომპლექსად“. „გვიანურარტულ“ ხანისად ჩაითვალა იქვე გათხრილი წყლის აუზი, საქონლის სადგომი ბაკი, კერა, პურის  საცხობი ღუმელი, გადახურვის დანახშირებული ხის ძელები.
ჰორომის სამხრეთი გორის გათხრებმა დაადასტურეს სასიმაგრო კედლის არსებობა, მის შიგნით ურთიერთდაკავშირებული სადგომები, გაურკვეველი დანიშნულების თიხატკეპნილი და ქვით მოგებული იატაკები, საფეხურები და ბაქნები, ქვის პატარა ორმო-აუზები, ქვებით მოზღუდული წრეები. ცხოველთა მრავალრიცხოვანი ძვლები გამთხრელებს აფიქრებინებს პატარა, მრავალრიცხოვანი ორმოების საკულტო, ან საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებას. სამხრეთი გორის ნაგებობანი მიჩნეულია ადრერკინის ხანის ძეგლად, რომელიც არ ადასტურებს უშუალო კონტაქტს ურარტუელებთან. ამასვე მოწმობს არქიტექტურის სიმარტივე, ციკლოპური ნაგებობის პრიმიტიულობა.
ჰორომის გამაგრებული გორების სამხრეთით და აღმოსავლეთით გათხრილი სამარხები ძვ. წ.  II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის, დასაწყისს განეკუთვნება, პრეურარტულ ხანას.
არქიტექტორ ვასტანგ ცინცაძეს თრიალეთის ნარდევნისა და სანთის ციკლოპური ძეგლების დათვალიერებისას შეუმჩნევია ქვის კედლებზე ალიზის აგურების წობის კვალი. ის მისულა დასკვნამდე, რომ მშრალი წყობის სიმაგრეთა კედლები 2-3 მ-ის სიმაღლეზე შენდებოდა ქვის ლოდებით, ზევიდან კი ედებოდა ალიზის აგურების წყობა. მას მიაჩნდა, რომ ტომის ბელადის რეზიდენცია - „ციტადელი“, „დიდი სახლი“ იყო ორსართულიანი ნაგებობა. ქვის ქვედა სართული წარმოადგენდა საქონლის სადგომს, მეორე სართული - ალიზის აგურებით ამოყვანილი, იყო ბელადის ოჯახის საცხოვრებელი. ომის დროს, გალავანში, რომელიც დიდ სახლს ეკვროდა ფერდის მხრიდან, თავს აფარებდა ხალხი და საქონელი. „დიდი სახლის“ გეგმარება აქამდე შემორჩა ციხე-სახლის სახით მაღალმთიან თუშეთში, სვანეთში და სხვ. მისივე აზრით, საქართველოს ადრე შუა საუკუნეების ციხე-ქალაქების გეგმარება, ციკლოპური გამაგრებული საცხოვრებლის შემდგომი განვითარებაა.

ურარტუს მეფე არგიშტი I-ის ლურსმულ წარწერაში, 785 წლის ლაშქრობებზეა საუბარი, სადაც დიაოხის მეზობელი ზაბახას ოლქის დაპყრობაც იხსენიება. ამ ლაშქრობისას ურარტუელები იპყრობენ ასობით ქალაქს და ათეულობით „ციხესიმაგრეს“, იტაცებენ ათასობით შინაურ საქონელს მიჰყავთ ტყვეები. მაშინ ზაბახა ჩილდირის ტბის მიდამოებში იგულისხმება, მაგრამ ცხადია, იგივე ვითარება შეიძლება ვივარაუდოთ დღევანდელი ჯავახეთის ტერიტორიაზეც. ზემოხსენებულ ტექსტებში სამხრეთ ქართული ტომების ერთ „ციხესიმაგრეზე“ 7-8 „ქალაქი“ მოდის. დღევანდელ ჯავახეთშიცაა სიმაგრის გარეშე დარჩენილი (თუ სიმაგრემონგრეული) გორანამოსახლარები. უნდა ვიფიქროთ, თანდათან „ციხე-სიმაგრეთა“ რაოდენობა იკლებდა „ქალაქების“ გაზრდის ხარჯზე. ამას ხელს შეუწყობდა ურარტუელთა გაზრდილი გავლენაც. თუკი ქართულ ენას შემორჩა ურარტული სიტყვები „ყირა“ (ე.ი. მიწა, ყირამალა, თავდაყირა),

„არი-არალე“, „ივრი-არალე“, „თარი-არალე“ (ე.ი. მოგეც არალე, მეუფეო არალე, დიდო არალე), ასევე შემოვიდოდა ურარტული კულტურულ-სოციალური მიღწევებიც.
ლურსმულ წარწერებში სამხრეთ საქართველოს ტომები იხსენიებიან მათი მხარის ზოგადი სახელებით - დიაოხი, ზაბახა, ხოლო როცა ასეთი არაა, მაშინ წერია „ამა და ამ ციხესიმაგრის, ან ქალაქის ქვეყანა“. მაშასადამე მხარე მოხსენიებულია ცენტრის სახელით. აქედან გამომდინარე, როდესაც ზაბახა ჩილდირის ტბასთან იგულისხმება, მაშინ დღევანდელი ჯავახეთი შეიძლებოდა ყოფილიყო აბულის, შაორის, საროს „ციხესიმაგრის ქვეყანა“.
სარო მიჩნეულია „ქალაქურ დასახლებად“. რას წარმოადგენდა სოციალური თვალსაზრისით შაორი და აბული-ეს ჯერ კიდევ საკვლევია, მაგრამ იქ რომ მუდმივი საცხოვრისები ყოფილიყო, ნაკლებ სავარაუდოა (ბუნებრივი პირობების გამო). ისინი შეიძლება წარმოვიდგინოთ ტომობრივ ბელადთა დროებით თავშესაფრებად შიშიანობის დროს, სადაც თავს აფარებდა მისი მხლებელ-მსახურეულობისა და მოსახლეობის ნაწილი. შესაძლოა აქვე ტარდებოდა საკულტო რიტუალებიც. რასაც არქეოლოგიური შესწავლა თუ გაარკვევს.
ხსენებული საკითხებისათვის მნიშვნელოვანია ქსენოფონტეს „ანაბასისის“ ცნობები, რომლებიც პონტოსპირეთისა და მის მეზობელ ქართველურ ტომებს ეხება. V ს-ის დასასრულისათვის იქ აღწერილია ტაოხების (ძველი დიაოხის) ქვეყანა: „ტაოხები ცხოვრობდნენ მიუვალ სიმაგრეებში და მთელი თავისი სურსათი იქ ჰქონდათ ატანილი. როდესაც ელინები  მივიდნენ ერთ გამაგრებულ ადგილთან, რომელიც ქალაქი არ იყო და სადაც შენობებიც არ მოიპოვებოდა. თუმც იქ თავი მოეყარათ მამაკაცებს და ქალებს მრავალ პირუტყვთან ერთად“. ბერძნები თავს დაესხნენ მათ.
როგორც ვხედავთ, ეს იყო მთის წვერზე გალავანშემოვლებული ადგილი, სადაც საშიშროების დროს თავს აფარებდა მოსახლეობა. სიმაგრეს ერთადერთი მისასვლელი ჰქონია, იქიდან მოიერიშე ბერძნებს დაგორებული ლოდებით იგერიებდნენ და ასახიჩრებდნენ. ბერძნებს სიმაგრე მაინც აუღიათ და უნახავთ, როგორ ცვივოდნენ ტაოხები ბავშვებიანად კლდიდან უფსკრულში,   ოღონდ ტყვეობას გადარჩენოდნენ. ,,აქ ძალიან ცოტა ხალხი იქნა ტყვედ ხელთგდებული, სამაგიეროდ ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები ვიგდეთ ხელთ"-ო.
ხალიბების შესახებ ქსენოფონტე ამბობს, რომ „ისინი რჩებოდნენ პოლისმებში (დაბა) და როდესაც ელინები ჩაუვლიდნენ, ყოველთვის ბრძოლით დაედევნებოდნენ მათ. ხალიბები ცხოვრობდნენ სიმაგრეებში და სურსათიც იქ ჰქონდათ ატანილი. ამის გამო აქედან ელინებმა ვერაფერი ვერ წაიღეს და იკვებებოდნენ ისევ იმ პირუტყვით, რომელიც ტაოხებს წაართვეს“.
დრილების შესახებ იქვე ვკითხულობთ: „როდესაც ელინები ამ მთიან ქვეყანაში მივიდნენ, დრილებმა გადაწვეს და მიატოვეს ის სიმაგრეები, რომლებიც მათი ფიქრით ადვილად ასაღები იყო. ასე რომ, აქედან არაფრის წაღება არ შეიძლებოდა გარდა ღორისა, ხარისა და სხვა შინაური პირუტყვისა, რომელიც ცეცხლს გადარჩენოდა. ერთი სიმაგრე მათი დედაქალაქი იყოც იქ მოეყარა თავი სუყველას. მას გარშემო ღრმა ხრამი ჰქონდა და სიმაგრე მისადგომად სახიფათო იყო, როცა ელინებმა ბრძოლით ვერ შეძლეს სიმაგრის აღება, რადგან მას გარშემო ორმო და მიწის  ყრილი ჰქონდა შემოვლებული, ხოლო ამ ყრილზე აღმართული იყო მესერი და მრავალი ხის კოშკი, განიზრახეს გასცლოდნენ მას... ქალაქში შეჭწრილმა მეომრებმა სძლიეს სიმაგრიდან გამომხტარ მოწინააღმდეგეს და უკანვე შეკეტეს შიდაციხეში. ელინებმა ყველაფერი, რაც შიდაციხის გარეთ იყო, დაიტაცეს და ნადავლად წაიღეს“. ბერძნებმა იქ გადაწვეს ხის სიმაგრეცა და საცხოვრებელი სახლებიც.
ქსენოფონტე აღწერს მოსინიკების ქვეყნის მეტროპოლისს და მის ციხესიმაგრეს, რომლის ხელში ჩასაგდებად მოსინიკები ორ მტრულ ბანაკად დაყოფილან. მეტროპოლისს თურმე „მოსინიკების ქვეყანაში ყველაზე მაღალი ადგილი ეკავა. მტრობა სწორედ ამ ქალაქის გამო იყო ჩამოვარდნილი, რადგან ითვლებოდა, რომ ვისაც იგი ეპყრა, ის იყო მთელი მოსინიკების ხელისუფალი. ამბობენ, რომ ამ ქალაქს მისი ახლანდელი მპყრობელები კანონიერად კი არ ფლობდნენ, არამედ თავისი უპირატესობა საერთო სამფლობელოს დაპყრობით მოიპოვეს“...
ბერძნები დაეხმარნენ პირიქითელ მოსინიკებს, რომლებსაც მეტროპოლისის დაპატრონება სურდათ. მეტროპოლისში გამაგრებული მოსინიკები ქვებისა და შუბების. ტყორცნით იგერიებდნენ მტერს. ბოლოს ისინი მაინც დამარცხდნენ, „გაიქცნენ, ცეცხლი წაუკიდეს და მიატოვეს ეს სიმაგრეც. მოსინიკების მეფემ არ მოისურვა გამოსვლა ხის კოშკიდან, რომელიც ყეელაზე მაღალ ადგილზე იყო აგებული. ეს იყო მისი სამყოფელი, სადაც მას სდარაჯობდნენ და აცხოვრებდნენ საზოგადოების ხარჯზე. მან არ მოისურვა გამოსვლა ისევე, როგორც იმ მეფემ, რომელიც ადრე აღებულ სიმაგრეში იმყოფებოდა და ისინი დაიწვნენ თავის ხის კოშკებთან ერთად“.
ჯავახეთის უძველეს სიმაგრეთა დასათარიღებლად, ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული მასალა ზოგადად ძვ. წ.  II-I ათასწლეჩელებზე მიგვანიშნებს. ქსენოფონტეს ცნობები კი გვეხმარება უფრო ძველი ვითარების წარმოსადგენად. უნდა იფიქროთ, რომ ჯავახეთში ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიეო გამაგრებული სამოსახლოები. მიუხედავად საშენი მასალის განსხვავებისა (ქვა და ხე). წინარეურარტული, თუ ურარტული ხანის ციკლოპური ნაგებობები და ქსენოფონტეს მიერ აღწერილი „ხორიები“, ერთი ტიპის მოვლენება: სუსტად გამაგრებული დასახლებები და არასაცხოვრებელი გამაგრებული პუნქტები, როგორიც ჰქონიათ ტაოხებს, სადაც მათ შეუგროვებიათ მთელი მათი მარაგი, მიუხედავად იმისა, რომ იქ სახლებიც არ ყოფილა. 
სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ციკლოპური სიმაგრეების ერთი ჯგუფი წააგავს ქსენოფონტეს „მეტროპოლიებს“. ორივეგან სახეზეა საერთო გალავანი და შიგ გამოყოფილი აკროპოლისი. „ანაბასისი“-დან ჩანს, რომ პონტოსპირეთისა და მის მეზობელ ქართველურ ტომთა სუსტად და ძლიერ გამაგრებული „ხორიები“ თანაარსებობენ. „დედაქალაქი“ იყო ერთგვარი ცენტრი, რომლის გარშემო ჯგუფდებოდნენ სუსტად გამაგრებული დასახლებანი. ალბათ, ასევე იქნებოდა ურარტულ ხანაშიც. გამაგრებული დასახლებების გაჩენა გულისხმობს მოსახლეობისა და საქონლის დაცვას მტრისაგან. მოსინიკების „ბასილევსები“ კი, როგორც ჩანს რელიგიურ ფუნქციებსაც ითავსებენ. ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ სუსტად გამაგრებული „ხორია“ ეკუთვნოდა ცალკეულ გვარს, „დედაქალაქი“ კი იქნებოდა თავისებური ცენტრი მთელი ტომისა. ამ უკანასკნელ ტიპს უნდა მიეკუთვნოს ჯავახეთის საროს, აბულისა და შაორის სიმაგრეები.




სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი,

მასალა აღებულია წიგნიდან  – „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014