ფიჭვნარის N339 სამარხში მოპოვებული ჭურჭლის შიგთავსის პალინოლოგიური კვლევის შედეგები

 

ფიჭვნარის სამაროვანი წარმოადგენს კოლხეთის ზღვისპირა ზოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს, რომელიც მდებარეობს მდ. ჩოლოქისა და ოჩხამურის შესართავთან. ფიჭვნარმა მკვლევართა ყურადღება 50-იან წლებიდან შემთხვევით აღმოჩენილი განძებით მიიქცია [კახიძე ამ. 1965:43-57]. პირველ ხანებში ფიჭვნარსა და მის მიდამოებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მცირე მასშტაბის სადაზვერვო სამუშაოები განახორციელა, ხოლო 60-იან წლებიდან, ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გახსნის შემდეგ, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ექსპედიცია ყოველწლიურად აწარმოებს სამუშაოებს. დღეისათვის მოპოვებული მდიდარი და მრავლფეროვანი არტეფაქტების მიხედვით დასტურდება, რომ ქობულეთ-ფიჭვნარის მიდამოებში საქალაქო ცხოვრების წარმოქმნა-განვითარების მძლავრი წინამძღვრები არსებობდა. ქობულეთის რაიონის გორაკ-ბორცვიანი ზოლი დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი საფეხურიდან - ახალი ქვის ხანიდან. ადრებრინჯაოს ეპოქაში ისპანსა და მის მიდამოებში ათვისებული ჩანს დაბლობი ადგილებიც, ხოლო შუა ბრინჯაოს ხანიდან მძლავრი დასახლებლები ჩნდება მდ. ჩოლოქსა და ოჩხამურის შესართავთან. ვრცელ ტერიტორიაზე შესანიშნავად დაცული კულტურული ფენების მიხედვით, დგინდება რომ გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში აქაურ მკვიდრთ ჰქონდათ ჯარგვალის ტიპის ნაგებობები [კახიძე ამ.2000:183-189]. სამშენებლო საქმიანობისა და ხელოსნური წარმოების მრავალპროფილიან დარგთა შორის წამყვანი ადგილი ეკავა მიწათმოქმედებას, მეთევზეობას, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიას, მეთუნეობას და ა.შ.
საწარმოო ძალების განვითრებასა და წარმოებით ურთიერთობაში თვალსაჩინო ძვრები ჩნდება ძვ.წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან, უძველესი სამოსახლო თანდათანობით ქალაქური ტიპის დასახლებად ყალიბდება, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ტერიტორია უჭირავს (კლასიკურ ხანაში დაახლოებით 40-50 ჰა, ხოლო ელინისტურ ხანაში 60-70 ჰა). ძვ.წ V-III სს ფიჭვნარის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობის ხანაა [კახიძე ამ. ... 1989:23-27]. ამ პერიოდისთვის ტრადიციული ჯარგვალური ტიპის შენობები თანდათანობით იცვლება ბათქაშის სქელი ფენით შელესილი ძელური ნაგებობით, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელი ჩანს აქაური ნესტიანი გარემო პირობებისთვის.
როგორც ცნობილია, ფიჭვნარის ტერიტორიაზე 1965 წლიდან მოყოლებული ხორციელდება საკმაოდ ფართო და საინტერესო საველე კვლევა-ძიებანი. აღმოჩენილია 300-ზე მეტი სამარხი და ათეულობით სააღაპო მოედანი. სამარხთა დიდი ნაწილი ინჰუმაციურია, ზოგჯერ სამარხები ცალკეულ ჯგუფებადაა განლაგებული [კახიძე ამ. 2004:183-189].
2013 წლის 13 ივლისიდან 02 აგვისტომდე ფიჭვნარის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სისტემატიური არქეოლოგიური სამუშაოები, რომელსაც ხელმძღვანებლობდა ამირან კახიძე. აგრეთვე, საველე სამუშაოებში აქტიურად ჩართული იყვნენ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლები. ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა #339 სამარხი (
NW -26, 67 კვადრატი), რომლის სიგრძეა 1 მეტრი, სიგანე კი 1.2 მეტრი (ტაბ. I,1). სამარხში აღმოჩნდა მხოლოდ ერთი თიხის ჭურჭელი – მცირე ზომის კოჭობი. მსგავსი ნაწარმი ფიჭვნარის ტერიტორიაზე ხშირად დაფიქსირებულა. არქეოლოგიური მონაცემებით იგი ძვ.წ. V ს-ით თარიღდება (ტაბ. I, 2).
tab.1 fiWvnaris N339 samarxi tab.1 samarxSi aRmoCenili koWobi tab.1 koWobis grafikuli Canaxati
კოჭობი წარმოადგენს 5 სმ სიმაღლის ჭურჭელს, რომლის მუცლის დიამეტრი 4,5 სმ-ია, ძირისა 3,5 სმ, ყურის ზედა ბოლო მიძერწილი ყოფილა დაბალ, ოდნავ გადაშლილ პირზე. მხრის არე შემკულია ორ რიგად განლაგებული თევზიფხური ნაჭდევით, მუცელი კი მჭიდროდ განლაგებული დასვრეტილი მეჭეჭების რიგით (ტაბ. I,3). თიხა კარგად არის გამომწვარი, შიგთავსი წარმოადგენს ყვითელი ქვიშის და ორგანული ნაშთების ნარევს. დღეისათვის ძალზედ აქტუალურია პალინოლოგიური კვლევა, რადგან იგი გვაძლევს უაღრესად მდიდარ ინფორმაციას უძველესი ხალხის ყოველდღიური ყოფის შესახებ. სანამ უშუალოდ კვლევის შედეგებზე გადავიდოდით, ვფიქრობთ საინტერესო იქნება თუ თანმიმდევრობით გაგაცნობდით იმ ლაბორატორიულ სამუშაოებს, რომელსაც ჭურჭლიდან ამოღებული მიწა გადის
[Rosch 2005]. გამოიყოფა სამი ეტაპი.
პირველ ეტაპი - 100-150 გრამი ნიადაგი თავსდება ფაიფურის 1000 გრამიან ჭიქაში. მას ვასხამთ მწვავე კალიუმის (ან ნატრიუმის) 10% ხსნარს და ვათავსებთ ანთებულ ქურაზე და ვადუღებთ 3-5 წუთის განმავლობაში (თან წკირით ვურევთ) შემდეგ ვაცივებთ და მიღებულ მასას ვხსნით სუფთა წყალში და ვატარებთ წვრილ საცერში, რომლის დანაყოფი 0,1 მილიმეტრია. ამის შემდგომ ნიმუშს ვათავსებთ ჭიქაში 24 სთ განმავლობაში.
მეორე ეტაპზი - ნიმუშიდან ნალექს ცენტრიფუგირებით გამოვყოფთ. შემდეგ მას ვრეცხავთ დისცილირებულ წყლით, სანამ განარეცხი წყალი არ გახდება გამჭირვალე. მიღებულ მასალას ვასხამთ კადმიუმის სითხეს და 20 წუთის განმავლობაში ვახდენთ მის ცენტრიფუგირებას. ამ პროცესის დროს ხდება ნიადაგისა და მტვრის მარცვლების განცალკევება. მცენარეთა მტვრის და სხვა სახის ორგანული ნაშთის მთელი მასა ზემოთ ამოტივტივდება, ჩვენ ჭიქაში გადმოვასხამთ, გავაზავებთ დისცილირებულ წყლით და დავტოვებთ 24 საათის განმავლობაში.
მესამე ეტაპი _ ვაწარმოებთ მიღებული ხსნარის ცენტრიფიგურებას პატარა სინჯარებში, ვრეცხავთ კადმიუმისაგან და ვაკეთებთ აცეტოლიზს, რის შედეგადაც მტვრის მარცვლები მუქდება, ანუ იღებება. ამის შემდეგ მტვრის მარცვლების იდენტიფიკაცია საკმაოდ ადვილია. აცეტოლიზის შემადგენლობაში შედის _ ცხრა ნაწილი ძმრის ანჰიდრიდი და ერთი ნაწილი მარილმჟავა. სინჟარაში მოთავსებულ ნიმუშს ვდებთ ცხელ წყალში 2 წუთით, წყლის ტემპერატურა არ უნდა იყოს 80 გრადუსზე ნაკლები. მას ისევ ვაცენტრიფუგირებთ 5 წუთით და შემდეგ ხდება ჯერ გამშრალება ძმარმჟავის საშუალებით. ბოლოს ვაწარმოებთ ნიმუშის გარეცხვას დისცილირებული წყლით. მოგროვილ მტვერს ვაშრობთ და კვლევისთვის ვათავსებთ გლიცერინში. გამოკვლევისთვის ვიღებთ თითო წვეთ მასალას და ვამზადებთ პრეპარატს. მიკროსკოპში ხდება პალინოლოგიური და არაპალინოლოგიური ხასიათის მასალის იდენტიფიკაცია და მათი დათვლა. ერთი ნიმუშიდან საჭიროა დაითვალოს არა ნაკლებ 150-200 მტვრის მარცვალი და ამდენივე სხვა სახის პალინომორფი. მასალა განისაზღვრება სინათლის ფოტომიკროსკოპ
Olympus-სის საშუალებით 200-400 ჯერ გადიდებით. ახლა კი უშუალოდ გადავიდეთ კვლევის შედეგებზე.
კვლევის შედეგები. პალინილოგიური სპექტრი მცენარეთა მტვრის და სპორების შემადგენლობით ნაკლები აღმოჩნდა. ხემცენარეთაგან ნაპოვნია ბიჭვინთის ფიჭვის
(Pinus pithyusa), რცხილას (Carpinus caucasica), ჯაგრცხილას (Carpinus orientalis) და ცაცხვის (Tilia caucasica) ერთეული მტვრის მარცვლები. არც ბალახოვნების მტვერია ბევრი. აღინიშნება ხორბლის (Tritikum) ვარდკაჭაჭას (Gichorioideae) და ასტრას (Aster) მტვერი. ნაპოვნია აგრეთვე ტყის გვიმრების სპორები.
რაც შეეხება არაპალინოლოგიური სახის მიკროსკოპიულ ნაშთებს, სპექტრში ძალიან ბევრია მტკნარი წყლის წყალმცენარეები ჭარბობს მიკროსკოპიული მწვანე წყალმცენარე პსევდოშიზეას
(Pseudoschizeae) ზიგოსპორები (ტაბ. III, 1,2), ბევრია ლურჯ-მწვანე წყალმცენარის, ანუ ციანობაქტერის რივულარიას (Rivularia) ნაშთები (ტაბ. II, 3-6). აღინიშნება აგრეთვე მწვანე წყალმცენარე სპიროგირას (Spirogyra) ზიგოსპორები (ტაბ. II, 1,2). ზოგადად წყალმცენარეთა ნაშთები სპექტრის 80% შეადგენს.
მეორე დომინანტია განახშირებული ხის მერქნის ტრაქეალური უჯრედები (ტაბ. II, 7) რომელსაც იმდროინდელი ცეცხლის კვალი აღენიშნება. განსაზღვრულია ფიჭვის ხის მერქნის უჯრედები, რომლებიც არც თუ ისე ბევრია. ჩვენი აზრით, იმ ოთახში სადაც ჭურჭელს ხმარობდნენ, ღუმელი უნდა ყოფილიყო, რომლის ნაცრის, კვამლის და ჭვარტლის მიკროსკოპიული ნაშთები ვრცელდება მთელ ოთახში და იქ არსებულ საგნებზე ჯდება.
კარგადაა წარმოდგენილი სელის ქსოვილის ბოჭკო მცირე რაოდენობით, გვხვდება ბამბის ბოჭკო, აგრეთვე აღმოჩენილია კულტურული მარცვლოვნების სახამებელი და ფიტოლიტები, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ ოთახში ფქვილი იცრებოდა (ტაბ III,3). ის რომ საცხოვრებელ ოთახში ფქვილი ნამდვილად იყო, ადასტურებს პალინოლოგიურ სპექტრში ხორბლის მტვრის მარცვლებიც, რომლებიც ყოველთვის მოჰყვება ფქვილს.
არაპალინოლოგიურ ნაშთებს შორის მცირეა სოკოს სპორების რაოდენობა. განისაზღვრა სოკო გლომუსის
(Glomus) სპორები. გლომუსი იზრდება მხოლოდ დამუშავებულ ნიადაგზე და არქეოლოგიურ მასალაში. იგი მიწათმოქმედების არსებობის კარგი ინდიკატორია [Van Gee 1986], ცოტაა აგრეთვე, მწერების და ტკიპების მიკროსკოპიულიო ნაშთები. რადგანაც ჭურჭელში აღმოჩენილი მასალის დიდ ნაწილს წყალმცენარეები წარმოადგენენ, გადავწყვიტეთ აქცენტი სწორედ მათზე გადაგვეტანა.
ჩვენ მოკლედ გაგაცნობთ ორი წყალმცენარის –
Spirogyra, Rivularia - სტრუქტურას.
მათი სტრუქტურა ძაფისებრია და ფართოდ არის გავრცელებული, ხასიათდება იმით, რომ მისი შემადგენელი უმოძრაო უჯრედები ერთი ან რამდენიმე წყებადაა განლაგებული ძაფისებურად [თოდუა ვ. 2013:87-93]. ძაფები მარტივია ან დატოტვილი, მისი შემადგენელი უჯრედები უმეტეს შემთხვევაში ერთნაირია. გვხვდება როგორც თავისუფლად მცხოვრები, ასევე სუბსტრატზე მიმაგრებული ძაფისებრი წყალმცენარეები, ტიპიური წარმომადგენელია Spirogyra - რომლის ქრომატოფორები სპირალურადაა დახვეული, მის ქრომატოფორებში მოთავსებულია ბალთების მსგავსი პირენოიდები, სახამებლის მარცვლებით. უჯრედის ღრუს უდიდესი ნაწილი უკავია ვაკუულს, რომლიც სავსეა უჯრედის წვენით. მის ცენტრში წვრილი პროტოპლაზმური ძაფებით ჩაკიდულია ბირთვი. სპიროგირას ახასიათებს კიბისებრი კონფიგურაცია.
ამრიგად, დადგინდა, რომ აგროცენოზებში მწვანე წყალმცენარეთა ალგოფლორა მნიშვნელოვნად იცვლება წლის სეზონთან ერთად მაგ. გაზაფხულზე დომინანტ სახეობებს შორის გვხვდება
Spirogyra da Pseudoshcizeae.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნადგომ სასმელ წყალში ყოველთვისაა თვალით უხილავი წყალმცენარეები, რომლებიც ჭურჭლის ძირზე ილექება. თანამედროვე სასმელი წყლის ანალიზის კვლევების შედეგები აჩვენებენ, რომ სასმელი წყლის ჭურჭელში ხშირად ილექება თვალით უხილავი წყალმცენარეები, შესასწავლი ობიექტის ანალიზი ასევე ადასტურებს მტკნარი წყლის წყალმცენარეების არსებობას, რაც გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ კოჭობს იყენებდნენ სასმელი წყლის ჭურჭელად.
ის ფაქტი, რომ წყალმცენარეთა შორის ბევრია
Pseudoschizeae da Rivularia, რომლებიც უფრო თბილ ნამდვილ სუბტროპიკულ ზონებში ვრცელდება (Medianik 2006), მოწმობს რომ ძვ.წ. V საუკუნეში კლიმატი, დღევანდელთან შედარებით უფრო თბილი და ნოტიო იყო.
tab.2 spirogira tab.2 1 rivularia; 2 xis traqealuri ujredi
რაც შეეხება ფიჭვნარის იმდროინდელ ლანდშაფტს, აქ ძვ.წ. V საუკუნეში გარდა ხორბლის მინდვრებისა, საკმაოდ ახლოს ტყეც იზრდებოდა. სადაც ბიჭვინთის ფიჭვი, ცაცხვი, რცხილა და ჯაგრცხილა იზრდებოდა. ტყის არსებობის დასტურია აგრეთვე ტყის გვიმრების
(Polypodiaceaa) სპორებიც. ის რომ კლიმატი ნამდვილად დღევანდელზე გაცილებით თბილი უნდა ყოფილიყო, რაც უკვე ავღნიშნეთ, დასტურდება ბიჭვინთის ფიჭვის მტვერის არსებობით და მისი ხის მერქნის ტრაქეალური უჯრედებით. ფიჭვის ეს სახეობა მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე ვრცელდება, და მთის რელიეფის მაღალ საფეხურებზე ზრდა და განვითარება მას უჭირს. სითბო და ტენის მოყვარულია აგრეთვე ცაცხვი და რცხილა.
ჭურჭლის შიგთავსში ნაპოვნი სელის და ბამბის ქსოვილის ნაშთები მეტყველებს, რომ იმდროინდელი ადამიანი, ძირითადად ამ ტექსტილს ხმარობდა
[Kvavadze e. 2013; Bokeria m. 2010], რაც სრულიად ეთანხმება სამარხეულ მასალაში აღმოჩენილ ქსოვილის ტექსტილს.
tab.2 psevdoSizea tab.2 seli
მეხორბლეობის განვითარება უძველეს კოლხეთში პალეობოტანიკური მონაცემებითაც დასტურდება, მაგალითად, ფიჭვნარის ტერიტორიზე 90-იან წლებში გაითხარა ნამოსახლარი, სადაც დადასტურდა როგორც ხორბალი, ისე ქერი და ფეტვი [Русишвили н. 1990].
როგორც უკვე ავღნიშნეთ, განხილული სამარხის ჭურჭლის შიგთავსში აღმოჩენილია ხორბლის მტვრის მარცვლები, მისი ფიტოლიტები და სახამებელი, რომლებიც დასალევი წყლის ჭურჭელში, ჩვენი აზრით, ფქვილის გაცრის დროს უნდა მოხვედრილყო.
ამრიგად, არქეოლოგიურ კვლევებში საბუნებისმეტყველო დისციპლინათა მონაცემების გამოყენებამ, დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა აღნიშნული პერიოდის სამეურნეო ყოფის რეკონსტრუქციის თვალსაზრისით, რაც ბუნებრივია, კვლავაც გაგრძელდება მომავალი არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად.

ლიტერატურა

1. თოდუა ვ. 2013: ბოტანიკა I ნაწილი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბ., გვ. 87-93.
2. კახიძე ამ., მამულაძე შ. 2000: ჭოროხის აუზი კოლხური კულტურის უძველესი კერა. აჭარა, ბათუმი.
3. კახიძე ამ. 1965: მასალები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძველი ქალაქების ისტორიისთვის. მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისთვის. თბ. გვ. 43-67.
4. კახიძე ამ., ხახუტაიშვილი დ. 1989: მასალები ბათუმის ძველი ისტორიისთვის ,,მეცნიერება'' თბ. გვ. 23-27.
5. კახიძე ამ. 2004 : ფიჭვნარი ტ. III, "კოლხები". თბ.

6. Русишвили н. 1990: "Культурные растения на ранних поселениях Грузии по палеоэтноботаническим исследованиям".Автореф. дис. канд. биол. наук. Кишинев, 25с.

7. Kvavadze E., Chichinadze M. 2013: Pollen and non-pollen palynomorphs in organic residue from the hoard of ancient Vani (western Georgia). Journal of Archaeological Science, 40:2237-2253.

8. Kvavadze E., Ferring C.R., Bukhsianidze M., Chagelishvili R., Martkoplishvili I., Bruch A. 2012: Non pollen palynomorphs in Early Pleistocene sediments of Southern Georgia from Early Human Expansion Corridor. Abstracts of 5-th Workshop on Non-Pollen Palynomorphs. 2-4 July 2012, Amsterdam, pp. 82.

9. Medeanic, S 2006: Freshwater algal palynomorph records from Holocene deposits in the coastal plain of Rio Grande do Sul, Brazil. Review of Palaeobotany and Palynology 141, PP. 83–101.

10. Van Geel, 1986: Application of fungal and algal remains and other microfossils in palynological analyses. In: Berglund, B.E. (Ed.), Handbook of Holocene Palaeoecology




სტატიის ავტორი – მარიკა დავაძე, ამირან კახიძე და ელისო ჭვავაძე; ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი;

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014