აღმოსავლეთ საქართველოს ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნასოფლარები
(ალაზნის, ივრისა და არაგვის ხეობათა მასალების მიხედვით)

ქართველი «სამოციანელები» და განსაკუთრებით მათი ლიდერი ილია ჭავჭავაძე ფეოდალური საზოგადოების წიაღში შექმნილ «ქართლის ცხოვრებას» სწორედ იმას უწუნებდა, რომ მასში არ ჩანს ხალხი, ისტორიის შემომქმედი საზოგადოება. ის საზოგადოება კი რომელთა ისტორიასაც დიდი ილია მოისაკლისებდა «ქართლის ცხოვრებაში», უმთავრესად სოფლად ისხდა. ბუნებრივია, ისტორიული წყაროების სიმცირის პირობებში მაშინ, როდესაც წერილობითი ძეგლების შესაძლებლობები ჩვენს ისტორიოგრაფიაში თითქმის ამომწურავადაა რეალიზებული, ერთ-ერთ ყველაზე უფრო პერსპექტიულს და იმედის მომცემს წარმოადგენს არქეოლოგიური ძიებით მოპოვებული ინფორმაცია, მაგრამ თუ ზოგადად თვალს გადავავლებთ ქართული არქეოლოგიის განვითარების დღევანდელ სურათს, გაირკვევა, რომ ყველაზე დიდი ხარვეზი სწორედ ნასოფლარების შესწავლის საქმეში გაგვაჩნია. ეს განსაკუთრებით ითქმის ადრეულ შუასაუკუნეებზე. უნდა შეინიშნოს, რომ შუასაუკუნეთა ნასოფლარების შესწავლას საქართველოში შედარებით გვიან მიექცა ყურადღება და იგი დაკავშირებულია ნ. ბერძენიშვილის სახელთან. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს არქეოლოგიურ რუკაზე აისახა მრავალი ასეული ნასოფლარი, რომელთაგან მხოლოდ ზოგიერთია გათხრილი. ფეოდალური სოფლის არქეოლოგიურ გამოკვლევაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი გ. ლომთათიძეს, ი. გძელიშვილს, ვ. ჯაფარიძეს, ო. ტყეშელაშვილს, ა. ბოხოჩაძეს, მ. სინაურიძეს, გ. ნასიძეს, ვ. ართილაყვას და სხვ. მაგრამ აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოს ნასოფლართა არქეოლოგიური შესწავლა თავიდანვე ერთგვარად ცალმხრივად წარიმართა, უფრო მეტი ყურადღება მიექცა განვითარებული შუასაუკუნეების ძეგლებს, რაც ალბათ განპირობებულია იმით, რომ შოთა რუსთაველის ორგზისი იუბილეს მზადების პერიოდში, აქცენტი სწორედ ამ პერიოდის ნასოფლარებზე იყო გამახვილებული. ადრეული შუასაუკუნეების ნასოფლარების შესწავლა ჩვენგან გაცილებით მეტ ყურადღებს მოითხოვს და ქართულ არქეოლოგიაში ეს ხარვეზი სასურველია უმოკლეს დროში იქნეს დაძლეული, მაგრამ ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნასოფლარების შედარებით ცუდი შესწავლილობა მარტო არქეოლოგიურ სამუშაოთა არასწორი დაგეგმვის შედეგი არ გახლავთ. ეს გამომდინარეობს ამ პერიოდის ძეგლთა თავისებური ხასიათიდანაც.
ადრექრისტიანული ხანის ნასოფლარების რიცხვის და ადგილმდებარეობის განსაზღვრაში დიდად გვეხმარება იმავდროული ეკლესიების და სამაროვნების ლოკალიზაცია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ადრე შუასაუკუნეთა ნასოფლარები ამ სამაროვნებიდან ძალიან შორს არაა საძებნი, ხოლო ეკლესიათა ნაშთები კი უშუალოდ ნასოფლარის მდებარეობას მიუთითებს.
როგორც არაგვის ხეობაში გასული საუკუნის 70-80-იან წლებში წარმოებულმა არქეოლოგიურმა ძიებამ გვიჩვენა, ადრე შუასაუკუნეთა ხანის ბევრი ნასოფლარი პირდაპირ გვიანარმაზული ხანის სამოსახლოებზეა აღმოცენებული და მათ ბუნებრივ გაგრძელება-განვითარებას წარმოადგენს. სადღეისოდ, როცა ჩვენ გაგვაჩნია მნიშვნელოვანი ხარვეზი საკუთრივ ადრე შუასაუკუნეთა ნასოფლარების შესწავლაში, ფართოდ ვიყენებთ მათ სინქრონული სამაროვნებიდან მომდინარე არქეოლოგიურ მასალებს და მართალია ცალმხრივად, მაგრამ მაინც ვცდილობთ გავაშუქოთ ამ სამაროვანთა შემქმნელი საზოგადოების ყოფა, მატერიალური კულტურის დონე და კულტურული წრისადმი კუთვნილება. გარკვეული დახმარების გაწევა ნასოფლარებზე მსჯელობისას შეუძლიათ გაგვიწიონ ნაქალაქარების შესწავლისას მოპოვებულმა მრავალრიცხოვანმა მასალებმა. საკვლევი პერიოდისათვის ქალაქური კულტურის რადიაცია სოფლებზე და განსაკუთრებით საქალაქო ხორაზე ძალზე დიდი იყო. ნაქალაქარების არქეოლოგია კი როგორც ცნობილია, ჩვენში განსაკუთრებითაა დაწინაურებული. წინამდებარე ნაშრომში ბუნებრივია, შეუძლებელია განვიხილოთ ყველა ის ძეგლი რომელიც სადღეისოდაა აღნუსხული ან გამოკვლეული. ჩვენ შევეცდებით მათ შორის შევარჩიოთ ისეთები, რომლებიც უკეთ წარმოგვიდგენენ ალაზნის, არაგვისა და ივრის ხეობების ნასოფლარების სახეს და შინარსს.

ალაზნის აუზის ნასოფლარები. მდ. ალაზნის აუზი გვიანარმაზულ და ადრექრისტიანულ ხანაში საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, რაზედაც ნათლად მეტყველებს ამ პერიოდით დათარიღებულ ძეგლთა სიმრავლე და მათი გეოგრაფიული განლაგება. როდესაც ადრე შუასაუკუნეთა ხანის ძეგლებს ვახსენებთ, რა თქმა უნდა ვგულისხმობთ არა მხოლოდ ნასოფლარებს, არამედ ძეგლების ფართო წრეს (ნაქალაქარებს, ნაციხვარებს, ნამონასტრალებს, ეკლესიებს და მათ ნანგრევებს, სამაროვნებს, ცალკეულ აკლდამებს, სახელოსნო კერებს, ნაგზაურებს, ნაარხალებს და სხვ.). ადრე შუასაუკუნეების ალაზნის აუზის ნასოფლარების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნა მოპოვებული ზემო ალაზნის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 1965-1966 წწ.
ალაზნის ზემო წელზე, პანკისის «ქვეყანაში», მდინარის მარცხენა ნაპირზე მდებარე სოფ. ომალოში დადასტურებულია გვიანარმაზული და ადრექრისტიანული ხანის დიდი სამაროვანი, რომელიც მოთავსებულია ალაზნის მეორე ტერასის თითქმის მთელ სიგრძეზე დღევანდელი სოფლის ფარგლებში. სამაროვნის აღმოსავლეთით უშუალოდ სამაროვნის მიჯრით და ზოგჯერ თვით სამაროვნის ტერიტორიაზე თავს იჩენს ფენისეული მასალა და საოჯახო ნამუსრევით ამოვსებული ორმოები, რომელთა შორის საკმაოდ მრავლადაა ადრე შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელთა ნატეხები. თანამედროვე სოფლის მჭიდროდ დასახლების პირობებში შეუძლებელია იქ ფართო არქეოლოგიური კვლევის ჩატარება, მაგრამ ის მასალებიც კი, რაც ომალოს მცხოვრების ბაბალე ფარეულიძის ეზოში იქნა მიკვლეული გვიჩვენებს, რომ ახ. წ. II ს-დან მოყოლებული ადრექრისტიანულ ხანამდე ალაზნის სათავეში არსებულა საკმაოდ დიდი სოფელი, რომლის ამგვარ მოცულობაზე მეტყველებს იქ აღმოჩენილი ორმოსამარხები და მათი შემცვლელი და მემკვიდრე ქვის სამარხები. თუმც უნდა შეინიშნოს, რომ სიპებით ნაგები სამარხები გავრცელებულია უფრო სამაროვნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
საყურადღებოა, რომ ალაზნის ზემო წელის თითქმის მთელ სიგრძეზე მის ორივე მხარეს მოსახლეობა საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ადრექრისტიანული ხანიდანვე, რაზედაც მეტყველებს სოფლების: ბირკიანის, ჯოყოლოს, ბალთაგორის, ქვემო და ზემო ხალაწანის, საკობიანოს, დუისის, კუწახტის, ბაყილოვანის და სხვ. პუნქტების მასალები, იქ აღმოჩენილი ადრე შუასაუკუნეების ეკლესიების ნაშთები, სამაროვნები და კულტურული ფენებიდან მომდინარე მასალა. ასე მაგ.: სოფ. დუისის ჩრდილოეთით, ადგილ «კაკლინების ხევში» სოფ. დუისის მცხოვრებთ მიუგნიათ ძვირფასი ნივთების შემცველი ქვის სამარხებისათვის. ადგილზე შემოწმებამ ცხადყო, რომ ქვის სამარხები ადრექრისტიანული იერისაა და კირქვის ფილების გარდა მათ მშენებლობაში გამოყენებული ყოფილა შირიმის ქვათლილებიც. სოფ. ქვემო ხალაწანში კი შემონახულია სამაბსიდიანი ეკლესიის (ბაზილიკის) ნაშთი, რომლის გარშემოც გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკულ ფრაგმენტებთან ერთად მოპოვებულია გვიანარმაზული ხანისა და ადრეული შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები.
ადრეული შუასაუკუნეების ძეგლთა საკმაოდ დიდი ჯგუფი მიკვლეულია მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადის კურტანაძეულის ხევში, სადაც გარდა რამდენიმე მცირე ნასოფლარისა, დადასტურებულია ადრე შუასაუკუნეთა ხანის ფეოდალური საერისთავოს ცენტრი მარელისი - მარილელ ერისთავთა რეზიდენცია, სადაც შემონახულია წმინდა მარინეს ეკლესია, საცხოვრებელ-საბრძოლო მრგვალი კოშკი და სამი სასახლის ნანგრევი, რომლებიც გეგმარებით, მხატვრულ-სტილური ნიშნებითა და სამშენებლო ხელოვნებით ძალზე ახლო დგანან ნეკრესის, კვეტერის, იყალთოს, ვაჩნაძიანის, ჭერემის და სხვ. სასახლეებთან. ამ პუნქტის გარშემო მდებარე ნასოფლარებიდან სამწუხაროდ არც ერთი გათხრილი არ არის, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ უკვე გაბატონებულია შენობათა კედლების ქვითკირით ამოყვანა, რაც კახეთის VIII-X საუკუნეების სასახლეების მიხედვით უკვე კარგად ჩანს.
მნიშვნელოვან ძეგლს, ნასოფლარს, რომელიც ადრეული შუასაუკუნეებით თარიღდება, წარმოადგენს ერალაანთ საყდარი და მისი მიმდგომი სამარხები, სადაც 1966 წ. გაითხარა საკმაოდ ვრცელი სამაროვანი. აღნიშნულ სამაროვანზე ძირითადად გაბატონებულია ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხები და ქვის სამარხები. ადრექრისტიანული ხანის ამ სამარხებში, რომლებიც მონაპოვარი მასალების მიხედვით ძირითადად V საუკუნით თარიღდება, კიდევაა შემორჩენილი დაკრძალვის წარმართული პოზა, რაც ამ რეგიონისათვის ე. ი. მთისწინეთისათვის არ უნდა იყოს უჩვეულო. მთისწინეთში და მთისა და ბარის ზღვარზე მდებარე სოფლები, როგორც ჩანს, წარმართულ წეს-ჩვეულებებს უფრო დიდხანს ინარჩუნებდნენ.
უნდა აღინიშნოს, რომ იაღსარის სამაროვანი იქვე გათხრილი ერალაანთ საყდრის სინქრონულია და მიუთითებს, რომ სამაროვნის ჩრდილოეთით, იაღსარის გორის შეფენებაზე, საკმაოდ მოზრდილი სოფელი არსებობდა. ჩვენ სამწუხაროდ სამაროვნის სინქრონულ ნაგებობებს ვერ წავაწყდით, ალბათ იმის გამო, რომ მათი შენობების კედლები ალიზით იყო ნაგები, მაგრამ იაღსრიგორის ფერდობებზე გაჭრილ საკონტროლო თხრილებში მიკვლეული თითო-ოროლა კერამიკული ნატეხი აშკარად ადრეული შუასაუკუნეებისაა.
მატნის «ქვეყანაში» ადრე შუასაუკუნეთა ხანაში მჭიდრო მოსახლეობის არსებობაზე მიუთითებს იქ ამ პერიოდის სხვა ძეგლების არსებობაც, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა მატნის ცხრაკარას სამონასტრო კომპლექსი, რომლის შემოგარენშიც არაერთი ნასოფლარია აღრიცხული. საკმაოდ პერსპექტიულია ადრექრისტიანული ხანის სამაროვანი ადგილ ახმეტის ჯვრებთან, რომლის სიახლოვესაც აკრეფილი კულტურული ფენისეული კერამიკული მასალა აშკარად ადრე შუასაუკუნეთა იერისაა.
ასევე საყურადღებოა ადრექრისტიანული ხანის ეკლესიისა და საკმაოდ დიდი ნასოფლარის აღმოჩენის შემთხვევა მატნის სიახლოვეს, ჟამთა საყდრის ეკლესიასთან, სადაც სამარხთა ყველაზე ადრეული ფენა IX-X საუკუნეებითაა დათარიღებული. ამ სამაროვნის სინქრონულ ნასოფლარში უკვე ქვითკირით ნაგები შენობებია ფიქსირებული, თუმც სამწუხაროდ სახსრების უქონლობის გამო იქ მუშაობის გაშლა ვერ მოხერხდა. ასეთივე ნასოფლარი მიკვლეულია სოფ. ბაყილოვანშიც, სადაც ადგილ ახალუბნის ყურეს სამხრეთ ფერდობზე დადასტურებულია ადრე შუასაუკუნეთა ხანის ეკლესიაც.

ადრე შუასაუკუნეთა ხანის შედარებით გვიანდელი ეტაპის რამდენიმე ნასოფლარი დადასტურებულია სოფლებში: ქისტაურში, აწყურში, იყალთოში, რუისპირში, ალავერდის მიდამოებში, ყვარელში, შილდაში, გულგულაში, ვანთაში, კალაურში, შაშიანში, ჩუმლაყში, გურჯაანში, ყოღოთოში, ხორნაბუჯში და სხვა პუნქტებში, რომელთა დათარიღება და განსაზღვრა ხერხდება ძირითადად იქ აღმოჩენილი სამაროვნებისა და ეკლესიების ხუროთმოძღვრული ანალიზის საფუძველზე. ამ ძეგლებს შორის არქეოლოგიური კვლევის თვალსაზრისით ძალზე საყურადღებოა სოფ. კალაურის ნასოფლარი, სადაც ვიზუალურადაც კარგად ჩანს, რომ IX-X სს-ში სოფლური დასახლებები უკვე ქვითკირით შენდებოდა.

ივრის აუზის ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნასოფლარები. ივრის აუზში უკანასკნელი 4 ათეული წლის მანძილზე ჩატარდა ფართო მასშტაბის არქეოლოგიური ძიება, რომლის მეშვეობითაც გამოვლენილია მრავალი ნასოფლარი, რომელთაგან რამდენიმე ასე თუ ისე კარგადაა შესწავლილი.
IX-X საუკუნეების კუთვნილი ვრცელი ნამოსახლარები, გამოქვაბული სახლები და სამაროვნებია აღმოჩენილი ივრისპირების «ქვაბების» მიდამოებში, სადაც 1970 წლიდან გაითხარა რამდენიმე ობიექტი. შენობათა კედლებში, ამ ნამოსახლარზე გამოყენებულია რიყისა და კლდის ქვები და დუღაბი. ამავე დროს, სოფლის მოსახლეობა, როგორც ჩანს, კარგად იყენებდა ბუნებრივ პირობებსაც და საცხოვრებელ სათავსოებს კვეთდა ივრისპირებში აღმართულ ქვიშაქვის კლდოვან მასივებშიაც. თუმც ცალკეული კედლების ამოსაყვანად აქაც გამოყენებულია თიხის ხსნარზე დალაგებული რიყის ქვები. სათავსოთა იატაკი თიხატკეპნილია.
ამ ნახევრად კლდეში ნაკვეთ სოფლურ სამოსახლოში განსაკუთრებით საყურადღებოა ე. წ. «ქურებიანი» სათავსო, რომელის შიდა ფართობი 12 კვ. მ-ს არ აღემატება. ამ სათავსოში აღმოჩნდა სამი ქურის ნაშთი და მათ გარშემო მიმობნეული სამზარეულო და საოჯახო ჭურჭლის (ქოთნების, ქვაბქოთნების, ჭრაქების, ხელადების და სხვ.) ნატეხები. «ქვაბების» მცხოვრებნი, როგორც არქეოლოგიური მასალების ანალიზი გვიჩვენებს, მისდევდა ლითონის დამუშავებას (რაზედაც მიუთითებს წიდების სიმრავლე), მინის წარმოებას (ნაპოვნია წუნდებული სამაჯურები და მინის წიდა) და ეგების მეთუნეობასაც. ძეგლის გამთხრელის ბ. მჭედლიშვილის ვარაუდით, ივრისპირების ნასოფლარი აოხრებული უნდა იყოს XI საუკუნეში თურქ-სელჩუკების მიერ.
ადრე შუასაუკუნეთა საკმაოდ ადრეული ეტაპის ნამოსახლარი უნდა ვივარაუდოთ სოფ. ნინოწმინდაში, სადაც შემონახულია ადრექრისტიანული ხანის საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლები. რამდენიმე ნასოფლარი ფიქსირებულია ხაშმის მიდამოებში, კერძოდ სამების ბაზილიკის სიახლოვეს და ძველი ხაშმის ტერიტორიაზე, თუმც იქ არქეოლოგიური კვლევა ჯერჯერობით არ ჩატარებულა.
ეტყობა საკმაოდ ძლიერი სასოფლო-სამეურნეო მიკრორაიონი გააჩნდა ისტორიულ ქალაქ უჯარმას, რომელიც ადრექრისტიანული ხანის გარიჟრაჟზეა ჩამოყალიბებული. სამწუხაროდ ამ ნასოფლარების მოსინჯვა უჯარმის გარშემო დღემდე ვერ მოხერხდა, თუმც სოფ. უჯარმის ტერიტორიაზე, ტახტების ღელეში და უჯარმის ჩრდილოეთით არაერთი სამაროვანი და ნასოფლარია ფიქსირებული, რომელთა ადრე შუასაუკუნეებით დათარიღება ეჭვს არ უნდა იწვევდეს.
საკმაოდ ხელშესახები შედეგებით დაგვირგვინდა არქეოლოგიური კვლევა-ძიება ივრის შუა და ზემო ნაწილში, სადაც 1950 წლიდან არა ერთი საყურადღებო ძეგლია გათხრილი. როგორც ცნობილია, აღნიშნული რეგიონი წარმოადგენდა ისტორიული კახეთის ცენტრს და მასში შემავალი შედარებით მომცრო სამი «ქვეყანა» დღეისათვის საკმაოდ კარგადაა ცნობილი. ეს «ქვეყნებია»: ჟალეთი, ერწო და თიანეთი. სამივე «ქვეყანაში» ადრე შუასაუკუნეთა ნასოფლარებთან დაკავშირებით გარკვეული წარმატება გაგვაჩნია, მაგრამ შედარებით უკეთ მაინც ერწოს «ქვეყნის» ძეგლებია გამოკვლეული.
ჟალეთის ქვეყნის სოფლური ტიპის დასახლებიდან აღსანიშნავია ბადაანის ცხრაკარას გაგრძელებაზე მდებარე ნამოსახლარი, სიონისა და საყარაულოს გარშემო მდებარე ნამოსახლარები და სამაროვნები.
ერწოს «ქვეყანაში» აღრიცხულ მრავალრიცხოვან ნასოფლარებს შორის არქეოლოგიურად მეტნაკლები სისრულით გამოკვლეულია მაგრანეთის ორი ძეგლი: ჭიჩოულების უბნის ნამოსახლარი და ქუშანაანთგორის ნამოსახლარი, რომლის გარშემოც ადრექრისტიანული ხანის ვრცელი სამაროვანია დადასტურებული.
მაგრანეთის ჭიჩოულების უბნის ნამოსახლარზე დადასტურებულია ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნამოსახლარის ნაშთი, თუმც ძეგლის ფრაგმენტულობისა და სამუშაოთა ფრონტის უქონლობის გამო ვერ შევძელით დაგვედგინა შენობათა თავისებურებანი და გეგმარება. არქეოლოგიური მონაპოვრის ანალიზისა და შედარებითი მასალების საფუძველზე  ბ. ჯორბენაძე აღნიშნულ ნამოსახლარს VI-VIII საუკუნეებიით ათარიღებდა. «ქუშანაანთგორის» მაგალითით თუ ვიხელმძღვანელებთ ჭიჩოულების უბნის ნამოსახლარზე არსებულ შენობებს უნდა ჰქონოდათ ალიზით ნაგები კედლები.
შედარებით ვრცლად შევჩერდებით მაგრანეთის ქუშანაანთგორის ადრე შუასაუკუნეებით დათარიღებულ ნამოსახლარზე, რომელიც თავისი გეგმარებით, სამშენებლო ხელოვნებითა და მონაპოვარი მასალით, შესაძლოა მივიჩნიოთ ივრის აუზის (და მთელი აღმოსავლეთ საქართველოს) ეტალონურ ძეგლად, რომლის მონაცემებმაც შესაძლოა შუქი მოჰფინოს არასათანადოდ შესწავლილ სხვა ძეგლებსაც. ქუშანაანთგორის ნამოსახლარი მდებარეობს ერწოს ველის აღმოსავლეთ ნაწილში, სოფ. მაგრანეთის ჩრდილო-დასავლეთ განაპირას, თრანულას ხევის მარჯვენა ნაპირზე.
1966 წელს აღნიშნული ადგილი გადაიხნა პლანტაჟის გუთნით, რის დროსაც სამუდამოდ დაიღუპა დიდძალი არქეოლოგიური ძეგლები. ერთი მონაკვეთი, იმის გამო, რომ რიყის ქვების მძლავრი ფენით იყო მოფენილი, ხელუხლებელი დარჩა. ამტომაც აღნიშნული ადგილი გადაურჩა ნგრევას. ერწოს ველის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სწორედ იმ ხელუხლებელ ნაკვეთზე ჩაატარა კვლევა-ძიება. 1967-1969 წწ. გაითხარა 1000 კვ. მ–ის მეტი ფართობი, რის შედეგადაც მთლიანად გაშიშვ- ლდა საკმაოდ დიდი და მრავალოთახიანი ხუროთმოძღვრული კომპლექსი. მსგავს ნაგებობათა ნაშთები, მაგრამ უკვე ღრმა ხვნის დროს დანგრეული, მრავლად აღმოჩნდა ქუშანაანთგორის სხვადასხვა უბნებზე.
თავისი მდებარეობით ჩვენს მიერ გათხრილი კომპლექსები ყველაზე უფრო ხელსაყრელი და შეიძლება ითქვას, თვალსაჩინო ადგილზე მდგარა. ადგილი, სადაც აღნიშნული შენობის ნაშთია გათხრილი წარმოადგენს ბუნებრივ შემაღლებას, რომელიც ცალი მხრიდან (სამხრეთიდან) ხელოვნურად ჩაჭრილი «ყელითაა» მოზღუდული. ასევე შედარებით «ძნელად მისასვლელია» ნამოსახლარი დასავლეთიდან ე. ი. მდინარე თრანულას ხევიდან. დანარჩენი ორი მხრიდან ნამოსახლარი ერწყმის მდ. აძეძისაკენ დახრილ საკმაოდ ფართო ველს, რომელიც ჩრდილოეთ ნაწილში XX საუკუნის 30-იან წლებამდე დაჭაობებული იყო.
არქეოლოგიური დაზვერვებით გაირკვა, რომ ჭაობები გვიანდელი წარმოშობისაა, ალბათ იმ დროისა, როდესაც ერწოს ველის სამეურნეო ყოფა საფუძვლიანად მოიშალა. ანტიკურ და გვიანანტიკურ ხანაში კი რომ ეს ასე არ იყო, იქიდან ჩანს, რომ ქუშანაანთ გორაზე ჩვენს მიერ შესწავლილი გვიანანტიკური ხანის სამაროვნის ჩრდილო ზოლი და ნასახლართა ნაშთები «შეჭრილია» ნაჭაობარში ე. ი. ანტიკურ ხანაში ხმარებაში მყოფი მიწის სავარგულები მოგვიანებით ჩანს ჭაობქვეშ მოხვედრილი. წინა წლების არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დადგენილი იყო, რომ ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნამოსახლართა გაჩენამდე ქუშანაანთ გორა მთლიანად ყოფილა ათვისებული გვიანარმაზული ხანის საზოგადოების მიერ. იმ აღმოჩენებს შორის, რომელიც აღნიშნულ ხანას განეკუთვნება, განსაკუთრებით საყურადღებოა მდიდრული სამაროვანის ერთი უბანი, სადაც მცხეთის პიტიახშთა სამარხების რანგის რამდენინე სამარხია გათხრილი.
გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარის დაქცევის შემდეგ არც თუ ისე დიდი დროის შემდეგ ქუშანაანთ გორაზე კვლავ აღმდგარა სიცოცხლე. მოპოვებული მასალების ანალიზი გვიჩვენებს, რომ ქრონოლოგიური წყვეტილი ამ ორი პერიოდის მასალებს შორის დაახლოებით ერთი საუკუნეა. ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნამოსახლარზე არქეოლოგიური თხრის დაწყებამდე ყურადღებას იქცევდა რიყის ქვებისგან შედგენილი მოგრძო 50 მ სიგრძის ქვაყრილი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ იყო დამხრობილი. საკმაოდ რელიეფურად შეზვინულ ნამოსახლარზე მოქცეული გრძელი ქვაყრილი წარმოქმნილი იყო კედლების ნგრევის შედეგად, მაგრამ როგორც ჩანს, იგი აზვინული იყო დამატებით იმ ქვებით, რომლებსაც ხვნა-თესვის დროს პოულობდნენ შენობის მიდამოებში (ეთნოგრაფიულ ყოფაში დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მიწის ხვნის
დროს ამოყრილ ქვებს აგროვებდნენ ან ნაკვეთების მიჯნაზე ან ხვნისთვის უვარგის ადგილებში). განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ხელოვნურად გაჭრილი «ყელი», რომელიც ქუშანაანთ გორას დაბალ ქედობს ნასახლარის ოდნავ სამხრეთით ე. ი. ოდნავ ზემოთ მერიდიანულად გადაჰკვეთს. იგი მდინარის ჭალიდან შემოდის და დაახლოებით 10 მ სიგანის თხრილის სახით დამრეცად აივაკებს ქუშანაანთ გორაზე. აღნიშნული «ყელის» რაობის გარკვევის მიზნით 1967 წელს იქ გავავლეთ საკონტროლო თხრილი. დაახლოებით 0,5 მ სიღრმეზე თხრილის შუა ნაწილი რიყის ქვებით აღმოჩნდა მოფენილი. გარდა ორიოდე კერამიკული მატეხისა არაფერი გვინახავს. ასე, რომ «ყელის» ფუძე ჯერ-ჯერობით არქეოლოგიურად დაუთარიღებელია.

ჩვენი აზრით, აღნიშნული «ყელი» გარდა იმისა, რომ ნამოსახლარისათვის სამხრეთიდან ქმნიდა ერთგვარ თავდაცვით ზღუდეს, ჩანს წარმოადგენდა იმ გზის ნაწილს, რომელიც ერწოს ველზე გადიოდა გვიანანტიკურსა და ადრე შუასაუკუნეებში. ამის ერთ საბუთად შეიძლება ისიც გამოდგეს, რომ თრანულას მარცხენა ნაპირზე ნამოსახლარის მოპირდაპირე მხარეს სოფ. თრანის ბოლოზე კიდევ იყო შემონახული რიყის ქვით მოკირწყლული ვიწრო გზის ნაწყვეტები, რომელიც სწორედ აღნიშნული «ყელისაკენ» მიემართებოდა. ქუშანაანთ გორაზე მიკვლეული ნაგებობა, რომლისგანაც მხოლოდ საძირკვლის დონეა შემორჩენილი, წარმოადგენს რიყის მომსხო ქვებით ტალახზე ნაგებ საკმაოდ რთული გეგმის მქონე შენობის ნაშთს, რომელიც მრავალი ოთახისგან შედგება. საყურადღებოა, რომ საძირკვლის დონეზე სულ ერთი ან ორმწკრივიანი წყობაღაა შემორჩენილი და მათ ზემოდან ფარავდა ძალზე თხელი კორდოვანი ფენა, რომლის სისქეც 30-35 სმ არ აღემატებოდა. შენობის გეგმა იკითხება თითქმის მთლიანად, მაგრამ მისი ჩრდილოეთი ნაწილი უფრო კარგადაა შემორჩენილი. რაც შეეხება სამხრეთ ნახევარს, აქ უკიდურესი კედელი სანახევროდ დანგრეულია, რაც სახნისის იქ მრავალი საუკუნის განმავლობაში მუშაობის ნაყოფი უნდა იყოს. შენობის გეგმა ასე გამოიყურება, შენობის ცენტრში თითქმის ოთხკუთხა მოყვანილობის დიდი ოთახია (სათავსო №4, ფართობი 9X8 მ), რომელსაც გარს ერტყმის შედარებით მომცრო ოთახები. ამათგან №2 სათავსო ჩატიხრულია თითქმის დიდი ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, ხოლო №3 სათავსო კი ამ დიდ ოთახს გარს უვლის სამხრეთი და ნაწილობრივ აღმოსავლეთი მხრიდან. №5 სათავსო კი ჩატიხრულია №4 დიდი სათავსოს ჩრდილოეთი კედლის უკიდურეს ჩრდილოეთ კართან. იქ ჩვენი ვარაუდით, მოთავსებული იყო ღუმელი და საკურთხევლის მსგავსი ბაქანი.

განსაკუთრებულ ინტერესს გეგმის დახასიათებისას იწვევს შენობის ჩრდლოეთი ნახევარი, სადაც გარდა ვიწრო კორიდორისა, რომელიც დასავლეთი კედლიდან დიდი ოთახისაკენ შემოდიოდა, მოქცეულია კიდევ ორი სათავსო (№№6, 7), რომელთა კედლების ნაშთებიც უფრო უკეთ იყო გადარჩენილი, ვიდრე დანარჩენი სათავსოებისა. სწორედ აქ, ამ კედელზე კარგად ჩანდა ალიზის კედელთა ის ნაშთები, რომლებიც ალბათ ქვაყრილის წყალობით იქნა გადარჩენილი. შენობის ამ ნაწილის შესწავლით ჩანს, რომ ქუშანაანთ გორის სამოსახლოზე არსებულ დიდ ნაგებობას ქონია ქვის საძირკველზე დაფუძნებული ალიზის კედლები. საყურადღებოა, რომ თუ მთელი შენობის სამხრეთი ნაწილი გეგმაში სწორკუთხედია და, თუ შეიძლება ითქვას, ერთი გეგმითაა ნაგები, კომპლექსის ჩრდილოეთი ნაწილი თავისი გეგმარებით ამას არ პასუხობს. გეგმის ანალიზისას იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე გვაქვს ორ სამშენებლო პერიოდთან. ამასთან უადრესი უნდა იყოს №4 დიდი სათავსო, თავისი გარშემოსავლელით (მასში მოთავსებული ოთახებით). უფრო მოგვიანებით ეს სახლი
უნდა გაედიდებინათ ჩრდილოეთი მხრიდან, რასაც მოჰყოლია კედლების გაგრძელება და იქ, გარდა ორი ასიმეტრიული მცირე სათავსოსი, გაუმართავთ დიდი აივანი, რომელიც აძეძს გადაჰყურებდა. გარდა ამისა, ძირითადი შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს, იქვე გაითხარა კიდევ ერთი ცალკე მდგომი ერთოთახიანი შენობა, რომელიც საერთო გეგმარებითა და ქვის წყობის მანერით უფრო ახლოსაა ძირითადი ნაგებობის პირველი სამშენებლო პერიოდის ოთახებთან.
ამრიგად, ქუშანაანთ გორის სამოსახლო კომპლექსი შედგება ძირითადი შენობისაგან, რომელსაც აქვს 7 სათავსო, ერთი დიდი ვერანდა და ერთი ცალკე მდგომი ოთახი, რომელიც აშკარად პირველთანაა დაკავშირებული. მთელი ამ ნაგებობის თხრისას ყველა სათავსოში და საერთოდ კედლების გარეთაც ჩნდებოდა კრამიტის ნატეხები, მაგრამ იმ ნაწილში, სადაც ხვნა-თესვა წარმოებდა, კრამიტის ნაშთები შედარებით ცოტა ჩნდებოდა. იმ ადგილებში კი, რომელიც ქვაყრილის ზვინულით იყო დაფარული, კრამიტები უფრო დიდი რაოდენობით იყო შემონახული. კერძოდ, №№6, 7 სათავსოები მთლიანად აქ ჩახვავებული კრამიტებით იყო ამოვსებული. ამის საფუძველზე ჩვენ სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ შენობას ჰქონდა კრამიტის სახურავი, რომელიც ბრტყელი და ღარიანი კრამიტების კომბინაციით იყო შედგენილი. ყოველივე ეს გულისხმობდა საკმაოდ მძლავრ ხის კონსტრუქციებს, რისი ნაშთებიც მრავლად იქნა მიკვლეული ხანძრით გადაბუგული შენობის ნანგრევებს შორის. დანახშირებული ხის ძელები მიმოფანტული იყო იატაკის მთელ ფართობზე და მიუთითებდა იმაზე, რომ ნაგებობის განადგურება მოხდა ერთბაშად დიდი ხანძრის შედეგად.
გარდა კრამიტებისა, მთელი შენობის იატაკის დონეზე და საერთოდ მის მომცველ კულტურულ ფენებში ჩნდებოდა დიდძალი კერამიკული ნატეხები, რომელთა შორისაც მრავლადაა სამზარეულო ჭურჭლის, ხელადების, დერგებისა და სხვ. ნატეხები.
არქეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა №5 სათავსო, სადაც ძლიერ ნახანძრალ ფენაში იატაკის დონეზე აღმოჩნდა სახურავის ჩაქცევის შედეგად ადგილზევე ჩალეწილი მრავალი ჭურჭელი. გარდა ამისა, ზოგიერთი ჭურჭელი, კერძოდ ორი ქოთანი და ერთი ხელადა სავსე იყო ტყის ხილით პანტითა და მაჟალოთი.
განსაკუთრებით საყურადღებო იყო ამ სათავსოში კერის აღმოჩენის ფაქტი. კერა მოთავსებული იყო ოთახის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმოადგენდა თიხა-ბათქაშის სპეციალურ ნაგებობას, რომლის მხოლოდ ნაშთიღა იყო შემორჩენილი. აქვე, ოთახის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ტახტისებრი შემაღლება, რომელიც უშუალოდ კერის უკანაა მოქცეული. «ტახტის» ზედაპირი მოფენილი იყო ბრტყელი ქვებითა და ერთი კრამიტით. საყურადღებოა, რომ გარდა კერამიკული ნატეხებისა №5 სათავსოში აღმოჩნდა ვერცხლის 4 ბიზანტიური მონეტა. ფული გაბნეული იყო იატაკზე, ჩალეწილ ჭურჭლებს შორის სათავსოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში და უდავოა, რომ ისინი აქ იმ მძვინვარე ხანძრის დროს მოხვდნენ, როდესაც სამზარეულოსთან ერთად განადგურდა მთელი ნაგებობა. მონეტებიდან სამი მოჭრილია ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტი II-ის (641-668 წწ.) სახელით, ერთი ეკუთვნის კონსტანტინე IV პორფიროგენეტს (668-685 წწ.).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ნამოსახლარის ტერიტორიაზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი ოთახის სამხრეთ ნაწილში IV სათავსოში შესასვლელი კარის ზღურბლის წინ 1967 წ. აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების უნიკალური განძი, რომელიც შედგება ხოსრო II სასანელის (590-628 წწ.) და ჰერაკლე კეისრის (610-641 წწ.) სახელით მოჭრილი ოთხი მონეტისაგან.
ძირითად მონაპოვარს ქუშანაანთ გორის ნამოსახლარზე წარმოადგენდა თიხის ნაკეთობა, მათ შორის ყველაზე მრავლადაა საოჯახო-სამეურნეო ჭურჭლის ნიმუშები და სამშენებლო კერამიკა, რომელიც უპირატესად კრამიტის სახითაა წარმოდგენილი. მთელი ეს მასალა მონეტებთან ერთდ ქმნის ძეგლის დათარიღების საკმაოდ მყარ საფუძველს. ქუშანაანთ გორის ნაგებობები ერთბაშად დიდი ხანძრითაა განადგურებული VII საუკუნის ბოლოსათვის. რა თქმა უნდა, ეს თარიღი რამდენადმე დაზუსტებას მოითხოვს, მაგრამ №5 სათავსოში აღმოჩენილი მონეტების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხანძარი უნდა მომხდარიყო VII საუკუნის 80-იან წლებში. ეს ხანა საერთოდ ხასიათდებოდა არაბობის მკვეთრი დამძიმებით და საერთოდ არაბთა ხალიფატის ახალი მძარცველური ღონისძიებებით. მაგრამ აღნიშნული ხანისათვის იმის გამო, რომ საკუთრივ ბიზანტიასა და არაბეთს შორის ძალზე გართულებული ვითარება სუფევდა, რაიმე დიდი დამსჯელი ღონისძიებები ან ლაშქრობები კავკასიაში არ განხორციელებულა. ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ ისტორიული წყაროები სდუმან. შესაძლოა ერწოს ნამოსახლარის ნგრევა გამოეწვია ამ პერიოდში ხაზართა შემოსევებს, როდესაც მათ თბილისთან ერთად საშინლად ააოხრეს მთელი აღმოსავლეთ საქართველო.
ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ არქეოლოგიური მასალების საერთო მონაცემებს, უნდა ვიფიქროთ, რომ ქუშანაანთგორის ნამოსახლარის არსებობის ძირითადი ხანა VI-VII საუკუნეებია. მაგრამ გარდა დამათარიღებელი მნიშვნელობისა, ქუშანაანთ გორის სამონეტო მონაპოვარს ერწოს ველის ნუმიზმატიკურ მასალასთან ერთად ის ღირებულებაც აქვს, რომ როგორც უკვე აღვნიშნეთ, მისი მეშვეობით უაღრესად ფართო ხასიათის დასკვნების გამოტანაა შესაძლებელი.
პირველ რიგში საყურადღებოა, რომ გვიანანტიკური ხანის მსგავსად ადრე შუასაუკუნეთა ხანაშიც ერწოს მხარე კვლავ ჩაბმულია საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობაში. ძველი ტრადიცია და ძველი ფაქტორები, ეტყობა ადრე შუასაუკუნეთა ხანის პირველ საუკუნეებშიც ისევე ინტენსიურად მოქმედებდნენ, როგორც არმაზულ ხანაში. ჩვენს მიერ აღმოჩენილი მონეტების სიუხვე და მრავალფეროვნება გვაფიქრებინებს, რომ ივრის ხეობა და კერძოდ ეს კუთხე კვლავ იყო ჩაბმული საერთაშორისო ფულად ურთიერთობაში და რომ ერწო-ჟალეთზე
გადიოდა ალბათ დიდი მნიშვნელობის სავაჭრო გზა, რომელთანაც ადგილობრივი მოსახლეობა მჭიდროდ ყოფილა დაკავშირებული. რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, ამას არა მარტო ერწოს მონაპოვარი უჭერს მხარს, არამედ ნუმიზმატიკური მასალების მთელი სერია, რომელიც, თუ შეიძლება ითქვას, ებმის ერწოს ველის მონაპოვარს და ქმნის ერთიან ჯაჭვს.
როგორც ცნობილია, ნუმიზმატიკური მასალა ყველაზე მეტი რაოდენობით «ილექება» ასეთი სავაჭრო მაგისტრალების გასწვრივ და ყველაზე უფრო სანდო საბუთია ასეთი ტრასების საძებნად. ადრე შუასაუკუნეთა ხანის, კერძოდ V-VII საუკუნეების საკმაოდ მძლავრი ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. თრანშიც. მართალია, საკუთრივ ნამოსახლარის ნაშთები ჯერ-ჯერობით გამოვლენილი არ არის, მაგრამ ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას იძლევა სოფლის ჩრდილოეთ განაპირას, ხეხილის ბაღში აღმოჩენილი სამაროვანი, სადაც უპირატესად შირიმის კარგად დამუშავებული ქვის სამარხებია დადასტურებული. სამაროვანზე გაითხარა მხოლოდ ერთი მცირე მონაკვეთი (ოთხი სამარხი, რომელთაგან ერთი ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხია). მათ მშენებლობაზე შირიმის კარგად დამუშავებული ბლოკების გამოყენების ფაქტი და ის, რომ სამარხეულ კომპლექსებში საკმაოდ მდიდრული სამკაულებია გაერთიანებული (მშვილდსაკინძი, საკინძები, მათ შორის ოქროს თვალბუდიანი თავებით და სხვ.), იქნებ იმის მანიშნებელი იყოს, რომ თრანში ადრე შუასაუკუნეებისათვის სახლობდა სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება. მსგავსად გვიანი შუასაუკუნეებისა, როდესაც თრანის რკინისკალოს მოპირდაპირედ აღმართული ყოფილა ამ რეგიონის ერთ-ერთი წარჩინებულის თავად ჩოლოყაშვილის სახლი. აღსანიშნავია, რომ თრანის სამოსახლოც იმავე გზაზეა აღმოცენებული, რომელზედაც მაგრანეთის ქუშანაანთგორის დასახლება.
საკმაოდ მძლავრი სოფლური სამოსახლოებია საძებნი თანამედრვე სიონთგორსა და სიმონიანთხევში. ამ უკანასკნელში სოფლური სამოსახლო აღმოცენებული ჩანს გვიანანტიკურ ტრადიციებზე და სამაროვნის სიდიდის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უნდა ყოფილიყო ერწოს ველზე. ამ ძველ ნასოფლარს გადაჰკვეთდა ერწოს ველზე გამავალი ერთ-ერთი გზა, რომელიც ივრისპირეთიდან სოფ. გორანის გავლით ახატანში და იქიდან მცხეთის «ქვეყანაში» მიდის.
ადრე შუასაუკუნეთა ხანის საკმაოდ მრავალი ნასოფლარია საძებნი ივრის ზემო წელზე მდებარე «თიანეთის ქვეყანაშიც». მაგ. სოფ. ჯიჯეთში უჯარმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 1950 წ. გამოიკვლია ჯიჯეთის VI-VII საუკუნეებით დათარიღებული ქვის სამარხი, რომელიც შემთხვევითაა მიკვლეული ჯიჯეთის სამაროვანზე. აგრეთვე საკმაოდ მრავლისმეტყველი მასალაა მოპოვებული იარაჯულების სამაროვანზეც [21, გვ. 61], რომელშიც გაერთიანებულია IV-VIII საუკუნეების კუთვნილი სამკაულები. ჩანს, აქაც ადრე შუასაუკუნეთა ნასოფლარი აღმოცენებული იყო გვიანარმაზული ხანის ნამოსახლარზე. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სიმონიანთხევის გვიანარმაზული ხანის სამაროვანზე აღმოჩნდა მდიდრული სამარხი, რომელიც შეიცავდა არმაზისხევის ნეკროპოლზე აღმოჩენილი ინვენტარის მსგავს მასალას და ოქროს მონეტას. ამათგან გადარჩა მხოლოდ ოქროს მონეტა, ხოლო დანარჩენი ინვენტარი მეცნიერებისათვის დაიკარგა.
თუ მოკლედ შევაჯამებთ ივრის ხეობის შესახებ აქ მოტანილ მსჯელობას შევამ- ჩნევთ, რომ მსგავსად ალაზნის აუზისა, მთისწინეთი და მთის რეგიონის ნასოფლარები თავისი მატერიალური კულტურით, წეს-ჩვეულებებით, დაკრძალვის რიტუალით და სულიერი მოთხოვნილებებით ფეხდაფეხ მისდევდა ბარს. ამიტომაცაა, რომ მთის ამ ზონისა და ბარის ნასოფლარებისა და სამაროვნების მატერიალური კულტურა ასეთ დიდ ურთიერთმსგავსებას ამჟღავნებს.

არაგვის აუზის ადრე შუასაუკუნეთა ნასოფლარები. არაგვის აუზში არქეოლოგიური კვლევა-ძიება გაიშალა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან. მანამდე შედარებით უკეთ იყო შესწავლილი არაგვის ქვემო წელი მცხეთის ფარგლებში. ადრე შუასაუკუნეებში არაგვის ხეობის ორივე სანაპირო საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. განსაკუთრებით ინტენსიური ცხოვრების კვალი ჩანს არაგვის მარცხენა ნაპირზე, სადაც როგორც სამართლიანად ვარაუდობდა აკად. ნ. ბერძენიშვილი, გადიოდა ჩრდილოეთის გზის უმთავრესი ტრასა (წიწამურ-ჭოპორტ, აბანოსხევ-ბულაჩაურ, ჩინთი-ჟინვანის ხაზზე). ამიტომაცაა, რომ უაღრესად საყურადღებო რამდენიმე ნასოფლარი აღრიცხულია არაგვის მარცხენა სანაპიროზე სოფ. ჭოპორტსა და ჟინვანს შორის. სამწუხაროდ ჩვენ არ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ნასოფლარზე ჩაგვეტარებინა ფართო საველე კვლევა-ძიება. ხეობის ორივე სანაპიროზე მდებარე ნასოფლარებს შორის მოკლედ განვიხილავთ რამდენიმეს.
სოფ. აბანოსხევი მდებარეობს დუშეთის რაიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ პერიფერი- აზე, ჭოპორტ-ბულაჩაურისაკენ გამავალ ხიდის სიახლოვეს და უჭირავს არაგვის მარცხენა შენაკადის, ისტორიული ნოკორნისხევის ორივე ნაპირი. აღნიშნული სოფელი ახლად დასახლებულია, თუმც ის უძველესი დროიდანვე წარმოადგენდა მეტად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს. როგორც არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ გვიჩვენა, იგი ენეოლოთური ხანიდან ყოფილა დასახლებული.
გვიანანტიკური ხანის დასასრულისათვის იქ უნდა არსებულიყო საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მქონე ციხე-სიმაგრე, რისი ვარაუდის საფუძველსაც იძლევა ერთის მხრივ იმ ადგილებში გვიანი შუასაუკუნეების ძლიერი ციხის არსებობის ფაქტი. ჩვენი ვარაუდით ამ ციხის და საერთოდ, აწინდელი სოფ. აბანოსხევის ადგილას უნდა არსებულიყო «ქართლის ცხოვრებაში» და სხვა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ხიდარი და ხიდარის ციხე. ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვით: «ხოლო კუალად არაგვის პირს არს ოხერხიდა, რომელსა ეწოდა პირველ ხიდარი, სადაცა აღაშენნა ვარაზბაქარ ციხე და უკუჯდა ხევსა კახეთისასა და არაგვის პირს». აღნიშნული ცნობა როგორც ჩანს, ვახუშტი ბაგრატიონს აღებული აქვს უფრო ძველი წყაროდან, სადაც ხიდარის ციხის მშენებლობა მიეწერება ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს, რომელიც მეფობდა IV საუკუნის მეორე ნახევარში. ხიდარი ქართლის ცხოვრებაში ერთხელ კიდევ მოიხსენიება მეფე არჩილის საქმიანობასთან დაკავშირებით: «გარდავიდა არჩილ ეგრისით და დაჯდა ნაციხვარსა თანა ხიდარისსა. ამ ტექსტიდან ჩანს, რომ VIII საუკუნის შუა ხანებისათვის ხიდარი უკვე ნაციხვარი ყოფილა. ის, რომ ეგრისიდან ქართლში გადმოსული არჩილ მეფე თანამედროვე აბანოსხევის ადგილას მდებარე ხიდარს თუ ხიდარის ციხის ნანგრევებს ირჩევს თავის რეზიდენციად, მიუთითებს ამ პუნქტის დიდ მნიშვნელობაზე ადრე შუასაუკუნეთა ხანის საქართველოში. ადრეულ შუასაუკუნეებში, კერძოდ V-VIII საუკუნეებში თანამედროვე აბანოსხევის ადგილას მდებარე პუნქტი მართლაც კვლავ რომ ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, ეს კარგად ჩანს 1977-1980 წწ. ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიებითაც, როდესაც გამოვლინდა საკმაოდ ვრცელი და შინაარსიანი სამაროვანი. იქ ჯერ-ჯერობით გათხრილია 40-მდე სამარხი, რომელთა დიდი ნაწილი ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხია, ხოლო ნაწილი ქვის სამარხებს წარმოადგენდა. სამაროვანი გამოირჩევა ინვენტარის უკიდურესი სიღარიბით. გვიანდელი შუასაუკუნეების ციხის ტერიტორიაზე ჩატარებულმა თხრამ ადრეული ხანის ნაგებობათა ნაშთები ვერ გამოავლინა, რაც იმას გვავარაუდებინებს, რომ ვარაზ-ბაქარის დროინდელი ციხე შესაძლებელია ნაგები ყოფილიყო ალიზის კედლებით (მსგავსად ურბნისისა და მცხეთის გალავნისა) და ამიტომაც იგი უკვალოდ გაუჩინარდა. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავდა კახეთის ხევში (ქვეყანაში) შესასვლელს, უნდა მდგარიყო აბანოსხევის ორივე მხარეს, რომ შესძლებოდა ისტორიული კახეთის მისადგომების დაცვა სამხრეთ-დასავლეთიდან.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე სოფლის აღმოსავლეთით, აბანოს ხევის ნაპირას, შემორჩენილია ზურგიანი კოშკის მეტად ცუდად დაცული ფრაგმერნტი. ქვემო ჩინთის ნამოსახლარი. მდებარეობს თბილისიდან ჩრდილოეთ კავკასიისაკენ მიმავალ გზაზე. აქ ადრე შუასაუკუნეთა კიდევ ერთი დიდი ნასოფლარი იქცევს ყურადღებას, თუმც ჯერ-ჯერობით არქეოლოგიური ძიება არ ჩატარებული. ანაკრეფი მასალის მიხედვით აღნიშნული ნამოსახლარი აღმოცენებული უნდა იყოს ელინისტურ ხანაში, რაზედაც მიუთითებს იქ აღმოჩენილი წითელი საღებავით მოხატული თიხის დიდრონი ჭურჭლის ნატეხები. იმავე ანაკრეფი მასალით ჩანს, რომ ეს ვრცელი ნამოსახლარი ადრეულ შუასაუკუნეებში კიდევ უფრო გაძლიერებულა. გამოვლენილია დიდრონ ნაგებობათა ნაშთები და სამაროვანი, სადაც ადრე შუასაუკუნეთა ასაკის ქვის სამარხებია ფიქსირებული. ანაკრეფ მასალაში ჭარბობს თიხის საოჯახო-სამზარეულო და სასუფრე ჭურჭლის ნატეხები. აღნიშნული ნამოსახლარი გარშემორტყმული ყოფილა ნაყოფიერი სავარგულებით, რაც იქ გამვალ სავაჭრო-სატრანზიტო გზასთან ერთად, ალბათ უმთავრეს პირობას წარმოადგენდა ქვემო ჩინთის ნამოსახლარის წარმოქმნა-განვითარებისათვის.
ახალი ჟინვალის ნასოფლარი ახალი ჟინვალის ტერიტორიაზეა, რომელსაც ეწოდება «ზანდუკლიანი ნავენახარი» და რომელიც მოქცეულია ქვემო არანისსა და ბიჩნიგაურებს შორის. იქ 1971-1973 წწ. გაითხარა რამდენიმე ნამოსახლარი და სამაროვანი, რომელთა შორისაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადრე შუასაუკუნეების მასალებსაც.
ახალი ჟინვალის საკმაოდ დიდი დასახლება აღმოცენებული ჩანს ელინისტურ ხანაში , მაგრამ ამ პერიოდისათვის უფრო ინტენსიურად ჩანს ათვისებული ზანდუკლიანთ ნავენახარის შუაზე ჩამომავალი ჩუმათხევის მარცხენა ნაპირი. გვიანარმაზულ ხანაში კი სამოსახლოს უმთავრესი ნაწილი განვითარებული ჩანს ჩუმათხევის მარჯვენა ნაპირზე, იმ ადგილებში, სადაც ამჟამად ჟინვალმშენის მუშათა დასახლებაა აღმოცენებული. ამ ადგილებში ჩატარებულმა საკმაოდ ფართო კვლევა-ჩიებამ გვიჩვენა, რომ გვიანარმაზული ხანისათვის ახალი ჟინვალის ადგილას მდებარე პუნქტი წარმოადგენდა დიდი მნიშვნელობის სამასახლოს. ეგების არაგვის ხეობის გარკვეული მონაკვეთის პოლიტიკურ ცენტრს. იქ არმაზისხევის ტიპის მდიდრული სამარხების აღმოჩენამ და განსაკუთრებით კი სარეცელის ფეხთა ვერცხლის გარსაკრავების მიგნებამ №5 სამარხში, ჩვენ საშუალება მოგვცა აღნიშნულ დასახლებაზე გვემსჯელა, როგორც საკვანძო მნიშვნელობის პუნქტზე. საყურადღებოა, რომ იგივე პუნქტი დიდი წარმატებით განაგრძობს არსებობას ადრეულ შუასაუკუნეებშიც. უნდა შეინიშნოს, რომ მსგავსად გვიანარმაზული ხანისა, ადრეულ შუასაუკუნეებშიც საცხოვრებელ ნაგებობათა კედლები შენდებოდა ალიზის აგურით. სამშენებლო ხელოვნებისა და ყოფის სრული მემკვიდრეობითობა ახალი ჟინვალის მასალების მიხედვით სრულიად ეჭვმიუტანელია. სამაგიეროდ საკმაოდ მკვეთრი ცვლილება შეინიშნება დაკრძალვის წესში, რაც ახალი იდეოლოგიის (ქრისტიანობის) გავრცელების შედეგია.
მართლაც, ქრისტიანობამ, როგორც ცნობილია, არსებითად შეცვალა დაკრძალვის მთელი რიტუალი, შეცვალა სამარხთა აღნაგობა, პოზა, დამხრობა და სამარხეული ინვენტარი. ჩვენ წერილობითი წყაროებითა და სხვა უტყუარი ნიშნებით რომ არ ვიცოდეთ საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური და კულტურული უწყვეტობა იმ დროისათვის, შესაძლოა დაკრძალვის წესის მიხედვით და სამარხეული ინვენტარის ანალიზით მივსულიყავით საკმაოდ მცდარ დასკვნამდე. იმდენად დიდია განსხვავება წინაქრისტიანულსა და ადრექრისტიანულ რიტუალებს შორის. ახალი ჟინვალის ორ სამაროვანზე გამოკვლეულ 100-მდე სამარხს შორის თითქმის ნახევარზე მეტი ადრექრისტიანული ხანისაა, რომელთა შორის შედარებით ადრეულებში შესანიშნავად ჩანს ის თანდათანობითი, მაგრამ მკვეთრი ცვლილებები, რაც არაგვის ხეობის საზოგადოებამ, დანარჩენ საქართველოსთან ერთად განიცადა ქრისტიანული რელიგიის მიღების შემდეგ, საკმაოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში. IV საუკუნის მეორე ნახევარში დაკრძალვის ქრისტიანული წესი, როგორც ჩანს, დაბალ საარაგვოში (მეურნეობრივ ბარში) უკვე საყოველთაოდ ჩანს გავრცელებული.
სამარხების აღნაგობის, დაკრძალვის წესისა და სამარხეული ინვენტარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ახალი ჟინვალის სამაროვნის შემქმნელი საზოგადოება თითქმის არაფრით განსხვავდებოდა მცხეთის, კარსნისხევის, დიღმის, თბილისის, ლოჭინის, მატნისა და სხვა კუთხეთა მოსახლეობისგან. რაც შეეხება სამოსახლოს პოლიტიკურ მნიშვნელობას, შეიძლება ითქვას, რომ იგი ადრე შუასაუკუნეებში უნდა დარჩენილიყო საკმაოდ ძლიერ სამოსახლოდ ოღონდ, გარკვეული მიკროპოლიტიკური ცენტრის მნიშვნელობა მას უნდა დაეკარგა.
არაგვის ხეობის სიღრმეში ადრე შუასაუკუნეთა ხანის კიდევ არა ერთი პუნქტია მიგნებული. თუმც, ჩვენ მხოლოდ ერთ მათგანზე, ხერთვისის II სამაროვანსა და ნამოსახლარზე შევჩერდებით.
ხერთვისის II სამაროვანი და ნამოსახლარი. ნამოსახლარი აღმოცენებულია ორი არაგვის შეერთებიდან რამდენადმე დაშორებით, ადგილ ბალებიანის ფერდობზე, მდინარის დონიდან საკმაოდ მაღლა. გამორიცხული არაა, რომ ხერთვისის ამ მონაკვეთზე არსებულ სამოსახლოს ჰქონდა ერთზე მეტი სამაროვანი. კულტურულ ფენაში მოპოვებული არქეოლოგიური მასალის ანალიზი გვიჩვენებს, რომ სამაროვნის სინქრონული ნამოსახლარი, აღმოცენებული გვიანარმაზული ხანის ტრადიციებზე, იქვე უნდა არსებულიყო, თითქმის სამაროვნის გაგრძელებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კულტურულ ფენაში ადრექრისტიანული ხანის თიხის ჭურჭლისა და კრამიტის ნატეხებთან ერთად გვხვდება გვიანარმაზული ხანის კერამიკული ფრაგმენტებიც. თვით სამარხები კი აშკარად ადრექრისტიანული ხანისაა და შეიცავს როგორც ქვის ფილებით გადახურულ ორმოსამარხებს, ისე ტიპიურ ქვის სამარხებს, რომელთა გვერდები და თავ-ბოლო კედლები შედგენილია კირქვის ფილაქვებისაგან. სამარხთა სიხშირისა და რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ V-VII საუკუნეებით დათარიღებული სამაოსახლო არ უნდა ყოფილიყო დიდი. ჩანს, აქ საქმე გვაქვს მთისწინეთის და მთისათვის დამახასიათებელ მცირე სამოსახლოსთან, რომელსაც ჯერ კიდევ არ ჰქონია გაწყვეტილი კავშირი გვიანარმაზული ხანის ტრადიციებთან. ხერთვისის II სამაროვნის მფლობელი მოსახლეობა რამდენადმე კონსერვატული ჩანს და იქ, მიუხედავად საკუთრივ ჟინვალის სიახლოვისა, სადაც ქალაქური ტიპის სამოსახლო გვაქვს ნავარაუდევი, დაკრძალვის წარმართული რიტუალის გადმონაშთები უფრო ხანგრძლივად ყოფილა შემონახული. საყურადღებოა, რომ ხერთვისის II სამაროვნის ერთ-ერთ ქვის სამარხში აღმოჩენილია ცხენის თავის ქალა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს ამ სამოსახლოს მცხოვრებთაგან ცხენის კულტის თაყვანისცემაზე. უაღრესად საინტერესო მასალებია გამოვლენილი ფშავის არაგვის ხეობაში - კართანას სამაროვანზე. სამაროვნის მასალები გამოქვეყნებული აქვს გ. რჩეულიშვილს, ამდენად მასზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას.

აღმოსავლეთ საქართველოს ადრე შუასაუკუნეთა ხანის ნასოფლარების ძალზე ზოგადი მიმოხილვიდანაც ცხადია თუ რა დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ჩვენში მათ კვლევა-ძიებას. ამრიგად, შუასაუკუნეების საქართველოს არქეოლოგიური ისტორიის შემუშავებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სოფლური სამოსახლოების ყოველმხრივ გამოკვლევას, რადგანაც შუასაუკუნეებში სოფელი მთელი სისავსით განასახიერებდა მაშინდელი საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარების დონეს. სოფელი ფეოდალური საზოგადოების წიაღში იყო არა მარტო მატერიალური დოვლათის უმთავრესი მწარმოებელი, არამედ მატერიალური და სულიერი კულტურის ფუძემაგარი კერაც, ხალხური აზრისა და შესაძლებლობების აკვანი.


სტატიის ავტორი – რამინ რამიშვილი;
სტატია აღებულია კრებულიდან – „საქართველოს შუა საუკუნეების არქეოლოგიური ძეგლები“, თბილისი, 2008წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014