ხილვა "სტუმარ-მასპინძლის" ფინალში

"ადამიანის ფიქრისა ერთი საქებური თვისება - მოვლენათა მიზეზის ძიებაა", - წერს ვაჟა-ფშაველა (8:208). მისი ადამიანები მოვლენათა მიზეზებს ხშირად სიზმრისეული თუ ხილვისეული ჩვენებებითაც წვდებიან. ამგვარი პოეტური სურათები ვაჟას თხზულებებში არცთუ იშვიათად მთავარ იდეაზე მიგვანიშნებენ.
ამჯერად, "სტუმარ-მასპინძელზე" გვსურს შევაჩეროთ ყურადღება, უფრო ზუსტად კი, მის ფინალზე.
საზოგადოება, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კოლექტივის ფსიქიკისთვის დამახასიათებელი უხეში შაბლონური ქცევით დაუპირისპირდა პიროვნულ თვითშეგნებას, ყოველ ღამით ერთი სცენის მხილველი ხდება: კლდის თავზე გარდაცვლილ სტუმარ-მასპინძელთა აჩრდილები იკრიბებიან და მწუხარე, მაგრამ მშვიდი სახით აღასრულებენ "შინაგანი სუბიექტურობის პრინციპით" (15:265) ნასაზრდოებ ადათს. თუმცა, უმალ ქისტების თვალს ნისლი ეფარება და ხილვაც წამიერად წყდება:

"დაეფარება სანახავს
წერა-მწერელის წერითა,
ზედ აწევს ჯადოსავითა,
არ დაიმტვრევა კვერითა,
ვერც შეულოცავს მლოცავი,
არც აიხდება ხელითა.

"ხილვა ადამიანის დაძაბული ფიქრის ნაყოფია. სიზმრისაგან განსხვავებით, იგი ზეცნობიერის სფეროს უფრო მეტად განეკუთვნება. აჩრდილები რომ უმიზეზოდ არ ჩნდებიან ადამიანურ წარმოსახვაში, და მითუმეტეს, ლიტერატურაში, ამას მსოფლიო ლიტერატურის უამრავი მაგალითი ადასტურებს.
ამ თვალსაზრისით, საინტერესო და მრავალფეროვანია დიდი ინგლისელი დრამატურგის - შექსპირის შემოქმედება, სადაც ხილვები ხშირად თხზულების მთავარ იდეაზე მიგვანიშნებენ. ლიტერატურათმცოდნეობაში გამოთქმულია აზრი, რომ შექსპირის "ჰამლეტის" ექსპოზიციაში "ჰამლეტის მამის აჩრდილის გამოჩენა სხვა არაფერია, თუ არა ჰამლეტის სულში მომწიფებული უნდობლობის ჩვენება გარკვეული დრამატურგიული ხერხით" (13:159). აჩრდილის მიერ გამოთქმული მოსაზრებანი სრულიად ემთხვევა დანიის პრინცის ეჭვებსა და ფიქრთა მდინარებას. პრინცს მეგობრებიც თანაუგრძნობენ. ამიტომ არის, რომ სწორედ ჰამლეტი და მისი თანამოაზრეები ხედავენ აჩრდილს, განსხვავებით დედოფლისაგან, რომელიც "შეძრწუნებული შეჰყურებს ფიქრებში წასულ უფლისწულს" (იქვე).
"მაკბეტში" ბანქოს აჩრდილის გამოჩენა მაკბეტის გაღვიძებულ სინდისზე მიგვანიშნებს. შექსპირი ცდილობს ამ ხილვებით ადამიანის სულის მოძრაობა გვიჩვენოს. ბანქოს მხოლოდ მაკბეტი ხედავს - მხოლოდ მან იცის საკუთარი დანაშაულის შესახებ და შესაბამისად, სინდისის აჩრდილიც მხოლოდ მას აწუხებს.
მხატვრული სტრუქტურის ამგვარი მომენტები მკითხველს სულაც არ აიძულებს, ფანტასტიკური ხილვა ზებუნებრივ რეალობად ირწმუნოს. ეს არის მხატვრული ხერხი, რომლითაც შემოქმედს შეუძლია, ერთი შეხედვით რეალურად დაუჯერებელი სურათით უფრო დამაჯერებლად წარმოგვიდგინოს მხატვრული სინამდვილე. "სტუმარ-მასპინძლის" ფინალშიც ქისტების ხილვა ერთგვარი პოეტური ხერხია, რომელშიც ჩანს საზოგადოების ცნობიერების მიბრუნება ჩადენილი ქმედებებისკენ.
პოემის XIV თავით ამოიწურა რეალური კანონზომიერების შემცველი ამბავი. ამ მიმართებით მართებულად არის აღნიშნული, რომ "სტუმარ-მასპინძელში" ორი ადათის - ორი სიმართლის შეპირისპირების ფონზე შინაგან ხმას დამორჩილებულ პიროვნებათა ტრაგედიაა ასახული (9:66). ჯოყოლამ და აღაზამ, რომელთა ჰუმანური ბუნება გარეგან ცხოვრებისეულ დაბრკოლებებზე ძლიერი აღმოჩნდა, ვერ შეძლეს იდეალის რეალურ ყოფაში დამკვიდრება. მაგრამ, "მაღალი იდეალები მოითხოვს ამ იდეალთა განხორციელებას თუნდაც ილუზიური ფორმით" (11:382). პოემის დასასრულს, კლდის თავს შეყრილი გმირები სწორედ იმ იდეას განასახიერებენ, რომლის მიწაზე განუხორციელებლობის გამო ჯოყოლას ჯერ კიდევ პოემის კულმინაციურ მომენტში "პირს სინანული წაესო" - სტუმარ-მასპინძლობის ჰუმანურ იდეალს:

"ვაჟკაცობისას ამბობენ,
ერთურთის დანდობისასა,
სტუმარ-მასპინძლის წესზედა
ცნობის და და-ძმობისასა."

ეს პოეტური კანონზომიერებაა. ჯოყოლას და ზვიადაურის დაახლოვების სურვილი მკითხველს ნაწარმოების დასაწყისშივე უჩნდება, ხოლო ნაწარმოების ფინალური სცენით წრე იკვრება - ჯოყოლას სურვილი "ერთად შევზავნეთ სულითა" ირეალურ, იდეალურ პლანში ხორციელდება. მაგრამ ვაჟამ ფინალური სცენით არა მხოლოდ მკითხველის მოლოდინი გაამართლა, არამედ ნაწარმოებში წარმოდგენილი საზოგადოების შემდგომი განვითარების პროცესიც გვიჩვენა. საზოგადოებას, რომელიც ამ გმირების ქმედების მხილველი გახდა, აღარ ძალუძს განვითარების ერთ ეტაპზე შეჩერება. "იგი აუცილებლად იცვლება, თუმცა გარეგნულად შეიძლება არც შეიმჩნეოდეს" (3:196). სწორედ ამიტომ არის საჭირო პოეტური ხილვის შემოტანა. "ხდება შინაგანი მშვინვიერი განწმენდა" (იქვე:196). ამ შემთხვევაში რომ მართლაც ასეა, ხილვის თუმცა მწუხარე, მაგრამ მშვიდი სურათი მოწმობს. შეკრული წრე ტრანსფორმაციის აქტს განასახიერებს, რომლის გარეგნული პლანი იმაში გამოიხატება, რომ თემის წევრებისთვის გამოაშკარავდა სტუმარ-მასპინძლობის ჭეშმარიტი არსი, რაც აქამდე მხოლოდ რჩეულთა - ჯოყოლას, აღაზასა და ზვიადაურის ბუნების თვისება იყო.
"ქართული სტუმართმოყვარეობა სტუმართან მეგობრობის, ან სტუმრის მიღების სურვილს კი არ გამოხატავს მხოლოდ, არამედ სტუმრის, ვითარცა მოყასის სიყვარულსაც გულისხმობს. მაშასადამე, ქართულ სტუმართმოყვარეობაში იმთავითვე არის უკვე მოცემული მეტი საფუძველი ქველმოქმედებითი დამოკიდებულებისათვის" (5:357). აქედან გამომდინარე, ის თავისი არსით რაინდული და ქრისტიანული ბუნების მატარებელია. ქრისტიანულ და ბიბლიურ ტრადიციაში სტუმარის სახით ოჯახში თვით უფალს მასპინძლობენ. ამგვარი ღირსეული მასპინძლობით გამოირჩევა აბრაამი (დაბადება. 18. 2-8), იობი (იობი. 31. 31). თვით ქრისტე მოუწოდებს ადამიანებს სტუმრის მიმართ დელიკატურობისაკენ (ლუკა. 7. 44-46). სწორედ ამგვარი შინაარსის გამო, ჩვენს მიერ განხილულ პოემაში, "ირღვევა სტუმარ-მასპინძლობის ადათის ეთნოგრაფიული ლოკალურობა და ამ მასალიდან ვაჟას მიერ შემოქმედებითად ამოზიდული კონკრეტული ქართული თვისებები ზოგადსაკაცობრიო შინაარსის მატარებელ მოტივთა დონემდე ადიან" (5:362).
სიმბოლურად, ფერისცვალება მთაზე, კლდის თავზე ხდება. მთა ზნეობრივი სრულყოფის მეტაფორაა. ყველაზე მკაფიოდ ეს ფსალმუნებშია გამოთქმული: "ვინ ავა უფლის მთაზე, ან ვინ დადგება მის წმინდა ადგილზე? ვისაც ხელები სუფთა აქვს და გული სპეტაკი"(ფსალმ. 23.3,4) მთის სიმბოლიკით მდიდარია სახარება: თაბორის მთა უფლის ფერისცვალების, მისი ჭეშმარიტი სახის გამოვლინების სიმბოლოა, გოლგოთა კი მაცხოვარის ჯვარცმის ადგილი, სიკვდილის ძლევის სიმბოლო. ვაჟასთვის მთა წმინდა ადგილია:

"მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,
თვალწინ მეფინა ქვეყანა,
გულზე მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა".

ამ მთაზე მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ ასვლა. ამ სიმაღლიდან ხდება ხშირად ვაჟას თხზულებათა მთავარი იდეის გამოცხადებაც. "სტუმარ-მასპინძლის" ფინალში ამგვარი სიმაღლიდან ცხადდება რჩეულების მიერ ჭეშმარიტი ქველმოქმედების არსი.
კლდე სიმტკიცის, გამძლეობის, მარადიულობის, პატიოსნების სიმბოლოა. კლდე - ბიბლიური მეტაფორა, სიმტკიცეს გამოხატავს. ის გათანაბრებულია ღვთის მაცოცხლებელ ძალასთან, რომელიც წყაროს სახით მოდის კლდიდან მოსეს კვერთხის დარტყმისას. ქრისტე იწოდება "საუკუნო კლდედ", ხოლო თავის უსაყვარლეს მოციქულს - პეტრეს ქრისტემ უწოდა ეს სახელი (პეტრე) იმ თვისების გამო, რომელსაც იგი შემდგომ გამოავლენდა - სიმტკიცის (ბერძნულად "ეტროს" - კლდე) (16:330): "ამიტომ ყველას, ვინც ისმენს ამ ჩემს სიტყვებს და ასრულებს, მათ ვამსგავსებ კეთილგონიერ კაცს, რომელმაც სახლი კლდეზე აიშენა. მოვიდა წვიმა, გადმოსკდნენ მდინარეები, ამოვარდნენ ქარები და ეკვეთთნენ იმ სახლს; ის კი არ დაეცა, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული" (მათე. 7. 24-25).
სტუმარ-მასპინძლობის აქტი ამ პოემაში სწორედ ისეთი მტკიცე პიროვნებებით არის წარმოჩენილი, როგორებიც არიან: ჯოყოლა, აღაზა, ზვიადაური. ამიტომ მათი, ასე ვთქვათ, ჟესტი, მხოლოდ ჟესტად კი არ რჩება, არამედ მტკიცე, შთამბეჭდავ მეტაფორად იქცევა და ასე წარმოსდგება ქისტების თვალწინ.
შუასაუკუნეების პოეტიკაში, რაინდული კოდექსის დამკვიდრების პერიოდში, კლდე ასოცირდებოდა ციხესთან (ციხე-კოშკთან), რომელიც, ჩვეულებრივ, მთის თავზე შენდებოდა. ამიტომ რაინდული კოდექსის მიხედვით, მთავარი იყო კლდის მსგავსი სიმტკიცე და რწმენა (17:455-456). ჯოყოლას, აღაზასა და ზვიადაურის სტუმარ-მასპინძლობა, როგორც აღვნიშნეთ, უაღრესად რაინდულია. მათ მიერ ნაგები სტუმარ-მასპინძლობის იდეალი მტკიცეა და დანგრევა არ უწერია.
ნისლის სიმბოლიკა კი მწერლობაში ზოგადად ნიშნავს "რაიმე ცვალებას, გადაქცევას ან ზებუნებრივ ჩარევას" (17:380).
"სიმბოლურ ნისლს" მიღმა როგორც წესი, რაღაც კონკრეტული, თვისობრივი სიახლე იგულისხმება. "ძველ აღთქმაში" ნისლის გამოჩენა ბიბლიურ გამოცხადებათა მომასწავებელია და სხვათა შორის, ასტროფიზიკოსების მტკიცებით, ასეა თავად სამყაროშიც, სადაც "პირველადი მატერია" სწორედ კოსმიური ნისლის (მტვრის) ფორმით არსებობს" (2:7).
სახეცვლილი, მანამდე უცნობი არსით სტუმარ-მასპინძლობის ადათის ხილვის უნარს საზოგადოება სინანულის შედეგად ეუფლება. სინანული წარმოადგენს ტრანსფორმაციის შინაგან პლანს. "ეს პროცესი ბუნებრივია, რადგან ახალი სიმართლე, რომელიც საზოგადოების ცნობიერებას ცვლის, პიროვნებას მოაქვს" (3:196). თუმცა, ეს პროგრესის მხოლოდ დასაწყისია.
სინანულის პატარა ნაპერწკალი ქისტების გულში ჯერ კიდევ ზვიადაურის ვაჟკაცურმა სიკვდილმა გააღვივა. "დაკლულმა დაკლა მათ გული" - წერს ვაჟა. სისხლის ძიებით აღვსილთა ხვედრი ასეთია: ღირსების შეგრძნების ნაცვლად - შეურაცხყოფა, კმაყოფილების ნაცვლად - სინდისის ქენჯნა. ქისტები ჩვეულებად ქცეულ ჟესტს: მკვდრის გვამზე "სისხლით ნაღები ფანჯრების" გაკეთებას ვეღარ ბედავენ:

"ცოდვაა!" _ ყველა ჰფიქრობდა,
ხალხის გული და გონება
სასინანულოდ მიჰქროდა".

ეს მომენტი ერთგვარი მკრთალი ანალოგია ალუდა ქეთელაურის მტრისთვის მარჯვენის მოჭრაზე უარის თქმისა, მიზეზით - "ცოდვა არისო". ამის დამადასტურებელია ქისტების მიერ ვაჟაცის დანანება:

" _ ხომ მაგას არ მოვუკლავდით
მტრებს, ავს რომ სჩადიოდნენ?
კარგი ვაჟკაცი ყოფილა,
ყველა ალლახსა ჰფიცავდა".

ქისტებიც აღიარებენ სისხლიანი მტერობის სავალალო, მაგრამ გარდაუვალ აუცილებლობას. მთავარია, სწორად გამოიყენებენ თუ არა სინდისს, ადამიანის კიდევ ერთ "საქებური თვისებას". ამ ადამიანების "სასინანულოდ მიმქროლი" გული და გონება ვერ სძლევს "მათი უფალის" მიერ ნაანდერძევ და გაქვავებულ ადათს: "სისხლი სისხლის წილ":

"მაგრამ მტერს მტრულად მოექე,
თვითონ უფალმა ბრძანაო".

საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ასული განვითარების იმ საფეხურზე, რომ შთამბეჭდავმა სურათმა მათი სულები მთლიანად შეძრას და სრული ტრანსფორმაცია მოახდინოს. საზოგადოებაში, როგორც წესი, ამას ხშირად საუკუნეები სჭირდება, თუმცა გმირები სწორედ ამისთვის იღვწიან.
"მთაზე დაწოლილი, ხშირი ღრუბლებით წარმოდგენილი ჯანღი აღნიშნავდა გადაულახავი მთების სიმბოლოს მათთვის, ვინც მას ასეთად ხედავდა იმ მომენტში" (17:349-350).
საზოგადოებისთვის ჯოყოლას, აღაზას და ზვიადაურის სტუმარ-მასპინძლობა ჯერ კიდევ გადაულახავი, მიუწვდომელი, თუმცა უკვე ხილული იდეალია.
ჯანღით, ნისლით თუ ღრუბლით შექმნილ გადაულახავ მთებს პოეტურ ხერხად დიდი ოსტატობით იყენებდა ანტიკური ეპოქის მწერალი ჰომეროსი.
ქრისტიანულ მწერლობაში ხშირად მოიხსენიებენ და ერთგვარ აგიოგრაფიულ შაბლონსაც წარმოადგენს "ცოდვის ნისლი", რომელიც მადლს უზიარებელი ადამიანის თვალებს ან გონებას ეფარება. წმინდა ნინოს ცხოვრებაში "ცოდვის ნისლი" ჯერ კიდევ "ჩრდილოის ქვეყნად" მოხსენიებულ ქართლის მთებზეა დაწოლილი. საგულისხმოა, რომ მთა ჯვართამაღლების პოტენციურ წმინდა ადგილს წარმოადგენს. მეფე მირიანის მოქცევაც ნადირობის დროს, "მოქცევაი ქართლისაის" ადრინდელ რედაქციებში და ბერძენ ავტორებთანაც, ბურუსის ჩამოწოლასთან არის დაკავშირებული. ამ ბურუსს შემდგომ მირიანის სულში გაბრწყინებული მადლი გაფანტავს (12...). ვაჟას პოემის დასასრულს მოყვანილი "ჯანღი რამ", რომელიც სწორედ საზოგადოების თვალს ეფარება და ხილვის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის, მადლთან უზიარებელი ადამიანის "ცოდვის ნისლს" უფრო ჰგავს, ვიდრე ბერძნულ მოირას (4:150). წერა-მწერლად ანუ მოირად თვით საზოგადოება აღიქვამს ამ ნისლს, რადგან მისთვის აქამდე მხოლოდ მისით განპირობებული შესაძლებლობანი არსებობდა. ალტერნატიულ, პროგრესულ შესაძლებლობებს მას მადლით აღსავსე პიროვნებები სთავაზობენ. დიდი მადლია იმის ნიჭი, რომ ქისტი ჯოყოლა ხევსურ ზვიადაურთან გაცნობისთანავე "სულით შეთვისებას" აპირებს, მერე კი მოსისხლეობის მიუხედავად, პიროვნულ "მესთან" ერთად სტუმარსაც იცავს. აღაზაც, უბრალოდ, უცხო ტომის კაცს, ურჯულოს კი არა, მოსისხლეს დაიტირებს. ამიტომ აშინებს ღმერთი. მისი ღმერთისთვის, ისევე, როგორც მისი საზოგადოებისთვის უცხოა მცნება _ "გიყვარდეს მტერი შენი". ეს გონებით იცის აღაზამ, მაგრამ "გული თავისას შვრებოდა". მისი გული მოძმეებს კი არ ღალატობს, არამედ ადამიანის მიმართ ჰუმანური სიბრალულის გრძნობით იმსჭვალება და კანიბალური მსხვერპლშეწირვის წინააღმდეგ გამოდის. ამიტომ სიბრალულითა და სიყვარულით განწმენდილ მის გულში რჯულმდებელი ღმერთის ნაცვლად სიყვარულისა და შენდობის, ცნობიერი ცხოვრების მომნიჭებელი ღმერთი ისადგურებს. ეს მოწმობს, რომ ვაჟასთვის, და საერთოდ, მხატვრული სიმართლისთვის მთავარია არა ის, თუ რა ფორმალურ კავშირშია ესა თუ ის გმირი ქრისტიანობასთან, არამედ, თუ როგორ მოქმედებს იგი. ვაჟას გმირები ქრისტიანული სულისკვეთებით მოქმედებენ. ამას კიდევ ერთხელ უდასტურებს სასაფლაოდან სახლში მისულ ცოლს ჯოყოლა: "იტირე? მადლი გიქნია"... ეს "მადლისმქმნელი" ბუნება ქრისტიანული ჰუმანურობით გამსჭვალულ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს. ეს პიროვნებები - გმირები, თუმცა, ტრაგიკულად იღუპებიან, მაგრამ მადლს კი ტოვებენ მიწაზე, ადამიანებთან. "ტრაგიზმი ხომ მხოლოდ იქაა, სადაც არსებობს პიროვნების საზოგადოებაში განგრძობის, ინდივიდის საზოგადოებაში განსხეულების შესაძლებლობა"(14:30). ეს შესაძლებლობა "სუფთა ჰაერის ქროლვასავით" (3:196) მოაქვთ ვაჟას გმირებს. ზვიადაური თავისი მტკიცე, ვაჟკაცური ბუნების გამოვლენით, ხოლო ჯოყოლა და აღაზა - ჰუმანური პრინციპებით, ჩადენილი ქმედებებისაკენ აბრუნებენ საზოგადოებას. ვაჟას თხზულების იდეაც სწორედ ეს არის - მადლის იმგვარი ქმედითი ძალის ჩვენება, როგორიც სტუმარ-მასპინძლობის იდეალში შეიძლება გამოვლინდეს. იმ ნისლის საბურველის ახდაც, რომელთან შელოცვა და ფიზიკური ძალისხმევა ვერაფერს აწყობს, ამგვარად განსხეულებულ მადლს შეუძლია.
მართალია, პოეტმა ნისლის სიმბოლური ფარდა ხელშეუვლები დატოვა, მაგრამ "სტუმარ-მასპინძელი" ხომ ამით არ მთავრდება: უფსკრულთან პირიმზეა შეჩერებული - მზის მადლიანი სითბოს ტრფიალი.
მის მეტაფორულ მნიშვნელობას გვიხსნის მოთხობა "ქუჩი" (6:88): "მიყვარს ეს ყვავილი... იმას კაცები პირიმზეს ეძახით, რადგან პირი და თვალები მუდამ მზისკენ აქვს მიპრობილი, მზის მოტრფიალეა; როგორც ჩვილის თვალები თან დასდევს დედას და ცდილობს არსად დაემალოს დედა, ისე იმისა, მზე დედაა, პირიმზე შვილია მზისა... დადგება გაზაფხული, პირიმზე ცოცხლდება და მეც მაშინ ვცოცხლდები" (8:202).
თუ პირიმზის მშობელი მზის სითბოში "მზის მამზევებელ მზეს" დავინახავთ, მაშინ გაზაფხულის მოსვლა და პირიმზის გაცოცხლება "სტუმარ-მასპინძლის" ფინალის კონტექსტში ადამიანში ცნობიერების გაცოცხლებას შეიძლება შევადაროთ.

ლიტერატურა:
1. ახალი აღთქმა და ფსალმუნები, სტოკჰოლმი 1992
2. აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ., სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, ტ. II, თბილისი, ბაკმი 2006
3. ბაქრაძე ა., ვაჟას მრწამსი, რწმენა, თბილისი, მერანი 1990
4. გაწერელია ა., ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული. ვაჟა-ფშაველა და ქართული მითოსი, თბილისი, თსუ გამომცემლობა 1966
5. ევგენიძე ი., ვაჟა-ფშაველა, თბილისი, თსუ გამიმცემლობა 1989
6. ესიტაშვილი შ., მითოლოგოა, რელიგია და სინამდვილე ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში, თბილისი, საბჭოთა საქართველო 1985
7. ვაჟა-ფშაველა, პოემები, თბილისი, ნაკადული 1990
8. ვაჟა-ფშაველა, `ფიქრები~, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტ.9, თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1964
9. კიკნაძე გრ., ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი,სახელგამი, 1966G
10. კიკნაძე ზ., ვაჟას მთა და ბარი. ავთანდილის ანდერძი, თბილისი, მერანი, 2001
11. სირაძე რ., მითოსურ ხილვათა და ჩვენებათა ფუნქცია, ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, თბილისი, თსუ გამომცემლობა 1975
12. სირაძე რ., ძველი ქართული თეორიულ-ლიტერატურული აზროვნების საკითხები, თბილისი, თსუ გამომცემლობა 1975
13. ყიასაშვილი ნ., შექსპირი, თბილისი, ხელოვნება, 1959
14. Борев Ю., О Трагическом, Москва, Советский писатель 1961
15. Гегель, Эстетика, Т. II, Романтическая форма искусства, Москва, Искусство 1969
16. Джек Тресидер, Словарь символов, М.: ФЕИР-ПРЕСС 2001
17. Энциклопедия символов, знаков, эмблем; М.: Эксмо; СПб.: Мидгард 2005

 



სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე


megobari saitebi

   

01.10.2014