ვაჟა-ფშაველას მხატვრულ ქმნილებათა პერსონაჟების სულიერი სამყაროს დახასიათებისას ლიტერატურულ კრიტიკაში დადგა პიროვნების სულიერი ტრანსფორმაციის პრობლემის გარკვევის აუცილებლობა.
მმოცემულ შემთხვევაში, ჩვენი მიზანია ვაჟა-ფშაველას გენიალური პოემის "ალუდა ქეთელაურის" მიხედვით წარმოვაჩინოთ ამ მოვლენის არსი, ვინაიდან ამ პოემაში ყველაზე უფრო ღრმად არის წარმოდგენილი იმ მეტამორფოზის შინაგანი პლანი, რომელიც პიროვნების თანდათანობით აღორძინებას გულისხმობს.
ამთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ვაჟას ყოველი გმირი _ გმირია ამ სიტყვის ლიტერატურული და რეალური მნიშვნელობით. გმირი კი სოციალურად ფასეული პიროვნებაა. ვაჟას გმირების განუმეორებლობა იმდენად ურყევი ჭეშმარიტებაა, რომ მათ მიერ განსახიერებულ ბრძოლის მოტივს მათი სახელის მიხედვითაც ასათაურებენ. (1) ეს გმირები ტრაგიკული პიროვნებები არიან.
გმირის ტრაგედიის მიზეზს ჰეგელი "ტრაგიკულ ბრალს" (2) უწოდებს, რაც მის მიერ ჩადენილ ქმედებებში მდგომარეობს. ამ ქმედებათა მოტივაცია კი ლიტერატურის ისტორიის მანძილზე გარემო პირობებიდან ნელ-ნელა გადაინაცვლებს პიროვნების შიგნით. ამდენად, მხოლოდ მის გარეგნულ აქტიურ ძალებში კი არ გამოიხატება და მიმდინარეობს ქმნადობის პროცესი, არამედ სულიერშიც.
ასეთია ალუდა. პოემაში მოცემულია მისი არა მთლიანი ცხოვრების ისტორია, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდი, მომენტი, საიდანაც მწვავედ ვითარდება გმირის ტრაგიკული ბედი.
"რადა? რისთვის?" ნაწარმოების დასაწყისში მხოლოდ ის ვიცით, რომ ქეთელაური "კაი ყმაა" _ თემის რჩეული. იგი ახალგაზრდა, ახალწვერულვაშდამშვენებული ჭაბუკი კი არა, დაღვინებული ვაჟკაცია. ვაჟა მას ხევსურ "ახალუხლებს" უპირისპირებს, რომლებიც "გულს ათრევინებენ გონებას" და ვაჟკაცს ვერ ცნობენ "მის ვაჟკაცურის რჯულითა". ნაწარმოების დასაწყისში აღნიშნულია, რომ ალუდას ჭაბუკობაში არა მხოლოდ ზნეობრივად გადამუშავებული, "კარგ ყმური" ადათებით უცხოვრია, არამედ საზოგადოებაში მიღებულ ჩვევებსაც მიჰყოლია: "ბევრ ქისტს მააჭრა მარჯვენა, _ სცადა ფრანგული ფხიანი". მაგრამ ვაჟა ნაწარმოებს სწორედ იქიდან იწყებს, როცა ალუდა ერთხელ სხვაგვარად მოიქცა და ამ სხვაგვარი საქციელის ჩადენა გულისყურგაღრმავებულ, დაბრძენებულ ბუნებასთან ერთად, სხვაგვარმა სიტუაციამაც უკარნახა: შატილის თემის ცხენები ქისტებმა წაასხეს. გუდანის ჯვრის საუკეთესო ყმა _ ალუდა იარაღასხმული დაედევნა მათ. ერთი ქისტი გზაშივე მოკლა. მეორესთან ორთაბრძოლა გამართა. ეს ორთაბრძოლა მეტად დინამიკურად, შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი. გუდანის ჯვრისა და მაჰმადის ყმები თუმცა, ერთმანეთის რჯულის ავად ხსენებაში არიან, მაგრამ ორივეს ემჩნევა ვაჟკაცი მეტოქის მოწონების ფაქტი, რასაც ბრძოლის პროცესი კიდევ უფრო აზარტში შეყავს. ბოლოს ალუდას ტყვია უმტვრევს ქისტს გულის ფიცარს, რომელიც სიკვდილის წინაც "ფერს არა ჰკარგავს მგლისასა".
ვაჟა ვაჟკაცი მუცალის სიკვდილ-სიცოცხლის ბრძოლას ასე წარმოგვიდგენს:
"მუცალს არ სწადის სიკვდილი,
ფერს არა ჰკარგავს მგლისასა,
მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია
მწვანეს ბალახსა მთისასა".
"მგლის ფერი კარგი ვაჟკაცის დასახასიათებლად გამოსაყენებელი შესიტყვებაა ფშაურ პოეზიაში" (3)
ეს კარგი ვაჟკაცი სიცოცხლეს – მთის მწვანე ბალახს ეპოტინება.
მგლისფერდადებული და წყლულში ბალახჩაფენილი მუცალი სამუდამოდ დააჩნდა ალუდას მეხსიერებას. თვით მუცალმაც შეიცნო მასში ღირსეული მოწინააღმდეგე და დააფასა, როგორც ვაჟკაცი. ამის დამადასტურებელია მის მიერ ალუდასთვის თოფის გადაგდება და მიმართვა: "_ ეხლა შენ იყოს, რჯულძაღლო, ხელს არ ჩავარდეს სხვისასა!" ალუდა მისთვის მაინც "რჯულძაღლია", თუმცა ეს ხელს არ უშლის მისი ვაჟკაცობის პატივისცემაში.
პირისპირ მებრძოლთა მიერ ურთიერთმოწონებით, ურთიერთ¬პატივისცემით განმსჭვალვის მოტივი ცნობილია ლიტერატურაში. იგი რაინდული ეპოსიდან იღებს სათავეს, სადაც არაერთი მაგალითია იმისა, როგორ ხდებიან ერთმანეთს შერკინებული ვაჟკაცები შემდეგ ძმადნაფიცები. ქართულ სარაინდო ეპოსში _ "ამირანდარეჯანიანშიც", გვაქვს ამის ნიმუშები. უმაღლეს მწვერვალს ეს ტრადიცია "ვეფხისტყაოსანში" აღწევს ("შემომხედნა, მოვეწონე"). რაინდობა ყოველგვარი ნაციონალურობისა და რელიგიური დიფერენციაციის გარეშე მდგომია, მაგრამ საქმე ისაა, რომ "ალუდა ქეთელაურში" ქისტი მუცალი არა მხოლოდ "სხვა რჯულის" ყმაა, არამედ მომხვდური, სამშობლოს მტერი. გმირისთვის კი პირადი მტერი ისე საძულველი არაა, როგორც ქვეყნისა. მისი გმირობა მხოლოდ უაზრო სისხლის ქცევაში არ გამოიხატება. "მარტო ის როდია მოსაწონარი, რომ გმირი იბრძვის, _ "სისხლი გადასდის მკლავზედა", _ არა. ჩვენ უფრო იმას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რისთვის და ვისთვის იბრძვის იგი?" (4) ალუდა თემისთვის იბრძვის. მუცალი პირისპირ შებმამდე მისთვის ერთი მოსისხლე მომხვდურთაგანია, რომელსაც წარბშეუხრელად მოუღებს ბოლოს. მხოლოდ მისი ვაჟკაცობის ხილვის შემდეგ ეუფლება ალუდას მოწონებისა და სიბრალულის გრძნობა. სიბრალული კი იმდენად დიდია, რომ ცრემლსაც დააღვრევინებს, თოფსაც და სხვა საჭურველსაც თავთით დაუდებს და ისე დაიტირებს.
მიცვალებული ვაჟკაცის დატირება მამაკაცისაგან მიღებული ყოფილა საქართველოს მთიანეთში: როგორც ხევსურეთში, ასევე ფშავში. ხევსურეთში ქალები ტირიან ზარით, ხოლო მამაკაცები, თუმცა, ცრემლს არ ღვრიან, "ქვითინებენ და თვალებზედ ქუდებს იფარებენ" . ფშავშიც მიცვალებულთან მისული "ჯოხებზე დაბჯენილი კაცები" "ქვითინებენ დედაკაცებთან ერთად". (6) ალუდა ქეთელაური ატირდა "როგორც ქალიო" _ წერს ვაჟა. მისი ტირილი ფშავ-ხევსურთა ადათობრივ ნორმას კი არ გამოხატავს უკვე, არამედ იმ შინაგან ემოციას, რომელიც როგორც კაცის, ასევე ქალის _ ზოგად ადამიანის გრძნობების გამოვლენაა. ემოციის მოზღვავება და ცრემლით დაცლა არათუ უცხოა რაინდული სულისათვის, არამედ მისი ბუნების გამოხატულებაა. ამგვარი "ცრემლიანი სიბრალული" გაგებული უნდა იყოს, არა როგორც დროებითი ეფექტი, არამედ როგორც სულის მდგომარეობის გამოხატულება". (7) რაინდული ეპოსის გმირები ემოციების გამოხატვას არ ერიდებიან, არ რცხვენიათ. პირიქით, ამგვარი მომენტები მათი სხივმოსილების, ზეშთაგონების ნიშანია. ამის საუკეთესო მაგალითები რუსთაველის პერსონაჟები არიან. "ვეფხისტყაოსნის" რაინდები: ტარიელი, ავთანდილი, როსტომი და სხვები, რომლებიც ისეთივე გოლიათური ფიზიკური ძალით დაჯილდოებულნი არიან, როგორც ანტიკური ეპოსის გმირები, ხშირად ტირიან სულიერი ტკივილების გამო. ალუდას სულშიც ამგვარი ტკივილი წარმოშობს ცრემლების ნაკადს. იმას, რომ ეს სულიერი ტკივილია და არა "დროებითი ეფექტი", გმირის შემდეგი ქმედებები ადასტურებს. ალუდა, ამ "უჩვეულო" მდგომარეობის შემდეგ, მაშინვე ცვლის ერთ-ერთ საკუთარ ჩვევას. აქ ალუდა ქეთელაური პირველად არ ჩადის იმას, რაც წესად ჰქონდა მტრის მიმართ და რასაც დაუფიქრებლად აკეთებდა მისი დამარცხების შემდეგ, ვინაიდან გუდანის ჯვრის საყმოში ასე იყო მიღებული _ ალუდა მუცალს მარჯვენას არ ჭრის:
"მარჯვენას არ სჭრის მუცალსა,
იტყოდა: "ცოდვა არიო".
ეს "ცოდვა არიო" _ შეცოდების გამოხატვა კი არ არის უკვე, არამედ ალუდა მართლაც ცოდვად მიიჩნევს" კაი ყმისთვის" მარჯვენის მოჭრას. ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამგვარი სიტუაცია, ორთაბრძოლა, მისთვის უცხოა. ჯერ არ შეხვედრია ალუდას მუცალისთანა ღირსეული მოწინააღმდეგე, თორემ რასაც აქამდე ალბათ, უყოყმანოდ ჩადიოდა, ის მისთვის ასე უეცრად ცოდვად ვერ იქცეოდა. ამ შემთხვევაში ალუდასთვის სულერთია, ეს ვაჟკაცი მისი პირადი მტერია, თუ ქვეყნისა. მან ქვეყნის წინაშე ვალი მოიხადა და ახლა არ სურს, ცოდვით დაიმძიმოს თავი იმის გამო, რომ ერთი ძველი ჩვევათაგანი შეასრულოს. მოწინააღმდეგისთვის ხელის მოჭრა, როგორც ცნობილია, ძველთაგანვე მიღებული იყო მთაში. მთიელებს სწამდათ, რომ მოწინააღმდეგენი საიქიოში შეხვდებოდნენ ერთმანეთს და ამიტომ მტერს მარჯვენას ჭრიდნენ, რათა იქაც თავად დარჩენოდათ გამარჯვება. შემდგომ ეს ჩვევად იქცა. ალუდას ტრაგედია საზოგადოებრივი განვითარების სწორედ ამ ეტაპზეა მოცემული. ქეთელაურმა ამ ჩვევას (და არა სამართლებრივ ნორმას, ადათს) მოგვიანებით სრული იგნორირებაც გაუკეთა, როგორც ცნობიერი ადამიანისთვის მიუღებელ საქციელს და უაზრო ცრურწმენას. მისი კაცთმოყვარეობა იმდენად დიდია, რომ ურჯულო ქისტს ქრისტიანივით ცხონებულად ახსენებს და გვარს უდღეგრძელებს. თემში დაბრუნებული ალუდა ამას კიდევ ერთხელ იმეორებს. თანამემამულეებში პირველ გაოცებას სწორედ მაშინ იწვევს გუდანის ჯვრის კაი ყმა:
"-რას ამბობ? ქისტის ცხონება
არ დაწერილა რჯულადა."
- ეს არის თემის პასუხი პიროვნული შეგნების მქონე ადამიანის ქმედებაზე. სამეცნიერო ლიტერატურაში მართებულად არის აღნიშნული, რომ "ალუდა ქეთელაურში" პიროვნებისა და თემის კი არა, პიროვნებისა და საზოგადოების ურთიერთობის პრობლემაა წინ წამოწეული, (8) ვინაიდან ყოველ საზოგადოებაში ტრაგიკულად წარიმართება იმ პიროვნების ბედი, რომელიც მიღებულ წესებს, კანონებს და თუნდაც ჩვევებს არ ემორჩილება.
გუდანის ჯვარს, ბუნებრივია, ალუდას გარდა, სხვა რჩეულებიც ჰყავდა, რომლებიც ასევე "კაი ყმის" სახელით სარგებლობდნენ. ასეთები, ალბათ იმ "ახალუხლებშიც"ერივნენ, რომელთაც "ავად შაჰხედნეს ალუდას". მაგრამ სულ სხვაა ალუდა, იგი სულით კაი ყმაა, სულით რაინდი. ალუდა ქეთელაური სხვებივით მიღებული წესებით, დოგმებით კი არ მოქმედებს, არამედ ეს ქმედებანი მთელი მისი შინაგანი ბუნების გამოხატულებაა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ აქამდე ისიც ასრულებდა ერთ ასეთ ჩვევას: "რამდენ სხვა მაჰკალ, შენს ქავზე ხელებ ჯღდესავით ჰკიდია" - ახსენებს მას ხევისბერი. ამ შემთხვევაში, უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი არასოდეს ჩაღრმავებია, ჩაფიქრებია ამ ქმედების არსს და მისი პიროვნებაც სწორედ მაშინ გამოვლინდა, როცა პირველივე შესაფერის შემთხვევაში დაფიქრდა: "რადა? რისთვის?" ვაჟას თქმით, "ეს ნიშანია ადამიანის კეთილგონიერებისა. სწორედ ამისთანა ფიქრების ბრალია კაცობრიობის წინსვლა". (9) ალუდამ თავისი ცხოვრების ავ-კარგს საღი თვალით შეხედა და შეინანა ადრე ჩადენილი არაზნეობრივ-არაქრისტიანული ქმედებანი. ალუდას სინანულის გრძნობაზე მეტყველებს პოემის მთელი სიღრმისეული პლანი, რომელიც იმ ფიქრებით იწყება, შატილში მობრუნებული ალუდა რომ შეუღონებია და "პირს დასწოლია ნისლები", შემდეგ კი მისი სიზმრით გრძელდება.
,,ახლა მე ვხარობ არა იმიტომ, რომ დანაღვლიანდით, არამედ იმიტომ, რომ დანაღვლიანდით მოსანანიებლად; რამეთუ დანაღვლიანდით ღმერთის გულისთვის", - ამბობს პავლე მოციქული ამგვარი ნაღველის შესახებ (პავლე. კორინთელთა მიმართ. 2.9.). (10)
შინ დაბრუნებული ალუდას გონებაში უკვე არათუ "ქვეცნობიერად იძვრიან" (თ. ჩხენკელი) (11) ზნეობრივი თვითგამორკვევისკენ წარმართული აზრები, არამედ მის მიერ სრულიად გაცნობიერებულია "სისხლიანი მტერობის" დაუსაბამობა დედამიწაზე. ალუდას აღარ სწყურია "მტერობა". თემში მისული "კაი ყმა" სინანულის მწვერვალზე დგას, აღელვებულია და ცდილობს ამის მიზეზი თანამემამულეებსაც აუხსნას. ალუდა აღიარებს მუცალის ვაჟკაცობას და იმ შებრალებას, რაც მისი სიცოცხლის სიყვარულმა გამოიწვია:
"ვერ გავიმეტე მუცალი
მარჯვენის მოსაჭრელადა,
გული გამიწყრა, არა ჰქნა,
რაც საქნელია ძნელადა:
"დაე, დააკლდეს სახელსა
მე გირჩევნივარ მრჩევლადა."
მან საკუთარი სახელი - ის, რაც უძვირფასესია კაი ყმისათვის - ვაჟკაცის აღიარების სამსხვერპლოზე მიიტანა. ეგოიზმის, საკუთარი "მეს" განდიდებისათვის ალუდა ქეთელაურის გულში ადგილი არ რჩება. "სულის თავისა თავისაგან განდგომით მოიხვეჭება სიყვარული" _ ამბობს ისააკ ასური. (12) ალუდა ქეთელაურში სწორედ სინანულით მოგვრილი სიყვარულის გრძნობა იღვიძებს მუცალის მიმართ, რომელიც ქრისტეს მცნების შინაარსს შეადგენს - "შეიყვარე მტერი შენი, ვითარცა მოყვასი შენი." ამიტომაც არის "დანაღვლიანებული" ღმერთის - სიყვარულის გულისთვის.
თვისტომებთან პირველივე გასაუბრების დროს შეიმჩნევა, თუ რამდენად მაღლა დგას ალუდა ქეთელაური მათზე. თანამემამულენი მასში რაინდულ სულს კი არა, მშიშარა მეომარს დაინახავენ და ჩათვლიან, რომ ქეთელაური ქისტის შვილს გამოექცა და ამიტომაც ვერ მოიტანა მისი მოჭრილი მარჯვენა:
"მაჰკალ, მარჯვენა არ მასჭერ,
უკვენ მისდევდი მა რადა?!"
მათთვის მთავარი ქავზე დაკრული მტრის ხელებია, რომლებიც მათ სახელზე მეტყველებს მაშინ, როდესაც ალუდამ სახელი კაცთმოყვარეობის გრძნობას ანაცვალა. ალუდა ქეთელაურის პიროვნული აღორძინება თანდათან ვითარდება. უფრო სწორად რომ ვთქვათ, მისი ცხოვრების ყოველი დღე ცხადად წარმოაჩენს მას, როგორც განსხვავებულ პიროვნებას. ალუდა თვისტომთა თვალში უცბად იცვლება, ხოლო პიროვნულად ვითარდება სინანულის შედეგად: ამჟღავნებს იმ თვისებებს, რომლებიც მასში თავიდანვე უცილობლად იდო და სრულად მხოლოდ იმ სიტუაციამ გამოავლინა, რომელიც ვაჟას საკვანძო საკითხად აქვს აღებული. ვაჟა-ფშაველა "ახალ-ახალი ამბების გადმოცემას კი არ ეტანება, არამედ ცდილობს, გააღრმავოს უკვე წარმოშობილი სულიერი მდგომარეობა". (13) ალუდას სულიერი მდგომარეობა სრული სიღრმისეული პლანითა და სიმძაფრით წარმოჩნდება ალუდას სიზმარში. თ. ჩხენკელის აზრით, პოემის დასაწყისშივე მუცალისთვის ცხონების მინიჭებით "უკვე მოცემულია პოემის მთავარი გმირის შინაგანი განვითარების მთელი სურათი", ხოლო, როდესაც მკვლევარი ამ პროცესის სიღრმისეულად განვითარებაზე საუბრობს აქ გმირის ფერისცვალებას მითოსური ტრანფორმაციის საფუძველზე ხსნის, რომელიც დიონისეს კულტის ორგიასტურ მსახურებაშია თავჩენილი. ეს მითოსური ტრანსფორმაციის გზა მოცემულია ალუდას სიზმარში. (14)
სიზმარი. ბუნებრივად, სიზმარი ორგვარი არსებობს: დღის ფიქრის გამგრძელებელი სიზმრები, რომელთაც ჩაყოლილ სიზმრებს ეძახიან. მათი არსი იმაშია, რომ უკვე მომხდარის მიხედვით, ძილში ადამიანი ამ მომხდარის სქემებს ქმნის. არის ე.წ. ინტუიციური სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი, ისევ და ისევ მომხდარის გამო, ინტუიციურად გრძნობს მის შესაძლო გაგრძელებას ან დასასრულს. არსებობს აბსურდული სიზმრებიც.
ლიტერატურაში სიზმარს ხშირად დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოების სახე აქვს და ადამიანის შინაგან, სულიერ სამყაროს გვიხსნის.
ალუდა ქეთელაური სიზმარში კვლავ სალაშქროდ - სისხლის საქცევად ემზადება და სწორედ ამ დროს ეცხადება მუცალი - ნატყვიარში ბრძამის ლეგა საფევით, როგორც ორთაბრძოლის ბოლო მომენტიდან ახსოვს. იგი ხანჯლის ტარს ჩაუდებს ხელში ხევსურს და ეხვეწება - მომკალიო:
"თქვენ დაგრჩეს წუთისოფელი,
მე კი წავიდე ქვეყნითა,
დაძეხით, ხევსურთ შვილებო,
ლაშქრობით, ხმლების ქნევითა."
"ვაჟას პოემებში მტრული ტომებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ისე განიხილავენ ურთიერთს, როგორც ერთმანეთის სისხლისა და ხორცის "მჭამელნი", რაკი მათთვის მტერი დიაბოლური ანუ დევური საწყისის განმასახიერებელი იყო" - წერს თ. ჩხენკელი. (15)
ჩვენ ვფიქრობთ, პოემაში მოყვანილი საზოგადოება ფორმაციის უფრო მაღალ ეტაპზე მდგომია, ვიდრე ერთმანეთის "ხორცის მჭამელნი". კაცის ხორცის ჭამა შურისძიებასთან გაიგივებული იმიტომაა, რომ მათ არაეთიკურ მნიშვნელობებს შორის ტოლობის ნიშანი დაისვას. მუცალის გამოცხადებაც ამ ფაქტთანაა დაკავშირებული. ლეგა საფევი - სიცოცხლის სიყვარულის სიმბოლო, კიდევ ერთხელ ახსენებს ალუდას, რომ არ უნდა "კაც კლას". რაც შეეხება, მტრის დევებისა და ქაჯების სახით მოაზრებას, ესეც წმინდა მხატვრული ხერხია. იგი არა მხოლოდ ვაჟასთან გვხვდება. "თვით "შუშანიკის წამებაში" ნახსენებია მითოსური პერსონაჟები - დევები. შუშანიკი ეუბნება ვარსქენს - მამაშენმა კეთილი ხალხი შემოიკრიბა, შენ კი დევები დაიახლოვეო. შუშანიკი მათში სპარსელებს გულისხმობს". (16) ალუდა ქეთელაურის სიზმარში სწორედ სალაშქროდ მზადებას მოჰყვება კანიბალური კაცის ხორცის ჭამა მისგან.
თ. ჩხენკელის აზრით, ეს ეპიზოდი, ასევე დიონისური ორგიაზმით აღბეჭდილი ყველა ეპიზოდით, ეხმიანება ლექსს "დევების ქორწილი". იგი "მითიურ პლანში დიონისური ღმერთითავსილობის შესატყვისია... ალუდას სიზმარში გამოხატულია ზიარების აქტი... (17)
მითოსში დიონისური კულტის დღესასწაულებთან დაკავშირებული კაცის, ხოლო შემდგომ პერიოდში უკვე ცხოველის ხორცთან ზიარება და ამით ღმერთავსილობა ინიციაციის ტოლფასი იყო. ადამიანს სწამდა, რომ ამგვარად ღმერთებისთვის დამახასიათებელ უკვდავებას მოიპოვებდა, ანუ ისეთ თვისებას, რომელიც სინამდვილეში ადამიანს არ ახასიათებდა. იგი არ შეიცავდა პიროვნების თვითგამორკვევის, ადამიანის თვითჩაღრმავების მოტივს, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზოგადოებრივი ფორმაციის ამ ეტაპზე ადამიანი, თუნდაც გმირი, საზოგადოების განუყოფელი ნაწილი იყო და მხოლოდ იმ იდეალს ემსახურებოდა, რასაც საზოგადოება მისგან მოითხოვდა. ალუდა ქეთელაური კი მკვეთრად გამოხატული პიროვნებაა. ამას იგი მუცალთან ორთაბრძოლაში ამჟღავნებს. ხოლო შემდეგ, ახალ-ახალ სიტუაციებში თემის წევრთა და თვით ალუდასთვის ცნაურდება მისი პიროვნების ნამდვილი შინა არსი. ჭეშმარიტი გმირის ყველაზე ოსტატურად ხატვის ხერხი ლიტერატურაში სწორედ ასეთია: "გმირი მკაცრსა და გამუდმებულ ბრძოლაში ხსნის თავის საკუთარი ბუნების ბევრ თვისებებს და მოიპოვებს უკვდავებას". (18) სულიერი ჩაღრმავების გზით ამ პიროვნული ძალების, თვისებების გახსნას ემსახურება ალუდა ქეთელაურის სიზმარიც. "იგი არ შეიცავს არც წინასწარმეტყველებას და არც ალუდას წინათგრძნობას ავლენს", (19) არამედ გმირის განცდების ემოციურ მხარეს აძლიერებს, რათა სიზმარმა, ვითარცა ადამიანის გრძნობების გამოვლენის პოტენციურმა წყარომ, მკითხველში გმირის სულიერი მდგომარეობის შესაბამისი რეაქცია გამოიწვიოს.
"ვაჟას გმირები იშვიათად ლაპარაკობენ საკუთარ გრძნობებზე და აფასებენ მათ. გმირი უმთავრესად იხსნება მოქმედებაში, ხშირად კი სიზმრის მეოხებით. გმირები გვითხრობენ იმას, რაც თითქოს მათგან დამოუკიდებლად ხდება - სიზმარში ნანახს. ვაჟა არ ერევა ფიქრთა და განცდათა მდინარებაში და ასახვის ეს არაჩვეულებრივი ობიექტები მიღწეულია პლასტიკური ხატის მეოხებით". (20) ასე რომ, ამ ეპიზოდში წარმოსახული მითოსური სამყარო მხოლოდ ალუდას განცდების ეფექტურად დახატვისათვის გამოყენებული ხერხია და არა ღვთაებრივი ინიციაცია. ამგვარსავე დატვირთვას შეიცავს "დევების ქორწილის" მსგავსი პასაჟი:
"სამპირად ცეცხლი დაენთოთ,
ზედ სამი ქვაბი შხიოდა,
სტუმრების წინა ხონჩებზე
კაცის თავ-ფეხი დიოდა.
უკვენას ყურეშიითა
კვნესის ხმა გამოდიოდა,
"ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?" –
ყმა ვინმე გამოჰკიოდა".
ეს ყმა ალუდა ქეთელაურია, ანდა მისნაირი "დავლათიანი", რომელმაც თავის "ლამაზ ძმად" აღიარა ქისტი მუცალი და მისი სახით ყველა ვაჟკაცური სულის, სიცოცხლისმოყვარე ადამიანი. დევების სახე აქ ბოროტი ძალების სიმბოლური განსახიერებაა.
ყოველი სისხლის ძიების მოსურნე ადამიანი ვაჟას აზრით, ბოროტი, დევური ბუნების მატარებელია. ალუდა ქეთელაური უარყოფს ამ ბუნებას.
პოემაში "კოპალა" ანალოგიური ხილვაა წარმოდგენილი:
"შავ-ბნელთ და უზარმაზართა
გრგვინვით ჩამოვლნეს ჭალანი,
კაცისა სისხლით ეღებათ
ხელ-ფეხი, პირის ბალანი...
შრება გული და გონება,
ძმა სისხლსა ჰსომდა ძმისასა.
ძმას ძმები შამაელევის,
სისხლსა ეძებდის სხვისასა.
დევთ დარბაზობას რაც მოჰრჩა,
იმათ ლაშ-პირსა მგლისასა,
ციხეს აგებენ დევები,
ციხეს კაცების ძვლისასა."
აქ უკვე აშკარაა, რომ ძმის სისხლის სმა და ხორცის ჭამა ზოგადად კაცის კვლასთან - "სისხლიან მტერობასთან" არის გაიგივებული და არა ინიციაციასთან.
სხვა რომ არაფერი, მითოსურ ღმერთთან ინიციაციის წყალობით ალუდა ქეთელაური ვერ შეძლებდა "ქრისტიანული ანუ უნივერსალური ღმერთის" (21) განცდას. ქრისტიანული ზიარება მორწმუნისათვის სიხარულია და არა "მტანჯველი", "გუნებაამაღელვებელი" რამ. ალუდას სიზმრისეული განცდები კი სრულიად შეესატყვისება იმ ცნებას, რომელსაც ზიარების წინა ეტაპი - სინანული გამოხატავს. იოანე ოქროპირი ამბობს სინანულის შესახებ: ,,არამედ იყავნ გონებაი შენი ყოვლადვე მგლოვიარე და შემუსვრილ". (22) ეს ცნება ფაქტობრივად, გულისხმობს ადამიანის მიერ თავისი არსებობის მანამდელი წესის გადაფასებას, რაც საკმაოდ მტკივნეული და მტანჯველია. ,,პირველი საქმე სინანულისაი არის დაცადებაი ბოროტთაგან და სინანული მათთვის, რომელ ვქმენით ბოროტნი, და მეორე - სიმდაბლე ფრიადი" (იოანე ოქროპირი. სინანულისათვის). (23) როგორც უკვე აღვნიშნეთ, ალუდა ქეთელაური სწორედ ეგოიზმს უკუაგდებს და სიმდაბლეს შეიძენს, როდესაც ხელს არ ჭრის მუცალს, ვინაიდან მისთვის საკუთარი სახელის ამგვარი გაფორმება არაფერია ჭეშმარიტი, ღირსების მქონე ადამიანის, ნამდვილი ვაჟკაცის დაფასებასთან შედარებით. ამიტომ მინდიას მიერ მუცალისათვის მარჯვენის მოჭრასა და ამით ალუდას "სახელის აღდგენის" მცდელობას "ავად მორთულ საქმეს" უწოდებს. მას არაფერში სჭირდება ქისტის მოჭრილი ხელი:
"რაად მინდარის, ვერ მიხმლობს,
არ გამოდგება ფარადა;
მთაში წავიღო, არ მითიბს,
არც მარგებს თივის კავადა,
წაიღე, თუ გწამ უფალი,
ნუღარ მაჩვენებ თვალითა,
კაი ყმის მარჯვენა არი,
გული მეწვება ბრალითა."
"კაი ყმის" შებრალება ალუდას გულში გზას ხსნის იმის შეგნებისაკენ, რომ მაღალზნეობრივი პიროვნებისათვის იმგვარი არაეთიკური საქციელი, როგორიც მკლავის მოჭრაა, მიუღებელია და სინანულის გრძნობა იპყრობს, რაც სიზმარში ცხადდება. ამ სინანულის გზით იგი "მეორედ იშვება", ვითარცა ყოველი მონანიე ადამიანი - ამაში გამოიხატება მისი სულიერი ტრანსფორმაცია.
"რაად სწყრებიან ხევსურნი,
რადა ტყვრებიან ჯავრითა?!
მტერს მოვკლავ, კიდევ არ მოვსჭრი
მარჯვენას მაგათ ჯაბრითა"
ასეთი ახირებით გამოხატა ალუდამ თავისი პიროვნული პრინციპი თემის წინაშე. თუმცა "ჯაბრი" რომ აქ არაფერ შუაშია, ამას ფრაზის დაბოლოებაც მოწმობს: "ვაი ეგეთას სამართალს, მონათლულს ცოდვა-ბრალითა!" ამ ცოდვა-ბრალით შეწუხებული ალუდა წარდგება სწორედ ხატობაზე ხევისბერის წინაშე "ფერნაცვალი". თემმა ალუდას ახირება, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ალბათ, საერთოდ დაივიწყა, რადგან ფშავში, საზოგადოდ, მიღებულია აზრი, რომ `გმირი ხშირად თემსაც აუხირდება... მაგრამ ეს ხასიათი გმირს უნდა მიუტევოს თემმა, რადგან გმირი ომში, ბრძოლაში გამოსადეგია, მისთვის პატივსაცემი და დასაზოგავი". (24)
ამბოხი. თემმა გმირს ამგვარ ახირებად ჩაუთვალა ის, რაც სინამდვილეში მისი ღრმა პრინციპების გამოხატულება იყო, სწორედ ამიტომ არც ალუდას მიერ "ცოდვა-ბრალის" ხსენებას მიაქცია ყურადღება. თემი და ხევისბერი მაშინ აზვავდა გმირის წინაშე, როცა იგი "სარწმუნოებრივ სფეროში შეიჭრა". უფრო სწორად, სარწმუნოების იმ გაქვავებულ დოგმებში, რომელთა ასრულებაც წესად არის და რომელთა მნიშვნელობა მხოლოდ ჭეშმარიტი პიროვნების სულს სწვდება. ალუდამ ხევისბერ ბერდიას ხატობაზე ქისტი მუცალისთვის შავი კურატის დაკვლა სთხოვა. ხევისბერის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა:
"მამით არ მოდის ანდერძი,
პაპითა-დ, პაპის-პაპითა,
გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ,
ურჯულოვდები მაგითა."
ალუდასთვის კი ქრისტიანობა ზნეობრივ სფეროში ვლინდება, და არა თუნდაც მამა-პაპით მიღებულ, მისთვის გაუგებარი კანონის მორჩილებაში. მაგრამ აქ მის "ახირებას" ყურს აღარ მოუყრუებენ და მისი პრინციპების გაგებასაც არ ეცდებიან. ალუდა, როგორც ტრაგიკული პიროვნება, მარტოდმარტო და გაუცხოებული აღმოჩნდება თემისგან. პიროვნება, რომელმაც დასძლია შინაგანი კონფლიქტი, გარე სამყაროსთან კონფლიქტში აღმოჩნდება. რადგან შინაგან გათავისუფლებას იმ ქმედებებისკენ მიჰყავს, რომლებიც სხვებისთვის გაუგებარია. საზოგადოებისათვის ალუდას ბოლო მოქმედება "ახირება" კი არ არის, მხოლოდ, არამედ ამბოხი. ნ. ბერდიაევი წერს: "ამბოხის თემა ბუნებრივი გაგრძელებაა თავისუფლების თემისა, რადგან ამბოხი არის თავისუფლებისკენ სწრაფვა". (25) ოღონდ ამბოხი გამართლებულია მხოლოდ მაღალი ფასეულობების, მაღალი აზრისათვის.
ალუდას პიროვნული ამბოხის უმაღლესი გამოხატულებაა ხატობის სცენა. იგი ბოლომდე სწორედ ხატობის სცენაში ამჟღავნებს საკუთარ თავს საზოგადოების წინაშე. ამიტომ ეს სცენა ემსგავსება სახარებისეული ფერისცვალების აქტს. როგორც ქრისტემ გააცხადა თავისი ღვთაებრივი ბუნება მოციქულთა წინაშე, სწორედ იმგვარად გამოამზეურა ალუდამ თავის ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება თანამემამულეთა თვალწინ. ეს ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება სხვებისათვის ჯერ კიდევ დაფარულია. ისინი "მიწიერი კაცები" არიან. ალუდა "შინაგანი კაცია", არა მხოლოდ ხორციელი, არამედ სულიერი მოწიფულობის ასაკს მიღწეული (ნეტარი ავგუსტინე. ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის). (26) თანამემამულეებმა ვერ შეძლეს მათ წინაშე მდგომი ჭეშმარიტი პიროვნების, მათი მხსნელი და მათი მსხვერპლი გმირის გმირად შეცნობა. იგი მოღალატედ ჩათვალეს, როცა ხევისბერის სასტიკი უარის შემდეგ თვითონ სცადა "მოუნათლავი გმირისთვის" მოზვერის დამწყალობება. რისხვით ანთებულმა ხევისბერმა თემიდან მოკვეთა ალუდა ქეთელაური და ნამდვილი გოლგოთა - მოყვასთაგან მოშორება მიუსაჯა.
მშობლიური კუთხის გარეშე ცხოვრება ალუდასთვის დიდი ტრაგედიაა, რადგან მისი რაინდული ჩვევები - ღირსება, სიყვარული და რწმენა (ერთგულება) სწორედ მასთან არის დაკავშირებული. იგი ქვეყნისა და ხალხის მოწინააღმდეგე კი არ ხდება, ცდილობს, გულით ნაწვდომი ჭეშმარიტება დაამკვიდროს ხალხში, გაქვავებული ადათების საწინააღმდეგოდ. ამაშია ჰუმანური მსოფლმხედველობით განმსჭვალული გმირის და, მათ შორის, ალუდას ბუნების არსი. ასეთი გმირი მხსნელია საზოგადოებისა, რომელიც მის რჩევას მიჰყვება, რაც ძალზე იშვიათად ხდება, რადგან იგი პიროვნებამდე ვერ მაღლდება. ამაში მდგომარეობს პიროვნების "ტრაგიკული ბრალი". სწორედ ამიტომ იგი ამასთანავე, "მსხვერპლია სოფლისა". ალუდა ქეთელაურიც მსხვერპლად ეწირება თავის პრინციპებს და იმ გმირთა შორის დგება, "რომლებიც სცილდებიან თემს, ვითარცა ყველაზე კეთილი მტრები მთელს მსოფლიოში" (27):
"ერთხელ მაუნდა ალუდას,
ერთხელ მობრუნვა თავისა:
მშვიდობით, საჯიხვეებო,
გამახარნელნო თვალისა!
მშვიდობით ჩემო სახ-კარო,
გულში ამშლელო ბრალისა!
მშვიდობით, ჩვენო ბატონო,
ყმათად მიმცემო ძალისა!"
პიროვნების სულიერი ტრანსფორმაცია "ალუდა ქეთელაურში" პიროვნების ნამდვილი შინაარსის გამომზეურებას, ზნეობრივი სრულყოფისაკენ სწრაფვას გამოხატავს, რაც იმ პროცესის ტოლფასია, რომელსაც ქრისტიანულ ანთროპოლოგიაში პიროვნების თანდათანობითი აღორძინება, ხოლო ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში - ნებელობის განცდისაგან გათავისუფლება ეწოდება. ალუდა ზეაღმავალი გმირია. მისი სიზმარი თვითშემეცნების მეტაფორული გამოხატულებაა. "ეს არის დიდი სულიერი შეძრწუნების ხატი". (28) "შეძრწუნება ხშირად უფრო ნაყოფიერია, ვიდრე ნაღველი, ვინაიდან მას ნაღველისგან განკურნება ძალუძს". (29) განკურნების შემდეგ მიკვლეული მთავარი ჭეშმარიტება კი ჰუმანური მცნებაა - "გიყვარდეს მტერი შენი"... ამგვარი აზროვნება ალუდა ქეთელაურის პიროვნული თავისუფლების უმაღლესი გამოხატულებაა - "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" (იოანე. 8. 32). (30) აქედან იწყება თვითამაღლება. ხოლო ამბოხი ცნობიერი ადამიანის მიერ მიკვლეული ჭეშმარიტების სოციუმში დამკვიდრების სურვილს გამოხატავს.
დამოწმებული ლიტერატურა
1. გრ. კიკნაძე, ვაჟას ფენომენი, ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული, თბილისი 1966
2. Гегель, Эстетика, Т 2., Романтическая форма искусства
3. ჭინჭარაული ა., ხალხური, ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, თბილისი, თსუ გამომცემლობა 1975, გვ.374
4. ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტომი 9, წერილები, თბილისი "საბჭოთა საქართველო" 1964, გვ.53
5. იქვე, გვ.50
6. იქვე, გვ.14
7. С.С. Аверинцев, Поэтика ранневизантийской литературы, Москва, Наука, 1977, стр.60
8. გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი, სახელგამი 1957, გვ.64-65
9. ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტომი 9, წერილები, თბილისი, "საბჭოთა საქართველო" 1964, გვ.208
10. ახალი აღთქმა და ფსალმუნი, სტოკჰოლმი 1992
11. თ. ჩხენკელი, მშვენიერი მძლევარი, თბილისი, მერანი 1989, გვ.98
12. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, წიგნი III თბილისი, ხელოვნება 1991, გვ.243
13. გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი, სახელგამი 1957, გვ.264
14. იქვე, გვ. 113-124
15. იქვე, გვ.118
16. რ. სირაძე, სახისმეტყველება, თბილისი, ნაკადული 1982, გვ.43
17. თ ჩხენკელი, მშვენიერი მძლევარი, თბილისი, მერანი 1989, გვ130
18. Ю. Борев, О трагическом, Москва, Советский писатель 1961, стр.128
19. რ. სირაძე წერილები, თბილისი, "საბჭოთა საქართველო" 1980, გვ.163
20. გ. კალანდარიშვილი, ვაჟა-ფშაველას პოეტური ხილვის შესახებ, "მაცნე", 1969 N6, გვ.91
21. თ. ჩხენკელი, მშვენიერი მძლევარი, თბილისი, მერანი 1989, გვ.117
22. აბულაძე ი., მამათა სწავლანი, თბილისი, საქ.სსრ.მეცნ.აკად.გამ-ბა, 1955, გვ.134
23. იქვე, გვ.77
24. ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა სრული კრებული 10 ტომად, ტომი 9, წერილები, თბილისი "საბჭოთა საქართველო" 1964, გვ.85
25. Н. Бердяев, Самопознание, Москва, Варгиус 2004, стр. 65
26. სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა, წიგნი III თბილისი, ხელოვნება 1991, გვ59-60
27. გრ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი, სახელგამი 1957, გვ.78
29. გ. კალანდარიშვილი, ვაჟა-ფშაველას პოეტური ხილვის შესახებ, "მაცნე", 1969 N6, გვ.93
30. Н. Бердяев, Самопознание, Москва, Варгиус 2004, стр.53
31. ახალი აღთქმა და ფსალმუნი, სტოკჰოლმი 1992
სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე
|