განსაკუთრებული ნიშანი წერაქვულ დამწერლობაში
(კრიპტოგრამები)

საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი კრიპტოგრამების შესახებ გამოქვეყნებულია რამდენიმე წერილი. კვლევის პირველი ნაბიჯია ჩვენი მონოგრაფია `ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“. სახელდება `ფარული ნიშნები“ კრიპტოგრამების მისამართით პირველად ითქვა ფოტოგამოფენაზე, რომელიც 2007 წლის 10 იანვარს რუსთაველის საზოგადოების დარბაზში გაიმართა. ფარული იგივე დაფარული კავშირშია საკულტო მსახურებასთან და ფართან რომელიც შექმნილია საკრალური სიმბოლოების მსგავსი დეტალებით (ხევსურული ფარი). ხევსურულ ფარზე შუაგულ ადგილს, ტრადიციული გადმოცემით `ხატის გუმბათი“ ეწოდებოდა. საბრძოლო ფარის სიმბოლოებით გაფორმება ცნობილია უძველესი დროიდან სხვადასხვა კულტურის ხალხში.
საქართველოში ფარული ნიშნების კვლევის გამოცდილება არ არსებობს. ჩვენ ვხელმძღვანელობთ უცხოელი პალეოგრაფების გამოცდილებიდან და ქართველი მეცნიერების შრომებით, (ი. სურგულაძე, ვ. ბარდაველიძე, გ. ჩიტაია, ტ. ჩუბინიშვილი და სხვა). სამეცნიერო შრომები, რომელიც ორნამენტულ სიმბოლოებს შეეხება საინტერესოა და ბევრი ინფორმაციით საყურადღებო. უძველესი ნიშანსიმბოლოების შინაარსის გარკვევისას პალეოგრაფები ყოველთვის ძველ გამოცდილებას იყენებენ. ინფორმაციის შემცველი ფარული ნიშნების ჯგუფი, რომელიც გაუშიფრავია და ორენოვანი (ბილინგვა) ნაწერი არ მოიძებნება რთულია. სირთულე უფრო მეტია როდესაც საქმე შეეხება საკულტო მსახურების ნიშანსიმბოლოებს. პირველ რიგში დასადგენია ნიშნები იდეოგრამულია, ლოგოგრამულია თუ მარცვლოვანი. `განმეორებადი ნიშნები შეიძლება გასაღები აღმოჩნდეს დადუმებული საიდუმლოს ამოსახსნელად“- ასეთი აზრი გამოთქვა რამდენიმე სპეციალისტმა. ჩვენი აზრით, ნიშნების განმეორება დამატებით სირთულეს შეიცავს, პირველი, ხელწერის სხვადასხვაობა, მეორე ნიშნების რამდენიმე შესაძლო შინაარსი.
მაგალითად შუამდინარული (შუმერული) იდეოგრამები რომლებიც გარეგნულად ფარულ ნიშნებთან მსგავსია, ხშირად ერთი და იგივე ნიშანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელით იყო გამოყენებული. შეიძლება პირიქით, ერთ ნიშანს ზოგჯერ რამდენიმე სახელი ჰქონდა, მაგალითად შუმერული იდეოგრამა ისარი `სიცოცხლე“ და მარცვლოვანი გამოთქმა `ტი“. ეგვიპტური იეროგლიფი წერტილიანი წრე `სინათლე“ და მსგავსი თვალის იეროგლიფით ..ღმერთი რა“ გამოისახებოდა. განმეორადი ნიშნები, რომელიც გვხვდება ორჯერ, სამჯერ და მეტჯერ ძირითადად საკულტო ტაძრებზე და ციხე-კოშკებზეა შემორჩენილი. გეომეტრიული ორნამენტების სახელწოდებები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც გარეგნული მსგავსება ფარულ ნიშნებთან შესამჩნევია მაგალითად `კვერანი“, `ბორჯღალა“, `ვარსკვლავა“ და სხვა. დაფარული შინაარსის ნიშან-სიმბოლოთა გამოყენების ტრადიცია რომ არსებობდა, ამას ადასტურებს`საჭვრეთლები“-ს არსებობა, რომელიც დღეობებში გამოიყენებოდა. `საჭვრეთლებით“ გაფორმებული ქადები ან პურ-საწირები ჯვარსალოცავებში ილოცებოდა. ჩანს რომ მხოლოდ გამომსახველობითი ნიშნები არ იყო დაფარული. ხევსურულ ხუცობებში შემორჩენილი ზოგიერთი ტერმინი ან მთელი წინადადებებიც დაფარული ქარიზმული გამოთქმებით არის გაწყობილი მაგალითად `მზეი მამარწყვილებულა“, `სახელითა სარხილისითა“, `მზის მყოლი ანგელოზი“, ` მწარე ახსნა სულნი ჩვენნი, აუტივნა ტილონი ან ხილო ამ შტოლოებაო სარწმუნოებაო“ და სხვა. (ალ. ოჩიაური. `ქართული დღეობების კალენდარი“). ხუცობის ტექსტების შეფარული ტერმინოლოგია რომელიც `ჯვარის ენის“ ლექსიკონსაც შეიცავს, მსგავსია ფარული ნიშნების საკრალურ ხასიათთან. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ფარული ნიშნები ქართულ კულტურას რომ მიეკუთნება აშკარაა, რადგან ასეთი იდეოგრამები ქვებზე მთელ საქართველოს ტერიტორიაზე მეტნაკლები რაოდენობით გვხვდება.
ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილი ფარულ ნიშნების მსგავსი დეკორატიული გეომეტრიული ორნამენტიკა ასევე ზოგად ქართულია (სახელწოდებებიც ასევე ზოგად ქართულია). პირაქეთ ხევსურეთის სოფელ ბლოს შემორჩენილი კრიპტოგრამებიანი ქვა რამდენიმე ფაქტით იქცევს ყურადღებას. ქვა დიდი ზომისაა და მდებარეობს `მუხის წმინდა გიორგის“ ჯვარსალოცავის დარბაზის კართან. სოფელი ბლო დღესაც საავტომობილო (სამარხილო) გზის გარეშეა და ქვის მიტანა სხვა ადგილიდან გამორიცხულია. ჯვარ-სალოცავი სადაც ქვა ინახება უხსოვარი დროიდან, ტრადიციული საკულტო ძეგლებით არის ცნობილი. სოფელ ბლოს 1926 წლის აღწერით 111 ადამიანი ცხოვრობდა. გამორიცხულია ძველ ხუცესებს არ სცოდნოდათ კრიპტოგრამების შესახებ.
პირაქეთ ხევსურეთის სოფელ ბლოში დაცულ ფარულ ნიშნიან ქვაზე ჩანს ხე და ოთხწერტილიანი ჯვარის გამოსახულება, რომლის შესახებ კიდევ გვექნება საუბარი. ჩვენ გვინდა კონკრეტულად გამორჩეულ, განსაკუთრებულ ნიშანზე, წერტილებიან ჯვარზე ვიმსჯელოთ. ფარულ ნიშნების მიმართ კვლევა თუ არ წავიდა, მათი არსებობა გვერდზე ჩაგვივლის და დაგვეკარგება სამუდამოდ.

მსჯელობა რომ პროფესიონალურ დონესთან მიახლოებული იყოს, ჩვენი აზრით აუცილებელია სიმბოლოების ისტორიას გავეცნოთ. ამჯერად ინტერესის სფეროა ჯვარი წერტილებით (ოთხწერტილიანი ჯვარი) იდეოგრამა თუ იეროგლიფი მიახლოებით რომ გავიგოთ აუცილებელია საერთო სურათის წარმოდგენა. რა სახელწოდებით გამოიყენებოდა ლოკალური ნიშანი. საერთო სურათია: შუამდინარეთული, ხმელთაშუაზღვის აუზის და მცირე-აზიის უძველესი პიქტოგრამების მიხედვით ოთხკუთხედით (კვადრატით) გამოისახებოდა სახლი ან საცხოვრისი, ანდაც საკულტო ნაგებობა (ოთხკუთხედში დიაგონალზე ჩახატული ჯვარი). წრე ან წრის დახმარებით გამოსახული იდეოგრამა ხშირად თვალის, ცის ან ზეციური სამყაროს აღმნიშვნელი იყო. ერთი და იგივე გრაფიკული ხაზოვანი ნიშანი, სხვადასხვა სახელწოდების ჩანს სხვადასხვა ხალხთა კულტურაში, მაგრამ მისი თავდაპირველი პიქტოგრაფიული (ხატოვანი) სახელი ყველგან ერთნაირია. `ჩვენ ვხედავთ რომ უძველეს ხალხებს ჰქონდათ ერთნაირი ფორმა რაიმეს გამოხატვის“ (იან დევიდსონი. უძველესი პიქტოგრამების მკვლევარი. ნიუ ინგლენდისუნივერსიტეტის პროფესორი).

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემორჩენილ ფარულ ნიშნებში განსაკუთრებულ ფიგურად ჯვარია წარმოდგენილი ოთხი წერტილით. ძირითადად სტატიურად მდგარი ჯვარი მხრებს შორის ოთხი წერტილით, ან ორი ან ხუთი ამოკვეთილი წერტილებით.
ასომთავრულში დაცული უძველესი მოხაზულობის ასოები, რომელიც არც ბერძნულში და არც არამეულშია ყურადღებას იქცევს ფარულ ნიშნებთან მსგავსებით. ამ შემთხვევაში ასომთავრულის `წ“ და `შ“-ს მოხაზულობაა ჩვენთვის საინტერესო.


ვერტიკალურ ხაზთან ორი ნახევარწრით შექმნილი ასო აშკარად უძველესი იეროგლიფური (კრიპტოგრამული) ნიშნების გამარტივებულ სახედ შეიძლება ჩაითვალოს.
ოთხწერტილიანი ჯვრის იდეოგრამაც უძველესია. მისი ადრინდელი სიმბოლიკა მკლავებმოხრილი წერტილებიანი ჯვარია. მკლავებმოხრილი ჯვარი (სვასტიკა) საქართველოში მტკვარ-არაქსის პერიოდს (ძვ.წ. III ათასწ.) მიეკუთნება. კუთხედებით შექმნილი ასეთივე შუმერული სიმბოლოც ძვ.წ. III - IV ათასწლეულისაა. ანატოლიის ტერიტორიაზე 8000 წლის უკანდელი სვასტიკის მსგავსი გამოსახულებაა ნაპოვნი. ბოლოებმოხრილი ჯვარი წერტილებით გვხვდება ხარაპულ დამწერლობის ნიშნებშიც (მოხენჯოდაროს დამწერლობის ნიშნები გაუშიფრავია). ძვ.წ. II ათასწლეულის პერიოდისაა სვეტამბარული ბოლოებმოხრილი ჯვარი წერტილებით. ჯაინიზმის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლიკა წარმოდგენილია ორი ფიგურეს შეერთებით. სვასტიკა ოთხი წერტილით და თავზე შუმერული `ზეციური ნავის“ მსგავსი ფიგურა. მათ შორის წერტილებია და წერტილებს თავისი სახელწოდებებიც აქვთ ინდურ ენაზე .მაგ. `სამყოფელი განთავისუფლებული სულის“, `მართალი ცოდნა“, `არსებული ზეცა“, `დადებითი ადამიანური“, `არსებული ცხოველური“, `არსებული ქვესკნელური“.

სვასტიკა სანსკრიტულად `კეთილად მყოფადი“-ს მნიშვნელობითაა. ჩანს რომ სხვადასხვა მნიშვნელობით არსებობდა, იმის მიხედვით თუ საითკენ იყო მოხრილი მკლავები. მკლევარების მიერ გამოთქმულია აზრი რომ ხარაპული დამწერლობის ენა, რომელიც დღემდე გაუშიფრავია, შესაძლოა უძველეს ინდოეთის (სინდი) ტერიტორიაზე შემორჩენილი კრიპტოგრამების დედა ენა იყო. წინაინდოევროპული ენის გარკვეული ნაშთები მოიპოვება დღევანდელ დრავიდულ ენაში (სამხრეთ ინდოეთი). ანალოგიურად ეგვიპტის ქუშიტურ, კოპტურ და ბერბერულ ენების, რომელშიც შემორჩენილია `მთელი რიგი ძირი ფენა უძველესი ენისა“ (ჰ. შუხარტი). ვერსია რომელსაც კრიპტოგრაფები გვთავაზობენ შემდეგია: ბოლოებმოხრილი წერტილებიანი ჯვრიდან (სვასტიკა) მიღებულია ჩვეულებრივი ჯვარი წერტილებით. სიმბოლიკიდან წარმოშობილია დამწერლობის ნიშნები. ასეთი აზრი საფუძველმოკლებული არ ჩანს, მაგრამ აქაც ბევრი საკითხია ბურუსით მოცული. ხეთურ-ლუვიურ დამწერლობის ნიშნებში ჯვარი ოთხი წერტილით იშვიათად გვხვდება და მისი სემანტიკური მნიშვნელობა გაურკვეველია (დეტერმინატივი არ აქვს). ხმელთაშუაზღვის აუზის ტერიტორიაზე უძველესი დროის ასეთი სიმბოლიკა იშვიათად სჩანს. გამონაკლისია ეგვიპტური, კრეტული და ეგეოსური კულტურა (ტროა). ჯვარი მხრებს შორის ოთხი წერტილით ხშირად ფიქსირდება მცირე-აზიის ძველ ტერიტორიაზე. ფრიგიულ კერამიკაზე ძვ.წ. VIII საუკუნე (გ. აკურგალი `ფრიგიული კერამიკა“ 1953). საქართველოში, კერძოდ კახეთში აღმოჩენილია, ზომორფული ფიგურა (ძვ. წ. IX-X ს.). ბრინჯაოს ირემის გვერდებზე გამოსახულია სვასტიკა და სიმბოლო-კრიპტოგრამა ანალოგიური რაც ხევსურეთში და თუშეთშია (არქეოლ. ნივთი დაცულია სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). ჯვარი ოთხი წერტილით ხშირია ადრექრისტიანულ ტაძრებზე კაბადოკიის ადგილებში (დღევანდელი თურქეთი), როგორც დეკორატიული გაფორმება. ჩანს რომ კრიპტოგრამული ნიშანი გადმოსულია ადრე ქრისტიანულ დეკორში და სიმბოლიზირებულ ორნამენტიკაში.

საქართველოში ადრე ქრისტიანულ ტაძრებზე ვხედავთ წერტილებიან ჯვრებს მაგალითად დმანისის სიონის ლაპიდარულ წარწერაში. სოფელ ხცის ტაძრის წარწერაში, სოფელ წებელდის საამშენებლო წარწერაში და სხვა. ოთხ წერტილიანი ჯვრის პრინციპზეა აგებული რამდენიმე ქართული ადრე ქრისტიანული ტაძრის საფუძველი მაგ. მცხეთის ჯვრის საძირკვლის გეგმარება, ტაო-კლარჯეთში ბანას ტაძრის საძირკვლის გეგმარება და სხვა. ქრისტიანულ წიგნებში მაცხოვრის სიმბოლოა ოთხ წერტილიანი ჯვარი. სამცხე-ჯავახეთში შემორჩენილია ბევრგან ტაძრის ქვებზე ოთხ-წერტილიანი ჯვრის გამოსახულება მაგ. საფარის ტაძარზე.

სოფელ რკონის ქრისტიანული ტაძრის ჯვრის ორნამენტიკა, სიმბოლოებით გამოსახული, შინარსობრივი კომპოზიციაა. ოთხი დეკორატიული ფიგურიდან ორი ერთმანეთის მსგავსია, ხოლო ქვედა ორი ფიგურა სხვადასხვაა.რკონის ქრისტიანული ტაძრის გაფორმება ჯვარი ოთხი ფიგურით შესაძლოა უძველესი სემანტიკის ტრადიციულ გამოძახილს წარმოადგენს. საყურადღებოა სოფელ წილკნის IV საუკუნის ტაძარის სიმბოლო-ორნამენტები. და სოფელ ბავრის (ახალქალაქი) მართმადიდებლური ტაძრის სიმბოლოები. ამ უკანასკნელში საკურთხეველში აფსიდის ქვაზე შემორჩენილია სვასტიკის ტიპის ნიშანი. კვადრატში ჩასმული ოთხწრიანი ჯვრის პრინციპზე ჩანს ქართული ასომთავრულის კანონზომიერების მხატვრული საფუძვლიც. მკვლევარები ე.წ. `კვადრატის პრინციპებს“ უწოდებენ. სკრის ხეობაში სოფელ კოშკების `ღვთისმშობლის“ ეკლესიის გეომეტრიულ ორნამენტებში (ჯვართან) ჩართულია ასტრალური სიმბოლო-კრიპტოგრამები. სავარაუდოდ ადრექრისტიანული ტაძრები შენდებოდა წინაქრისტიანული სალოცავების ადგილზე და უძველესი სიმბოლოები გადმოსულია ქრისტიანული ძეგლების გაფორმებაში, ასეთია სპეციალისტების აზრი. წერტილოვანი ჯვარიც ერთ-ერთი მათგანია. ჯვრის წერტილები რომ სხვადასხვა შინარსობრივ დატვირთვას შეიცავდა, ამას ადასტურებს ძველი ინდური სვეტამბარის ოთხწერტილიანი მკლავებმოხრილი ჯვრის მნიშვნელობა. ქართველი, ორნამენტის სიმბოლოების კვლევის, სპეციალისტები ოთხწერტილიან ჯვარს მიაკუთნებენ, მზის ოთხი მდგომარეობას ან ქვეყნის ოთხ მხარეს (ი. სურგულაძე).
ფარულ ნიშნებში ოთხწერტილიანი ჯვარი გამოსახულია სხვადასხვა ასტრალური მნათობების გვერდით, რომელიც ზოგჯერ წრეებით იცვლება და მისი მზის სიმბოლოდ გაგება გაჭირდება. ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ჯვარი ოთხი წერტილით არც მზეს, არც დედამიწას, არც მატერიალურ სამყაროს არ ასახავს, იგი უფრო მნიშვნელოვანი შინარსის მატარებელია. ჩვენი აზრით ადრექრისტიანულ წიგნებში და ლაპიდარულ წარწერებში მაცხოვრის ერთ-ერთი სიმბოლიკა ოთხწერტილიანი ჯვარი გადმოსულია წინაქრისტიანული ღვთისმსახურების (ჯვართმსახურების) კრიპტოგრამებიდან.
ადრე შუასაუკუნეების ღვდელთმსახურებმა შესაძლოა იცოდნენ მიახლოებით მაინც ამ სიმბოლოს უძველესი სახელწოდება. ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ მიიჩნიეს რომ წერტილოვანი ჯვარი მიესადაგებოდა მაცხოვრის სახელსაც. წარმოიშობა პრინციპული კითხვა, რას ნიშნავდა ქართულ სამყაროში ქრისტიანობამდელი ფარული ნიშანი: წერტილოვანი ჯვარი?.
იდეოგრამის შინაარსი მიახლოებით რომ ამოვიცნოთ, სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ხელწერის ანალოგიური ნიშან-სიმბოლოები უნდა ინახოს. სხვადასხვა ხელწერა ზოგჯერ ხსნის დაფარულ შინარსს. სხვადასხვაგან განმეორებული იდეოგრამა შეიძლება ისეთ დამატებით ფორმებს გამოსახავდეს, რომლის პირდაპირი ხასიათი გამოჩნდეს. უძველეს შუმერულ თიხის ფირფიტებზე და ცილინდრებზე გვხვდება ოთხწერტილიანი ჯვარი რომელიც ასევე გაუშიფრავ ტექსტებს შეიცავს. ქართული ენისა და უძველეს შუმერულ ენაში მსგავსი სიტყვების შესახებ ბევრი თქმულა და დაწერილა. ჩანს რომ მხოლოდ არა მარტო ენაა მსგავსებაში არამედ ფარული ნიშნებიც ურთიერთმსგავსნია. ამიტომ შუმერულ ტექსტებში მოხსენიებული ასტრალური სიმბოლოების და ღვთაებების სახელებში შეიძლება `გასაღები“ აღმოჩნდეს. ასტრალურკოსმოგონიური სიმბოლოები ფარულ ნიშნებში წამყვანია. ასტრალური სიმბოლოები ყველა მოძრაობას ასახავს: წრიული, სპირალური, გვერდითი და სხვა გასხივებული დისკები.

ქართული დედაბოძის დეკორატიულ გამომსახველობაში `ღვთაებრივი“ ნიშნები სწორედ ასტრალურ სიმბოლოებს ეწოდებოდა. ასტრალური ყველა სიმბოლო რადგან მოძრაობის ამსახველია, მაშინ წერტილოვანი ჯვარიც უძრავ მდგომარეობის მნიშვნელობას ნამდვილად არ ასახავს. მაშინ რის მოძრაობას ასახავს?. ხევსურულ საბეჭდავებში, რომლებიც იმეორებენ ფარული ნიშნების ფორმებს, გვხვდება კიდევ ერთი სიმბოლო, ჯვარი ოთხი წერტილით, რომელიც განსხვავდება იმით რომ წერტილებს `კუდები“ აქვთ და ბოლოები მიმართულია ნაპირებისკენ (მოძრაობენ შუაგულისკენ). საბეჭდავები ჩანს ადრე ბევრი იყო და სამწუხაროდ დაიკარგა და განადგურდა უმეტესობა (კომუნისტური პერიოდი). მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა მუზეუმებში და ეთნოგრაფიულ სამხარეო მუზეუმში სწორედ ასეთი ორნამენტიანი საჭვრეთელია (საბეჭდავი). ხის საჭვრეთლები ტრადიცის მიხედვით მოდიოდა. მასზე გამოსახული სიმბოლოები ჩანს რომ უფრო უძველეს ფორმებს ინახავდა და ქვის ფარულ ნიშნებთან შედარებით გამარტივება, დახვეწას ნაკლებად ექვემდებარებოდა. ოთხ წერტილიანი ჯვრის მსგავსია ასევე უძველეს შუმერული ერთ-ერთი სიმბოლიკაც, რომელიც შემდეგნაირია: ჯვარი (წრეებით) მრავალწერტილებით. ჯვრის მხრებს შორის არა ოთხი წერტილია, არამედ თორმეტი. თითოეულ მხარეს 3-3 წერტილია მწკრივზე განლაგებულნი. შუაგულიდან ნაპირებისკენ მიემართებიან წერტილები, ისეთნაირად რომ თითქოს მოძრაობის მაჩვენებელია.
ანალოგიური ნიშანი ჩანს ტროას გვიანდელ არქეოლოგიურ ნივთზეც. თუშეთის ფარულ ნიშნებში ჩანს სხვა ხელწერის ტირეებიანი ჯვარი. ყველა ეს ნიშნები ვიზუალურად მოძრაობის ამსახველია.

მოძრაობა არა გვერდულად, არამედ შუგულისკენ, პირდაპირ სიღრმისკენ. ხევსურეთის სოფ. ზენკისტანის ქვაზე ოთხკუთხედში დიაგონალებზე ჩახატული ჯვრის თავზე ფიქსირდება სწორი ჯვარი წერტილებით. ზევითა ჯვარი უმთავრესია (ზეციურია) ამ შემთხვევაში. ფარულ ნიშნებ-
ში ჩანს რვატოტიანი ვარსკვლავა წერტილებით და წრეებითაც. ხევსურეთის სოფ. ბისოს სალოცავის კარის გვერდით ქვის ნიშანი რომელიც ნახევარწრეებით განკერძოებულია და ცალკე საკვლევი თემაა. gigauri. foto 11.  თუშეთის სოფელ ჰეღოს ქვაზე წერტილოვანი ჯვარი წრით ფიქსირდება. იბერიულ დამწერლობაში (ძვ.წ. V ს) სადაც ორი წერტილი რამდენიმეგან ჩანს, ფარულ ნიშნებთან ბევრი მსგავსებაა. gigauri. foto 12. საინტერესოა რომ `კო“ მარცვალი ორ წერტილიანი ჯვარია. `კო“ მარცვლად იკითხება მეორენაირი ნიშანიც: ორი სამკუთხედი წვეროებით მიერთებული. gigauri. foto 13. იბერიული დამწერლობის წარმომავლობა ბოლომდე გარკვეული არაა და მისი გაშიფრაც ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. იბერიული ტექსტები წაიკითხეს მ.გ. მორენომ და პ. ვილაგრესმა `კო“ მარცვლის გარდა ჩვენთვის საინტერესოა სხვა ნიშნებიც, სადაც ქართულ ორნამენტის ფორმებსა და დასახელებებს შორის ჩანს მსგავსებები მაგ. `ბორჯღალა“ და `ბო“, `დედამიწა“ და `დე“, `კვერანი“ და `კუ“, `შატა (ჯვარი) და `ტა“ და სხვა. სამკუთხედი წვეროებით ერთმანეთთან დაკავშირებული, უძველეს შუმერულ იდეოგრამებში `კავშირის“ სახელითაა. ასევე რვატოტიანი ვარსკვლავა `ღმერთის“ სახელით.

უძველეს შუმერულ ტექსტებში გვხვდება საინტერესო სახელწოდება `ღმერთის კარი“, `ცის კარები“ (ქა-დინგირ-რა). აშკარაა რომ რომელიმე ასტრალური სიმბოლიკა სწორეთ `ცის კარები“-ს აღმნიშვნელია.
საქართველოში, კერძოდ ხევსურეთში ღვთისმსახურების უძველესი ტექსტებია დღემდე მოქმედი. გვხვდება `ღვთის კარის“ და `ცის კარის“ ურთიერთმონაცვლეობის ფაქტები. მაგ. `ჩემ სიტყვა ღვთის კარზე (მეორეგან ცის კარზე) აიტანეთ, მადლი მამითხოვეთ“ ....`სადიდებლები“ (ხ. მამისიმედაშვილი). ` ღვთის კარი“ იგივე `ცის კარია“ იგივე ` წმიდა კარი“ და საერთოდ სიტყვა `წმიდა“ გამავალ `კარსაც“ აღნიშნავდა, ჩვენი აზრით. კარი ანუ გასასვლელი სხვა სამყაროში, სხვა სიღრმეში. ქართულ ენაში ბევრი სიტყვა თუ ტერმინი საკრალური, უძველესი მნიშვნელობის ნაკვალევს ატარებს. სიტყვა `ცისკარი“ დღეს განთიადს ჰქვია, შესაძლოა ადრე `ჯვარის ენიდან“ იყო და `ცის კარებს“ აღნიშნავდა. ამ დროს `წმიდა“ ღვთისმსახურების ტერმინია და მეორენაირად მცირე (უწვრილეს) მოცულობის ხაზსაც აღნიშნავს (წვრილი იგივე წმიდა. ს. საბა). ჩვენი აზრით, `ცისკარი“ გასასვლელია სხვა განზომილებაში და მი- თოლოგიურ გადმოცემებში `წმიდა კარი“ იგივე `ღვთის კარია“. ხევსურულ ლექსიკონში წმიდა წვრილის აღმნიშვნელია (წმიდა თმა). სიმბოლიზირება ტექსტების ან ტექსტების ნაკვალევი ფარულ ნიშნებში, ჩვენი აზრით გამორიცხული არ არის. `სამყაროს შორის არსებული, საზღვრის სიმბოლიზმი ემყარება კოსმოგონიურ სისტემას, მომდინარეობს მისგან და ქმნის სამყაროს ხატს ტაძრებისას“.

`ამგვარად ტაძარი სამყაროს ხატია, ხოლო ტაძარი და მისი კარი, ფუნქციებიდან გამომ-დინარე, ერთმანეთის იდენტურია, რამდენადაც ორივე, კოსმოგონიური სიბრძნის გამტარად ითვლება“. (ნ. აბაკელია). `ანუ ეს ის ადგილია, რომელიც შეესაბამება თაღის `თვალს“, ხოლო, ეს უკანასკნელი კი მიჩნევა `სამყაროს ღერძის“ ზედა ბოლოდ- `კარებად“, რომლის მეშვეობით ხორციელდება გასვლა კოსმოსში“. `ღვთის კარზე ამოსული მირონმდინარე ხის ხატება სამოთხის ხატების მიმანიშნებელია. ადგილობრივი სიმბოლიზმის მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი იეროფანით მიღებული `ღვთის კარის“ სიმბოლიკის მატარებელი ობიექტები თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამყაროში `გარღვევის“ ადგილებად, რომელთა მეშვეობით ხდება გადასვლა ჟამიდან უჟამობაში“ (ვ. ბარდაველიძე). ზემოთ აღნიშნული დმანისის სიონის ლაპიდარულ წარწერაში მაცხოვრის სიმბოლო ოთხწერტილიანი ჯვარი შეიძლება `სიღრმეში“ გასვლის (წმიდა კარი) უძველესი სახელწოდებიდან მომდინარეობდეს, `მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს“. იოვანეს სახარება. X თავი. `ღვთის კარი“, `წმიდა კარი“, `ცის კარი“, `წმიდა“ შეიძლება სწორეთ ასეთი შინაარსი ჰქონდა უძველეს ქართულ სამყაროში ფარულ ნიშანს, რომელიც ოთხწერტილიანი ჯვრის სახით მოვიდა დღევანდლამდე. ორი წერტილით გამოსახულია ხმალი რომელიც ანთროპომორფულ ფიგურას უკეთია. იხ. `ფარული ნიშნები“. სალოცავის და ციხე-კოშკების კარების თავებზე ან გვერდით გამოსახული წერტილებიანი ჯვარი განსაკუთრებულია. კონკრეტულად, ხევსურეთის სოფ. ბლოს სალოცავის კართან აღსანიშნავია ქვის ნიშნები.

პირაქეთ ხევსურეთის სოფ. ბლოს კრიპტოგრამიანი ქვა დაცულია ჯვარ-სალოცავის დარბაზის კართან. ქვა საკმაოდ დიდი ზომისაა და მასთან დაკავშირებით არსებობს გადმოცემა: `გიგაი და ანთა (თავისი მოძმე) როცა მოსულან ბლოს საცხოვრებლად, ანთანი ქვევით წყლის პირზე დასახლებულან, სადაც ეხლა ჯვართ დარბაზნი. გიგა ზემოთ დასახლებულა სადაც ეხლა გიგაურთ სახლებია. სალოცავი ჭიშეღით მისულა. დარბაზი ადრე აქეთ იყვ, გზისკე. ეგ ქვა ადრეაც კართან, სკამად იდვავ. წინავ ძალიან წმიდად უცხოვრავ ჯვარის მსახურთ და ყოფილ ერთი წმიდა მედროშაე ანთაური მგელა. მამკვდარ ეს კაცი და მაგ ქვაზე ყოფილ დაუსვენებულ სამ დღე, გაცოცხლებულ იქავ. მაგ ქვაზე რადარ იყვ დასვენებულ აღარავის ახსონს. ძალია ძველ ამბავი. სალოცავის დარბაზი გვიან გადატანილი დღევანდელ ადგილზე. ეგ ქვაიც ეტყობ ომიკათ გიგიაის გადატანილი და იმაად დაწერ თავის სახელი. ჯვართან სკამად დადებულ ქვაზე რო ნიშნებიი, არავის ახსონს, რა როდინდელი. ყურადღება არავის მიუქცევავ.“ (ინფორმაც. ადგილობრივი მცხოვრები ჩაჩაურ გიგაური 75 წლის). ქვაზე 5-მდე იდეოგრამაა გამოსახული. ხუთი ნიშნიდან ერთი აღარ შეიცნობა (წაშლილია). ნიშნები ქვის გვერდზეა ამოკვეთილი და საკმაოდ ძველია. ჯვარი ორი წერტილით, ოთხკუთხედი გაურკვევლად, ტოტებგაშლილი ხე, ჯვარი ოთხწერტილით და ვერტიკალურ ხაზზე ჰორიზონტალურად გადამკვეთი ორი ხაზი. ფარულ ნიშნებს მიმატებული აქვს გვიანდელი წარწერა `გიგია“ `1934“. სალოცავის სახელია `მუხის წმიდა გიორგი“, რომელიც უხსოვარი დროიდან არსებობს და კონკრეტული საგვარეულოს ძირძველი წმიდა ადგილია. სალოცავში დაცულია მკვრივი და დიდი მუხის ხეები. ქვის ფარული ნიშნები თუკი შეესაბამება სალოცავის სახელწოდებას, მაშინ ეს საკითხი სიღრმისეულად გამოსაკვლევია. მარცხნიდან პირველი და მეორე იდეოგრამის შესახებ არანაირი ვერსია არ გვაქვს, ხოლო მომდევნო ფარულ ნიშნებში ხის სიმბოლო ძალიან გავს `მუხის“ გამოსახულებას, მის გვერდით ოთხწერტილიანი ჯვარია. რაც შეეხება `წმ. გიორგის“ გამოსასახავად `საქართველოში ვხვდებით, სადაც თითქმის ყველა წმიდა ხე ან ტყე წმ. გიორგის სახელს უკავშირდება“. `წმ. გიორგის სახელწოდება ენობრივი თვალსაზრისით განხილული აქვს ნ. მარს და სახელდობ მუხასთან აკავშირებს“ (ვ. ლომაია, ვ. ბარდაველიძე). ვერტიკალურ ხაზზე გადამკვეთი ორი ჰორიზონტალური ხაზი ძალიან გავს მითოლოგიურ ალვის ხეს, რომელიც წმ. გიორგის სახელს შეიძლება აღნიშნავდეს. `მუხის“ ხესთან შედარებით ეს ხე გაცილებით სტილიზირებულად (გარკვევით) არის გამოსახული. (ანალოგიური სიცოცხლის ხის სიმბოლიკა `თურ“ გამოისახებოდა შუმერულ იდეოგრამებში). ანალოგიური `სიცოცხლის ხის“ იმიტირებული ნივთია ხევსურული `მაშხალა“, რომელიც ქორწილებში იცოდნენ და დღესაც ზოგან შემონახულია ტრადიცია. მსგავსი ნიშანი ძველ დამწერლობაშიც ფიქსირდება მაგ. ხეთურლუვიურ, ფინიკიური, კრეტული, ეტრუსკული, იბერიული ლოგოგრამები. მარცვლოვანი გამოთქმით. მათი სახელებია: `ღვთაება“, `სამეხ“, `ზე“, `ზ“, `ო“. სოფ. ბლოს კიდევ ორი სალოცავია: `მიქაელ-მთავარანგელოსი“, თავისი ციხეგორით და `გიორგი მგზავრის ანგელოზი“.
ოთხწერტილიანი ჯვარი ხის სიმბოლოს გვერდით სხვაგან ჯერ-ჯერობით არ შეგვხვედრია. ჯვარ-სალოცავების მიმართ მორიდების გამო ფარულ ნიშნიანი ქვები, რომელიც სავარაუდოდ შიდა კედლებშია, დაუფიქსირებელი რჩება. ასეთია ხევს. სოფ. უკანხადუს `საჯანგე“ და კისტანის სალოცავის შენობა. აღნიშნული ფარული ნიშნები განმეორადია ხევსურეთის და თუშეთის ქვის ნიშან-სიმბოლოებთან. სოფ. ბლოს ფარულ ნიშნებში გამოყენებული წერტილოვანი ჯვარი `წმიდა“-ს მნიშვნელობით შეიძლება ამ შემთხვევაში იგულისხმება, ხოლო სხვაგან სხვა მნიშვნელობით. უდავოა ერთი, აღნიშნული ნიშანი ე.წ. `ღვთაებრივი“ ასტრალური სიმბოლოების ჯგუფიდანაა და საკულტო ტრადიციულ მსახურებაში უძველესი დროიდან ფიქსირდება. წერტილოვანი ჯვარი `წმიდა“-ს და `კარი“-ს რომ მიუთითებდა `კარატის ჯვარი“-ს ფარული ნიშნებიც ადასტურებს, რომელიც ჯვარ-სალოცავშია, საბეროს კედელში, კარის გვერდზე.
ჩვენი აზრით, ფშავ-ხევსურეთის, თუშეთის სალოცავი `კარატის ჯვარი“ უძველესია და `კარის ხატის“ თავდაპირველად შერქმეულ სახელს ამართლებს. სხვა აზრი ამ სალოცავის სახელთან დაკავშირებით არ შემორჩენილა.
ამ რეგიონში ქრისტიანობის შემოსვლის დროს დაახლ. V-VI საუკუნეში მოხდა (სინკრეტიზაცია) შერთება ადგილობრივ სარწმუნოებასთან. სარწმუნოებასთან რომელსაც ჯვართმსახურებით ვიცნობთ და ქრისტიანობის უძველეს ისტორიასთან კავშირში იყო. თუ რა კავშირი იყო, ეს საკითხი ღრმად საკვლევია პროფესიულ დონეზე. ფარული ნიშნების ცოდნა გადმოსული ჩანს ადრეულ შუასაუკუნეებში და შესაძლოა უფრო გვიანდელ პერიოდშიც გამოიყენებოდა მათი სემანტიკა.
ეზოთერული ცოდნა რომელიც უძველეს ქურუმებს და საკულტო მსახურებს ჰქონდათ, ყურადღებას იქცევს დღევანდელი კოსმოსური აღმოჩენების ფონზე. უძველესი ხალხის რჩეულების, ცოდნის მიმართ წარმოდგენაც რადიკალურად იცვლება, როცა `ღვთაებრივ“ სიმბოლოებს მსგავსება მოეპოვებათ კოსმოსურ ფორმებთან: გალაქტიკებთან, მეტაგალაქტიკებთან, პლანეტსახის ნისლეულებთან, შავ ხვრელებთან, თეთრ ხვრელებთან და პლანეტარულ მოძრაობებთან. (ვებ-გვერდი. Astronomy Picture of the Day) IC 418. M101. N GC918. NGC 3370. M 81. M83. N GC 4258 და კოსმოსის სხვა ბევრი მსგავსი ფორმები.

ფარული ნიშნების ჯგუფში ჯვრის გამოსახულება ხშირადაა და სხვადასხვა ხერხით არის მოცემული. ოთხწერტილიანი ჯვარი ქართულ სამყაროში ერთ-ერთი მთავარი ნიშან-სიმბოლოა. ქრისტიანულში სამსჭვალების მიმანიშნებლად გვიანდელი ჩანს. უძველესი შინაარსი მისადაგებულია მაცხოვრის `წმიდა’’ სახელს, როგორც მისი ღვთაებრივი მისტერიის გამომხატველი. ჩვენი აზრით, უძველეს დროს მისი სახელწოდება ასტრალურ სამყაროს მთავარ ადგილს აღნიშნავდა. მისი შემცვლელი ჩანს ჯვარი ოთხი წრით, ვარსკვლავა ოთხი წერტილით და ერთმანეთში ჩასმული წრეები. ნიშნიანი ქვასკამები რომელიც შემორჩენილია სალოცავებში: სოფელ გუდანის ზენა სამღვთო ჯვარში, სოფელ უკანხადუს და სოფელ ბლოში წარმოშობს აზრს რომ ესენი ხუცესების ქვა-სკამებია. ნიშნიანი ქვები, როგორც ნალოცი ქვებია და ასეთი ქვებით გამოვლენილი `ძალა” თუშეთშიც ფიქსირდება. კონკრეტულ ფარულ ნიშან-სიმბოლოზე გამოთქმული ვერსია წარმოადგენს რამდენიმე წლის დაკვირვების შედეგს და გათვალისწინებულია ჯვარ-სალოცავის გარემო-თავისებურება. მიუხედავად ამისა ვფიქრობთ, რომ სხვა მოსაზრებებიც აუცილებელია და მთავარი სიტყვა პალეოგრაფ-კრიპტოგრაფებს ეკუთვნით.




სტატიის ავტორი – გიორგი გიგაური;

სტატია აღებულია – სამეცნიერო-საისტორიო ჟურნალიდან `სვეტიცხოველი~, 2010წ.

 



megobari saitebi

   

01.10.2014