ენა და დიალექტები

დიდ ტერიტორიაზე გავრცელებულ ენაში ყოველთვის გამოიყოფა დიალექტები (ბერძნ. სიტყვისაგან dialectos) ანუ კილოები. ეს არის ტერიტორიული დიალექტები. დიალექტს ახასიათებს გარკვეული თავისებურებანი, რომლებითაც ერთი დიალექტი განსხვავდება მეორე დიალექტისაგან და აგრეთვე სამწერლო ენისაგან (თუ იგი არსებობს) (1). ამა თუ იმ დიალექტის თავისებურებებმა შეიძლება თავი იჩინოს იმაში, რომ ერთი დიალექტის გარკვეული სიტყვები არ შეგვხვდება მეორე დიალექტში, ან: სხვადასხვა დიალექტში შეიძლება ერთი და იგივე სიტყვები იხმარებოდეს, მაგრამ ისინი სხვადასხვაგვარად წარმოითქმებოდეს, ანდა ერთგვარად წარმოითქმებოდეს, მაგრამ სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეთ, ან არადა ერთი და იგივე სიტყვები განსხვავებული იყოს, როგორც წარმოთქმით, ისე მნიშვნელობით; გარდა ამისა, განსხვავება შეიძლება გამოვლინდეს გრამატიკულ ფორმებში (ბრუნების, უღვლილების ფორმებში, გრამატიკული სქესების გაფორმებაში, სიტყვათა შეთანხმებაში, სიტყვათა მართვაში და ასე შემდეგ), ბგერით შემადგენლობაში, ბგერათცვლილებებში.

ავიღოთ მარტივი მაგალითი: ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა მიხედვით ითქმის: “მანდ არის“, („მანდაა"). ამის ნაცვლად სხვადასხვა კუთხის მეტყველებაში გვექნება: „მად არის" („მადაა"), „მაქ არის" („მაქაა"), „მადანა არის" („მადანაა"), „მაქანა არის" („მაქანაა"), „მაქანე არის" („მაქანეა").

კუთხური მეტყველების თავისებურებათა ერთობლიობას დიალექტი ანუ კილო ეწოდება.

კილოები გამოიყოფა ენაში. ასე, მაგალითად, ქართული ენის კილოებია: ქართლური (მესხურ-ჯავახურითურთ), ქიზიყური, კახური, იმერული, აჭარული, გურული, რაჭული, ხევსურული, თუშური, ფშაური, მოხეური, მთიულური..., ინგილოური (აზერბაიჯანში, ზაქათლის მხარეს), ფერეიდნული (სპარსეთში, ისფაჰანის მხარეს)...
ერთი და იმავე კილოს ფარგლებშიც ვხვდებით სხვადასხვაობას. ამისდა კვალად კილოში (დიალექტში) გამოიყოფა კილოკავები. ასე, მაგალითად, იმერული კილოს კილოკავები იქნებოდა: ზემოიმერული, და ქვემოიმერული; კახურის კილოკავებია: შიგნიკახური და გარეკახური...

კილოკავზე წვრილი ერთეულია თქმა: თქმები გამოიყოფა კილოკავში. ქვემოიმერული კილოკავის თქმები იქნებოდა: ხონური, ვანური... შიგნიკახური კილოკავის თქმებად შეიძლება მივიჩნიოთ: ყვარლური, გურჯაანული...
თქმაზე უფრო წვრილი ერთეულია ქცევა (ასე, მაგალითად, ვანის თქმის ფარგლებში გამოიყოფოდა უხუთის ქცევა...).

ერთი სოფლის ფარგლებშიც არ გვექნება მეტყველების სრული ერთფეროვნება... ორი ადამიანიც კი შეუძლებელია სავსებით ერთნაირად ლაპარაკობდეს (სტილი და გამოთქმა მაინც ექნებათ განსხვავებული).
დიალექტური მეტყველების თავისებურებანი რომ ხელშესახები იყოს, მოვიყვანთ ზოგი ქართული კილოს ნიმუშებს.

ქართლური კილო:
... ერთი ბიჭი არი და უჭირამ დიდი პური ხელში და იძახის: პური მამიტანეთ, პური მამიტანეთო! -ბიჭო, მანდე გაქ პური და რაღა გინდა? - ეს რომ გამომელიოს, მერე საიდან მოვიტანო?  - მამაშენი სად არი? _ შარსა თესამს.  - დედაშენი სად არი?  - ტირილსა თესამს. - ან შარი რა არი ან ტირილი რა არი? - მამაჩემი ცერცვსა თესამს, გადაივლის ვინმე, მოგლეჯამს, ან მოჰკლამს და ან ზედ შეაკვდება. შარი ეგ არი. ჩვენ მეზობელს შვილი მოუკვდა, დედაჩემი იმასა ტირის, - მერე ან მამა, ან დედა, ან მე მოვკვდებით, მოვლენ და ისინი გვიტირებენ... (ჩაწერილია ვ. თოფურიას მიერ შუა ერედვში 1923 წ. - იხ. კრებული „არილი", გვ. 151-152).

კახური კილო (გარეკახური კილოკავი):
ეხლა დაიწყო ობოლმა: მამაჩემსაო ბევრი ფუტკარი ჰყვანდაო; დილითაო, მიდიოდა ის ფუტკარიო, ითვლიდაო და საღამოთი მოდიოდაო, ითვლიდაო: ხო არაფერი დააკლდაო. ერთ დროსაო, რო მოიდა ფუტკარი, დათვალა, ერთი ფუტკარი დააკლდა, წავიდა მამაჩემი, ეძება, ეძება... ის ფუტკარი დეეჭირნათ და გუთანში შეებათო. გემეეშო ის ფუტკარი მამაჩემს; დასიებოდაო კისერიო ძალიან უდიურათ, მამაჩემმა გაუჭრა იმ ფუტკარს კისერიო, იმ ფუტკრის კისერზე ამოიდა ერთი დიდი კაკალიო, იმაზე შემოჯდა ფრინველიო და იმ კაკალსა სჭამდაო.
მამაჩემმა ერთი ბელტი წამოუსვაო და იმ კაკლი კენწერზე სამი დესეტინა მიწა გაიმართაო... ვხნამდით, ვთესამდით იმ კაკლი კენწერზედაო. ყანა გვედგაო. ერთ დროს მუშა წავასხითო და ყანას ვმკიდითო კაკლის კენწერზედაო. ზაკუშკობამდი ყანა მკეს მუშებმაო... (ჩაწერილია არნ. ჩიქობავას მიერ საგარეჯოს სოფსაბჭოს სოფ. მარიამჯვარში 1923 წ. - იხ. კრებული „არილი", გვ. 81).

ინგილოური კილო (ზაქათლის მხარეს, აზერბაიჯანი):
ერ ქეჩი (=თხა) ყოფილ, სამ წიკო (=თიკანი) ჰყოლი. ანწლი ქოხ გაEკეთები, წიგ წიკოებ დაEყრი, თუთან ტყეში წასულ ბალახ მააზოვნელა (=მოსაძოვრად) (2), შულებიბეით (=შვილებისთვის) კი ჰუთქომ:
„შულებო, წავალ, ბალახ მოვზოვნი, დავბრუნდებ, ზუზუებით ზეს მოგიტანყ, ქებით - ბალახს, ჩემ მოსულიანჟა (=მოსვლის ჟამამდე, მოსვლამდე) ყარ მინამს (=კარი ვინმეს) არ გაუღოთ. ქეჩი საზოვნელა წასულ. წიკოებს ქოხი კარებ, ფენჟრებ მაგრა დაუკლუტიაყ (დაუკეტია-ყე=დაუკეტიათ), შიგ დამდგარან... (ჩაწერილია მოსე ჯანაშვილის მიერ, - იხ. „ძველი საქართველო", ტ. II, 1911-13 წ., განყოფილება IV, გვ. 189).

ფერეიდნული კილო (სპარსეთში, ისფაჰანის მხარეში - სპარსელების მიერ XVII ს. გადასახლებულ ქართველთა სოფლების მეტყველება; სულ 14 სოფელია: მარტყოფი, ქომო მარტყოფი, თოლელი; ნინოწმინდა, სიბაქი...):
ოთხი წელს ემისყე (=ამისგან, ამაზე) წინ ფაიზე (შემოდგომას) ძირობა (=ძვირობა) იყო ფერეიდანში. ქურთები ბეურს მოდიოდეს მოკობრობაზე (=ყაჩაღობაზე). ერთ ღამეს ამბავი მამიტანეს სოფელჩი, სახლჩი, რო გუშინღამაო სიბაქსა, ლანგე-ჩეშმას, წისქილი გოუტეხიაყეო.
ხოდა, გოუტანიაყეო ოცი საპალნე ფქილი(ო), რო ღირდა იმაშინ ოთხი ასი თუმანი. მეც მეწყინა. ჯარი წასულაო, მაიდეუნებჲაყეო, წამაჲსწეუნიაყენ მოკობრებსაო, ვერ მიდგომიანყე მოკობრებსა, ბეურები ყოფილან მოკობრებიო. იქით (=იქიდან) დოუბარებიაყე სიბაქს: კაცი გაგზავნეთ სე(ჲ)ფოლა ხანთანაო: ჯარი მოგოშელიავოს (=მოგვაშველოს)... (ჩაწერილია არნ. ჩიქობავას მიერ ფერეიდნელ ქართველ სეჲფოლა იოსელიანისაგან, თბილისში, 1923 წ. - იხ. უნივერსიტეტის მოამბე, ტ. VII, გვ. 222).

ხევსურული კილო:
... მაშინ ერეკლეს შაუქუჩებიან (=შეუგროვებია) თავის ყმან; ბევრ დაჴოცივან. უფრო ჴევსურთა არვინ მამკვდარას ომში, იმით რომ ჴევსურთ სრუ ყველას ჯაჭვი სცმივ. ერეკლეს უთქვამ: „რა გინდათ, ჩემნო ჴევსურნო, რომ მაგცათ: თეთრი (=ფული) თუ იარაღი, თუ რვალი?“ ჴევსურთ არაისად ჴელ არ მაუკიდებავ, უთქომ: „რად გვინდავ საჩუქარივ? განა საჩუქრის გულისად ვიომეთავ?" მაშინ ერეკლეს მიუცემავ ზოგისად იარაღი, ზოგისად - თეთრი. გამაბრუნვილან ჴევსურნი, წამასულან. უთქომ წამასვლაში ერეკლისად: „თუ კიდევ რა მაუჴდ თათრებს, საჩქაროდ დაგვიბარიდი, მაშინ სათათრეთშიაც აღარ დავაყენებთ". ნეფე ერეკლესაც მადლობა გადაუჴდავ და წასულან ჴევსურნი შინ" (ჩაწერილია ბეს. გაბუურის მიერ, გამოსცა ა. შანიძემ, -
იხ. წელიწდეული, I-II, 1923-24 წ., გვ. 164).

გურული კილო:
იყო ცოლ-ქმარი; იგენს არ ყავდენ შვილი. ერ ღამეს დეესიზმა ამ კაცს, რომ შვილი ეყოლებოდა, მარა თვითონ ქე მოკდებოდა. სამი დღით ადრე ქმარმა უთხრა ცოლს, რომ ასთე დემესიზმაო. იმ დროს იყო დევობა და დევები იტაცებდენ ბოვშებს. ქმარმა გააფთხილა ცოლი: ლოგინობის დროს ისეთ გამოქუაბულში შესულიყო, რომ დევებს ვერ მიეგნენ (=მიეგნოთ). მოკტა აი კაცი. მუაწია მოლოგინების დროი. ქალმა მონახა ერთი ყუდრო გამოქუაბული და მოლოგინდა. ბოვშს სამი დღეი რო შუუსრულდა, უშველებელი (=ძალიან დიდი) გახთა... (ჩაწერილია ს. ჟღენტის მიერ; იხ. მისი „გურული კილო", გვ. 124).

დიალექტები (დიალექტური სხვაობა) მხოლოდ ცოცხალ ენაში ჩნდება. მკვდარი ენა, ხმარებიდან გამოსული ენა აღარ ვითარდება. მას დიალექტური სხვაობა არ შეეძინება (მკვდარ სამწერლო ენაში მხოლოდ ის დიალექტიზმები შეიძლება აღიბეჭდოს, რაც ცოცხალ ენას
ახასიათებდა).

კილო (დიალექტი), კილოკავი, თქმა და ქცევა - ეს ოთხი ცნება თავისებურებათა მეტ-ნაკლებობის საფეხურებს გამოხატავს. შეიძლება კილოკავი და ქცევა არც კი გამოვყოთ და დავკმაყოფილდეთ მხოლოდ ცნებებით: კილო (დიალექტი) და თქმა, ხოლო კილოს ფარგლებში
დავაჯგუფოთ ერთმანეთთან ახლოს მდგომი თქმები. ამგვარად, გვექნება ერთ შემთხვევაში უფრო რთული კლასიფიკაცია: დიალექტი (კილო), კილოკავი, თქმა, ქცევა; მეორეში - უფრო მარტივი: დიალექტი (კილო) და თქმა. ყოველ შემთხვევაში, ეს ორი ცნება აუცილებელია,
რამდენადაც საჭიროა დავაზუსტოთ ამა თუ იმ მხარის, ოლქის, რაიონის და ა. შ. მეტყველების თავისებურებანი.
კილო, კილოკავი, თქმა, ქცევა შეფარდებითი ცნებებია, ამასთანავე ყველაზე მსხვილ ერთეულს წარმოადგენს კილო; ამაზე დიდი ერთეული უკვე ენა იქნება. ენა იყოფა კილოებად. გარკვეულ საზოგადოებრივ- ისტორიულ პირობებში ამა თუ იმ ენის დიალექტი შეიძლება გადაიქცეს დამოუკიდებელ ენად (იხ. &21).
მოძღვრებას დიალექტთა (კილოების) შესახებ ეწოდება დიალექტოლოგია. უნდა განვასხვავოთ კერძო დიალექტოლოგია (მაგალითად, ქართული დიალექტოლოგია, რუსული დიალექტოლოგია, უკრაინული დიალექტოლოგია, სომხური დიალექტოლოგია...) და დიალექტოლოგია ზოგადი ენათმეცნიერების თვალსაზრისით. ეს უკანასკნელი განიხილავს დიალექტთა შესწავლის ზოგად, თეორიულ საკითხებს.

დიალექტოლოგიის, როგორც ზოგადენათმეცნიერული დისციპლინის, ურთულეს საკითხს წარმოადგენს დიალექტთა ერთმანეთისაგან გამიჯვნის საკითხი. ერთი შეხედვით, დიალექტთა გამიჯვნა არ უნდა იყოს ძნელი, თუკი ვიცნობთ მოსაზღვრე დიალექტების თავისებურებებს. ყოველი კილოსთვის ნიშანდობლივია რამდენიმე თავისებურება (მაგალითად, ქიზიყურისთვის დამახასიათებელია: „ჴ“ ბგერის მქონეობა (მუჴლი,ჴარი...), ს ბგერის დასუსტება (მათ მოიყვანეჲ...), ოვი > ოი (მოიდა...), ავ > ამ (თესამს)... ყე ნაწილაკის ხმარება ანდა მის ნაცვლად -თ სუფიქსის დართვა (იმან ძმებს უთხრაყე... ძმებს უთხრათ...) და სხვ. ყოველი დასახლებული პუნქტი, რომლის მეტყველებაშიაც დადასტურდება ყველა ეს თავისებურება, უყოყმანოდ შეიძლება მივაკუთვნოთ ქიზიყურ კილოს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ყველა ეს თავისებურება კი არ დასტურდება, არამედ - ნაწილი (ორი ან სამი)? მერყეობის შესაძლებლობა
მით უფრო მეტი იქნება, რაც მეტია თავისებურებანი: ვთქვათ, არ დადასტურდა არც ჴ ბგერა, არც ს ბგერის დასუსტება, მაგრამ გვაქვს „მოიდა" (ოვი > ოი), თესამს (ავ > ამ), არის:
უთხრათ, მაგრამ არ იხმარება: უთხრაყე...

ასეთი მერყეობა, როგორც წესი, განაპირა სოფლებშია მოსალოდნელი, ე. ი. იქ, სადაც ერთი დიალექტი მეორეს ხვდება.

თუ მოსაზღვრე დიალექტებს ყოფს მთა, დიდი მდინარე ან დაუსახლებელი ვრცელი მიწა-წყალი, დიალექტების გამიჯვნა შედარებით ადვილია. მაგრამ, როცა ასეთი გეოგრაფიული დაბრკოლება არ არსებობს და ერთი დიალექტის სოფლები უშუალოდ ეკვრის მეორისას, ჩნდება გარდამავალი ზოლი მერყევი თავისებურებებით.

 

1 - დიალექტებისა და სამწერლო (სალიტერატურო) ენის ურთიერთობის შესახებ იხ. $ 22.

2 - ინგილოურში ძ, ჯ არა გვაქვს; ძ-ს ცვლის ზ (მოვზოვნი=მოვძოვ, ზუზუ=ძუძუ, ზე=რძე)... ჯ-ს  ცვლის ჟ - (ფენჟრებ=ფანჯრები)...


სტატიის ავტორი - არნოლდ ჩიქობავა;
მასალა აღებულია წიგნიდან - „ენათმეცნიერების შესავალი“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008წ.



megobari saitebi

   

12.11.2014