ზიდრიტთა ოლქის პრობლემა იბერია-რომის დიპლომატიურ ურთიერთობებში
(ახ. . II . 20-30-იანი წწ.)

ძვ. წ. I ს. 60-იან წწ. იბერია რომის `მეგობარ და მოკავშირე~ ქვეყნად გამოცხადდა, რაც ფაქტობრივ ვასალობას ნიშნავდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რომაელთა ამიერკავკასიაში შემოსვლა იბერიისათვის ობიექტურად სასარგებლოც კი აღმოჩნდა. სწორედ რომის მიერ მახლობელ აღმოსავლეთში დამყარებული ახალი პოლიტიკური წესრიგის პირობებში დაიწყო იბერიის გაძლიერება და იგი თანდათანობით ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა [ლომოური: 1994, 52]. იბერიის გაძლიერებასა და მისი პოლიტიკური ამბიციების ზრდას ხელს უწყობდა ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობა. იბერია აკონტროლებდა ჩრდილო კავკასიის უღელტეხილებს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან დარიალის გადმოსასვლელს და საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო იმიერკავკასიელი მრავალრიცხოვანი მეომარი ნომადების გადმოყვანა. იბერიის მმართველებს, მეომარ ჩრდილოკავკასიელებთან კავშირში, შეეძლოთ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაცვა და რეგიონის მასშტაბით ნებისმიერი სახელმწიფოსათვის პრობლემის შექმნა. ახ. წ. I საუკუნიდან იბერიის სამეფო საკმაოდ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რომელიც ხშირად არ ემთხვეოდა რომის აღმოსავლურ პოლიტიკას [ფიფია: 2005, 8-9]. იბერიის მმართველები ძირითადად ინარჩუნებდნენ დამოუკიდებლობას, მხოლოდ ფორმალურად აღიარებდნენ `რომაელი ხალხის მეგობრობა-მოკავშირეობას~ [ლომოური: 1994, 52] და მოგვიანებით რომ¬თან აშკარა კონფრონტაციასაც კი არ ერიდებიან.
იბერია-რომს შორის დიპლომატიური ურთიერთობა განსაკუთრებით II ს. 20-30-იან წწ. დაიძაბა, რაც გამოწვეული იყო როგორც რომის, ასევე იბერიის საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური ტრანსფორმაციით. ტრაიანეს (98-117 წწ.) წარუმატებელი აღმოსავლური კამპანიის შემდეგ იმპერიამ ამოწურა გლობალური ექსპანსიის წარმოებისათვის საჭირო ყველა რესურსი. იმპერიის სოციალურ-ეკონომიკური ბაზის სისუსტისა და საზღვრებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იმპერატორი ადრიანე (117-138 წწ.) იძულებული გახდა უარი ეთქვა აგრესიულ პოლიტიკაზე და ავგუსტუსისეულ თავდაცვით დოქტრინას დაუბრუნ¬და [ფიფია: 2005, 109]. ახალი იმპერატორის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იყო რომაელთა მიერ ევფრატის აღმოსავლეთით ოკუპირებული ტერიტორიების დაუყოვნებლივი დაცვა
[SHA, Hadr., V, 3, IX, 1; Eutr., VIII, 6, 2]. ეს იყო აღმოსავლეთში რომაელთა აგრესიის სრული მარცხის აღიარება. თუმცა, შექმნილი სიტუაციით სარგებლობა ვერც პართიის სამეფომ შეძლო. ტრაიანეს კამპანიის დროს განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მასაც არ აღმოაჩნდა კონტრშეტევაზე გადასვლისა და წინა აზიაში პოლიტიკური ინიციატივის საკუთარ თავზე აღების ძალა. ადრიანეს მიერ შე¬თავაზებული "Pax Romana" არშაკიდთა სამეფო სახლმა ყოველგვარი ზედმეტი პრეტენზიების გარეშე მიიღო [ფიფია: 2005, 108-110].
ასე, რომ, აღმოსავლეთში საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური ამინდის განმსაზღვრელმა ორივე სახელმწიფომ – რომმა და პართიამ თანდათანობით დათმო პოზიციები. მათ უკვე აღარ შეეძლოთ მთლიანად გაეკონტროლებინათ პოლიტიკური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. ასეთ პირობებში იწყება უფრო პატარა პოლიტიკური ერთეულების გაძლიერება-გააქტიურება, რომლებიც იწყებენ ამ ორი ზესახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი და ხშირად მტრული პოლიტიკის გატარებას. ასეთი იყო პირველ რიგში იბერიის სამეფო, რომლის ამბიციები და საზღვრების გაფართოების აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც იგი ახ. წ. I საუკუნიდან ატარებდა, კიდევ უფრო ძლიერდება II ს. პირველ ნახევარში. ამ პირობებში იბერიის სათავეში დგას მეფე ფარსმანი, რომელიც ქართულ წყაროებში `ქველის~ ეპითეტითაა შემკული. ფარსმანის მეფობის პერიოდში რომზე დამოკიდებულება, ე.წ. `მეგობრობა-მო¬კავშირეობა~ სრულ ფიქციად იქცა და იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. უფრო მეტიც, ფარსმანი არ ერიდება იმპერიის ავტორიტეტსაც კი, მას¬თან ღია დაპირისპირებაზეც მიდის და რომის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული კოლხეთის ზღვის¬პირეთის ერთ-ერთ სექტორს – მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზების შორის მოსახლე ზიდრიტთა ოლქს ეუფლება
[Arr., PPE, 11]. ზიდრიტებს ეკავათ ჭოროხის ჩრდილოეთით დღევანდელი აჭარა-ქობულეთის მხარე [Ломоури: 1981, 221]. ფარსმანის მიერ ზიდრიტთა რაიონის მიტაცებას ადგილი უნდა ჰქონოდა 117-129 წწ. შორის [ფიფია: 2005, 112]. ჩვენ არ ვიცით თუ როგორ და რა პირობებში მოხდა იბერიის ძალაუფლების გავრცელება კოლხეთის ზღვისპირეთის ამ სექტორზე, ფარსმანის ექსპანსიას დასავლეთისაკენ შეხვდა თუ არა რომაელთა წინააღმდეგობა, მაგრამ სავარაუდოა, რომ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდა, რადგანაც უშუალოდ ზიდრიტთა სამოსახლო ტერიტო¬რიაზე რომაული გარნიზონები არ იყო დისლოცირებული [ფიფია: 2005, 113]. იბერიის მიერ განხორციელებული ასეთი აგრესიული აქციის მიუხედავად, ადრიანე უარს ამბობს ვითარების შემდგომ ესკალაციაზე და დიპლომატიური გზით ცდილობს ფარსმანთან ურთიერთობის მოგვარებას [ფიფია: 2005, 110-111].
ადრიანეს ბიოგრაფის ელიუს სპარტიანეს ცნობით, აღმოსავლეთში თავისი მეორე მოგზაურობის დროს [გამყრელიძე: 1959, 138. შეად. Ломоури: 1981, 191], კაპადოკიაში მყოფმა იმპერატორმა `მეგობრულ შე¬ხვედრაზე მოიწვია ადგილობრივი მმართველები და მეფეები; მოწვეულ იქნა პართიის მეფე ხოსროც, დაუბრუნდა მას ქალიშვილი, რომელიც ტრაიანემ დაატყვევა და შეჰპირდა წართმეული ტახტის უკან დაბრუნებას. როცა მასთან გამოცხადდა ზოგიერთი მეფე, მათ ისე მოექცა, რომ იმათ ვინც არ ისურვა მასთან მისვლა, სანანებელი გაუხდათ. ის ასე, პირველ რიგში, ფარსმანის გამო მოიქცა, რომელმაც ქედმაღლურად უგულებელყო მისი [ე. ი. ადრიანეს – კ. ფ.] მოწვევა~
[SHA, Hadr., XIII, 8-9].

ქართულ ისტორიოგრაფიაში, ელიუს სპარტიანეს ცნობაზე დაყრდნობით, ძირითადად მიღებულია, რომ ფარსმანმა იუკადრისა კეისართან გამოცხადება [საქ. ისტ. I: 1958, 67; 2, 321]. ელიუს სპარტიანეს მტკიცება იმის შესახებ, რომ ფარსმანმა ქედმაღლობის გამო თქვა უარი ადრიანესთან მისვლაზე, რეალურ ვითარებას არ უნდა ასახავდეს. ქედმაღლობას (superbia) რომაელები საერთოდ მეფეთათვის დამახასიათებელ ნაკლად თვლიდნენ [Braund: 1991, 212] და სპარტიანეც, მართალია, ამით ცდილობს ფარსმანის ამ ნაბიჯის ახსნას, მაგრამ რეალური მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ფარსმანს მხოლოდ სიამაყის გამო ეთქვა უარი ადრიანესთან გამოცხადებაზე და მას გაცნობიერებული არ ჰქონდა ის შესაძლო გართულებები, რასაც ეს ნაბიჯი მის ქვეყანას მოუტანდა. იმპერატორის იგნორირება და მისი მოწვევის დემონსტრაციული უგულებელყოფა [Ломоури: 1981, 191], ვფიქრობთ, ფარსმანისათვის მომგებიანი არ უნდა ყოფილიყო და მის ასეთ არადიპლომატიურ გადაწყვეტილებას სხვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა ჰქონოდა.
რომის მოკავშირე მმართველთა ეს შეკრება შედგა 129 წელს
[Kerler: 1970, 34; Syme: 1981, 276; Syme: 1984, 1438; Braund: 1991, 211-212], სადღაც ზემო ევფრატის ახლოს, სატალაში [Magie: 1950, 621; Bosworth: 1977, 228] ან სამოსატაში [Braund: 1991, 211]. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფარსმანი არ ყოფილა ერთადერთი მეფე, ვინც ადრიანესთან არ გამოცხადდა. ელიუს სპარტიანეს ცნობით, ანალოგიურად მოიქცა ალბანეთის მეფეც [SHA, Hadr., XIII, 9; XXI, 13]. თუ გავითვალისწინებთ იმ დროს იბერია-ალბანეთის ურთიერთობას და ფარსმანის აშკარად აგრესიულ პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ [Dio Cass., LXIX, 15, 1], გამორიცხულად მიგვაჩნია, რომ ფარსმანსა და ალბანეთის მეფეს ეს დიპლომატიური ჟესტი – მოწვევაზე უარის თქმა, ერთმანეთთან შეთანხმებული ჰქონოდათ. კაპადოკიაში არ ჩასულა პართიის მეფე ხოსროც, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანემ მას დაუბრუნა ტრაიანეს მიერ ქტეზიფონის აღებისას დატყვევებული ქალიშვილი და ოქროს ტახტის დაბრუნებასაც იყო დაპირებული [SHA, Hadr., XIII, 8].

უკანასკნელ ხანებში სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა მოსაზრება, რომ ფარსმანის გადაწყვეტილებაზე გავლენა უნდა მოეხდინა პართიაში მიმდინარე შინაომს [Braund: 1994, 232; Braund: 1991, 213]. როგორც ჩანს, ფარსმანმა და ალბანეთის მეფემ ამჯობინეს დარჩენილიყვნენ თავიანთ ქვეყნებში და დალოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას პართიაში, სადაც დინასტიური ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული [Braund: 1991, 213]. დ. ბრაუნდის ეს მოსაზრება საკმაოდ საყურადღებოა. სადავო არაა, რომ პართიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენდა ამიერკავკასიის ქვეყნების მდგომარეობაზეც. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდში პართიის სამეფოში ძალზე მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო შექმნილი. პართიის სახელმწიფოში, რომელიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ხალხებისა და ქვეყნების ამორფულ კონგლომერატს წარმოადგენდა, ფაქტობრივად პერმანენტულად მიმდინარეობდა სეპარატისტული პროცესები თუ დინასტიური ომები [The Cambridge Ancient History, vol. XI, Cambr., 1954, 114]. თუმცა, დეცენტრალიზაციის პროცესი განსაკუთრებით I-II სს. მიჯნაზე გაძლიერდა. 105/106 წწ. იფეთქა ფართომასშტაბიანმა დინასტიურმა ომმა, რომელიც ერთ-ბაშად სამ პრეტენდენტს შორის მიმდინარეობდა [Бокщанин: 1966, 242]. ტრაიანეს ექსპედიციის გამო ეს და¬პირისპირება დროებით შეჩერდა, მაგრამ რომაელებმა როგორც კი დატოვეს შუამდინარეთი, ბრძოლა ხოსროსა და მის ძველ მეტოქეს ვოლოგეზ II-ს შორის კვლავ განახლდა. ეს ომი 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა და კულმინაციას სწორედ ჩვენთვის საინტერესო პერიოდში მიაღწია. როგორც ჩანს, ხოსრო იმიტომ ვერ ჩავიდა ადრიანესთან, რომ იგი ამ დროს რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართლაც, მისი უკანასკნელი მონეტები 128/129 წლით თარიღდება [De­bevoise: 1938, 242; Бокщанин: 1966, 260; The Cambr­idge History of Iran, vol. 3 (1), Camb., 1983, 93]. ამრიგად, 129 წ. კაპადოკიაში ჩატარებული კრებიდან მოკლე ხანში, ხოსრო საბოლოოდ დამარცხდა და გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან. პართიის ერთპიროვნული მმართველი კი ვოლოგეზ II გახდა [Бокщанин: 1966, 259].
ახლა რაც შეეხება დანარჩენ მეფეებს. შესაძლოა, მართალიც იყოს დ. ბრაუნდის მოსაზრება, რომ ალბანეთის მეფემაც იმავე მიზეზით, პართიაში არასტაბილური მდგომარეობის გამო, თქვა უარი თავისი ქვეყნის დატოვებაზე და არჩია დალოდებოდა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები პართიაში. კაპადოკიის შეკრებაზე ხოსროსა და ალბანთა მეფის გამოუცხადებლობა შეიძლება სწორედ ამ ფაქტით, პართიაში შექმნილი რთული მდგომარეობით აიხსნას. მაგრამ იგივეს მტკიცება იბერიის მიმართ სათუოდ მიგვაჩნია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უდავოა, რომ პართიაში მიმდინარე პროცესები დიდ გავლენას ახდენდა ამიერკავკასიის ქვეყნებზე და მათ შორის, იბერიაზეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დ. ბრაუნდის ზემოთ მოტანილი შეხედულების მექანიკური გავრცელება იბერიაზე, რამდენიმე გარემოების გამო, მიუღებელი გვეჩვენება.
ჯერ ერთი, იბერია, ალბანეთთან შედარებით, უფრო დაშორებული იყო პართიის სამეფოს და პართიაში მომხდარი ცვლილებები მასზე მყისიერ ზემოქმედებას ვერ მოახდენდა. გარდა ამისა, თუ დავუშვებთ, რომ პართიაში მიმდინარე შინაომი იბერიასაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა და სწორედ ამ მიზეზით არ გამოცხადდა იმპერატორთან ფარსმანი, მაშინ, ასეთ შემთხვევაში ადრიანესთვის გასაგები უნდა ყოფილიყო თავისი მოკავშირის საქციელი და არ უნდა განაწყენებულიყო ფარსმანზე, როგორც ამას სპეციალურად აღნიშნავს სპარტიანე. თუ იბერიისა და ალბანეთის მეფეები ერთი და იმავე მიზეზის გამო არ გამოცხადნენ ადრიანესთან, მაშინ სპარტიანე რატომ აღნიშნავს მხოლოდ ფარსმანის `ქედმაღლობას~? საიმპერიო კარზე ალბანეთსა და იბერიის მეფეები ერთი რანგისანი, `რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირეები~ იყვნენ და ამ მეფეთა ერთი და იგივე საქციელი მხოლოდ ფარსმანის `ქედმაღლობად~ რატომ იქნა მიჩნეული? პასუხი ამ კითხვებზე ერთია – ალბანეთისა და იბერიის მეფეების იმპერატორთან გამოუცხადებლობას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ელიუს სპარტიანე პირდაპირ წერს, რომ ადრიანე მასთან მისულ მეფეებს `ისე მოექცა, რომ იმათ, ვინც არ ისურვა მას¬თან მისვლა, სანანებელი გაუხდათ. ის ასე, პირველ რიგში, ფარსმანის გამო მოიქცა, რომელმაც ქედმაღლურად უგულებელყო მისი მოწვევა~
[SHA, Hadr., XIII, 9]. ესე იგი, ადრიანე განსაკუთრებით ფარსმანზე იყო განაწყენებული, განსხვავებით ალბანთა მეფისაგან, რომელმაც შესაძლოა მართლაც იმით იმართლა თავი, რომ შექმნილ სიტუაციაში არ შეეძლო ქვეყნის დატოვება. ყოველ შემთხვევაში მას, როგორც ჩანს, იმპერატორთან ვიზიტზე უარის თქმის გასამართლებელი რაღაც საბუთი მაინც ჰქონდა, განსხვავებით ფარსმანისაგან, რომელსაც ეტყობა არც კი დაუსახელებია მისი უარის ოფიციალური, ყოველ შემთხვევაში იმპერატორისათვის დამაკმაყოფილებელი მიზეზი.

ვფიქრობთ, ფარსმანის ეს ნაბიჯი განპირობებული უნდა ყოფილიყო მის მიერ არა იმპერატორის იგნორირებითა და `ქედმაღლობით~, არამედ კონკრეტულად იმ პერიოდში იბერია-რომის ურთიერთობაში არსებული ერთი მწვავე პრობლემის გამო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპადოკიის შეკრებამდე არც თუ ისე დი¬დი ხნის წინ, ფარსმანი შეიჭრა რომის ხელდებულ ტერიტორიაზე და მიიტაცა კოლხეთის ზღვისპირეთის ერთ-ერთი სექტორი – ზიდრიტთა ოლქი, რითაც მან ერთ¬მანეთისაგან გათიშა რომაული სამფლობელოები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ჩვენი აზრით, ფარსმანის მიერ განხორციელებული ეს აქცია გახდა იმ კონფრონტაციის მიზეზი, რომელიც ადრიანეს პრინცეპსობის მთელ მანძილზე შეიმჩნეოდა იბერიასა და რომს შორის.
ზიდრიტთა რაიონის მიტაცებით იბერიამ გარკვეულ¬წილად დაარღვია აღმოსავლეთ შავიზღვის¬პირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის, პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზის მთლიანობაც. ეს სისტემა სათავეს ტრაპეზუნტში იღებდა და ადრიანეს მმართველობის პერიოდისათვის სებასტოპოლისამდე ვრცელდებოდა. ამ ერთიან სასაზღვრო პერიმეტრზე იბერიის გამოჩენით კი, ორ უმნიშვნელოვანეს რომაულ ფორპოსტს – აფსაროსსა (მაკრონ-ჰენიოხთა ტერიტორიაზე) და ფასისს (ლაზეთის ტერიტორიაზე) შორის გადაჭრილ იქნა სახმელეთო კომუნიკაცია, რის შედეგადაც მათი ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ საზღვაო გზით გახდა შესაძლებელი. ამის დაშვება კი რომს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. თუმცა, `ომზე მეტად მშვიდობისმოყვარე~ [შHA, Hადრ., X, 2] იმპერატორს, რომელმაც საბოლოოდ თქვა უარი შეტევით ომებზე, არ აწყობდა კავკასიაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავება და იმიერკავკასიელი ნომადებით ზურგგამაგრებული ფარსმანის წინააღმდეგ ღია საბრძოლო მოქმედებების დაწყება [ფიფია: 2005, 111]. ამიტომ, ადრიანე, რომელიც მუდამ `ყიდულობდა მშვიდობასა და ზავს~, დიპლომატიური გზით ცდილობს ფარსმანთან ურთიერთობის დარეგულირებას და ზიდრიტთა ოლქში შექმნილი პრობლემის მოგვარებას. ადრიანე სახელმწიფოს მართვაში, მოკავშირე ქვეყნების მმართველებთან თუ მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობაში მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნულ კონტაქტებს
[Syme: 1981, 275]. ეს აშკარად მისი ძლიერი მხარე იყო. რა თქმა უნდა, კაპადოკიის შეკრებაზე იმპერატორი ეცდებოდა `ზიდრიტთა პრობლემის~ მოგვარებას. შესაძლოა, ადრიანემ სპეციალურად ამ მიზნით მიიწვია კიდეც `მეგობრულ შეხვედრაზე~ ფარსმანი. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ იმპერატორთან ჩასულ ფარსმანს ამ საკითხზე აუცილებლად მოუწევდა საუბარი და გამორიცხული არაა, რომ რომაელები მას ზიდრიტთა ოლქს დაათმობინებდნენ კიდეც. ვფიქრობთ, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ფარსმანმა უარი განაცხადა კაპადოკიაში ჩასვლაზე. იგი არ აპირებდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზიდრიტთა ოლქის, ზღვაზე  ამ ახალ¬მოპოვებული გასასვლელის დათმობას და იმპერატორთან მძიმე საუბარს არჩია საერთოდ უარი ეთქვა მას¬თან ვიზიტზე.
თუმცა, რა თქმა უნდა, ფარსმანის ადრიანესთან გამოუცხადებლობით ზიდრიტთა ოლქის პრობლემა არ ამოწურულა. კაპადოკიის კრების შემდეგ, რომის ხელისუფლებამ ფარსმანზე ზემოქმედების მოსახდენად, კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაელი სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაცია დაიწყო [ფიფია: 2005, 114-115]. თუმცა, ადრიანემ მაინც ვერ შეძლო ურჩი ფარსმანის დაშოშმინება. ფარსმანს, რა თქმა უნდა, არ აწყობდა უშუალოდ იბერიის საზღვრების სიახლოვეს, ზიდრიტთა ახალშემოერთებულ ოლქთან რომაული ფორპოსტების გაძლიერება და ამ ღონისძიებათა საპასუხოდ მან 135-137 წწ. იმიერკავკასიის გადმოსასვლელები გაუხსნა მომთაბარე ალანებს და ისინი რომის სამფლობელოებს შეუსია
[Dio Cass., LXIX, 15]. ამ აქციითა და თავისი რეალური ძალის დემონსტრირებით ფარსმანმა საკმაოდ გაამყარა იბერიის პოზიციები ამიერკავკასიაში, შეინარჩუნა დაპყრობილი ზიდრიტთა ოლქი და მოგვიანებით მიაღწია იმასაც, რომ ადრიანეს მემკვიდრის ანტონინუს პიუსის (138-161 წწ.) პრინცეპსობისას რომმა ცნო იბერიის ტერიტორიული გაფართოება დასავლეთისაკენ, კოლხეთის ზღვისპირეთში.



ლიტერატურა

  1. გამყრელიძე ალ., ახლადაღმოჩენილი წარწერა ფარსმან მეფისა. -  ცისკარი, #9, 1959.
  2. ინაძე მ., იბერიისა და რომის ურთიერთობა II საუკუნის პირველ ნახევარში, ივ. ჯავახიშვილის სახელო¬ბის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. I, 1955.
  3. ლომოური ნ., საქართველოს საგარეო ურთიერთობა¬თა სათავეებთან. -  ქართული დიპლომატია, I, თბ., 1994.
  4. საქართველოს ისტორია, I, (უძველესი დროიდან XIX საუკუნის დასასრულამდე), თბ., 1958.
  5. ფიფია კ., რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები), თბ., 2005.
  6. ფიფია კ., ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, თბ., 2005.
  7. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა, თბ., 1961.
  8. Авторы жизнеописаний Августов. Перевод С. П. Кондратьева, под редакцией А. И. Доватура. - Вестник древней истории, №1,1957.
  9. Бокщанин А. Г., Парфия и Рим. ч. II, М., 1966.
  10. Ломоури Н. Ю., Грузино-римские взаимоотношения, Тб., 1981.
  11. Bosworth A. B, Arrian and the Alani. – Harward Studies in Classicall Philology, 81, 1977,.
  12. Braund D., Hadrian and Pharasmanes. – Klio, vol. 73, #1, 1991.
  13. Braund D., Georgia in Antiquity. Oxford, 1994.
  14. N. C. Debevoise. A Political History of Parthia. Chicago-Illinois, 1938.
  15. Kerler G., Die Aubenpolitik in der Historia Augusta. Bonn, 1970.
  16. Magie D., Roman rule in Asia Minor. Vol. I, Princeton, New Jersey, 1950.
  17. Syme R., Hadrian and the Vassal Princes. – Athenaeum, 59, 1981.
  18. Syme R., Roman Papers. III. Oxford, 1984.
  19. The Cambridge Ancient History, vol. XI, Cambr., 1954.
  20. The Cambridge History of Iran, vol. 3 (1), Camb., 1983.



სტატიის ავტორი – კახაბერ ფიფია,  ისტორიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის  პროფესორი.
სტატია აღებულია კრებულიდან – ,,ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი", X, თბილისი, 2008 წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014