შუა საუკუნეების ევროპას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში აღელვებდა ვინმე იოანე მეფე–ხუცესის (იოჰანეს პრესბიტერის) პიროვნების გამოცნობა. XII საუკუნის შუა წლებიდან დასავლეთში ფეხი მოიკიდა ლეგენდამ ძლევამოსილ აღმოსავლელ ქრისტიან მეფე–ხუცესზე, რომელმაც მუსლიმანობას გამანადგურებელი დარტყმა აგემა და მოწოდებული იყო, დაემხო ისლამი და ქრისტეს რჯული გაებატონებინა აღმოსავლეთში. გაჭირვებული, დამარცხებული ჯვაროსნები სასოებით ელოდნენ მხსნელის გამოჩენას. საუკუნეთა განმავლობაში ცოცხლობდა ევროპაში იოანე მეფე–ხუცესზე თქმულება და საუკუნეთა განმავლობაში აღიზიანებდა იგი ევროპელთა ფანტაზიას.
იოანე ხუცესი ლეგენდარული ცნობების, ხალხური ფანტაზიისა და ჯვაროსანთა მითქმა–მოთქმის სფეროდან ევროპის მხატვრულ ლიტერატურაშიც გადავიდა. იოჰანეს პრესბიტერი შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებული პერონაჟთაგანია.
როგორც სამართლიანად ვარაუდობენ ისტორიკოსები, ყოველ თქმულებასა თუ ლეგენდაში, რაოდენ ფანტასტიკური და ზღაპრულიც არ უნდა იყოს იგი, მაინც მოიძებნება, თუნდაც სულ მცირე, რეალურ–ისტორიული მარცვალი და ისტორიკოსები უკვე დიდი ხანია ეძებენ ამ იოჰანეს პრესბიტერის რეალურ–ისტორიულ პროტოტიპს. გამოითქვა მრავალი ვარაუდი და ჰიპოთეზე, რომელთაგან ზოგიერთი ჩვენთვისაცაა საინტერესო, რომელსაც მოგვიანებით შევეხებით.
ახლა უფრო ზუსტად და დაწვრილებით ამ თქმულების თაობაზე.
XII საუკუნის 40–იან წლებში სირიიდან ევროპაში ჩასულა ქალაქ გაბალას კათოლიკე ეპისკოპოსი და ჩაუტანია ცნობა, სადღაც შორს, აღმოსავლეთში, სპარსეთისა და არმენიის გადაღმა, მეფობს ხუცესი იოანე (პრესბიტერი იოჰანესი), რომელიც თავის ხალხთან ერთად ნესტორიანულ ქრისტიანობას აღიარებსო. მას დაუმარცხებია სპარსეთისა და მიდიის მეფე–ძმები და აუღია მათი სატახტო ქალაქი, ეკბატანა. ამ გამარჯვების შემდეგ იოანე ხუცესი დასავლეთისაკენ დაძრულა, რადგან იერუსალიმის სამეფოსთვის დახმარების აღმოჩენა ნდომებია, ტიგროსამდე მიუღწევია, მაგრამ გემები არა ჰყოლია, მდინარეზე ვეღარ გადასულა და ჩრდილოეთისაკენ წასულა. აქ ზამთარში მდინარის გაყინვის იმედი ქონია, მაგრამ თბილი ამინდების გამო მდინარე არ გაყინულა; ამას გარდა, იოანეს ჯარში ბევრი დახოცილა და მეფე იძულებული გამხდარა შინ გაბრუნებულიყო.
ძლევამოსილი ქრისტიანი მეფის ამბავმა, რომელიც აღმოსავლეთიდან დაესხა თავს მუსლიმანებს, დიდად გაახარა თურმე ჯვაროსნები, ხოლო საერთოდ ევროპელებში ცხოველი ინტერესი გამოიწვია.
პირველად იოანე ხუცესი წერილობით მოხსენიებულია გერმანელი მემატიანის, ოტო ფრაიზინგელის ქრონიკაში. XII საუკუნის გერმანელი ჟამთააღმწერელი დაახლოებით იმასვე მოგვითხრობს, რაც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ.
საინტერესოა, რომ ლეგენდებში იხსენიება, აგრეთვე, პრესბიტერ იოჰანესის შვილი თუ შთამომავალი „მეფე დავითი.“
ევროპელებს და ჯვაროსნებს ძალიან დიდხანს არ დაუკარგავთ აღმოსავლეთის ამ ძლევამოსილ ქრისტიან მეფესთან კავშირის დამყარების იმედი. XV საუკუნეშიც კი პორტუგალიელი ზღვაოსნები ოცნებობდნენ, მოხვერდრილიყვნენ ლეგენდარული მეფე–ხუცესის სამეფოში (იხ. Бертольдб История изучения Востока в Европе и Россиию Лекцииб издю 2-еб Ленинград, 925, стр. 70)
იოჰანეს პრესბიტერის მოსაძებნად ევროპელთა სპეციალური საზღვაო ექსპედიციები ეწყობოდა. ამ ლეგენდარულ იოანე ხუცესს წერილებსაც კი წერდნენ ევროპელი მეფეები და პაპები.
იოანე ხუცესს რამდენჯერმე ახსენებს მარკო პოლო, პრესბიტერზე ლაპარაკობს ფრანცისკანელი ბერიც, ჯიოვანი დე მონტე კორვინო (XIII-XIV სს.). აბულფარაჯად წოდებული გრეგორიუს ბარ პებრეუსიც მოიხსენიებს მას თავის სირიულ ქრონიკაში, ჯიოვანი დალ პლანო კარპინი მოგვითხრობს, თუ როგორ დაამარცხა იოანე ხუცესმა თათრები, მის ამბავს გადმოგვცემს ეპისკოპოსი იორდანიუსიც. იოანე ხუცესი მოხსენიებულია მოგზაურ ბენიამინ ტუდელელის დღიურშიც. ალბერიკუსის ქრონიკაში და ა. შ.
იოჰანეს პრესბიტერი სხვა ნაწარმოებების გარდა, პერსონაჟად გვხვდება ისეთ მნიშვნელოვან შუასაუკუნებრივ ძეგლებში, როგორიცაა ალბრეჰტ ფონ შარფენბერგის (XIII საუკ.) „უმცროსი ტიტურელი“ (შარფენბერგის ავტორობა უახლესი გამოკვლევებით დადასტურდა, დიდხანს ეს ნაწარმოები ვოლფრამ ფონ ეშენბახის შექმნილი ეგონათ) და სახელგანთქმული „ხალხური წიგნი“ „ფორტუანატუსი“, რომელიც მხოლოდ XVI საუკუნის დამდეგს დაიბეჭდა.
ვნახოთ რა არის მოთხრობილი იოჰანეს პრესბიტერზე, მაგალითად, „ფორტუნატუსში“... მაგრამ ჯერ ძალიან მოკლედ, საერთოდ ამ ძეგლის შესახებ: ეს წიგნი „ტილ იოლენშპიგელთან“ და „რაინკე დე ფოსთან“ ერთად არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი „ხალხური წიგნი“. „ფორტუნატუსის“ მასალა შემდეგ საუკუნეებში არაერთხელ გამოუყენებიათ ჰანს ზაქსს, ლუდვიგ ტიკს, ლუდვიგ ულანს, ადალბერტ შამისოს, ჰებელს და სხვ.
ახლა კვლავ იოჰანეს პრესბიტერზე. „ფორტუნატუსში“ მოთხრობილია შემდეგი: იოანე ხუცესი მეფობს ინდოეთში. რომანში ლაპარაკია სამ ინდოეთზე (დიდი ინდოეთი, შუა ინდოეთი, მცირე ინდოეთი) და ყველა იოანე ხუცესს ეკუთვნის. რომანში ნახსენებია ინდოეთის მოსაზღვრე ქვეყნები: სპარსეთი, ჩინეთი, თურქეთი. რომანის გმირი ფორტუნატუსი, რომელიც სტუმრადაა იოანე ხუცესთან, მოისურვებს იმ ადგილის ნახვას, სადაც პილპილი ხარობს. ეს არის ლუმბეტი, რომელიც აგრეთვე იოანე ხუცესის სამფლობელოს წარმოადგენს. ფორტუნატუსს წაიყვანენ ლუმბეტში. რომანში ნათქვამია, პილპილი მთელს მსოფლიოში მხოლოდ აქ ხარობსო. იოჰანეს პრესბიტერის სამფლობელოებში უხვად მოიპოვებოდა ოქრო, ძვირფასი ქვები, სპილოს ძვალი და ა.შ. ლუმბეტში მოსახვედრად საჭიროა ზღვის გადაცურვა. ლუმბეტი ზღვის პირასაა. აქ იზრდება პილპილის ბუჩქები, უფრო სწორად, ველური ბუჩქი, რომელსაც ქვია თობარი, ისხამს პილპილს.
ახლა ზოგიერთი იმ ჰიპოთეზის შესახებ, რომელთა მიხედვით იოჰანეს პრესბიტერის რეალურ–ისტორიული პროტოტიპი ჩვენშია საგულვებელი.
ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის პროფესორი ფ. ბრუნი ვარაუდობდა, რომ იოჰანეს პრესბიტერში საგულისხმებელია იოვანე ორბელიანი, XIII საუკუნის საქართველოს ამირსპასალარი.
ზურაბ ავალიშვილმა შეფარვით და ძალიან ფრთხილად წამოაყენა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც იოანე ხუცესის რეალურ–ისტორიული პროტოტიპი დავით აღმაშენებელი უნდა იყოს. ალექსანდრე ნიკურაძემ ამ ჰიპოთეზას გაცილებით მეტი კატეგორიულობა მიანიჭა.
უკანასკნელ ხანებში ჰიპოთეზას დავით აღმაშენებლის სასარგებლოდ (ოღონდ მის მოდიფიცირებულ სახეს) მხარი დაუჭირა და ახალი არგუმენტები წამოაყენა ისტორიკოსმა შოთა ბადრიძემ. მისი ვარაუდი მოკლედ დაახლოებით ასე შეიძლება შეჯამდეს: იოანე ხუცესის ქრისტიანული სამფლობელო მდებარეობდა აღმოსავლეთში, სპარსეთსა და არმენიის გადაღმა (იქით). ქრისტიანული სახელმწიფო, რომელიც სპარსეთსა და არმენიას ესაზღვრებოდა, იყო საქართველო – ამ დროს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყოვლემხრივ ძლიერი სახელმწიფო, რომლის ხელისუფლებას სათავეში 1089 წლიდან იყო დავით აღმაშენებელი, ფეოდალური საქართველოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო მოღვაწე. დავითი თავის ხელში აერთიანებდა საერო და სასულიერო ძალაუფლებას (იოანე მეფეც და ხუცესიც).
დავით აღმაშენებელი აწარმოებდა ფართო მასშტაბის ომებს თურქულ–მაჰმადიანურ სამყაროსთან. მან ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა მაჰმადიანებთან დიდგორის ომში. დავითის სახელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჯვაროსანთა შორის სწორედ ამ ომის შემდეგ (სწორედ დიდგორის ომი ხომ არ იგულისხმება გაბალის ეპისკოპოსის მიერ მონათხრობ ბრძოლაში, როცა იოანე ხუცესმა სპარსეთისა და მიდიის მეფე–ძმები დაამარცხა?)
ყოველივე ეს შ. ბარდიძეს საფუძველს აძლევს გააიგივოს იოანე ხუცესი და დავით აღმაშენებელი.
როგორც დავინახეთ, შ. ბადრიძის მიერ შეგროვებული მასალა და არგუმენტაცია, მეტად საგულისხმოა, მაგრამ შ. ბადრიძის ვარაუდს არა აქვს კატეგორიულობის პრეტენზია. დავით აღმაშენებლისა და იოჰანეს პრესბიტერის იგივეობის დასადასტურებლად არსებობს თითქმის ყველანაირი შესაბამისობა – ქრონოლოგიური, გეოგრაფიული, ტიტულატურული, სარწმუნოებრივი და ა. შ. მაგრამ ორი რამ მაინც გასარკვევი რჩება: ოტო ფრაიზინგელის (თუ გაბალელი ეპისკოპოსის) ცნობით იოჰანეს პრესბიტერი ნესტორიანელია, დავით აღმაშენებელი კი არ ყოფილა ნესტორიანელი; და მეორეც: საიდან გაჩნდა თქმულებაში სახელი იოანე (იოჰანესი?) ამაზე გადამწყვეტი პასუხი არც შ. ბადრიძეს მოეპოვება. თუმცა რამდენიმე არგუმენტით იგი ცდილობს პირველი ხარვეზის ამოვსებას: ერთ–ერთი, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტია ის, რომ ბიზანტიელები ქართველებს ნესტორიანელებად ნათლავდნენ, რათა ქართული ეკლესიისათვის მწვალებლობა დაებრალებინათ, რადგანაც ბიზანტიელებს არაფრად ეპიტნავებოდნათ ამ პატარა ქვეყნის მედგარი ბრძოლა კულტურულ–პოლიტიკური ემანსიპაციისათვის და შესაძლებელია, ევროპაში ერთხანს დაიჯერეს კიდეც ქართველთა ნასტორიანელობა.
შ. ბადრიძეს სავსებით დასაშვებად მიაჩნია, რომ იოანე მეფე–ხუცესის ლიტერატურულ–ლეგენდარული სახის შექმნაში „მონაწილეობდა“ არა მარტო დავით აღმაშენებელი, არამედ მისი შვილიც, დემეტრე პირველი – ესე იგი, შესაძლოა, იოჰანეს პრესბიტერის სახე შეიქმნა დავით და დემეტრე მეფეების პიროვნებათა შერწყმით.
დემეტრე პირველიც დიდი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეშივე ის ქართველთა ლაშქარს მეთაურობდა, რომელმაც სახელოვანი გამარჯვება მოიპოვა შირვანში. დემეტრე პირველის დროს საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებამ კიდევ მეტი აღიარება მოიპოვა ახლო აღმოსავლეთის ხელისუფალთა შორის. მან მძიმე დარტყმები მიაყენა თურქობას, შაჰ. არმენების სახელწიფოს და საერთოდ მაჰმადიანებს.
იმ დროს, როცა შეიქმნა ლეგენდა იოანე ხუცესზე, აღმოსავლეთში ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო საქართველო იყო. ამიტომ სრულიადაც არ არის გასაკვირი და უსაფუძვლო, რომ სპეციალისტთა ნაწილი იოჰანეს პრესბიტერის რეალურ–ისტორიულ პროტოტიპს სწორედ საქართველოში ეძებს. აქ შეიძლება გავიხსენოთ შვედი ისტორიკოსი კარლ გრიმბერგი, ავტორი შვეციის მრავალტომიანი ისტორიისა, რომელიც ვარაუდობს, რომ XIII საუკუნის ისლანდიურ საგაში („ინგვარ–საგა“) გამოყვანილი ძლევამოსილი ქრისტიანი აღმოსავლელი დედოფალი თამარ მეფე უნდა იყოს.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გვიანდელ ლეგენდებსა და ლიტერატურულ ძეგლებში (მაგალითად, „ფორტუნატუსში“) იოჰან პრესბიტერი ინდოეთის მბრძანებლად გვევლინება, ამაზე შემდეგი შეიძლება ითქვას:
ინდოეთის ცნება შუა საუკუნეების ევროპელთა წარმოდგენაში ძალიან ფართოა, მასში უამრავი ქვეყანა შედის. ზოგჯერ ერთმანეთში არეულია ინდოეთი და ეთიოპია (აბისინია), ინდოეთი და ტიბეტი, ხანდახან ეთიოპია და ტიბეტი ინდოეთის ნაწილებადაა მიჩნეული. არაიშვიათად, ინდოეთი სპარსეთსაც მოიცავს. შ. ბადრიძე ასახელებს კომპეტენტური სპეციალისტის ი. კ. რაიტის შრომას – „ჯვაროსანთა ომების დროინდელი გეოგრაფიული ცოდნა“ (ნიუ–იორკი, 1925), რომელშიც ნაჩვენებია, რომ ჯვაროსანთა გეოგრაფიულ წარმოდგენაში ინდოეთი თითქმის მთელ აღმოსავლეთს მოიცავდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ვოლფრამ ფონ ეშენბახის სახელგანთქმულ რომანში – „პარციფალი“ (XIII საუკუნის დასაწყისი) კავკასია ხან ინდოეთის მეზობელ ქვეყნად, ხან კი ინდოეთის ნაწილად არის წარმოდგენილი. ხოლო მე–16 საუკუნის „ხალხურ წიგნში დოქტორ ფაუსტუსზე“ (იგი XVI საუკუნეში დაიბეჭდა, მაგრამ მისი შექმნის თანდათანობითი პროცესი წინა საუკუნეებშია საგულვებელი) ვკითხულობთ, რომ კავკასიაში, ხარობს პილპილის ხეები (გავიხსენოთ „ფორტუატუსიდან“ ის ადგილი, სადაც აღნიშნულია, რომ იოჰან პრესბიტერის ერთ–ერთ სამფლობელოში, ლუმბეტში უამრავი პილპილის ბუჩქია).
სტატიის ავტორი – ნოდარ კაკაბაძე ;
სტატია აღებულია ჟურნალიდან – ჯვარი ვაზისა, 1989წ.
მასალა ადაპტირებულია მარიტა გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;
|