სვანეთის ადრეული ქრისტიანიზაცია არქეოლოგიური მასალის მიხედვით

საქართველოს ერთ-ერთი ძირძველი კუთხის _ სვანეთის შესახებ მკვლევარები და დამკვირვებლები XIX საუკუნიდან ქმნიან ეთნოგრაფიულ ნაშრომებს, სადაც ყურადღება მახვილდება რეგიონის ყოფაში დადასტურებულ `გადმონაშთურ“ ელემენტებზე, რამაც ამ კუთხეში გვაროვნული წყობილების `გახანგრძლივებული“ არსებობის შთაბეჭდილება და შესაბამისი კონცეფციები შექმნა. აღნიშნულ რწმენა-წარმოდგენათა სისტემის სპეციფიკურ ინტერპრეტაციაზე დამყარებული შეხედულებების თანახმად, ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა ერთგვარი სკეფსისი _ თითქოს, ადრე შუასაუკუნეებში სვანეთში საზოგადოების სოციალურ დიფერენციაციას ადგილი არ ჰქონია და არც ქრისტიანულმა რელიგიამ გაიდგა მყარად ფესვები.
ქართველ ენათმეცნიერთა, სამეურნეო ყოფისა და მატერიალური კულტურის ისტორიის, სამართლის, ეპიგრაფიკისა და დიპლომატიკური ხასიათის მასალის, ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლისა და შუასაუკუნეების საგანგებო მონოგრაფიული შესწავლის შედეგად, სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილი და განზოგადებული იქნა მდიდარი მასალა, რამაც ბოლო მოუღო მცდარ შეხედულებას სვანეთში გვაროვნული წყობილების ხანაგრძლივებული არსებობის შესახებ.
სვანეთის მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები დღეისათვის საკმაოდ კარგადაა შესწავლილი და მის მაღალ განვითარებულობაში ეჭვი არავის ეპარება. საქართველოს ისტორიის მკვლევარები სვანეთს განიხილავენ, როგორც ქართულ სამყაროსთან სოციალ-პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით მჭიდროდ დაკავშირებულს და მის განუყოფელ ნაწილს. მიუხედავად ამისა, შუასაუკუნეების სვანეთის ცხოვრების ზოგიერთი სპეციფიკური მხარის ჩვენება მკრთალად წარმოგვიდგება. ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ერთიანი აზრი რეგიონის სოციალ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული განვითარების მთელ რიგ არსებით საკითხებზე. საეკლესიო კრებათა მატიანეები და საერო სახის სხვადასხვა ხელნაწერები, მაღალმხატვრული ოქრომჭედლობა, დახვეწილი არქიტექტურა, `სვანური ფერწერის მხატვრული სკოლა“, ეკლესიებში დაცული დიდძალი განძეულობა და ქრისტიანული კულტურის მრავალი სხვა კომპონენტი, სვანეთში ქრისტიანული იდეოლოგიის ყოვლისმომცველ ხასიათს და საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრების მაღალ დონეზე მეტყველებს. სვანეთის ქრისტიანული მონუმენტური ფერწერისა და ლითონმქანდაკებლობის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მან სტილისტური ევოლუციის იგივე ეტაპები გაიარა, რაც სრულიად საქართველოს ხელოვნებამ. სვანეთში ქრისტიანული ხელოვნების განვითარება, რომელსაც ახასიათებს არაერთი თავისებურება, ქართული ხელოვნების განვითარების სინქრონულად მიედინებოდა და მის ნაწილს წარმოადგენდა.
მართალია, სვანეთის ადრე შუასაუკუნეების არქეოლოგიური ძეგლების კვლევა დღემდე შემთხვევით აღმოჩენებსა და არქეოლოგიურ დაზვერვებს არ გასცილებია, მაგრამ გამოვლენილი მასალა აღებული ეპოქის მხარის სოციალ-ეკონომიკური და საზოგადოებრივი წყობის მრავალ საკითხს ჰფენს შუქს.
ადრე შუასაუკუნეების სვანეთში ქრისტიანული იდეოლოგიის ხასიათსა და საეკლესიო ცხოვრების დონეზე მეტყველებს ენგურისა და ცხენისწყალის ზემო წელზე გამოვლენილი სამაროვნები და ეკლესიები სოლში, ხოფურში, ფხუტრერსა და ნესგუნში.

bana

minis WurWeli; IV-V ss.

1986 წელს ლენჯერის საკრებულოს (მესტიის რაიონი) სოფელ სოლში ბ. შუკვანის სახლის მშენებლობისას აღმოჩნდა სამაროვანი. აღმოჩენის ადგილზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გათხრები არსებითად დანგრეულ ფენებში განახორციელა, მაგრამ გამოვლენილ იქნა საინტერესო მასალა, რომელიც უდაოს ხდის ამ ტერიტორიაზე ადრე შუასაუკუნეების სამაროვნის არსებობას. სოლის სამაროვნის ადრე შუასაუკუნეებით დათარიღებისათვის გვაქვს სარწმუნო მონაპოვარი მინის ჭურჭლის სახით. მას წაკვეთილი კონუსის ფორმა და შეზნექილი ძირი გააჩნია. პირი ოდნავ გადაშლილია. ზედაპირზე მქრქალ პარალელურ სარტყელებს შუა ლურჯი ფერის რელიეფური ხალები აზის. საქართველოში ამ ტიპის მინის ჭურჭელი ნაპოვნია შავიზღვისპირეთში და კარგად თარიღდება IV-V სს-ით.

bana

Zirgverdnakluli doqi

სოლის სამაროვნის დათარიღების თვალსაზრისით, საინტერესოა ძირგვერდნაკლული დოქი, რომლის თიხა მოწითალოა. დოქს გადაშლილი პირის კიდე და მსხლისებური ტანი აქვს მაღალი, ცილინდრული ყელი პირისკენ შევიწროვებულია. ყელის ძირს ირგვლივ ექვსრიგად შემოუყვება ტალღოვანი ხაზები. ორი ტალღოვანი ხაზი შემოუყვება თეფშისებურ პირის გვირგვინსაც. პირის გვირგვინსა და ტალღოვან ხაზებს შორის ყელი წრიულად განლაგებულ ოთხ-ოთხი, ერთმანეთისაგან თანაბრად დაცილებულ ჯვრის ფორმის ორნამენტითაა შემკული. ჯვრები შტამპითაა დატანილი. გრეხილკიდეებიან ბრტყელ ყურზე ვერტიკალურად დაყოლებულია ჯვრები. ანალოგიური ორნამენტი შემოუყვება ყელის ძირსაც. ტანი ქვემოთკენ ვიწროვდება ძირისაკენ. ძირი ბრტყელია, თიხა ქარსნარევია, ცუდადაა განლექილი, ჩარხზეა ნაკეთები. ადრე შუასაუკუნეებში ანალოგიური ჭურჭელი გავრცელებულია წებელდაში, კოდორის ხეობაში, ტყვარჩელში და სხვაგან. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა იგი აღმოჩენილი წებელდის სამაროვნებზე და თარიღდება V-VI საუკუნეებით. სოლის სამაროვანზე აღმოჩენილი მოკლე მარტივყუნწიან და დიდი ზომის ვადაგანიერ სატევრებს, მასრიან შუბისპირებს, ბალთებს, კერამიკულ ჭურჭელს, ანალოგიები მოძებნება კოლხეთის სინქრონულ ძეგლებში. სამაროვანი მხოლოდ ნაწილობრივა არის შესწავლილი. იგი კერძო პირის ეზოშია და მარტო ის მონაკვეთია გათხრილი, სადაც ეზოს მეპატრონე მშენებლობისათვის მიწის სამუშაოებს აწარმოებდა.

bana

fxutreris eklesia

2001 წელს სვანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ეცერის საკრებულოს სოფელ ფხუტრერში გათხარა ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევი, რომლის ქვეშ აღმოაჩინა უფრო ადრეული, სწორკუთხა, უაფსიდო ეკლესიის (6,40X5,90 მ) ნაშთი, რომელიც თანმხლები მასალითა (ხალიანი მინა, კერამიკა) და ხუროთმოძღვრული სტილით V საუკუნით თარიღდება. სვანეთში მრავლადაა შემორჩენილი ფხუტრერის ანალოგიური ოთხკუთხა, უაფსიდო ეკლესიები, რომლებზედაც შემდგომში დაშენებულია დარბაზული ტიპის ეკლესიები. პირველ სართულზე მოქცეულმა აღნიშნულმა ეკლესიებმა ამ დროიდან დაკარგეს თავდაპირველი ფუნქცია და საძვალეებად იქცნენ. ფხუტრერის სწორკუთხა, უაფსიდო ეკლესია, ვფიქრობთ, წინამორბედია სვანეთისათვის დამახასიათებელი, საქართველოში უძველესი დროიდან გავრცელებულ დარბაზული ტიპის ეკლესიისა, რომელიც გადახურულია საყრდენ კამერებზე დაფუძნებული ნახევრად ცილინდრული თაღით, სადაც საკურთხევლის აფსიდი გამოწეულია აღმოსავლეთით და ზოგჯერ ნახევარწრის ან მრავალკუთხედის სახეს იღებს. შედარებით უფრო გვიანი ხანის ძეგლებზე საკურთხევლის აფსიდი დაფარულია აღმოსავლეთის კედლის სისქეში და არ არღვევს კედლის სიბრტყეს. ამგვარ ნაგებობებში, ქართული ხუროთმოძღვრების საერთო განვითარებასთან შეფარდებით, იცვლებოდა პროპორციები, კამარების ფორმა, კაპიტელის დეკორი და სხვ.
ფხუტრერის სწორკუთხა, უაფსიდო ეკლესია სვანეთის ადრე შუასაუკუნეების ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპურ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო მსგავსი ეკლესიების მშენებლობა, შესაძლოა, უკავშირდება V საუკუნის მეორე ნახევარში სვანეთის სამთავროს გაძლიერებას, როცა რეგიონი ეგრისის სამეფოს შემადგენლობიდან გავიდა და ფაქტიურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული გახდა.

bana

"webelduri culebi"

მენანდრე პროტიქტორისა და პრისკე პანიონელის ცნობებით, 457- 474 წლებს შორის, სვანეთმა ეგრესისაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, რაც გუბაზ მეფის ბიზანტიასთან გართულებულ ურთიერთობებს დაემთხვა. გუბაზმა ბიზანტიასთან ურთიეროთბის გარკვევის შემდეგ, კვლავ სცადა სვანეთის დამორჩილება. ამ კონფლიქტში სვანეთს იბერია და ირანი ეხმარებოდა, ხოლო ეგრისმა დახმარებისათვის ბიზანტიას მიმართა. საბოლოოდ სვანეთმა კვლავ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ადრე შუასაუკუნეების სვანეთში ქრისტიანული თემების არსებობაზე მეტყველებენ ქვედა მარღისა და ხოფურის სამაროვნები. ხოფურში აღმოჩენილ სამარხეულ ინვენტარიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ადრე შუასაუკუნეების ე.წ. `წებელდური ცულები“, რომლის ანალოგიური, VI საუკუნით დათარიღებული ცულები, მრავლადაა აღმოჩენილი წებელდის სამაროვნებზე.

bana

nesgunis jvari

ადრე შუასაუკუნეების სვანეთი, ქრისტიანულ ხასიათსა და საეკლესიო დონეზე მეტყველებს ლენჯერის საკრებულოს სოფელ ნესგუნში მოსახლის ეზოში, მშენებლობისათვის წარმოებული მიწის სამუშაოების დროს გამოვლენილ ეკლესიის ნაშთში (რომლის დაფიქსირებაც, სამწუხაროდ, არქეოლოგებმა ვერ მოასწრეს) აღმოჩენილი, VII საუკუნის მეორე ნახევრითა და VIII საუკუნის პირველი ნახევრით დათარიღებული, ყალიბში ერთიანად ჩამოსხმული ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, რომელზეც ქრისტეს ჯვარცმაა გამოსახული. ყოველივე ზემოთქმული საფუძველს იძლევა ეჭვქვეშ დადგეს სპეციალურ ლიტერატურაში დამკვიდრებული ერთგვარი სკეფსისი, თითქოს მოცემულ რეგიონში ქრისტიანულმა რელიგიამ ადრე შუასაუკუნეების მიწურულამდე მყარად ვერ გაიდგა ფესვები.




სტატიის ავტორი – რეზო ხვისტანი;
მასალა აღებულია წიგნიდან – `მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის~,  თბილისი, 2009წ.



 


megobari saitebi

   

01.10.2014