საქართველოს ტოპონიმიაში სახელების განმეორება ხშირია არა მარტო სხვადასხვა კუთხეში. არამედ - ერთსადაიმავე მხარეშიც. ეს მოვლენა ძველითგანვე გამოწვეული იყო ბუნებრივი პირობების ერთგვარობით („ვაკე“, „მუხრანი“, „სათხე“, „პანტიაანი“). ან სხვადასხვა პუნქტთა წარმოშობის მსგავს ვითარებას ასახავდა („ახალციხე“, „ახალქალაქი“, „ციხისძირი“). ზოგჯერ ახალ ადგილზე გადმოსულ მოსახლეობას თან მოჰქონდა თავისი ძველი საცხოვრისის სახელი (ასე ახლაც ხშირად ხდება). ან ბარიდან საზაფხულო საძოვარზე, წასული, თავის დროებით სადგომსაც ამავე სახელს უწოდებდა, რაც მის სოფელს ერქვა.
აღნიშნულის გარდა, ქართული სოფლების ერთნაირი სახელწოდებანი ხშირად იყო დაკავშირებული ამ სოფლების მთავარი სალოცავების სახელებთან. ხშირად ეს სალოცავები ისეთ პოპულარობას იხვეჭდნენ, რომ მათი სახელით იწოდებოდა უკვე მთელი სოფელი. ასეთებია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ცნობილი „გიორგიწმინდა“, „ნინოწმინდა“, „სამება“ და სხვა. სახელწოდებათა ამ რიგს ეკუთვნის „სიონიც“.
ქრისტიანული მოძღვრების გავრცელების ადრეულ პერიოდში, როცა საქართველოში ფართოდ იშლებოდა ეკლესიათა მშენებლობა. ჩვენში ერთმორწმუნე საბერძნეთიდან და პალესტინიდან შემოდიოდა არა მარტო საკულტო ნაგებობათა ტიპები, არამედ მათი იქაური სახელწოდებანიც. ასე გაჩნდა ქართლში „ნიქოზი“, „კორინთა“, „გეთსამანია“, „ანტიოქია“ და სხვა. ამგვარადვე შემოვიდა სახელი „სიონიც“ („მზიური“ ...„ბრწყინვალე“), დაკავშირებული იერუსალიმის სიონის ბორცვზე აგებულ ღმრთისმშობლის მიძინების ეკლესიასთან.
საქართველოში სიონი ეწოდება მხოლოდ ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესიებს - შედარებით მნიშვნელოვანთ და უფრო ხშირად ადრეულებს. ასეთებია თბილისის, ატენის, სამშვილდის, დმანისის, ბოლნისის და სხვა სიონები. ეს სახელი მიემართება ტაძრებს და წარმოდგენილია უმეტესწილად მსაზღვრელის დართვით: „თბილისის სიონი“, „ბოლნისის სიონი“, მაგრამ არის შემთხვევები როცა სიონი ჰქვია სოფელსაც: ასეთებია ხევში, კახეთში, ქართლში.
ამჯერად ყურადღებას შევაჩერებ ქვემო ქართლის კიდევ ერთ სიონზე, რომელიც ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვების დროს მოვიხილე შულავრისხევში. ეს ხეობა მარნეულის რაიონშია და საკმაოდ მდიდარია ძველი მატერიალური კულტურის ძეგლებით. ამას გარდა ის საინტერესოა იმითაც, რომ ამ ხეობის სოფელ წერაქვიდან არის შესანიშნავი ქართველი პროზაიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი. მის ერთ მოგონებაში, რომელიც დავით კასრაძეს ჩაუწერია, ვკითხულობთ: „წერაქვი... ერთადერთი ქართული სოფელია გაღმა ბორჩალოში. მეორე სოფელი მამაჩემმა გააშენა წერაქვის მახლობლად და სიონი დაარქვა.
- სიონი, ალბათ დიდი მორწმუნე იყო, რომ ბიბლიური სახელი ამოურჩევია.
- პირიქით, დიდი ათეისტი იყო ხელმოჭერილი ქიზიყელი, საკმაოდ მკლავმაგარი და იმდროინდელ კვალობაზე, კარგა შეძლებული გლეხი“.
წერაქველ მოხუცებს ახლაც კარგად ახსოვთ სიონში გადასახლება, რომელიც ადრე მჭიდროდ დასახლებული სოფელი ყოფილა და ჩანს XVIII საუკუნეში დაცლილა. სიონსა და მის მიდამოებში მოსახლეობის კვალი ჩანს გვიანბრინჯაოს ხანიდან. განვითარებული ფეოდალიზმის ხანის მოჭიქული კერამიკა და რამდენიმე ეკლესიის ნანგრევი კი, ცხოვრების ხანგრძლივობის მოწმობაა. ერთ-ერთი, XIX საუკუნეში შეკეთებული, დარბაზული ტიპის ეკლესია, სოფლის განაპირას, ბორცვზეა გაშენებული. შიგნით ორი საფლავის ქვა დევს. ერთ მათგანს თეთრი მარმარილოს ფილაზე აწერია: „ამავე, სოფლისა მიზეზი აშენებისა აქა მდებარე გვამი ჩემი საბა ადამაშვილი. წამკითხველნო (და) მხილველნო, გთხოვთ შენდობა გვიბრძანოთ. დავიბადე 1842 წ. თებერვლის 2, გარდავიცვალე l9“... აქ წარწერა წყდება. ესაა მიხეილ ჯავახიშვილის მამის საფლავი, რომლის თაოსნობითაც მოშენებულა სოფელი XIX საუკუნის ბოლოს.
ეკლესია უფრო ძველი ჩანს. მის მოზრდილ ბალავრის ქვაზე არის სხვა წარწერა. ის ლამაზი მხედრულითაა შესრულებული; განკვეთილობის ნიშნად სამწერტილია დასმული; ქვა ალაგ-ალაგ ამოტეხილია და წარწერაც ზოგან დაზიანებული. წარწერას, რომლის მონახაზსაც აქვე ვიძლევი, ქარაგმების გახსნითა და ნაკლული ადგილების აღდგენით ასე ვკითხულობ:
|
warwera |
„ქრისტე, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა და მეოხებითა მეტე(ხ)თა ღმრთის მშობელისაითა, ღირს ვიქმენ მე, ყოვლად უღირსი წინამძღვარი სერაპიონ ჩიჯავაძე წმ.(იდისა ამ)ის ეკლესიისა აღშენებად სახელსა ზედან ყოვლად წმინდისასა. ხელისა ჩემ(ისა) სახსრად და ც(ოდვათა ჩემთა შესანდობლად ზე)ობასა როსტომ მეფისა და დედოფლო(ბასა) მა(რიამისასა)“ ბოლოს ბევრი აღარ უნდა აკლდეს.
მაშასადამე ეკლესია აგებულია 1634-1658 წლებს შორის, რადგან როსტომი და მარიამი ამ წლებში არიან ერთად.
როსტომის მეფობის ხანა, შედარებით მშვიდობიანი ცსოვრების პერიოდია ქართლის სამეფოსათვის. ქვეყნის მოღონიერება და აღმავლობა კარგად ჩანს ქვემო ქართლის ისტორიული ძეგლების მიხედვითაც: ამ დროს შენდება ხიდები, ეკლესიები, ქარვასლები, წარმოებს დაზიანებული ეკლესიებისა და ციხეების შეკეთება.
წარწერაში მოხსენიებული მარიამ დედოფალი ცნობილი პიროვნებაა საქართველოს ისტორიაში. ის იყო ლევან დადიანის და, რომელიც როსტომმა შეირთო 1633-4 წლებში. ეს ამბავი მეფემ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. ისტორიკოსი ფარსადან გორგიჯანიძე მოგვითხრობს: „კარგის წესითა და ჴელმწიფურის ზითვითა და მორჭმა სიმდიდრით. კარგის თავადთა და აზნაურ შვილების მხლებლებით, მსახურით, გამდლებითა და მოახლეებითა. ყველანი დაკაზმულნი საჴელმწიფო გათავებულის იარაღითა და მოკაზმულობით, მზე შავი ზღვით ამოსრული მარიამ დედოფალი ქართლისკენ წამოაბრძანეს“.
მარიამ დედოფალი მოღვაწე ქალი გამოდგა, მარტო ის რად ღoრს, რომ მისი ბრძანებით გადაიწერა „ქართლის ცსოვრება“, რომელი ნუსხაც „მარიამისეულის“ სახელით დარჩა ცნობილი. როგორც ვახუშტი ბატონოშვილი მოგვითხრობს: ბოლნისის სიონიც „შემუსვრილი აღაშენა დედოფალმან მარიამ“.
ლევან დადიანისაგან როსტომ მეფისათვის მიცემულ მზითვის წერილის გრძელ სიაში, სხვადასხვა ძვირფასეულთან „ვეფხისტყაოსნის“ და „როსტომიანის“ გვერდით, დასახელებულია მსახურ-მოახლენი, მათთან ერთად ორი მესტუმრე, ორი ბოქაული, ორი მოლარე და, რაც მთავარია, „კარის მწირველად თავადის შვილი ჩიჯავაძე სერაპიონ, მისის მსახურითა“. ჩიჯავაძეთა ცნობილი ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი, მარიამ დედოფლისათვის მზითვში გამოყოლილი სერაპიონი, ჩანს წინამძღვარი გამხდარა და ზემოხსენებულ სოფელში ეკლესია აუგია. მისი აშენება „მეოხებითა მეტეხთა ღმრთისმშობელისაითა“ გვაფიქრებინებს, რომ სერაპიონ ჩიჯავაზე თბილისის მეტეხის „ყოვლად უღირსი წინამძღვარი“ იყო: ასე იხსენიებს იგი თავს ეკლესიის წარწერაში. მეტეხის ტაძარი კარის ეკლესია იყო ისნის სამეფო სადგომში. „მეტეხთა ღმრთისმშობლის“, „მეტეხთა ყოვლადწმინდის“ სახელით. ის დიმიტრი თავდადვბულმა განაახლა: „აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა“.
სერაპიონის წინამძღვრობა მეტეხში და მარიამ დედოფლის კარზე, 1640-იანი წლების მერეა მოსალოდნელი, როდესაც ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა, „მეტეხთა წინამძდვრად“ ნამყოფმა, იერუსალიმს მიაშურა. XVII საუკუნის II ნახევრიდან მეტეხის ტაЯარი უკვე მიტოვებული ყოფილა; შარდენის სიტყვით, ამის მიზეზი მეხის დაცემა გამხდარა. შულავრისხევის ამ სოფელში ეკლესიის აშენება საფიქრებელია, მანამდე მოხდებოდა. მაშინ შესაძლოა სოფელი ცარიელი იყო ისევე, როგორც სხვა ადგილები ამ მხარისა. ამაზე მეტყველებენ ზემო ბოლნისის, ხატისსოფლისა და სხვა წარწერები, რომლებიც შაჰ აბაზის შემოსევათა ნაკვალევზე, ნაოხარ და ვერანა ნასოფლარებზე ცხოვრების განახლებას მოწმობენ.
ვახუშტი ბატონიშვილის „გეოგრაფიის“ სოფლების სია და რუკა სიონის ადგილზე, აღნიშნავენ „ხუცის სოფელს“ გარდა იმისა, რომ ასეთი სახელწოდება სწორედ XVII საუკუნის II ნახევრიდან ჩნდება, ის ახალი ჩანს თავისი შინაარსითაც: სახელში ასახულია სოფლის კუთვნილება მისი მებატონისადმი და დგას ასეთივე გვიანი წარმოების სახელწოდებათა რიგში, რომლებიც ქვემო ქართლში მრავლად გვხვდება („მდივანბეგის სოფელი“, „შანშა სოფელი“, „შერმაზანის სოფელი“, „ქარუმიძის სოფელი“, „ეპისკოპოსის სოფელი“, „ჩიკორიძის სოფელი“ და სხვა). ცხადია, ყველა ესენი სახელდაკარგულ ძველ ნასოფლარებზე აღდგენილი დასახლებანია, რომელთა მთავარი ნიშანი ამ მებატონეთა იქაური კუთვნილებაა. უფრო ძველი შეიძლება იყოს „საღირაშენი“, „ბეშქენაშენი“, „ფადლაშენი“, „აკრავაშენი“, „რევაშენი“ და სხვა, რომელთა პირველ ნაწილში იმათი სახელები მოჩანს ვისგანაც მოშენდა ეს სოფლები.
1721 წლის აღწერის მიხედვით სომხითის ხუცის სოფელში ერთადერთი მებატონე ისევ კარის წინამძღვარი იყო, რომელსაც 16 გამომღები და სამი ბოგანო ყმა ჰყოლია.
XVIII საუკუნის გამანადგყრებელმა ლეკიანობამ სომხითში სოფლების უმრავლესობა ააოხრა. ქართველ ისტორიკოსთა ცნობებით, მაშინ ამ მხარეში მხოლოდ ბოლნისსა და სამწვერისს შერჩა მოსახლეობა.
მაშინ დაიკარგებოდა სახელწოდვბა „ხუცის სოფელიც“ მახლობელ ადგილებიდან „სიონი“ მიემართება ბოლნისის განთქმულ ტაძარს ღმრთისმშობლის სახელობისას. ის იყო მთავარი სალოცავი ამ მხარეში. მისი დიდი გავლენით უნდა აიხსნას ისიც, რომ ეკლესიათა უმეტესობა ამ კუთხეში ღმრთისმშობლის სახელზეა აგებული. ბოლნელ ეპისკოპოსს გვიან შუა საუკუნეებში მთელ ქართულ სომხითზე მიუწვდებოდა ხელი. არაა გამორიცხული შულავრისხევის ამ სოფელში ყოფილიყო ბოლნისის სიონის მეტოქი ეკლესია. სიონელი მოხუცები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ წყალგაღმა ნასოფლარში მყოფი ეკლესიის ნანგრევი წმ. გიორგის სახელობისა „ბოლნისის ძმაა“, „მისი ტოტიაო“, აქაც მაშინაა დღეობა, როგორც ბოლნისშიო. აქ ხატისოფლის გიორგობას გულისხმობენ. ბოლნისში დიდი დღეობის ტრადიცია XX საუკუნეშიც ყოფილა, რაც ასახულია ფიროსმანის ნახატზე - „დღეობა ბოლნის-ხაჩინში“.
შულავრისხევს ბოლნისთან ეპარქიული ერთობის გარდა, აკავშირებდა ადმინისტრაციული ერთიანობაც: ადრული შუა საუკუნეებიდან მისი ნახევარი შედიოდა ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულში, რომელსაც „ჴევი ბოლნისისა“ ერქვა, გვიან შუასაუკუნეებში კი ეს ხევები სომხითის სამოურავოში შედიოდნენ“.
XVIII საუკუნიდან, როდესაც ბოლნისის საეპისვოპოსო თბილისის სიონს დაექვემდებარა, თბილელ-ბოლნელი ეპისკოპოსები ბოლნისის საეპისკოპოსოს მიწებს იჯარით გასცემდნენ. შულავრელი და წერაქველი მოხუცების გადმოცემით, ვიდრე სოფელი სიონი აშენდებოდა, მისი მიწებით სარგებლობისათვის, მეზობელი სოფლები თბილისის სიონს უხდიდნენ ცვილსა და თაფლს.
ზაქარია ჭიჭინაძე 1901 წელს წერდა: „სიონი ახალი სოფელია, აქ წერაქვიდამ რამდენიმე მოსახლე გადმოსახლდა და დასახლდა. სოფელი მოშენდა, ღმერთმა ჰქნას. სიონი ამისთვის უწოდეს რომ ამ სოფელში ძველი ტაძარი სიონი სდგას“.
ყოველივე ზემოთქმული გასაგებს უნდა ხდიდეს საბა ადამაშვილის მიერ ამ ნასოფლარისთვის სახელის შერჩევას.
სტატიის ავტორი – დევი ბერძენიშვილი,
მასალა აღებულია წიგნიდან – „ნარკვევები“, გამომცემლობა „სამკალი“, თბილისი, 2005წ.
|