სოფელ მახაშის ციხე ფეოდალური ხანის პერიოდში
(ლეჩხუმი)

გაზეთი „დროება“ 1873 წელს წერდა „ქუთაისის გუბერნიაში ლეჩხუმის მაზრისთანა მივარდნილი, ღარიბი და ყოველგვარ საჭიროებას მოკლებული  ერთი მაზრაც არ არისო.“
ბუნებით ლამაზია ეს კუთხე, რომელსაც გააჩნდა საუკეთესო პირობები მაღალხარისხოვანი ყურძნისა, ხილის, თეთრი პურისა, ჰყავდა შესანიშნავი შრომისმოყვარე ადამიანები, მაგრამ საუკუნეების მანძილზე იყო მივარდნილი და დაბეჩავებული, წერა-კითხვის უცოდინართა კუთხე. სადაც ჭრაქი ფუფუნების საგნად ითვლებოდა. მშრომელი ადამიანი ბნელ გზას კვარით ინათებდა. თითქმის ასეთი იყო ლეჩხუმი დაახლოებით ერთი საუკუნის წინ. ხოლო სოფელი მახაში ლეჩხუმის მაზრის დაბეჩავებულ სოფლებში მენშევიკების წყალობით (ამ სოფელში 8 მენშევიკი იყო) მთლიანად დაჩაჩანაკებული სოფელი ყოფილა.
საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ მახაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. დაისადგურა ახალმა ცხოვრებამ,  მოვიდა  საბჭოთა ხელისუფლება, რამაც თავისი კვალი დაამჩნია  ამ კუთხეს. 
ლეჩხუმი გეოგრაფიულად მდებარეობდა იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს შორის. ლეჩხუმის ტერიტორიაზე ორი დიდი მდინარე მოედინება - რიონი და ცხენისწყალი. ადგილობრივი მოსახლეობა ცხენისწყლის ხეობით უკავშირდება სამეგრელოს სამთავროს, ხოლო რიონით - იმერეთის სამეფოს. მე-19 საუკუნის დამდეგისათვის ლეჩხუმის ტერიტორიაზე 11 ციხე-სიმაგრე მდებარეობდა. აქედან 5 ციხე თავისი სოფლებით იყო იმერეთის სამეფოს მმართველობის ქვეშ. 3 ციხე  გარშემორტყმული სოფლებით, სცნობდა დადიანის მფლობელობას, ხოლო დანარჩენი 3 ციხე ეკუთვნოდა ადგილობრივ თავადებს, რომლებიც არცერთ მმართველობას არ სცნობდნენ. აქედან ერთ-ერთი ციხე არის სწორედ სოფელ მახაშის ციხე.
სოფელი მახაში მდებარეობს ლეჩხუმის შიდა ნაწილში, ცხენისწყლის ხეობაში, გაშლილ ადგილას, რომელიც მდინარიდან 1,5 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი ეკონომიკურად ყოველთვის ძლიერი იყო.
საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ლეჩხუმი ეკონომიკურად გაძლიერდა. ძირითადად მარცვლეული კულტურების, ბაღ-ვენახების, მესაქონლეობის და ხე-ტყის დამუშავებით.
პოლიტიკურად ლეჩხუმი დამოუკიდებელ სამთავროს წარმოადგენდა. მე-18 საუკუნის უკანასკნელ ათეულ წლებში ლეჩხუმის საკითხი წამოიჭრა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, სოლომონ II-სა და გრიგოლ დადიანს შორის ბრძოლა დამთავრდა გრიგოლ დადიანის გამარჯვებით და ლეჩხუმის სამეგრელოსთან შეერთებით, რადგან ამ უკანასკნელს მხარს რუსეთი უჭერდა.
გრიგოლ დადიანისათვის უდიდეს მნიშვნელობა ჰქონდა ზემოთ ხსენებულ  ციხეებს, მათ შორის მახაშის ციხეს.
მახაშის ციხის შესახებ არ არსებობს წერილობითი წყაროები. არსებობს მხოლოდ გადმოცემები. ციხე მდებარეობს სოფელ მახაშის (ამ სოფელმა ეს სახელი მიიღო „მახის“ პურის სახელის მიხედვით, რომელიც დიდი რაოდენობით მოდიოდა ამ სოფელში) შუა ნაწილში, სადაც მთავარი სასოფლო გზები თავს იყრის და უკავშირდება ძირითად სახნავ-სათეს ფართობს - მახაშის ჭალას. ციხე თავიდანვე იყო სამსართულიანი. სართულები ერთიმეორისაგან გამოყოფილი იყო სათოფურებით, ხოლო შესასვლელი იყო ქვედა სართულის პატარა კარი. „ციხე ქვეშ“ (იმ ადგილს ახლა ასე ეძახიან) უნდა გაევლო არა მარტო ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ლეჩხუმის სხვა, დაახლოებით 6 სოფლის მკვიდრს. ციხიდან თვალყურის  დევნება შეიძლებოდა ამჟამად რაიონის ცენტრის ცაგერის და დანარჩენი სოფლების: გვესოს, ჭალისთავის, ლუხვანოს, ზარაგულის, ბარდნალის, წიფერჩის, ლარჩვალისა და აღვისათვის, მაგრამ რაც მთავარია ის თვალყურს და კონტროლს აწესებდა სამეგრელოსაკენ მიმავალ გზაზე, სარეწკელას მიმართულებით, ამიტომ იყო, რომ აღნიშნული ციხის მესამე სართული გრიგოლ დადიანმა საგანგებოდ შეაკეთა, მას შემდეგ რაც ციციანოვის დახმარებით ლეჩუმი გადავიდა სამეგრელოს განკარგულებაში. არსებული წყაროების მიხედვით 1779 წლიდან (ლეჩხუმის სამეგრელოსთან შეერთების შემდეგ) ლეჩხუმს განაგებდა მძლავრი თავადი ქაიხოსრო გელოვანი, რომელიც სანახევროს „მახაშის ციხეში“ ცხოვრობდა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ქაიხოსრო იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მომხრე იყო, ამიტომ 1799 წელს გრიგოლ დადიანმა გელოვანს თავი მოკვეთა, რის შემდეგ მახაშის ციხეში მოკალათდნენ სვანეთის თავადები ჩარკვიანები, რომლებსაც გარდა ამისა ჰქონდათ საკუთრებად დიდძალი ადგილები. ეს თავადები ბატონობდნენ მახაშის მცხოვრებლებზე, მათ ძალიან შევიწროებული ჰყავდათ მთელი სოფელი, განსაკუთრებით გლეხობა. მახაშის გლეხებისათვის ძირითად სახნავ-სათესს ჭალა წარმოადგენდა და გზას, რომელიც მათ აკავშირებდათ სახნავ ფართობთან, ციხესთან უნდა გაევლო. სისტემატიური ხასიათი ჰქონდა იმას, რომ გლეხის ქალებს, რომლებსაც ჭალაში მიჰქონდათ საკვები, ციხეში მყოფი თავადები ართმევდნენ სადილს, ძალდატანებით ციხეში შეიყვანდენენ და შეურაცყოფილს უშვებდნენ. გლეხობა ამ მდგომარეობის გამო საგონებელში ჩავარდა და არ იცოდნენ როგორ დაეღწიათ თავი ამ დამცირებული მდგომარეობიდან. გლეხობის მდგომარეობას აუტანელს ხდიდა ის გარემოებაც, რომ ჩარკვიანებმა დაიწყეს გლეხობის წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის საძოვრებიდან მოსამსახურეთა საშუალებით წაყვანა და დაკვლა.
ბოლოს გლეხობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ფარულად გაეკეთებინათ ისეთი სიმაღლის კიბე, რომელიც ციხის თავს ასწვდებოდა და იქედან ერთიანად ამოეწყვიტათ თავადები, მაგრამ ამ საქმის შესრულება ძნელი იყო, ვინაიდან თვალთა ზომით ძნელი იყო ციხის სიმაღლის გაგება და შესაბამისად კიბის გაკეთება. ჩვეულებრივ პირობებში ლეგარულად ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. ამისთვის მიმართეს შემდეგ ხერხს: ერთ-ერთი გლეხის ქალი, ვინმე მართა ჩხეტიანი სისტემატიურად აძოვებდა სოფლის მიდამოებში ცხვარს და თან დაჰქონდა სასტავი და საძახვი მატყლი. მას უთხრეს, რომ მოეგონებინა ცხვრების დაკარგვა და ნება ეთხოვა ციხეში მყოფ თავად ჩარკვიანების ქალებისთვის ასულიყო ციხის თავზე და იქედან დაეთვალიერებინა დაკარგული ცხვრები. ბევრი ხვეწნის შემდეგ იქ აღმოჩნდა ისეთი ქალი, რომელმაც ამის ნება დართო. ამის შემდეგ ავიდა ციხის თავზე, იქედან ჩამოუშვა საძახი ნართი და ამით გაიგო ციხის სიმაღლე. ბოლოს გლეხის ქალმა მადლობა გადაუხადა მათ და უთხრა, რომ მართალია ცხვრები ვერ დავინახე, მაგრამ თქვენი,  - ბატონო მაინც დიდი მადლობელი ვარო. ამის შემდეგ გლეხობას საშუალება ჰქონდა დაემზადებინა შესაბამისი ზომის კიბე და კიდევაც მოხდა ასე: ერთ-ერთი რელიგიური დღესასწაულის დროს, გლეხობამ ურმებით თავადებს მიართვა დიდძალი პურმარილი, ვითომდა მათი პატივისცემის ნიშნად. თავადებმა ქეიფი გამართეს და ძალიან დათვრნენ. ნაშუაღამევს გლეხებმა ჩუმად მიიტანეს მათი გაკეთებული კიბე, ნაწილმა შესასვლელი კარი ჩაკეტა, ხოლო დანარჩენი ავიდა ციხის თავზე წინასწარ გამზადებული სითხით და შეშით. ციხის თავიდან გააჩინეს ცეცხლი, ჩაუშვეს შიგ კვარით დამზადებული შეშა, რის გამც გაჩნდა დიდი ხანძარი, ჩაინგრა ზედა სართულების ტიხრები, რასაკვირველია, გამოეღვიძათ დაძინებულ თავადებს, მიადგნენ კარს, მაგრამ ის დაკეტილი აღმოჩნდა, ზემოთ ამოსვლა არ შეიძლებოდა. ბოლოს იძულებული გახდნენ ციხის კუთხეში მიყუჟულიყვნენ, მაგრამ ამაოდ, ციხესთან ერთად ყველანი დაიწვნენ. ამ დროს მთლიანად დამწვარა და დანგრეულა ციხის მესამე სართული. ასე შეძლო გლეხობამ მათი საძულველი თავადების თავიდან მოშორება.
ბატონყმობის პერიოდში ეს ადგილი ციხიანად ვინმე ადგილობრივ მცხოვრებ გლეხს გიორგი არდანიანს ეკუთვნოდა, რომელმაც 1922 წელს ადგილობრივი მცხოვრებლების დახმარებით გაწმინდა ციხე მის გარშემო მდებარე ეკალ-ბარდებისაგან და შიგ ციხეში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ადამიანების ძვლები, რომლითაც აავსეს ორი „ძარი“ და იქვე ჩაფლეს. იპოვეს აგრეთვე 8 სხვადასხვა ზომის ქვევრი (რომლებიც ახლაც იანხება ოჯახში), ორი ცალი რკინის ბორკილი, რომელიც ამჟამად ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული.
როგორც ცნობილია,  მენშევიკების  წინააღმდეგ აჯანყებები საკმაოდ ხშირად ეწყობოდა . მათ წინაღმდეგ აჯანყებები ყოველ დღე, ყოველ საათობით მზადდებოდა.  ჯერ კიდევ საერთო აჯანყებამდე 1921 წლის 23 თებერვალს აჯანყდნენ ლეჩხუმის მაზრის მოსახლეობა. აჯანყებულებმა ხელთ იგდეს, მაზრის ცენტრი ცაგერი, რისთვისაც მთელი ლეჩხუმის მაზრა მენშევიკებმა კანონგარეშე გამოაცხადეს. სოფელ მახაშში ჩაკვდა ყოველივე კარგი. ცნობილი „მახას“ პური მაშინ გადაშენებულა. როგორც ადგილობრივები ამბობდნენ: „ ჩვენს სოფელში 8 მენშევიკი იყო, ისინი ჩვენი სოფლის გარდა ყველაფერს გვართმევდნენ. ამ პურის თესლი მენშევიკების მთავრობა, რომ გაიქცა თბილისიდან საფრანგეთში, მათთვის გაუტნევიათო და იმ ქვეყანაში უნდა იყოს ახლა მისი ჯიშიო“. შესაძლოა, ეს ასე არ იყოს, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სამაზრო ცენტრის ცაგერის მენშევიკების მიერ დაკავებას მოჰყვა ლეჩხუმის სოფლების აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა   ალექსი ჭაბუკიანი. მისი ხელმძღვანელობით აჯანყებულები  თავს დაესხნენ სამაზრო ქალაქ ცაგერს.  მენშევიკების სამაზრო მთავრობა გაპარულა სარეწკელას ბილიკით, მაგრამ ადგილობრივი მენშევიკების დაბეზღებით ალექსი მერაბის ძე ჭაბუკიანი მოღალატეების ტყვიას იქ განუგმირავს, სადაც 90-იან წლებში სოფლების მახაშისა და ლასურიაშის გაერთიანებული კოლმეურნეობის კანტორა იყო.

ლეჩხუმში 1921 წლის მარტში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, რამაც გარკვეულწილად გამოიწვია ის, რომ იმ დროინდელი სოფელი მახაშიც ჩაება კომუნიზმის   გაშლილი მშენებლობის ფერხულში.

ბიბილიოგრაფია

1. ბერძენიშვილი, ნ. (1967). "საქართველოს ისტორიის საკითხები", ტომი II. თბილისი.
2. სოფლის მაცხოვრებლებისგან შეგროვებული ლეგენდები.



სტატიის ავტორი – დარეჯან ჭაბუკიანი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი. ხელმძღვანელი ისტორიკოსი ნინო ლაკვეხელიანი.



megobari saitebi

   

11.01.2016