|
seidabadi |
ქალაქ თბილისის უახლოესი უბანი სამხრეთით იყო სეიდაბადი. ტერიტორიამ, რომელიც ამ სახელს ატარებდა, რამდენიმეჯერ შეიცვალა სახელწოდება. მისი თავდაპირველი სახელი იყო "ტფილისი", შემდეგ "სეიდაბადი", ხოლო სულ ბოლოს კი "ხარფუხი".
საუკუნეების მანძილზე ადგილის სახელთა ასეთი ცვლა საქართველოს, კერძოდ თბილისის თავს გადამხდარ ამბავთა გამოძახილია.
ჩვენს ქვეყანაში შემოსული მტერი ფეხის მოსაკიდებლად ქმნიდა კოლონიებს; ისინი იქმნებოდა მეზობელ სახელმწიფოდან ლტოლვილთა თუ ხიზანთა მიერ. ბევრმა ასეთმა ჩამოსახლებულმა ტომმა თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნა და დღევანდლამდე მოაღწია, ზოგი კი ადგილობრივ ხალხში აირია, გაითქვიფა, ასიმილირებულ იქნა. ესა თუ ის ადგილი თავის სახელს იღებდა ამა თუ იმ ხალხის სადაურობის - წარმომავლობისდა მიხედვით.
თბილისი ქალაქობის პირველ საუკუნეებში სამი ნაწილისაგან - "ტფილისი, კალა და ისნი" - შედგებოდა (1).
შემდეგ, გვიან თბილისის ამ შემადგენელი ნაწილების სახელებს მეორადი სახელები, სინონიმები გასჩენიათ. ვახუშტი საიმჟამინდელო ქალაქ თბილისის აღწერისას გადმოგვცემს: "ხოლო აწ უწოდებენ ოთხთავ ქალაქთა აწ ტფილისს და განყოფით: კალას-ტფილისსა, ტფილისს - სეიდაბადს და ისნს - ავლაბარს, და გარეთ-უბანი არს ტფილისისა. მსახლობელნი არიან ციხისა და სეიდაბადს სპარსნი მოჰმადიანნი" (2).
თეიმურაზ ბაგრატიონი თბილისის აღწერისას ამბობს, რომ "ტფილისი უწინარეს ვახტანგ გორგასლანისა იყო მცირეს სოფლებად დაყოფილი: ესე იგი: ...სოფელი აბანოების ხევს გაღმა ყოფილა სეიდაბადის ბაღები რომ არის იქ, ტფილს წყლებს ახლო, და იმ სოფელს ტფილისი რქმევია, და იქაც მცირედნი ქართველები მდგარან" (3). ვახუშტი და თეიმურაზ ბაგრატიონები ძველი თბილისის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - "ტფილისის", მეორე, გვიან გაჩენილ სახელად სეიდაბადს ასახელებენ.
საუკუნეების მანძილზე ქალაქ თბილისის ტერიტორია ტოპოგრაფიულად დიდ ცვლილებებს განიცდიდა. რამდენადაც "მყარია" ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი - "კალა", იმდენად ცვალებადია ქალაქის მეორე უბანი - "ტფილისის" ტერიტორია. "ტფილისს" უნდა კავებოდა მდინარე წავკისის მარჯვენა ნაპირი, დღევანდელი "თათრების სასაფლაოსა" და აბანოების უბნის ტერიტორია მტკვარამდე. შემდეგ კი, როცა ქალაქ თბილისი იქცა გაერთიანებული, ძლიერი სახელმწიფოს საქართველოს დედაქალაქად მისი ტერიტორიაც შესაბამისად უნდა გაზრდილიყო. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიას მიუღწევია აწ შემორჩენილი ძველი ქალაქის ეგრეთ წოდებული "განჯის კარამდე".
ქალაქის სამხრეთ კედელში დატანებული იყო ორი კარი - "განჯის" და "აბანოს". ვახუშტი თბილისის აღწერისას მოგვითხრობს: "კალა არს ციხე, ნაშენი მაღალს კლდესა ზედა, და ჩამოზღუდვილი სალალაკის - ხევი მტკვრამდე. სასალალაკის - ხევის კარს უწოდებენ განჯისკარად... მეფემან როსტომ, ჩამოზღუდა კალა ციხიდამ ხიდის ყურამდე და მისცა სპარსთა" (4).
მაშასადამე, როსტომ მეფეს აუგია ქალაქის სამხრეთი ზღუდე რომელიც ჩამოზღუდული იყო ციხიდან - ნარიყალიდან ხიდამდე ახლა ძნელია იმის თქმა, აქ მანამდე არსებული კედელი როსტომ მეფემ განაახლა, თუ ახლა ააგო, ყველა შემთხვევაში, ერთი რამ ნათელია, რომ ეს სამუშაო მისი მეფობის დროსაა ჩატარებული. მოტანილი მონაკვეთის მიხედვით ქალაქის სამხრეთ კედელში მხოლოდ ერთი კარია - "განჯის". ვახუშტისეულ "თბილისის 1735 წლის გეგმაზეც" მხოლოდ ერთი კარია - "განჯის" (N 76). მკვლევარის მიერ მეორე კარის არმოხსენიება გვაფიქრებინებს, რომ იგი გამიზნული იყო ქალაქის გარეუბანში - "სეიდაბადში" გასასვლელად. პლ. იოსელიანი მას ხომ "სეიდაბადის კარს" უწოდებს კიდეც. ამ კარის დანიშნულების მეორეხარისხოვნებაზე გიულდენშტედტიც ლაპარაკობს.
შ. მესხია, არაბი ისტორიკოსის ტაბარის (X საუკუნის) ცნობაზე დაყრდნობით, ჩამოთვლის რა საიმჟამინდელო თბილისის ზღუდეში დატანებული 5 კარს, აღნიშნული ხუთი კარიდან ორი კარი - "კარის კარი" და "მოედნის კარი" დატანებული ჰქონია თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელს. "მოედნის კარი" როგორც ირკვევა, ციხის მოედანს (შემდეგდროინდელი "თათრის მოედანი") აკავშირებდა ძველ თბილისთან (შემდეგდროინდელი "აბანოების უბანი"). "კარის კარი" სამხრეთის კედელში თბილისის უმთავრესი კარი იყო. იგი აკავშირებდა თბილისს სამხრეთსა და აღმოსავლეთის ქალაქებთან, მათ შორის ქალაქ კართან (ყარსთან). საიდანაც უნდა იყოს წარმოშობილი თვით ამ კარის სახელწოდებაც (5).
აქედან ჩანს, რომ ძველთაგანვე თბილისის სამხრეთ კედელში დატანებული ორი კარიდან ერთი ადგილობრივი მნიშვნელობისაა, მეორე კი სატრანზიტო, საქალაქთაშორისო მნიშვნელობა ჰქონია. ვახუშტის მიერ ნათქვამი - როსტომ მეფემ შემოზღუდაო ქალაქი სამხრეთიდან, ამ ძველი კედლის აღდგენაზე უნდა მიუთითებდეს და, ტრადიციებისამებრ, ძველად არსებული ორი კარი ისევ იქ დაატანეს, ოღონდ სახელი შეუცვალეს: "კარის კარს" დარქმევია "განჯის კარი", ხოლო "მოედნის კარს" – "აბანოს კარი".
1948 წელს "განჯის კათან" წარმოებულმა არქეოლოგიურმა კვლევა-ძიებამ წარმოაჩინა XI-XIII საუკუნეების მდიდარი მასალა (6). ამ ტერიტორიაზე კერამიკული თუ ნუმიზმატკური, შემთხვევით თუ საგანგებოდ აღმოჩენილი მასალა XI-XIII საუკუნეებისაა. XIII საუკუნიდან მოყოლებული საქართველო და მისი დედაქალაქი განიცდიან დამანგრეველ შემოსევებს, რის გამოც ქალაქის ტერიტორია მცირდება. გამუდმებულ ნგრევას, ქალაქის ტერიტორიის შემცირების გარდა, მოჰქონდა მკვიდრი მოსახლეობის გაწყვეტა, გახიზვნა და ტყვედ წასხმა, რასაც თან ერთვოდა, როგორც თვით ქალაქში, ასევე მის სანახებში, ეთნოსის ცვლა.
ქალაქის ტერიტორიის შემცირების შემდეგ მისი ძველი შემადგენელი უბანი - "ტფილისი" შეთხელებულა, ანდა გაუკაცრიელებულა და XII საუკუნეში იგი უკვე თბილისის გარეუბანია "სეიდაბადად" წოდებული. საიდან გაჩნდა თბილისის ტოპონიმში ეს უცხო სახელი? მივმართოთ ისევ ვახუშტი ბაგრატიონს: "აქ (ტფილისს თ.ბ.) დახსნა შასეფიმ სეიდანი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს..." ეს მომხდარა და XII საუკუნეში შაჰ-აბას I მემკვიდრის შაჰ-სეიფის (1629-1642) დროს, როცა საქართველოს პოლიტიკური სიმძლავრე დიდი ხანია შერყეულია, ხოლო მისი დედაქალაქის - თბილისის ეკონომიური და ტერიტორიული ზრდა-განვითარება დამცირებული და შეჩერებულია. ამ დროს ქალაქის სამხრეთით მდებარე უბნის "ტფილისის" მოსახლეობა ან აყრილია, ანდა იმდენად შეთხელებულია, რომ მის ტერიტორიაზე მაჰმადიანთა ტომის სეიდაბადის დასახლება შესაძლებელი ყოფილა, რის გამოც ამ უბანმა თავისი პირვანდელი სახელი დაკარგა და დაერქვა სეიდების უბანი ანუ "სეიდაბადი".
ჯერ კიდევ შაჰ-აბას I, რომელიც "საქართველოს მიმართ ყველაზედ თანამიმდევრული ყიზილბაში იყო. მისი მოღვაწეობა ამიერ-კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, თურმან ყიზილბაშ მომთაბარეთა მიერ ქართული მიწების მიტაცებისათვის ბრძოლის ახალ ეტაპს მოასწავებდა" (7), გავერანებული ქათლ-კახეთის ტერიტორიაზე ასახლებდა თურმანულ-ყიზილბაშური მოდგმის ტომებს. სეფიანეთა შაჰების მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ გატარებულ პოლიტიკაში მთავარი იყო ქართული ფეოდალური მიწის მფლობელების შეცვლა "ირანულ-ყიზილბაშური მიწის მფლობელობით". შაჰ-აბასი ამიერკავკასიაში, და კერძოდ საქართველოში დიდი რაოდენობეით ასახლებდა ყიზილბაშურ ტომებს, რათა აქაური ქვეყნის ინტენსიური მეურნეობის ადგილზე ექსტენსიური მეურნეობის გავრცელება-დამყარებით ეკონომიური საწინდარი შეექმნა ირანის პოლიტიკური ბატონობისათვის" (8). მიუხედავად შაჰ-აბასის მრავალგზის ლაშქრობისა, მან თავის საწადელს ვერ მიაღწია, აღმოსავლეთ საქართველოში ქართული ფეოდალური მიწის მფლობელობა ვერ შეცვალა "ირანულ-ყიზილბაშური მიწისმფლობელობით". პაპის პოლიტიკას აგრძელებდა შაჰ-სეფი, რომელმაც "წესად აქცია ქართველი მეფის მაჰმადიანობა, რაც XVII საუკუნის 30-იან წლებიდან დაწყებული XVIII საუკუნის 40-იან წლებამდე გაგრძელდა" (9).
პირველი ქართველი მაჰმადიანი მეფე იყო ქართლის მეფის სიმონ I-ის ძმის დავითის (1562-1579) უკანონო შვილი ხოსრო-მირზა, მეფობაში როსტომის სახელით ცნობილი.
ხოსრო-მირზა შაჰის კარზე დიდი გავლენითა და ნდობით სარგებლობდა, მას "აქუნდა ყულარღასობა ყეენისა, მოურაობა ისპაანისა და ნაჭვიდა ყეენი ურიცხუსა, და უხმობდა მამად" (10). როსტომის მეფობის (1632-1658) დროს ბევრი ქართული სამოხელეო სახელო შეიცვალა სპარსულით. როსტომს ქართლში წამოყვა ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანი ამალა. ვახუშტი გადმოგვცემს, რომ ,,ამან როსტომ მოიყვანნა ყოველი ტყუენი საქართველოსანი სპარსეთიდამ გამაჰმადიანებულნი..." (მართალია, ჩვენს ხელთ არსებული არც ერთი მემატიანე ამის შესახებ პირდაპირ ცნობას არ გვაწვდის, მაგრამ შეიძლება ვივარაუდოთ (ისევ ვახუშტიზე დაყრდნობით), რომ შაჰ-სეფის როსტომისათვის გამოეყოლებინა სეიდების მოდგმის ხალხიც თბილისის მახლობლად. ეს უფრო პოლიტიკური აქტი იყო, ვიდრე ეკონომიური. ქართლ-კახეთის მაჰმადიან მეფეს სატახტო ქალაქის ერთ-ერთ მისადგომთან დასაყრდენი უნდა ჰყოლოდა და ა.შ.
ამის თაობაზე საყურადღებო მოსაზრება აქვს გამოთქმული პლ. იოსელიანს: "Очен вероятно что, Ростом, наименованный царем Грузии Шахомь-Сефом расположился на время въ виду Тифлиса и раскинута была на 'этой высоте палатка войска Шахомь-Сефа, от имени которого и вся местность около вань въ Тифлисе занятся имъ, также получила название Сейдабада" (11).
თბილისის ზღუდეს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ორი კარი ჰქონდა დატანებული ---,,განჯისა" და ,,აბანოსი". აი სწორედ ამ მეორე კარის, ,,აბანოს"და ამავე სახელის მქონე ხიდის საშუალებით, რომელიც გადადებული იყო წავკისის ხევზე, სეიდაბადი უკავშირდებოდა ქალაქს. აბანოების კარიდან გატანილი გზა დღეს ასეა წარმოსადგენი: აბანოების ქუჩა, ახუნდოვის ქუჩა, ტაგიზადეს ქუჩა (ყოფილი სურბ-სარქისის), სეიდაბადის მოედანი (ამჟამად ვანო ხუციშვილის სახელობის), შემდეგ ისევ ტაგი-ზადეს (დღეს ბოლნისის) ქუჩა (12).
პლ. იოსელიანი ქალაქის 7 კარს ასახელებს, აქედან პირველს ,,აბანოს კარს", ,,სეიდაბადისას" უწოდებს: «Первая ворота от начала стены с южной стороны Тифлиса, именовалась Сейдабадскими»(13).
XVIII საუკუნის დოკუმენტში ,,ქალაქის მოურავი სარგო" ვკითხულობთ, რომ მოურავს "& 5. ქ. აბანოს კარზედ და განსჯის კარზედ თუ სხვის კარზედ, თუმანზე ხუთი შაური ბაჟი რომ ყოფილა, ოთხი შაური ბატონისა არის და ერთი შაური მოურვისა"... (14)
,,აბანოს ხიდის" შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის ჩვენში სამოგზაუროდ ჩამოსული გიულდენშტედტი (1772): ,,სონღალუღიდან თბილისს მოვაღწიეთ განჯის კარით, რადგან აბანოს ხიდი გატეხილი იყო, ეს არის ამჟამად ჩვეულებრივი გზა, რომელითაც ქარავანი მიდის, რადგან ხიდი აბანოს მდინარეზე მხოლოდ მსუმუქი კომუნიკაციისათვისაა განკუთვნილი (15). ესე იგი "აბანოს ხიდი" მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის და ,,მსუბუქი კომუნიკაციისათვის" ყოფილა განკუთვნილი.
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალი ქარავანი ქალაქში ,,განჯის კარით" შემოდიოდა. ,,განჯის კარი" ,,აბანოს კარის" მაღლა ქალაქის კედელში დატანებული იყო დაახლოებით იქ, სადაც დღეს ბოტანიკური ბაღის შესასვლელია (16). ქალაქის კარის აქ არსებობაზე მიგვანიშნებს ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან ამჟამად არსებული ხიდის ახლოს წავკისის წყალში მდებარე, ძველი ხიდის დუღაბით ნაგები ბურჯების ნაშთი.
გიულდენშტედტის ნაშრომში სახელ (17) ,,სეიდაბადს" არ ვხვდებით, მაგრამ, სამაგიეროდ, მოგზაური გვაწვდის აღნიშნული უბნის მეორე სახელს: ,,...ადრე ქვედა გარეუბანი, აბანოების ქვევით იყო ქალაქი თბილისის ქალაქი" .ე.ი. სეიდაბადს ,,ქვედა გარეუბანი" ეწოდებოდა. მისი ტერიტორიის ერთ-ერთ ნაწილს, კერძოდ, მისი ჩრდილოეთით მდებარე წავკისის წყლის მახლობელ ნაწილს კი ,,აბანოს უბანი". მოგზაური ,,ქვედა გარეუბნის" აღწერისას ამბობს: ,,ქალაქის ქვემოთ, ახლოს მასთან და მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. არის თბილი წყაროები და მათთან საზოგადო აბანოები ორივე სქესისთვის. აბანოს ქვევით წინა ქალაქი, გარეთუბანი, ან უფრო უკეთ ძველი თბილისი. ქალაქის და გარეთუბნის გარშემო არის მნიშვნელოვანი ვენახები და ხილის ბაღები, რომლებიც მდინარის ქვევით აღწევენ 5 ვერსამდე, და პატარა წისქვილებისა და არხების საშუალებით ირწყვებიან მტკვრის წყლით. ბაღებთან და მათ ქვემოთ არის აგრეთვე ხორბლის პატარა ყანები" (18).
ვახუშტის მიერ შედგენილი ,,თბილისის 1735 წლის გეგმის" მიხედვით, სეიდაბადი შემდეგნაირად შემოიფარგლება: ჩრთილოეთიდან --- ქალაქის სამხრეთის ზღუდით (ე.წ. განჯის კარი) და დასავლეთიდან --- თაბორის მთით.
ამავე გეგმის თანდართულ ექსპლიკაციაში რუკაზე დატანილი პირობითი ნიშნების ახსნაში სეიდაბადი ორჯერაა აღნიშნული. ერთხელ N47 -ით ,,ტიფლისის ბაღი სეიდაბადის", რომელიც გაშენებულია მტკვრის მარჯვენა ნაპირის გაყოლებით, ხოლო მეორე აღნიშვნაა ქართული ასო ი-ითი --- ,,სეიდაბადი ანუ ტიფლისი", თუ პირველი აღნიშვნა (ი) საცხოვრისის აღმნიშვნელი უჯრედებით აქ მჭიდრო დასახლებაზე მიგვანიშნებს.
ვის ეკუთვნოდა სედაბადის ბაღ-ბოსტნები?
გამოქვეყნებული თუ გამოუქვეყნებელი, გასამყრელო თუ ნასყიდობის სიგელ-გურჯების მიხედვით, სეიდაბადის ბაღების მფლობელები იყვნენ: ქალაქის მელიქი დარჩია, თავადი სუმბათაშვილები, მირიმან მირიმანოვი, მეფის კარის ,,თათრულის წიგნის მწერალს მირზა აღალარასი", სეიდაბადის ბაღის მესკუთრენი, გარდა თბილისის მცხოვრებლებისა, იყვნენ კრწანისელები და ბევრი სხვა.
გარდა ხეხილის ბაღებისა, სეიდაბადში ზვრებიც ყოფილა გაშენებული. ამის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის 1790 წელს შედგენილი ერთ-ერთი ნასყიდობის სიგელი, სადაც ვხვდებით ისეთს სიტყვებს: მოგყიდით სეიდაბადში მდებარე ბაღ-ვენახი ,,ტაგარ (19) ქვევრითა" და მარან საწნახელითა".
სედაბადის ბაღები ირწყვებოდა მდინარე მტკვრის და წავკისის წყლის საშუალებით, საიდანაც საგანგებოდ გაყვანილი იყო სარწყავი რუები. საბუთებში გვხვდება ბაღი ,,...თავის შესავალ-გასავლითა თავის ჩარხითა და რუსმულითა" (20).
1800 წ. შედგენილ თბილისის გეგმაზე დატანილია წავკისიდან საგანგებოდ გაყვანილი სარწყავი არხი.
სეიდაბადში სარწყავი არხებისა და რუების გარდა, მოწყობილი ყოფილა საგანგებოდ გაჭრილი წყლის რეზერვული საგუბარი და აუზი: ,,ბაღები თავისი საგუბრით", ,,ეს ბაღი აუზისა და სოლოლაკის წყლის რასათით" (21). არხებიდან წყლის ხმარება წესისა და რიგის მიხედვით ყოფილა. თითოეულ ბაღისთვის მისაგდები წყალი ჰქონია, რომლის ხმარებაც მკაცრი განაწესის მიხვედით ხდებოდა. ამიტომ ძველი მეპატრონე ბაღის გაყიდვის დროს მყიდველს --- ახალ მეპატრონეს საგანგებოდ აფრთხილებდა და არკვევს თავისის ბაღის მორწყვის განრიგში: ,,ეს ჩემი თავისი ნიშნებითა და თავისი სამძღურითა და თავისის წალკოტითა როგორც ყულავც ამას წინაც გქონდათ წყალი ყველამ თავისის ანგარიშითა ისე უნდა ყველამ თავისი რიგით წაიღოს, ორი დღე ბარაბასია, ოთხი დღე ბეჟანასია, სამი დღე ორთავე ძმის არის, ეს წყალები რომ არის ყველამ თავისი უნდა წაიღოს"...
,,ქალაქის მოურავის სარგო"-ს მიხედვით, ქალაქის მოურავის ქალაქისპირა მდებარე ბაღებიდან ყოველწლიურად აღებული ჭირნახულიდან თავისი წილი ერგებოდა. საბუთში ქალაქის შემოგარენის დასახელებულ ბაღებს შორის სეიდაბადიცაა ნახსენები: ,,ქალაქის მოურავს ქალაქის ბაღებმა უნდა მიართვან... მოკრეფილი ხილი... ყოვლის ბაღებიდან... სეიდაბადიდამ"... (22).
XVIII საუკუნის შედგენილ საბუთებში სეიდაბადის ბაღებშიც საცხოვრისის --- შენობების მისაშენებელი რამდენიმე ცნობაა: ,,ამ ბაღში შენობა ჩავაგდევი... (23)" (1736წ.), ,,ქ. ოთახი გავაკეთე თავის დერეფნით (24)" (1753 წ.) და სხვ.
სეიდაბადი სპეციალურ ლიტერატირაში XVIII-XIX საუკუნეების მომხდარ ამბებთან დაკავშირებით რამდენჯერმე გვხვდება.
ვახუშტი, კახთა მეფის კონსტანტინეს (მაჰმად-ყულიხანი) მიერ ქართლისა და, კერძოდ, თბილისის აოხრებასთან და აღებასთან დაკავშირებით (1722) სეიდაბადს რამდენჯერმე ახსენებს.
თელეთთან ბრძოლაში გამარჯვებული ბაქარი თბილისისკენ მოდის. უკან მომავალს გზაში "კახ-ლეკნი და ყიზილბაშნი" დახვდნენ. მომხდურებს ბაქარი შეუტევს, ნაწილს ამოწყვეტს, ხოლო გადარჩენილნი "ლტოლვილნი შევიდნენ სეიდაბადსა შინა. ხოლო ბაქარ მოვიდა ტფილისს". შემდეგ მოვლენები სწრაფად ვითარდებიან. ბაქარი ღამე თავს დაესხმის თაბორის ციხეს და იკავებს მას. სეიდაბადს თავშეფარებული მაჰმად-ყულიხანი დილით კონტრშეტევაზე გადადის და თაბორის ციხეს ისევ იკავებს, მერე თაბორის ციხე ისევ ბაქარს უპყრია. ლტოლვილი კოსტანტინე ახლა მაშველი ჯარის საშოვნელად კახეთს მიდის, "ხოლო მეფე მოადგა სეიდაბათიდამ ციხეს და დამშვიდდა ფრიად... მერმე მოვიდნენ და მოერთუნენ მეფესა ყოველნი წარჩინებულნი კახნი სეიდაბადსა შინა". შემდეგ რაც მოხდა, საყოველთაოდ ცნობილია. კოსტანტინე მაჰმად-ყულიხანი დაქირავებული ლეკთა ჯარით შემოუტევს (უკვე მერამდენეჯერ) თბილისს და იმარჯვებს.
სეხნია ჩხეიძე 1722 წელს ამბების თხრობისას აღნიშნავს: ავლაბრის მხრიდან გამოვიდა კახი ბატონი და დადგა სეიდაბადსა და გასდვა ხიდი ხალვათ გარსა ბოლოს, დაიჭირეს თაბორი" (26). ამ ამბებთან დაკავშირებით სეიდაბადს ომან ხერხეულიძესთანაც ვხვდებით (27).
დამოწმებული ადგილებიდან ისე ჩანს, რომ სეიდაბადს ქალაქის სამხრეთ მისადგომთან მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი უკავია. აქ მზადდება და აქედან იწყება ქალაქის ერთ-ერთი ფორტპოსტის თაბორის ციხეზე შეტევითი ოპერაციები, ასევე სეიდაბადის დაკავებით დაცულია თბილისზე და თაბორზე მისასვლელი გზა.
1632 წლიდან მოკიდებული პირველი ქართველი მეფე, რომელიც ქრისტიანული წესით ეკურთხა, თეიმურაზ მეორე იყო. ეს მოხდა 1744 წელი.
ირანის შაჰმა ნადირმა თეიმურაზ II ქართლის მეფედ დაამტკიცა, ხოლო მისი ძე ერეკლე II კი კახეთის მეფედ.
მამა-შვილი "ტირილით გაეყარნენ ერთმანერთსა" - მეფე ერეკლე II თავის საგამგებლო ქვეყანას კახეთს წაბრძანდა, ხოლო მეფე თეიმურაზ II კი "მობრძანდა ქალაქს იმ ღამეს იდგა სეიდაბადში" (28), - მოგვითხრობს პაპუნა ორბელიანი.
აჯი-ჩალაბის შვილისა და განჯის ხანის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ მეფე ერეკლე II და თეიმურაზ II ქართლში ბრუნდებიან. სონღალუღში გაჩერებული მეფეები ყაზახ-ბორჩალუს ამბებს აგვარებენ. შემდეგ "დაიბარეს ხუთად-ბეგ განჯის ხანის დის-წული, რომელი იყო ქალაქს თბილისს მზევლად, გაისტუმრეს განჯას და შემობრძანდნენ ქალაქს, ჩამოხდენ სეიდაბადში, გაიხადეს ფეხთ ორთავ მეფეთა და სულ ქართველთა და კახთა დარბაისელთა, პატრიარხი ანტონი სამღვდელო დასით წინ წამოუძღვა და ეგრე მობრძანდნენ სიონის ეკლესიაში და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს" (29).
პაპუნა ორბელიანი თბილისს სეიდაბადისაგან არა ჰყოფს. იგი ამბობს: "შემობრძანდნენ ქალაქს, ჩამოხდენ სეიდაბადში".
სეიდაბადს კიდევ ერთხელ ვხვდებით თეიმურაზ ბატონიშვილის ნაშრომში. ისტორიკოსი მოგვითხრობს 1795 წლის სექტემბრის თვეში აღა-მაჰმადხანის შემოსევის ამბებს: "ხოლო დღესა სამშაფათსა, ია-სა, რიცხვსა ენკენისთვესა (რომელ არს სეკდემბერი) განვიდა თვით მეფე ყოვლითა მხედრობითა თვსითა ბრძოლად სპარსთა და დაადგინნა მხედრობანი თვისნი დასასრულსა სვეიდაბადს ბაღთასა (რომელსა სეიდაბადს უხმობენ), დაადგინნა და განჰყვნა იგინი ხუთ ნაწილად: ა. მარჯვენასა მხარესა დაადგინნა შვილისშვილი თვისი - მეფის ძე დავითი, რომელიცა ზემოთ გზით ტფილისად შევალს და გზასა მას შეეყრებიან გზანი სოლოლაკისა და ტაბახმელისანი და ეგრეთვე სეიდაბადსა საშვალცა გარდმოვლის ბორჩაყალისა კერძ მუნით გზა იწრო და შეეყრების იგიცა ქვემოსა გზასა ტფილისისასა" (30).
მოტანილი მონაკვეთიდან ირკვევა, რომ მეფე ერეკლეს ჯარი სეიდაბადის ბაღის ბოლოს დაუბანაკებია, ხოლო, როგორც ცნობილია, ერეკლე მეფემ აღა-მაჰმადხანს ბრძოლა გაუმართა კრწანისის ველზე, მაშასადამე, სეიდაბადის ბაღებს იქით იწყებოდა კრწანისის ველი. ასევე ირკვევა, რომ ერეკლე მეფემ თავის შვილიშვილს ჩააბარა მეტად საპასუხისმგებლო პუნქტის, კერძოდ, თბილისში შემავალი გზის - "ზემოთას" დაცვა, რომელსაც უერთდებოდა კიდევ ორი გზა - სოლოლაკისა და ტაბახმელასი. ამ გზებს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ. იმ შემთხვევაში, თუ მტერი მათ ხელში ჩაიგდებდა, მას გზა ეხსნებოდა ქალაქისაკენ. აღალო, მოგვითხრობს თეიმურაზ ბაგრატიონი, "ტფილისის ციხით სეიდაბადის გარდამოსავალთა გზათა ზედა ესროდა სპარსთა, რათა ვერა უძლონ შემოსვლა ტფილისს... (31).
სეიდაბადის გვიანი სახელი ხარფუხია. იგი თაბორის მთის აღმოსავლეთ კალთას ეწოდებოდა. ეს სიტყვა სომხურია, ადგილმა აღნიშნული სახელი მიიღო თაბორის მთის ძირში, გორხანის ახლოს (თათრების სასაფლაო) მდგარი საკულტო დანიშნულების მქონე ქვის გამო, რომელზეც ხატი იყო მისვენებული. ხარფუხი სომხურ ენაზე ნიშნავს სურდოს. ჰოდა, სწორედ სურდოშეყრილი ბავშვები თბილისელ ქრისტიან მცხოვრებლებს მიჰყავდათ აღნიშნულ ქვასთან. მლოცველებს შესაწირავად თან მიჰქონდათ ქსოვილისაგან შეკერილი თოჯინა, რომელსაც მხარზე პატარა ხურჯინი ჰქონდა გადაკიდებული, ხოლო ხურჯინის ჯიბეებში შაქრის ნატეხები ელაგა. აი, ასეთი გასამრჯელოთი ბავშვის მშობელი ცდილობდა წმინდა ხატის გულის მონადირებას და ბავშვის განკურნებას (წმინდა ქვასთან სურდოიანი ბავშვების გარდა ყივანახველით დაავადებულნიც მიჰყავდათ).
ხარფუხი (სეიდაბადი) XIX საუკუნეში სოფლად იხსენიება. სოფლის სახელად ხარფუხის წარმოშობის დრო არაა ცნობილი. სავარაუდოა, რომ, იგი XVIII საუკუნის დასასრულსა და XIX საუკუნის დასაწყისში გაჩნდა.
ხარფუხ-სეიდაბადს, როგორც სოფელს, XIX საუკუნეში დიდხარს აღარ უარსებია. საქართველოს მთავარმართებლის გენერალ ერმოლოვის დროს (1816 – 1827 წწ.), კერძოდ 1819 წელს ის ქალაქ თბილისს მიუერთეს. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია საბუთი, სადაც ლაპარაკია სოფელ ხარფუხის ქალაქთან მიერთების მიზეზების შესახებ. ესაა სამოქალაქო გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელის გენერალ-მაიორ ხოვენის მიმართვა მთავარმართებელ ერმოლოვისადმი. აქედან ვიგებთ, რომ ხარფუხი 1811 წელი თბილისის საქალაქო პოლიციისადმია დაქვემდებარებული. 1819 წლისათვის სოფელ ხარფუხში 34 კომლი სახლობს (143 სული). იმასთან დაკავშირებით, რომ იგი თავშესაფარია უდოკუმენტო პირთათვის და, ასევე, აქ უცხოეთიდან ჩამოსულთ მოაქვთ საქონელი, რომლის შესახებაც პოლიციამ არაფერი იცის, შემდგომში გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო იყო სოფელ ხარფუხის თბილისთან შეერთება. რის შემდეგაც, ხარფუხელებს რჩებოდათ შემდეგი მოვალეობანი: ზაფხულობით უნდა გამოეყვანათ ლეკთა წინააღმდეგ ერთი ყარაული და ყოველ თვიურად 5 მანეთი ვერცხლით გადაეხადათ კაზაკთა პოსტისათვის განკუთვნილი ცხენის შესანახად (32).
ამავე წლის (1819 წელი) 15 მარტს მთავარმართებელი ერმოლოვი ხოვენისადმი საპასუხო წერილში თანხმობას აცხადებს სოფელ ხარფუხის ქალაქთან შეერთებაზე, ხოლო იგივე პირობებით, რა პირობებიც წამოყენებული ჰქონდა ხოვნეს. ამავე დროს ხარფუხელები თავისუფლდებოდნენ ყოველგვარი საქალაქო გამოსაღებისაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ხარფუხი 1819 წელს თბილისს შეუერთეს, იგი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ჩვენს ხელით არსებული მომდევნო ხანის თბილისის გეგმებზე (1843-1859) (33) სოფლად მოიხსენიება. ისიც აღსანიშნავია, რომ სოფელ ხარფუხს ველი სახელით - სეიდაბადითაც იხსენიებენ ხოლმე (1828 წ.) (34).
საკითხის დადგენაში,თუ არა მატერიალური კულტურის ძეგლები იყო და ახლაც არის სეიდაბადის ტერიტორიაზე, გვეხმარება როგორც წერილობითი წყაროები, ასევე XVIII – XIX საუკუნის თბილისის რუკები და გეგმები.
1701 წელს თბილისში ჩამოსული ფრანგი ბოტანიკოსი და მოგზაური ტურნეფორი მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის სეიდაბადის შესახებ, კერძოდ კი, ამ დროს აქ მდგარი სასახლის შესახებ: «Мы совершили также прогулку в загородный дворец князья который расположен в том предместьи Тифлиса через которое идет дорога в Турцию. Этот дворец замечателен тем, что перед ним устроено место для пытки дыбою - (ძელზე გასმა, სახრჩობელა-თ.ბ). Около этого дворца прекрасные сады, содержимые в гораздо лучшем порядке, чем в Турции» (35).
პლ. იოსელიანმა აღნიშნული სასახლის შესახებ არაფერი იცის, იგი სხვის ცნობას გვაწვდის: «Дворец в Сеидабаде. Он был у подвошвы крепости. Об нем пишет Делапорт» (36).
ამჟამად მიწისზედა შემორჩენილი ნაგებობებია: ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით ძველი ზღუდის ნაშთები, სურბ-სარქისის ეკლესიის კედლები და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბერძნული ეკლესია.
ქალაქის ძველი ზღუდის ნაშთები მდებარეობს "300 არაგველის სახელობის ბაღის" სამხრეთით, ე.წ. "საზამთროს ბაღების" მახლობლად (ამჟამინდელი ქუმსიაშვილის სახელობის ქუჩის ბოლოს და თბილისის 75-ე საშუალო სკოლასთან). კედელი ნაგებია ქვითა და აგურით. ზღუდის თითოეული ქვა მოთავსებულია ქართული აგურისაგან საგანგებოდ შეკრულ ჩარჩოში. შემორჩენილი კედლის ნაწილი XVII- XVIII საუკუნეებით თარიღდება (37). აღნიშნული კედლის აგების თარიღად ლ. ჭილაშვილი IX საუკუნეს მიიჩნევს.
როგორც გ. ლომთათიძე გადმოგვცემს ამ ადგილს სავარაუდოდ "განჯის კარი" უწოდეს (38). აღნიშნულ ძეგლზე და აქ მოპოვებულ არქეოლოგიურ მასალაზე ჩვენ არ შევჩერდებით, რადგანაც მასზე დაწვრილებით ლაპარაკი აქვთ დამოწმებულ ავტორებს.
1800 წელს თბილისის გეგმის შემდგენელს ჩუიკოს ქალაქის აღნიშნულ კედელთან წარწერა აქვს: «Развалинное крепостное строенне – Халат-хан называемое» (39) შ. მესხია Халат-хан-ს ორი სიტყვის ნაზავად მიიჩნევს. პირველი სიტყვა მას განმარტებული აქვს, ქართული ხალანი-ხალამი - პირფართო თიხის ჭურჭელი, ხოლო მეორე კი სპარსულია ესეიგი ჭურჭლის სახელი. შ. მესხია აქ წარმოებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებულ მასალაზე დაყრდნობით ასკვნის რომ "ექსპედიციამ გამოავლინა თიხის ჭურჭლობის გამოსაწვავი 6 "ქართული ქურა". ამრიგად, არავითარი ეჭვი არ შეიძლება არსებობდეს, რომ XII- XIII საუკუნის ამ თბილისის ამ უბანში თავმოყრილი იყვნენ თიხის ჭურჭლის მკეთებელი ოსტატები და ამიტომაც ამ უბანს ძველად "ხალან-ხანას" უწოდებდნენ (40). მისგან მოშორებით, სამხრეთით "ჩანადერის" ხევია, რომლის დასავლეთით წყაროა. ამ ხევში დღესაცაა წყარო და აქ მცხოვრები ხარფუხელები თავიანთ თავს "წყაროს უბნელებს" უწოდებენ. "ჩანადირში" ორი სიტყვაა მოცემული. იგი თურქული წარმოშობისაა და ნიშნავს წყლის ან წყლიან ხევს: - წყალი, .... ხევი (41). გეგმაზე აღნიშნულია ცხელი და ცივი წყლის წყაროები, რომლებიც განკუთვნილი იყო აქ არსებული აბანოებისათვის. აბანოები განლაგებულია წავკისის წყლის მახლობლად. აქვე ქვის ხიდი. ამ ხიდთან ერთდება ორი გზა, წამოსული განჯის კარიდან და აბანოს კარიდან. ქვის ხიდი გადებული ყოფილა სურბ-სარქისის ხევზე. ხევის სამხრეთით სურბ-სარქისის სახელობის ეკლესიაა. სწორედ ამ ეკლესიის სახელს ატარებს ხევიც. სეიდაბადის ბაღებს რწყავდა საგანგებოდ გაჭრილი თხრილი, რომელი წყალს მდინარე წავკისიდან იღებდა. ბაღები ორად - დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად ჰყოფს განჯის გზა, რომელიც ზემოდ აღნიშნული სურბ-სარქისის ხევზე გადებული ქვის ხიდისაკენ მოემართება. გზას წარწერა აქვს: «Ганжиская дорога на кого сходять дороги от многих персидских городов сия дорога и из Анадолии». განჯის გზას დასავლეთიდან ერთვოდა - «Дорога в деревню Табахмелы». აღსანიშნავია, რომ ამ ძველი გზის ადგილზე დღეს მდებარე ქუჩა "ტაბახმელის" სახელს ატარებს, და დღესაც ტაბახმელელნი ქალაქში რძისა და მაწვნის გასაყიდად აღნიშნული გზით დადიან.
ვახუშტის "თბილისის 1735 წლის გეგმაზე" სეიდაბადის ბაღების ბოლოს, ხევს იქით, სამხრეთ-აღმოსავლეთით დატანილი აქვს შემოზღუდული პუნქტი. ზღუდეში თითქოსდა რაღაც შენობაც უნდა იდგეს. ამ ადგილას ეწოდება ხალათ-კარი (მ. ბერძენიშვილი). ხოლო ვ. ბერძის წაკითხვით -"სალათ გარი" (42). "ხალათკარი" და "სალათ გარი"-ც დღეს გაუგებარი შინაარსის მატარებელი სიტყვებია. ამ გაუგებრობის გარკვევაში გვეხმარება სეხნია ჩხეიძე.
უკვე ვთქვით, რომ სეიდაბადს მდგომი მაჰმად-ყულიხანი გადის "ხალვათ გარსა ბოლოს". აქ იგი გასდებს ხიდსა და დაიკავებს თაბორს, ისტორიკოსი ზუსტად არას ამბობს, თუ სად მდებარეობდა "ხალვათ გარსი". კონსტექსტიდან ცნობილია, რომ იგი სეიდაბადშია, ანდა მის მახლობლადაა, ხოლო რაც შეეხება სიტყვის შინაარს, იგი ასეთია: "ხალვათ გარ"-ი სპარსული სიტყვაა და ორი სიტყვის ნაზავს წარმოადგენს. პირველი (ხალვათ) - ნიშნავს განმარტოებულს, ცალკე მდგომს, ცარიელა შენობას, მეორე კი (გარ) - სადგურს, გასაჩერებელ ადგილს. ე.ი.ხალვათ გარი ნიშნავს განცალკევებულ, ცალკე მდგომ, ანდა ცარიელ სადგომს.
მოვიშველიოთ ისევე ვახუშტის "თბილისის 1735 წლის გეგმა", სადაც სეიდაბადის ბაღის ბოლოს N48-ით აღნიშნულ შეზღუდულ პუნქტს ხალათ-კარი (მ. ბ.). თუ სალათ -გარი (ვ. ბ.) ეწოდება. მოტანილ სიტყვებში პირველი ნაწილი ხალათ-სალათ შინაარსობნივად გაურკვეველია, მეორე ნაწილი კი (გარ) ვ. ბერიძისეული უფრო მიესადაგება სეხნია ჩხეიძისეულ "ხალვათ გარას", რაც, როგორც აღვნიშნეთ, ცალკე მდგომ სადგურს ნიშნავს. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ის ამბავიც, რომ მოგვიანო ხანის, XIX საუკუნის თბილისის რუკებზე და გეგმებზე ამ ადგილზე დგას Таможня -საბაჟო სადგური (43). საბაჟოს მახლობლად მდინარე მტკვარზე 1850 წელს ძველი ხიდის "კახეთის" ადგილას ააგეს (არქ. რაისი) ახალი ხიდი, რომელსაც მეფისნაცვალ მიხეილ ვორონცოვის საპატივსაცემოდ "ვორონცოვისა" უწოდეს, შემდეგ მას მნაცაკანოვის ხიდს უწოდებდნენ. პლ. იოსელიანი ამის შესახებ გადმოგვცემს: «Мост Кахетинский (კახეთის ხიდი) он сушествовал там же, где в 1850 году построен новый деревянный тифлисским гражданином Мнацакановым» (44).
სეიდაბადში, ამჟამინდელ ი. გრიშაშვილის ქუჩაზე, იდგა სურბ-სარქისის სახელების სომხურ გრიგორიანული ეკლესია. დღეს ამ ეკლესიის რამდენიმე კედელიღაა შემორჩენილი. კედელზე გვიანი ხანის საცხოვრებელი ოთახია დაშენებული.
ლეონ მელიქსეთ-ბეგის მიერ გამოქვეყნებულ დ. კარიჭაშვილის კატალოგში დაცულია სურბ-სარქისის ეკლესიის აშენების დრო და ამშენებლის ვინაობა. "აბანოების ხიდის გაღმა, დიდის შარაგზის აღმართის ასავალის დასრულებაზედ, არის სხვადასხვა შენობა და სადგომები და მათ შორის ეკლესია წმინდისა სარგისასა. ეკლესია ესე არს აღმშენებელი ტფილისის მეშვიდედ მუხლად აღწერილისა ახალშენისა ნორაშენის ეკლესიის შინა დეკანოზის ტერ-სუქიაზისაგან წლისა 1737. ამავე ეკლესიასა შინა არის ნაწილი წმინდისა სარგისისა სასწაულთა მოქმედი და დღესასწაულობენ დღესა ამა წმინდისასა მეზვერისა და ფარისევლის გვარის შაბათსა დღესა, და მივლენ მას შინა ფრიადი სიმრავლე ერისა და უმეტეს დედათა სიმრავლე" (45).
აწინდელ, შემორჩენილი ეკლესიის აღმოსავლეთ კედელში ჩასმულ მარმარილოს ფილაზე ორენოვანი - ქართულ-სომხური წარწერაა: "აღვნიშნე და შევწირე ოთახი ესე წმინდის სურბ-სარქისის ეკლესიისათვის თელავის მოქალაქე იაგორ არუთინას-ძე ოსკანოვა მოსახსენიებლათ სულის და მშობლებისა ჩემისა". იგივეა სომხურ ენაზე. სომხურ წარწერაში თარიღია 1883 წელი.
მეორე ხუროთმოძღვრული ძეგლი, რომელიც დგას სეიდაბადში, არის წმინდა ნიკოლოზის სახელზე აგებული ბერძნული ეკლესია იგი გუმბათიანია: აგურით ნაგები. ეკლესია დგას ი. გრიშაშვილისა და ეფრემ მცირეს სახელობის ქუჩებს შორის, მომაღლო ადგილას ეკლესიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ჩასმულ ფილაზე არსებული წარწერებიდან ვიგებთ ტაძრის აგების დროს - 1853 წელი.
აღმოსავლეთ კედლის ფასადზე, კარის მაღლა, რუსული და ქართულ ენაზე წერია: «Храмь Во имя свю Чудов: Царств: Имие: Нико: I-го при Намест: кн: Воронцо: и при: Экзар: Исидоре: понечеииемь: Благоч Протопер Василия : Андриясоно конче: При Импе: Алекса: Нико I-го 1856 г». მის გვერდით ქართულად წერია: "ტაძარი ესე წმინდის საკვირველთ-მოქმედისა დაწყებული 1846-სა წელსა მეფობასა იმპერატორის ნიკოლოზისა პირველისა ნამესტნიკობისა ვორონცოვისასა და ექსარხოსისა არხიეპისკოპოსისა (...) ქმნა 1854 წელსა შენებისა იმპერატორის ალექსანდრე მეორისასა: საზოგადოებისა შეწირული საფასითა შეკრებილთა დეკანოზისა და ბლაღოჩინია: ვასილ ანდრიანსაგნითა".
დასავლეთ კედელზე, კარის მაღლა რუსულ-ბერძნული წარწერაა. რუსული წარწერა: «Храмь Гречес. Во имя Чудотв. Николая. соор.1853 г. Вь царствов. Императора Николая I-го при Наместнике К. Воронцова и экзарх. Исидоре попечением. Благоч. Протойер. Василия Андрианова". ამას მოსდევს ბერძნული წარწერა, რომელიც რუსულის იდენტურია.
როგორც ვხედავ, ეკლესიაზე არსებულ წარწერებში ძეგლის აგების სხვადასხვა თარიღია, ქართულში - 1854, რუსულში აღმოსავლეთ კედელი) – 1856, მეორე რუსულ წარწერაში - 1853 წ. (დასავლეთი კედელი). დღეს ეკლესია რუსულ წარწერაში - 1853 წელი (დასავლეთი კედელი). დღეს ეკლესია გაუქმებულია (შიგ მოთავსებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოების საწარმოო კომბინატის მექანიკური საამქრო).
ეკლესიის ეზოში რამდენიმე საფლავია. ერთ-ერთი საფლავის ქვაზე არის ეპიტაფია: «Личный почетный гражданин Николай Алексеевич Гуляевь (Ктиторь сей церкви) 13 апр. 1864 г. 8 янв. 1913 г." აღნიშნული ეპიტაფიიდან ვიგებთ, რომ ეკლესიის ამშენებელი - ქტიტორი (ეტყობა ხელმეორედ) ყოფილა საპატიო მოქალაქე ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე გულიაევი.
ახლა რაც შეეხება აბანოებს.
სეიდაბადის ჩრდილოეთ რაიონის წავკისის წყლის მარჯვენა ნაპირზე პატარა ლოკალურ ადგილას აბანოების უბანი ერქვა და ამჟამადაც ასე მოიხსენიებს მას თბილისის ძველი მოსახლეობა თვით ქალაქის სახელის წარმოშობაზე ლეგენდაც ამ ცხელ წყაროებთანაა დაკავშირებული. ძველად უცხო თუ შინაური, მტერი თუ მოყვარე ქალაქში შემოსვლისთანავე მიაშურებდა საქვეყნოდ განთქმულ თბილისის გოგირდოვან აბანოებს. რომელთა შესახებაც ჩვენთან მყოფ არც ერთ მოგზაურს არ დაუშურებია საქები სიტყვა [იბნ ჰაუკალი (X ს.), იაკუთი (XIII ს.), ალ-ბაქუვი (XV ს.), ევლია ჩელები (XII ს.), ისკანდერ მუნში (XVII ს.) და სხვა.].
თბილისის თითოეულ აბანოს თავისი საკუთარი სახელი ჰქონდა. აბანოები კერძო პირებს ეკუთვნოდა: ერეკლე მეფეს, თბილელს, ორბელიანებს, სუმბათაშვილებს, მელიქიშვილებს და სხვა.
ამგვარად, სეიდაბადში წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ თუ შემთხვევით აღმოჩენილი კერამიკული მასალით დგინდება, რომ ამ უბანში XI – XIII საუკუნეებში არსებობდა კერამიკული საწარმო. წერილობითი წყაროების მიხედვით, აქედან ძველი მოსახლეობის გაწყვეტის თუ აყრის შემდეგ ეს უბანი ხელმეორედ XVII საუკუნეში დასახლებულა, რომლის მოსახლეობაც სოფლის მეურნეობას მისდევდა.
* * *
1. ვახუშტი, აღწერა..., გვ 333.
2. იქვე გვ.338.
3. თეიმურაზ ბაგრატიონი, ტფილისისათვის, 1838, ЛОИВ, Ф. Е-82 Е-156.
4. ვახუშტი, აღწერა..., გვ 334.
5. შ. მესხი, დ. გვრიტიშვილი, თბილისის ისტორია, 1958, გვ. 34.
6. ძეგლის გამთხრელები გ. ლომთათიძე და ო. ჯაფარიძე აქ მოპოვებულ მასალას XI-XIII საუკუნეებით ათარიღებენ. მარინე მიწიშვილს ძეგლის ქვედა თარიღი IX საუკუნეში გადააქვს. ("განჯისკარის" კერამიკული სახელოსნოს თარიღისათვის. ჟურ. "საბჭოთა ხელოვნება", N10, 1975, გვ. 60-64.)
7. ნ. ბერძენიშვილი, აღმოსავლეთ კახეთის წარსულიდან, საქართველოს ისტორიის საკითხეები, III, 1966, გვ. 266.
8. ვ. გაბაშვილი, უნდილაანთ ფეოდალური სახლი XVI-XVII სს. ირანში (ქართული წყაროების მიხედვით), მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, II, 1972, გვ. 78.
9. იქვე, გვ. 83.
10. ვახუშტი, აღწერა..., გვ 438
11. Пл. Иоселиани, Путевие записки от Тифлиса до Ахталы, Тифлис, 1850, გვ. 6.
12. მ. ბერძენშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, 1966, გვ. 38.
13. Пл. Иоселиани, Описание древностей г. Тифлиса, 1866, გვ. 255-256.
14. საქართველოს სიძველენი, II, 1909, გვ. 523.
15. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, გ. გელაშვილის რედაქციით, ტ. I, 1962, გვ. 85.
16. მ. ბერძენშვილი, თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში, გვ. 5, 37.
17. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ. 87.
18. გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში, I, გვ. 89.
19. ტაგარი - ახლად დაწურვილი ტკბილის ჩასადინარი აუზი საწნახელის ქვეშ, ნ. ჩუბინაშვილი, ქართული ლექსიკონი, 1961.
20. სცსია, ფ. 1450, დავთ. 1, N 8134.
21. სცსია, ფ. 1449, დავთ. 1, N 477.
22. მასალები საქართველოს ეკონომიური ისტორიისათვის, ნ. ბერძენიშვილის რედაქციით, I, 1938, გვ. 34.
23. სცსია, ფ. 1450, დავთ. 53, N 136.
24. სცსია, ფ. 1450, დავთ. 33, N 281
25. ვახუშტი, აღწერა..., გვ 503.
26. სეხნია ჩხეიძე, ცხოვრება მეფეთა, გვ. 36.
27. ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა.., გვ. 141-142.
28. პაპუნა ორბელიანი, ამბავი ესე ქართლისანი, საქ. ცხ. 1913, გვ. 92.
29. პაპუნა ორბელიანი, ამბავი ესე ქართლისანი, საქ. ცხ. 1913, გვ. 201
30. თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, 1972, გვ. 33-34.
31. თეიმურაზ ბაგრატიონი, დავით ბაგრატიონის ისტორია, 1972, გვ. 37.
32. სცსია, ფ. 7, აღწ. 1, N 826.
33. ЦГВИА, ф. ВУА, д. 22663, 22666.
34. ЦГВИА, ф. ВУА, д. 22662.
35. Полиевктов М. Натадзе Г., Старый Тифлис, 1929, გვ. 29.
36. Пл. Иоселиани, Описание... , გვ. 250.
37. ო. ჯაფარიძე, 1948 წ. არქეოლოგიური გათხრების ანგარიში, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, I, 1955, 90.
38. გ. ლომთათიძე, არქეოლოგიური გათხრა თბილისში 1948 წლის ზამთარში, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, I, 1955, გვ. 124.
39. ЦГВИА, ф. ВУА, д. 22660.
40. შ. მესხი, დ. გვრიტიშვილი, თბილისის ისტორია, 1952, გვ. 143-144.
41. შეიძლება ამ სიტყვაში ქართული საჩადინარეც დავინახოთ.
42. ანალები, I, 1947, გვ. 135.
43. დღესაც ძველი ხარფუხელები ამ ადგილს "დამოჟნიას" უწოდებენ.
44. Пл. Иоселиани, Описание... , გვ. 257
45. ლეონ მელიქსედ-ბეგი, მასალები თბილისისა და "სომხითის" სიძველეთა ისტორიისათვის, "ჩვენი მეცნიერება", 1, 1923, გვ. 93.
სტატიის ავტორი – თეიმურაზ ბერიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია"; თბილისი, 1977 წ. გამომცემლობა - მეცნიერება; .
|