. . “სამხრეთ ოსეთისავტონომიური ოლქის საზღვრების საკითხისათვის (1922 )

1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალდატანებით გასაბჭოების შემდეგ, ოსური სეპარატიზმი ახალი ძალით წარმოჩინდა. ოსები კიდევ უფრო შორს წავიდნენ, როცა საქართველოს ტერიტორიაზე არა მარტო ავტონომიის, არამედ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის შექმნის მოთხოვნით გამოვიდნენ. ე. წ. ”სამხრეთ ოსეთისათვის” ავტონომიის მინიჭების საკითხმა საბჭოთა მთავრობა თავიდანვე რთული ამოცანის წინაშე დააყენა, რაც ობიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. გასარკვევი იყო რომელ ტერიტორიაზე და რა სახის ავტონომია უნდა მიენიჭებინათ ოსებისათვის, ის ხომ ოსებით დასახლებული ძირძველი ქართული მიწა იყო. რკპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რევოლუციურ კომიტეტს, თავდაპირველად გაუჭირდათ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის მიერ წამოყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ოსი ავტორები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ თითქოს ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქი სავსებით კანონზომიერად შეიქმნა, მისი საზღვრებიც იმთავითვე კანონიერად განისაზღვრა. მათი აზრით, ამ ოლქის ხელოვნურობაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ქართველები ამის დამტკიცებას გაურკვეველი წყაროებით ცდილობენ. ოს ავტორებს, იულია ლალიევას და ივანე ცხოვრებოვს მხედველობაში აქვთ, 1921 წლის 28 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის რევოლუციური კომიტეტის პრეზიდიუმის მიერ, “სამხრეთ ოსეთის” საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობის ანგარიში. კომისიაში, რომელიც კავბიუროს გადაწყვეტილებით შეიქმნა, შევიდნენ: კირილე კაკაბაძე, ელერდოვი, შოტი, ა. ჯატიევი, ს. გაგლოევი. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ი. ლალიევმა და ი. ცხოვრებოვმა, სათაურით: “სამხრეთ ოსეთის საზღვრებისათვის” სტატია გამოაქვეყნეს 1993 წლის 9 თებერვლის გაზეთში: “სამხრეთ ოსეთი”, რომელიც შემდეგ უცვლელად შევიდა 2006 წელს ცხინვალში, პერიოდული პრესის მასალების საფუძველზე გამოცემული ოთხტომეულის: “ოსეთის სამხრეთით თოვლიც კი იწვოდა”, V ტომში. კერძოდ, კი წიგნის პირველ თავში, რომლის სათაურია: “ოსები ოდითგანვე ცხოვრობენ თავიანთ მიწაზე”.
საბჭოთა ისტორიოგრაფია ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნის ისტორიას შეგნებულად აყალბებდა და კრძალავდა ამ ისტორიის ამსახველ რეალურ დოკუმენტებს. ასეთია შინაგან საქმეთა მაშინდელი სახალხო კომისრის, პროფესიით იურისტ ბესარიონ კვირველიას დასკვნა, რომელშიც გარკვევით იყო აღნიშნული, რომ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფა სამაზრო ერთეულის უფლებითაც კი, გეოგრაფიული და ეკონომიკური მოსაზრებებით, საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს შეუძლებლად მიაჩნდა. 1921 წლის 6-8 სექტემბერს გაიმართა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევოლუციური კომიტეტისა და პარტიული კომიტეტის გაერთიანებული სხდომა პასუხისმგებელი პარტიული მუშაკების მონაწილეობით, რომელმაც განიხილა “სამხრეთ ოსეთის” თვითგამორკვევისა და პოლიტიკური მოწყობის საკითხი”. სხდომამ მიიღო დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის შექმნას, რომლის დედაქალაქი ცხინვალი უნდა ყოფილიყო, დადგენილების დანართის მიხედვით, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” საზღვრებში მრავალი ქართული სოფელი უნდა შესულიყო, ხოლო ამ სოფლების მეპატრონე ქართველ ხალხს არაფერს ეკითხებოდნენ. ე. წ. “სამხრეთ ოსეთი” ფაქტობრივად ავტონომიურ რესპუბლიკად არის მოხსენებული 1922 წლის 27 თებერვლის საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის ერთ-ერთ დოკუმენტში, სადაც აფხაზეთი და ე. წ. “სამხრეთ ოსეთი” ავტონომიურ რესპუბლიკებად არიან დასახელებულნი.
ცხადია, აქ ოქმის შემდგენლის დაუდევრობასთან კი არ უნდა გვქონდეს მხოლოდ საქმე, არამედ საერთო ტენდენციასთან, რათა აფხაზეთი, აჭარა და ე. წ. “სამხრეთ ოსეთი”, სეპარატისტებმა ერთი ტიპის ავტონომიურ ერთეულებად განიხილონ.
1921 წლის 5 ივლისს, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომი, საქართველოს რევკომს თხოვდა, რათა მომიჯნავე მაზრათა რევკომებისათვის გამოეცა ბრძანება, რომლის თანახმადაც, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციული საზღვრების საბოლოო დადგენამდე, შერეული (ქართულ-ოსური) მოსახლეობის რაიონებში იურისდიქციის საკითხების განსაზღვრის დროს, მხოლოდ ცალკეული დასახლებული პუნქტის მიერ თავისუფლად გამოთქმული ნება-სურვილის მიხედვით ეხელმძღვანელათ, ანუ თვით შერეული რაიონების მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა, თუ რომელი რევკომის იურისდიქციას დაექვემდებარებოდნენ ისინი. ამასთანავე ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომი მოითხოვდა კომისიის შექმნის დაჩქარებას, რომელსაც საბოლოოდ უნდა გაერკვია ოსურ რაიონებთან მოსაზღვრე ადმინისტრაციული ერთეულების გამიჯვნის საკითხი.
ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომის პასუხად, 1921 წლის 11 ივლისს, საქართველოს რევკომმა დაადგინა, რომ გორის მაზრის რევკომის მიერ გამოყოფილ კომისიას სასწრაფოდ გამოერკვია ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომისა და სხვა მეზობელი რევკომების სამოქმედო საზღვრები. საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, გორის სამაზრო რევკომის 1921 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1921 წლის 20 ივლისს, მიიღო დროებითი დადგენილება შვიდი სასოფლო საზოგადოების ფარგლებში, შექმნილიყო ახალი ადმინისტრაციული ერთეული ცენტრით
სოფელ ჯავაში, რაც რეალურად არ განხორციელებულა. დადგენილების თანახმად, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომს სამაზრო რევკომის უფლებები ენიჭებოდა. აღნიშნული დადგენილება ვერ წყვეტდა საკითხს შერეული მოსახლეობის რაიონებში იურისდიქციის გავრცელების შესახებ. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განმარტებით, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” მაზრა ოფიციალურად დადასტურებული არ იყო. არსებობდა, მხოლოდ გორის მაზრაში ოსებით დასახლებული, ე. წ. “სამხრეთ ოსეთად” წოდებული განსაზღვრული ნაწილი, რომელშიც შვიდი სოფლის: 1. ორთევის, 2. ბელოთის, 3. ყორნისის, 4. ჯავის, 5. ყემულეთის, 6. როკის და 7. წუნარის საზოგადოება შედიოდა, სადაც მოქმედებდა ერთი ცენტრალური რევკომი, მაზრის რევკომის უფლებებით.
რაც შეეხებოდა სოფლებს: ვანათი, აწყურის ხევი, ხოშურა, სადაურიანთ კარი, დვანი, ზემო ავნევი, ქვემო ავნევი, ნული, შინაგან საქმეთა კომისარიატის დადგენილებით, ადმინისტრაციულად გორის მაზრის ცხინვალის რაიონში შედიოდნენ და არ ექვემდებარებოდნენ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომს. საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1921 წლის 20 ივლისის დადგენილება ძალაში რჩებოდა იმ დრომდე, ვიდრე “ოსეთის საკითხი” ცენტრალური ხელისუფლების მიერ არ გადაწყდებოდა. თავდაპირველად ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომი, საქართველოს ცენტრალური პარტიული და საბჭოთა ორგანოების წინაშე ოფიციალურად საკითხს ოსების ეროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურ ერთეულად გამოყოფის შესახებ, ჯერ კიდევ არ აყენებდა. საკითხი ისმებოდა მხოლოდ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ცალკე სამაზრო ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის შესახებ. საქართველოს რევკომმა, განიხილა რა “სამხრეთ ოსეთის” ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფის საკითხი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ობიექტური დასკვნის საფუძველზე, თავი შეიკავა საკითხის არსებითი განხილვისაგან და იგი გადასაწყვეტად გადასცა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს.
1921 წლის სექტემბერში, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომი უფრო შორს წავიდა და საკითხი დააყენა არა ჩვეულებრივ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად გამოყოფის, არამედ ცალკე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად გამოყოფის შესახებ, რომელიც ფედერაციულად უნდა დაკავშირებოდა საქართველოს სსრ რესპუბლიკას.

1921 წლის 31 ოქტომბერს გაიმართა რკპ (ბ) ცკის კავბიუროს პრეზიდიუმის სხდომა, რომელმაც მოისმინა შ. ელიავას მოხსენება ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” თვითგამორკვევის შესახებ. აღნიშნულმა საკითხმა სხდომაზე დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ყველა ის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” თვითგამორკვევისა და იქ ხელისუფლების ორგანიზაციის საკითხებს, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” საოლქო კომიტეტისა და რევკომის გაერთიანებული სხდომის მიერ სპეციალურად გამოყოფილმა დელეგაციამ, ჯერ კიდევ 1921 წლის 14 სექტემბერს, განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტისათვის, რკპ (ბ) კავკასიის ბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და საქართველოს სსრ რევკომს წარუდგინა. რკპ (ბ) ცკ-ის კავკასიის ბიურო აღნიშნული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აუცილებელი იყო ე. წ. “სამხრეთ ოსეთს” მინიჭებოდა ეროვნული თვითგამორკვევის უფლება, გამოყოფილიყო ცალკე ეროვნულ-პოლიტიკურ ერთეულად და საქმეს მისცემოდა სათანადო მსვლელობა.
ამასთანავე, კავბიუროს მიაჩნდა, რომ არც ტერიტორიით, არც მოსახლეობის რაოდენობით, არც გეოგრაფიული მდებარეობით, ე. წ. “სამხრეთ ოსეთი” არ იმსახურებდა იმას, რომ მისგან დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შექმნილიყო. კავბიურო ითვალისწინებდა იმასაც, რომ ასეთი რთული პოლიტიკური ორგანიზმი და მასთან დაკავშირებული სამმართველო ხარჯები, მძიმე ტვირთად დააწვებოდა მოსახლეობას, რის გამოც კავბიურომ მიზანშეუწონლად ცნო ე. წ. “სამხრეთ ოსეთისათვის” დამოუკიდებელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭება.
კავბიურომ გადაწყვიტა, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” საოლქო კომიტეტის მიერ, ჯერ კიდევ 1921 წლის 25 თებერვალს, ქ. ვლადიკავკაზში, მიღებული დადგენილების თანახმად, ოსების ეროვნული თვითგამორკვევის ფორმად, აღიარებული ყოფილიყო ავტონომიური ოლქი. კავბიურომ წინადადება მისცა საქართველოს რევკომს, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომთან ერთად განესაზღვრა ამ ახალი ავტონომიური ერთეულის საზღვრები.
კავბიუროს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე, რომელიც ერთსულოვნად იქნა მოწონებული ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომის და პარტკომის მიერ, 1921 წლის 10 ნოემბერს, “სამხრეთ ოსეთის” რევკომმა, თხოვნით მიმართა საქართველოს რევკომს, დაენიშნა დღე ერთობლივი სხდომისათვის, რომელსაც უნდა გადაეწყვიტა საკითხი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ზოგიერთი აუცილებელი საგნებითა და მასალებით სასწრაფოდ მომარაგების შესახებ.
1921 წლის 16 ნოემბერს საქართველოს რევკომმა განიხილა, როგორც ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომის 1921 წლის 10 ნოემბრის მიმართვა “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ერთეულის საზღვრების საკითხზე, ასევე შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოხსენებაც, რომელიც მოითხოვდა დროებით მოხსნილიყო რევკომის მსჯელობიდან ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციული ერთეულის შექმნის საკითხი და სახელმძღვანელოდ კვლავ დარჩენილიყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1921 წლის 20 ივლისის დადგენილება, ახალი ადმინისტრაციული ერთეული შექმნილიყო შვიდი სასოფლო საზოგადოების ფარგლებში, ცენტრით ჯავაში. საქართველოს რევკომმა არ გაიზიარა შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოსაზრებანი. რაც შეეხება, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომის 1921 წლის 10 ნოემბრის მიმართვას, ამის შესახებ საქართველოს რევკომმა დაადგინა, რომ საკითხის გადაწყვეტა დროებით შეჩერებულიყო, ვიდრე ადგილზე მომუშავე კომისია წარმოადგენდა სათანადო მოხსენებას ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ერთეულის საზღვრების შესახებ.
1921 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებით, მართალია კავბიურომ დაადგინა, რომ ე. წ. “სამხრეთ ოსეთი” გამოყოფილიყო ავტონომიურ ერთეულად, მაგრამ მას არ გადაუწყვეტია საკითხი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ ერთეულის ტერიტორიული საზღვრები. აღნიშნული საკითხი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” რევკომთან შეთანხმებით, თვით საქართველოს ცენტრალურ პარტიულ და საბჭოთა ორგანოებს უნდა გადაეწყვიტათ. 1921 წლის 17 ნოემბერს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კავბიუროს დადგენილების თანახმად, განიხილა საკითხი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ. საკითხის სირთულე მდგომარეობდა იმაში, თუ სად უნდა გავლებულიყო ამ ახალი ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ერთეულის საზღვრები, მის შემადგენლობაში უნდა შესულიყო, თუ არა ქართული ქალაქი ცხინვალი, ასევე მომიჯნავე ქართული სოფლები. საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა საზღვრების გამიჯვნის დროს, უარყო ქართველი ხალხის ყოველგვარი ისტორიული უფლება და 1921 წლის 17 ნოემბერს დაადგინა: შექმნილიყო ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქი ცენტრით ქ. ცხინვალში და დაავალა საქართველოს რევკომს, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის საზღვრების დასადგენად შეექმნა შერეული კომისია, რომელშიც შევიდოდნენ, როგორც ცენტრის, ასევე ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” წარმომადგენლები.
ცკ-ის დადგენილების თანახმად, საზღვრების დადგენის დროს კომისიას უნდა ეწარმოებინა ფართო სააგიტაციო მუშაობა მასებში, იმ დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, რაც მოსალოდნელი იყო ქალაქ ცხინვალის ე. წ. ავტონომიურ ოლქზე გადაცემასთან დაკავშირებით და შედეგები ეცნობებინა პარტიის ცენტრალური კომიტეტისათვის.
1921 წლის 28 ნოემბერს, რევკომმა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის 1921 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, შექმნა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” საზღვრების გამმიჯვნელი შერეული კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ: კ. კაკაბაძე, ელერდოვი, შოტი, ა. ჯატიევი, ს. გაგლოევი. კომისიის პირველი სხდომა 1921 წლის 5 დეკემბერს გაიმართა. სხდომის თავმჯდომარედ კირილე კაკაბაძე აირჩიეს, მდივნად-სერგო გაგლოევი. სხდომამ შემდეგი დადგენილება მიიღო: “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების დადგენისას, ისარგებლონ მიზანშეწონილობის მოსაზრებებით, ადმინისტრაციული მართვის პირობების მოხერხებულობის გათვალისწინებით, დასახლებული პუნქტების ეკონომიკური და კულტურული მისწარაფებებით ამა თუ იმ ცენტრისადმი. ამასთან, ცხინვალის ადმინისტრაციულ ცენტრად აღიარების შესახებ ცკ-ს დადგენილების ცხოვრებაში პრაქტიკული განხორციელებისათვის, კომისია, საკითხის ადგილზე გაცნობის გამო, საკმარისად თვლის, საკითხის ნამდვილი მდგომარეობის შესახებ პროპაგანდითა და ახსნა-განმარტებითი მუშაობით შემოიფარგლოს, რათა გაქარწყლდეს ის ჭორები, რომლებიც მოსახლეობას შორის ვრცელდება”.
გადაწყდა შექმნილიყო ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” არა საბჭოთა სოციალისტური ან ავტონომიური რესპუბლიკა, არამედ ავტონომიური ოლქი. აღნიშნულ საკითხს რაიმე გართულება არ გამოუწვევია. უთანხმოება მოჰყვა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ადმინისტრაციულ ცენტრად ცხინვალის გამოცხადებას და ოლქისათვის წმინდა ქართული სოფლების გადაცემას. 1921 წლის 5 დეკემბერს, ცხინვალის რაიონის ქართული სოფლების კომუნისტურ უჯრედთა კრებამ დაადგინა: “მოისმინეს რა ამხანაგ კაკაბაძის მოხსენება “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, ცენტრით _ ქ. ცხინვალი, კომუჯრედების კრება მართებულად აღიარებს საქართველოს კომპარტიის ცკ-ს დადგენილებას “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ, ცენტრით ცხინვალი და მიესალმება ამ დადგენილებას”.
საბჭოთა მთავრობის გადაწყვეტილებამ ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში ცხინვალის მოსალოდნელი გადაცემის შესახებ, ქართველი მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. ცხინვალის რაიონის და ახლომახლო მდებარე ქართული სოფლების მცხოვრებნი კვლავ გორის მაზრის შემადგენლობაში ითხოვდნენ დარჩენას. მიუხედავად ქართველების აღშფოთებისა, 1921 წლის 8 დეკემბერს, შერეულმა კომისიამ გამოიტანა დადგენილება ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის საზღვრების დამტკიცების შესახებ. კომისიაში საზღვრების დადგენის დროს პრინციპული ხასიათის წინააღმდეგობებს ადგილი არ ჰქონია. მხოლოდ ზოგიერთი ქართული სოფლის ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შესვლის წინააღმდეგ გაილაშქრეს კომისიის წევრებმა _ შოტმა და ელერდოვმა, თუმცა კომისიის უმრავლესობამ მათი აზრი არ გაიზიარა. რადგან უკვე არსებობდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ის 1921 წლის 17 ნოემბრის დადგენილება, ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ ცენტრით ცხინვალში. კომისიამ შესაძლებლად სცნო გაევლო სასაზღვრო ხაზი ე. წ. “სამხრეთ ოსეთს” და გორის მაზრას შორის ცხინვალის და სოფ. ერგეთის ზევით, რის გამოც ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” შემადგენლობაში, ცხინვალის გარდა მოექცა ქართული სოფლები: დგვირისი, თამარაშენი, აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ქემერთა, ზარცემი, სკვერი, ხეითი. მიუხედავად ასეთი სერიოზული დარღვევებისა, დადგენილება ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” საზღვრების შესახებ, კომისიის ყველა წევრის მიერ იქნა ხელმოწერილი. ამის შემდეგ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცკ-ის 1921 წლის 17 ნოემბრის დადგენილების თანახმად, შერეულმა კომისიამ ყველა ეს მასალა იმავე წლის 11 დეკემბერს გადაუგზავნა პარტიის ცენტრალურ კომიტეტს.
მართალია, საკითხი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ ცენტრით ქ. ცხინვალში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილი ფაქტი იყო, თუმცა ცხინვალისა და მომიჯნავე ქართული სოფლების ე. წ. “სამხრეთ ოსეთისათვის” გადაცემას მოსახლეობის არა ერთი პროტესტი მოჰყვა. საბჭოთა მთავრობა იძულებული გახდა ანგარიში გაეწია მოსახლეობის მოთხოვნებისათვის. 1921 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს რევკომმა, მოისმინა რა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის საზღვრების გამომრკვევი შერეული კომისიის მოხსენება გორის მაზრაში შექმნილი ვითარების თაობაზე, მიიღო შემდეგი დადგენილება:
1. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური მხარის ადმინისტრაციულ ცენტრად ჩაითვალოს ქ. ცხინვალი, ავტონომიური ხელისუფლების იმ ტერიტორიაზე გავრცელებით, სადაც ოსები არიან დასახლებული, გარდა ჩასავლის საზოგადოებისა და კობის რაიონისა, რომელთაგან პირველი უნდა დარჩეს რაჭის მაზრაში, ხოლო მეორე დუშეთის მაზრაში.
2. მიენდოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს ავტონომიური ოსეთის საზღვრების დაწვრილებით გამოკვლევა საზღვრების გამომრკვევ არსებულ კომისიასთან ერთად.
3. იმ დრომდე, სანამ ცხინვალის რაიონის ქართული მოსახლეობის სულიერი მდგომარეობა შეიცვლება ქ. ცხინვალის რაიონის ავტონომიური ოსეთის ტერიტორიად მიჩნევის სასარგებლოდ, ქ. ცხინვალში და მის ირგვლივ არსებულ ქართულ სოფლებში, ძალაუფლება დატოვებულ იქნას სარაიონო რევკომის ხელში, რომელიც შედის გორის მაზრაში”.
აღსანიშნავია, რომ 1922 წელს ქ. ცხინვალში ოსები შეადგენდნენ მოსახლეობის 13,5 პროცენტს. 1922 წლის 2 მარტის კონსტიტუცია იყო პირველი საკანონმდებლო აქტი, რომლითაც ოფიციალურად იქნა აღიარებული და დადასტურებული საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ერთეულის შექმნა. ამასთანავე საჭირო გახდა ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც უფრო ვრცლად განსაზღვრავდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს რესპუბლიკის შემადგენლობაში და დეტალურად დაამტკიცებდა ამ ახალი ერთეულის ტერიტორიულ საზღვრებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს რევკომის მიერ, ჯერ კიდევ ადრე იქნა გამოყოფილი კომისია, რომელსაც უნდა მოემზადებინა პროექტი ე. წ. “სამხრეთ ოსეთში” ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოთა მოწყობის შესახებ, თუმცა მაშინ კომისიის მუშაობა საზღვრების გაურკვევლობამ შეაფერხა.
მას შემდეგ, როდესაც სრულიად საქართველოს საბჭოების პირველმა ყრილობამ დადებითად გადაწყვიტა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნის საკითხი და ამ ფაქტმა კონსტიტუციაშიც ჰპოვა ასახვა, აღნიშნულმა კომისიამ, 1922 წლის 28 მარტს, სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს წარუდგინა “პროექტი დეკრეტისა “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის დაარსების შესახებ”. პრეზიდიუმმა, რომელსაც ესწრებოდნენ: ფ. მახარაძე (თავმჯდომარე), ს. ქავთარაძე, ს. გაგლოევი, ს. მამულია, მ. ორახელაშვილი და სხვები, მოიწონა წარმოდგენილი პროექტის პრინციპული ნაწილი, რომელიც შეეხებოდა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებს და დაამტკიცა იგი. სრულიად საქართველოს ცაკ-ის თავმჯდომარეს დაევალა, რომ სასაზღვრო საკითხების მოგვარებისთანავე მთლიანად გამოექვეყნებინა აღნიშნული პროექტი. 1922 წლის 9 აპრილს მოწვეული იქნა ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ცაკ-ისა და პარტიის საოლქო კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელმაც სპეციალურად განიხილა საკითხი ე. წ. “სამხრეთ ოსეთის” ავტონომიური ოლქის შექმნასთან დაკავშირებით, დეკლარაციის გამოქვეყნების დაჩქარების თაობაზე.
ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნის ოფიციალურ თარიღად მიჩნეულია 1922 წლის 20 აპრილი. საბჭოთა საქართველოს მესვეურებმა, ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების გვერდის ავლით, შექმნეს ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი და მის შემადგენლობაში სრულიად უკანონოდ შეიყვანეს 40 ქართული სოფელი და ერთი ქალაქი, სადაც 20000-მდე ქართველი ცხოვრობდა, ხოლო ოსების რაოდენობა 1.100 სულს შეადგენდა. საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურმა კომისიამ (თავმჯდომარე გრ. გველესიანი, წევრები: დ. კარიჭაშვილი, ს. გიორგაძე) შეადგინა იმ ქართული სოფლების სია და სოფელთა ეროვნული შემადგენლობა, რომლებიც საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტით (#2) ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიურ ოლქს გადაეცა. ეს იყო შემდეგი ქართული სოფლები:
1. თამარაშენის საზოგადოების 12 ქართული სოფელი (ქართულ სოფლებად კომისიის წევრები მიიჩნევდნენ ისეთ სოფლებს, სადაც ოსები 50%-ზე ნაკლები იყო): ზემო აჩაბეთი, ქვემო აჩაბეთი, თამარაშენი, პატარა ძარწემი, დიდი ძარწემი, საბაწმინდა, ქემერტი, ხეითი, დგვრისა, ქურთა, კეხვი, სვერი, სადაც სულ 4650 სული ცხოვრობდა, აქედან 4119 ქართველი, 525 ოსი, 6 სხვა ეროვნების.
2. ცხინვალის საზოგადოების: ქალაქი ცხინვალი (სადაც სულ 3832 სული იყო, აქედან ქართველი 1185, ოსი _ 0, სხვა ეროვნება _ 2697), სოფელი გუჯაბაური (სულ 226 კაცი, აქედან ქართველი 186, ოსი _ 40, სხვა ეროვნება _ 0).
3. წუნარის საზოგადოების: სოფელი ნული (სულ 437 სული, აქედან 413 ქართველი, 24 ოსი, სხვა ეროვნება _ 0).
4. დირბის საზოგადოების: სოფელი ძველთი (სულ 344 სული, აქედან ქართველი 324, ოსი _ 10, სხვა ეროვნება _ 10).
5. ავნევის საზოგადოების 11 სოფელი: ხუნდის უბანი, შინდარა, თიღვა, ძალეთი, ზემო ოქონა, ქვემო ოქონა, ნედლათი, სუფნისი, ნაბაკევი, ჯვრისისი, ბზისხევი (სულ 1860 სული, 1526 ქართველი, 334 _ ოსი, სხვა ეროვნება _ 0).
6. მერეთის საზოგადოების 6 სოფელი: სნეკვი, ზარდიანთკარი, ქსუისი, ჭარები, კუბითი, დისევი (სულ 1655 სული, აქედან ქართველი- 1536, ოსი _ 119, სხვა ეროვნება _ 0).
7. ორთევის საზოგადოების: სოფელი ვანათი (სულ 480 სული, აქედან 432 ქართველი, ოსი _ 48, სხვა ეროვნება _ 0)
8. ბელოთის საზოგადოების 7 სოფელი: აწვრისხევი (სულ 299 მცხოვრებიდან ყველა ქართველი), საცხენეთი (სულ 289 სული და ყველა ქართველი), ხაშურა (სულ 135 სული და ყველა ქართველი), სადურიანთკარი (სულ 22 სული, ყველა ქართველი, ბელოთი (სულ 220 სულიდან ყველა ქართველი), ზემო ავნევი (სულ 287 სული, ყველა ქართველი), ქვემო ავნევი (სულ 127 სული, ყველა ქართველი).
ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი, როგორც თვით საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალური კომისიის წევრების მიერ შედგენილი აღწერიდანაც ჩანს, თავი რომ დავანებოთ იმ ქართულ მიწა-წყალს, სადაც ის ხელოვნურად შეაკოწიწეს, მრავალი ქართული სოფლის ხელოვნური გაერთიანებით შეიქმნა. ასე მივიღეთ „სამხრეთ ოსეთი“ ცენტრალურ საქართველოში. დეკრეტის გამოცემას, ბუნებრივია, ადგილობრივი ქართული მოსახლეობის უკმაყოფილება მოჰყვა, რის გამოც საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი იძულებული გახდა სულ მალე შეეტანა ზოგიერთი ცვლილება 1922 წლის 20 აპრილის დეკრეტში.
25 აპრილს მიღებული იქნა სპეციალური დადგენილება, რომლითაც ქართულ სოფლებში ადმინისტრაცია და მილიცია ქართული რჩებოდა, ხოლო კობის რაიონი ადმინისტრაციულად დუშეთის მაზრას მიაწერეს. აღნიშნულმა შესწორებამ, დაძაბულობა ადგილობრივ ქართველებსა და ოს მოსახლეობას შორის ვერ განმუხტა.
1922 წლის აპრილში საქართველოში, ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ უკანონო ავტონომიური ოლქის შექმნამ, კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური სიტუაცია. ქართული საზოგადოებრივი აზრი უარყოფითად შეხვდა ოლქის შექმნას, რადგან ეთნიკური განსხვევებულობა და საქართველოს მიწა-წყალზე ოსების კომპაქტური დასახლება, მათთვის პოლიტიკური ავტონომიის მინიჭების არავითარ საფუძველს არ ქმნიდა, რადგან ტერიტორია, სადაც ოსები სახლობენ საქართველოს არ დაუპყრია და არც ამ ეროვნულ უმცირესობათა სამშობლოსათვის წაურთმევია. ეს მიწა-წყალი ისტორიულად საქართველოს ეკუთვნოდა და დროთა განმავლობაში, გარკვეული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, ოსებმა დაიკავეს, როდესაც იქ ჩასახლდნენ.
ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი შეიქმნა არაკანონიერად, ხელოვნურად, ვინაიდან შიდა ქართლში (სამაჩაბლო, საფალავანდო, ქსნის საერისთავო) ოსებით დასახლებულ ტერიტორიას ავტონომიური ოლქი დაარქვეს, რაც ყოვლად დაუშვებელი იყო.
სახელწოდება „სამხრეთ ოსეთი“, როგორც გეოგრაფიული ადგილის აღმნიშვნელი ტერმინი ხელოვნურია, თუმცა ეს ტერმინი პირობითად ადრეც გამოიყენებოდა, ხოლო რაც შეეხება ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიას, იგი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე არ არსებობდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციით, რომელიც 1921 წლის 21 თებერვალს იქნა მიღებული, ავტონომიური მმართველობა მხოლოდ აფხაზეთის, აჭარის და ზაქათალისთვის იყო გათვალისწინებული, ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ პოლიტიკურ ავტონომიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულ კონსტიტუციაში  საერთოდ არაფერია ნახსენები, რაც სრულიად კანონზომიერი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ როცა ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი ხელოვნურად შექმნეს და მასში ქართული სოფლები ძალით შეიყვანეს, ოსთა ნამდვილ სამშობლოში _ ჩრდილოეთ ოსეთში არავითარი ავტონომია არ არსებობდა, იგი მოგვიანებით 1924 წლის 17 ივლისს შეიქმნა რუსეთის სფს რესპუბლიკაში ავტონომიური ოლქის სახით, ხოლო 1936 წელს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა. ის ტერიტორიები, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ შეიქმნა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის" ავტონომიური ერთეულები, უძველესი დროიდან ქართული მიწა-წყალია, ქართულ სახელმწიფოთა ფარგლებში მყოფი რეგიონებია.
ე. წ. „სამხრეთ ოსეთისათვის“ ავტონომიის მინიჭების საკითხი, რეალურად საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დაისვა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, როცა საქართველოს ძალდატანებითი გასაბჭოება ხდებოდა, საქართველოდან ჩრდილო კავკასიაში 1920 წელს გადასული ოსთა შეიარაღებული რაზმები დაბრუნდნენ და წითელი არმიის ნაწილებთან ერთად აქტიურად იბრძოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ოსების მიერ თვითნებურად ხდებოდა საზღვრების დადგენა სრულიად უკანონოდ შექმნილი ოლქისათვის. 1922 წლის 2 ივლისს, ქალაქ ცხინვალში, სამხარეო პარტიული კომიტეტის და ე. წ. „სამხრეთ ოსე- თის“ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა კ. ჯატიევი, ნ. გასიევი (მდივანი), მიიღეს დადგენილება, რომლის ძალითაც ადმინისტრაციული ურთიერთობის თვალსაზრისით ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქი გაიყო 3 კანტონად: 1) ჯავის, ცენტრით ჯავაში, 2) ცხინვალის, ცენტრით _ ცხინვალში და 3) ქსნის ცენტრით _ ახალგორში. თავის მხრივ, ცხინვალის კანტონში შედიოდა: ა) წუნარის, ბ) ყორნისის, გ) ოქონის, დ) ცხინვალის, ე) ორთევის, ვ) ბელოთის, ზ) ანდორეთის რაიონები. ქსნის კანტონში _ ა) ლეხურის, ბ) ახალგორის, გ) მონასტრის რაიონები. საბოლოო ჯამში ოლქი სამ კანტონად და 14 რაიონად იყოფოდა. დადგენილების მიხედვით, მმართველობის ორგანოები უნდა ყოფილიყო: ოლქის ცენტრში ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი, სამ კანტონში მუშათა და გლეხთა დეპუტატების საკონტროლო აღმასრულებელი კომიტეტები, რაიონებში _ რაიონების აღმასრულებელი კომიტეტები. ჯავაში, ცხინვალში და ახალგორში რაიაღმასკომის ფუნქციები საკონტროლო აღმასრულებელი კომიტეტის ხელში გადადიოდა.
1922 წლის 20 ივლისს საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, ერთიანი წესრიგის და უფლებრივი მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, ვიდრე დეტალურად დამუშავდებოდა მწვავე საკითხი საზღვრების შესახებ, ქართველებითა და ოსებით დასახლებულ რაიონებში დროებითი დადგენილება მიიღო, რომელიც საქართველოს კომუნისტური პარტიის პლენუმის, პოლიტბიუროს და ორგ ბიუროს 1922 წლის 26 აგვისტოს დადგენილების თანახმად, სავალდებულო იყო „სამხრეთ ოსეთის“ რევკომისათვის იმ დრომდე, ვიდრე ოსთა საკითხი საბოლოოდ არ გადაწყდებოდა სათანადო ხელისუფლების მიერ. დადგენილების თანახმად, ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული ერთეული შვიდ ყოფილ სოფლის საზოგადოებას შეიცავდა გორის მაზრაში: 1. ორთევის 2. ბელოთის, 3. ყემულეთის, 4. ყორნისის, 5. როკის, 6. ჯავის, 7. წუნარისის. აღნიშნული ერთეულების ადმინისტრაციულ ცენტრად გამოცხადდა სოფელი ჯავა. საკითხი ორთევის, ბელოთის და წუნარის საზოგადოებებიდან ცხრა წმინდა ქართული სოფლის გამოყოფის შესახებ, გორის სამაზრო რევკომის დასკვნის თანახმად, საზღვრების გამომრკვევი კომისიის მუშაობის დამთავრებამდე ღიად იქნა დატოვებული.
საუბარი იყო შემდეგ ქართულ სოფლებზე: ვანათი, ბელოთი, აწყურის ხევი, საცხენეთი, ხაშურა, ხადურიანთ კარი, დვანი; ზემო ავნევი და ქვემო ავნევი, რომლებიც ცხინვალის რაიონში რჩებოდნენ. დადგენილების თანახმად, ოსთა პრობლემების ირგვლივ მუშაობას, საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ადმინისტრაციულ ერთეულთა განყოფილება და მასთან დაარსებული სპეციალური მუდმივი კომისია ხელმძღვანელობდა. საქმის ახლო გაცნობამ განყოფილების თანამშრომლები დაარწმუნა, რომ 1917 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგად შეკრებილი ცნობები მათ ვერ გამოადგებოდათ სახელმძღვანელოდ, ვინაიდან აღწერას თავიდანვე უამრავი ნაკლი გააჩნდა, რადგან 1917 წლის შემდეგ, საქართველოში მოსახლეობის გადაადგილების თვალსაზრის, მრავალი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ, ოსთა 1920 წლის აჯანყების ჩაქრობის შემდეგ, ოსების განსაკუთრებით დიდი ნაწილი თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან აიყარა. ზოგი ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდა, ზოგიც სხვა ადგილებში გაიხიზნა. საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულთა განყოფილება სტატისტიკურ აღრიცხვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მიერ, ძველი აღწერის მიხედვით, შედგენილი იქნა დეტალური ნუსხა ოსი მოსახლეობის რაოდენობის შესახებ მთელ საქართველოში, რომელშიც ნაჩვენები იყო ყოველი სოფლის მცხოვრებთა რაოდენობა, დადგენილი იქნა პროცენტულად, როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობა. აუცილებელი გახდა ასევე, ოსი მოსახლეობის ახალი სტატისტიკური აღწერა ყველა იმ მაზრებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ.
ამასთანავე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სიებში არ შეეტანათ ოსი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც მხოლოდ ოდესმე ჰყავდათ ოსი შთამომავლობის წინაპრები, რეალურად კი სავსებით გაქართველებულნი იყვნენ, როგორც ენით, სარწმუნოებით, ზნე-ჩვეულებით, კულტურით და სხვა ტრადიციებით. გარდა ამისა, ისინი სრულიად არაფრით არ განსხვავდებოდნენ ქართველებისაგან, რომელთან ერთადაც იყვნენ ჭირსა და ლხინში და რაც მთავარია, ყველა სფეროში ქართულ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ-კულტურულ ორიენტაციას იზიარებდნენ. ისინი თავიანთ თავს თვითონვე ქართველებად აღიარებდნენ, როდესაც მათ წინაშე ეროვნული თვითგამორკვევის საკითხი იდგა. ადმინისტრაციული განყოფილება ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში იყო, როდესაც ცხინვალიდან ჩასულმა ოსთა დელეგაციამ საბჭოთა საქართველოს მთავრობის წინაშე კიდევ ერთხელ დააყენა საკითხი „სამხრეთ ოსეთის“ ოლქისათვის ავტონომიური უფლების მინიჭებაზე და ადმინისტრაციული საზღვრის დაწესებაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ოსებმა, ასევე, შუამდგომლობით მიმართეს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს და რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს (კავბიურო).
1923 წლის მარტში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა მიიღო დადგენილება გორის მაზრის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: “შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა, განიხილა რა გორის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნუსხა მაზრის ადმინისტრაციულ ერთეულებად (თემებად) დაყოფისა და მიიღო რა მხედველობაში:
ა) რომ ნუსხაში გათვალისწინებულია მხოლოდ ის თემები, რომელნიც გორის მაზრის ფარგლებშია დატოვებული შედეგად “სამხრეთ ოსეთისათვის“ ავტონომიური ოლქის მოწყობის შესახებ” გამოცემული დეკრეტი #2-ისა;
ბ) რომ ნუსხაში ჩამოთვლილ თემთა შორის მოხსენებულია აგრეთვე ბორჯომის თემი, მიუხედავად სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მეორე სესიის მიერ წარსულ წელს მიღებული დადგენილებისა, რომლითაც ბორჯომის რაიონი ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულადაა გამოცხადებული;
გ) რომ სოფელი რეხა (თბილისის მაზრა) ნუსხით შეტანილი არ არის გორის მაზრის ფარგლებში, წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერ 1922 წლის 20 ნოემბერს მიღებული დადგენილებისა, რომლითაც სოფელი რეხა გამორიცხულ იქმნა თბილისის მაზრიდან და მიწერილი გორის მაზრაზე და სოფელი გუჯაბაური (ცხინვალის მახლობლად) ნაჩვენები არ არის გორის მაზრის ფარგლებში, რაც არ ეთანხმება #2-ით გამოცემული დეკრეტის ტექსტს „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრების შესახებ, რომლის მეორე მუხლი ამბობს, რომ სამხრეთით საზღვარი გაივლის “დვანი-გუჯაბაურის გზის პარალელურად ჩრდილო-დასავლეთის მხრით”, მიიღო რა მხედველობაში ყველა ეს მოსაზრება დაადგინა:
1) გორის მაზრის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ნუსხა მაზრის ადმინისტრაციულ ერთეულად დაყოფისა დამტკიცდეს მასში შემდეგ შესწორებათა შეტანით: ა) ნაცვლად “ბორჯომის თემისა” ნუსხაში შეტანილი იქმნას “ბორჯომის რაიონი” და მაშასადამე თემთა რიცხვი შემცირდეს ერთით ე.ი. მაზრა უნდა შეიცავდეს არა 17-ს, არამედ 16 თემს და 1 რაიონს,  ბ) სოფელი რეხა მიეწეროს გორის მაზრის ატენის თემს და გ) სოფელი გუჯაბაური შეტანილი იქნას გორის მაზრის ფარგლებში და 2) პირი ამ დადგენილებისა გაეგზავნოს ყველა სახალხო კომისარიატს, გორის მაზრის აღმასრულებელ კომიტეტს, ამავე მაზრის მილიციის უფროსს, გადასახადთა სამმართველოს და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამილიციო, საერთო საინსტრუქტორო-საინფორმაციო, საფინანსო და მომარაგების განყოფილებებს, აგრეთვე ჟურნალ “მოამბეს” (შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ყოველკვირეული ორგანო-ლ.ს.) რედაქციას“. დადგენილებას გორის მაზრის ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის შესახებ ხელს აწერდნენ: საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ა. გეგეჭკორი, საქმეთა მმართველი დ. ჩიქოვანი და ადმინისტრაციული გადანაწილების საკითხთა შესახებ კონსულტანტი გრ. გველესიანი.
ამრიგად, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, გორის მაზრის ფარგლებში ფაქტიურად სავსებით უკანონოდ დაარსდა ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ცალკე ადმინისტრაციული ერთეული ისე, რომ აღნიშნული ერთეულის საზღვრები რეალურად დადგენილი არც ყოფილა. ქართველ კომუნისტთა მაშინდელი წარმოდგენით, ე. წ. „სამხრეთ ოსეთის“ ავტონომიური ოლქის შექმნა ეროვნული საკითხის პროლეტარული ინტერნაციონალიზმის საფუძველზე გადაჭრის შედეგი იყო, რაც შემდეგში ძვირად დაუჯდა ქართვულ სახელმწიფოს.

 



სტატიის ავტორი – ლელა სარალიძე;
მასალა აღებულია კრებულიდან – `ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, XI, თბილისი, 2009წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014