რუხის ციხე


საქართველოში საფორტიფიკაციო დანიშნულების ნაგებობებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა პრობლემა არის მათი ცუდი დაცულობა, რადგან მტრების შემოსევები ანადგურებდა ციხეებს და ამის გამო ხდებოდა მათი მრავალჯერ გადაკეთება. არქიტექტურული შესწავლის დროს ეს დამატებით სირთულეებს წარმოშობს, მაგრამ დამაინტერესა არქიტექტურის ამ ტიპმა და ჩემი მიზანია შევაგროვო მონაცემები საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში, სამეგრელოში, მდებარე რუხის ციხეზე.
ცნობილია რუხის ციხის აგება ლევან მეორე დადიანის მიერ 1647 წელს. მისი მოღვაწეობა გვიან შუა საუკუნეების რთულ პერიოდს უკავშირდება. საქართველოს ერთი მხრივ ოსმალეთი, მეორე მხრივ კი ირანი ავიწროებს. ამას ემატება შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, რაც კიდევ უფრო ასუსტებს ქვეყანას. ლევანის მიზანს წარმოადგენს, ამ რთული ვითარების ფონზე, დამოუკიდებლობის მოპოვება, ამასთანავე რამდენიმე სამთავროს თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა და შეერთება. იგი აფხაზეთთან და გურიასთან მოყვრულ კავშირში იმყოფება, ხოლო ეს კავშირი მას სურს იმერეთის სამეფოს წინააღმდეგ გამოიყენოს. ლევანს ქვეყნის შიდა ინტერესების გარდა საერთაშორისო მიზნებიც ამოძრავებს. იგი ცდილობს ირანთან და ოსმალეთთან ერთდროულად დაამყაროს კარგი ურთიერთობა, რათა ორივესგან სარგებელი მიიღოს, თუმცა შემდგომში იგი სარგებლობს XVII ს-ის 20-30-იან წლებში ოსმალეთში არსებული მძიმე საშინაო მდგომარეობით და ირანს უკავშირდება. ლევანი თავის დას ცოლად გააყოლებს ქართლის მეფე როსტომს, რომელიც ირანის წარმომადგენელია. ლევან დადიანი ამ ნაბიჯით თავის დამოუკიდებლობასაც უზრუნველყოფს და იმერეთის წინააღმდეგ ბრძოლაშიც ძლიერ მოკავშირეს იძენს.
ამ ისტორიული ვითარების ფონზე, ლევან მეორე დადიანი იწყებს რუხის ციხის აგებას. ციხე, როგოც ზემოთ ვთქვი, მდებარეობს სამეგრელოში, ზუგდიდის რაიონ სოფ. რუხში, მდინარე ენგურის პირას. მისი გეგმა ოთხკუთხედს უახლოვდება, თითოეული კუთხე კოშკებითაა გამაგრებული. ციხეს აქვს ციტადელი, რომელიც მაღლობზეა აღმართული, ციტადელის შიგნით კი დონჟონია, ციხის მთავარი კოშკი. ციხეს ქვედა ეზოში აქვს შესასვლელი. იგი მოწყობილია კოშკის ქვედა კამაროვან გასასვლელში. თავდაცვის უკეთ ორგანიზაციის მიზნით გრძელ გასასვლელში ორგან იყო კარი.
ქვედა ეზოს კიდევ ერთი კოშკი აქვს, რომელიც ამჟამად ძალიან დაზიანებულია. პარმენ ზაქარაიას და სხვათა ნაშრომებიდან ვგებულობთ, რომ თავის დროზე ამ კოშკს სამი სართული ჰქონდა. სართულებზე კარების განთავსებისას გაითვალისწინეს იქნა მებრძოლთა მოძრაობა საბრძოლო ბილიკზე. კოშკი აღჭურვილი იყო სათოფე-სამზერეებით.
კიდევ ერთი კოშკი იცავს ციხეს, რომელიც ციტადელსა და ქვედა ეზოს შეერთებაზეა. კოშკის ქვედა ნაწილი აქაც ყრუა, ზემოთა კი მორღვეულია. წერილობით წყაროებში არ არის ცნობა როგორი იყო ეს კოშკი, სავარაუდოდ, აქაც სართულები იქნებოდა, სათავდაცვო იარაღებით აღჭურვილი.
რაც შეეხება ციხის მთავარ კოშკს, იგი ყოველი მხრიდან კარგადაა დაცული, ამდენად შედარებით კარგ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე. სხვა კოშკების მსგავსად ქვედა ნაწილი ყრუა 6 მეტრამდე. შემორჩა ოთხი სართული და მეხუთეს ნაწილი. საინტერესოა, რომ ყოველი სართული ისრული მოხაზულობის კამარებითაა გადახურული, რაც ალბათ მხატვრული თვალსაზრისით იყო ნაკარნახევი და ამ კოშკის მნიშვნელოვანებას გამოკვეთდა. კოშკი კარგადა იყო აღჭურვილი იარაღებით, სამზერეებით  და ბუხრებით, ბოლო სართულს კი , ქვედა სართულებისგან განსხვავებით ორი ბუხარი ჰქონდა, მაშინ ცეცხლისმსროლელ იარაღთან ერთად მოქმედებდა მშვილდ-ისარი და ცხელი სითხეც, რომლის შეუფერხებლად გამოყენებისთვის საჭირო იყო ორი ბუხარი. ამდენად, ციხის ეს კოშკი ყველაზე მეტად აღიჭურვა იარაღებით, ამასთანავე იგი მაღლობზე აღმართეს და მძლავრი კედლებით შემოსაზღვრეს, აქედან ხდებოდა გარშემო ტერიტორიების კონტროლი.
თვით ციტადელის გეგმა ელიფსის ფორმისაა, მისი კედლები 8-10 მეტრის სიმაღლისაა, რომლის ზემოთ საბრძოლო ბილიკია განლაგებული, ბილიკის სიგანე 3-5 მეტრს შორის მერყეობს, ასეთი ზომები ხელს უწყობდა მეომრების თავისუფლად მოძრაობას ბილიკზე. ქვედა ციხის ფართობი 5000 კვ. მეტრზე მეტია, ასეთი ფართობის ციხეში მოსახლეობის დიდი ნაწილი შეაფარებდა თავს.

ruxis cixe ruxis cixe


ამდენად რუხის ციხე კარგად იყო დაცული და გამაგრებული. მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოში მსგავსი არქიტექტურული ტიპის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა რამდენიმე ფაქტორი, პირველ რიგში ისტორიულ-პოლიტიკური. საქართველო გამორჩეულია ადგილმდებარეობით და ის მუდმივად მტრების თავდასხმის ობიექტი იყო, ამიტომ საჭირო იყო სიმაგრეების მშენებლობა, რათა ტერიტორიის, მოსახლეობისა და მისი ქონება დაცული ყოფილიყო. არქეოლოგიური მასალების თუ ისტორიული წყაროების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი სიმაგრეების მშენებლობა უძველესი პერიოდიდან მიმდინარეობდა. მაგალითად, დასახლებული პუნქტების გამაგრების ნიშნები შეიმჩნევა ძვ.წ. III ათასწლეულის არქეოლოგიურად შესწავლილ ნაგებობებში: ხიზაანთ გორა, ქვაცხელები და ა.შ. ასევე მეგალითური ნაგებობები, რომლებიც ჩნდება ძვ. წ.  II ათასწლეულიდან. შემდგომშიც აქტიურად მიმდინარეობს სიმაგრეების მშენებლობა. ამდენად სამშენებლო საქმის მრავალათასწლოვანი გამოცდილების არსებობამ ხელი შეუწყო საქართველოში კარგად გამაგრებული სიმაგრეების მშენებლობას.
რუხის ციხის მახლობლად 1920-30-იან წლებში შემთხვევით მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები აღმოაჩინეს: ალ. მაკედონელის ოქროს სტატერი და ლიზიმაქეს სტატერის მინაბაძი, ასევე დიდი რაოდენობით კოლხური ვერცხლის მონეტები. ეს მასალები ამ ადგილის მნიშვნელოვანებაზე მიუთითებს. ლევან მეორე დადიანმა რუხში ჩხარიდან სომეხი და ურია ვაჭრები ჩამოიყვანა, როგორც არქეოლოგიური აღმოჩენებიდან ჩანს აქ ვაჭრობა კარგად განვითარდა.
ამდენად, ლევან მეორის ამოცანას წარმოადგენდა ციხის აგება ისეთ ადგილას, სადაც მოსახლეობა ადვილად და სწრაფად შეძლებდა თავის შეფარებას. ციხის დანიშნელებასაც მოსახლეობის და მათი ქონების დაცვა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ციხის უმეტესი ნაწილი ვაკეზეა აღმართული, ხოლო ციტადელი მაღლობზე, ამდენად ციტადელი ციხის შედარებით დაცულ ნაწილს წარმოადგენდა. ციხეს შეფარებული მოსახლეობა, სწორედ ციხის მძლავრ კედლებს უნდა დაეცვა.
რუხის ციხეზე მეტად მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ჟან შარდენი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში იმყოფებოდა. გთავაზობთ ციტატას, სადაც იგი აღწერს ციხეს: ,,ხშირ ტყეში, გაშლილ ადგილზე, აშენებენ ოცდაათი ან ორმოცი ფუტის სიმაღლის ქვის კოშკს, რომელშიც შეიძლება ორმოცდაათი ან სამოცი კაცი მოთავსდეს. ეს კოშკი არის ციხე-დარბაზის გამაგრებული ადგილი; აქ ინახება ბატონის და ასევე მასთან თავშეფარებულთა მთელი სიმდიდრე.’’ ჟან შარდენის ცნობებიდან ვგებულობთ ციხეზე ისეთ დეტალებს, რომელიც დღემდე არ შემორჩა. ციტატა: ,,ამ კოშკის მახლობლად ხუთი თუ ექვსი ხის დაბალი კოშკი დგას, სადაც ინახება სურსათ-სანოვაგე და სადაც ალყის დროს თავს აფარებენ ქალები და ბავშვები. გარდა ამისა, ამ ღია ადგილზე არის კიდევ რამდენიმე ქოხი, ზოგი ხით ნაშენი, ზოგი ტოტებისგან დაწნული, ზოგიც ბამბუკისა და ლერწმისა. მთელი ეს ტერიტორია გარშემორტყმულია კედლითა და ხშირი ტყით, ისე მჭიდროდ, რომ მასთან ახლოს მისვლა შეიძლება მხოლოდ ტყეში საგანგებოდ გაკაფული გზით. შეიტყობენ თუ არა მტრის მოახლოებიუს ამბავს, გზას ხეებით ჩახერგავენ ისე, რომ შეუძლებელი ხდება მისი გადალახვა. კოლხები (მეგრელები) ამ ციხეში იქამდე რჩებიან, ვიდრე მტრის საშიშროება არსებობს; როგორც კი საშიშროება გაივლის, ისინი უბრუნდებიან თავიანთ სახლებს.’’
ციხის დიდ მნიშვნელობას ხაზს უსვამს იტალიელი მოგზაურის, არქანჯელო ლამბრეტის მიერ სამეგრელოს რუკაზე, დღევანდელი ზუგდიდის ჩრდილო-დასავლეთით, მდინარე ენგურის ახლოს ციხის აღნიშვნა, აქ რუხის ციხე უნდა იგულისხმებოდეს.
საინტერესო ცნობებს გვაწვდის ციხეზე სერგი მაკალათია. მისი გადმოცემით გალავნის ჩრდილოეთის მხარეზე რამდენიმე ოთახი იყო მიშენებული, კოშკებსა და ციხის კედლებში დატანებული იყო სათოფურები და სამზერეები.
რუხის ციხის ომებზე ცნობებს ვხვდებით ვახუშტი ბატონიშვილთან. 1725 წელს რუხის ციხე ოსმალებს შეუმუსრავთ. ამ დროს ციხის უმეტესი ნაწილი დანგრეულა, რომელიც შემდგომში აღადგინეს. 1769 წელს რუსეთ-ოსმალეთის ომი მიმდინარეობდა. ამ პერიოდში დასავლეთ საქართველოში თურქები თარეშობდნენ და მთავარი ციხე-სიმაგრეები მათ ხელთ იყო. 1770 წელი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ გენერალ ტოტლებენის სარდლობით და დასავლეთ საქართველოს ადგილობრივ მეფე-მთავართა ძალისხმევით რუხის ციხე განთავისუფლდა თურქებისგან.
სამწუხარო ფაქტი მოხდა 1780 წელს, რადგან ამ პერიოდში ოდიშსა და აფხაზეთს შორის მოხდა სასტიკი ბრძოლა, ეს უკავშირდებოდა სამურზაყანოს დაპყრობას. ბრძოლაში რუხის ციხე იღებს მონაწილეობას. გამარჯვება ოდიშის მთავარს, კაცია დადიანს დარჩა. ბრძოლის დროს ციხის კედლები მნიშვნელოვნად დაზიანდა, მაგრამ დაზიანებული ადგილები კვლავ შეუკეთებიათ.
რაც შეეხება რუხის ციხის დღევანდელ მდგომარეობას, ციხე ბევრ ადგილას დაზიანებულია. ჩამონგრეულია ქვედა ეზოს დასავლეთის კოშკი, შემდგომ პერიოდში დასავლეთის გალავანზე კარი გაჭრეს. ქვედა ეზოს კოშკი კარგადაა შემონახული, მას გადაკეთების კვალი ეტყობა. ციტადელის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია.
რთული ისტორიული ვითარებიდან გამომდინარე, გვიან შუა საუკუნეებში, აქტიურად იგება ციხე-სიმაგრეები საქართველოს სხვადასხვა ნაწილში. ნიშანდობლივია, თვალი გავადევნოთ იმ ცვლილებებს ციხის არქიტექტურის თუ ადგილის შერჩევის თვალსაზრისით, რაც გამოწვეული იყო ეპოქის სპევიფიკით. საყურადღებოა, მათი დანიშნულება და აღჭურვილობა; რამდენად საერთო სურათი გვაქვს, ამ პერიოდში, ციხეების მშენებლობის თვალსაზრისით, რით ემსგავსება და განსხვავდება ამ პერიოდის სხვა ციხეებისგან რუხის ციხე.
ერთ-ერთ გვიან შუა საუკუნეების ციხეს ანანური წარმოადგენს. ის არაგვის ერისთავთა ციხესიმაგრე იყო. ციხე სამხედრო გზაზე, არაგვის მარჯვენა ნაპირას მდებარეობს. ციხე-სიმაგრე მიუვალი არ არის, მისი ქვედა ეზო ვაკეზე დგას, ციტადელი კი ბორცვზე, თუმცა იგი დაცულია მძლავრი გალავნის კედლებითა და წრიული და ოთხკუთხა კოშკებით. ადგილის შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია. როგორც უკვე აღვნიშნე, რუხის ციხესთან მიმართებაში, რომ ყურადღება მიექცა არა კარგად დაცულ, არამედ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილს, რომ ორგანიზებულად და სწრაფად მომხდარიყო ციხეში შეხიზვნა, ანაურის მაგალითზეც იგივეს ვხედავთ. აქ ყურადღება გამახვილებულია არქიტექტურაზე, მძლავრი კედლები უნდა ყოფილიყო დაცვის გარანტი. სწორედ, ამასვე ემსახურებოდა ციხის სათავდაცვო იარაღებით კარგად აღჭურვა, აქ იყო მოწყობილი სათოფურ-საზარბაზნეები და სალოდეები. რუხის ციხისგან განსხვავდებოდა ანანურის ციხის დანიშნულება. როგორც ზემოთ ავღნიშნე, თავდაპირველად ანანური არაგვის ერისთავთა  ციხე-სიმაგრე იყო, შემდგომ კი ციხე მეფის ხელისუფლებას დაექვემდებარა. ომიანობის ჟამს ციხეს თავს აფარებდა მხოლოდ მეფის ამალა, პატრიარქი, ეპისკოპოსი, დიდებულთა ოჯახები და მეფის ჯარი. ამდენად,ანანურის ციხე მოსახლეობის დაცვას არ მესახურებოდა, ციხის ფუნქცია იყო სახელმწიფო პირების დაცვა ომიანობის ჟამს, აქვე იყო რეზიდენცია მეფის მიერ დანიშნული მოხელის. ციხის ტერიტორიაზე იყო, როგორც საერო, ასევე საკულტო დანიშნულების ნაგებობები.
ამდენად, ამ პერიოდში ადგილის შერჩევისას მიუდგომლობას არ აქცევენ ყურადღებას. გათვალისწინებული იყო ისტორიული ვითარების სირთულე და მათ ბრძოლის მარჯვედ საწარმოებლად ესაჭიროებოდათ ახლოს მდგონი ციხე. თუმცა ამ ტენდენციის გადახვევას ვხედავთ, ამ პერიოდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიმაგრეში, ხულუტის ციხეში.  ციხე XVII ს.-ის I მესამედში ყაფლან ორბელიანს აუგია. იგი აღმართულია ღრმა ხეობის ვიწრო ყელში, მდინარის მარცხენა მხარეს. ციხეს იცავდა აქ მდებარე კონცხი. გამომდინარე აქედან, ციხისთვის ამ ადგილის შერჩევა მისი მიუდგომლობით იყო ნაკარნახევი. ფუნქციას მოსახლეობის დაცვა წარმოადგენდა. ციხე კარგად იყო აღჭურვილი იარაღებით. ხუთივე კოშკს ჰქონდა სათოფეები და სალოდეები, ერთ-ერთს კი ბუხარიც კი.
გვიან შუა საუკუნეებში აქტიურად მიმდინარეობს სიმაგრეების მშენებლობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ეს გამოწვეული იყო მძიმე პოლიტიკური ვითარებით. თუ ადრეულ წლებში ციხეებს აგებდნენ ბუნებრივად დაცულ ადგილებზე, ამ პერიოდში სურათი მკვეთრად იცვლება. სიმაგრეები მთებიდან, ბორცვებიდან ვაკეზე გადმოინაცვლებს, ბრძოლის მარჯვედ წარმოების მიზნით.
ამრიგად, რუხის ციხის როლი გვიან შუა საუკუნეების რთულ პერიოდში ძალიან დიდია, რთული ისტორიული ვითარება მასზეც აისახა, ციხეს ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალი.

ბიბილიოგრაფია

1. პარმენ ზაქარაია ,,საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები“ - თბილისი 1973წ
2. ილია ანთელავა ,,ლევან II დადიანი“
3. სერგი მაკალათია ,,სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია“ - თბილისი 1994წ
4. მამანტი პაჭკორია ,,ფურცლები კოლხეთის ისტორიიდან“ – თბილისი 1974წ
5. ა. მიქავა ,,ზუგდიდი“ - თბილისი 1966წ
6. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში - თბილისი 1975წ

 


სტატიის ავტორი – მზეონა ჩხეიძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი;
ფოტოების ავტორი - მზეონა ჩხეიძე



megobari saitebi

   

02.07.2015