ყირიმის ომი და საქართველო. 1853 წელს დაიწყო რუსეთ თურქეთის ომი, რომელსაც იმი გამო, რომ საბრძოლო ოპერაციები ძირითადად რუსეთის სამხრეთში - ყირიმში მიმდინარებოდა, ყირიმის ომს უწოდებენ. თურქეთის მხარეზე ამ ომში გამოვიდნენ ინგლისი, საფრანგეთი და ნეაპოლის სამეფო. რუსეთი იზოლირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თურქეთმა და მისმა მოკავშირეებმა საბრძოლო ოპერაციები, გარდა ყირიმისა, გააჩაღეს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის კავკასიაშიც.
კავკასიას ერთერთი ძირითადი ადგილი ეკავა თურქ-ოსმალთა დამპყრობლურ გეგმებში. თურქეთი არ შერიგებია საქართველოს ტერიტორიიდან განდევნას და ცდილობდა დაებრუნებინა ადრე მიტაცებული მიწა-წყალი. ამ მხრივ მას მოკავშირეებიც აქეზებდნენ, რომელთა მიზან-დასახულობას შეადგენდა რუსეთისათვის ფეხი ამოეკვეთათ სომხეთსა და საქართველოში.
- 1853 წლის 15 ოქტომბერს ღამით თურქთა სამხედრო რაზმი თავს დაესხა გურიის საგუშაგოს შეკვეთილთან. მათ ამოწყვიტეს შეკვეთილის გარნიზონი და გურიას შეესივნენ. თურქეთს დიდად ეწადა ახალციხის ხელში ჩაგდება და შეუტია აქ დაბანაკებულ გარნიზონს. ახალციხისათვის ბრძოლაში თურქებს სასტიკი მარცხი აგემა გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის ჯარმა, რომელშიც ქართველი მოლაშქრენიც შედიოდნენ. თურქებმა არდაგანისკენ დაიხიეს. რუსებისა და ქართველების ლაშქარს დიდძალი დავლა დარჩა. წარუმატებლად დამთავრდა თურქეთის საომარი ოპერაციები ალექსანდროპოლის მიმართულებითაც. ბაშკადიკლართან გენერალ ბებუთოვის, ილია ორბელიანის, ჭავჭავაძის რაზმებმა თურქებს მძიმე მარცხი აგემეს.
თურქები მიუხედავად მარცხისა, განაგრძობდნენ ახალი ძალების თავმოყრიას სამხრეთ საქართველოსა და შავი ზღვისპირა ქართული ტერიტორიების მისატაცებლად. მათ საზღვაო დესანტები გადმოსხეს ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიაში, სოხუმში. თურქთა მრავალრიცხოვან არმიას სელიმ ფაშა ხელმძღვანელობდა. თურქებმა ოზურგეთი დაიკავეს. ქართულმა მილიციამ მალაქია გურიელის მეთაურობით გააჩაღა პარტიზანული ბრძოლა და თურქებს მოსვენებას არ აძლევდა.
საქართველოში თურქთა შემოსევამ მოსახლეობა ფეხზე დააყენა. ისტორიული მტრის წინააღმდეგ აღსდგა ხალხი. დგებოდა მოხალისეთა რაზმები და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ქართველ მოლაშქრეებს სათავეში ედგნენ ნაცადი მხედრები დავით ჯანდიერი, ნიკო ჭავჭავაძე, დავით ვახვახიშვილი, გიორგი ერისთავი, ქაიხოსრო მიქელაძე და სხვები. 75 წლის ქაიხოსრო მიქელაძემ მოგვარე თავადთაგან მთელი ასეული შეადგინა და ფიცი დადო, რომ უკანასკნელ გასროლამდე თავდადებით იბრძოლებდა.
ქართველმა მოლაშქრეებმა რუს ჯართან ერთად ი. ანდრონიკაშვილის სარდლობით შეუტიეს სელიმ ფაშას არმიას, ფეხდაფეხ სდიეს მას და ჩოლოქთან ივნისის ბრძოლაში სასტიკი მარცხი აგემეს.სელიმ ფაშას 33 000 კორპუსი განადგურებულ იქნა. ამ ოპერაციით სამხრეთ საქართველოს მიტაცების თურქული გეგმა საბოლოოდ ჩაიშალა.
თურქეთის ჯარებმა ვერც სხვა მიმართულებით მიაღწიეს წარმატებას. მიუხედავად ამისა, 1854 წლის განმავლობაში აგრძელებდნენ საომარ მოქმედებას ახალ-ახალი სადესანტო ძალებით. ეს დაფანტული საბრძოლო ოპერაციები მიზნად ისახავდა ყარსის ციხე-სიმაგრეზე რუსთა საიერიშო ძალების შესუსტებას.
ყარსის ციხე-სიმაგრის გადასარჩენად თურქებმა დაგეგმეს დიდი საბრძოლო ოპერაცია, რომლის განხორციელება გენერალ ომერ-ფაშას დააკისრეს. საგანგებო მომზადების შემდეგ, ომერ ფაშამ სამხედრო ძალები 1855 წლის სექტემბრის დამდეგს გადმოსხა ბათუმში, სოხუმში და შავი-ზღვის პირა სხვა ნავსადგურებში. ომერ ფაშას გადაწყვეტილი ქონდა საქართველოს გავლით ყარსამდე ჩაეღწია და ციხის გარნიზონს ალყის გარღვევაში დახმარებოდა. აფხაზეთის ტერიტორიის დაკავების შემდეგ ომერ ფაშას ძირითადი ნაწილების სამეგრელოსკენ დაიძრნენ. მდინარე ენგრუთან მათ გზა გადაუღობა რუს-ქართველთა შერეულმა ლაშქარმა გენერალ ივანე მუხრან-ბატონის სარდლობით. ბრძოლაში წარმატება ხვდა თურქ სარდალს. რომელიც ამის შემდეგ სამეგრელოში შევიდა.
ომერ ფაშას ეგონა, რომ საქართველოს მოსახელობა მას მხარს დაუჭერდა. იგი მოთაფლულ წერილებს სწერდა სამეგრელოს მთავარ ეკატერინე დადიანს და დამოუკიდებლობას აღუთქვამდა. ხალხის მეხსიერებაში ცოცხლობდა თურქ დამპყრობთა გამანადგურებელი შემოსევების ხსოვნა. იგი ალღოთი გრძნობდა, რომ თურქები საქართველოს დამონების უფრო მძიმე უღელს უმზადებდნენ. ამიტომ იყო, რომ მთელი სამეგრელო ფეხზე დადგა და პარტიზანული ომებით მტერს დიდ ზიანს აყენებდა. სამეგრელოში ხელმოცარულმა ომერ-ფაშამ კურსი ქუთაისისკენ აიღო, მაგრამ ვერ გაბედა ცხენის წყლის გადალახვა, რომლის იქითა ნაპირზე ქართული ლაშქარი იდგა.
1855 წლის 15 ნოემბერს ყარისის ციხე-სიმაგრემ კაპიტულაცია გამოაცხადა. ეს კავკასიის ფრონტზე უდიდესი მნიშვნელობის გამარჯვება იყო და ომის მთელ ბედ-იღბალს წყვეტდა. ომერ-ფაშას წინსვლას ყარსის მიმართულებით აზრი დაეკარგა. სამეგრელოში გაჩერებაც აღარ შეიძლებოდა, რადგან სახალხო შურისგების რკალში იყო მოქცეული. ქართველი ლაშქრის დასახმარებლად ყარსიდან დაიძრნენ რეგულარული ნაწილები. ომერ-ფაშამ გადაწყვიტა უკან დაეხია. გაბოროტებული თურქები უკანდახევის გზაზე ყველაფერს წვავდნენ და ანადგურებდნენ. მათ გაძარცვეს და დაწვეს სამეგრელოს მთავრის სასახლე. უკანდახევა ომერ ფაშას ძვირად დაუჯდა. დაიწყო წვიმები, მდინარეები ადიდდა. დეკემბერში ზუგდიდიდან ომერ ფაშას თავს დაესხა ქართველ მოლაშქრეთა რაზმი გრიგოლ დადიანის მეთაურობით და დიდი ზიანი მიაყენა. 1856 წლის თებერვალში ომერ ფაშას შემეჩხერებულმა არმიამ მთლიანად დატოვა საქართველო.
ყირიმის ომი დასრულდა პარიზის საზავო ხელშეკრულებით. დამარცხებული რუსეთი იძულებული გახდა დაეთმო ყარსის ციხე, ყირიმის ნახევარკუნძული რომ შეენარჩუნებინა. ამ ომით ცარიზმმა კავკასიაში თავისი მფლობელობა განიმტკიცა იმით, რომ ევროპის ქვეყნებმა აღიარეს მისი დაპყრობა.
რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომი და აჭარის დედასამშობლოში დაბრუნება. 1877 წელს მეფის რუსეთსა და სულთანურ თურქეთს შორის ომი დაიწყო. ამ ომს ორთივე მხრივ დამპყრობლური მიზნები ქონდა. რუსეთი ესწრაფვოდა ბალკანეთის ქვეყნებსა და კავკასიაში თავისი ბატონობის განმტკიცებას და ახალი ტერიტორიების დაპყრობას. თურქეთი ცდილობდა ჩაეხშო მის მიერ დაპყრობილი ბალკანური ხალხების გამათავისუფლებელი მოძრაობა, ამასთან აღედგინა თავისი ადრინდელი ძლიერება და ბატონობა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში.
ქართული საზოგადოებრიობა იმის მიუხედავად რომ ცარიზმისადმი მტრულად იყო განწყობილი, ამ ომში მის მხარეზე იდგა. ომში ქართველი ხალხი მოელოდა თურქ დამპყრობელთაგან ადრე მიტაცებული თავისი სამხრეთ მიწა-წყლის გათავისუფლებას. აჭარის იძულებით გამაჰმადიანებული მოსახლეობაც სულითა და გულით დედა-სამშობლოსაკენ მიისწრაფოდა. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე თურქეთის მიერ მიტაცებულ ქართულ პროვინციებში გაჩაღებული იყო ანტითურქული აჯანყებები.
ომის დაწყებისთანავე საქართველოში დაიწყო მოხალისე მოლაშქრეთა (მილიციის) რაზმების ჩამოყალიბება. საომარი ოპერაციები განვითარდა ბალკანეთსა და ამიერკავკასიაში. რუსეთის ჯარებმა ქართველ მოლაშქრეებთან ერთად გადალახა თურქეთის საზღვარი და ბრძოლა მის ტერიტორიაზე გადაიტანა. 1877 წლის 30 აპრილს მათ დაიკავეს ქ. ბაიაზეთი, შემდეგ ქ. არტაანი. აქ ბრძოლებში თავი ისახელეს მუსხელიშვილის და მ. ამირეჯიბის სამხედრო ნაწილებმა. არტაანის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ არტანუჯისა და ართვინის გავლით გზა ბათუმისკენ იხსნებოდა, მაგრამ კავკასიის არმიის სარდლობამ პირველი რიგის ამოცანად დასახა ყარსის ციხე-სიმაგრის დაკავება და შეუტია ამ მიმართულებით. ბათუმზე შეტევა ოზურგეთის მხრიდანაც მიმდინარებოდა, აღებულ იქნა მუხაესტატე და ხუცუბანი. ივნისში დიდი ბრძოლა გაიმართა ციხისძირთან, მაგრამ აქ გამარჯვება თურქებს დარჩათ. თურქეთმა ამავე პერიოდში შავი ზღვით დესანტი გადმოსხა გუდაუთაში და სოხუმს შეუტია. ოქუმის მიდამოებში მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა. აქ მტერი დაამარცხა გენერალმა ალხაზიშვილმა რუს-ქართველთა ჯარით. თურქებისაგან მან მალე გაწმინდა აფხაზეთის მთელი ტერიტორია.
1877 წლის 17-18 ნოემბერს კავკასიის ფრონტის ჯარებმა თურქებს გამოსტაცეს ყარსის ციხე-სიმაგრე. ეს იყო დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც არსებითად წყვეტდა ამ ფრონტის ბედ-იღბალს, მით უმეტეს, რომ შეტევა წარმოებდა ერზერუმის მიმართულებითაც.
ბათუმისათვის სამხედრო ოპერაციები ცვალებადი წარმატებით მიმდინარებოდა. დეკემბერში კავკასიის არმიის ნაწილები შეიჭრნენ შავშეთში, 16 დეკემბერს დაკავებულ იქნა არტანუჯი.
ომის საბოლოო ბედი ბალკანეთის ფრონტმა გადაწყვიტა. პლევნას ციხე-სიმაგრის აღების შემდეგ რუსეთის ჯარებმა გადალახეს ბალკანეთის მთები და საომარი ოპერაციები გააჩაღეს ბულგარეთის ტერიტორიაზე. თურქთა არმიებმა სასტიკი მარცხი განიცადეს. რუსეთის არმია კონსტანტინეპოლს მიუახლოვდა. 1877 წლის 3 მარტს მეომარ მხარეთ შორის სან-სტეფანოში გაფორმდა საზავო ხელშეკრულება.
სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება რუსეთის საზიანოდ ზოგიერთი ცვლილებით დაადასტურა ბერლინის საერთაშორისო კონგრესმა, რომელიც 1878 წლის ივნისში შეიკრიბა. 13 ივლისს ხელმოწერილი, ე.წ. "ბერლინის ტრაქტატით" კავკასიაში რუსეთის მფლობელობაში გადავიდა ბათუმი, ყარსი, და არდაგანი. ამრიგად, ოსმალთა მფლობელობისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულების მიწა-წყალი, თუმცა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ძველ მდგომარეობაში დარჩა.
ზავზე ხელმოწერის მომენტში ბათუმი ისევ თურქთა ჯარს ეკავა. გულმოდგინედ მუშაობდნენ თურქეთის აგენტები, რათა აჭარის მუსლიმურ მოსახლეობასა და ქართველებს შორის შუღლი გაეღვივებინათ, მაგრამ ვარაუდი ჩაეშალათ. აჭარის მოსახლეობამ გამათავისუფლებელ არმიას სრული სოლიდარობა გამოუცხადა. 1878 წლის 25 აგვისტოს კავკასიელი მოლაშქრენი ბათუმში შევიდნენ. ბათუმის ნავსადგური რუსეთის საბრძოლო ხომადლებმა დაიკავეს. ეს დღე ბათუმში დიდი ზეიმით აღინიშნა.
ქართული საზოგადოებრიობა მხურვალედ მიესალმა თურქთა უღელისაგან აჭარის გათავისუფლებას. "ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა, - წერდა ი. გოგებაშვილი გაზ. "დროებაში" ... ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად "მებრძოლი შავი ბედისა", ჩვენი გმირების ბუდე, ჩვენის უწინდელის განათლების და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო დღეს ჩვენ შემოგვიერთდა".
ქართველი საზოგადოებრიობა არ ზოგავდა სახსრებს, რომ აჭარელ მოსახლეობას მიშველებოდა. გროვდებოდა შეწირულობანი. ილია ჭავჭავაძე აქეზებდა ხალხის ამ თაოსნობას და გაზ. "ივერიაში" წერდა: " აბა ქართველობავ, ახლა შენ იცი როგორ დაანახებ თავს შენს ახლად შემოერთებულ ძმებსა! ახლა შენ იცი, როგორ დაუმტკიცებ ქვეყანას მამა-პაპით ანდერძ: ძმა ძმისთვინა და შავი დღისთვისაო!" ამ ნიშნით ჩატარდა თბილისში გათავისუფლებული აჭარის თავკაცთა სტუმრობა. შეხვედრაზე მხურვალე პატრიოტული სიტყვა წარმოთქვა გრიგოლ ორბელიანმა.
სტატიის ავტორი – აკაკი სურგულაძე და პაატა სურგულაძე;
მასალა აღებულია წიგნიდან – „საქართველოს ისტორია", გამომცემლობა "თბილისი", 1992 წ.
|