qarTuli wignis beWdvis istoriisaTvis

რომში დაბეჭდილი ქართული წიგნები
პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა რომში 1629 წელს.  ეს იყო  სტეფანე პაოლინის მიერ თეიმურაზ I-ის ელჩის ნიკიფორე ირბაქის (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი დახმარებით შედგენილი ქართულ–იტალიური ლექსიკონი. წიგნი დაიბეჭდა სარწმუნოების გამავრცელებელ სასულიერო საზოგადოების სტამბაში და განკუთვნილი იყო საქართველოში კათოლოკობის საქადაგებლად წამოსული მისიონერი ბერებისთვის. პროფ. გრ. წერეთელი წერს, რომ ეს ლექსიკონი არაერთხელ ყოფილა გადაბეჭდილი და რომ ერთი ამათგანი დაცულია ვატიკანში.
მეორე ქართული წიგნი, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა ამავე სტამბაში, იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ.
1643 და 1670 წლებში მისიონერმა მარიო მაჯიომ ორჯერ გამოსცა ,,ქართული ენის გრამატიკა“, რომელიც აწყობილი იყო როგორც ნუსხური, ასევე მხედრული შრიფტით.
მეოთხე ქართული წიგნი რომში 1681 წელს დაიბეჭდა. მას ასე იხსენიებს მიხეილ თამარაშვილი: „საქრისტიანო მოძღვრება სიმბოლოებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა, კაპუჩინი, მქადაგებელი და მღვთისმეტყველი, იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულითა ენითა.“  აქ მოხსენიებული მთარგმნელი ბერნარდო მარიამი ნეპოლელი ერთი იმ მისიონერთაგანი ყოფილა, რომლებიც საკმაოდ კარგად ფლობდნენ ქართულს და წიგნებსაც თარგმნიდნენ ქართულად. ჰუგო შუხარტს ტორე-დელ-გრეკოში (იტალიაში), კაპუცინთა ძველ ეკლესიაში უნახავს 14 ქართული ხელნაწერი, ბერნარდო ნეაპოლელის ხელით გადაწერილი.
1741 წელს დაიბეჭდა დავით ტლუკაშვილის მიერ თარგმნილი და მომზადებული საქრისტიანო მოძღვრება. იგი  რომში პაპის ურბანოს II-ის მიერ შექმნილ უცხოთა კოლეგიაში მოღვაწეობდა. ამავე წელს საქრისტიანო მოძღვრების სათაურით კიდევ ერთი პატარა ქართული წიგნი დაიბეჭდა.
ევროპაში ქართულად წიგნის ბეჭდვას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ევროპელი მისიონერები დაინტერესდნენ ქართული კულტურით. ამასთან, მზადდებოდა ნიადაგი ქართული წიგნის საქართველოში ბეჭდვისათვის.

ქართული სტამბის საქმიანობა რუსეთში
XVII საუკუნის 80-იანი წლებიდან ქართული წიგნის ბეჭდვის საქმე გრძელდება რუსეთში, ქართველი ემიგრანტების მიერ. ამ საქმეს საფუძველი ჩაუყარა სამშობლოდან გადახვეწილმა იმერეთის მეფე არჩილ II-მ. მისი ვაჟი ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც პეტრე დიდის კარზე დაახლოვებული პირი იყო იმჟამად ამსტერდამში იმყოფებოდა. მან შეადგინა ქართული ასოების დამწერლობის ნიმუშები და გაუგზავნა ამსტერდამში სახელგანთქმულ ასოთმქანდაკებელსა და წიგნების ამწყობს მილოშ ტოტფალუშ კიშს, რომელმაც 1687 წელს თავისი შრიფტისათვის გამოიყენა ეს ნიმუშები და მიიღო ქართული ასომთავრულის, ნუსხა-ხუცურისა და მხედრული შრიფტების პირველი ანაბეჭდები. არჩილ მეფემ მოსკოვში სინოდის სტამბასთან დააარსა ქართული წიგნსაბეჭდი, სადაც 1705 წელს გამოსცა „დავითნი“. არჩილს სურვილი ჰქონდა გამოეცა სახარება და ხელნაწერებსაც აგროვებდა, მაგრამ არ დასცალდა. 1713 წელს ის გარდაიცვალა. არჩილის ხელნაწერები, შრიფტი და სტამბა დარჩა მის ასულს დარეჯანს.
დარეჯანმა ქართული წიგნის ბეჭდვა მღვდელ-მონაზონ ქრისტეფორე გურამიშვილის და არქიმანდრიტ გერმანეს დახმარებით განაახლა. აქ გამოცემულ წიგნთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია „პირველი სასწავლო ყრმათათავის“, ის სავარაუდოდ, 1732–1737 წლებში უნდა დაბეჭდილიყო (თარიღი არ ჩანს).
1736-37 წლებში დარეჯანის სტამბაში, პეტერბურგში, ქრისტეფორე გურამიშვილი გამოსცემს რუსულ-ქართულ ანბანს ლოცვებითურთ, რომელიც ბრიწყინვალედ იყო გაფორმებული და ახლდა  ლათინური და გერმანული შენიშვნები.
1737 წელს მოსკოვში ქართულ საგამომცემლო საქმიანობას სათავეში ჩაუდგა მთავარეპისკოპოსი იოსებ სამებელი – კახეთის მეფის მდივან-მწიგნობრის თამაზ ქობულიშვილის  შვილი. ამ პერიოდში ის იმპერატრიცა ანნა იოანეს ასულის ბრძანებით, ნოვგოროდის მიტროპოლიტის თეოფანე პროკოპოვიჩის თანაშემწედ დააწინაურეს და ამავე დროს პირველი ხარისხის იურიევის ანუ წმინდა გიორგის მონასტრის წინამძღვრობა უბოძეს. ამ დროიდან იგი აქტიურ  მოღვაწეობას იწყებს ქართული საქმისათვის. იოსები ცდილობდა ქართული სტამბა მოეწყო მოსკოვში, მით უფრო, რომ ამ პერიოდში, პოლიტიკური ვითარების გამო, თბილისში სტამბის მუშაობა შეწყდა. ასეთივე სურვილი ჰქონდა ბაქარ ბატონიშვილსაც. დარეჯანის სტამბა პატარა იყო და არ კმაროდა მათი სურვილის განხორციალებისათვის. იოსებ სამებელმა 3-4 წლის განმავლობაში თავისი სამსახურით მოახერხა საკმაო თანხის მოგროვება სტამბის დასაარსებლად და წიგნების ბეჭდვის დასაწყებად. ამ საქმის შესრულება იოსებმა მიანდო თავის ახლო ნაცნობსა და სანდო პირს, მღვდელმონაზონ ქრისტეფორე გურამიშვილს. მანაც 1737 წელს სამებელის ხარჯით შეიძინა დარეჯან ბატონიშვილის სტამბა, ტექნიკურად გააუმჯობესა და საკმაოდ კარგად მოწყობილი სტამბა გამართა. სტამბის ზედამხედველობაც მას ჩააბარეს. სამებელის სტამბის მუშაობაზე ზრუნავდნენ ასევე მოსკოვში დამკვიდრებული ქართველები ბაქარ ბატონიშვილის თაოსნობით. 1740 წელსვე, სინოდის ბრძანებით, იოსები გადაიყვანეს მოსკოვის ზნამენის მონასტერში, რომლის არქიმანდრიტადაც იგი დარჩა გარდაცვალებამდე (1750). მას შემდეგ, რაც  მოსკოვში გადმოვიდა, მის უპირველეს საქმედ ქართული დაბადების დაბეჭდვა იქცა (რომლის რედაქტირება არჩილმა დაიწყო). აღსანიშნავია, რომ ამ წიგნის დასაბეჭდად სტამბა დროებით გადატანილი იქნა ბაქარის ბინაზე დაბა ვსეხსვიატსკოეში. „დაბადების“ ბეჭდვაში მონაწილეობას იღებდნენ ბაქარ და ვახუშტი ბატონიშვილი. იოსებ სამებელმა მან ქართული ტექსტი შეუდარა ებრაულ, სირიულ, ბერძნულ და სლავურ ტექსტებს. „დაბადების“ რედაქტირება დასრულდა 1742 წლის დამლევს, მაგრამ მისი ბეჭდვა ნაწილ-ნაწილ დაიწყო და 1743წლის 1 მაისს დასრულდა. ცნობილია, რომ  1737-44 წლებში მოსკოვის ქართულ სტამბაში დაიბეჭდა  11 სქელტანიანი წიგნი, ძირითადად სასულიერო ლიტერატურა. მათ შორის იყო „ზადიკი“, „დავითნი“,  „სახარება“, „ტესტამენტი“,  არსენ იყალთოელის თარგმანი იოანე დამასკელის „გარდმოცემა აუცილებელი მართლმადიდებლისა სარწმუნოებისა“, „მარხვანი“  და სხვა. სამწუხაროდ, ეს გამოცემები არ შემორჩენილა.
გადმოცემით, იოსენ სამებელი გარდაიცვალა გზაში, როდესაც მოსკოვიდან წამოსულა და თან სტამბაც წამოუღია. დაუმარხავთ ქ. ასტრახანში. ანდერძით მას სტამბა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრისთვის (გარეჯის უდაბნოში) დაუტოვებია.
XVIII საუკუნის 60-იან წლებში რუსეთში ქართული წიგნის ბეჭდვა განახლდა თბილისის მიტრიპოლიტის ათანასე ამილახვრის თაოსნობით. პლატონ იოსელიანის ცნობით, ათანასე ამილახვარი ვახტანგ VI–ეს გაჰყოლია რუსეთში. აქ იგი ეკურთხა არქიმანდრიტად. შემგდეგ დაბრუნდა საქართველოში და მიიღო მროველობა. ათანასე თეიმურაზ და ერეკლე მეფეებთან დაახლოვებული და მათი სანდო პირი იყო. 1752 წელს ის გაგზავნილი იქნა რუსეთში დახმარების სათხოვნელად. ათანასემ რუსეთის მთავრობის პასუხი სვიმონ მაყაშვილის ხელით გაუგზავნა მეფეებს და თვითონ მოსკოვში დარჩა. რუსეთის მთავრობამ მას საცხოვრებლად ჯვართამაღლების მონასტერი მუჩინა. 1761 წელს მან სინოდისგან ქართული სტამბის დაარსების ნებართვა გამოითხოვა. ერთი ცნიბით, მან ბაქარის ვსესვიატსკოეში დარჩენილი სტამბის ნაწილი შეიძინა, გამართა და დაიწყო საქმიანობა. 1766 წლის შემდეგ მის მიერ მოსკოვში დავეჭდილი წიგნები არ მოგვეპოვება.
1796-1801 წლებში გაცხოველებულ მუშობას ეწეოდა მოზდოკში გაიოზ რექტორის მიერ დაარსებული სტამბა.
პირველი ქართული სტამბები საქართველოში
საქართველოში პირველი ქართული სტამბა დააარსა მეფე ვახტანგ VI-მ (1675-1737) თბილისში, მტკვრის სანაპიროზე საგანგებოდ ამისთვის აგებულ შენობაში 1708-1709 წლებში. მან სტამბის გამმართველად ბულგარეთიდან მოიწვია სახელგანთქმული ოსტატი  მიხაი იშტვანოვიჩი, წარმოშობით ქართველი ბულგარელი განმანათლებლის,  სასულიერო მოღვაწის და მესტამბის – ანთიმოზ (ერობაში ანდრია) ივერიელის მოწაფე. ანთიმოზმა ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი. პირველი ქართული წიგნები, რომლებიც  1709 წელს ვახტანგისეულ სტამბაში დაიბეჭდა, იყო სახარება – ოთხთავი და ,,დავითნი“. ისინი მხოლოდ შავი საღებავით, ნუსხური შრიფტით იყო დაბეჭდილი. ვახტანგმა ნუსხური შრიფტის მაგივრად შემოიღო უფრო მარტივი მხედრული შრიფტი. შემდეგ წიგნებში შრიფტთა სხვადასხვაობა შეინიშნება. სტამბაში შემოვიდა წითელი საღებავიც. აქ დასტამბული წიგნები ტოლს არ უდებდა ევროპაში დაბეჭდილს, უმაღლესი დონის იყო ტექნიკური თუ მხატვრული შესრულების ყოველი მხარე: კარგი ხარისხის ქაღალდი, მტკიცე და ფაქიზი აკინძვა, მაღალმხატვრული შემკობა-დასურათხატება (გრავიურით).
1712 წელს თბილისის სტამბაში დაიბეჭდა ,,ვეფხისტყაოსანი“. მას თან ახლდა კომენტარები, რომელიც სულხან-საბას ძმამ ნიკოლოზ ორბელიანმა, იგივე თბილელმა, გერმანე მღვდელმონაზონმა, კვიპრიანე სამთვნელმა, გარსევან-გაბრიელ მღვდელმა,  ვახტანგის ძმამ კათალიკოსმა დომენტიმ და თვით ვახტანგმა დაურთეს. ეს იყო „ვეფხისტყაოსნის“ პირველი მეცნიერული შესწავლის მცდელობა, რაც საკმაოდ წარმატებულად მოხერხდა. კათალიკოსი დომენტი მეცნიერება რუსთველოლოგიის დამფუძნებლად ითვლება.
1712 წელს ვახტანგი სპარსეთში გაიწვიეს, რის შემდეგაც სტამბამ მუშაობა ბევრად შეანელა. 1713-20 წლებში მხოლოდ 5 წიგნი დაიბეჭდა. 1721-22 წლებში სტამბას ერთგვარი აღორძინება ჰქონდა, ვახტანგის ვაჟმა ბაქარმა და ვახუშტი ბაგრატიონმა გამოსცეს ვახტანგის თარგმნილი ,,ქმნულების ცოდნის წიგნი“ ანუ ,,აიათი“ –  სასკოლო სახელმძღვანელო და სამეცნიერო წიგნი .  ბოლო წიგნი, რომელიც 1722 წელს აქ დაიბეჭდა,  იყო „ჟამნი“. 1723 წელს ოსმალთა შემოჭრის გამო სტამბა დაიხურა. 1709-1722 წლებში სტამბაში სულ 19 წიგნი დაიბეჭდა.
ვახტანგ მეექვსის შემდეგ თბილისში სტამბის განახლება ერეკლე II-მ ითავა. მისი სტამბა 1749-1802 წლებში ფუნქციონირებდა. თავდაპირველად განახლებული სტამბა მოთავსებული იქნა საპატრიარქო სასახლეში, ხოლო შემდეგ სამეფო პალატაში, ანუ, როგორც ხანდახან უწოდებდნენ – სამეფო ეზოში. ერეკლემ ახალი შრიფტი ჩამოასხმევინა და სტამბის მოსაწყობად კონსტანტინეპოლიდან პოღოს ოჰანისიანი დაიბარა. სტამბაში ძირითადად საეკლესიო წიგნები იბეჭდებოდა. 1800 წელს ერეკლეს სტამბაში დაიბეჭდა დავით ბატონიშვილის ნარკვევი ანუ მსოფლიო ისტორია. ამ პერიოდის გამოცემებზე ხანდახან დართული იყო ცნობები მისი ტირაჟის შესახებ. წიგნები 400-დან 1000 ტირაჟამდე იბეჭდებოდა. 
1795 წელს თბილისში შემოჭრილმა აღა-მაჰმად-ხანმა სტამბა მიწასთან გაასწორა. აღმოსავლეთ საქართველოში პოლიგრაფიული საქმიანობა XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შეწყდა.
XIX საუკუნის დასაწყისში სტამბა დაარსდა ქუთაისში. იმერეთის მეფე სოლომონ II-ის ინიციატივით, 1803 წელს ამ სტამბას სათავეში ჩაუდგა მოზდოკის სტამბიდან მოწვეული რომანოზ რაზმაძე-ზუბაშვილი. იმერეთის სტაბმა 1809-1811 წლებში მუშაობდა სოფელ წესში, 1815-1817 წლებში კი საჩხერეში (ზურაბ და გრიგოლ წერეთლების კარმიდამოში). ამის შემდეგ წიგნის გამოცემა კვლავ შეფერხდა. ცნობილია, რომ მოსკოვისა და პეტერბურგის გარდა, სხვადასხვა დროს ქართული წიგნი გამოდიოდა აგრეთვე პარიზსა და მონთიბანში (საფრანგეთი), ლონდონში, ბერლინში, ვენეციაში, კონსტანტინეპოლში, კავკავში, ბაქოსა და სხვა. მათ გარკვეული როლი შეასრულეს ქართული წიგნის ისტორიაში.

1836 წელს ქართული წიგნის გამოცემა თბილისში კვლავ გამოცოცხლდა. 1851-1867 წლებში სულ  142 ქართული წიგნი გამოვიდა. ბეჭდვითი საქმის განვითარებაში განუზომელი წვლილი მიუძღვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცეებელ საზოგადოებას. გარდა თბილისისა, სტაბმები დაარსდა ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ზუგდიდში, სენაკში, ხონში, გორში, თელავში, სიღანაღსა და ზესტაფონში. თბილისში ამ პერიოდისთვის არსებობდა 19 სტამბა, სადაც იბეჭდებოდა წიგნები, ჟურნალები და გაზეთები. XIX საუკუნის სამოციანი წლებისათვის საქართველოში განვითარდა საგამომცემლო საქმე და ქართული წიგნის ბეჭდვა აღარ შეჩერებულა.

 



სტატიის ავტორი – ნინო ივანიაძე

გამოყენებული ლიტერატურა:
1. დ. კარიჭაშვილი - "ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორია", 1929w.
2. მ. კურდღელაშვილი - "ქართული სტამბის ისტორიიდან"., 1959w.



 


megobari saitebi

   

01.10.2014