მღვდელი მიქელ თამარაშვილი
(1858-1911)

mRvdeli miqel TamaraSvili

შარშან ზაფხულს, მოულოდნელად და ტრაღიკულად გამოესალმა წუთი-სოფელს ჩვენი თანამემამულე და მხნე მკვლევარი საქართველოს წარსულის ცხოვრებისა, ისტორიკოსი მამა მიქელ თამარაშვილი. მამა მიქელი კათოლიკე იყო სარწმუნოებით, რომში იღვწოდა ბოლოს სამეცნიერო საისტორიო ღვაწლითა. ზაფხულის აუტანელ სიცხის გამო აგარაკად გასული, რომს ახლო სცხოვრობდა სანთა-მარინელას დაბაში. მასთან იყო მისი განუყრელი მეგობარი მღვ. აგვისტო. 2 სეკდემბერს ზღვის პირად ბანაობდნენ მოძღვარნი თვისის შეგირდებითურთ. უცბად ამინდი შეიცვალა, ზღვამ ღელვა დაიწყო და ზვირთს ზვირთზედ ისროდა. ამ დროს გაისმა ხმა განწირულისა, შველის ძახილისა. ცხადი იყო, ვიღაც ზღვაში მობანავეთაგანი იღრჩობოდა. მოძღვარნი აღელდნენ, შეეშინდათ, ჩვენი შეგირდი ხომ არ არისო. უცებ მოისაკლისეს ერთი რომაელი ხელოსანი, სახელად გაბრიელი, რომელიც წუთის წინად მათთან ერთად იყო. ის თურმე იღრჩობოდა, ის ჩაეხვია აღელვებულ ზღვის ზვირთებს და განწირულის ხმით იხვეწებოდა შველას. მამა აგვისტოს გულმა ვერ მოუთმინდა და გადავარდა გაშმაგებულ ზღვაში მოყვასის საშველად. მაგრამ, როცა იმასაც გაუჭირდა, მამა მიქელიც აღიძრა სიბრალულის გრძნობით და გადაეშველა მეგობარს. ამ დროს მენავენიც გაჩნდნენ. მაგრამ გვიანღა იყო. ორივე მოძღვარი ემსხვერპლა შეუბრალებელ სტიქიონს. გადარჩა სიკვდილს მენავეთა წყალობით მხოლოდ ხელოსანი გაბრიელ.
ასე გასწირა თავი კაცთ-მოყვარებისა, მეგობრობისა და სიბრალულის გრძნობით გატაცებულმა მამა მიქელ თამარაშვილმა და მით მწუხარებით აავსო ჩვენი ერი, ის შეგნებული მისი ნაწილი, რომელსაც კარგად ესმის, რაოდენ მცირეა ჩვენში რიცხვი მცოდნე და მეცნიერ კაცთა საზოგადოდ და ისტორიისა და წარსულის ბეჯითად მკვლევართა კერძოდ და, მაშასადამე, რაოდენ ძნელია უდროოდ დაკარგვა ასეთის მუშაკისა, ერთად-ერთი ნუგეში მისთა თანამემულეთათვის ამ სამწუხარო გარემოებათა შორის ის-ღა იყო მხოლოდ, რომ მამა თამარაშვილმა გამოიჩინა დიდებული გრძნობა კაცთ-მოყვარეობისა და თავი დასდო მოყვასისათვის; რომ არც მღვდლის სამოსელმა, არც ძველის-ძველ ამბების მკვლევარობამა და მტვრიან არქივებში ჩხრეკა-ძიებამ არ გამოფიტა მისი ზნეობრივი არსება, არ დაშრიტა მის გულში წყარო მადლიანობისა და ადამიანის სიბრალულისა, როგორც უმეცრობით ჰგონებენ ამას ზოგიერთნი, არამედ ასე ბრწყინვალედ, ასე გმირულად შეასრულა მან მოვალეობა ადამიანისა, მოძღვრება ქრისტესი და ანდერძი მამა-პაპათა.
მიქელ თამარაშვილი (ერის კაცობაში ალექსანდრე) დაიბადა 1858 წელს ახალ-ციხეში. ძმები და დები საკმაოდ ჰყვანდნენ, ხოლო დედ-მამა ღარიბნი, მაგრამ პატიოსანნი და კეთილნი მეოჯახენი იყვნენ. პირველ-დასაწყისი სწავლა მიქელმა მიიღო სამრევლო სკოლაში აწ განსვენებულ და ცნობილ მამა იოანე მესხისგან (გვარამაძე). სწავლა ახალგაზრდა მიქელი ძალიან გაიტაცა, ხოლო ეკკლესიაში სიარულმა, წირვა-ლოცვის მოსმენამა და საღმრთო წერილის გაცნობამ აღაგზნო მის გულში ღვთის-მოყვარეობა და დიდი სურვილი კეთილისა, ღვთის სათნო ყოფა-ქცევისა, სამწუხაროდ, მიქელს მამა ადრე მოუკვდა, ჯერ როცა 15 წლისა იყო და, ობლობამ აიძულა ხელობას რასმე დასდგომოდა. თავის ძმით გრიგოლით ქუთაისს გადავიდა უფროს ძმა სოლომონთან და ეწეოდა თავის ხელობას. შემდეგ ეს ორნი ძმანი კვლავ ქართლში დაბრუნდნენ, ხაშურში გამართეს სახელოსნო ფეხსაცმელების კერვისა და ისე კარგად აწარმოვეს თავისი საქმე, რომ მცირეოდენი თანხაც გაიჩინეს. ამ თანხით დაბრუნდნენ ახალციხეს და ახლა იქ განაგრძეს კეთილი და პატიოსანი მუშაობა. წიგნების კითხვას, ხშირად ლოცვას და ღვთის-ვედრებას უფრო მეტის გულ-მხურვალებით ეძლეოდა თანდათან ახალგაზრდა მიქელი, მოშორებული ყოველ-გვარ გართობასა და დროს ამაოდ კარგვას ტოლ-ამხანაგებში. ბოლოს გადასწყვიტა ბერად აღკვეცა და მიტოვება მსოფლიო ზრუნვისა. ძმამ დაუშალა, მაგრამ დაშლა ძმისა არ შეისმინა. როგორც იყო, მოახერხა კოსტანტინეპოლს მისვლა 1878 წელს, უკვე ოცის წლისამ და იქაურ ქართველ კათოლიკეთა მონასტრის დამაარსებელს მღვ. პეტრე ხარისჭალაშვილს მიჰმართა. მამა პეტრემ შეიწყნარა ახალგაზრდა კაცი, მიიღო მოსწავლედ და ყურადღებითა და მზრუნველობით მფარველობდა. ბერად აღკვეცილი მიქელ ახალ კაცად გარდაიქმნა, სულიერად დამშვიდდა, რაკი ნატვრა თვისი აისრულა და გაორკეცებულის მხნეობით შეუდგა სწავლას: სწავლობდა ქართულს, ლათინურს, ფრანგულს. მალე სხვებთან ერთად წარიგზავნა საბერმონაზონო მოღვაწეობაში განსავითარებლად ესპანიას. იქ მიქელმა დაჰყო ორს წელიწადს. შემდეგ უკან დაბრუნდა კონსტანტინეპოლს დედა-მონასტერში და აქ მიქელ მღვდლად აკურთხეს. მღვდლად კურთხევამ კიდეც გაახარა მიქელი და თან დააღონა კიდეც. ჭეშმარიტის მღვდლობის მტვირთველს დიდი მომზადება და სწავლა ეჭირვება. მიქელმა და მისმა ამხანაგმა მღვ. იოსებ მერაბმა ბევრი სთხოვეს მამა ხარისჭარაშვილს, გაგვგზავნე საფრანგეთს სწავლის განსაგრძობადაო. ბევრი თხოვნისა და მუდარის შემდეგ აუსრულდა თხოვნა მიქელს და გასტუმრებულ იქნა პარიჟს, საცა განთქმულ წმ. ლაზარეს სასულიერო სასწავლებელში იქმნა მიღებული. აქედან მალე ისევ კონსტანტინეპოლში დააბრუნეს, ხოლო იქიდან საქართველოში გადმოვიდა. მაშინ ქართველ კათოლიკეთა მდგომარეობა საქართველოში ვერ იყო სასურველ ყოფაში და მიქელ თამარაშვილს გულითა და სულით სწყუროდა სამსახური თვისთა თანამორწმუნეთა სასარგებლოდ, მაგრამ აქ ამ დროს კათოლიკეთა სასულიერო უწყების უფროსად იყო პრელატი ორლოვსკი, რომელმაც მალე შეატყო ახალგაზრდა ბერს, რა აზრების მიმდევარიც იყო და ან რა მამულიშვილური გრძნობა უღვიოდა გულში. ამიტომ არავითარი გზა არ მისცა და არაფრით ხელი არ აღუპყრა. მალე გამოუცხადეს კიდეც, ტფილისი უნდა დასტოვოო. მეტი რა ღონე იყო; მამა მიქელმა ისევ ახალციხეს მიაშურა; აქ დაუფიქრდა, როგორც თავის გარემოებას, ისე ქართველ კათოლიკეთა შევიწროების საქმეს და მიხვდა, რომ რაღაც მანქანებით უნდათ მოსპონ ქართველი კათოლიკობა, გააქრონ მათი ვინაობა, უარჰყონ საზოგადოდ არსებობა ქართველ კათოლიკობისა. ამ გარემოებამ მეტად დააღონა მამა მიქელი და აიძულა ღრმად ჩაეხედნა თავისს გულსა და გონებაში, აეწონ-დაეწონა თავისი ძალ-ღონე, მომზადება, სამეცნიერო ავლა-დიდება. მამა მიქელი მიხვდა, რომ ბრძოლა იყო საჭირო, ბრძოლა მედგარი, მაგრამ თან მეცნიერული, დამყარებული საბუთებზედ, კვლევა-ძეიბაზედ.
მამა მიქელმა გადაწყვიტა კვლავ ევროპაში წასვლა და უკეთ მომზადება, უკეთ კი ძნელია. უფულოდ, უსაღსროდ, უცხო ქვეყანაში უცხო კაცს რითი რა უნდა მოეხერხებინა? მაგრამ მამა მიქელისთვის დაბრკოლება არ არსებობოდა. მან გმირულად სძლია ყოველს დაბრკოლებას, შეუდგა კვლავ სწავლას; საზოგადო სწავლაში საკმაოდ დახელოვნებულმა, ფილოსოფიაში უკვე გაწვრთნილმა, საღვთო-მეტყველო საგნებს მიაპყრო ყურადღება და იმდენად წარმატებით შეიგნო ეს მეცნიერება, რომ ღვთის-მეტყველებაში დოქტორის ხარისხით იქმნა დაჯილდოვებული. მალე, ესე იგი 1891 წელს, დაიბეჭდა მისი საკმაოდ ვრცელი წერილიცა ერთს ფრანგულ გაზეთში კათოლიკეთა შევიწროებაზედ საქართველოში. ამ წერილმა დიდი ყურადღება მიიქცია ევროპისა, რომელმაც ახლა გაიგო პირველად, რომ არსებობაც კი უარ-ჰყოფდნენ საქართველოში ქართველ კათოლიკებისას. ვინც არიან, ისინი ქართველი კათოლიკენი კი არ არიან, სომხის კათოლიკენი არიანო, სომხის ეროვნებისანიო. რასაკვირველია, უარის მყოფელთ პირას დასაყოფად გაზეთში დაბეჭდილი წერილი არ კმაროდა, საჭირო იყო საბუთები, მრავლად საბუთები და კიდევ საბუთები, საბუთები ისტორიული, უეჭველი, ბრმათა თვალის ამხილველი. და აი აქედან იწყება მამა მიქელის თავ-გამოდებული, თავ-განწირული სამეცნიერო მოღვაწეობა ყოვლად ძნელსა და აუტანელს გარემოებაში. მამა მიქელმა უსაღსროდ, სიღარიბეთა და გაჭირვებით მოვლო ევროპის ცენტრები, გაიცნო არქივები ვათიკანისა, პროპაგანდისა, კაპუცინებისა და სხვათა საისტორიო საუნჯენი, შეუდგა შრომას, მასალის მოგროვებას, სისტემატიზაციას და ამ შრომის ნაყოფი იყო შესანიშნავი მისი წიგნი „ისტორია კათოლიკობისა საქართველოში“. ეს წიგნი დიდის ზომისაა, 420 ფურცელი და შეიცავს აუარებელს საისტორიო მასალას. ამ წიგნში მოთავსებულ მასალისა და საბუთების წყალობით, ნათლად ჰხედავთ, რა მდგომარეობაში იყო საქართველო და რა ჭირსა და უბედურებას განიცდიდა, მეცამეტე საუკუნიდან დაწყებული მეცხრამეტემდე. მიწერ-მოწერა სხვა და სხვა კათოლიკე მისიონერთა და რომისა, რომისა და საქართველოს მეფე-კათოლიკოზთა, მთავართა და წარჩინებულთა კაცთა, მოთავსებული ამ წიგნში, ცხადად ჰმოწმობს, რა ყოფაში იყო, ქართველ კათოლიკეთა გარდა, თვით საქართველოს ცხოვრებაცა. ეს ძვირფასი წიგნი სახელოვანმა მამულიშვილმა და დიდმა ქველმოქმედმა ნეტარ-ხსენებულმა სტეფანე ზუბალაშვილმა დაჰბეჭდა თავის ხარჯით 1903 წელს.
მეორე საინტერესო, თუმცა არა იმდენად ძვირფასი, თხზულება მამა მიქელისა იყო „პასუხად სომხის მწერლებს, რომელნის უარჰოფენ ქართველ კათოლიკობას“. ეს წიგნი დაიბეჭდა 1904 წელს და დიდი აურ-ზაური ასტეხა, მაგრამ არა ისე ჩვენში, როგორც ევროპაში. წიგნის წინააღმდეგ ამხედრდნენ მეტად მეხითარისტები ვენეტიკისა. იქამდე გამწვავდა საქმე, რომ პაპმა პასუხის საგებად მიიწვია ავტორი, რომელმაც ყოველივე ბრალდება თავიდან აიყარა. დავა-საჩივარი მის სასარგებლოდ გათავდა და, დასჯის მაგიერ, მამა მიქელმა მოიპოვა პატივის-ცემა და მფარველობა პაპი პიოსი და რომის წმიდა ტახტისა. მალე ამ ორ შრომას მოჰყვა მესამე, ფრანგულად დაწერილი, ისიც ფრიად საინტერესო, მრავალის შესანიშნავის მხატვრობითა და სურათით შემკული: „ისტორია საქართველოს ეკლესიისა“. ევროპამ ახლა უფრო სცქვიტა ყურები და დიდის ცნობისმოყვარეობითა და ინტერესით მიეგება, რადგან ფრანგული ყველგან კარგად იციან იქ, მეტადრე მეცნიერთა და მკვლევართა. ეს წიგნი დაიბეჭდა 1910 წელს, საკმაოდ მოზრდილია, in octavo და შეიცავს 700 გვერდს. მოკლე ხანში 50-ზედ მეტი რეცენზია დაიბეჭდა ამ წიგნის შესაქებ-შესამკობლად ევროპის ჟურნალ-გაზეთებში. უმთავრესი აზრი ამ რეცენზიებისა ის იყო, რომ ეს წიგნი „ახალი ისტორიული გამოცხადება და აღმოჩენააო“. მრავალი მილოცვის წერილი მოიუვიდა ავტორს, ხოლო პაპმა პიო მე-X-მ, რომის კარდინალის მერრი დელ ვალის პირით, შეუთვალა სამოციქულო კურთხევა, „როგორც ჯილდო მაგ თქვენის შრომისათვისაო“, სწერდა განსვენებულს მიქელ თამარაშვილს კარდინალი.
ასე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მღვდელი მიქელ თამარაშვილი სასარგებლოდ ქვეყნისა და მეცნიერებისა და სწორედ იმ დროს, როდესაც სახელი მისი გაითქვა, როდესაც გონება მისი უაღრესად დაბრძენდა, საბუთები და მასალა აუარებელი მოუგროვდა ახალ-ახალ გამოკვლევათათვის ჯერ ისევ ჯან-ღონით სავსეს, სწორედ მაშინ გვიმუხთლა ბედმა და განრისხებულმა სტიქიონმა გააქრო ჩვენთვის ესეოდენ ძვირფასი სიცოცხლე ჩვენი წარსულლის მკვლევარისა.
საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!  


სტატიის (ნეკროლოგის) ავტორია - გრიგოლ (გიგა) ყიფშიძე;

სტატია აღებულია წიგნიდან - „ძველი საქართველო“, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების კრებული, II ტომი, რედაქტორი - ე. თაყაიშვილი, ტფილისი 1913 წელი.

 


megobari saitebi

   

28.07.2016