ლაშაგიორგი IV
(1192–1223)

გიორგი - ლაშას ბუნების თავისებურება და მისი პოლიტიკური საქმიანობა

თამარის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო სამეფო ტახტი მის ჭაბუკ შვილს ლაშა-გიორგის ერგო. უკვე თავის სიცოცხლეშივე დედამ თორმეტი წლის თავისი მომავალი მემკვიდრე თანამოსაყდრედ დასვა. ოცი წლის იყო, როდესაც ბედმა ამ ჭაბუკს სრულიად საქართველოს, XII საუკუნის განმავლობაში მახლობელს აღმოსავლეთში უკვე უძლიერეს და მოწინავედ ქცეულ სახელმწიფოს, მესაჭეობა არგუნა.
იმ ხანაში საქართველოს, შინაგანს გაერთიანებასა და პოლიტიკურ ზრდასთან ერთად, ძლევამოსილი ომებითა და სამხედრო ძალით შემოერთებული ქვეყნის მოსახლეობის გულის მოგება და მომტკიცება სჭირდებოდა, ბრძნული, წინდახედული პოლიტიკისა, სრული მყუდროების დამყარებისა და კეთილმოსურნე სოციალ-ეკონომიური და კულტურული საქმიანობის საშუალებით. ასეთი დიდი მოვალეობის განხორციელება მხოლოდ თამარისებრშორსგამჭვრეტელი საერთაშორისო პოლიტიკის გამგრძელებელს შეეძლო, რომელსაც ამასთანავე, დავით აღმაშენებელის მსგავსად, მიზანშეწონილი, გეგმიანი სახელმწიფოებრივი საქმიანობის ნიჭი და მისი ასრულებისათვის ყოველგვარი დაბრკოლების გადამლახავი ნებისყოფაც აღმოაჩნდებოდა.
სამწუხაროდ, რაინდული სულისკვეთებითა და პატიოსნებით უხვად დაჯილდოვებული ლაშა-გიორგი, ვითარცა დედისერთა ვაჟიშვილს სჩვევია, განებივრებული და თავისნათქვამა ჭაბუკი გამოდგა. მას ზემოაღნიშნული ფართო და დიდი ამოცანებისათვის არც სათანადო ძალა შესწევდა. იმ უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც საქართველოს შემდგომი წარმატებისა და ძლიერების განმტკიცებისათვის საჭირო იყო, ლაშა – გიორგი გამოსადეგი ვერ აღმოჩნდა.
რასაკვირველია, არც თვით საქართველოში და არც ყმადნაფიცსა და არც მოსაზღვრე ქვეყნებში ხალხს ახალგაზრდა მეფის ხასიათის ნაკლი არ გამოჰპარვია. ამიტომაც პირველად ყმადნაფიცმა სამფლობელოებმა სცადეს ლაშა-გიორგის სიჭაბუკით ესარგებლათ, ხოლო ყველაზე უწინ განძის ათაბაგმა მოისურვა განთავისუფლება: განუდგა საქართველოს და ხარკის მოცემაზე უარი განაცხადა. ახალგაზრდა მეფემ წარჩინებულებთან ერთად გადასწყვიტა უმალ ამ პირველი მცდელობისათვის ყურადღება მიექცია, რომ განძის მფლობელს მიმბაძველები არ აღმოსჩენოდნენ, და საქართველოს სახელმწიფოს ჯარი მთავარსარდლის მეთაურობითა და ჭაბუკი მეფის მონაწილებით, განძის ათაბაგის სამფლობელოს მიადგა.
განძამდის განდგომილ ათაბაგს წინააღმდეგობა არსად გაუწევია. თავის დედაქალაქის დასაცავადაც წინ დახვედრა და ქალაქს გარეთ შებრძოლება ვერ გაუბედია, არამედ თავის ლაშქრითურთ შიგ განძაში გამაგრდა.
საქართველოს მთავარსარდლობას, ქალაქის იერიშით აღების მაგიერ, ათაბაგისა და მისი მთელი სამხედრო ძალის იქ შემწყვდევა უცვნია უფრო მიზანშეწონილად. მართალია, ამ წესით განმდგარი ქვეყნის მმართველის დამორჩილებისათვის გაცილებით უფრო მეტი დრო იყო საჭირო, მაგრამ ალყაშემორტყმული ათაბაგი სულ ერთია იძულებული იქნებოდა ქედი მოეხარა და ასე - კი, სამაგიეროდ, არც გარემოცულ ქალაქთა და საქართველოს ჯარის სისხლი დაიღვრებოდა ტყუილ-უბრალოდ და არც დამორჩილებული მოსახლეობის გული საქართველოსადმი ისე გაბოროტებული იქნებოდა, როგორც იერიშთა და მკაცრი სამხედრო საშუალებით დაპყრობა–განადგურების შემდგომ. ჭაბუკ ლაშა-გიორგის – კი საქმის ასეთი გაჭიანურება ვერაფრად მოსწონებია: მას სწრაფი და გადამწყვეტი ბრძოლა სწყუროდა.
რაკი ლაშა-გიორგის თავისი აზრი მთავარსარდლობაში სამხედრო ბჭობის დროს, ეტყობა, ვერ გაუტანია, ამიტომ გადაუწყვეტია დამოუკიდებლივ და სხვებისათვის უცნობელად თითონ დაეწყო აქტიური საომარი მოქმედება. ამ მიზნით თავის ნაწილითგან 4000 რჩეული ჯარისკაცი წაიყვანა და ამ მცირე ძალით განძას იმ მხრითგან შემოუარა, რომელიც მტკვრისაკენ იხედებოდა.
განძის ათაბაგს მეფის ასეთი მცირერიცხოვანი ჯარით წამოსვლის არ გამოჰპარვია და უეცრად ქალაქიდან გაროშემომვლელ ამ რაზმს დიდი ძალითურთ თავს დაესხა. ატეხილს სასტიკსა და მეტად სისხლისმღვრელ ბრძოლაში, მეთაურთა და თვით ლაშა–გიორგის მაგალითითა და გამამხნევებელი მამაცობის წყალობით, თუმცა დიდი მსხვერპლის განწირვის შემდგომ, ქართველთა რაზმმა მაინც განძელები დაამარცხა. მაგრამ განძელთა ლაშქრის გადარჩენილმა მცირერიცხოვანმა ნაწილმა ქალაქ განძის ზღუდეში უკან დახევა მოახერხა და ამრიგად ლაშა – გიორგიმ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. იმისდა მიუხედავად, რომ მის განხორციელებას ამოდენა ხალხის სიცოცხლე შეეწირა. განძაში მომწყვდეულნი მცხოვრებნი გარემოცვისაგან გაჭირვებულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და ამის გამო ათაბაგი ბოლოს იძულებული იყო ისევ ქედი მოეხარა: იგი საქართველოს მეფის ხარკის წინანდებურად ძლევას შეჰპირდა და თანაც განდგომის პატიებას ევედრებოდა. ლაშა-გიორგიმ ვედრება შეისმინა. ათაბაგისაგან დიდი და ძვირფასი ძღვენი მიიღო, ხარკი კვლავ განუჩინა. დატყვევებული განძელებიც - კი განთავისუფლა და გამარჯვებული დედაქალაქში დაბრუნდა.
საქართველოს სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროს ზოგმა ყმადნაფიცთაგანმაც სცადა საქართველოს ჩამოჰშორებოდა. ამის გამო 1219 წელს ლაშა-გიორგიმ იქითკენაც გაილაშქრა და ორონტი და სხვა ციხეები ნახჭავნამდე კვლავ აიღო. ამავე მიზეზის გამო ხლათის სულტნის წინააღმდეგაც აუცილებელი გახდა ამხედრება, მაგრამ ხლათის მფლობელიც დამარცხდა და ისევ საქართველოს დაჰმორჩილდა. დასასრულ, სახელმწიფოს ძლიერება უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთისაკენაც იქნა განმტკიცებული: კარნუქალაქენი საქართველოს დაუერთგულდნენ და კიდევაც დაემოყვრნენ.

საქართველოში ამრიგად შიგნითაც და ყმადნაფიცებთან, მეზობლებთანაც უკვე სრული მყუდროება იყო დამყარებული, რომ ლაშა-გიორგის დასავლეთ ევროპითგან რომის პაპის ჰონორიუსის ეპისტოლე მოუვიდა, რომელშიც ის საქართველოს მეფეს სთხოვდა თავისი ძლევამოსილი ჯარითურთ მაჰმადიანთა წინააღმდეგ პალესტინის განსათავისუფლებლად კვლავ განზრახულს ჯვაროსანთა ომში მონაწილეობა მიეღო. პაპს მიზნად ჰქონდა დასახული, რომ ამით დასავლეთითგან წამოსული ჯვაროსნებისათვის ბრძოლა გაეადვილებინა. ლაშა-გიორგის რაინდული სულისკვეთებისათვის ეს წინადადება იმდენად მომხიბლავი აღმოჩნდა, რომ ჯვაროსანთა ომში მხურვალე მონაწილეობის მისაღებად დაუყოვნებლივ მზადებას შეუდგა, მაგრამ სრულებით მოულოდნელად თვით საქართველოს საზღვრებს მანამდე უცნობი მტერი მოადგა და ამ გარემოებამ საქმეთა მიმდინარეობას სულ სხვა მიმართულება მისცა.

 

მონღოლთა პირველი ხანმოკლე გამოჩენა საქართველოში და გიორგი–ლაშას ნაადრევი სიკვდილი

კარზე მომდგარი უცხო მტერი მონღოლები იყვნენ, რომელთა ვინაობა არამცთუ მარტო მაშინდელი საქართველოსათვის, არამედ მთელი დანარჩენი მახლობელი აღმოსავლეთის მცხოვრებისთათვისაც - კი სრულებით უცნობი იყო. ეს გარემოება არც გასაკვირველია, რათგან მონღოლები შორეული ქვეყნითგან დაიძრნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წლები იყო, რაც ისინი საისტორიოსა და პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ.
მონღოლთა მეთაურს, ჩინგიზ-ხანს, ყველა თვისტომების გაერთიანებისა და მათ უზენაეს მბრძანებელად, ყაანად, ქცევის შემდეგ, ხვარაზმშაჰ მუჰამმედთან და მის შვილ ჯალალედინთან შურისძიებით ნაკარნახევმა, დაუნდობელმა ბრძოლამ პირი ერანისაკენ აბრუნებინა. როდესაც ხვარაზმშაჰი მუჰამმედი და მისი შვილი ჯალალედინი დამარცხდნენ და უკანასკნელი ღაზნაში გაიქცა ახალი ლაშქრის შესაგროვებლადა და მონღოლების მრისხანე მბრძანებელთან კვლავ შესაბრძოლებლად, ჩინგიხ-ხანმა, თავისი მომავალი სამხედრო მოქმედების ასპარეზის უზრუნველყოფისათვის, ორი თავისი ყველაზე მარჯვე სარდალი, ჯებე და სუბუდაჲ, ღაზნასა, ღარჯისტანსა, ზაბულსა და ქაბულში 30000 ცხენოსანი ჯარითურთ დასაზვერავადა და გზების შესაკრავად წარგზავნა. ისინი ხვარაზმშაჰს კვალდაკვალ სდევნიდნენ და, იმისდა მიხედვით, როგორც თანდათან ჯალალედინი უფროდაუფრო დასავლეთით, ერანისაკენ და ერანის მიწაწყალზე, ლამობდა ფეხის მოკიდებასა და გამაგრებას, მონღოლებიც ამავე გზით მოჰყვებოდნენ და დაგეშილ მეძებარ-მწევრებივით, მას ნადირის მსგავსად, მოსვენებას არ აძლევდნენ.
დასაზვერავადა და გზების შესაკრავად წარვლენილი მონღოლთა სარდლები, დავალების ასრულების შემდეგ, უნდა ისევ მონღოლეთში, ყაანის ურდოში, დაბრუნებულიყვნენ. ამისათვის მათ პირი უკვე უნდა ჩრდილოეთისაკენ ებრუნათ და თავიანთ სამშობლოში დარუბანდის გზით მისულიყვნენ. ჩრდილოეთს ერანში, ადარბადაგამდე რომ მიაღწიეს, მათ, საძოვრების გულისათვისაც, თანაც, ვითარცა დარუბანდისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეს, რანისა და შირვანის საძოვრებსა და მიწაწყალსაც უნდა მოსდგომოდნენ. ეს - კი, რამდენადაც ზემოაღნიშნული ქვეყანა საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიცის სამფლობელოებს, წარმოადგენდა, საქართველოს საზღვრების გადმოლახვას უდრიდა. სწორედ ასეც მოხდა: 1220 წელს მონღოლთა 20000 მხედრისაგან შემდგარს ჯარს ჯებესა და საბუდაჲს მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი გადმოულახავს. ეს ისე მოულოდნელად მოხდარა, რომ ქართველთა მონაპირე 10000 კაცისაგან შემდგარ ჯარს წინ მომავალი უცხო მტრისათვის მხოლოდ დადევნება–ღა შესძლებია.
შემდეგ ლაშა-გიორგის სასწრაფოდ საკმაოდ მოზრდილი ჯარისათვის მოუყრია თავი, მაგრამ აქ მონღოლებს საქართველოს ჯარის წინააღმდეგ თავიანთი ჩვეულებრივი სამხედრო ხერხი გამოუყენებიათ: ლაშქრის ორად გაყოფა და ერთი ნაწილის გარკვეულ ადგილას წინასწარ ჩასაფრება, მეორე ნაწილის – კი ჯერ პირისპირ შებრძოლება, ხოლო შემდეგ განზრახ იმ ადგილამდე უკუქცევა, სადაც მათი ლაშქრის ჩასაფრებული ნაწილი იყო და იქ დადევნებული მტრის წინითგან და უკანითგან მოქცევა და ამით, თავს ზარის დაცემის შემდგომ, მოწინააღმდეგის განადგურება. მონღოლთა ბელადს ჩინგიზ-ხანს ამ ნაცადი სამხედრო საშუალებით ბევრგან გაუმარჯვია, და საქართველოს ჯარიც ასევე დამარცხდა და საგრძნობლად დაზარალდა კიდეც. ასეთი გამარჯვების შემდგომაც მონღოლებმა, გზების ვიწროობისა და ტყით დაბურულობის გამო, უკან დადევნება ვერ გაბედავს და უკუ იქცნენ.
ერთი წლის შემდგომ მონღოლები კვლავ საქართველოსაკენ წამოვიდნენ, მაგრამ, შეიტყეს თუ არა თავიანთი ჯაშუშებისაგან, რომ ქართველებს მათთან საბრძოლველად ჯარი უკვე მზად ჰყავდათ, უკანვე გაბრუდნენ. სასწრაფოდ საქართველოს გაეცალნენ, დარუბანდისკენ მიმავალი ჩრდილოეთის გზით დაღისტანზე გადაიარეს და ისევ თავიანთ სამშობლოში მივიდნენ.
დამახასიათებელია, რომ ამ მოულოდნელი და უცნობი მტრის ლაშქრის ვინაობა, მათი წასვლის შემდეგაც, საქართველოში იმდენად ხეირიანად არ სცოდნიათ, რომ ლაშა-გიორგის დროინდელს მემატიანეს მათი სახელიც – კი მოხსენებული არა აქვს, ხოლო ამ ამბის სამი წლის შემდგომაც, თავის ძმის ლაშა–გიორგის სიკვდილის უმალ გამეფებული რუსუდანი ისევე, როგორც იოანე ათაბაგი მხარგრძელი 1223 წელს რომის პაპს ჰონორიუსს სწერდნენ, რომ მონღოლები ქრისტიანები გვეგონნნენ, მაგრამ ცუდი ქრისტიანები გამოდგნენო, თუმცა ქრისტიანობასთან მათ რწმენას საერთო არაფერი ჰქონდა და ისინი წარმართნი იყვნენ, შამანობის მიმდევარნი.

საქართველოში მონღოლთ გამოჩენა და გაცლა შემთხვევით და უმნიშვნელო მოვლენად მიუჩნევიათ და არც მის მიზეზებს და არც მათი ძლიერების საშიშროებას, ეტყობა, მაშინდელი მმართველი წრეები არ გამოჰკიდებიან. ლაშა-გიორგი დამშვიდებული თავისი დის რუსუდანის გათხოვებას შეუდგა: სხვადასხვა მთხოვნელთა შორის მას უმჯობესად შარვანშაჰი უცვნია. ბაგავანში ათი დღის განმავლობაში ნიშნობის წესიც კი გადაუხდია, მაგრამ სწორედ იქ ყოფნისდროს მოულოდნელად 1222 წელს 18 იანვარს ლაშა-გიორგი გარდაიცვალა. რამ გამოიწვია ასეთი უეცარი სიკვდილი, არა ჩანს, მის თანამედროვე მემატიანესაც - კი ამაზე არაფერი აქვს ნათქვამი. მისი ერთი გამონათქვამის მიხედვით, რომ მონღოლებთან ბრძოლის დროს ”პირველი წყლულება მათგან იქმნა”-ო, შესაძლებელია გვეფიქრა მხოლოდ, რომ ეს ცნობა ლაშა-გიორგის გულისხმობს და ჭაბუკი მეფეც სწორედ ამ წყლულებმა იმსხვერპლა.

 

გიორგი-ლაშას ზოგადი დახასიათება

ლაშა-გიორგი გულადი მებრძოლი, გულწრფელი და რაინდული სულისკვეთებით გამსჭვალული ჭაბუკი, განათლებული, ხელოვნებისა და სახიობა-გასართობის მოყვარული ადამიანი და დამოუკიდებელი, თავისუფალი აზროვნების მიმდევარი პიროვნება იყო. დედისაგან მას გულკეთილობა და ლმობიერება ჰქონდა თანდაყოლილი. ქართული სისხლის სამართლის სასჯელთა სისტემაში დიდებული თამარის მიერ განხორციელებული ცვლილება, რომლითაც მან სიკვდილად დასჯა და სხვა დამასახიჩრებელი, თუ ადამიანის ღირსების გამაწბილებელი სასჯელები აღკვეთა, გიორგი-ლაშასაც მტკიცედ ჰქონდა დაცული.
მაგრამ, ვითარცა დედისერთა ვაჟიშვილს და ნებიერად გაზრდილს უფლისწულს, ლაშა–გიორგის თანდათანობით თავისნათქვამი და თვითნება ადამიანისათვის დამახასიათებელი ნაკლი გამოაჩნდა, თავის გარშემოც თანდათანობით თავისი თანამოაზრე თანამოასაკენი შემოიკრიბა, დედის ნაცადი ხელისუფლები - კი ჩამოიცილა. თუმცა ლაშა-გიორგიმ იმდენი სახელმწიფოებრივი ალღო გამოიჩინა, რომ მამაპაპათა და დედის ნაანდერძევი სრულიადი საქართველოს ყოველივე მონაპოვრის შენარჩუნება შესძლო და ამ დიდი სახელმწიფოს მთლიანობის დაცვაც მოახერხა, რაც უკვე მას დიდ ღირსებად ჩაეთვლებოდა, მაგრამ ეტყობა ლაშა-გიორგის მაინც ნათლად წარმოდგენილი არ ჰქონდა ის დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მას, ვითარცა სამეფოს უზენაეს საჭეთმპყრობელსა და კეთილდღეობის მესვეურს, ეკისრებოდა და რომლის სიმძიმეც მას მკაფიოდ უნდა ჰქონოდა შეგნებული.
როგორც ცალკეული, კერძო მოქალაქე, ლაშა-გიორგი იმ დროისათვის ბევრი მხრით საინტერესო პიროვნებად უნდა იქმნეს მიჩნეული: თავისი რწმენის დასაცავად გამომჟღავნებული მისი მტკიცე ნებისყოფა, ეკლესიისადმი მისი თავისუფალი დამოკიდებულება, მისი გატაცება სახიობა-სანახაობითა და ხშირად ათეისტობამდი მიმავალი თეოსოფიურ მოძღვრების მიმდევარ სუფიების რინდთა წრესთან დაახლოვებულობა, მას იმხანისათვის ისეთ არაჩვეულებრივ ადამიანად გვაგულისხმებინებს, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში განმტკიცებული ძველი რწმენისა და ზნეობის დარღვევას არ ერიდება ხოლმე. ამ მხრივ მისი ქცევისა და თავგადასავლის მოკლე მიმოხილვაც საინტერესო სურათს გადაუშლის ადამიანს.
ველისციხეში ყოფნისას ლაშა-გიორგის ერთი მომხიბლავი ლამაზი გათხოვილი ქალი უნახავს. მის გაცნობას ჭაბუკი მეფის გულში იმდენად ღრმა სიყვარულის გრძნობა ჩაუნერგავს, რომ თავი ვერ შეუკავებია, ქმრისათვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისაგან მას ვაჟიშვილიც – კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა.
ადვილი წარმოსადგენელია თუ რა შთაბეჭდილება უნდა მოეხდინა მაშინ მეფის ამ საქციელს, რომელიც ქვეშევრდომისაგან გვირგვინნაკურთხი ცოლის წაგვრას წარმოადგენდა, დანაშაულებას, რომლისთვისაც ყოველი ჩვეულებრივი მოქალაქეც – კი საქართველოში კანონის წინაშე პასუხისმგებელი იყო. ამიტომაც ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენელნი მივიდნენ და სთხოვეს მეფეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევე ქმრისათვის დაენებებინა. თითონ – კი ცოლი შეერთო. ქართული სახელმწიფო სამართლით, მეფეს თავისი ქვეშევრდომის ცოლად შერთვა არ შეეძლო, არამედ თანამეცხედრედ მას უთუოდ რომელიმე სამეფო საგვარეულოს ასული უნდა მოეყვანა.
ლაშა-გიორგიმ მოსულთ თავის სატრფოს განტევებაზე გადაჭრილი უარი განუცხადა: ველისციხელ ქალს ის თავის ცოლად სთვლიდა და სამღვდელოების დარიგების მოსმენა მან თურმე არც - კი მოისურვა.
როდესაც ამ მუდარა-შთაგონების ცდის გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მათ იმავე საშუალებას მიჰმართეს, რომელიც IX საუკუნეში კლარჯეთის უდაბნოთა განთქმულმა არქიმანდრიტმა გრიგოლ ხანძთელმა აშოტ დიდი კურაპალატის წინააღმდეგ იხმარა: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკ მეფეს ამრიგად მისი გულის სატრფო ჩამოაშორეს.
საერო და საეკლესიო ხელისუფლების მმართველ წრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ლაშა-გიორგი ამის შემდეგ მაინც ცოლს შეირთავდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა: სხვა ქალის შერთვა მეფემ არ მოისურვა და სიკვდილამდე უცოლოდ დარჩა.
ეს ამბავი ლაშა-გიორგის გატაცების გულწრფელობასაცა და სიყვარულის გრძნობის სიღრმე-სიძლიერესაც ამტკიცებდა, ისევე, როგორც კანონიერი და უკანონო ცოლობისადმი და თვით ეკლესიის მოძღვრებისადმი ამ შემთხვევაში თავისებურს დამოკიდებულებასა და თავისუფალ აზროვნებასაც მკაფიოდ ამჟღავნებდა.
ნიჭიერ მწერალს შესაძლებელია ზემომოთხრობილი ”ვისრამიანის” მსგავსი მომხიბლავი, თანაც სოციალური პრობლემებით დაყურსვილი რომანისათვის გამოეყენებინა კიდევაც, ლაშა-გიორგი რომ ქვეყნის მესვეური არ ყოფილიყო, რომელსაც არ უნდა დაჰვიწყებოდა, რომ მის მოვალეობას ქვეშევრდომებისათვის კანონის შელახვის მაგალითის მიცემა არ შეადგენდა და რომ მას უფლება არ ჰქონდა, თავისი პირადი ბედნიერება უმწეო მოქალაქის უბედურებაზე აეგო. რაც კერძო პირს შესაძლებელია ეპატიოს, იმას ქვეყნის მმართველს ხალხი ვერ მიუტევებს და ამიტომაც იყო, რომ ლაშა-გიორგის საქციელს თანამედროვეთა შორისაც მითქმა-მოთქმა გამოუწვევია და მომდევნო ხანაშიც, მთელი საუკუნის განმავლობაში საქართველოს პოლიტიკური საქმეების მიმდინარეობაშიც - კი ლაშა-გიორგის ამდროინდელი ამბების ანარეკლი მკაფიოდ მოჩანს.

 

სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://www.nplg.gov.ge

http://qim.ge

http://www.orthodoxy.ge

http://www.presa.ge/new/

 



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან –  „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი, 1982წ.
ფრესკა აღებულია ინტერნეტ გვერდიდან - http://ka.wikipedia.org/.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014