კოლხთა და დერბენტის მცველ ქართველ მეომართა
გამოსახულებანი ებსტორფის მსოფლიოს რუკაზე

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ებსტორფის მსოფლიოს რუკა შუა საუკუნეთა დასავლეთევროპული კარტოგრაფიის ერთ-ერთ შედევრად ითვლება. და, რაღა თქმა უნდა, წინამდებარე სტატიაში შუა საუკუნეთა დასავლეთევროპულ კარტოგრაფიაზე დეტალური ლაპარაკის არც საშუალება და არც აუცილებლობა არ არის. ერთადერთი, მხოლოდ შევეხები მის ზოგად ნიშნებს.
შუა საუკუნეთა ქრისტიანული კარტოგრაფია იწყება დაახლოებით V საუკუნეში და გრძელდება XIV საუკუნის დამდეგამდე. ამ დროიდან შემორჩენილია მთლიანობაში ოთხასამდე მცირე ზომის რუკა და ორი დიდი რუკა, ებსტორფისა და ჰერეფორდის მსოფლიოს რუკები.
შუა საუკუნეების მსოფლიოს რუკა იძლევა ველტბილდს, რომელიც რელიგიური რწმენითაა განპირობებული. შუა საუკუნეთა ადამიანის ველტბილდი არის მთლიანად თავის თავში დახურული. ყოველივე შექმნილი და, საერთოდ, რაც ხდება, ღმერთის ერთიანი განგების განუყოფელი ნაწილია. რუკებიც უმეტესწილად რელიგიური პოზიციიდან დანახული სამყაროს ისტორია უფროა, ვიდრე ქვეყნიერების რეალური გეოგრაფიულ-კარტოგრაფიული სურათი, და, ამდენად, კარტოგრაფიაც და ისტორიოგრაფიაც თეოლოგიის, ბიბლიის ეგზეგეტიკის დამხმარე მეცნიერებებია. ამ პოზიციიდან მსოფლიოს რუკების გამოჩენა ბიბლიის ხელნაწერებსა და საღვთო წერილის კომენტარებში დასაშვები ხდება. ეს კარტოგრაფია უაღრესად არის ორიენტირებული ტრადიციაზე. ადრე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ფაქტიურად მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში სქემა უცვლელი რჩება. რუკების სიმბოლიკას უბრალო მნახველი ვერ გაიგებდა. შესატყვისი განათლების არმქონეთათვის ეს რუკები მხოლოდ ლამაზ სურათებად რჩებოდა. დიდი ადგილი ეთმობოდა ბიბლიურ მასალას, ასევე – მოციქულთა საქმიანობის ადგილებს.
ყოველგვარ ზომათა მიმართებაზე უარის თქმა შუა საუკუნეთა რუკის ძირითადი ნიშანია. ამასთან, შუა საუკუნეების რუკებზე კონკრეტული ადგილები მუდამ მათდამი მინიჭებული მნიშვნელობის მიხედვითაა დახატული. ამიტომ წმინდა მიწა ყოველთვის არაჩვეულებრივად დიდადაა გამოყოფილი. შუა საუკუნეთა მსოფლიოს რუკები ორიენტირებულია აღმოსავლეთზე.
შუა საუკუნეების რუკებზე ყველა რეგიონს ერთგვარად შესატყვისი თვისებები მიეწერება. აღმოსავლეთი განასახიერებს სითბოს, სინათლის, სიკეთის რეგიონს.მზის ამოსვლისას სინათლის ყოველდღიური დაბადება აღმოსავლეთს აქცევს სამოთხის, ქრისტეს, ცხონების ადგილად. სამხრეთიც ასევე გახლავთ სითბოს, სინათლის, სულიწმინდის მხარე. ჩრდილოეთი არის სიცივის, წყვდიადის, ბოროტის, ეშმაკის სამყოფელი. დასავლეთიც სიცივის, წყვდიადის, სიკვდილის რეგიონია, სიმბოლო იმისა, რომ ამ სამყაროში ყველაფერს თავისი ბოლო აქვს. ანუ რეალური სამყაროს ყოველი ნაწილი ერთგვარად სულიერ სამყაროზე იღებს ორიენტაციას, სულიერი სამყაროს გამოხატულებაა. ამ მხრივაც შუა საუკუნეთა კარტოგრაფია მთლიანად რელიგიურ-ქრისტიანულ მსოფლმხედველობას ემყარება.
შუა საუკუნეთა მსოფლიოს რუკები, როგორც წესი, მონასტრებში იქმნებოდა. აღნიშნული რუკების ფაქტიურად ყველა ავტორი სასულიერო პირია. პროფესიონალი კარტოგრაფები უმთავრესად ჩნდებიან პორტოლანების ეპოქის დადგომასთან ერთად. რუკები დაერთვოდა ხოლმე სამონასტრო ან კათედრალური სკოლების ეგრეთ წოდებულ სასკოლო წიგნებს: ისიდორ სევილიელს, ბედა ვენერაბილისს, სალუსტიუსს, მაკრობიუსს.
აზიისა და აფრიკის დიდი ნაწილები აღნიშნული კარტოგრაფისათვის ტერა ინკოგნიტად რჩება. ამიტომ თავიანთთვის უცნობ მხარეებს ერთმანეთთან აერთებდნენ, ინდოეთსა და ეთიოპიაში ძირითადად სოლინუსის, ისიდორ სევილიელის, “ფიზიოლოგუსის” თუ სხვა წყაროთა საფუძველზე ათავსებდნენ ათასგვარ სასწაულებრივ არსებებს თუ მონსტრუალურ ადამიანებს.
ევროპული კარტოგრაფიის მკვლევარი ფონ დენ ბრინკენი შუა საუკუნეების რუკას უწოდებს მსოფლიოს ქრონიკას, სადაც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული ქრისტიანული ისტორია და მსოფლიო ისტორია. ალექსანდრიასთან შუა საუკუნეთა რუკების ავტორები ჯიუტად ათავსებენ ალექსანდრიის შუქურას, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობიდან კარგად ეცოდინებოდათ, რომ შუქურა ალექსანდრიასთან არ დგას. რუკებზე ჭარბადაა ანტიკური სახელები. დიდი ხნის წინ გამქრალი პართელთა სამეფო ყველგან ფიგურირებს. არსად არ ჩანს კამბალეკი, ანუ პეკინი, მაშინ როდესაც თითქმის ყველა რუკაზე გამოსახულია ტროა.
მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ქრისტიანულ მსოფლმხედველობას უქვემდებარებენ, გარკვეულწილად მაინც ანტიკური გეოგრაფიული ცოდნის ტყვეობაში არიან. რუკებზე მოთავსებულ ინფორმაციაში დიდი ნაწილი უჭირავს ანტიკურობიდან შემორჩენილ ცოდნას, ოღონდ ეს ყველაფერი ქრისტიანული მსოფლმხედველობის წნეხშია გატარებული. როგორც წესი, რუკების უმრავლესობას თან დაერთვის ლეგენდათა მთელი კომპლექსი. ლეგენდებს რუკებზე ათავსებდნენ ხან მხოლოდ ტექსტის, ხან მარტო სურათის, ხან კიდევ ორივეს კომბინაციის სახით. შუა საუკუნეთა კურტუაზული რომანის სიუჟეტები აღნიშნულ რუკებზე არ ჩნდება, რადგან ისინი არ ერგებოდნენ სასულიერო ავტორთა მსოფლმხედველობას.
ქვეყნიერება იყოფოდა სამ კონტინენტად, ძირითადად ბიბლიურ პრინციპზე დამყარებით, რომ მსოფლიო გაიყო ნოეს სამ შვილს შორის. ეს დაყოფა რუკებზე ხშირად გეომეტრიული სიზუსტით არის ხოლმე მოცემული.
მაგალითად, აზია შუა საუკუნეების დასავლეთევროპულ კარტოგრაფიაში ეკუთვნის სემს. აზიის დიდი ნაწილები შუა საუკუნეთა კარტოგრაფისათვის უცნობი სივრცეა. აქცენტი კეთდება წმინდა მიწასა და ბიბლიურ ადგილებზე. უკიდურეს აღმოსავლეთში თავსდება სამოთხე, ხან აღმოსავლეთის ოკეანეში არსებული კუნძულის სახით, ხან კიდევ – კონტინენტზე მდებარე, ოღონდ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანისათვის მიუვალი. უკიდურეს ჩრდილოეთში განალაგებდნენ გოგის და მაგოგის აპოკალიპტურ ხალხებს, რომლებიც სამყაროს დასარულის მოახლოებისას ჯებირებს გადმოლახავენ და საზარელ ნგრევას დაატეხენ ქვეყნიერებას. მანამდე ისინი დამწყვდეულნი არიან მაღალი კედლების იქით, კავკასიის მთების გადაღმა, სადაც ისინი ჩაკეტა ალექსანდრე მაკედონელმა, რითაც მან ადგილი მოიპოვა ქრისტიანულ საკრალურ ისტორიაში და შუა საუკუნეების მსოფლიოს რუკაზე თავისი გამოჩენის ლეგიტიმაცია მოახდინა. შუა საუკუნეების ევროპა ამ ხალხთა წინაშე პირდაპირ მისტიურად ძრწის. გოგის და მაგოგის ლეგენდა სათავეს იღებს ეზეკიელთან (38-39) და იოანეს გამოცხადებაში (20, 7-8). ეს ლეგენდა ისლამმაც აითვისა და მან დიდი გავრცელება პოვა ყურანის 18 სურის (93-96) საფუძველზე, რომლის მიხედვითაც დულკარნაინმა, ანუ ისლამის ალექსანდრე მაკედონელმა ჯუჯის და მაჯუჯის საზარელი ხალხები სამყაროს უკიდურეს ბნელ კუთხეში ჩაკეტა. გოგის და მაგოგის ხალხების წინაშე შუა საუკუნეთა ისლამურ სამყაროშიც ისეთსავე მისტიურ შიშს ვხვდებით, როგორსაც იმდროინდელ ევროპაში. XVI საუკუნეშიც კი გოგის და მაგოგის ხალხები ხშირად რუკების განუყოფელ ნაწილს შეადგენენ.
მონღოლების შემოჭრა გარკვეულ გავლენას ახდენს კარტოგრაფიაზე, მაგრამ არა იმდენს, რაც მოსალოდნელი იყო ამ ტრანსკონტინენტალური კავშირების ფონზე. შუა საუკუნეთა კარტოგრაფიის ზოგადი სქემა ფაქტიურად უცვლელი რჩება.
აქვე შედარებით დეტალურად შევეხები ებსტორფის მსოფლიოს რუკას. ეს რუკა შექმნილია გერმანიაში. ებსტორფის მონასტერი მდებარეობს გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, ქალაქ ჰანოვერის მახლობლად. ებსტორფის მონასტერი დაარსდა მეთორმეტე საუკუნეში. ებსტორფი გახლდათ ბენედიქტელთა მონასტერი. რეფორმაციის დროს გადააკეთეს ქალთა მონასტრად და ქალთა მონასტრადვე რჩება დღემდე.
რუკის დიამეტრი სამნახევარი მეტრია. მისი ავტორი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ალბათ ბენედიქტელი ბერი უნდა ყოფილიყო. რუკის სიმაღლე იყო 3.58, ხოლო სიგანე – 3.56 მეტრი. ფიქრობენ, რომ, ვიდრე საუკუნეთა განმავლობაში ფერები სიხასხასეს დაკარგავდნენ, რუკა გაცილებით ლამაზი იქნებოდა და ასევე რიგი ფერების აღდგენა, რომელთაც შუა საუკუნეებში იღებდნენ გარკვეული კომბინაციებით, დღესაც კი დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ებსტორფის რუკის ხელახალი აღმოჩენის ისტორია ამგვარია. დაახლოებით 1830 წელს რუკა ებსტორფის მონასტრის ერთ-ერთ სათავსში იპოვა შარლოტე ფონ ლასპერგმა. რუკა პირველად მოხსენიებულია 1832 წელს გაზეთ “ჰანოვერშე ცაიტუნგში”. რუკის პირველი ხსენება ეკუთვნის პასტორ აიხელს. შემდეგ ის საჯაროდ გამოიფინა ებსტორფის მონასტერშივე. მაგრამ ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა ამოჭრა და მოიპარა რუკის ზედა მარჯვენა მხარის საკმაოდ მოზრდილი ნაწილი. ამის მერე რუკა სასწრაფოდ გადაიტანეს ქალაქ ჰანოვერში და ის საჯაროდ აღარ გამოუფენიათ. რუკა მოათავსეს სამშობლოს არქივში ((Vaterländisches Archiv).
ებსტორფის რუკის ჰანოვერში გადმოტანის შემდეგ რუკის პირველ აღწერას იძლევა რაინდი ბლუმენბახი 1834 წელს. 1835 წელს არსდება ქვემო საქსონიის ისტორიული გაერთიანება და ებსტორფის რუკაც სამშობლოს არქივიდან ინაცვლებს აღნიშნულ გაერთიანებასთან და მათთანვე რჩება შემდგომ ხანებშიც. 1888 წელს ებსტორფის რუკას ბერლინში გაუკეთდა რესტავრაცია. 1891 წელს დაიბეჭდა ატლასი რუკის რეპროდუქციით, რომელიც დღეს ბიბლიოგრაფიულ იშვიათობას წარმოადგენს. ამის შემდეგ კონრად მილერი აქვეყნებს რუკის ზუსტ ასლსა და მისთვის დართულ გამოკვლევას. რუკის ზუსტი, იმავე ზომის ასლი დაცულია აგრეთვე ქალთა მონასტერ ებსტორფში. ებსტორფის რუკა განადგურდა 1943 წლის 8-9 ოქტომბერს ქალაქ ჰანოვერის დაბომბვისას.
ებსტორფის მსოფლიოს რუკა სავარაუდოდ თარიღდება 1235 წლით. არსებობს მოსაზრებები, რომლებიც ებსტორფის რუკის შექმნის თარიღს 1300 წლის ახლო ხანებში ათავსებენ. ებსტორფის რუკის შექმნის ინიციატორად მიიჩნევენ გერვაზიუს ტილბერიელს. გერვაზიუსი სწორედ 1235 წლის ახლო ხანებში სათავეში ედგა ებსტორფის მონასტერს. გერვაზიუსის ნაშრომში “Otia imperialia”, რომელიც მეცამეტე საუკუნის პირველ მეოთხედში შეიქმნა, სწორედ უდიდესი ადგილი ეთმობა აღმოსავლეთის საოცრებათა აღწერას (სხვათა შორის, გერვაზიუსის ერთ-ერთი მთავარი წყარო გახლავთ შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში მეტად პოპულარული ძეგლი, იბერიის მეფე ფარსმან ქველის წერილი რომის იმპერატორ ადრიანესადმი. აღნიშნული წერილის ქართულ თარგმანსაც უახლოეს ხანში გამოვაქვეყნებ). ებსტორფის მსოფლიოს რუკა, ისევე როგორც ჰერეფორდის მსოფლიოს რუკა, ამკობდა ეკლესიის საკურთხეველს.
ებსტორფის რუკის უცნობი ავტორი რუკაზე მუშაობისას ემყარებოდა შემდეგ ავტორებსა და ნაწარმოებებს: ისიდორ სევილიელი, ოროზიუსი, ჰონორიუს აუგუსტოდუნენზისი, ადამ ბრემენელი, გერვაზიუს ტილბერიელი, ეთიკუს ისტერი, “ტროას რომანი”, “ალექსანდრეს რომანი”. მთლიანობაში ებსტორფის რუკაზე მოცემულია 1200-მდე ლეგენდა. ამ მხრივაც ყველაზე მდიდრულია შუა საუკუნეების რუკებს შორის.
თუ დავაკვირდებით, ებსტორფის რუკის ზედა ბოლოში მოთავსებულია მაცხოვარის თავი, მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე – ხელები, ხოლო ქვედა ბოლოში – ფეხები. ებსტორფის რუკაზე მაცხოვარის გამოსახულებასთან დაკავშირებით ორი შეხედულება არსებობს: ან რუკის ავტორს სურდა ეჩვენებინა, რომ ქვეყნიერება იგივე მაცხოვარის სხეულია, ან კიდევ დედამიწის მიღმა მდგარ მაცხოვარს ერთგვარად ხელებით უჭირავს მთელი ქვეყნიერება. წმინდა ვიზუალური თვალსაზრისით ალბათ პირველი ვარაუდი უფრო გამართლებული უნდა იყოს. ებსტორფის რუკის ავტორი ფაქტიურად მთელ სამყაროს უნდა მოიაზრებდეს მაცხოვარის ჯვარცმულ სხეულად.
ებსტორფის რუკა მდიდარია მრავალგვარი გამოსახულებებით. ამ მხრივ შუა საუკუნეთა ყველა რუკაზე გაცილებით ლამაზია. ყოველ რეგიონში რუკის ავტორი ათავსებს მისი წარმოდგენით აღნიშნული რეგიონისათვის დამახასიათებელ ცხოველს (მაგალითად: კაპადოკიაში – ცხენს, ინდოეთში – თუთიყუშს, მაროკოში – სპილოს...).
ებსტორფის რუკის განლაგება ტრადიციულად მისდევს შუა საუკუნეების მსოფლიოს რუკების მოდელს. ქვეყნიერებას შემორკალავს მსოფლიო ოკეანე ცალკეული კუნძულებით. რუკის ქვედა მარცხენა კუთხეში მოთავსებულია ევროპა.
ევროპასა და აფრიკას შორის ქვემოდან იჭრება ხმელთაშუა ზღვა. ხმელთაშუა ზღვა პალესტინასთან უხვევს მარცხნივ, მიდის ჩრდილოეთით, სადაც ლამის ჩრდილოეთის ოკეანეს ებჯინება, შემდეგ აკეთებს ბოლო მოხვევას და ეს გახლავთ შავი ზღვა. რუკის ზედა მარჯვენა მხარიდან კონტინენტში ასევე იჭრება მსოფლიო ოკეანის ყურე. ეს არის ინდოეთის ოკეანე, სპარსეთის ყურე და წითელი ზღვა გამთლიანებული. საზღვარი ინდოეთის ოკეანეს, სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვას შორის ძლივძლივობით გაირჩევა.
ევროპა. ებსტორფის რუკაზე განსაკუთრებით დეტალურადაა ის მხარე გამოსახული, სადაც რუკა შეიქმნა, ანუ ქვემო საქსონია, ლუნებურგისა და ჰანოვერის შემოგარენი. ხმელთაშუა ზღვის ცენტრში მოჩანს დიდი კუნძული, სიცილია. სიცილიის ახლოს ხმელთაშუა ზღვა ორ ყელად იჭრება კონტინენტში და საკმაოდ მკვეთრად გამოყოფს ბალკანეთის ნახევარკუნძულს. ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვემოთ გამოსახულია სამკუთხედის ფორმის მქონე აპენინის ნახევარკუნძული.
აფრიკა. აფრიკას უკავია ქვედა და ზედა მარჯვენა მეოთხედების დაახლოებით ნახევარი. ნილოსი ტრადიციულად მოედინება ზემოდან, ანუ აღმოსავლეთიდან, და ალექსანდრიასთან ჩადის ხმელთაშუა ზღვაში. მდინარებისას, ისევე როგორც, მაგალითად, ფსალმუნის მსოფლიოს რუკაზე, აქაც ქმნის ორ შუამდინარეთს. ნილოსის სამხრეთით, მთელი კონტინენტის გასწვრივ, მოთავსებულია მეორე მდინარე, სავარაუდოდ ისევ ნილოსი (ნილოსის ამგვარ გაორებას ხშირად ვხვდებით შუა საუკუნეთა რუკებზე. ამის მიზეზი გახლდათ ის, რომ ნილოსის ზედა მდინარების შესახებ უაღრესად ბუნდოვანი, უფრო სწორად, არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდათ შუა საუკუნეების ევროპელებს).
მთელი უკიდურესი სამხრეთი აფრიკა რუკაზე დასახულია ეთიოპიად. ყველა საოცარი არსება, რომლის შესახებაც რუკის ავტორს ინფორმაცია გააჩნდა, მოთავსებულია ინდოეთსა და ეთიოპიაში, უმთავრესად მაინც ეთიოპიაში. ინდოეთში ავტორი განალაგებს კინოკეფალებს, ანუ ძაღლისთავიანებს, იხტიოფაგებს, ანუ თევზის მჭამელებს, საოცარ ცხოველებს, ურჩხულებს. აღნიშნული ზღაპრული არსებანი ჯერ კიდევ ანტიკურ ბერძნებთან უდიდესი პოპულარობით სარგებლობდნენ და პირველად მათ ქტესიასა და მეგასთენესთან უნდა ვხვდებოდეთ.
ეთიოპიაში, აფრიკის კონტინენტის უკიდურესი სამხრეთი ნაწილის მთელ გაყოლებაზე, მოთავსებულია საოცარ ადამიანთა (უცხვიროები, უპიროები, ცალფეხები, რომლებიც ამ ერთ უზარმაზარ ფეხს მზისაგან საჩრდილობლად იყენებენ) მთელი ამქარი. აქაც ვხვდებით იხტიოფაგებს, რომელთაც ალექსანდრე მაკედონელმა აუკრძალა თევზის ჭამა (თუ რატომ, არ ვიცით). ეს მონსტრუალური რასები ებსტორფის რუკაზე არც ნეგატიურ ელემენტს ატარებენ, არც პოზიტიურს. რუკის ავტორი ერთგვარად ნეიტრალურად იძლევა მის ხელთ არსებულ ინფორმაციას საოცარი ხალხების შესახებ. თან იმდენად გაიტაცა, ეტყობა, ამ მონსტრუალური რასების თემამ, რომ, სხვა რუკებისაგან განსხვავებით, ისინი ერთ შრედ კი არ მოათავსა უკიდურეს სამხრეთში, არამედ ეგვიპტეს ჩამოაკლო გარკვეული ტერიტორია და იქვე განალაგა შედარებით მცირე ზომის შრედ მონსტრუალური რასების დანარჩენი ნაწილი. ეთიოპიაშივეა საოცარი ჩიტი პელიკანი.
აზია. ტრადიციულად შუა საუკუნეების კარტოგრაფიისათვის, ებსტორფის რუკაზეც აზიას უდიდესი ადგილი უკავია. აზიის ზედა მარჯვენა მხარეს, აღმოსავლეთის ოკეანედან შემოჭრილ ინდოეთის ოკეანესთან მოჩანს საკმაოდ მოზრდილი ცარიელი ადგილი. ეს გახლავთ ის ნაწილი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში უცნობმა დამთვალიერებელმა ამოჭრა, როდესაც რუკა გამოფენილი იყო ებსტორფის მონასტერში. რუკის ცენტრში მოთავსებულია არაბუნებრივად დიდი პალესტინა. აქვეა იერუსალიმი მაცხოვარის გამოსახულებით ცენტრში. პალესტინის ოდნავ ზემოთ და მარცხნივ, ვერტიკალურად მოთავსებულია მცირე ზომის მთაგრეხილი, საიდანაც მოედინებიან ევფრატი და ტიგროსი, რომელთა მდინარება ასე თუ ისე კორექტულადაა რუკაზე მოცემული. შუამდინარეთში მოჩანს ბაბილონის გოდოლი, რომლის ყველა სართულს სხვადასხვა ფერი აქვს. ტიგროსის შემდეგი დიდი მდინარეა ინდი. ინდი მოედინება ჩრდილოეთით მდებარე კავკასიონიდან, ჰორიზონტალურად კვეთს მთელ აზიას და ჩადის ინდოეთის ოკეანეში. შესაბამისად, ინდს გადაღმა მდებარე მთელი სივრცე მოაზრებულია ინდოეთად და ეს ზუსტად შეესატყვისება გვიან ანტიკურ და შუა საუკუნეების ევროპულ გეოგრაფიულ მონაცემებს, როდესაც ინდოეთს დასავლეთიდან საზღვრავს მდინარე ინდი და ასურეთი (ასურეთი ებსტორფის რუკაზეც მდინარე ინდს ემიჯნება), ჩრდილოეთიდან – კავკასიის მთა, აღმოსავლეთიდან – აღმოსავლეთის ოკეანე, ხოლო სამხრეთიდან – ინდოეთის ოკეანე, ან აღმოსავლეთის თუ სამხრეთის ოკეანის ყურე.
უკიდურეს აღმოსავლეთში მოთავსებულია მაცხოვარის თავი. მაცხოვარის თავის გამოსახულების გვერდით, მარცხნივ, ვხედავთ სამოთხის სურათს. სამოთხეში სიცოცხლის ხესთან ჩანან ადამი და ევა. ადამიანები სამოთხეში, ბუნებრივია, არ ცხოვრობენ და სამოთხე გარშემორტყმულია ზეცამდე ასული, ცეცხლოვანი კედელით. ადამის მარცხნივ მოცემული ოთხი პატარა და ლურჯი ხაზი გულისხმობს სამოთხის ოთხ მდინარეს. ანუ, ებსტორფის რუკის მიხედვით, ოთხი ბიბლიური მდინარე გამოდის სამოთხიდან, იკარგება მიწაში და შემდეგ ქვეყნიერების სხვადასხვა ადგილას ამოხეთქავს.

მაცხოვარის თავის გამოსახულების მარჯვნივ ვხედავთ მთვარისა და მზის ხეებთან მდგომ ალექსანდრე მაკედონელს, რომელიც თავისი მომავლის წინასწარმეტყველებას ელოდება. აქედანაც ჩანს, რა მყარად ეჭირა თავისი ადგილი შუა საუკუნეთა ქრისტიანულ მსოფლმხედველობაში ალექსანდრე მაკედონელს, რაკი შუა საუკუნეთა კარტოგრაფია ალექსანდრე მაკედონელის სურათს სამოთხის უშუალო სიახლოვეს ათავსებს (ეს გარემოებაც მყარ ლიტერატურულ ტრადიციას ემყარება. “ალექსანდრეს რომანის” ერთი ვარიანტის, ეგრეთ წოდებული “სამოთხის გზის” მიხედვით მთელი მსოფლიოს დაპყრობის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა სამოთხის დაპყრობაც მოინდომა, რაც ვერ შეძლო, და ამის შემდეგ უარი თქვა წარმართულ ამპარტავნებაზე და იმ სათნოებებით შეიმოსა, რომლებსაც შემდგომში ქრისტიანობა თავის კუთვნილად აცხადებდა). საერთოდ, ალექსანდრე მაკედონელი რუკაზე ათჯერაა მოხსენიებული, უფრო სწორად, ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებული ლეგენდების ციკლიდან რუკაზე ათამდე მოტივს ვხვდებით (ხიდი არაქსზე, გოგის და მაგოგის ჩაკეტილი ხალხები, მთვარისა და მზის ხეები...).
ებსტორფის რუკის ბოლომდე გაგება შუა საუკუნეებშიც შეუძლებელი იქნებოდა იმ მნახველისათვის, ვინც საფუძვლიანად არ იცნობდა “ალექსანდრეს რომანს”. მკვდარი ზღვის ზემოთ, პალესტინის ოდნავ მარჯვნივ, მოთავსებულია არაბეთის ნახევარკუნძული. ლეგენდა იძლევა ფენიქსის ისტორიას. მოცემულია აგრეთვე ფენიქსის დაწვისა და ფერფლიდან აღდგომის სურათი. აქვეა განთავსებული ზუსტი ტოპოგრაფია ებრაელთა ეგვიპტიდან გამოსვლისა. მესოპოტამიას და სპარსეთს ქვემოდან საზღვრავს ევფრატი, ზემოდან – ინდი. მათ შორისაა მოქცეული, როგორც ითქვა, ტიგროსი. ასურეთი მოთავსებულია ტიგროსის ორივე მხარეს. იქვეა ქალაქები ასური, ნინევია და არბელა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის დარიოსზე გამარჯვებამ გახადა შუა საუკუნეებისათვის ცნობილი. ბაბილონიის მარცხნივ მდებარეობს სუზიანა. სუზასთან წარწერა გვამცნობს, რომ აქ არის კიროსის სასახლე, თეთრი ქვით ნაგები და ოქროს სვეტების მქონე. უფრო მდინარე ინდისკენ მოთავსებულია მიდია. აქვე თავისი ადგილი აქვს პართიასაც. ყველა ადგილთან მოცემულია უამრავი ლეგენდა, დაკავშირებული ანტიკურ თუ შუა საუკუნეების ისტორიასთან, ზღაპრულ-ფანტასტიურ ამბებთან. აღნიშნულ ლეგენდათა აქ განხილვის ადგილი, რა თქმა უნდა, არ არის.
ერთადერთი, მოკლედ შევეხები ინდოეთის რამდენიმე საოცრებას. ალესანდრე მაკედონელის ქვემოთ, მარჯვნივ გამოსახულნი არიან გიმნოსოფისტები, რომლებიც დილიდან საღამომდე უყურებენ მცხუნვარე მზეს, რათა მომავალი განჭვრიტონ. მათ გვერდით რუკა წარმოადგენს კინოკეფალებს, ანუ ძალღისთავიანებს მშვილდითა და ისრით. გვერდზე საოცარი ცხოველი Eale, რომელსაც აქვს ცხენის ტანი, ტახის კბილები, სპილოს კუდი და ერთი წყრთის სიგრძე ეშვები. ზემოთ გამოსახულია გრიფონებისა და ურჩხულების გამო მიუვალი ოქროს მთები. შემდეგ მოდის ჯიხვის მოტივი (Steinbock, Ibex), რომლის ლეგენდა ნაწილობრივაა შემორჩენილი, ხოლო სურათი რუკის იმ ნაწილზე იყო, რომელიც ხელახალი აღმოჩენის შემდეგ ებსტორფის მონასტერში ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მოიპარა. რუკის ლეგენდის მიხედვით, ჯიხვი ცხოვრობს უმაღლეს კლდეებზე და მისი ორი რქა გააზრებულია როგორც ძველი და ახალი აღთქმის თანხმობა. აქედანაც ჩანს, როგორ არის რუკა მთლიანად ქრისტიანული მსოფლმხედველობით გამსჭვალული. ეს მოტივი აგრძელებს ადრექრისტიანული “ფიზიოლოგუსის” ტრადიციას, რომელიც შუა საუკუნეთა ევროპაში უაღრესად პოპულარული იყო. “ფიზიოლოგუსი” არის ბუნების აღწერა. მაგრამ ბუნების ნებისმიერი მოვლენა, ცხოველი თუ ფრინველი განიმარტება როგორც საკრალური მნიშვნელობის მქონე. ანუ ბუნებას თავისთავადი ღირებულება და მნიშვნელობა კი არა აქვს, არამედ ყოველი მისი ნაწილი გამოხატავს ზეციურქრისტიანულ ჭეშმარიტებებს (მაგალითად, უხსენებელი გამოხატავს წარმართებსა და ერეტიკოსებს).
ახლა გადავიდეთ რუკის ჩვენთვის საინტერესო, ზედა მარცხენა ნაწილის განხილვაზე (რუკის ამ მონაკვეთზე საუბრისას ვიყენებ უკვე არა ებსტორფის მთლიან რუკას, არამედ გადიდებულ დეტალს).
მთელ ჩრდილოეთ აზიას ებსტორფის რუკაზე შემოსაზღვრავს კავკასიის მთა. კავკასიონის იქით ვხედავთ კასპიის ზღვას, რომელიც ჩრდილოეთის ოკეანიდან იჭრება ხმელეთში. ჩრდილოეთში მოთავსებული არიან გოგისა და მაგოგის ხალხები, კავკასიონს გადაღმა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ჩაკეტილნი. ებსტორფის რუკაზე აღნიშნულ ადგილას გაკეთებული წარწერაც ასევე გვამცნობს, რომ გოგისა და მაგოგის ხალხები კავკასიის გადაღმა ჩაკეტა ალექსანდრე მაკედონელმა და ისინი ჯებირებს გადმოანგრევენ ანტიქრისტეს გამოჩენისას. გოგისა და მაგოგის სამყოფელი ტოპოგრაფიულად ნეიტრალური ზონა არ არის. შუა საუკუნეთა ადამიანებისათვის ის გახლავთ ერთგვარი “ბოროტების ცენტრი”, ღმერთის საწინაამღდეგო რეგიონი. ეს შეფასება ფაქტიურად ვრცელდება ებსტორფის რუკაზე კავკასიის გადაღმა გადაჭიმულ მთელ სივრცეზე, რომელიც სკვითიად მოიხსენიება რუკის ავტორის მიერ. რეგიონი სავსეა საზარელი ხალხებით (Massageti, Derbees…), კაციჭამია ცხენისფეხება ანთროპოფაგებით, ასევე კაციჭამია თურქებით. გოგისა და მაგოგის საცხოვრებელის გვერდითაა მოთავსებული ჰირკანიაც. კასპიის ზღვის ზემოთ ჩაკეტილი გოგისა და მაგოგის გამოსახულება მოცემულია რუკაზე, სადაც გოგისა და მაგოგის წარმომადგენლები პირდაპირ კანიბალიზმით არიან დაკავებულნი.  
კავკასიონს გადმოღმა მხარეს დაახლოებით შემდეგი სურათია. რუკის დეტალის მარჯვენა კიდეში, კავკასიონს აქეთ, მოჩანს არარატის მთა, ზედ ნოეს კიდობანი, შიგნით ნოე (რომელიც მუდამ ღრმადმოხუც ადამიანად წარმომედგინა, აქ კი ნოე საკმაოდ ახალგაზრდად გამოიყურება) და მტრედი, რომელსაც სასიხარული ცნობა მოაქვს ნოესთვის. არარატის მთის და ნოეს კიდობანის ზემოთ მიედინება მდინარე, რომელიც ერთგვარად ხვრეტს კავკასიის მთას და ჩადის კასპიის ზღვაში. ეს მდინარე სავარაუდოდ უნდა იყოს არაქსი. არარატის მთის და ნოეს კიდობანის ქვემოთ ვხედავთ მეორე მდინარეს, ჩრდილოეთის ოკეანისაკენ რომ მიდის. ეს მდინარე, არც მეტი, არც ნაკლები, უნდა იყოს მტკვარი. აღნიშნულ მდინარესა და კავკასიის მთას შორის ვხედავთ ალბანური ძაღლის გამოსახულებას, რომელსაც ლეგენდა საკმაოდ დეტალურად ეხება. რუკაზე მიწერილი ლეგენდა ასევე გვამცნობს, რომ ალბანეთში ცხოვრობს 26 ხალხი. ალბანური ძაღლის შემდეგ ვხედავთ ორი შეიარაღებული ქალის გამოსახულებას. ესენი არიან ამორძალთა დედოფლები მარპესია და ლამპეტა, იქვეა მათი ციხე-სიმაგრე.
ამორძალთა დედოფლების ქვემოთ ჩანს ციხე-სიმაგრის აღმნიშვნელი გამოსახულება, იქვეა ორი შეიარაღებული მეომარი. ეს არის კასპიის კარები, ანუ დერბენტი. ქალაქ დერბენტთან (ცივიტას თერბანტ) მოცემულია ლეგენდა, რომ ეს ხალხი ჰირკანიელებთან მუდმივ ბრძოლაშია, რათა ჰირკანიელებმა ჯებირები არ გადმოარღვიონ და ქვეყნიერება არ გააუდაბურონ. აღნიშნული ერის საილუსტრაციოდ მოცემულია ამ ორი მეომარის გამოსახულება, რომლებიც დერბენტთან სადარაჯოზე დგანან. დერბენტის მეომართა კომპოზიციას სავარაუდოდ ეკუთვნის ქვემოთ მოთავსებული მესამე მეომარის სურათიც.
ებსტორფის რუკაზე დატანილია აგრეთვე კოლხეთის სამეფო, კოლხების, ოქროს საწმისის, მეფე აიეტის (Oeetas), ქალაქ დიოსკურიის, მდინარე ფაზისის გამოსახულებით. სამი ლეგენდა მოკლედ ეხება აღნიშნულ საკითხებს. ზედა ლეგენდა ამბობს, რომ მეცნიერები კოლხეთში ათავსებენ ოქროს საწმისს, რომელიც მოიპოვა იასონმა, რაც ტროას ომის დაწყების მიზეზი გახდა. მეორე ლეგენდა ახასიათებს თვითონ ოქროს საწმისს, რომელიც არგონავტებმა იასონის ხელმძღვანელობით მოსტაცეს მეფე აიეტს. მესამე ლეგენდაში ლაპარაკია ქალაქ დიოსკურიის დაარსებაზე.
კოლხების ციხე-სიმაგრე მდებარეობს შავი ზღვის ზედა, აღმოსავლეთ კიდესთან. ოღონდ იქვე შავი ზღვის ამ ნაწილს რუკის ავტორი არცთუ მაინცდამაინც ზუსტად უწოდებს კიმერიის ზღვას. კოლხების ციხე-სიმაგრეზე ჩანს ოქროს საწმისის გამოსახულება თეთრ ფონზე. რას აღნიშნავს მის მარჯვნივ მოთავსებული გამოსახულება ციხე-სიმაგრეზე, ჩემთვის გაურკვეველია. ვერძისა და ოქროს საწმისის გამოსახულება კიდევ ერთხელაა იქვე მოცემული, კოლხების და ლეგენდის წარწერის ქვემოთ. ციხე-სიმაგრის მარცხნივ წარმოდგენილია კოლხების გამოსახულება. ოღონდ აქ სავარაუდოდ ბერძნებიც არიან მოთავსებულნი.
ეს არის მრავალფიგურიანი კომპოზიცია, შედგება სამი ნაწილისაგან. მარცხენა ნაწილი აერთიანებს სამ ფიგურას. ცენტრში და მარჯვნივ თითქოს მეტი ფიგურებია. ესენი არიან კოლხები. მარცხენა სამი ფიგურა შესაძლოა იყვნენ ბერძნები. სამი მარცხენა ფიგურაც კოლხები რომ არ არიან, ეს თითქოს კომპოზიციიდანაც უნდა ჩანდეს. ცენტრალურსა და მარჯვენა ფიგურებს აერთიანებთ ჩაცმულობის სტილისტიკაც და მათ ერთგვარად უკავიათ დამხვდურის პოზიცია სამი მარცხენა ფიგურის მიმართ. ხოლო სამი მარცხენა ფიგურა ისეა გამოსახული, რომ თითქოს ისინი კოლხებთან მოდიან.
აქ კიდევ შევეხები რუკის ერთ წარწერას კოლხებთან დაკავშირებით. კავკასიონის მთა მოიცავს სკვითეთსაც და კასპიის ზღვასაც და საზღვრავს ინდოეთს ჩრდილოთიდან. რუკაზე გაკეთებული წარწერა გვამცნობს, რომ კავკასიონი აღმოსავლეთში იწყება სერების (ჩინეთის) ზღვასთან და თითქმის ევროპამდეა გადაჭიმული. კავკასიის მთაზე ცხოვრობენ ამორძალები, მასაგეტები, კოლხები და სარდები (სარმატები). ეს წარწერა ერთი გარემოებითაცაა ჩვენთვის საინტერესო, რომ კავკასია თითქმის ევროპამდეა გადაჭიმული. ეს რუკაზეც კარგად ჩანს და ფაქტიურად საქართველოს ტერიტორია ებსტორფის რუკაზე არც აზიას ეკუთვნის და არც ევროპას. ებსტორფის რუკაზე საქართველოს ტერიტორიას უკავია ერთგვარად შუალედური ადგილი ევროპასა და აზიას შორის.
დერბენტის მცველ მეომრებში, ცხადია, მხოლოდ ქართველები შეიძლება იგულისხმებოდნენ. კასპიის კარების, ანუ დერბენტის მცველებად შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპელები მოიაზრებენ ერთადერთ ერს, ქართველებს. არც ერთი სხვა ერისათვის შუა საუკუნეების დასავლეთევროპულ ველტბილდს დერბენტის, ან საერთოდ კასპიის, თუ კავკასიის კარების დაცვის ფუნქცია არ მიუნიჭებია.
ქართველები კასპიის კარების მცველებად თუ ჩაკეტილი ხალხების გადმოღმა მცხოვრებლებად მოიაზრებიან შემდეგ ევროპულ ცნობებში (მათი აქ ციტირების ადგილი, სამწუხაროდ, არ არის): წმინდა საფლავის კანტორი ანსელუსი, კიოლნის ტაძრის სქოლასტიკოსი ოლივერუსი, ვინცენც დე ბოვე, მარკო პოლო. ამ ტრადიციას აგრძელებს დასავლეთევროპული კარტოგრაფიაც. მაგალითად, ლამბერ დე სენომერის მეთორმეტე საუკუნის რუკაზე ლაზების, ანუ ქართველების ერი იცავს გოგის და მაგოგის გადმოსასვლელს.
ამ შემთხვევაში არც იმას აქვს პრინციპული მნიშვნელობა, ებსტორფის რუკა 1235 წლისთვისაა შექმნილი (ეს შეხედულება გაცილებით უფრო დამაჯერებელია), თუ – 1300 წლის ახლო ხანებში. 1235 წლისათვის დერბენტი თავისთავად საქართველოს სამეფოშია და ანსელუსის ცნობისა თუ ლამბერ დე სენ-ომერის მსოფლიოს რუკის (ანსელუსის ცნობა ან ლამბერ დე სენ-ომერის რუკა დარიალს გულისხმობს თუ დერბენტს, ამ შემთხვევისათვის პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ორივეგან გოგის და მაგოგის გადმოსასვლელზეა ლაპარაკი და შესაძლოა მეთორმეტე საუკუნის ეს ორი ინფორმაცია ასე დეტალურად დარიალსა და დერბენტს ვერ ასხვავებდეს. მთავარია, რომ აქ ლაპარაკია ჩაკეტილი ხალხების გამოსასვლელის დაცვაზე) თანახმად დასავლეთ ევროპელებისათვის ეს მეთორმეტე საუკუნის დასაწყისიდან ცნობილია. შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარე მთელი სივრცე რომ საქართველოდ მოიაზრება დასავლეთევროპელთათვის 1300 წლისთვისაც, ამას კარგად მოწმობს მარკო პოლოს ცნობაც, სადაც ლაპარაკია საქართველოს სამეფოზე და ამ სამეფოში მდებარე კასპიის კარებზე, მარკო პოლოსთან ყოველგვარი ეჭვის გარეშე მხოლოდ დერბენტზე, და არა დარიალზე.
დერბენტის მცველთა ქართველობას ებსტორფის რუკაზე ადასტურებს ტანისამოსიც, სახელდობრ, ქუდები. სასურველია, რომ ამ ქუდების საკითხს აქ უფრო დეტალურად შევეხოთ. დერბენტის მცველ ორ მეომარს ახურავს მაღალი ქუდები. ასეთივე მაღალი ქუდები ახურავს კოლხების კომპოზიციაში მარჯვენა სამ ფიგურას. ოღონდ კოლხების აღნიშნულ ქუდებსა და დერბენტის მცველების ქუდებს შორის ერთი მცირე განსხვავებაა. დერბენტის მცველების ქუდები, ასე ვთქვათ, სწორად ადის ზემოთკენ, ამასთან, მარცხენა მცველის ქუდს დაყვება ქობა, ხოლო მარჯვენა სამი კოლხის ქუდი, მართალია, დაახლოებით იგივე სიგრძისაა, რაც დერბენტის მცველთა ქუდები, მაგრამ სამივე კოლხის ქუდი ბოლოვდება ერთგვარი მოხრილი ბოლოთი, ჭვინტით. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მარჯვნიდან მესამე ფიგურასთან კოლხების გამოსახულებაში. ამასთან, მარჯვნიდან მეორე კოლხის ქუდზე დატანებული ქობა უფრო ფართო და სქელი ჩანს, ვიდრე იგივე ქობა მარცხენა დერბენტის მცველის ქუდზე.
ებსტორფის რუკის შექმნამდე რამდენიმე დასავლეთევროპული წყარო გვიდასტურებს, რომ ქართველები ატარებენ ერთი წყრთის სიგრძის მაღალ ქუდებს. ეს წყაროებია მეთორმეტე საუკუნის დასასრულის მეხუთე ანონიმი, მეცამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ანონიმი გინდაც 1235 წლის მერე წერდეს, მაინც ებსტორფის რუკის ანალოგიურ ინფორმაციას გვაძლევს ქართველთა გრძელი ქუდის შესახებ, ხოლო მთავარი წყაროა გერმანელი პილიგრიმი თიტმარი, რომლის ცნობაც დაახლოებით 1217 წლით თარიღდება (თიტმარს, არ არის გამორიცხული, ეს ქუდი თვითონ ხურებოდა, რადგან ქართველი ბერის ტანისამოსით წავიდა აკონიდან სინას მთაზე, თუკი ქართველი ბერებიც ატარებდნენ ამგვარ ქუდებს, რაც ძალიან სავარაუდოა. სხვათა შორის, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტია: 1217 წელს გერმანელი პილიგრიმი პალესტინიდან სინას მთაზე მიდის ქართველი ბერის ტანისამოსით, რათა შეძლებისდაგვარად უსაფრთხოდ მიაღწიოს დანიშნულების ადგილას). თიტმარის ცნობა იმით არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ, ებსტორფის რუკის ავტორის მსგავსად, თიტმარიც გერმანელია და, ამგვარად, უშუალო დამაკავშირებელი რგოლი ჩნდება ქართველთა ქუდებს და ებსტორფის რუკის ავტორს შორის. რა თქმა უნდა, ეს ქუდები თეორიულად ამ რუკის ავტორსაც შეეძლო ენახა, მაგრამ ამგვარი დაშვება მხოლოდ ვარაუდი იქნებოდა, თიტმარის შემთხვევა კი უკვე პირდაპირ არგუმენტს გვაძლევს. ქართველთა ქუდებს ასევე ახსენებს ჟაკ დე ვიტრი. ეს ცნობაც ასევე ებსტორფის რუკის შექმნამდელ პერიოდს მიეკუთვნება. მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისში ქართველთა მაღალ ქუდებზე ლაპარაკობს მარინო სანუდო. სხვათა შორის, ეს ქუდის ფაქტორი ებსტორფის რუკაზე იმასაც ადასტურებს, რომ დასავლეთევროპელთათვის კოლხები რაღაც აბსტრაქტული ხალხი კი არ იყო, ანტიკურობაში მცხოვრები, არამედ კოლხები აქ პირდაპირ არიან გაიგივებულნი ქართველებთან.
მეთორმეტე საუკუნიდან ქართული ქუდის შესახებ მასალა ასევე ფაქტიურად მყარდება ბიზანტიური წყაროებითაც. ბიზანტიაში ქართული ქუდებით და ტანსაცმლით სიარული არისტოკრატიის ნაწილთან და ერთ-ერთ იმპერატორთან ფაქტიურად მოდაა და კარგი ტონია.
მეთორმეტე საუკუნის ბიზანტიელი ავტორი ევსტათი თესალონიკელი მოგვითხრობს 1185 წელს სიცილიელი ნორმანების მიერ ბიზანტიური თესალონიკეს ალყაზე. ქალაქის დამცველთა მეთაური, სტრატეგოსი დავით კომნენოსი ევსტათი თესალონიკელის აღწერით ყოვლად უნიჭოდ უძღვებოდა ქალაქის დაცვის საქმეს. ევსტათი მის ტანისამოსსაც აღგვიწერს:
“ხშირი იყო დღეები, როგორც სასტიკი ომის წინ, ისე ამ ომის უმწვერვალეს საფეხურზე, რომ იგი არავის უნახავს არც იარაღასხმული და საომრად გამზადებული, არც ჯიშიან ცხენზე ამხედრებული. ჯორი მიათრევდა მას ახლებურ შარვალში და სანდლებში გამოწყობილს. თავზე ეხურა იბერიულ ყაიდაზე უცხოური წითელი ქუდი: ის ხომ ბარბაროსებმა შეამზადეს და შეარქვეს, როგორც მოეწონათ, მრავალნაკეციანი და იმნაირად შენაოჭებული ქვევით, დანარჩენ ქობაზე (შემოვლებაზე), რომ სახის გარშემო ჩამოვლებული ნებიერად იცავს მზისაგან”.
კვლავ ევსტათი თესალონიკელის ცნობა უკვე ანდრონიკე კომნენოსის შესახებ:
“... ჩააცვეს მეფობის შესაფერისი წაღები, თუმცა მას არც კი გაუშვერია ფეხები, თავზე მოახვიეს დიადემა და მოგლიჯეს კვამლისფერი თავსაბურავი, რომელიც მას ლაზეთიდან მოეტანა იმის სანიშნოდ, რომ აპირებს კვამლში გაახვიოს, მას შემდეგ, რაც გადასწვავს ყველაფერს, ხოლო ამის მაგიერ დაახურეს წითელი, რითაც მიუთითებდნენ იმაზე, რომ სისხლით მორწყავს იქაურობას, მას შემდეგ, რაც სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს ბევრს”.
ბიზანტიელი ისტორიკოსი ნიკეტა ხონიატე ასევე ანდრონიკე კომნენოსის ჩაცმულობაზე:
“მას შემდეგ, რაც ყველანი გადავიდნენ გაღმა ანდრონიკესთან, ბოლოს გადავიდა მასთან პატრიარქი თეოდოსიც, თანაც ახლდნენ წარჩინებული სასულიერო პირები.  ანდრონიკემ რომ შეიტყო, რომ მის კარავს უახლოვდებოდა დიდი არქიელი, მაშინვე მიეგება მას; ჩაეცვა იისფერი სამოსი, წინ ჩაჭრილი, იბერიული ქსოვილისაგან შეკერილი, რომელიც მუხლამდე და დუნდულებამდე სწვდებოდა და ჰფარავდა ტანს ვიდრე მკლავამდე; თავზე ეხურა პირამიდული საბურავი, კვამლის ფერისა: ასე ჩაცმული ცხენის ჩლიქებთან დავარდა და ამხელა კაცი გრძლად გადაჭიმული იწვა”.
კვლავ ნიკეტა ხონიატე ანდრონიკე კომნენოსის ჩაცმულობის შესახებ:
“ანდრონიკეს მიმდევრებმა ორივე ხელი სტაცეს ანდრონიკეს, რომელიც ძალიან იპრანჭებოდა და კრებულსაც დასცინოდა, და დასვეს ოქროქსოვილ სარეცელზე, რომელზედაც მეფე ჯდებოდა. სხვებმა კიდევ მოხადეს თავიდან კვამლისფერი პირამიდული ქუდი და მოახვიეს მას ცეცხლისფერი, სხვებმა კიდევ ჩააცვეს სამეფო ტანსაცმელი”.

აქ ყველგან უნდა იგულისხმებოდეს ქართული ქუდები. რადგან ევსტათი თესალონიკელი ასახელებს ანდრონიკეს იბერიულ, ანუ ლაზურ ქუდს, ხოლო ნიკეტა ხონიატე ლაპარაკობს ანდრონიკეს იბერიულ ტანსაცმელზე. მართალია, ქუდზე არ ამბობს, რომ ის იბერიულია, მაგრამ ეს იგულისხმება კონტექსტითაც და ამას პირდაპირ ადსტურებს ევსტათი თესალონიკელის ტექსტი, სადაც ანდრონიკესთან დაკავშირებულ იგივე სცენაში, რომელსაც ნიკეტა ხონიატეც აღწერს და უბრალოდ პირამიდულ ქუდზე ლაპარაკობს, საუბარია ანდრონიკეს ლაზურ ქუდზე. აღწერა ამ მაღალი ქუდებისა ფაქტიურად ზუსტად თანხვდება ერთმანეთს.
სიმონ ყაუხჩიშვილს აგრეთვე მოაქვს ნაწყვეტი შალვა ამირანაშვილის სტატიიდან, სადაც ბიზანტიურ წყაროებში დაფიქსირებულ მაღალ იბერიულ ქუდს შალვა ამირანაშვილი ადარებს იმ მაღალ ქართულ ქუდს, რომელიც ახურავს იერუსალიმის ჯვრის ეკლესიაში გამოსახულ შოთა რუსთაველს. ეს პარალელიზმი აშკარად შეიმჩნევა. აქვე შეიძლება გავიხსენოთ გიორგი სააკაძის ქუდი კრისტოფორო დე კასტელის ნახატზე. აღნიშნული ნახატის ქუდი ზედმიწევნით თანხვდება ქობაზე მრავალნაკეციან, შენაოჭებულ და სახეზე ოდნავ ჩამოშვებულ ქუდს. ფაქტიურად რუსთაველის ფრესკით და კრისტოფორო დე კასტელის ნახატით ქართული ქუდის ორი ვარიანტი გვაქვს. ორივე პირამიდულია, ანუ მოყვანილობა ერთია. მაგრამ რუსთაველის ქუდი, ასე ვთქვათ, უფრო სადა მოყვანილობისაა, ხოლო სააკაძის ქუდი ერთგვარად რუსთაველთან დაფიქსირებული “კლასიკური” ქუდის ვარირება ჩანს, უფრო გაფართოებული, გვერდებზე ჩამოშვებული ნაოჭებით. ბიზანტიურ წყაროთაგან ევსტათი თესალონიკელის აღწერა დავით კომნენოსის ქუდისა პირდაპირ თანხვდება სააკაძის ქუდის მოყვანილობას. რაც შეეხება იგივე ევსტათი თესალონიკელთან და ნიკეტა ხონიატესთან ანდრონიკე კომნენოსის პირამიდულ ქუდს, ეს ქუდი თეორიულად სააკაძის ქუდსაც შეიძლება ჰგავდეს და რუსთაველის ქუდსაც. ნებისმიერ შემთხვევაში ორივე ქუდის საერთო მოყვანილობა იგივეა. მართალია, ორივე ბიზანტიელ ავტორთან უცხოური ტანსაცმელი ერთგვარად შეესატყვისება მათ მფლობელთა ნეგატიურ თვისებებს, მაგრამ ბიზანტიელი ისტორიკოსების ამ პირად განცდებს და ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს ჩვენთვის ამ შემთხვევაში პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. ფაქტია, რომ ბიზანტიის იმპერატორისათვის და ბიზანტიელი წარჩინებულისათვის კარგი ტონია ქართული ქუდებისა და ტანისამოსის ტარება. ამ მოვლენას შესაძლოა მეტი მასშტაბიც ჰქონოდა ბიზანტიაში, ყოველ შემთხვევაში კომნენოსთა საგვარეულოს წარმომადგენლებთან. სიმპტომატურია, რომ ქართულ ქუდებს და ტანისამოსს ატარებენ კომნენოსები, ანუ საქართველოს სამეფო კართან დანათესავებული საგვარეულო.
ებსტორფის მსოფლიოს რუკაზე ფაქტიურად გვაქვს ქართული ქუდის ორივე ვარიანტი. დერბენტის მცველების ქუდები, განსაკუთრებით მარცხენა მცველის ქობიანი ქუდი, სტილისტიკით ჰგავს რუსთაველის ფრესკაზე დაფიქსირებულ ქუდს, ხოლო კოლხების ჭვინტიანი და ფართო ქუდები უაღრეს სიახლოვეს ამჟღავნებენ ევსტათი თესალონიკელის მიერ აღწერილ ბიზანტიელი დიდებულის დავით კომნენოსის ქუდთან და კრისტოფორო დე კასტელის მიერ დახატულ გიორგი სააკაძის ქუდთან.
აღნიშნული ანალიზი ადასტურებს, რომ ქართველთა დანარჩენი ტანისამოსიც ებსტორფის რუკაზე აღებულია აქტუალური მონაცემების, ანუ, მაგალითად, პალესტინაში ნანახი ქარველი პილიგრიმების თუ მეომრების საფუძველზე. ამდენად, ებსტორფის მსოფლიოს რუკაზე ჩვენს წინაშეა მეცამეტე საუკუნის ქართველთა ტანისამოსის გამოსახულება. პირადად მე ეს ტანისამოსი უაღრესად ელეგანტური მეჩვენება, მეომრებისაც და კოლხებისაც. თუკი ხელოვნებათმცოდნეები დაინტერესდებიან აღნიშნული თემით, ამ ტანისამოსის აღდგენა კომპიუტერული ტექნიკის მეშვეობით საკმაოდ მარტივი საქმეა.
ყურადსაღებია აგრეთვე დერბენტის მცველ მეომართა გამოსახულება ქართულ სამხედრო ისტორიასთან დაკავშირებით. დერბენტის მცველნი ატარებენ გრძელ შუბებს და ხმლებს. მეომართაგან შუბების და ხმლების ტარება, ბუნებრივია, გასაოცარი არ არის, მაგრამ თავისთავად საინტერესოა, რომ ჯუვეინის დაახლოებით თანადროულ ცნობაში სწორედ ქართველთა ბასრ შუბებსა და ხმლებზეა ლაპარაკი.
აგრეთვე ყურადსაღები უნდა იყოს გრძელი ფარების გამოჩენა ქართველთა შეიარაღებაში. მძლავრ არმიას, ცხადია, თავისუფლად შეიძლებოდა ჰქონოდა ორივენაირი ფარი. საინტერესოა ქვედა მეომარის საკითხიც. თუკი ეს მეომარიც დერბენტის მცველთა კომპოზიციას ეკუთვნის, რაც მეტად სავარაუდოა, აქაც ფიქსირებულია გრძელი ფარი, მხარზე გადადებული ხმალი, ოღონდ ქუდის მოყვანილობა სხვაგვარია.
კოლხების კომპოზიციაში შუაში მდგარ პიროვნებათა ტანსაცმელი სტილისტიკით, როგორც ითქვა, ძალიან ჰგავს მარჯვნივ მდგარი კოლხების ტანისამოსს. ოღონდ შუაში მდგომ კოლხთა თავსარქმელის შემთხვევაში, ჩემი აზრით, საქმე უნდა გვქონდეს არა ქუდთან, არამედ მუზარადთან.
ქართული ტანისამოსის კონტექსტში შესაძლოა აგრეთვე მნიშვნელოვანი იყოს ამორძალთა დედოფლების ტანისამოსი. ანტიკური ტრადიციის გავლენით შუა საუკუნეების დასავლეთევროპელები ამორძალთა საცხოვრებელს ათავსებდნენ ან საქართველოს სიახლოვეს, ტრაპიზონთან თუ კავკასიონს გადაღმა, ან კიდევ უშუალოდ ფაზისის სანაპიროზე. ეს გარემოება გახდა იმის მიზეზი, რომ ბევრ დასავლეთევროპულ ცნობას საქართველოს შესახებ ბოლოს აუცილებლად მიაწებებენ ინფორმაციას ქართველი ქალის მებრძოლი ბუნების შესახებ, რომ საქართველოს კეთილშობილი ქალები რაინდთა მხარდამხარ იბრძვიან სარკინოზთა წინააღმდეგ, რაც, ბუნებრივია, არც ქართული და არც აღმოსავლური წყაროებით არ დასტურდება. დასავლეთევროპელთა წარმოდგენაში ამორძალთა ქართველებთან დაახლოებას შესაძლოა ხელი შეუწყო საქართველოში ქალების, თამარის და რუსუდანის, მეფობის ორმა ფაქტმაც (ეს ვარაუდი გამოთქმული აქვს ფონ დენ ბრინკენსაც). ებსტორფის რუკაზე ამორძალთა დედოფლების ტანისამოსს შუბს, ფარს და ხმალს თუ გამოვაკლებთ, არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს მეცამეტე საუკუნის ქართველი ქალის სამოსთან. თავისუფლად შეიძლება, დასავლეთევროპელებს ისევე ჰქონოდათ ქართველი ქალების ტანსაცმლის შესახებ ინფორმაცია, მაგალითად, პალესტინაში მამაკაცებთან ერთად პილიგრიმად ჩასული ქართველი ქალების მოკაზმულობიდან. პალესტინაში მყოფ ქართველთა მეფე დავითის ქვრივზე, მონაზვნად აღკვეცილზე, ხომ იგივე ანსელუსი გვაწვდის ინფორმაციას. თუ ეს ვარაუდი გამართლებულია, მაშინ შესაძლოა ამორძალთა დედოფლების თავსაბურავების და ტანისამოსის სახით ქართველ ქალთა ტანსაცმელი და ქუდები იყოს ჩვენს წინაშე.
ფაქტიურად ებსტორფის მსოფლიოს რუკა არის ქართველთა შესახებ შუა საუკუნეების დასავლეთევროპული ცნობების, თავისი გოგის და მაგოგის მცველებით თუ ამორძალთა მსგავსად მებრძოლი ქალებით, ხატოვანი სურათი.
ებსტორფის მსოფლიოს რუკაზეც, სხვა შუა საუკუნეების რუკების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფოდ მოაზრებულ ტერიტორიას აქვს საკრალური ფუნქცია. და ესეც არის იმის მიზეზი, რომ რუკაზე ამ ტერიტორიას საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა. ამ საკრალურ ფუნქციას ქმნის ორი გარემოება: არარატის მთაზე მოთავსებული ნოეს კიდობანი, რომელიც მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნეებში საქართველოს სამეფოში მოიაზრება, და ჩაკეტილი, აპოკალიპტური, ანტიქრისტეს დამხმარე ხალხების დარაჯობის ფუნქცია.
ებსტორფის მსოფლიოს რუკასთან დაკავშირებით აქ კიდევ ერთ საკითხს შევეხები. კონრად მილერი თვლიდა, რომ ებსტორფის რუკა არის არა უშუალოდ შუა საუკუნეების ნაყოფი, არამედ ოდნავ განსხვავებული ასლი ანტიკურ-რომაული მსოფლიოს რუკისა. თავისი ვარაუდის ერთ-ერთ საბუთად მილერს ისიც მოჰყავდა, რომ რუკაზე დიდი ადგილი უჭირავს არგონავტთა ლეგენდას, რისი საფუძველიც მხოლოდ ანტიკურობაში შეიძლება ყოფილიყო. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართებულია ჰარტმუტ კუგლერის შენიშვნა, რომ რუკის ავტორს ამ მოტივის აღება შუა საუკუნეების მასალიდანაც შეეძლო. არგონავტების ლეგენდას და კოლხებს თავისი მყარი ადგილი ეკავათ შუა საუკუნეების ევროპაში ფართოდ გავრცელებულ ტროას რომანების ციკლში. კოლხეთისაკენ მოგზაურობისას იასონს ტროაში არ მიიღებენ. იასონის თანმხლები ჰერკულესი შემდგომში შურს იძიებს და ტროას დაანგრევს ბერძნული ჯარით. თავის მხრივ ტროელები ბერძნებზე შურს იძიებენ ელენეს მოტაცებით, რაც შემდგომ დიდი ომის მიზეზი გახდება. ეს ვერსია შემოინახა დარეს ფრიგიელის გვიანანტიკურმა რომანმა “De excidio Troiae historia” და აღნიშნული ვერსია შუა საუკუნეების ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სწორედ ტროას რომანის აღნიშნული ვერსიის გათვალისწინება გვაგებინებს ებსტორფის რუკაზე გაკეთებული წარწერის აზრს, რომ ოქროს საწმისის მოტაცებამ გამოიწვია ბერძენთა და ტროელთა ომი.

სხვათა შორის, ებსტორფის რუკიდანაც კარგად ჩანს, რომ ქართველები და საქართველო შუა საუკუნეების ევროპელთათვის განსაკუთრებით ორი ნიშნით იყო სიმპათიური. პირველი ასპექტი და მთავარიც, ბუნებრივია, ქრისტიანობაა. მაგრამ ქართველებისადმი ამ კეთილგანწყობას ერთგვარად ანტიკური საფუძველიც უმაგრებდა ზურგს კოლხეთის სამეფოს სახით. ტროასა და ტროელებისადმი დასავლეთევროპელთა განსაკუთრებულ თაყვანისცემას განაპირობებდა ის ფაქტი, რომ, რომაელთა მსგავსად, ზოგიერთი დასავლეთევროპული სამეფო სახლი თუ ხალხი თავიანთ წინაპრებად ტროელებს და თავიანთ პირვანდელ სამშობლოდ ტროას სახავდა. შესაბამისად, ტროელებთან დაკავშირებული კოლხებიც ასეთივე სიმპათიით სარგებლობდნენ დასავლეთევროპელებთან. ჩემი აზრით, ანტიკური კოლხეთის და ქრისტიანული საქართველოს მთლიან პოზიტიურ ჭრილში აღქმას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ შუა საუკუნეების ქრისტიანული საქართველო დასავლეთევროპელთათვის მიუღებელი ბიზანტიის ერთგვარ საპირწონედაც ჩანდა.



სტატიის ავტორი ალექსანდრე თვარაძე; ჰანოვერის ფილოსოფიის ინსტიტუტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა;
სტატია აღებულია ჟურნალიდან – „საქართველოს სიძველენი“, #2, თბილისი, 2002წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014