იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი და ლაზეთის სამეფო

ახ.წ. II ს. დასაწყისიდან აღმოსავლეთ შავიზღვის¬პირეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებები _ მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების ,,სამეფოები’’ ოფიციალურად რომის ,,მეგობარ და მოკავშირე’’ ქვეყნებს წარმოადგენდნენ. თუმცა, ამ ,,მეფეთა’’ რეალური ძალაუფლება ძალზე შეზღუდული იყო, ისინი მთლიანად რომის კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ და მათი რეალური ,,მეგობრობა-მოკავშირეობა’’ ფორმალური სტატუსის ფარგლებს არ სცილდებოდა [ფი¬ფია: 2007, 21].      
კოლხეთის ცალკეული პოლიტიკურ გაერთიანებებიდან ტერიტორიალურად ყველაზე დიდი ლაზეთის სამეფო იყო. ფლავიუს არიანეს ცნობით, ლაზთა `სამეფოს~ საზღვრები იბერიის ქვეშევრდომობაში მოქცეული ზიდრიტთა ოლქის ჩრდილოეთით აფსილთა მიწა-წყლამდე ვრცელდებოდა
[Arr., PPE, 11]. მაშასადამე, ლაზებს ეჭირათ კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდ. რიონის ორივე მხარეს. ლაზეთის საზღვარი აფსილებთან მდ. ეგრისწყალზე, ანუ თანამედროვე ღალიძგაზე [მუსხელიშვილი: 1977, 106-113; ლომოური: 1998, 8], აღმოსავლეთით კი იბერიის სამეფოსთან დაახლოებით სკანდა-შორაპნის ხაზზე გადიოდა [Меликишвили: 1959, 352-357].
ასე რომ, ლაზები კოლხეთის სხვა წვრილ-წვრილ ერთეულებთანAშედარებით საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებული და აქედან გამომდინარე, შინაგანი პოტენციითაც აღემატებოდნენ მეზობლებს. ლაზთა ,,მეფეს’’ რომაელი  იმპერატორი ნიშნავდა, ხოლო ლაზეთის მმართველთა იმპერიაზე რეალური დამოკიდებულების გარანტიას ფასისის ციხე¬სიმაგრეში დისლოცირებული 400 რჩეული მეომრისაგან დაკომპლექტებული, კარგად აღჭურვილი რომაული გარნიზონი წარმოადგენდა [ფიფია: 2005, 140-141]. ლაზეთის მმართველი წრეებისათვის მეზობელი იბერიის გაძლიერება-გააგრესიულების პირობებში აუცილებელი იყო რომის მხარდაჭერა და, თავის მხრივ, იმპერიისთვისაც ხელსაყრელი იყო მის ხელდებულ ტერიტორიაზე, ზიდრიტთა ოლქში შეჭრილი და შემდგომი ტერიტორიული გაფართოებისაკენ კონცენტრირებული იბერიის შეკავება ვასალური, თავდაცვის¬უნარიანი ლაზეთის `სამეფოს~ მეშვეობით, რომლის `მეფესაც~ ფასისში დისლოცირებულ რომაულ გარნიზონებთან კავშირში შეეძლო წინ აღდგომოდა იბერიის აგრესიულ პოლიტიკას შავიზღვისპირეთში და გაეკო-ნტროლებინა ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები. ასეთი იყო ის ორივე მხარისათვის ხელსაყრელი ურთი¬ერთობა, რომელიც ჩამოყალიბდა ახ.წ. II ს. და¬საწყისში რომსა და მის `მეგობარ და მოკავშირე~ ლაზეთის `სამეფოს~ შორის [ფიფია: 2005, 139-141]. მაგრამ, ლაზების სამეფო, კოლხეთის სხვა პოლიტიკური გაერთიანებებისაგან განსხვავებით, II ს. თანდათანობით იძენს რეალური სახელმწიფოებრიობის ნიშნებს [ფიფია: 2007, 309], სულ უფრო ძლიერდება და როგორც ჩანს, მისი რომისადმი ერთგულება დიდხანს არ გაგრძელებულა. VIII-IX სს. ბიზანტიელი ავტორის გიორგი სინგელოზის ცნობით: `სევერემ გააქცია სპარსელთა მეფე ულიგისსე და დაიმორჩილა ნისიბინი და სხვა ქალაქები, რომლებიც სპარსელებს ჰქონდათ გადაცემული, წინათ კი რომაელებს ეკუთვნოდა. სევერემ დაიმორჩილა ადიაბენები და არაბები, რომლებიც ნიგერთან იბრძოდნენ, მანვე (სევერემ) დაიმორჩილა კოლხიკე, ესეიგი ლაზიკე~
[Georg. Syncell., 671, 1-10].

გიორგი სინგელოზის მიერ აღწერილი ეს მოვლენები დაკავშირებულია 193-197 წწ. იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის ხანგრძლივ ბრძოლასთან კონკურენტებთან, რომელიც პართიასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.
192 წ. მოკლეს ანტონინუსთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი კომოდუსი, რის შემდეგაც გაჩაღდა დაუნდობელი ბრძოლა იმპერატორის ტახტისათვის. ახალი პრინცეპსის პერტინაქსის მმართველობა ხანმოკლე აღმოჩნდა, იგი მალე მოკლულ იქნა პრეტორიანელთა მიერ, რომლებმაც ახალ იმპერატორად მდიდარი სენატორი დიდიუს იულიანე გამოაცხადეს. როგორც მოსალოდნელი იყო, იულიანეს მბრძანებლობაც დიდხანს არ გაგრძელებულა. პრეტორიანელთა მიერ იმპერატორის გამოცხადებას ვერ შეურიგდა რომაული არმია და იულიანეს წინააღმდეგ ერთბაშად სამ ადგილას გაჩნდა აჯანყების კერა. რომაული ჯარების სამმა ძირითადმა დაჯგუფებამ იმპერატორებად თავიანთი კანდიდატები წამოაყენეს: ბრიტანეთის, გალიისა და გერმანიის ლეგიონებმა იმპერატორად გამოაცხადეს ბრიტანეთის მმართველი _ დეციმუს კლოდიუს ალბინუსი, აღმოსავლეთის არმიამ _ სირიის ლეგატი გაიუს პესცენიუს ნიგერი, ხოლო დუნაის ჯარებმა _ ლუციუს სეპტიმიუს სევერუსი [Машкин: 1948, 518-519; Ист. др. Рима: 1981, 268-269; Крист: 1997, 232-238]. იტალიასთან ყველაზე ახლოს მყოფმა სეპტიმიუს სე¬ვერუსმა ისარგებლა თავისი ტაქტიკური უპირატესობით და სწრაფად აიღო რომი. დიდიუს იულიანე მოკლეს. სევერუსი სწრაფად მოქმედებდა, მან მოახერხა მოლაპარაკებოდა ალბინუსს
[Herod., Hist., II, 15; Jul. Capit., Alb.,7] და მთელი თავისი ძალებით დაიძრა აღმოსავლეთისაკენ ნიგერის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერდნენ პართიის მეფე ვოლოგეზ IV და ადიაბენის, ოსროენისა და ქ. გატრას მმართველები. 194 წ. ისოსთან ბრძოლაში ნიგერი საბოლოოდ დამარცხდა და დაიღუპა [El. Spart., Niger, 5; Eutr., VIII, 18,4]. სევერუსი დაიძრა მესოპოტამიისაკენ, გაათავისუფლა ალყაში მოქცეული ნიზიბისის რომაული გარნიზონი და დაამარცხა ადიაბენისა და პართელთა ჯარები (El. Spart., Sept. Sev., 9; Eutr., VIII, 18,4). მაგრამ სევერუსი იძულებული გახდა შეეწყვიტა ლაშქრობა მესოპოტამიაში და დასავლეთში დაბრუნდა, სადაც მის წინააღმდეგ საომრად მზადება დაიწყო კლოდიუს ალბინუსმა [Herod., Hist., III, 5]. ამით ისარგებლა ვოლო¬გეზ IV-მ, კვლავ დაიპყრო ჩრდილოეთ მესოპოტამია და ალყა შემოარტყა ნიზიბისს. 197 წ. ლუგდუნთან ბრძოლაში სეპტიმიუს სევერუსმა საბოლოოდ გაანადგურა ალბინუსი და სასწრაფოდ დაბრუნდა აღმოსავლეთში. პართელებმა მოხსნეს ნიზიბისის ალყა და უკან დაიხიეს. სევერუსმა კვლავ დაიბრუნა ჩრდილოეთ მესოპოტამია, გაიარა ადიაბენა, დაიპყრო ბაბილონი (Dio Cass., LXXV, 9) და პართიის სამეფოს ორივე დე¬დაქალაქი _ სელევკია და ქტეზიფონი, რომელიც რომაელებმა სასტიკად ააოხრეს [El. Spart., Sept. Sev., 16; Herod., Hist., III, 9]. 198-199 წწ. რომაელთა წარმატებული აღმოსავლური კამპანიის შემდეგ, პირადად სევერუსსა და ვოლოგეზ IV-ს შორის გამართულ მოლაპარაკებაზე, პართიის სამეფომ საბოლოოდ ცნო ჩრდილოეთ მესოპოტამია რომის სამფლობელოდ [Dio Cass., LXXV, 9; El. Spart., Sept. Sev., 18].
სეპტიმიუს სევერუსის დროს აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებში, როგორც გიორგი სინგელოზის ცნობიდან ჩანს, ლაზეთის `სამეფოც~ ყოფილა ჩართული და სევერუსს დასჭირვებია ლაზების იარაღით დამორჩილება, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ უფრო ადრე ლაზები იმპერიას განუდგნენ და გარკვეული დროის მანძილზე არ ემორჩილებოდნენ მას. უკანასკნელ ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ლაზეთი რომს უნდა განდგომოდა 161-180 წწ. შორის, ვინაიდან სწორედ ამ ხანებში, პართელებთან (161-165 წწ.) და  მარკომანებთან (167-180 წწ.) ომების შედეგად, რომის იმპერია ისე იყო დაუძლურებული, რომ ამგვარ მდგომარეობაში იგი ევტროპიუსის სიტყვით `არ ყოფილა მეორე პუნიკური ომის დროიდან~
(Eutr., VIII, 12) [თოდუა: 1995, 34-35]. მართალია, პართელებთან და მარკომანებთან ომის შემდეგ იმპერიის მდგომარეობა ძალზე გართულდა, მაგრამ 161-165 წწ. აღმოსავლური კამპანია რომაელთა ერთ-ერთი წარმატებული ლაშქრობა იყო პართიის წინააღმდეგ. ამ ლაშქრობის დროს, როგორც ზემოთ ვნახეთ, რომაელებმა დაიპყრეს არმენია, ჩრდილოეთ მესოპოტამია, სელევკია, ქტეზიფონი და შეიჭრნენ მიდიაშიც. რომაული ჯარების წინსვლა მხოლოდ მოულოდნელად გავრცელებულმა ეპიდემიამ შეაჩერა, რომელიც სწრაფად გავრცელდა არა მარტო აღმოსავლეთის, არამედ დასავლეთის პროვინციებსა და იტალიაშიც. მაგრამ მიუხედავად ამისა, 166 წლის ზავით რომის მფლობელობაში გადავი¬და მესოპოტამიის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი ქალაქებითურთ: ედესა, კარა, ნიზიბისი, დურა-ევროპოსი, არმენია მთლიანად რომის კონტროლქვეშ აღმოჩნდა [Моммзен: 1949, 368; Бокщанин: 1966, 276; Ист. др. Рима: 1981, 226]. დასავლეთ მესოპოტამიისა და სომხეთის ანექსიამ გააუმჯობესა იმპერიის სტრატეგიული მდგომარეობა [Бокщанин: 1966, 276] და ამ გამარჯვებებმა გარკვეული დროით უზრუნველყო სიმშვიდე აღმოსავლეთში [Машкин: 1948, 452]. რაც შეეხება მარკომანებთან ომსა და იმპერიის სხვა გართულებებს ამ პერიოდში, იგი პართელებს თავის სასარგებლოდ არ გამოუყენებიათ, რადგან თვითონაც გართულებული ჰქონდათ საშინაო მდგომარეობა [Бокщанин: 1966, 277]. მართალია, მარკომანებთან ომების შედეგად იმპერია ისე იყო დაუძლურებული, რომ იგი ამგვარ მდგომარეობაში `არ ყოფილა მეორე პუნიკური ომის დროიდან~, მაგრამ იმპერიის სწორედ ასეთი მდგომარეობის გამო რომის მმართველი წრეები იძულებული იყვნენ მთლიანად გადასულიყვნენ თავდაცვით პოლიტიკაზე აღმოსავლეთში, წინა პლანზე დაეყენებინათ საზღვრების უსაფრთხოება, ყოველნაირად აემაღლებინათ სასაზღვრო რაიონების თავდაცვითი პოტენციალი და პირველ რიგში გაეძლიერებინათ რომაული თავდაცვის სისტემა ახლადშემოერთებულ მესოპოტამიაში. ასე რომ, ამ პერიოდში იმპერიის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, აღმოსავლეთში მისი პოზიციები არ შესუსტებულა, 166 წლის ზავმაც 30 წელს გაძლო და იგი ამ ხნის მანძილზე ხაზს უსვამდა რომის უპირატესობას აღმოსავლეთში.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ძნელი სავარაუდოა, რომ ლაზების რომის ქვეშევრდომობიდან გამოსვლას ადგილი ჰქონოდა 161-180 წწ. შორის. როგორც ჩანს, სეპტიმიუს სევერუსსა და ნიგერს შორის გაჩაღებულ ომში, პართიისა და მესოპოტამიის სხვა პატარა სამეფოების მსგავსად, ჩათრეულ იქნენ რომზე დამოკიდებული სამეფოები, და კერძოდ, ლაზეთის სამეფოც [Ломоури: 1981, 240]. სამწუხაროდ, სხვა წყაროები (დიონ კასიოსი, ჰეროდიანე, ელიუს სპარტიანე, იულიუს კაპიტოლინუსი), რომლებიც საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერენ ამ სამოქალაქო ომს, არაფერს ამბობენ მასში ლაზების სამეფოს მონაწილეობაზე, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ლაზების მეფემ ან დაიკავა ნიგერის მხარე, ან ისარგებლა რა იმპერიაში არეულობით, სცადა განთავისუფლებულიყო რომზე დამოკიდებულებისაგან [Ломоури: 1981, 240].
აღმავლობის გზაზე მდგარ ლაზების `სამეფოს~, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა რომზე დამოკიდებულება, რომელიც იმ დროს არ იყო დაინტერესებული დასავლეთ საქართველოში ერთიანი ძლიერი სახელმწიფოს შექმნით. ამის გამო, შეიძლება ვიფიქროთ, რომ სეპტიმიუს სევერუსის მმართველობისას შექმნილი მდგომარეობა ლაზთა მეფემ ხელსაყრელად მიიჩნია იმისათვის, რათა თავი დაეღწია რომზე დამოკიდებულებისაგან, მაგრამ სევერუსის მიერ მიღწეულმა წარმატებებმა მას ამის საშუალება არ მისცა [Ломоури: 1981, 240].
ლაზეთის, ე.ი. კოლხეთის ცენტრალური ნაწილის იარაღის ძალით დამორჩილების შემდეგ, ვფიქრობთ, რომის პოლიტიკური გავლენა მთლიანად აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უფრო გაძლიერდებოდა. არქეოლოგიური მასალებით ირკვევა, რომ II ს. ბოლოს იწყება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაციის ახალი ეტაპი, რაც, ჩვენი აზრით, პირდაპირ კავშირშია ზემოაღწერილ მოვლენებთან. ლაზეთში იმპერიის პოლიტიკური ძალაუფლების რესტავრაციის შემდეგ, იმპერატორი სეპტიმიუს სევერუსი ყოველნაირად ეცდებოდა რეგიონში რომაული საყრდენი პუნქტების გაძლიერებას [ფიფია: 2008, 136-139]. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის მასშტაბური ღონისძიებები, რომელიც რომაელებმა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში II ს. მიწურულსა და III ს. დაწყისში გაატარეს. სატალიდან პიტიუნტში გადმოყვანილ იქნა XV ლეგიონის ვექსილაცია. პიტიუნტსა და სებასტოპოლისში იწყება ახალი კასტელუმების მშენებლობა. მათ მისადგომებთან აგებულ იქნა საგუშაგო კოშკებიც. პიტიუნტის კასტელუ¬მის ცენტრში აღმოჩენილია II ს. დასასრულიდან  და III ს. დასაწყისიდან მოქმედი რამდენიმე ნაგებობა, რომელთა შორის გამოირჩევა მეთაურის რეზიდენცია _ პრეტორიუმი, რომელიც რამდენიმე ნაწილისაგან შე¬დგებოდა და სამხედრო ადმინისტრაციისათვის განკუთვნილი შენობები _ პრინციპია. ციხე-ქალაქის გარშემო (ინკიტში, ლიძავაში, ფიჭვნარში) გამოვლენილია რომაული სადარაჯო კოშკები, რომლებიც პიტიუნტის ერთიანი საფორტიფიკაციო სისტემას შემადგენლობაში შედიოდნენ და კასტელუმის მისადგომებს კეტავდნენ [ფიფია: 2008, 137].
მართალია, ფასისიდან არქეოლოგიური მონაცემები არ გაგვაჩნია, მაგრამ რომაელთა მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გატარებული საინჟინრო-საფორტიფიკაციო ღონისძიებებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, გარკვეული სამუშაოები საკუთრივ ფასისის კასტელუმის გასაძლიერებლადაც უნდა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, კოლხეთის ზღვისპირა ციხესი¬მაგრეების განახლებასთან ერთად, რომაელებს გარკვეული სამხედრო კონტინგენტი ქვეყნის შიდა რაიონებშიც უნდა შეეყვანათ. ფასისის მიდამოებში იქმნება გამაგრებათა მთელი სისტემა, რომელშიც ჩართული იყო სოფ. მოედნისა და ვაშნარის საფორტიფიკაციო ნაგებობები. მკვლევართა ნაწილის აზრით, რომაული სამხედრო შენაერთი არქეოპოლისშიც უნდა მდგარიყო [ფიფია: 2008, 137-138; თოდუა: 1997, 109-111].

როგორც ცნობილია, I-II სს. რომაელთა უშუალო მფლობელობის ქვეშ მოქცეული იყო კოლხეთის მხოლოდ ზღვისპირა ნაწილი, ქვეყნის შიდა რაიონებში კი მათ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტები არგააჩნდათ. ეს რაიონები ადგილობრივი მმართველების ხელში იყო, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ რომაული გარნიზონების მეთაურთა წინაშე [ფიფია: 2003, 196-197; ფიფია: 2007, 156-162]. როგორც ჩანს, რომის სამხედრო ნაწილების მიერ ქვეყნის შიდა რაიონებზე განხორციელებული კონტროლი არც თუ ისე ეფექტური იყო და ფაქტობრივად, ფორმალურ ხასიათს ატარებდა [ფიფია: 2007, 156-162]. მიგვაჩნია, რომ ლაზთა მეფეს, 193-197 წწ. სწორედ კოლხეთის შიდა რა¬იონების ანტირომაულად განწყობილ ძალებზე დაყრდნობით უნდა მოეხერხებინა იმპერიის გავლენისაგან გათავისუფლება. ამიტომ, როდესაც იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსს ძალის გამოყენებით მოუხდა ლაზეთის დამორჩილება, მისთვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ ქვეყნის შიდა რაიონებში რომაული საყრდენი პუნქტების შექმნის გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა მისი მორჩილებაში ყოლა. სწორედ კოლხეთის ჰინტერლანდზე რეალური კონტროლის დამყარების მცდელობას წარმოადგენდა რომაული სამხედრო შენაერთების ჩაყენება მოედანში, ვაშნარსა და არქეოპოლისში.
და ბოლოს, გვინდა შევეხოთ ერთ საკითხსაც. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ლაზთა სამეფო უკვე II საუკუნიდანვე აცხადებდა დასავლეთ საქართველოში ჰეგემონობაზე პრეტენზიას, რაც II საუკუნის ბოლოს აშკარა გახდა კიდეც. გ. მელიქიშვილის აზრით, სწორედ II საუკუნეში არის სავარაუდო კოლხეთის ცალკეულ პოლიტიკურ ერთეულთა შორის მძაფრი შეტაკებები, რაც ლაზთა სამეფოს დაწინაურებით დასრულდა [მელიქიშვილი: 1970, 552; Меликишвили: 1959, 379]. დ. მუსხელიშვილი კი მიიჩნევს, რომ ამ დროისათვის ლაზიკის სამეფო უკვე მოიცავდა თითქმის მთელ დასავლეთ საქართველოს [მუსხელიშვილი: 1977, 86-87]. ამ კონტექსტში განსაკუთრებით საინტერესოა და იქნებ ამ მოსაზრების დამადასტურებელიც ჩვენს მიერ ზემოთ არქეოლოგიური და წერილობითი წყაროების შეჯერებით II საუკუნის ბოლოსათვის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში შექმნილი პოლიტიკური სურათის ანალიზი _ სეპტიმიუს სევერუსი იმორჩილებს ლაზეთს და ამაგრებს მთელ სანაპირო ხაზს _ ფასისს, სებასტოპოლისსა და პიტიუნტს, ე. ი. არა უშუალოდ ლაზეთის სატომო გაერთიანების ტერიტორიას, არამედ აფსილ-აბაზგებისა და სანიგების ტერიტორიაზე არსებულ ციხესიმაგრეებსაც. აქედან გამომდინარე, გიორგი სინგელოზის ცნობა ,,კოლხიკე, ესე იგი ლაზიკე’’, შესაძლოა სრულიადაც არაა შემთხვევითი და სწორედ იმის დამადასტურებელიც იყო, რომ II ს. ბოლოსთვის ლაზიკა უკვე თითქმის მთელ კოლხეთს აერთიანებდა.


ლიტერატურა

  1. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV, ნაკვ. I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., `ტექნიკა და შრომა~, 1941.
  2. თოდუა თ., რომაული სამყარო და საქართველოს შავიზღვისპირეთი, სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად /ხელნაწერის უფლებით/, თბ., 1995.
  3. თოდუა თ., მურვანიძე ბ., რომაული ლეგიონის ტვიფრიანი აგური სოფ. მოედნიდან. _ გურია, მხარის კვლევა-ძიების შედეგები, II, თბ., `მეცნიერება~, 1997.
  4. ლომოური ნ., ძველი აფხაზეთის ეთნო¬კულტურული ისტორიიდან, `საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარედაქციო-საგამომცემლო განყოფილება~, თბ., 1998.
  5. მელიქიშვილი გ., საქართველო ახ.წ. I-III საუკუნეებში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., `საბჭოთა საქართველო~, 1970.
  6. მუსხელიშვილი დ., საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბ., `მეცნიერება~, 1977.
  7. ფიფია კ.,  რომი და აღმოსავლეთ შავიზღვის¬პირეთი I-II სს., თბ., 2005.
  8. ფიფია კ., აფსილ-აბაზგთა “სამეფოები” რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ. წ. II ს. (ე.წ. “აფხაზური სახელმწიფოებრიობის” საკითხისათვის), ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი, IX, თბ., 2007.
  9. ფიფია კ., კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში, საისტორიო ძიებანი, VI, თბ., 2003.
  10. ფიფია კ., კოლხეთის ტერიტორიაზე ცალკეულ “სამეფოთა” წარმოქმნის საკითხისათვის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოცილურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაცნე, I, თბ., 2007.
  11. ფიფია კ., კოლხეთის შიდა რაიონებში რომაელთა ექსპანსიის საკითხისათვის, კულტურათაშორისი კომუნიკაციები,  #5, 2008.
  12. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა, თბ., `საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა~, 1961.
  13. Бокщанин А.Г.,  Парфия и Рим, ч. II, М., «Изда­те­льс­т­во Московского университета»,   1966.
  14. Властелины Рима.  Биографии римских императоров от Адриана до Диоклетиана, (перевод С. П. Кондратьева, по­слеловие М. Л. Гаспарова), М., «Издательство АСТ», 1999.
  15. История древнего Рима, под редакцией В.И. Куз­ищ­ина , М., «Высшая школа», 1981.
  16. Крист К.,  История времён римских императоров от Ав­густа до Константина, т.1, Ростов-на-Дону, «Феникс», 1997.
  17. Ломоури Н. Ю.,  Грузино-римские взаимоотношения,        Тб., «Издательство Тбилисского университета», 1981.
  18. Машкин Н. А., История древнего Рима, Л., «ОГИЗ», 1948.
  19. Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., «Изд­а­тельство Академии наук Грузинской ССР», 1959.
  20. Моммзен Т., История Рима, т. V, М., «Издательство ино­с­транной литературы», 1949.
  21. Римские историки IV века, под редакцией М. А. Тим­о­­феева, М., «Российская политическая энциклопедия», 1997.



სტატიის ავტორი – კახაბერ ფიფია,  ისტორიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის  პროფესორი.
სტატია აღებულია კრებულიდან – ,,ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი", X, თბილისი, 2008 წ.

 


megobari saitebi

   

01.10.2014