გვიანსაუკუნეებში (XVIII ს) ავლაბრისა და ნავთლუღის ერთმანეთისაგან ყოფდა ღომელაურისა და დირსიჭალის ბაღები. ივანე ჯავახიშვილის რედაქციით 1923 წელს შედგენილ „საქართველოს ისტორიულ რუკაზე“ სოფელი ღომელაური დატანებულია ნავთლუღის შემდეგ - სამხრეთით. აქ აღნიშნულ სოფელთა თანმიმდევრობა დარღვეული.
1786 წელს ერთ-ერთ დავის სიგელში მეფურიშვილები და მეითრიშვილები ერთმანეთს ედავებიან მამულის საზღვრებზე: - ჩვენ საქართველოს მსაჯულთ შეკრებულება ამ სადაოს ადგილის გასასინჯავად ჩავედით და მელიქის მაგიერ მინისკარბაში იოსებაც ჩვენთან იყო. ჩვენ ასე გავსინჯეთ ავლაბრის მამულიდამ რომ წავა ნათლუღისაკენ, შევა ღომელაურის მამულში, ღომელაურის მამულს რომ გაივლის ნათლუღის სოფელს ახლო მიადგება ერთს ხევს. ეს ხევი ზევიდანვე მოსდევს ლარზედ ამ მეთირიშვილებისა და ღომელაურის მამულს ჰყოფს და მტკვარს შეერთვის, რომელიც მისის უმაღლესობას მეფის ბრძანებამ და ადგილის მდებარეობამ ეს ხევი მიჯნად დაამტკიცა, რომ იმის იქით ნათლუღის სოფლამდის მიჯნა აღარ არის“ (1). დამოწმებული დოკუმენტი ნათელს ჰფენს სადავო საკითხს და ამტკიცებს, რომ ავლაბარსა და ნავთლუღს შორის სოფელი ღომელაური იდო.
ღომელაური, როგორც სოფელი, XVII საუკუნეში უკვე არსებობს, შემდეგ იგი გახარაბებულია, მისი განახლება XVIII საუკუნეში მომხდარა და, დასახლებული პუნქტი, აღნიშნული საუკუნის ბოლომდე გვხვდება. იგი შეტანილია იოანე ბატონიშვილის მიერ 1797-1799 წლების სოფელთა (2) ნუსხაში. 1829 წელს თბილისის გეგმაზე ორ ნავთლუღს ვხვდებით: «Дер. Натлуги» და მის ჩრდილოეთით იქ, სადაც ადრე ღომელაური უნდა ყოფილიყო «Слоб Навтлуг» (3). ვფიქრობთ, მეორე ნავთლუღი (პირველის ჩრდილოეთით) უნდა წარმოშობილიყო სოფელ ღომელაურის მამულების ხარჯზე. აღნიშნულ გეგმაზე აქვე გვხვდება მეორე დასახლება - სოფელი მირზაბადი (ისიც მეორე ნავთლუღის - Слоб Навтлуг -ის მსგავსად XIX საუკუნეშია გაჩენილი).
ზემოთ ავღნიშნეთ, რომ დირსიჭალაში მხოლოდ ბაღები იყო გაშენებული. დირსიჭალის ბაღების მესაკუთრენი არიან როგორც ქალაქელები, ასევე ახლომახლო სოფლელები - ავლაბრელები, ღომელაურელები, ნავთლუღელები და სხვა.
დირსიჭალის ბაღები გაშენებული იყო ღომელაურის დასავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ხევის დაბოლოებაზე, მის ქვემო წელზე.
ქალაქის სანახებში დირსიჭალის არსებობაზე დღეს მიგვანიშნებს ამჟამად აქ არსებული პატარა ქუჩა, რომელიც ამავე სახელს ატარებს - „დირსიჭალის ქუჩა“. იგი მდებარეობს „5 დეკემბრის“ ქუჩის პერპენდიკულარულად, XIX საუკუნის მეორე ნახევარში აგებული წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის სიახლოვეს.
საბუთებში დირსიჭალას ვხვდებით „დარსიჭალის“ ფორმითაც: „დარსიჭალაში ბაბანათა გრიქურას პაპისეული ბაღი“ (4).
„დირსიჭალის“ ეტიმოლოგიის დადგენა სიძნელესთანაა დაკავშირებული, დღევანდელი ქართული სალაპარაკო თუ ლიტერატურული ენა მას აღარ იცნობს. ამას ისიც აძნელებს, რომ ადგილმდებარეობისდა მიხედვით წარმოშობილი ტოპონიმების ახსნა ხელს უშლის ქალაქის მიდამოების განსახლება, განაშენიანება, რასაც თავისთავად, მოსდევდა და მოსდევს თბილისის მიდამოს ლანდშაფტის შეცვლა (ხევების ამოვსება და მათი გადახურვა).
სიტყვა „დირსიჭალა“ კომპოზიტია, ორი სიტყვის ნაზავია. ბოლო სიტყვა - ჭალა გასაგებია, წყლისპირეთს ნიშნავს, ხოლო პირველი, საწყისი სიტყვის - „დირსი“-ს ახსნა კი ჭირს.
დირსიჭალაში ვხვდებით მეტად საინტერესო სახელოს, რაც ქალაქის შემოგარენის სოფელთა, უბანთა თუ ბაღების მოხელეთა ისტორიის შესწავლისათვის იძლევა მეტად იშვიათ ცნობას: „ქ. ჩვენი ბრძანება არის დირსიჭალის ბაღების პატრონებო და მებაღეებო. მერე: დირსიჭალის უსტაბაშს ნიკოლოზს, რომელიც უსტაბაშობას შეეცილება და ან მიზეზი შეექმნება უსტაბაშობის წართმევისა. ფიცით ვბრძანებთ ასი თუმანი... მებაღეებო გაფრთხილებთ, რომ ამაზედ ამას არა აწყენინოთ, თორემ სწორეთ ასე აღვასრულებთ და ვერც იპატიებთ ამ ჯარიმას. ხათრი - ჯამნი იყავით. ივნისის უპგ“ (5). შედგენილია 1794 წელს. ამას მეფე ერეკლე ბრძანებს. აღნიშნულ სიგელს 1800 წელს ხელმეორედ ანახლებს მეფე გიორგი.
მაშასადამე, ისევე როგორც ქალაქის ამქართა უსტაბაშების, დირისჭალის მებაღეთა უსტაბაშის სახელოც მეფის მიერ გაიცემოდა და მტკიცდებოდა.
აღნიშნული სიგელის შედგენით ჩვენ ბედნიერ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. საგულისხმოა, რომ საბუთის საგანგებოდ დაწერა, შედგენა უნდა გამოეწვია დირსიჭალელ მებაღეთა რაღაც საპროტესტო გამოსვლას, შეიძლება მათთვის არასასურველი უსტაბაშის დანიშვნას. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა ჩვენ ხელთა გვაქვს ცნობა ქალაქის შემოგარენში მდებარე ბაღების უსტაბაშის არსებობის შესახებ.
როგორც ქალაქისპირა ყველა ბაღიდან, ქალაქის მოურავს დირსიჭალიდანაც ეკუთვნოდა თავისი სარგო.
თუ XIX საუკუნის ღომელაური ქალაქის სანახების გეოგრაფიიდან ქრება, ამას ვერ ვიტყვით დირსიჭალაზე. იგი აღნიშნულია რუსულად შედგენილ XIX საუკუნის ქალაქ თბილისისა და მისი შემოგარენის გეგმებზე - «Виноградные сады Тирсы чали» (6) და «Сады Дарсичали» (7) (1859).
აქედან ჩანს, რომ დირსიჭალაც ორთაჭალის მსგავსად თავისი ბაღებით XIX ს-შიც ინარჩუნებდა თავის მნიშვნელობას, როგორც ქალაქისპირას მდებარე ერთ-ერთი სასოფლო- სამეურნეო ერთეული.
ვფიქრობთ, რომ XIX საუკუნეში უნდა გაჩენილიყო ღომელაურისა და დირსიჭალის ადგილზე ახალი ტოპონიმები - ძაღლის უბანი, შავი სოფელი და სოფელი სამება. „ავლაბრიდან სამხრეთით, ყოფილ კახეთის „საყარაულოს“ იქით, კახეთის საფოსტო გზის ორივე მხარეზე, მდებარეობს შავი სოფელი ანუ ძაღლის სოფელი, რომლის ზემოთ არის რუსთა სასაფლაო: ხოლო შავი სოფლის იქით დასახელებულ საფოსტო გზის მარცხნივ, იმყოფება სოფელი სამება. შავისოფლიდანვე ქვემოთ, მტკვრის მარცხენა ნაპირისაკენ ჩამოშვებულია ყაფარი, რომელიც უკავია ნავთლუღს“ (8). * * *
-
სცსია - ფ. 1450, N3;
-
ხელნაწერთა ინსტიტუტი, ფ. S-3729;
-
ЦГВИА, ф. ВУА, д. 19813;
-
სცსია - ფ. 1450, დავთ. 56, N64;
-
სცსია - ფ. 1448, N8711;
-
ЦГВИА, ф. ВУА, д. 22659;
-
ЦГВИА, ф. ВУА, д. 22666;
-
შ. ჩხეტია - ტფილისის ისტორიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ., 1, 1938, გვ. 62;
სტატიის ავტორი – თეიმურაზ ბერიძე;
მასალა აღებულია წიგნიდან "ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია"; თბილისი, 1977 წ. გამომცემლობა - მეცნიერება; .
|