გიორგი V ბრწყინვალე
(1286-1346)

გიორგი V-ის პიროვნება და გამეფების გარემოება
აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა გიორგი V-ის მეფობის ხანაში
გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკის ზოგადი გეზი
გიორგი ბრწყინვალის შინაური პოლიტიკა
გიორგი ბრწყინვალის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს  დიდი ხვედრითი წონა მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ცხოვრებაში
სასარგებლო ბმულები


გიორგი V-ის პიროვნება და გამეფების გარემოება

საქართველოს სახელმწიფოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, ბაგრატ III-ის დავით აღმაშენებლისა და თამარის შემდგომ, არც ერთ მეფეს თანამედროვეთა შორის და შთამომავლობაში ისეთი სახელი არ მოუხვეჭია, როგორც გიორგი V ბრწყინვალემ დაიმსახურა. მისი ქება თანასწორად გვხვდება, როგორც ქართულს, ისევე მეზობლების წყაროებშიც. მისი უარყოფა ვერ შესძლებიათ ისეთ პირებსაც, რომელთა პოლიტიკა მისას მთლიანად ეწინააღმდეგებოდა. მონღოლთადროინდელ ისტორიის მომთხრობელს ქართველ ჟამთააღმწერელს ხომ ისე არსად აქვს მისი სახელი მოხსენებული, რომ მის მოღვაწეობისადმი თავისი აღტაცება არ გამოემჟღავნოს. აი, მაგ., რა აქვს მას გიორგი ბრწყინვალის დაბადებასთან დაკავშირებით ნათქვამი: დემეტრე თავდადებულს მისმა ცოლმა, ბექა მანდატურთუხუცესის ასულმა ნათელამ, შესძინა მხოლოდშობილი ძე გიორგი, «რომელ უკანასკნელ (ე. ი. შემდგომად) ძმათა მისთა მეფე იქმნა და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა. მარტო შვა დედამან, ვითარცა მარგალიტისათჳს, თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მისჟამისათა, არა ოდენჴელმწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა»-ო. მისი მამის სიკვდილად დასჯის შემდგომ რომ გიორგი V-ის ყველა ძმების აქეთ-იქით გაქცევა-გახიზვნაზეა საუბარი, იგივე ისტორიკოსი ამბობს: »უმრწემესი (ე. ი. უმცროსი) ძე მისი გიორგი, რომელი უშვა ასულმა ბექასმან, წარიყუანა პაპამან მისმან ბექამან და აღზარდა საკჳრველი და უმჯობესი ყოველთა კაცთა, ვითარცა ქვემორე სიტყუამან (ე. ი. მოთხრობამ ) ცხად-ყოს”-ო.
XIII საუკუნის დამლევს აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური დასუსტების გამო ჩრდილო კავკასიითგან ოსთა ქართლში შემოჭრისა და თარეშის გახშირებაზე მოთხრობილს ამბავს იგივე ავტორი შემდეგს ცნობას ურთავს: «მიერითგან შეიქმნა მტერობა შორის ქართველთა და ოვსთა ვიდრემდის მეფეთა შორის ბრწყინვალემან, დიდმან, სახელგანთქმულმან გიორგი განახსნა (იგინი) და აღფხურა»-ო.
იქაც, სადაც გიორგი V-ის მეფობისა და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის აღწერილობა იწყებოდა, შესავალის მსგავსად, ნათქვამია: »აქა დაიწყო აღმოცისკრებად მზემან მეფისამან გიორგი, რომელი აღეზარდა პაპასა მისსა დიდსა ბექასა»-ო.
დასასრულ, შესაძლებელია კიდევ მხოლოდ იმ პირის, მესხეთის მთავრის აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის, სიტყვებიც მოვიყვანოთ, რომელიც, თავისი განკერძოებითი პოლიტიკის გამო, გიორგი ბრწყინვალის, საქართველოს მთლიანობის აღმადგენელის, გულწრფელი თანამგრძნობი არ შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ მასაც-კი მისი განსაკუთრებული ღვაწლი ქართულ სახელმწიფოებრივობაში არ შეეძლო მაინც არ აღენიშნა: მესხეთის ხუთი თემისათვის შედგენილს სამართლის ჩვენს წიგნში ქონებრივ სასჯელად «დიდისა, წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი (ე. ი. ვერცხლის ფული) გავაჩინეთ»-ო.
სამწუხაროდ, გიორგი ბრწყინვალის მეფობის მომთხრობელი ნაწილი დროთა განმავლობაში ქართველი ჟამთააღმწერელის თხზულებაში დაიკარგა. უკვე XVII საუკუნის დამლევს ეს ნაწილი აღარ ყოფილა და ვახტანგ მეფისაგან ახალი ქართლის ცხოვრების დასაწერად შეგროვილს საისტორიო ძეგლებს შორისაც ეს წყარო არ აღმოჩენილა. ამრიგად, მთავარი ძეგლი, რომლის მიხედვითაც გიორგი ბრწყინვალის მოღვაწეობის გაშუქება იყო შესაძლებელი, აღარ მოგვეპოვება. მართალია, ეს გარემოება მკვლევარს მეტად უძნელებს საქმეს, მაგრამ ამ ხანის ისტორიის ძირითადი საკითხების ზოგადად გაშუქება, როგორც დავრწმუნდებით, მაინც ხერხდება.

ვახუშტი გიორგი V-ის გამეფების თარიღად 1318 წელს სდებდა, მაგრამ ნამდვილად თავისი სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა მას ამაზე გაცილებით ადრე უნდა დაეწყო. უნდა გათვალისწინებული გვქონდეს ის გარემოება, რომ ყაანის ნებართვით ის ჯერ კიდევ მცირეწლოვანი გაამეფეს. იმ დროს, რასაკვირველია, მას თავისი მოვალეობის ასრლება ჯერ არ ძალუძდა, მაგრამ, სრულწლოვანობისა და მრაჯვე პირობების დამყარების შემდგომ, მას ხელმეორედ გაუმეფებლივაც წეეძლო თავისი ხელისუფლების განხორციელებას შესდგომოდ სანამ გიორგი V-ის მოღვაწეობის განხილვას შევუდგებოდეთ, წინასწარ უნდა საქართველოს იმდროინდელს მდგომარეობას ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი.

 

აღმოსავლეთ საქართველოს მდგომარეობა გიორგი V-ის მეფობის ხანაში

XIII საუკუნის მეორე ნახევრითგან მძვინვარე დიდი ეკონომიური კრიზისისა და დავით VI-ის დროს აღმ. საქართველოს პოლიტიკური დაქსაქსულობისა და სახელმწიფოებრიობის სრული შერყევის გამო, ამასთანავე წლების განმავლობაში ქართლისა და მთიანეთის მონღოლთა ლაშქრისაგან დაწიოკება-აოხრების შედეგად აღმ. საქართველო უკიდურეს განსაცდელში იყო ჩავარდნილი. ქვეყანა აირია, წესიერი და მყუდრო ცხოვრების ხსენებაც-კი აღარ იყო, ძალმომრეობისა და ცარცვა-გლეჯის შემაკავებელი ხელისუფლება აღარსად ჩანდა. მონღოლების თარეშს, ყივჩაყთა და ოსების მეკობრეთა თავაშვებულობას საზღვარი არა ჰქონდა. ერთმანეთზე თავდასხმა და ხოცვა-ჟლეტა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. თვით ქართველ ტომთა შორისაც-კი ქიშპობა და შუღლიანობა გახშირდა და ურთიერთშორისი დამოკიდებულება ისე გამწვავდა, რომ უგუნური ძმათა შორის ბრძოლა და სისხლისღვრა, სოფლებისა და ციხე-კოშკების დაუნდობელი განადგურება გამარჯვებულ მხარეს საქებურად და საამაყოდაც-კი მიაჩნდა: თითქოს გარეშე დამპყრობელისა და მტრებისაგან ქვეყნის აოხრება საკმარისი არ ყოფილიყოს, რომ ერთმანეთთან თავიანთი მხეცური ამ დამოკიდებულება-მოპყრობით ისედაც გაპარტახებულ საქართველოს საფუძველსაც-კი ძირს უთხრიდნენ.
ჩვენი ქვეყნის იმდროინდელი სავალალო მდგომარეობა თვით ხალხის წარმომადგენლების მიერაც იყო გიორგი ბრწყინვალისაგან მოწვეულს საქართველოს სახელმწიფო დარბაზის საკანონმდებლო კრებაზე აღიარებული. აი მაგ., დარბაზის ერნი და თემის წარმომადგენელნი მთიანეთში წინათ არსებულ ვითარებაზე რას ამბობენ «ძეგლის დადების» შესავალში: აქ ყველგან «დიდი უსამართლობა და მძლავრებულობა ქმნილ იყო ერთმანერთსა ზედა და... ერთმანერთსა ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკვდილი, ცოლის წაგურა და დაგდება უბრალოსა და მრავალფერნი ულუსობანი» ისე იყო მოდებული, რომ «ყოლა სამართალი არად იყო-ღა»-ო!.
საქართველოს სახელმწიფო დარბაზის საგანგებო კრების ზემომოყვანილი დახასიათება რომ სრულებით გაზვიადებული არ არის, არამედ იმდროინდელი აბობოქრებული ვნებათა ღელვისა და შუღლიანობის უტყუარ სურათს წარმოადგენს, ამის მრავალი დამადასტურებელი ცნობები იმ ისტორიულ ნაშრომში მოგვეპოვება, რომელიც სწორედ ამავე მთიანეთის ამბავს მოგვითხრობს და რომელსაც სახელად «ძეგლი ერისთავთა» ეწოდება. იქ, მაგ., აღწერილია ქსნის ერისთავის ქვენიფნეველის დროს ცხაოტელთა თავდასხმა ჟამურელებზე. თავდამსხმელები სასტიკად იქმნენ დამარცხებულნი, ისე რომ ბრძოლისა და მათი დევნის დროს «მომკვდარიყო გარეშე წვრილისა ერისა თვრამეტი თავადი. (ე. ი. მთავარი) ჴევისბერი ცხაოტელი»-ო.
ერთი წლის შემდეგ ჟამურელთ უკვე დვალნი დაესხნენ, მაგრამ იმ დროს იქ მყოფნი «ბეგარის მკრეფელნი ცხრაზმელნი»-ც დაეხმარნენ ჟამურელებს, ამიტომ შეშინებული დვალნი გაიქცნენ და ქნოღოს ციხეში შეიხიზნენ. მაშინ ჟამურელებმა ქნოღოელებს მათთან შეფარებული თავდამსხმელი დვალების გაცემა მოსთხოვეს, მაგრამ უარი მიიღეს. ჟამურელებმა რომ ეს გარემოება ქვენიფნეველს მოახსენეს, მეკობრეთა შემფარებლების დასასჯელად მან მაშინვე ქნოღოს წინააღმდეგ გაილაშქრა და ისტორიკოსის სიტყვით დაარღვივნა ციხენი მათნი და მოსწვა ქუეყანა მათი».ასეთი მკაცრი სასჯელის შემდგომაც, დვალებმა თავიანთი თავდამსხმელობა ვერ მოიშალეს და ჟამურელებს ერთი წლის შემდეგ კვლავ თავს დაეცნენ და ყაჩაღურად «წაასხეს ხვასტაგი (საქონელი) ჟამურით». მაშინ კი ქსნის ერისთავმა დვალთა სამაგალითოდ დასჯა გადასწყვიტა: «დაარღვივნა ციხენი მათნი და მოსწვა ქუეყანა მათი». ადამიანთა სიცოცხლის გარდა, იქ, რასაკვირველია, დვალთა მთელი ქონებაც უნდა განადგურებულ-განიავებულიყო. უკანასკნელი გარემოება თვით მემატიანის სიტყვითაც მტკიცდება. მას აღნიშნული აქვს, რომ როგორც ერისთავი «წარმოვიდა დიდად გამარჯვებული», ისევე მისი «ლაშქარნი ყოველნი ალაფითა» ყოფილან დატვირთულნი.
XIII საუკუნის განმავლობაში საქართველოში ხალხის კულტურულად დაქვეითების გამო, ეროვნული თვითშემეცნება და ნათესაობის შეგნება ისე დაკნინდა, რომ თემთა და ტომთა შორის შუღლისა და მტრობის ჩამოსაგდებად ზოგჯერ მათი თავმოყვარეობის მცირეოდენი შელახვაც-კი საკმარისი იყო ხოლმე. თუ იმ შემთხვევაშიც-კი, როცა საქართველოს სამეფოს საჭეთმპყრობელად ისეთი ენერგიული და ძლიერი მმართველი იყო, გიორგი ბრწყინვალე, შესაძლებელი ყოფილა ისეთი სამწუხარო შემთხვევა მომხდარიყო, რომ ორ მოძმე ქართველ ტომს შორის, როგორც შემდეგში დავრწმუნდებით, შურით გამოწვეული მტრობა დაიწყო და ერთმანეთის დაუნდობელი ხოცვა-ჟლეტით დამთავრდა, ადვილი წარმოსადგენელია, თუ რა საშინელება უნდა ყოფილიყო იმაზე უწინარეს ხანაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება უძლური იყო და ქვეყნის აშლილობას ბოლო არ უჩანდა.
საუბედუროდ ასეთი სავალალო მდგომარეობა მარტო ისეთს მიყრუებულ ადგილებში არ იყო, როგორც ქსნისა და არაგვის მთიანეთია, არამედ სხვა თემებშიც. რამდენად დაქვეითებული იყო კულტურულად საქართველოს სხვა ნაწილებიც მონღოლთაგან შემოღებული ველური პირობების გავლენით, ეს ქართული სამართლის ძეგლებითგანაც ჩანს მკაფიოდ. ეფთვიმე მთაწმინდელის «მცირე შჯულის კანონი»-თგან ჩანს, რომ უკვე XI საუკუნის დამდეგისათვის ქართული სამართლის ზოგადი მოძღვრება, ნებსითსა და უნებლიეთს მკვლელობას ერთმანეთისაგან მკვეთრად არჩევდა, ხოლო შემთხვევით მომხდარს დანაშაულებადაც-კი არ სთვლიდა. XIV საუკუნის პირველ ნახევარში აღმ. საქართველოს მთიანეთისათვის შედგენილს «ძეგლისდადება»-ში-კი მკვლელობა დანაშაულებრივ მოქმედებად არის უკვე მიჩნეული იმ შემთხვევაშიც, თუნდაც ასეთი საქმე ვისმე «უბრალოდ დაემართოს», ე. ი. უნებლიეთ ჰქონდა ჩადენილი და მაშინაც-კი, როცა მკვლელობა უცაბედად მოხდებოდა: ამგვარად იქ ფათერაკისათვისაც-კი სასჯელია დაწესებული! ამავე თვალსაზრისით დამახასიათებელია, რომ ბექა მანდატურთუხუცესის დროს შედგენილს საკანონმდებლო ძეგლშიც მოკლული დიდებულის ოჯახის წევრთა მხრით დიდებულ მკვლელის წინააღმდეგ თვითნებური მტრობა და მისი ქონების გადაწვაც-კი მართებულ და არადანაშაულებრივ მოქმედებად ითვლება. ვიდრე ქვეყნის უზენაესი გამგისაგან გამოგზავნილი სათანადო მოხელე და მაწყუერელისაგან წარმოვლენილი ხატი ჯერ ამ მკვლელობის საქმეში ჩარეული არ იყო, ”მანამდის დაწუა და თუ რასაცა ემტეროს” მოკლულის ნათესაობა მკვლელს ”იგი სისხლსაშიგან (ე. ი. დანაშულებისათვის დაწესებულ სასჯელში) არა მიეფასოს”-ო. ამრიგად სამართალი ადამიანის ვნებათა ღელვით გამოწვეული ძალადობისა და შურისძიების მთლიანად აღკვეთას უკვე მიზნად ვეღარ ისახავდა, არამედ მისი მხოლოდ შეძლებისამებრ შეზღუდვა და ალაგვმა-ღა სწადდა.
მონღოლთადროინდელს ქართველ ჟამთააღმწერელს მონღოლთა მართლმსაჯულების ასეთი ველური წესიც-კი, როგორიც დანაშაულზე წასწრებულის გამოუძიებლივ და გაუსამართლებლივ იქვე მოკვლაა, უკვე მოსწონდა და საქებურადაც-კი მიაჩნდა.
ადამიანთა შორის ურთიერთობაში დამოკიდებულება მესხეთშიც-კი, სადაც შედარებით მაინც უკეთესი პირობები იყო, იმდენად გაუარესებული იყო, რომ კანონმდებელს საჭიროდუცვნია საკმაოდ მკაცრი სასჯელი დაეწესებინა ისეთი დანაშაულისათვის, როდესაც ორი თანასწორი და ერთი წრის კაცი «ცოტასა სამდურავისა»-თვისაც-კი მხეცობას იჩენდა: მომდურავი ათვალწუნებულს პირს თურმე თავისსავე მამულში მიუვარდებოდა, დაიჭერდა, შეჰკრავდა და აბჯრით, ან და რითიმე სხვით სცემდა, რამეს დაუზიანებდა, გაათრევდა და, შერცხვენა-გაწბილების მიზნით, სახლში დაამწყვდევდა კიდეც.
ხალხის კულტურული დაქვეითება და გაველურების ნიშანი იმაშიც მოჩანს, რომ საქართველოს იმავე თემში პირადი მტრობის მიზნითა და ჯავრის ამოსაყრელად ზოგნი თურმე მოწინააღმდეგის მიცვალებულებსაც-კი აღარ ინდობდნენ: კანონმდებელნი იძულებულნი გამხდარან იმაზეც ემსჯელათ, რომ «თუ სწორი სწორსა სასაფლაოსა ზედა დაესხას» და მოწინააღმდეგის გარდაცვლილი ნათესავების «საფლავსა ჴელი მიეყოს», მსაჯულს სახელდობრ რა სასჯელი უნდა დაედო.
რა თქმა უნდა, მაშინდელი ცხოვრების პირობებსა და ამ დუხჭირ ხანაში, «ციხისა და საჯდომის ღალატი» ვისგანმე უკვე გასაკვირველსა და არაჩვეულებრივს აღარაფერს წარმოადგენდა. სამაგიეროდ ფრიად საყურადღებოა ბექა მანდატურთუხუცესის-დროინდელი სამართლის წიგნის ის მუხლები, რომელნიც წოდებათა ურთიერთობას გვიხატავენ.
«თუ აზნაური გლეხმან, ანუ დიდებულმან გააუპატიოს და წაუღოს რაჲმე»-ო, ნათქვამია «კაცთა შეცოდების სამართლის წიგნში». დიდებულნი ამ ხანაში იმდენად ძლიერნი იყვნენ, რომ ცალკეულ აზნაურთა დაჩაგვრა მათ, თუ მოიწადინებდნენ, არ გაუძნელდებოდათ . მაგრამ მეტად საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ ხანაში თურმე ისეთი რამეც-კი შესაძლებელი ყოფილა, როდესაც აზნაურს გლეხი მიუვარდებოდა და არამცთუ უპატივცემოდ მოეპყრობოდა, არამედ ქონებასაც-კი «წაუღებდა» და წაართმევდა კიდეც რასმე. ცხადია, რომ ასეთი შესაძლებლობა უპირველესად სოციალური ბრძოლის ნიადაგზე უნდა ყოფილიყო აღმოცენებული. აზნაურთა და გლეხთა შორის ურთიერთობა მესხეთში, როგორც ჩანს, ამ ხანაში საკმაოდ გამწვავებული ყოფილა.
დამოკიდებულებათა გაუარესების მთავარი მიზეზთაგანი ყმათა უფლებების შეზღუდვისა და მდგომარეობის გაუარესების შედეგი იყო. ჩვენ უკვე ვიცით, თუ ყაზან ყაანის კანონმდებლობამ გლეხობა რა უფლებრივ მდგომარეობაში ჩააყენა, როგორ მიამაგრა იგი მიწას და სხვაგან გადასახლება აუკრძალა. ქართული სამართლის იმდროინდელმა კანონმაც მიწის მესაკუთრე ყმასაც-კი თავისი უძრავი ქონების პატრონის დაუკითხავად და ნებადაურთველად გაყიდვის უფლება წაართა: «მამულისა განსყიდვა ცუდია (ე. ი. «გაცუდებული», გაბათილებულია) ბატონისა დაუმოწმებლად»-ო. თუ ვინმე ასეთ პირობებში მესაკუთრე ყმის მამულს მაინც იყიდდა, საკანონმდებლო კრებას ეს იმას გარდა, რომ სირეგვნედ მიუჩნევია, ამნაირი მიწების გაყიდვა-შეძენის ხალისის დასაკარგავად, სამართლის წიგნში ქონებრივი სასჯელიც-კი დაუწესებია: თუ იმისდა მიუხედავად იყიდდა ვინმე, «ნახევარი ფასი მსყიდველსა სარეგუნოდ დაუშავდეს», წაერთვასო. მართალია, თითქოს ეს სამართლიანი არ უნდა იყოსო »მაგრამ» ასეთი სასჯელი იმიტომ შემოვიღეთ, რომ ყველამ იცოდეს და მომავალში ბატონის დაუმოწმებლად ყმის მამულს «ნუვინ დაებმის სყიდვასა»-ო.
მიწის მესაკუთრე პატრონის მადიანობასაც ამ ხანაში საგრძნობლად უმატნია: მას მოუწადინებია, რომ უკაცრიელი, ნაოხარი ადგილის მომშენებლისათვის კანონით კუთვნილი სამაგიეროს მიცემაც თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. წესად იყო მიღებული, რომ სხვის მიწაზე ბაღის, ან და ვენახის, გამშენებელს გაშენებულის ნახევარი საკუთრებად ერგებოდა. თავისი ნახევრის მაგიერ მას, რასაკვირველია, მისი ღირებულების აღება ფულადაც შეეძლო, მაგრამ, თუ ის თვით გაშენებული ნახევრის მიღებას ირჩევდა, მიწის მესაკუთრეს მისი დაჭერა არ შეეძლო, უნდა უეჭველად მიეცა. ამ ხანაში გამშენებლის ეს უფლებაც საცილობლად გაუხდიათ. ამიტომ საკანონმდებლო კრებამ დაადგინა: «თუ კაცმან კაცისა მამული გააკაცრიელოს რგვითა, ანუ ნაგებითა», მამულის პატრონი გამშენებელს მისი კუთვნილის «დაჭირვას არასემართლების: ნახევარის ფასი მისცეს»-ო. მაგრამ მეორე მხრით, თუ გამშენებელმა გაშენებული «ადგილი მემამულისა გამოითხოოს, არ ემართლების არცა სასყიდლად ბატონისაგან»-ო. ცხადი ხდება, რომ მამულის პატრონები, როდესაც მათთვის ხელსაყრელი იყო, რჩებოდნენ ფასის მიცემით გაშენებული მიწა მთლიანად თითონ ჩაეგდოთ ხელში, ხოლო, როდესაც მათთვის უმჯობესი იყო ნახევარი მიეცათ, მაშინკ-კი გამშენებლისათვის ფასის მიცემის უარზე იდგნენ. ამრიგად, მათ სდომებიათ, რომ სასყიდლის მიღების არჩევანი, რომელიც კანონით გამშენებელს ჰქონდა უპირატესობად მინიჭებული, წაერთვათ და ამ უპირატესობას თითონ დაჰპატრონებოდნენ.
დასასრულ, აგრარულ ნიადაგზე აღმოცენებულ ურთიერთ დამოკიდებულებათა გამწვავების ასეთი გამომჟღავნებული გარემოებაც გვაქვს იმდროინდელს კანონმდებლობაში აღბეჭდილი, როგორიცაა მტრობის მიზნით «ყანასა, ვენაჴსა, ბოსტანსა პირუტყვის» მოსაძოვებლად განზრახ შეშვება.

ასეთს მდგომარეობაში ჩავარდნილი იყო საქართველო, რომელსაც პოლიტიკური მთლიანობაც უკვე კარგა ხანია დაკარგული ჰქონდა და დანაწილებული იყო, სახელმწიფო წესწყობილებაც გაბატონებული უცხო ხალხის ძალმომრეობისა და თვით ქართველ მთავართა და დიდგვარიან მოხელეთა თვითნებობის ურჩობისაგან ძალზე შეერყა, ქვეყანაც აუოხრდა და გაუკაცრიელდა. ამის გამო ეკონომიურადაც იგი იმდენად გაჭირვებული და გაღარიბებული იყო, რომ ერანის ილხანებს საქართველოთგან ხარკისა და ყოველგვარი გადასახადის სახით იმის მხოლოდ ერთი მეოთხედი ნაწილის აკრება-ღა შეეძლოთ, რასაც საქართველოს სახელმწიფო სალარო დამოუკიდებლობის ხანაში ყოველწლიურად იღებდა ხოლმე. ასეთ საშინელებაში მყოფ საქართველოს ფრთხილი და შორსგამჭვრეტელი პოლიტიკოსი, მხნე და შეუდრეკელი ნებისყოფის მქონებელი მმართველი თუ გამოიყვანდა განსაცდელითგან. ამრიგად, გიორგი V-ეს მძიმე და მეტად პასუხისაგები მოვალეობა დააწვა, რათგან მემკვიდრეობა, რომელიც მას ბედმა არგუნა, უკიდურესად განადგურებული იყო.

 

გიორგი ბრწყინვალის პოლიტიკის ზოგადი გეზი 

ამნაირ რთულ პირობებში ისიც კი ადვილი გადასაწყვეტი არ იყო, თუ გიორგი V-ეს თავისი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა საითგან და რით დაეწყო: ჯერ შინაური მტრების, გამდგარი მთავრებისა და ურჩი დიდებული მოხელეების ალაგმვასა და დამორჩილებას შესდგომოდა და და ამ გზით ქვეყანა დაეწყნარებინა, საქართველოს მთლიანობა აღედგინა და ამით ძალა მოეკრიბა, ხოლო შემდეგ საქართველოს საგარეო მდგომარეობის გამოსწორებაზე დაეწყო ზრუნვა, თუ წინაუკმო მოქცეულიყო, უპირველესად დამპყრობელ მონღოლებთან დაეწყო ბრძოლა და საქართველო მათი ბატონობა-მტარვალობისაგან გაენთავისუფლებინა.
გიორგი V-ეს, როგორც ჩანს, ბრძნულად გაუწყვეტია, რომ დაქუცმაცებული და გაოხრებული საქართველოსთვის თუნდაც უკვე დასუსტებულ ერანის ილხანების საყაანოსთან ბრძოლის გაგრძელება, ან და კვლავ ატეხა, არამც თუ მიზანშეწონილი პოლიტიკა არ იქნებოდა, არამედ რომ ასეთი სამოქმედო გეზის არჩევას შესაძლებელი იყო საბედისწერო შედეგიც-კი მოჰყოლოდა. ამიტომ, მონღოლებთან ბრძოლას, მან ფრთხილი და მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოება ამჯობინა.როდესაც ჩობან ნოინმა ერანის ილხანად აბუსაიდი დასვა, ახალი მბრძანებელი იმდენად მცირეწლოვანი იყო (12 წლის), რომ თავისი სახელმწიფოს მართვა-გამგეობა პირადად, რასაკვირველია, არ შეეძლო. ამიტომ 1316 წელს ერანში გაყაანებულს აბუსაიდს მთავარ ვაზირადა და საყაანოს ნამდვილ მესაჭედ ჩობანი ჰყავდა. საქართველოს მეფეს გიორგი ბრწყინვალეს სწორედ ილხანების ამ ყოვლადშემძლე ხელისუფალ ჩობანთან დაახლოვებაზე დაუმყარებია თავისი პოლიტიკა: მათ დიდი მეგობრობაც ჰქონდათ ერთმანეთში. იმდროინდელი არაბული ცნობით, ჩობანი საქართველოს მეფის გულითადი მეგობარი იყო: იგიც გიორგი ბრწყინვალეს აფასებდა და ყოველთვის, როდესაც-კი საჭირო იყო, მას მხარსაც უჭერდა და კიდეც ეხმარებოდა ხოლმე.
მეორე მხრით, გიორგი ბრწყინვალეც თავის პოლიტიკურ მოქმედებაში ჩობანს უწევდა ანგარიშს, სახელმწიფო საქმეებზე ილხანის დიდ ვაზირს ეთათბირებოდა ხოლმე და დარწმუნებულიც იყო, რომ, როცა გაუჭირდებოდა, მისთვის ჩობანის დახმარება ყოველთვის უზრუნველყოფილი იქნებოდა. მართლაც, ჩობანს გიორგი ბრწყინვალის იმედი არასდროს არ გაუცრუებია და განსაცდელში მრავალჯერ დაჰხმარებია ხოლმე.
არც გიორგი ბრწყინვალისა და არც ჩობანის მხრით ის გულითადი მეგობრული დამოკიდებულება, რომელიც მათ შორის არსებობდა, მარტო პირადი გრძნობითა და განწყობილებით არ იყო გამოწვეული, არამედ კარგად შეგნებულს პოლიტიკურს ანგარიშზეც იყო დამყარებული. ჩობანი გიორგი ბრწყინვალის სახელმწიფოებრივს ნიჭსა და შორსგამჭვრეტელობას ძალიან აფასებდა, ამიტომაც იყო, რომ ერანის ყაანების საბრძანებლის საქმეებზე რჩევას მას ეკითხებოდა ხოლმე. ამრიგად, ჩობანისათვის საქართველოს მეფე მარტო როგორც პირადი მეგობარი-კი არ იყო ძვირფასი, არამედ როგორც მისი საუკეთესო თანაგამზრახიც.
ამას გარდა, ერანის ილხანებმა საქართველოს ჯარის გულადობა და ბრძოლაში თავდაუზოგავობა კარგად იცოდნენ. XIV საუკუნის დამდეგს, როდესაც პირადად მონღოლთა ძლიერებაც ძალზე შემცირდა და ისინი წინანდელი სიმამაცითაც უკვე ვეღარ ომობდნენ, თანაც, მათ წიაღში პოლიტიკურ შეთქმულებათა გახშირების გამო, მათი თანამოძმენი მათთვის სანდო მხედრობად მისაჩნევიც-კი აღარ იყვნენ, ქართველი ჯარი უკვე მარტო მეშველ ძალას კი აღარ წარმოადგენდა, როგორც ეს წინათ იყო, არამედ იგი მთავარ საყრდნობად იქცა, რომელსაც ისინი ენდობოდნენ და რომლის სიმამაცის იმედი მათ ჰქონდათ.
სწორედ საქართველოსთვის ასე ხელსაყრელად ქცეული ვითარებით ისარგებლა, როგორც ჩანს, გიორგი ბრწყინვალემ და თავისი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენა. ამრიგად, გიორგი ბრწყინვალის მეფობის პირველ ნახევარში საქართველოს სამეფო ისევ ერანის იმდროინდელს ილხანთან იყო პოლიტიკურად დაკავშირებული და ყმადნაფიცობა მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა. ამიტომაც იერლაყ-ად წოდებული ყაანის ბრძანებანი სქართველოშიც მოდიოდა ხოლმე, მაგრამ, მაშინდელი არაბული ცნობით, მონღოლთა ყაანის ბრძანებათა ძალა და ხელისუფლება საქართველოზე უშუალოდ უკვე აღარ ვრცელდებოდა.
ერანის ილხანს ლაშქარიც მცირერიცხოვანი ეყენა და მთელ საქართველოს სამეფოში 10 000 მოლაშქრეზე მეტი არ იყო, ისიც თურმე მხოლოდ საქართველოს საზღვრების დასაცავად ჰყოლია განკუთვნილი.

სანამ დასახული პოლიტიკური და ეროვნული ამოცანების განსახორციელებლად საჭირო იყო, გიორგი ბრწყინვალეს ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა მონღოლებთან, მერმე, როდესაც მიზანი უკვე მიღწეული იყო, მათი მოშორება გაერთიანებული საქართველოს მეფემ ადვილად მოახერხა. ამ შემთხვევაში გიორგი ბრწყინვალეს თვით ერანის ილხანის აბუსაიდის მოქმედებამაც გაუადვილა საქმე, რათგან საყაანოს ისედაც შერყეულ მდგომარეობას მალე უკანასკნელმა აღსასრულმაც მოუსწრო: საკმარისი იყო 1327 წელს სრულწლოვანად ქცეულსაბუსაიდს, თავისი მეურვისა და მზრუნველის ჩობან ნოინის თავითგან მოშორების მიზნით, ერანის მონღოლების ეს ერთადერთი ძლიერი და ქვეყნის ოდნავად მაინც შემკავებელი ხელისუფალი, თითონაც და მისი ორი ვაჟიშვილიც მოეკვლევინებინა, რომ მაშინვე საყაანოში არეულობა დაწყებულიყო და ილხანების საბრძანებელსაც ბოლო მოჰღებოდა. ამის შემდეგ გიორგი ბრწყინვალეს საქართელოში მყოფი მონღოლთა ლაშქრისა და ყველა მათი მოხელეების განდევნა-მოსპობა, რასაკვირველია, არ გაუძნელდებოდა.

 

გიორგი ბრწყინვალის შინაური პოლიტიკა

საქართველოში შინაური მყუდროების დასამყარებლად, ყველაზე საშურს მისი შუა თემის, ქართლის, უშიშროებისა და მშვიდობიანი საქმიანობის უზრუნველყოფა შეადგენდა. იმისდა მიუხდავად, ოსთა თარეშს ქართლში არაერთხელ შეჰბრძოლებიან, მაინც მონღოლთა დახმარებითა უფრო-კი ქვეყნის სრული აშლილობის წყალობით, მათი მეკობრული თავდასხმა არც შემდეგში შეწყვეტილა. ისინი გორშიც-კი მძლავრობდნენ წინანდებურად. ამიტომ გიორგი ბრწყინვალემ თავის უპირველეს მიზნად საქართველოს ოსთა თარეშისაგან განთავისუფლება დაისახა. ამისათვის ჯერ ქალაქ გორითგან მათი განდევნა იყო საჭირო, სადაც მათ უკვე საკმაოდ კარგად მოასწრეს გამაგრება. ამიტომაც, როდესაც გიორგი ბრწყინვალე ”მოადგა ოვსთა გორსა მყოფთა”, მას იქითგან ოსთა მთლიანად განსადევნად ”სამწელ”მოუხდა ბრძოლა.
ამ ბრძოლაში ქმნისა და არაგვის საერისთავოების ჯარიც იღებდა მონაწილეობას. მას შემდგომ, რაც ოსები გორითგან უკვე განდევნილები იყვნენ, ქსნისა და არაგვისხეველთა შორის ცილობამ იჩინა თავი იმის გამო, თუ ამ ორი ხეობის მოსახლეობის რომელმა ჯარმა ბრძოლაში უფრო მეტი ქველობა გამოიჩინა. ეს ცილობა იმდენად გამწვავდა, რომ მტრობადაც-კი გადააქცია და ამით აღელვებული ამ ორი მოძმე ტომის წარმომადგენლები ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მზადებას შეუდგნენ.
ასეთი უგუნური ძმათაშორისი სისხლისღვრის შესაძლებლობის მოსასპობად, ”მოვიდა დავით, ძე გიორგისი და არღაღრა აუშვნა საომრად, არამედ განყარნა ყოველნი ჴევისთავნი და წარგზავნეს ყოველნი აზნაურნი” ქართლელნი. გიორგი ბრწყინვალის შვილის ამ ბრძანებას, არაგვის ხეობის სამ თემს გარდა, ყველანი დაემორჩილნენ. ამ სამი ხეობის მებრძოლთ ეგონათ, რომ მათი ასეთი ვითომცდა დამცირების შერჩენა ქსნისხეველებისათვის არასგზით არ შეიძლებოდა, და ამიტომ ქსნის ერისთავის ქვენიფნეველის ჯარს უკან დაედევნენ.
ამ უაზრო სისხლისღვრის თავითგან ასაცილებლად, გიორგი ბრწყინვალის შვილმა ყოველი ღონე იხმარა და იმდენი ეცადა, რომ შურისძიებით გახელებულს არაგვის ხეობის ამ სამს თემს ”დავით, ძე მეფისა, მუჴლთა დაუყრიდა, ლომისასა მყოფთა ხატთა დაუსვენებდეს და ევედრებოდეს, რათა არა სდევდენ”, მაგრამ მაინც ”მათ არ ისმინეს”.
რაკი საქმე ასე დატრიალდა, მაშინ ქსნისხეველთაც პასუხის გაუცემლობა იუკადრისეს და საზიზღარი ძმათაშორისი ბრძოლა და ჟლეტა გაჩაღდა, რომელიც ბოლოს მაინც არაგვისხეველთა დამარცხებით დამთავრდა. რა თქმა უნდა, ამ უგუნურ ბრძოლას დიდი მსხვერპლი შეეწირა.
რაკი ოსები განდევნილები და თავიანთი კადნიერი თავაშვებულობისათვის მკაცრად დასჯილნი იქმნენ, გიორგი ბრწყინვალეს, რასაკვირველია, საქართველოს მთიანეთის მცხოვრებთა შორის წესიერებისა და მყუდროების დამყარებაზეც ზრუნვა უნდა დაეწყო ამას-კი წინასწარი სამზადისი და მოფიქრებაც სჭირდებოდა და ეს თავისი მოვალეობაც მეფემ, როგორც შემდეგში დავრწმუნდებით, პირნათლად აასრულა კიდეც.
საქართველოს ისტორიის XIII საუკუნის ხანის სახელმწიფოებრივობის თავისებურებას მთავართა წოდებულების გაჩენა და მათი უაღრესი გაძლიერება შეადგენს. წინათ ამის მსგავსი ვითარება საქართველოში არ ყოფილა და ეს ცვლილება, უეჭველია, ბევრნაირად, ერთი მხრით საქართველოს პოლიმტიკური დასუსტებისა და მეფის ხელისუფლების დაკნინების ბუნებრივი შედეგი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრით მონღოლთა სახელმწიფოებრივობისა და პოლიტიკის გავლენითაც უნდა აიხსნებოდეს. მეფეებს საქართველოში, ურჩი ხელისუფლების მონღოლთაგან მფარველობისა და მათი წაქეზების შიშით, მათი ალაგმვის საშუალება ხშირად სრულებით მოსპობილი ჰქონდათ.
რაკი საქვეყნოდ გამრიგე დიდი ხელისუფლები , მეტადრე-კი მთავრები, ხშირად მონღოლთა მომხრეობას კადრულობდნენ და ამით საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, რთულდებოდა, ამიტომაც გიორგი ბრწყინვალეს კარგად ესმოდა, რომ ვერც დაშლილი სახელმწიფოებრივობის განმტკიცება და ვერც საქართველოს მთლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდებოდა, სანამ გათამამებული საქვეყნოდ გამრიგენი ისევ თავიანთ ქერქში არ იქნებოდნენ ჩამწყვდეულნი.
ამ სახელმწიფო ამოცანის განსახორციელებლად გიორგი ბრწყინვალემ, გარემოებისდა მიხედვით, სხვადასხვა საშუალებას მიჰმართა. უპირველესად მან ერანის მონღოლთა შორის ატეხილი შინაური ბრძოლით ისარგებლა და, რაკი მათ საქართველოს საქმეებისათვის წინანდებურად აღარ ეცალათ, გიორგი ბრწყინვალემ გადასწყვიტა, რომ, დიდგვარიან ხელისუფალთა მტრული მოქმედების ყოველივე შესაძლებლობის საბოლოოდ მოსასპობად, მხოლოდ გადამწყვეტი საშუალება იქმნებოდა გამოსადეგი. ამიტომ მან ”ჰერ-კახთა და სომხითის ერისთავნი, რომელნიც ჩინგიზთ (ე. ი. მონღოლებს) მიუდგნენ, კახეთს ცივზედ მოიწვია და ამოსწყვიტა”.
გიორგი ბრწყინვალე საქართველოს გაერთიენების გეგმის განხორციელების დროს ცდილობდა უფრო ფრთხილად ემოქმედნა. მართალია ის ფხიზლად ადევნებდა თვალყურს, რაც-კი ლიხთ-იმერეთში ხდებოდა, მაგრამ საქმეში ნაადრევად ჩარევა მაინც მიზანშეწონილად არ მიუჩნევია.
როგორც უკვე ვიცით, დავით-ნარინის სიკვდილის შემდეგ გამეფებულს კოსტანტინეს მისივე ძმა მიქაელი აუჯანყდა. ძმათა შორის ბრძოლა ხან შესწყდებოდა, ხან შერიგების შემდეგ, ისევ ატყდებოდა ხოლმე. 1327 წელს, ვახუშტისაგან მოყვანილი ცნობის მიხედვით, კოსტანტინე მეფე გარდაიცვალა და მის მაგიერ მეფობას ბოლოს მიქელიც ეღირსა. მაგრამ მას ორ წელიწადს მეტს არ დასცლია და, იმავე წყაროს ცნობით, მიქელ მეფეც 1329 წელს გარდაცვლილა. მას მცირეწლოვანი ვაჟიშვილი ბაგრატი დარჩა. გიორგი ბრწყინვალემ ამით ისარგებლა, ლიხის მთა გადალახა, ქუთაისი აიღო და ბაგრატი თან წამოიყვანა. ამრიგად ორმეფობა მოისპო და საქართველოს სახელწიფოებრივი მთლიანობაც აღდგენილ იქმნა.
იმავე დასახული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, გიორგი ბრწყინვალემ მესხეთის მთავარის სახელობის, როგორც თავის დედის კერისა და თავის აღმზრდელი ოჯახის, მიმართ სხვა საშუალება გამოიყენა. ძალის და ხელისუფლების ჩამორთმევის მაგიერ, 1334 წელს, როდესაც მესხეთის მთავარი სარგისი გარდაიცვალა, მისი შვილი ყუარყუარე მეფემ უკვე თითონ დასვა. ამრიგად, საქართველოს სამეფოსაგან განცალკევებულს მესხეთის პოლიტიკურ არსებობასაც ბოლო მოეღო და საქართველოს სახელმწიფოებრივობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიური თვალსაზრისით ესოდენ მნიშვნელოვანი და ერმრავალი ნაწილიც კვლავ დაბრუნდა. სრულიადი საქართველო ამიერითგან მთლიანად აღდგენილი იყო. როგორც უკვე აღნიშნული გვქონდა, გიორგი ბრწყინვალე მარტო სახელმწიფოს პოლიტიკური გაერთიანებითა და ქვეყანაში მყუდროების დამყარებით არ დაკმაყოფილებულა, არამედ ამის შემდეგ სახელმწიფოს მშვიდობიანი განვითარების თვით შერყეული საფუძვლის, მოსახლეობაში კანონიერების, ჩანერგვასაც შეუდგა. ამრიგად, მისი მოღვაწეობის ასპარეზი ქართული სამართლის სფეროსაც შეეხო. მომდევნო ხანაში, თემურ-ლენგის შემოსევის დროს მომხდარმა საქართველოს აოხრებამ, წინა და ამ საუკუნეების მრავალი ძეგლი იმსხვერპლა და ამიტომ XIV საუკუნის ამბების გასაშუქებლად მცირეოდენი, ისიც შემთხვევით გადარჩენილი, მასალა-ღა მოგვეპოვება. ამავე მიზეზის გამო გიორგი ბრწყინვალის ქართული სამართლის სფეროში მოღვაწეობის მთელი სისრულით გათვალისწინების საშუალება უკვე აღარა გვაქვს. ვახტანგ VI-ის სამართლის კოდიკომ მისი დროითგან მხოლოდ ”ძეგლის დადება” გადაგვირჩინა. ეს სამართლის წიგნი გიორგი ბრწყინვალისაგან მოწვეული სახელმწიფო დარბაზის საკანონმდებლო კარებისაგან არის შედგენილი და არაგვისა და ქსნის ხეობის მთიულთა თემისათვის იყო გაჩენილი.
ამ ძეგლის შესავალში აღნიშუნლ გარემოებათა მიხედვით ირკვევა, რომ გიორგი ბრწყინვალე ამ საქმეს მაშინ შესდგომია, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სიმტკიცე უკვე მთლიანად განხორციელებული ყოფილა: ”ყოველგნით უცილებლად ქონებასა შინა სამეფოსა ჩუენისასა და უცილებლად პყრობასა ტახტისა და სკიპტრისასა” ვიმყოფებითო, ნათქვამი აქვს თვით გიორგი ბრწყინვალეს.
სანამ ტფილისში სახელმწიფო დარბაზის საგანგებო კრებას მოიწვევდა, მეფეს ჯერ ორივე ზემოაღნიშნული ხეობა ადგილობრივ პირადად მოუვლია და მოსახლეობისაგან მოუსმენია, თუ რა შეადგენდა მისთვის ყველაზე საჭირბოროტო და დაუყოვნებლივ მოსაწესრიგებელ საქმეს. ამ მოგზაურობის დროს ტფილისითგან ჯერ ჟინვანში, თავის სასახლეში, მისულა, იქითგან ხადასა და ცხაოტს ასულა, ”მუნებურნი ჴევისბერნი და ჰეროვანნი” დაუბარებია და მათი მოხსენება მოუსმენია. ასე აღმა მოგზაურობით გიორგი ბრწყინვალეს დარიელამდის მიუღწევია. შემდეგ ”დარიელით მობრუნებულთ” და ლომისაზე გავლით, მეფესა და მის ვაზირებს ცხრაზმის ხევიც დაუთვალიერებიათ და იქაუროყბის გასაჭირიც მოუსმენიათ.
მუხრანზე გავლით გიორგი ბრწყინვალე ტფილისში დაბრუნდა, მაგრამ, ამასთანავე აგრეთვე ”თემისა და თემისა ერისთავნი და ჴევისთავნი და ჴევისბერნი და ჰეროვანნი”-ც თან ჩამოიყვანა. სახელმწიფო დარბაზის საკანონმდებლო კრებაში, ზემოდასახელებულთ საგანგებოდ მოწვეულებს გარდა, რასაკვირველია, ვაზირნი და მოურავნიც ერთი მხრით და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენელნიც იღებდნენ მონაწილეობას. დარბაზმა მთიულთათვის განკუთვნილი სამართლის წიგნი შეადგინა, რომელსაც ”ძეგლის დადება” ეწოდება.
ამ ძეგლის მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ვერ შეედრება მთელი სამეფოსათვის შედგენილს კანონმდეებლობას და ამ ძეგლის მიხედვითაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ქართული სამართლის განვითარების იმდროინდელს დონეზე მსჯელობა, მაგრამ, რამდენადაც იგი საქართველოს ერთს თემში არსებულს უფლებრივს ვითარებას გვითვალისწინებს, ქართული სამართლისა და სოციალური ისტორიისათვის მაინც საყურადღებო და ძვირფასი წყაროა. გიორგი ბრწყინვალეს მთელი იმ ღვაწლის შეფასება-კი, რომელიც მას ზოგადს ქართულს სამართალში მიუძღვის, მხოლოდ მომავალში იქნება შესაძლებელი, ისიც მარტო იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ამისთვის გამოსადეგი ახალი მასალები და ძეგლები აღმოჩნდა.
საქართველოს პოლიტიკური მთლიანობისა და სახელმწიფოში მტკიცე წესწყობილებისა და კულტურული ყოფაცხოვრების აღდგენაზე მზრუნველს გიორგი ბრწყინვალეს, ცხადია, შეუძლებელია, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესებაც არ ეღონნა. მის გამეფებამდე უკვე ყაზან ყაანის ფულის რეფორმას საქართველოსათვისაც ჰქონდა მნიშვნელობა და ყაზანაური თეთრი, როგორც სამაგალითო და სრულფასიანი ვერცხლის ფულის ერთეული, საქართველოშიც გაბატონდა. ბექა მანდატურთუხუცესის დროის საკანონმდებლო ძეგლში, მაგ., ყოველგვარი ქონებრივი საზღაურის გადახდა ამ ფულის ერთეულით იყო ნავარაუდევი და სწორედ”ყაზანაური თეთრი იყო” დაწესებული.
მაგრამ ერანის ილხანების საყაანოს დასუსტებასა და შემდეგ სრულიად მოსპობასთან ერთად, ისეთი ჯანსაღი და სრულფასიანი ფულის ერთეულიც კი, როგორიც ყაზანაური თეთრი იყო, სწრაფად გაქრა და უკვე აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის დროს ”ყაზანაურობაჲ არღარაჲ იყო”.
გიორგი V ბრწყინვალემ საქართველოს ფინანსებშიც თავის მხრით ცვლილება შეიტანა და ახალი ფული მოაჭრევინა, რომელიც სწრაფად გაბატონდა. მას შემდგომ ხანაშიც-კი შერჩა ძალა. ამ დროითგან მოყოლებული ფულადი ანგარიში სწორედ ამით სწარმოებდა ხოლმე. აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარსაც–კი, რომელიც თავისი სამთავროს საქართველოს მეფისაგან ადმინისტრაციულს დამოუკიდებლობას იცავდა, გულმოდგინედ არ შეეძლო მაინც თავისი სამფლობელოებში მყოფი ცხოვრების ეკონომიურ–ფინანსური ვითარებისათვის ანგარიში არ გაეწია და ამიტომაც ისიც იძულებული იყო მის დროს შედგენილს საკანონმდებლო ძეგლში დანაშაულებათათვის დაწესებული ფულადი საზღაური გიორგი ბრწყინვალის თეთრის ერთეულით დაეკანონებინა, რათგან წინანდელი მონღოლური ყაზანაური თეთრის მაგიერ, მესხეთშიც თვით აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის მთავრობის ხანაშიც-კი, სწორედ ეს ქართული ფული იყო ცხოვრებაში გაბატონებული. ”კაცთა შეცოდების სამართლის წიგნის” შესავალში მას თითონვე აქვს ეს გარემოება აღიარებული: ”ამა ჟამთა შინა ყაზანაურობაჲ არღარაჲ იყო” და ამიტომ ”დიდისა წარჩინებულისა მეფისა გიორგის ჟამის თეთრი გავაჩინეთ”-ო.
ამრიგად, გიორგი ბრწყინვალის ბრძნული პოლიტიკის წყალობით, საქართველო მარტო პოლიტიკურად-კი არ გაჯანსაღდა და სახელმწიფოებრივადაც გამაგრდა, არამედ ეკონომიკურადაც მოღონიერება დაიწყო და ქონებრივადაც დოვლათიანობა დაეტყო. ეს გარემოება უკვე საქართველოს დედაქალაქსაც დასჩნევია.

რომის პაპის იოანე XXII-ის 1328 წელს და 1329 წელს დაწერილი ეპისტოლეებითგან ჩანს, რომ ტფილისი იმ დროსაც საუკეთესო, ერმრავალი და მდიდარი, თანაც შესანიშნავი ქალაქი იყო. მის ასეთ თვისებათა მნიშვნელობის გამო, დას. ევროპის ქრისტიანეთა მწყემსმთავარმა და კარდინალების საბჭომ გადასწყვიტა,თავისი მოქადაგეობითი მოღვაწეობის ცენტრი ქალაქ სმირნითგან ტფილისში გადმოეტანათ, რაც ასრულებულ იქმნა კიდეც. მაგრამ გიორგი ბრწყინვალის დროინდელი საქართველოს ყოველმხრივი დიდი წარმატება და კულტურის მაღალი დონე, თვალსაჩინო ეკონომიური მოღონიერებაც, საკმაო სიცხადითა და სიძლიერით ”ხელმწიფის კარის გარიგების” შერჩენილი ნაწილითგანაც ჩანს.


გიორგი ბრწყინვალის საგარეო პოლიტიკა და საქართველოს  დიდი ხვედრითი წონა მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ცხოვრებაში

საქართველომ გიორგი ბრწყინვალის სამხედრო ნიჭითა და ბრძნული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის წყალობით თავისი პოლიტიკური ძლიერება XIV საუკუნის მეორე მეოთხედისათვის უკვე იმდენად აღიდგინა და შინაურობაშიც სრული მშვიდობიანობის დამყარება შესძლო, რომ მისი ძლიერების ხმაგანთქმულობამ ეგვიპტემდისაც-კი მიაღწია. იქაური იმდროინდელი არაბული წყაროების ცნობით, საქართველო მაშინ დიდ და ვრცელ ქვეყანად და ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა. რომის პაპსაც მოეხსენებოდა, რომ საქართველოს სახელმწიფოში ბევრი სხვა ხალხიც იყო. შორეულს ეგვიპტეში ისიც კარგად იცოდნენ, რომ მაშინდელს საქართველოში მტკიცე ხელისუფლება არსებობდა და მას თავისი საკუთარი მეფე ჰყავდა და რომ მის სატახტო ქალაქად ტფილისი იყო.
საქართველოს ჯარის მამაცობისა და ქრისტიანობის მტკიცედ დამცველის სახელიც შორეულ ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეშიც, კარგად იყო ცნობილი.
ჩვენი ქვეყნის განახლებასა და მოღონიერებასთან ერთად, ცხადია, რომ საქართველოს ხვედრითს წონასა და მნიშვნელობას საერთაშორისო ასპარეზეც უნდა კვლავ ემატნა. საქართველოს მეფისაგან იმ დროისათვის საერთაშორისო პოლიტიკურ სფეროში მოპოვებულს გავლენასა და მნიშვნელობას ის მიმართვა-შესხმის წესიც გვიხატავს კარგად, რომლითაც მაშინ ეგვიპტის სულტნები საქართველოს მეფეებისადმი წარმოგზავნილ თავიანთ ეპისტოლეებს წერდნენ ხოლმე. ელ-ომარის ცნობით ეპისტოლეები ასე იწყებოდა: ”დღეგრძელ–ჰყოს ალლაჰმა ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, ხელმწიფოსა სახელოვნისა და სახელგანთქმულისა, მამაცისა, უშიშარისა, ძლიერისა, დაუცხრომელად მებრძოლისა, ლომისა, ტახტ-გვირვგვინის მპყრობელისა, თავის სარწმუნოების მფლობელისა, თავის ქვეშევრდომთათვის სამართლიანისა, ბერძენთა (იგულისხმება: ”მართლმადიდებელთა”) მეფეთა შორის საუკეთესოსა, ქართველთა სულტნისა, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოების განძისა, რაინდთა დამცველისა, თავის წინაპართაგან ტახტ-სკიპტრის დამამკვიდრებელისა, რუმისა და ერანის ქვეყნების დამცველისა, იონთა (ე. ი. ძველი საბერძნეთის მეფეთა) მემკვიდრისა, ასურეთის მეფეთა* მფარველისა გვირგვინოსანთა შორის ურჩეულესისა, ქრისტიანთა განმადიდებელისა, იესოს სარწმუნოების საყრდნობისა, ქრისტიან გმირთა ცხებულისა, თავის ბრძანებით წმიდა ადგილთა (ე. ი. პალესტინა-იერუსალიმის) განმადიდებელისა, ნათელღებულთა მისაყრდნობისა, რომის პაპის მეშველისა, მუსლიმანთა მეგობრისა, დაახლოვებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა მეფეთა და სულტანთა უგულითადესი მეგობრისა”-ო.
XIV საუკუნის პირველი ნახევრის არაბ მწერლის ელ-ომარის ამ მოწმობით, გიორგი ბრწყინვალე ქრისტიან მეფეთა შორის უსახელოვანესად ითვლებოდა. იმისდა მიუხედავად, რომ მას გულმოდგინე ქრისტიანის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, ეს გარემოება და მისი რწმენა მას არ უშლიდა სხვა რწმენის წარმომადგენლებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონოდა. ეგვიპტის სულტნები გიორგი ბრწყინვალისადმი წარმოგზავნილს თავიანთს ეპისტოლეებში მას მუსლიმანთა მეგობარსაც-კი უწოდებდნენ. ეს ფრიად საგულისხმო გარემოებაა, რომელიც ამ მეფეს ფართო და თავისუფალი აზროვნების მქონებელ პოლიტიკოსად გვაგულისხმებინებს.
თავის სახელმწიფოში პოლიტიკურად კარგად განმტკიცების შემდეგ, გიორგი ბრწყინვალე საქართველოს საგარეო და საერთაშორისო მდგომარეობის, რომელიც XIII საუკუნის განმავლობაში თითქმის სრულებით შერყეული იყო, გამოსწორებასაც შეუდგა. მას მიზნად დასახული ჰქონდა საქართველოსათვის საერთაშორისო სფეროში კვლავ დაებრუნებინა ის გავლენიანობა, რომელიც მას წინათ ძლიერების ხანაში XII საუკუნეში, მოპოვებული ჰქონდა. წარსულში ქრისტიანეთა მთავარ სალოცავ ადგილებში ქართველებს ყველგან საპატიო ადგილი ეკავათ და თავიანთი ეკლესია-მონასტრები ჰქონდათ. უკვე XII საუკუნეში ქართველებმა, პროხორეს თაოსნობით, ჯვარის მონასტერი ააგეს. დავით აღმაშენებელმა სინას მთის ის მწვერვალიც დაიკავა, სადაც, ებრაელთა გადმოცემით, ვითომც ღმერთი მოსე წინასწარმეტყველს ესაუბრებოდა და ათი მცნება მისცა. სინას ნახევარკუნძულის ამ ყველაზე უმაღლეს მწვერვალზე მან საუცხოვო ქართული ეკლესია ააგებინა და ქართული წირვა ლოცვითურთ მოაწყო. ყველა ამას და ამის მსგავსს, რა თქმა უნდა, მარტო წმინდა სარწმუნოებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არამედ ამავე დროს ეს მთელ მახლობელ აღმოსავლეთში და დასავლეთის ქრისტიანე ხალხთა შორის საქართველოს პოლიტიკურ სახელგანთქმულობასაც უწყობდა ხელს.
საქართველოს პოლიტიკური ძლიერების შერყევისთანავე, ქართველების მდგომარეობა პალესტინაშიც ძალზე გაუარესდა. ქრისტიანეთათვის ისეთი მნიშვნელოვანი სალოცავი, როგორადაც მაშინ ჯვარის მონასტერი იყო მიჩნეული, ჩამოართვეს. ქართველების გულის მოსაკლავადა და თავმოყვარეობის შესალახავად, ჩამორთმეული მიზგითადაც-კი აქციეს.
გიორგი ბრწყინვალემ ქართველთა ამ შელახული უფლებისა და თავმოყვარეობის აღდგენასაც მიაქცია ყურადღება. ამ მიზნით მან ეგვიპტის სულტანს თავისი დესპანები გაუგზავნა და წართმეული ჯვარის მონასტრის ქართველებისათვის დაბრუნება სთხოვა. საქართველოს მეფეს მარტო ზემოაღნიშნული მიზანი არ ჰქონდა დასახული, არამედ მას უნდოდა, რომ საერთოდ პალესტინაში ქრისტიანეთათვის მაჰმადიანთაგან დაწესებული დამამცირებელი წესები და ყველანაირი შევიწროებაც მოსპობილიყო და მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ამიტომ გიორგი ბრწყინვალემ თავის დესპანებს დაავალა ჯერ კოსტანტინეპოლში შეეარნათ და მისი წადილი და ცდა ეცნობებინათ. ეტყობა, მას უნდოდა, რომ ქრისტიანეთა ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესების მისს ასეთ ცდაში ბიზანტიის კეისარსაც მიეღო მონაწილეობა. ამ ამბის გაგებისთანავე, საქართველოს დესპანებთან ერთად კეისარს თავისი დესპანებიც გაუყოლეებია თან.
საქართველოსა და ბიზანტიის დესპანები მართლაც ზღვით ჯერ ალექსანდრიაში მივიდნენ, იქითგან-კი ხმელეთით ქაირომდის მიაღწიეს კიდეც. იქ საქართველოს დესპანებმა ეგვიპტის მთავრობას გიორგი ბრწყინვალის ეპისტოლე მიართვეს, რომელშიც იგი ძალმომრეობით ჩამორთმეული და მაჰმადიანთაგან მიზგითად გადაქცეული ჯვარის მონასტრის ისევ ქართველებისათვის დაბრუნებას თხოულობდა. ამასთანავე საქართველოს მეფე ეგვიპტის სულტანს სთხოვდა, რომ ის განკარგულება და წესიც გაუქმებული ყოფილიყო, რომლითაც ქრისტიანებს ცხენსა და სახედრებზე აქეთ-იქით ორივე ფეხ-ჩამოშვებული ჯდომა აკრძალული ჰქონდათ. ასე მოგზაურობა მხოლოდ მაჰმადიანების უპირატეს უფლებად ითვლებოდა, ქრისტიანები-კი ცხენ-სახედრებზე უნდა ორივე ფეხის ერთი მხრივ გვერდზე ჩამოშვებულნი მჯდარიყვნენ. რაკი ასეთი ბრძანება ქრისტიანეთა დამცირება-გაწბილების წადილით იყო ნაკარნახევი, გიორგი ბრწყინვალემ, ეტყობა, აუცილებლად საჭიროდ დაინახა, რომ თავმოყვარეობის ასეთი შეურაცხმყოფელი წესი მოსპობილიყო და ამით ქრისტიანთა სწორუფლებიანობა აღდგენილი ყოფილიყო.
საქართველოს მეფის არც ერთი ამ ორ თხოვნათაგანის ასრულება მაჰმადიანთა მბრძანებლის, ეგვიპტის სულტნისათვის, ადვილი არ იყო, მაგრამ მაინც, უფრო მეტად პირველ თხოვნას უნდა ჩაეგდო იგი დიდ საგონებელში. ჯვარის მონასტრის ისევ ქართველებისათვის დაბრუნება ხომ მიზგითის კვლავ ქრისტიანეთა სალოცავ ეკლესიად ქცევით დამთავრდებოდა, მართლმორწმუნე მაჰმადიანთა შეხედულება-მოძღვრებით-კი ასეთი საქციელი მძიმე დანაშაულებასა და დიდ ცოდვას წარმოადგენდა. ამნგაირი ნაბიჯის გადასადგმელად ეგვიპტისსულტნის გავლენიანი სასულიერო წრეები თავიანთ ბრძანებელს დასტურს ისე ადვილად ვერ მისცემდენ.
ესოდენ ძნელად გადასალახავი დაბრკოლებისდა მიუხედავად, ეგვიპტის სულტანმა საქართველოს მეფის ორივე თხოვნა დააკმაყოფილა: ქართველებმა წართმეული ჯვარის მონასტერიც დაიბრუნეს, დანარჩენ ყველა ქრისტიანებთან ერთად ცხენსა და სახედარზე ჯდომის ჩვეულებრივი წესის სწორუფლებიანობაც მოიპოვეს.
უეჭველია, საქართველოს მეფის ორი ზემოაღნიშნული ძნელად ასასრულებელი სათხოვარის დაკმაყოფილება ეგვიპტის სულტნისათვის იმ პოლიტიკურ დაპირებას უნდა ეკარნახა, რომელიც საქართველოს მეფეს თავის სათხოვართან ერთად დაურთავს: ის ჰპირდებოდა, რომ საჭიროებისამებრ ეგვიპტის სულტანს დახმარებას გაუწევდა და მიეშველებოდა.
ამრიგად, საქართველომ თავისი საერთაშორისო გავლენის აღდგენა ამ მხრივ მოახერხა და როგორც დანარჩენ ქრისტიანე ერთა სწორუფლებიანობაზეც მზრუნველებმა სახელმწიფომ, თავისი უფრო ფართო პოლიტიკური გეგმაც საყოველთაოდ გამოამჟღავნა. ქართველებმა, წართმეცლი ჯვარის მონასტრის დაბრუნებასთან ერთად, ჩაიბარეს აგრეთვე ”კლიტენი იერუსალემისანი” და საქართველოს გამარჯვებული დესპანები მივიდნენ ”საფლავსა ქრისტესსა”. ქართველ მემატიანეს გამონათქვამი აქ, რა თქმა უნდა, გადაჭარბებული აქვს, რათგან, როგორც ეს დასავლეთ ევროპის იმდროინდელი ლათინური წყაროებითგან ირკვევა, ქართველებს კლიტე-გასაღები მართლაც მიუღიათ, მაგრამ მთელი იერუსალემის-კი არა, არამედ მხოლოდ იესოს საფლავად მიჩნეული სალოცავისა. ეს პალესტინის ერთ ძველს აღწერილობაშიც არის აღნიშნული: ამ საფლავის კლიტე-გასაღები ქართველებს აქვთ და ისინი ამ საფლავს ისე იცავენ, რომ იქითგან დიდძალი ოქროს საფასურადაც-კი ერთ მარცვალსაც არავის დაანებებენო.
ცხადია, რომ ამ ორ დიპლომატურს გამარჯვებას საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველობისათვის მთელს მაშინდელ საქრისტიანო ქვეყნებში, აღმოსავლეთსაცა და დასავლეთშიც, დიდი სახელი უნდა მოეხვეჭა. ამიტომაც სრულებით ბუნებრივია, რომ როდესაც მისმა დესპანებმა მეფის დავალების ასრულების შესახებ მოახსენეს, ”ფრიად განიხარა გიორგი მეფემან, რამეთუ მიეცეს კლიტენი ქართველთა”-ო.

1346 წელს გიორგი ბრწყინვალე გარდაიცვალა, მის მაგიერ მისი შვილი დავითი გამეფდა, რომლის შესახებ თითქმის არავითარი ცნობები არ მოგვეპოვება: მისდროინდელი არც საისტორიო თხზულება და არც სანდო და შინაარსიანი საბუთი გადარჩენილი არ არის.


სასარგებლო ბმულები

http://ka.wikipedia.org/

http://www.nplg.gov.ge

http://qim.ge

http://www.mod.gov.ge



სტატიის ავტორი – ივანე ჯავახიშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან – „ივანე ჯავახიშვილი“, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი II, თბილისი, 1983წ.


 


megobari saitebi

   

01.10.2014