გარეჯის ხილვის დროს თვალწინ გადაგეშლებათ მკაცრი ბუნების განუმეორებელი სილამაზე. მოშიშვლებული კლდეებიდან შემოგვცქერიან დაცარიელებული მღვიმეები. აქ ნახავთ ქართული კულტურის უზარმაზარ ლოდებად ნაქცევ, დანგრეულ და გაძარცვულ შესანიშნავ ძეგლებს, რომლებიც დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ მნახველზე.
გარეჯის „მრავალმთის მონასტერი“ დიდი ხანია აინტერესებს მკვლევარებს. სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია გარეჯის შემდეგი სამონასტრო კომპლექსები: ლავრა, დოდოს რქა, ნათლისმცემელი, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, უდაბნო, წამებული, რომლებიც სათანადო სისრულით შეისწავლა და გამოაქვეყნა აკადემიკოსმა გ. ჩუბინაშვილმა მონოგრაფიული ხასიათის კაპიტალურ ნაშრომში: „Пещерные монастыри Давид-Гареджи“, Тбилиси, 1948.
გარეჯა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია, როგორც „გარეჯის მრავალმთის ათორმეტნი მონასტერნი“. „ქართლის ცხოვრება“ (ტ. II, გვ. 272. 1959) მოგვითხრობს: „მეფე დემეტრე II–ის დროს (1271–1289) სადუნმა „იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარეჯისათა და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა და მსახურებდა მეფესა დიმიტრის.“ აკადემიკოსი გ. ჩუბინაშვიილ გარეჯის მონასტრების „ათორმეტად“ მოხსენიების საკითხს გვერდს ვერ აუვლიდა , მაგრამ რადგან ხელთ არსებული მასალები მხოლოდ შვიდი მონასტრის ლოკალიზების საშუალებას აძლევდა, ამიტომ მეცნიერი, ისევე როგორც სხვა მკვლევარები, რიცხვს „ათორმეტს“ სამართლიანად უკავშირებს ქრისტიანულ რელიგიაში გავრცელებულ სიმბოლურ საკრალურ რიცხვს.
გარაჯაში თორმეტი მონასტრის არსებობის საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ბ. კერატიშვილის წერილი–„რამდენი მონასტერია გარეჯაში?“ („ძეგლის მეგობარი №27–28. 1971)
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ცნობა სხვა სამონასტრო კომპლექსების, კერძოდ, ქოლაგირისა და დიდი ქვაბების არსებობის შესახებ გამოქვეყნებული აქვს მასწავლებელ დიმიტრი გონაშვილს (გაზ. „სახალხო განათლება“, 1950 წ. 9 აგვისტო, №32–„ისტორიული მონასტრები ივრის ხეობაში“ და ჟურნალი „საბჭოთა ხელოვნება“, 1964 წ. №2–„ივრის ხეობაში“).
1940–47 წლებში, გეოლოგიურ–საძიებო ექსპედიციებში მონაწილეობის დროს, თეიმურაზ თოდუას (ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო–სარეგისტრაციო განყოფილების გამგე, 1973 წ.) საშუალება მიეცა ევლო და დეტალურად შეესწავლა კახეთის სამხრეთ ნაწილი, რომელიც მთლიანად მოიცავს გარეჯის უდაბნოების ტერიტორიას. სწორედ ამ დროს მიაკვლია მან ლიტერატურაში მანამდე უცნობ, კლდეში ნაკვეთ სამონასტრო კომპლექსებს. შემდგომ, პერიოდულად, წლების მანძილზე თეიმურაზ თოდუა ახდენდა მათ აზომვას და ფიქსაციას. აღნიშნული მონასტრები, კლდეში ნაკვეთი ეკლესიების, სატრაპეზოებისა და საკულტო და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ხუროთმოძღვრული კომპოზიციების, აგრეთვე ცალკეული ეკლესიების კედლის მხატვრობის სტილისტურ თავისებურებათა მიხედვით, იმთავითვე დაუკავშირდა გარეჯის მრავალმთის მონასტრებს. ასეთი შთაბეჭდილება იმანაც განაპირობა, რომ ეს ახალმიკვლეული სამონასტრო კომპლექსები, არსებითად, გარეჯის გაგრძელებას წარმოადგენს. ამ მონასტრების ყველა ძირითადი ხუროთმოძღვრული ნაგებობის შესწავლამ და აზომვა–ფიქსირებამ მათი კამერალური დამუშავების დროს ბევრი საყურადღებო საკითხი წამოჭრა ჩვენს წინაშე.
ამჯერად ჩვენი მიზანია, მოკლედ მიმოვიხილოთ გარეჯაში განლაგებული მონასტრები, რომელშიც შედის როგორც დღემდე ცნობილი, ისე უცნობი სამონასტრო კომპლექსები.
გარეჯის მონასტრებს ადრეფეოდალური ხანის ტერიტორიული განაწილების მიხედვით კახეთის საქორეპისკოპოზოს სამხრეთ სასაზღვრო ზონაში უფრო ადრე კამბეჩანის, ხოლო შემდგომ კუხეთის ტერიტორია ქონდათ დაკავებული. ეს მონასტრები მტკვრის პარალელურად გადაჭიმულ გარეჯის მთებსა და ივრის ხეობის ქვედა წელის მიდამოებში განლაგებულ ხრიოკ კლდეებში მდებარეობენ.
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით „გარეჯის მთას არს მონასტერნი კლდესა შინა გამოკვეთილნი, სენაკნი, ტრაპეზნი, პალატნი; ზამთარ თბილი, ზაფხულ გრილი. ნათლისმცემელს ზის არქიმანდიტრი, ჩიჩხიტურს ზის წინამძღვარ, დავით–გარეჯას არქიმანდიტრი, ბერთუბანს წინამძღვარი. არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყლამდე და მოწესითა სავსენი, ხოლო აწ არს ხუთი მოწესია მყოფი“ (ვახუშტი, გეოგრაფია, გვ. 50, თბ. 1941). როგორც ვხედავთ, ისტორიკოსი მის მიერ დასახელებულ მონასტერთა გარდა გარეჯის სხვა მრავალ მონასტერზეც მიუთითებს, მაშინ როდესაც მათ „ათორმეტობაზე“ არაფერს ამბობს. საყურადღებოა, რომ XIX საუკუნის მკველვარი პლატონ იოსელიანი დავითის ლავრის გარდა ჩამოთვლის კიდევ თერთმეტ მონასტერს (ყოველგვარი კოორდინატების გარეშე) ე.ი. სულ თორმეტს: დავითის ლავრა, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, დოდოს რქა, იოანე ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ–სენაკები, მაღაზანა ანუ მღვიმე, ქოლაგორი, მოხატული, ვერანგარეჰჯა და პირუკუღმარი.
|
garejis ruka |
გარდა ამისა, მეფე ვახტანგ VI-ს თავის ერთ–ერთ ლექსში მოხსენებული აქვს დავითის ლავრა, ბერთუბანი, ჩიჩხიტური, ნათლისმცემელი, წამებული, დოდო. ამათგან პ. იოსელიანთან არ არის დასახელებული მხოლოდ წამებული, რომელიც ნათლისმცემლიდან ორიოდე კილომეტრზეა. თუ ამას დავუმატებთ საკათალიკოსო მამულების „სითარხნის გუჯარში“ სხვა მამულებთან ერთად მოხსენებულ მონასტრებს–„იორზე მონასტერი სიონი და მონასტერნი ქუაბნი მათითა მამულითა... დავითის საფლავი და დოდოს რქა, მონასტერი და უდაბნო თუისითა შესავლითა“, კომპლექსების რიცხვი კიდევ გაიზრდება. ამათგან „იორზე მონასტერი სიონი“, თეიმურაზ თოდუას აზრით უნდა იყოს ერწოს სიონი, თუმცა ვინაიდან თავისი ადგილმდებარეობით გარეჯის მონასტრებს არაფრით არ უკავშირდება, ამიტომ აღნიშნული ძეგლის მათ რიცხვში შეტანას თოდუა საეჭვოდ მიიჩნევს.
რაც შეეხება უდაბნოს, ეს უკვე დადგენილი კომპლექსია და ლავრის ზემოთ, გარეჯის მთის სამხრეთით მიმართულ გაშიშვლებულ კლდეებში მდებარეობს. ზემოთ დასახელებულ სხვა მონასტერთაგან ცნობილი და დადგენილია აგრეთვე დავით გარეჯა (ლავრა); აღდგომისა წამებული. – ეს დარბაზული ეკლესია გარეჯის მთის სერზეა; ბერთუბანი აქედან სამხრეთ–აღმოსავლეთით შვიდი კილომეტრით არის დაშორებული; დოდოს რქა მოჩანს ლავრიდან ჩრდილო–დასავლეთით, ოთხი კილომეტრის მანძილზე; იოანე თანლისმცემელი ლავრის დასავლეთითაა, მისგან 12 კილომეტრით დაშორებული; ჩიჩხიტური თავისი დამახასიათებელი მაღალი კოშკით ლავრასა და ნათლიმსცემელს შორის მთის თხემზე მდებარეობს, რაც შეეხება თეთრ სენაკებს, ჩვენი საუკუნის დასაწყისში გამოცემულ ხუთვერსიან რუკაზე არის აღნიშნული და მდებარეობს დოდოს რქის დასავლეთით, როგორც გ. ჩუბინაშვილი უწოდებს, „რომანტიული“ ხევის ბოლოში.
|
mRvime |
დანარჩენი ახალმიკვლეული კომპლექსებიდან–პ. იოსელიანის მიხედვით მაღაზანას ანუ მღვიმეს, ხოლო გ. ჯანაშვილის მიხედვით მღვიმეს ადგილობრივი მწყემსები მაღაზიებს უწოდებენ. ვინაიდან „მაღაზან“ თათრუალდ ხვრელს, გამოქვაბულს, მღვიმეს ნიშნავს, ვფიქრობთ, დავტოვოთ ქართული სახელწოდება მღვიმე. მღვიმე მდებარეობს ლავრის ჩრდილო–აღმოსავლეთით, ბერთუბნიდან 8–10 კმ. დაშორებით. მღვიმე წარმოადგენს საკმაოდ მკვრივ ქვიშა–ქვებში გამოკვეთილ დარბაზულ და ცენტრალურ გუმბათიან ეკლესიათა ჯგუფს–სატრაპეზოებით, საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის სათავსებით. ზოგ მათგანში შემორჩენილია კედლის მხატვრობის ძალზე საინტერესო ნიმუშები.
მონასტრიდან სამხრეთ აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე მდებარეობს ე.წ. „ბერების წყარო“.
მღვიმის აღმოსავლეთით, იმავე ქედზე, რომელსაც „ბერების სერი“ ეწოდება გაშიშვლებულ ქვიშაქვის ფენებში ერთი–ორი კილომეტრის ინტერვალით გვხვდება კომპლექსები თითო ეკლესიით, სატრაპეზოთი და დამხმარე სათავსებით. აქაური ბერებიც იმავე „ბერების წყაროთი“ სარგებლობენ.
|
berebis seri |
შემდეგი სამონასტრო კომპლექსია ქოლაგირი. იგი მდებარეობს მღვიმედან ჩრდილო–აღმოსავლეთით, იმავე ბერების სერად წოდებული ქედის ბოლოში, ექვსი კილომეტრის მანძილზე, ივრის ჭალის ნაპირას. „ქოლაგირი“ სპარსულად ნიშნავს „მოიხადე ქუდი“. მონასტერი შედგება ერთი სამდარბაზიანი ეკლესიისაგან სატრაპეზოთი და რამდენიმე სხვა სათავსით, ამათგან ეკლესია და სატრაპეზო მოხატულია, ვინაიდან კომპლექსი გამოკვეთილია შედარებით რბილთიხოვან კონგლომერატებში, მთა ჩამოშლილია და ამიტომ დღემდე მხოლოდ ეკლესიის დასავლეთი ნაწილის ერთმა მესამედმა მოაღწია. განსაკუთრებით საინტერესოა ეკლესიის ჩრდილოეთი დარბაზი, რომელშიც შემორჩენილია ძალზე დაზიანებული კედლის მხატვრობა: ქტიტორთა თორმეტი ფიგურის გამოსახულება ასომთავრული წარწერებით. ბერები სასმელად იყენებენ ივრის წყალს.
ქოლაგირის გადასწვრივ ივრის მარცხენა ნაპირზე ხუთიოდე კილომეტრის მოშორებით მაღალი მთის კონგლომერატოვან ფლატეში სართულებად გამოკვეთილია მონასტერი დიდი ქვაბები, რომელიც საკმაოდ ვრცელ კომპლექსს წარმოადგენს. ზედა გამოქვაბული თითქმის მთლიანად ჩამოშლილია, დარჩენილია მხოლოდ სიღრმეში გამოკვეთილი სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ქვემოთ განლაგებული გამოქვაბულები კი თითქმის მთლიანად დაფარულია ჩამორეცხილი მიწის ფენით. მის სამხრეთით, დაბლობში, კლდის ფენაში არსებული ქვაყუთები სამონასტრო სასაფლაო უნდა იყოს. სასმელად გამოიყენებოდა მახლობელი ხევის პატარა წყარო, ძირითადად კი ივრის წყალს ხმარობდნენ.
დიდი ქვაბებიდან აღმოსავლეთით, 12 კილომეტრის მანძილზე, ივრის მარცხენა შენაკად „მწარე ხევთან“, შედარებით მცირე კლდეში გამოკვეთილია პატარა ქვაბებად წოდებული მონასტერი. პატარა ქვაბები მოიცავს ერთ გუმბათიან ეკლესიას სატრაპეზოთი და მცირე ზომის სხვა სათავსებით. ეს მონასტერი გარეჯის მრავალმთის უკიდურესი განაპირა კომპლექსია, ვინაიდან ამ ადგილას აღმოსავლეთით გამოქვაბულები აღარ გვხვდება. ეს გარემოება ადასტურებს ვახუშტი ბაგრატიონის მიერ გარეჯის მონასტრების გავრცელების ლოკალიზებას: „არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყლამდე.“ „სითარხნის გუჯარში“ მოხსენებული „იორზე მონასტერნი ქუაბნი“, სავარაუდოდ დიდი და პატარა ქვაბები უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ ქუაბნი გუჯარში მრავლობითი რიცხვითაა მოტანილი.
ვერანგარეჯად წოდებული მონასტერი კახეთის ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი რიყის ქვის წყობით ნაგები ტლანქი ფორმების მქონე დარბაზული ტიპის ეკლესიაა, რომელიც მდებარეობს დიდი ქვაბების მთის ჩრდილოეთით ზეგანზე, რვა კილომეტრის დაშორებით.
|
pirukuRmari |
ქოლაგირიდან აღმოსავლეთით ოთხი კილომეტრის დაშორებით, მდებარეობს მცირე, თითქმის მთლიანად განადგურებული კომპლექსი ე.წ. პირუკუღმარი. შემორჩენილია მხოლოდ რამდენიმე დამხმარე, სამეურნეო ხასიათის სათავსი, რომელთა მიხედვით კომპლექსის აღდგენა შეუძლებელია. ეს გამოქვაბულები გამოკვეთილია რბილთიხოვან კონგლომერატში ე.წ. „პირუკუღმა“ მთის აღმოსავლეთ ფლატეში, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირიდან ორი კილომეტრის მანძილზე, სამხრეთით ტაფობში. ამ მიდამოებში გამოქვაბულთა გამოსაკვეთი კლდის სხვა მასივი არ არის. სასმელად სავარაუდოდ, ივრის წყალს იყენებდნენ. ცნობის სახით: მონასტრიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით, ოთხი კილომეტრის მანძილზე, არის ცნობილი ბაიდის ნავთის წყაროები, უფრო მოშორებით კი ბუნების იშვიათობა–ჩათმის და კილაკუპრის ნავთის ტალახიანი მინიატურული ვულკანები.
მაშასადამე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გარეჯის მრავალმთის მონასტრები განლაგებულია შემდეგი თანმიმდევრობით. წამებული, ნათლისმცემელი, ჩიჩხიტური, თეთრ–სენაკები, დოდოს რქა, ლავრა, უდაბნო, აღდგომისა წამებული, ბერთუბანი, მღვიმე (მაღაზანა), ქოლაგირი, დიდი ქვაბები, ვერანგარეჰჯა, პირუკუღმარი და პატარა ქვაბები.
როგორც ვხედავთ, მონასტრების რიცხვი 15–ს აღწევს; გარდა ამისა, თუ მონასტრებად ჩავთვლით მღვიმედან (მაღაზანა) ქოლაგირამდე ბერების სერზე განაწილებულ, ერთმანეთისაგან ერთი–ორი კილომეტრით დაშორებულ ცალკეულ ჯგუფებს, რომელთა სახელები არ ვიცით, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ივრის მაჯვენა ნაპირზე, უჯარმიდან სამხრეთით, სამ კილომეტრზე, მდებარეობს მცირე ზომის გამოქვაბული XVII საუკუნის მხატვრობით. გასარკვევია მისი სახელწოდება და ის საკითხი, შედიოდა თუ არა იგი გარეჯის მრავალმთის სამონასტრო სისტემაში. ვინაიდან აღნიშნული მონასტერი კლდეშია ნაკვეთი და ტერიტორიულად ახლოს არის ნინოწმინდასთან, რომლის ეპარქიაშიც XVI საუკუნიდან შედიოდა მთლიანად გარეჯა, სავარაუდოა, რომ ეს მონასტერიც მრავალმთის სამონასტრო სისტემას უკავშირდება. საფიქრებელია, რომ პლატონ იოსელიანის სიაში მონასტერი მოხატული, რომელსაც ვერ მივაკვლიეთ სწორედ ეს იყო.
აქვე შეიძლება ითქვას მოსაზრება მონასტერთა რიცხვის შესახებ. ცნობილია, რომ გარეჯაში ყველა ზემოთ დასახელებული მონასტრი ერთდროულად დავითის დროს, ე.ი. VI საუკუნეში, არ დაარსებულა. მონასტერთა რიცხვი დროთა განმავლობაში იზრდებოდა, გარკვეულ პერიოდში თორმეტსაც მიაღწია. საფიქრებელია, რომ ამ ხანას უნდა მიეკუთვნებოდეს სახელწოდება „გარეჯის ათორმეტნი მონასტერნი“. შემდგომ მონასტრების რიცხვი გაიზარდა, რასაც მიკვლეული მასალა გვიდასტურებს. რიცხვი „ათორმეტი“ შემორჩა, როგორც საკრალური.
გადავიდეთ მონასტერთა ჩამოყალიბებისა და მათი ზრდა–განვითარების საკითხზე.
რა ხალხი იყო აქ, რამ აიძულა, რისთვის სწირავდნენ თავს, რითი ან როგორ ცხოვრობდნენ ან რა საქმიანობას ეწეოდნენ ამ ხრიოკ კლდე–ღრეში, თვისტომთაგან მოშორებულნი? ესენი იყვნენ ქართველნი, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ჩვენი ეროვნული კულტურის განვითარებაში.
ქრისტიანობა შუა საუკუნეების ადრეულ ხანაში პროგრესული იდეოლოგია იყო და მისი მესვეურები დიდ კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდნენ. მონასტრებში იქმნებოდა და ითარგმნებოდა მრავალი ლიტერატურული ძეგლი, იქმნებოდა ოქრომჭედლობის მინიატურული და მონუმენტური მხატვრობის შედევრები.
გარეჯის მონასტრები ამ საქმიანობაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდნენ.
დავით გარეჯელი ერთ–ერთი ე.წ. „ათსამეტ ასურულ“ მამათაგანია, რომელთა ქართლში მოსვლის საკითხს ამომწურავად წყვეტს აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე. ამტკიცებს რა სირიელ მამათა მონოფიზოტობას, მათი მოსვლის თარიღებს, მათ ქართველობას, მათი დევნისა და საქართველოში ჩამოსვლის მიზეზს და მათ რიცხვს, კეკელიძე ამბობს: „სირიიდან ქართლში მოსულა არა ერთი პარტია მოღვაწეებისა, არამედ რამდენიმე და არა ერთს, არამედ სხვადასხვა დროს.“ რიცხვი „ათსამეტი“ და ის, რომ ამათგან ერთი იოანე მოძღვარია დანარჩენი თორმტი კი მისი მოწაფე, შეთხზულია შემდეგ საუკუნეებში მსგავსად იესო ქრისტესა და თორმეტ მოციქულთა მისიისა საქრისტიანოში. მათ „ქადაგებისა მიერ და მოძღვრებისა, მსგავსად წმიდათა მოციქულთასა“...“განანათლეს ქუეყანაი ესე ჩრდილოეთისაო“ (კ. კეკელიძე, ეტიუდები, გვ. 25, 1956).
ქრისტიანობის ადრეულ ხანაში მონოფიზოტობის ბრძოლა წარმართობასთან მეტად ეფექტური იყო თავისი აგიტაციური ხასიათით–მისტიკურობით. მონოფიზიტები არ სცნობდნენ, ახშობდნენ ადამიანის ხორციელ ბუნებას თავიანთ თავში, ხოლო იესო ქრისტეში ხორციელი ადამიანის ბუნების აღიარება ხომ მით უმეტეს ღვთაების იდეის შეურაცხმყველად მიაჩნდათ.
ასეთი იდეოლოგიის მქონე, საქრისტიანო ცენტრიდან დევნილი მონოფიზიტი წმინდა მამები დანაწილდნენ აღმოსავლეთ საქართველოს უდაბნო ადგილებში, თავისი ხასიათით სირია–პალესტინისა და კაბადუკიის სამონასტრო მიდამოებს რომ წააგავდნენ.
ჩვენ განვიხილავთ მხოლოდ დავით გარაჯელის ცხოვრებას. როგორც კორნელი კეკელიძემ დაამტკიცა, დავითი მოსულა პირველი, დაახლოებით 519–20 წლებში. თავდაპირველად ბინა დაუდია თბილისში, მთაწმინდის მცირე გამოქვაბულში, საიდანაც ჩამოდიოდა ქალაქში ცეცხლთაყვანისმცემელ მოსახლეობაში ქრისტიანობის საქადაგებლად. მცირე ხნის მერე, მაზდეიანების მიერ მოწყობილი ინტრიგის შედეგად, დაუტოვებია თბილისი და დამკვიდრებულა გარეჯის უდაბნოში, თან წაუყვანია თავისი მოწაფე ლუკიანე, და მის გარშემო „შემოკრიბა სიმრავლე ფრიადი ძმათა“.
როგორც ჩანს გარეჯაში დავითის მოღვაწეობის პერიოდში მონასტერთა რიცხვი ფრიად გაიზარდა.
გარეჯის მიდამოების დასახასიათებლად მოგვყვავს ვახუშტის აღწერა „მდებარეობს მთა (გარეჯის) ესე, ვითარცა მდინარე იორისა, და არს უტყეო თუინიერ ძეძუთა და თუთუბოთა, და ეგეთთა სხვა მრავალთა. არა სდის მდინარე და იშვით წყარო ტბანი. არამედ თუ სადმე არს მლაშენი და მწარენი და პირუტყვთა შემრგონი...გარნა არს ბალახიანი ზამთარიც, და გაიზრდებიან სიმრავლე არვეთა (ცხვარი), მროწლეთა (საქონელი), ჯოგთა, რემთა (ჯორები), იმიერ და ამიერ. გარნა არს ზაფხული ცხელი და გაუძლები. ხოლო მდინარის იორის კიდე იმიერ და ამიერ არს ფრიად ნაყოფიერი, ვინათგან აღმოვლენ რუნი, და ყოველი ირწყვიან ველნი, და სცენდებიან ყოველნი მარცვალნი. და დასდევს იორს მცირე ჭალაცა და ლერწმოვან–ჩალიანი, და არიან ნადირნი და ფრინველნი მრავალნი და უმეტეს ხოხობნი.“ (ვახუშტი, გეოგრაფია, 1941 წ.. გვ. 84)
ეკლესიის მიერ შუა საუკუნეებში შექმნილი გაიდეალებული „ცხორებანი“, რასაკვირველია, არ იძლევიან მონასტრების მსახურთა დაინტერესების ეკონომიურ მხარეს. მაგრამ ამ ფარდის უკან ვხედავთ იმ რეალობას, რაც მათ ამოძრავებდათ. გარეჯის მონასტრები, როგორც გარეჯის მიდამოების უშუალო მეპატრონეები–ამ დიდი მატერიალური ბაზისისა (მესაქონლეობის სახით), თავისთავად მდიდარ ობიექტს წარმოადგენდა და ამიტომ იგი ხელიდან ხელში გადადიოდა. გარკვეულ პერიოდში გარეჯი იერარქიულად ექვემდებარეობდა რუსთავის საეპისკოპოსოს, კაწარეთის სამების საეპისკოპოსოს და ნინოწმინდის საეპისკოპოსოს. ეს იერარქია ზევიდან ქვევით დადიოდა უკანასნკნელ ბერ–მონაზვნამდე და სულ ბოლოს კი უშუალო მწარმოებლებამდე–მწყემსებამდე, რომლებიც, შესაძლოა, სამონასტრო ყმებად ითვლებოდნენ. ეჭვს გარეშეა, რომ შიდა კახეთის ეკონომიკის ერთ–ერთი ძირითადი დარგი იყო და არის მესაქონლეობა–მეცხვარეობა. სავარაუდოდ, გარეჯშიც მონასტერთა მესვეურების მატერიალური დაინტერესების საგანი იყო მესაქონლეობა და მასთან დაკავშირებული საზამთრო საძოვრების დასაკუთრება. საქართველო, კერძოდ, კახეთი, ყოველთვის განიცდიდა საზამთრო საძოვრების ნაკლებობას, მაშინ, როცა საზაფხულო საძოვრები, კავკასიონია და ცივგომბორის მთების მადლით, საკმარისზე მეტიც იყო.
თუ დავაკვირდებით მონასტერთა გავრცელების სქემას, დავინახავთ, რომ გარეჯში მონასტრები ერთმანეთისაგან თითქმის თანაბარი მანძილით არიან დაშორებულნი, იმიტომ რომ მათი კუთვნილი საძოვარი ფართობიც დაახლოებით ერთნაირი უნდა ყოფილიყო, მონასტერთა ადგილდმებარეობას სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავდნენ: მაგალითად, სასმელი წყლის არსებობა ან მისი მოპოვების შესაძლებლობა (წვიმის წყლის შეგროვების სახით), აგრეთვე სამონასტრო სათავსოების გამოსაკვეთად აუცილებელი კლდის გეოლოგიური ბუნებრივი სიშიშვლე. ამასთან დაკავშირებით აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იქაურ კლიმატურ პირობებში კლდეში გამოკვეთილი სათავსოები, ზამთარში თბილი, ზაფხულში გრილი, როგოც ვახუშტი აღნიშნავს, თბოტექნიკის თვალსაზრისით იდეალური გადაწყვეტაა. რაც შეეხება მიწათმოქმედებას, შესაძლებელია სამონასტროებთან გარკვეულად დაკავშირებული იყო რუსთავი, რომელსაც ზევიდან, არცთუ ისე შორიდან, დასცქერის გარეჯის მთა.
რუსთავის საირიგაციო სისტემის მოწყობა ვახტანგ გორგასალს მიეწერება. ივრის ხეობაში ზოგან არის აგრეთვე მცირე მასშტაბის სარწყავი არხები, რომელთაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ხაშმის, სართიჭალისა და ნინოწმინდის არხები, ვინაიდან ივრის ტერასები ამ მიდამოებში უფრო დიდ ფართობს მოიცავენ. აქ, როგორც ჩანს, მებაღეობა–მევენახეობას მისდევდნენ. ივრის ქვედა წელის ჭალების გაყოლებაზე გვხვდება უფრო მცირე რუებიც, რომელთაგან ერთ–ერთი მინიშნებული გვაქვს სამონასტრო ტერიტორიებზე, ქოლაგირის გადასწვრივ და დიდი ქვაბების ქვემოთ, იორის ტერასაზე, სადაც ამჟამად უფრო მებოსტნეობას მისდევენ, ხოლო ჭალებში ახლაც გვხვდება გაველურებული ვაზის ნიშნები.
ყოველივე ზემოთ თქმულის უდავო დამადასტურებელია დავით გარეჯელის ცხოვრება და ცხოვრების ამსახველი სიუჟეტები, კედლის მხატვრობაში: დავითი დევნის გველეშაპს, რომელმაც ირმის ნუკრი შთანთქა; დავითი, ირმები და ლუკიანე მწველავი; ლუკიანე ბარავს მიწას და სხვა. სავარაუდოდ, ზემოთ აღნიშნულ სიუჟეტებში, ირმების სახით გაიდეალებულია მესაქონლეობა, ხოლო წმინდათა სახით მათი მფარველნი ანუ მეპატრონენი.
გარეგნულად გარეჯის უდაბნოს მიდამოები საკმაროდ უნაყოფო და უკაცრიელია, მაგრამ, როგორც უკვე ვნახეთ, მაშინ, როდესაც იქ მონასტრები არსებობდა, ამ ტერიტორიაზე ტრალებდა კახეთის ეკონომიკის ძირითადი დასაყრდენი მოძრავი ქონება მესაქონლეობის სახით. ამასთან თუ გავითვალიწინებთ იმასაც, რომ მთელი ეს ქონება ბერებს ეკუთვნოდა, გასაგები გახდება, რომ მტრისთვის ეს ძვირფასი საქონელი იოლად მოსაპოვებელი იყო. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან მოსული მომთაბარე, მესაქონლეობის მიმდევარი, თანაც სხვა სარწმუნოების ტომები მოყვებოდნენ მტკვრისა და ივრის ხეობებს, აოხრებდნენ, ძარცვავდნენ მონასტრებს და ზოგჯერ ბერებსაც მუსრს ავლებდნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ივრის მთიან მარჯვენა ნაპირზე ალაზნის შესართავმადე არის დანგრეული ციხე–სიმაგრე, რომელიც უთუოდ ხეობის დაცვის მიზნით იქნებოდა აგებული. მის გადასწვრივ, მდინარის მარცხენა ნაპირზე, სამაროვანის ნიშნებია, რაც ყოფილ დასახლებაზე მიუთითებს.
ჟამთააღმწერელი წერს, რომ იორზე „იყო ალაზნის შესართავამდის შენობანი დიდ ფრიად, არამედ მოოხრდა გამოსვლასა ბერქასა და შემდგომად ლანგ თემურისაგან.“
„შახ–აბასმა დავით გარეჯის უდაბნოებში ამოხოცა ექვსი ათასი ბერი და გაძარცვა მონასტრები.“
გასული საუკუნეების ბოლოსათვის გარეჯი გაუკაცრიელდა, ძეგლებსაც განადგურება ემუქრება. დღეს, საჭიროა დიდი ყურადღება მიექცეს ჩვენი კულტურის ისტორიული ცენტრების შესწავლა–გამოვლენას, მათ ღირსეულად, მეცნიერულად დაცვა–ჩვენებას. დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საჭიროებს დიდ სამუშაოებს აღდგენა–გამაგრებისათვის, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჭეშმარიტად სახალხო საქმის შესასრულებლად.
სტატიის ავტორი – თეიმურაზ თოდუა; (ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო–სარეგისტრაციო განყოფილების გამგე);
სტატია აღებულია კრებულიდან – „ძეგლის მეგობარი“ №31–32, სერია: „მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბილისი, 1973წ.
ფოტოების ავტორი - მარიტა გოგიშვილი, დავით გაჩეჩილაძე;
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge
|