ერთი საინტერესო ცნობა ექვთიმე თაყაიშვილის პირადი არქივიდან სადგერისა და ჩითახევის ეკლესიამონასტრების შესახებ

როგორც ცნობილია, ავალიშვილთა ფეოდალური საგვარეულო XV-XVI საუკუნეებში დაწინაურდა ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობაში). აღნიშნული სათავადოს ცენტრი და შესაბამისად ფეოდალური საძვალე სადგერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო. დღეისათვის სადგერის ეკლესიის ეზოში შემორჩენილი აქ მოღვაწე სასულიერო პირების საფლავის ქვების ქრონოლოგია მოგვიანო ხანით, კერძოდ, XIX-XX საუკუნეებით განისაზღვრება. ჩნდება ლოგიკური კითხვა – თუ XV-XVI საუკუნეების განმავლობაში ავალიშვილთა ფეოდალური სახლის ცენტრი სადგერი იყო და შესაბამისად საძვალე ეკლესიაც, სად გაქრა ამ პერიოდში მოღვაწე აღნიშნული ფეოდალური სახლის წევრთა საფლავები?
ამ კითხვაზე სრულად პასუხის გაცემის მიზნით გთავაზობთ ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953 წწ.) პირად არქივში დაცულ #1983 წერილის ტექსტს სრული სახით, სადაც ვკითხულობთ: „როგორ იშლებოდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები  ეკლესია მონასტრები ცარიზმის დროს არა თუ მიყრუებულ ადგილებში, არამედ ისეთ თვალსაჩინო ადგილებში, როგორიც ბორჯომის ხეობა იყო და რომელიც შეადგენდა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის კუთვნილებას და შემდეგ მისი შვილისას – ნიკოლოზ მიხეილის ძისას.
ამის მაჩვენებელია ახალციხის ფოსტალიონის ვასილ ტაგანაშვილის წერილი, რომელიც დაწერილია 1911 წლის ივნისს; რომელიც მე გამომიგზავნა.
აი ეს წერილი:

მ.ზ.
ეს რა უბედურებაა ჩვენს თავზე. ეს რა შავი ყორანი დაგვჩხავის თავზე, რა უნდათ ამ პატარა მუჭა ხალხთან . . . . რას უშავებთ ან რა გვაქვს მათთან გასაყოფი. აი საქმე ამაშია მ.ზ 25 ამა თვეს ვიყავი დაბა ბორჯომში. წავედი სასეირნოდ მინერალურ პარკში და ვნახე შემდეგი. ბორჯომის ველიკი კნიაზის უპრავლაიუშს მოუყვანია მოსკოვიდან ვიცხა არხეოლოგი წამოუყვანია სოფელ სადგერში და გადაუთხრევინებია ძველი წინაპართა საფლავები, სადაც ძვირფასი საფლავების ჩუქურთმები წამოუღიათ ადამიანის ძვლები. იქიდან წასულან მწვანე მონასტერში ბორჯომიდან 9 ვერსოს მანძილია და გამოუღიათ ერთი დიდი ქვა, რომლებზედაც დახატულია ქართველი ბატონიშვილები და ქართულ ხუცურ წარწერით ჩამოუტანიათ მინერალურ პარკში და დღესაც იქ აწყვიან. როგორც გავიგე თურმე რუსეთში მიაქვთ. კიდოვ მიდიან ძველ ციხეკოშკების ამოსათხრელად. ვერავინ ხმას ვერა სცემ, თან ბოქაული და სტრაჟნიკები დასდევენ კაცს მათთვინ ხმა ვერ გაუცია. ეს ველიკი კნიაზის იმენიაო და რაც გვინდა იმას ვიზამთო და ეხლა არ ვიცით რა გზას დავადგეთ თქვენგნით ველით შველას.
პასუხს ველით საჩქაროთ.
გწერს ახალციხის ფოსტალიონი ვასილი. ე. ტაგანაშვილი
25/VI 1911 წ. ქ. ახალციხე.
ჩემი ადრესი г. Ахалсихе почт. тел. контора В. Е. Таганашвили.

ამ წერილის შემდეგ ჩვენ <მე> მივმართ{ეთ}Eქართ{ული} საისტ{ორიო} და საეთნოგ{რაფიო} საზ{ოგადოებ}ის სახელით ველიკი კნიაზს წერილით და ვთხოვე ასეთი საქციელი აეკრძალა მისი მოხელეებისათვის. ველიკი კნიაზმა მუხრანსკის საშუალებით მაცნობა, რომ ეს მან არ იცოდა და რათქმაუნდა სასტიკი ბრძანება გასცა, იმის შესახებ, რომ მის მოხელეებს ამის მსგავსი რამ აღარ ჩაედინათ“ (ექვთიმე თაყაიშვილი #1983).
როგორც აღნიშნული წერილიდან ვიგებთ, ახალციხელი ფოსტალიონი ვასილ ტაგანაშვილი წერს ექვთიმე თაყაიშვილს ბორჯომის ხეობის ძეგლების, კერძოდ, სადგერისა და ჩითახევის მონასტრების სავალალო მდგომარეობის შესახებ. მისი თქმით, ბორჯომის მმართველს მოსკოვიდან ჩამოუყვანია ვინმე არქეოლოგი და წაუყვანია სადგერში, სადაც მათ გაუთხრიათ ავალიშვილთა ფეოდალური სახლის წევრთა საფლავები. მათ წამოუღიათ საფლავის ჩუქურთმები და გარდაცვალებულ ავალიშვილთა ძვლები. ამ წერილის საფუძველზე, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ 1911 წლამდე სადგერის ეკლესიის ეზოში მიმობნეული იყო ავალიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელთა საფლავის ქვები, ხოლო 1911 წელს ისინი წამოუღიათ სადგერიდან და ბორჯომის პარკში ჩამოუტანიათ.
აქედან გამომდინარე, სრულიად ნათელია თუ დღეისათვის რატომ არ იხილვება სადგერის ეკლესიის ეზოში არცერთი ავალიშვილის საფლავის ქვა.
აღნიშნული წერილის მიხედვით იმასაც ვიგებთ, რომ ამის შემდეგ ისინი წასულან მწვანე (ჩითახევის) მონასტერში, საიდანაც გამოუღიათ ერთი დიდი ქვა ბატონიშვილების გამოსახულებით, რომელსაც ჰქონია ასომთავრული წარწერები. ეს ქვაც ავალიშვილთა საფლავის ქვების ჩუქურთმებისა და ნეშტების მსგავსად ბორჯომის პარკში ჩამოუტანიათ. ვასილ ტაგანაშვილისავე ინფორმაციით, აღნიშნული პირები ამ ყოველივეს წაღებას მოსკოვში აპირებდნენ. ამ ყოველივეს შემდეგ, ვასილ ტაგანაშვილი ექვთიმესაგან დახმარებას ითხოვს. ექვთიმე თაყაიშვილს თავის მხრივ მიუწერია წერილი რომანოვისადმი, რომელსაც მიუცია პასუხი ვიღაც მუხრანსკის პირით, რომ მან არაფერი არ იცოდა აღნიშნული ფაქტის შესახებ.
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ბორჯომს არაერთი უცЂხოელი მოგზაური ეწვია. აქედან გამომდინარე, დავინტერესდით რომელიმე მოგზაურს ხომ არ ჰქონდა გადაღებული ან აღნიშნული თავის მოგზაურობის დღიურში აღნიშნული წარწერების შესახებ და ამ მიზნით მივმართეთ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, თუმცა ვერაფერ ხელმოსაჭიდს ვერ მივაკვლიეთ.

ამრიგად, აღნიშნლი სარქვო ცნობა წარმოადგენს მეტად მნიშვნელოვან ცნობას სადგერისა და ჩითახევის ეკლესიების წარწერების შესახებ, რომელიც სამწუხაროდ რომანოვების წარმომადგენლებსა და ავალიშვილთა ფოდალური სახლის წევრებს შორის ჩამოვარდნილი დავის გამო განადგურდა და ჩვენამდე ვერ მოაღწია.

სტატიის ავტორი – თამაზ გოგოლაძე, ახალგაზრდა მეცნიერთა ცენტრი საქართველოს სიძველენის და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელი;
სტატია გამოქვეყნებულია - ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი). თბ. 2014, გვ.185-192;
ბმულები -
https://antiquitesofgeorgia.wordpress.com




megobari saitebi

   

28.07.2016