eqvTime TayaiSvili
1863-1953 ww


ექვთიმე თაყაიშვილი  დაიბადა გურიის სოფელ ლიხაურში 1863 (ან 1862) წლის 5 ივნისს სიმონ თაყაიშვილისა და გიტული ნაკაშიძის ოჯახში. ექვთიმეს მშობლები ადრე გარდაეცვალა.
ექვთიმეს ადრევე გამოუვლენია სწავლისადმი დიდი მისწრაფება. სამაზრო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა. გიმნაზია ექვთიმემ 1883 წელს დაასრულა ვერცხლის მედლით.
1883 წელს ექვთიმე თაყაიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
1887 წელს დაასრულა სწავლა და მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით დაბრუნდა ტფილისში.
1895 წელს ექვთიმემ ცოლად შეირთო ტფილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის ასული, ნინო.
ექვთიმე თაყაიშვილი აქტიურ მეცნიერულ, პედაგოგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. თავისი მეცნიერული მუშაობის უმთავრეს მიზნად ექვთიმეს მიაჩნდა მასალების შეკრება საქართველოს ისტორია არქეოლოგიისათვის. მეცნიერების რა დარგში არ უმუშავია მას – ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფია, ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია... და ყველგან  საქართველოს  ისტორიის ანარეკლს და ნაკვალევს ეძებდა. 1889 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააარსა „საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი“, რომელშიც თავს უყრიდნენ ძველ საეკლესიო წიგნებს, ხელნაწერებსა და სხვადასხვა ნივთებს. მუშაობდნენ საქართველოს ეკლესიის ისტორიის შედგენაზე.
1907 წელს ექვთიმემ დააარსა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება“. ამ საზოგადოების მიერ მოწყობილი ექსპედიციებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია მოგზაურობა „სამუსლიმანო საქართველოში“. ექვთიმემ თანამემამულეებს უღვიძებდა ეროვნულ გრძნობებს. ზოგიერთ სოფელში მცხოვრებ მაჰმადიან ქართველებს ქართული ენა დავიწყებოდათ, მაგრამ შეგნება, რომ მათი წინაპრები ქრისტიანები იყვნენ, თითქმის ყველას ჰქონდა.
„საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ“ რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვან მასალას მოუყარა თავი. მათ შორის იყო სხვადასხვა „საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო ნივთები“ ხელნაწერები... ცალკე კოლექციას შეადგენდა ეკლესია–მონასტრების კედლებიდან გადმოღებული ფრესკები (ფაქსიმიდე).
ექვთიმე თაყაიშვილს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა რიგებშიც ვხედავთ. ექვთიმემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტფილისის უნივერსიტეტის დაარსებაში 1918 წელს.
1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ისტორიისა და კულტურის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები. საქართველოს სიწმინდეებსა და საგანძურს მცველად გაჰყვა  ექვთიმე თაყაიშვილი, მეუღლით. „ძალაუნებურად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენის ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს, დამეცვა იგი ყოველგვარი საფრთხისაგან“, – წერდა იგი. საფრთხე კი ბევრი იყო: ბრიტანეთის და ნიუ–იორკის მუზეუმებს ექსპონატების შესყიდვა სურდათ, გრაფ ოხოლენსკის ქვრივს, სალომე დადიანს, სასამართლოში აღუძრავს საქმე – საქართველოს ეროვნული განძის საგრძნობი ნაწილის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ ასაღებდა თავს, ფაშისტებსაც გაუჩხრეკიათ ექვთიმეს ბინა, ბოლოს კი თავად საფრანგეთის მთავრობას განუცხადებია განძზე პრეტენზია.
1935 წელს საქართველოში ყოფილმა მთავრობამ უარი განაცხადა განძეულის მეურვეობაზე და მისი დაცვა  მთლიანად ექვთიმე თაყაიშვილს დააკისრა.
ექვთიმე უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფებოდა. 1931 წელს გარდაეცვალა მეუღლე. მარტო დარჩენილი ექვთიმე შიმშილის და ავადმყოფობისგან ბევრჯერ დაღუპვის პირამდეც მისულა, მაგრამ დაკისრებული მოვალეობისთვის არ უღალატია. 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების შედეგად, ხელსაყრელი პირობები შეიქმნა განძის საქართველოში დასაბრუნებლად. საფრანგეთისა და საბჭოთა კავშირის მთავრობის თვითმფრინავზე დაიტვირთა და მცველების თანხლებით გადმოიგზავნა საქართველოში.
თბილისში თვითმფრინავი 11 აპრილს დაეშვა. ექვთიმემ ქართულ მიწაზე ფეხი რომ ჩამოდგა, ზეცას შეხედა, მერე მარჯვენა ხელით აიღო მიწა და ეამბორა მას. პატივით მიიღეს ერისთვის დამაშვრალი მოღვაწე, აღადგინეს თბილისის უნივერსიტეტში პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად, განახლდა უცხოეთში განაწამები მისი გული. ექვთიმემ მოიკრიბა უკანასკნელი ძალები და კვლავ ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
1951 წლის დეკემბერში დააპატიმრეს ექვთიმეს შვილობილი ლიდა პოლტორაცკაია, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა ბინაში, შემდეგ მომვლელმა ქალმაც შეწყვიტა სიარული, 1952 წლის დასაწყისში უნივერსიტეტიდან გაუგზავნეს უწყება, რომ თავისუფლდებოდა საქართველოს ისტორიის თანამდებობიდან „საკმარისი პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო“. ფაქტიურად ექვთიმეს შინაპატიმრობა ჰქონდა და ბევრი ამის გამო მასთან მისვლას ვერ ბედავდა. თანამშრომლებსაც აუკრძალეს ექვთიმეს მონახულება და მასთან კავშირი.
1953 წლის 21 თებერვალს ექვთიმე თაყაიშვილი გარდაიცვალა. 24 თებერვალს მცირერიცხოვანმა პროცესიამ მიაცილა იგი ვაკის სასაფლაომდე.
1963 წლის 10 თებერვალს, ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების ასი წლისთავთან დაკავშირებით, მისი ნეშტი დიდუბის პანთეონში გადაასვენეს ისე, რომ კუბოც არ აღმოჩნდა გამოსაცვლელი. ექვთიმეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც დაცული ყოფილა. 1987 წლის 22 თებერვალს ლევილიდან თბილისში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით დაასაფლავეს ნინო პოლტორაცკაია–თაყაიშვილის ნეშტიც.
2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ექვთიმე თაყაიშვილი წმიდანად შერაცხა და მას სახელად წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმიდა ექვთიმეს სახლ-მუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა. ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწესდა 3 აინვარი.



მასალა აღებულია წიგნიდან და საიტიდან:
1. „ქართველ წმინდათა ცხოვრება“, თბილისი
, 2007წ;
2. http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/03-eqvtime.htm

მასალა ადაპტირებულია მარიტა გოგიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;


 


megobari saitebi

   

01.10.2014