ჩამოსახლებები ქვემო ქართლში


მტრებისაგან ნანგრევებადქცეულ სოფლებისა და გაპარტახებულ ადგილებში ხალხის ჩამოსახლების შედეგად წარმოიშვა ახალი სოფლები, ახალი სახელწოდებებით. მაგალითად სოფელი ზემო და ქვემო ახკალაფა, ნავთიანი, პატარა კლდეისი, ზემო ახალშენი, პატარა ირაგა, ალექსეევკა, ივანოვკა, ახალი მარაბდა და სხვა. დანგრეული სოფლებიდან გახიზნული მოსახლეობის ნაწილმა თავიანთ ნასოფლარებში დაბრუნება დაიწყო XIX საუკუნეების მეორე მეოთხეთიდან. დაბრუნებულ ქართველებთან ერთად იქ სახლდებოდნენ საქართველოში წინათ შემოხიზნებული სომხებიც, უფრო გვიან კი ჩამოსახლდნენ გუდამაყრელი მთიელები. მთიულები ვერის, ანუ სკვირეთის ხეობის გაყოლებაზე სახლდებოდნენ. ამ ხეობაში ვახუშტი ბატონიშვილის დასახელებული აქვს შემდეგი სოფლები: აკურისი, ბეთანია, ნახშირის გორი, წყრულეთი, ღვევი, წვერი, ვანეთი, დრე, შავთა. ბოლო დრომდე ვერის ხეობაში შედიოდა: ბაგები, წყნეთი, მსხალდიდი, ახალდაბა, ბეთანია, კვერეთი (კვესეთი), ორბეთი(პრიუტი), მამისადაბა, პანტიანი, ახალი ზირბითი, ძველი ზირბითი, ლასტის ციხე. ამ სოფლებიდან  ზოგიერთი ისტორიის კუთვნილებად იქცა. ვერის ხეობის სათავიდან წყნეთამდე თავდაპირველი მოსახლეობა აღარ ჩანს. სავარაუდოა, რომ ადგილობრივ მკვიდრთა ერთი ნაწილი ამოწყდა, დანარჩენი კი საიმედო ადგილებში გადასახლდა. თეთრწყაროს რაიონის ტერიტორიაზე განლაგებულ სოფლებში: შამთაში, ღვევში, ვანათში, დრეში, წვერში, წყრულეთში,ზირბითში, ორბეთში ძირითად მოსახლეობას შეადგენენ ფშავ-ხევსურეთიდან და გუდამაყრიდან გადმოსახლებული მთიელები და თითო-ოროლა ქართლის სოფლებიდან გადმოსული ოჯახები. ორბეთში კი მათთან ერთად ცხოვრობდნენ XIX საუკუნეში ჩამოსახლებული რუსები, დღეს ამ სოფელში მცხოვრები წიკლაურები და ბექაურები თავს გუდამაყრის სოფელ მაქართიდან მოსულებად თვლიან და პირიმზისა და ფუძის ანგელოზის ყმებად აცხადებენ თავს. ამავე ხეობაში მცხოვერები გიგაურები ბლოდან არიან ჩამოსახლებული, მათი სალოცავი კი მუხის გიორგია. ისე ყველა ხევსური გუდანის ხატისა და ჯვარის ყმაა. გუდანის ხატსა და ჯვარზე ასე ლოცულობენ: „ღმერთო გაუმარჯვე მარსიანულ მარიხისა, ომიანობისა და ლაშქრობის ძლიერ ღვთაებისა გუდანის ხატისა, ხევსურთა ლაშქრის წინამძღოლსა გუდანის ჯვარსა, მის მარიხულ დროშას ბარაყსა“.
ამავე ხეობაში მცხოვრები აფციაურები გუდამაყრიდან გადმოსულებად და სოფელ ცხვედიათის მკვიდრებად თვლიან თავს. ჩოხელები ჩოხიდან, ხოლო ბურდულები მლეთიდან წამოსულებად ითვლებიან. ამ კუთხეში მთიელთა გადმოსახლების ერთ-ერთი მიზეზი მიწის ნაკლებობა და ცარიზმის აუტანელი პოლიტიკა იყო. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ფართო მასშტაბით დაიწყო სამხედრო გზის შეკეთება და გაფართოება, რაც მძიმე ტვირთად დააწვა დარიალისა და არაგვის ხეობის მოსახლეობის (მთიელებს). ცხოვრების აუტანელმა პირობებმა, მიწის უკმარისობამ, არაადამიანურმა მოპყრობამ აიძულა მთიელი ხალხი მიეტოვებინათ მამა-პაპის მიწა-წყალი და სხვაგან გადახვეწილიყვნენ.
XIX საუკუნის დასაწყისიდანვე მეფის მთავრობამ დაიწყო საქართველოში უცხო  ხალხის გადმოსახლება. ეს პროცესი გრძელდებოდა თითქმის 1914 წლამდე. ამის შედეგად თეთრიწყაროს  რაიონის ტერიტორიაზე მრავლად იქნა დასახლებული სხვა ეროვნების ხალხი. საქართველოს რაიონებს შორის არსად ისე მრავლად არ გვხვდება ჩამოსახლებული სხვადასხვა ეროვნების ხალხი, როგორც თეთრიწყაროს რაიონში.


აზერბაიჯანელების დასახლება

აზერბაიჯანელები ძირითადად ცხოვრობენ შიხილოში (ძველი კამარეთი), ქოსალარში (ანდრია), ნაპილნარში. ამ სოფლების ასეთი სახელწოდებით არსებობაზე ვახუშტი ბატონიშვილი არაფერს არ მიუთითებს. ამიტომ, საფიქრებელია, რომ უცხოელთა იქ ჩამოსახლება და ქართველთა ნასოფლარებისათვის ახალი სახელის დარქმევა ვახუშტის მიერ ჩატარებული აღწერისა და მისი ემიგრაციაში წასვლის შემდეგ მომხდარა. ამ მოსაზრების სასარგებლოდ ლაპარაკობს ისიც, რომ სწორედ ამ ხანებში ხდებოდა აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კახეთსა და ქვემო ქართლში, აზერბაიჯანელების დიდი რაოდენობთ გადმოსახლება.


სომხების ჩამოსახლება

ჯერ კიდევ საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე, მტრებისგან აწიოკებული სომეხი ხალხი საქართველოს აფარებდა თავს და ქართველების გვერდით სახლდებოდა. იმ დროინდელი შემოხიზნული და ქართველებთან დასახლებული სომხები დღეს ცხოვრობენ თეთრიწყაროს რაიონის მთელ რიგ სოფლებში: კოდაში, მუხათში, ვაშლოვანში, ერტისში, ბორბალოში, არდისუბანში, ენაგეთში, ბოგვში, თონეთში და ასე შემდეგ. ამ სომხებმა დროთა განმავლობაში ქართველებისგან ბევრი რამ გადაიღეს, სომხური ენა სრულიად დაივიწყეს. მშობლიური ენა ახლა მათთვის ქართულია. რაც შეეხება იმ სომხებს, რომლებიც ახლა დაღეთ-ხაჩინში, სამშვილდეში, სამღერეთში, ვარხუნოში, პატარა დურნუკსა და დიდ დურნუკში ცხოვრობენ, თითქმის ყველანი XVIII საუკუნის დამლევსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში არიან ჩამოსახლბული. ისინი 1797 წლამდე ყარაბახის მთიან ადგილებში  ცხოვრობდნენ, მაგრამ თათრებისაგან აწიოკებასა და ხალხის ჟლეტას საზღვარი არ ჰქონდა, რის გამო იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა. სომხების არქიეპისკოპოს არღუთიანის თხოვნისა და შუამდგომლობის შედეგად, მეფე ერეკლემ ყარაბახისა გულისტანისა და ხაჩინის ადგილებში მცხოვრებ სომხებს საქართველოში გადმოსახლების უფლება მისცა. 1797 წელს გულისტანიდან სომხების 400 ოჯახი გადმოსახლებულა ყოფილ ბორჩალოს მაზრის სოფელ შულავერში. ორი წლის შემდეგ ყარაბახის ხაჩინიდან 68 ოჯახი გადმოსახლებულა ბოლნისის რაიონის სოფელ ჯაპარლუში. ეს სოფელი იმ დროს ჭაობიანი ყოფილა. ციება ხალხის დიდ სიკვდილიანობას იწვევდა, რის გამო იქ მხოლოდ 7 წელიწადს იცხოვრეს. შემდეგ ორ ნაწილად გაყოფილან: 43 ოჯახი გადმოსახლებულა დღევანდელ სოფელ დაღეთში. მათ ამ სახელწოდებისათვის მიუმატებიათ იმ ადგილის სახელი, საიდანაც წამოსულან და სოფლისათვის დაურქმევიათ „დაღეთ- ხაჩირი“. დანარჩენი 25 ოჯახი გადასახლებულა სოფელ ბოლნისში და იმისთვისაც „ხაჩინი“ მიუმატებიათ ბოლოში და „ბოლნის-ხაჩინი“ უწოდებიათ. დაღეთში ჩამოსახლებულ სომხებს სოფელი სრულიად დანგრეული და განადგურებული დახვედრიათ. სოფლის ქვემოთ მდინარე ხრამის ნაპირებზე და მის ხეობაში ქართველების ბევრი ნასოფლარი ყოფილა. ამ ადგილებში მიწების გათხრისას ძალიან ხშირად ნახულობენ მიწაში ჩადგმულ ქვევრებს, რაც იმას ადასტურებს, რომ აქ ფართოდ ყოფილა გავრცელებული მევენახეობა სოფელ დაღეთში დღემდე შემორჩენილია ქართველთა სასაფლაოს ნაშთები, რომლის ქვებზე  ძველი ქართული წარწერებია.
სამშვილდეში სომხები 1819 წლამდე არ ყოფილან ჩამოსახლებული გენერალი სოვენის 1820 წლის 23 იანვარს გენერალ ველუმიანოვისადმი გაგზავნილ პატაკში ნათქვამია, რომ ელიზავეტპოლის ოლქის შამხორის სახელმწიფო მიწებზე გათვალისწინებული ყოფილა ეკატერინოფელდის გერმანელთა კოლონიის დასახლება. მაგრამ რადგან იქ უარგისი მიწები, მავნე ჰავა და ცუდი წყალი ყოფილა, ამიტომ გადაუწყვეტიათ გერმანელი კოლონისტების სოფელ სამშვილდეში გადმოყვანა და დასახლება. ამ საქმისთვის ხელი შეუშლია იმ ხანებში გაჩენილ ეპიდემიას, რის გამოც ისინი დმანისის რაიონში მდინარე მაშავერას  მარცხენა მხარეზე დაუსახლებიათ. იმავე წლის შემოდგომაზე სოფელ სამშვილდეში სომხები ჩაუსახლებიათ, რამაც ხელი შეუშალა გერმანელთა შემდგომ ჩამოსახლებას ამ სოფელში.


ბერძნების ჩამოსახლება

თეთრწყაროს მიწაზე ბერძნების, (ასევე სომხების) ჩამოსახლება დაკავშირებულია რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომის შედეგებთან , ეს ომი დამთავრდა ადრიაპოლის ზავით. 1829 წლის 27 თებერვალს ადრიაპოლის საზავო ხელშეკრულების დადებამ მეფის რუსეთის მთავრობას საშუალება მისცა ოსმალეთიდან საქართველოში ბერძნებისა და სომხების დიდი რაოდენობა გადმოესახლებინა. ამას ხელს უწყობდა ოსმალეთის მთავრობისაგან შევიწროებული სომხებისა და ბერძნების ჩვენს საზღვრებში გადმოსახლების დიდი სურვილი. ზავის პირობების მიხედვით, რუსეთმა დატოვა არზრუმის ვილაიეტში ომის დროს დაკავებული ადგილები, რომელიც კვლავ თურქეთს დაუბრუნდა, ადგილობრივი ბერძნული მოსახლეობა, რომელსაც ომის დროს რუსეთის მხარე ეჭირა. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ბევრმა ითხოვა რუსეთის იმპერიის ფარგლებში გადასახლების ნებართვა. მართლაც 1829-1930 წლებში ერთი ნაწილი ბერძენი კოლონისტებისა ამიერკავკასიაში გადმოსახლდა  ძირითადად თრიალეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. ამ საქმეს განაგებდა გადმოსახლების კომიტეტი, რომელსაც მთავარმართებელი გრაფი პასკევიჩი ხელმძღვანელობდა. ბერძენი მოსახლეობის ჩამოსახლება საქართველოში კერძოდ, თეთრწყაროს ტერიტორიაზე უფრო ადრეც მომხდარა. ბერძენთა დიდი ჯგუფი (120 ოჯახი) 1813 წელს ჩამოუყვანიათ და დროებით ქართულ ნაქალაქარ წინწყაროს მიწაზე გაუჩერებიათ. აქ მხოლოდ რამოდენიმე მგზავრობით მოქანცული  და დაუძლურებული ოჯახი დარჩენილა, სხვები კი წალკის ტერიტორიაზე, ქართველთა ნასოფლარებზე  დაუსახლებიათ. ამ ჟამად სოფელ წინწყაროში მცხოვრები  ბერძნების ძირითადი ნაწილი  1855 წლსაა ჩამოსახლებული. კავკასიის მთავარმართებელ მ. ვორონცოვის მითითებით. 1854 წელს ჩატარებული აღწერით წინწყარო მართლმადიდებელი ქართველებითაა დასახლებული. თურქეთიდან  ბერძნული წარმოშობის  ხიზნების მოსვლა  საქართველოში   არა თუ XIX საუკუნეში, არამედ XX საუკუნის 30-იან წლებამდე  არ წყდება, მიგრაცია განსაკუთრებით 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომის პერიოდში გაძლიერდა თეთრ წყაროში, ირაგაში ბერძნები 1865 წელს , ჯიგრაშენში კი - 1872 წელს დასახლდნენ.
ცნობილია, რომ წინწყარო (ადრე სამესრეო) ისტორიულ წყაროებში (1671 წ) ერთ-ერთი დიდი დასახლებული პუნქტია (მცირე ქალაქი ალგეთში), ხოლო ვახუშტი ბაგრატიონის აღწერის მასალებში (1721წ) სახასო სადედოფლო ქალაქია. ამ აღწერის მიხედვით წინწყაროში ცხოვრობდა 110 გამომღები ყმა და 34 ბოგანო (ძალიან ღარიბი, უქონელი) წინწყარო ეკუთვნოდა ერთ მებატონეს, ექვს აზნაურსა და დედოფალს, აზნაურებად მოიხსენიებიან: ჩარი, თემუა და ბირთველა დიარაშვილი, ვარნოზაშვილები (დიარაშვილები ამჟამად სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაღაროში ცხოვრობენ). ყმა გლეხებად მოიხსენიებიან: მამასახლისი ბირთველა, დიარაშვილის ძმები - ბერუა, ზალია, ძმისწულები - ავთანდილი, მანუჩარი, ზურაბ ყარულაშვილი, ალელი როსტომა, ყაზარა და თემუა ფასინაშვილები, გოგინა ნაზარაშვილი, ზალია ქოროღლიშვილი, ნასყიდა ზუბუაშვილი, ბიდუა ბოციკაშვილი, ზურაბ პეპნიაშვილი, ბერდია და გოგია ამირბეგიშვილები, ნასყიდა, ხეჩინა და ვრზა მაზმნიაშვილები, მარქარა ჯავახიშვილი, ბაინდერ ჯავახიშვილი, ალავერდა სუთიაშვილი, ნასყიდა ბასიაშვილი, ზალია დათიაშვილი, ხეჩია ვარძელაშვილი, გოგია აჩუაშვილი და სხვა.
1886 წლისათვის საქართველოში მცხოვრებ ბერძენთა რაოდენობა 20 000-ზე მეტი იყო. აქედან წინწყაროში ცხოვრობდა 1280 სული. თურქეთიდან გადმოსულთა შორის მცირე ნაწილი იყვნენ  ქართველები, რომლებსაც ბერძენთა მსგავსად შეცვლილი ჰქონდათ გვარები, სხვა ტომების მსგავსად გავლილი  ჰქონდათ გათურქების ეტაპი. ერთი წყება ქართველბი გადმოსახლებულებს საკუთარ მიწაზე დახვდნენ, რომლებსაც რუსეთის ცარიზმის ვერაგული ვ პოლიტიკის გამო შეეცვალათ გვარები. ესენი არიან: ქართველიშვილები (გურჯიევები), კალაძეები (კალაიჩევი), თევდორაშვილები (ფიოდოროვი), მურადაშვილები (მურადოვები) და სხვა. აღნიშნული გვარების ძირითადმა ნაწილმა გადმოცემით იცის, რომ მათი წინაპრები ქართველები იყვნენ. მათ რამოდენიმე წლის წინ (1988 წ) თხოვნით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკას მეცნიერებათა აკადემიას ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, ეთნოგრაფიის და არქეოლოგიის ინსტიტუტს დაესაბუთებინათ, რომ ისინი ქართველები იყვნენ. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ბარათოვებმა დაიბრუნეს თავის ნამდვილი გვარი - ბარათაშვილი, ხოლო ფასიროვებმა - ისაკაძე და ასე შემდეგ.
რაც შეეხება სოფელ ივანოვკაში ჩამოსახლებულ ბერძნებს, ისინი უფრო გვიან არიან მოსული, რადგან ირაგაში და ჯიგრაშენში ბერძნების ჩამოსახლებისას, ისინი აქ არ ცხოვრობდნენ. მაშასადამე, სოფელ ივანოვკის ბერძნები ჩამოსახლებულნი არიან 1880-იან წლებში. ამ თარიღს სოფელში მცხოვრები ბერძნებიც ადასტურებენ. სოფლის ნამდვილი ძველი სახელია ხუნძურეთი. იგი წარმომდგარია სიტყვიდან ხუნძუმწორის ხე. ეს ერთგვარი სამკურნალო ნაყოფის მომცემი მცენარეა, რომელიც დღესაც მრავლად ხარობს ტყეებში. სწორედ ამის გამო ერქვა სოფელს ხუნძიანი, ანუ ხუნძური. სოფელში ივანოვკის სახელის შერქმევის ფაქტს შემდეგნაირად ხსნიან: ხუნძურეთი და მისი მიწები ეკუთვნოდა თავად ივანე ზაალის-ძე ბარათაშვილს, მისგან ეს მიწები იჯარით, ხოლო შემდეგ მთლიანად შეუძენიათ ამ მიწა-წყალზე დასახლებულ ბერძნებს. დათქმული დროისთვის მათ ვეღარ გადაუხდიათ საფასური, ივანეს დაუბარებია სოფლის წარმომადგენლები და უთქვამს დარჩენილ ოცდახუთ მანეთს გაპატიებთ, სამაგიეროიდ სოფელს ჩემი სახელი უწოდეთ. აქედან მიუღია სახელი „ივანოვკა“.


ოსები საქართველოში

XIII-XVII საუკუნეებში კავკასიის ქედზე გადმოვიდნენ და საქართველოში დასახლდნენ ოსები. ეს ის დრო იყო, როდესაც ოსეთს დიდი ჯარით თავს დაესხა ბათო ყაენი და საშინლად ააოხრა. ამასთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი გვამცნობს: „რომელნი შემდგომად ჩინგიზ ყეენთა მოსლვისა, ბათო ყეენმან მოსრნა ოვსეთი და მოაოხრნა, ხოლო ოვსნი შემოილვტოდნენ კავკასიათა შინა“. გარდა ამისა, XIV-XV საუკუნეებში ყაბარდოც მოსვენებას არ აძლევდა ოსეთს და მის ტერიტორიის დაბლობ ადგილებს იპყრობდა. ოსები იძულებული ხდებოდნენ დაბლობი ადგილებიდან მთებში გახიზნულიყვნენ, მცირე და მწირნი-ადაგიანი მთები დიდხანს ვერ აცხოვრებდა შემოხიზნულ ხალხს, რის გამოც  ისინი იძულებულნი იყვნენ ეძებნათ გამოსავალი. ამ გამოსავალს კი ოსები საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლაში პოულობდნენ. ისინი ქართველი მემამულეების ნებართვით დღევანდელი სამხრეთ ოსეთის (სამაჩაბლოს) ტერიტორიაზე სახლდებოდნენ. აქ იმ დროს ქართველები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი  ქართველების დაბლობ ადგილებში ჩამოსახლების გამო მიწები თავისუფალი დარჩა. ამაზე მიუთითებს ვახუშტი ბატონიშვილიც: „ხოლო რაოდენნი ოსნი დავწერეთ ამ ადგილებთა შინა, პირველად სახლებულან ქართველნი გლეხნი. შემდგომად მეპატრონეთა მათთაგან გადმოსახლებულან ოსნი და ქართველნი ბარსა შინა ჩამოსულან, ვინაიდგან მტერთაგან ბარს შინა კაცნი  შემოცირებულან“-ო. მთებში შემოხიზნული ოსები სურსათ-სანოვაგის სიმცირის გამო იძულებული ხდებოდნენ ჩამოსულიყვნენ ბარად. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ოსები თეთრწყაროს რაიონსაც ეწვივნენ და ქართველების მთელ რიგ ნასოფლარ ადგილებში დასახლდნენ. ასე აღმოჩნდნენ ოსები შემდეგ სოფლებში: ფიტარეთი, წყნარი აბანო, ქვემო ახალკაფა, ზემო ახალკაფა, დუმანისი, მენკალისი, ნავთიანი, ლიპაიფნარა, ზემო ახალშენი, ქვემო ახალშენი, პატარა კლდეისი, არხოტი და ჭინჭრიანი. პროფესორი გ. ჩიტაია თავის „ეთნოგრაფიულ მოგზაურობიდან აღბულაღის რაიონში“ წერდა: „ოსები (აღკალაფა, დუმანისი, ფიტარეთი და სხვა) უმთავრესად შიდა ქართლის სოფლებიდან არიან მოსული, ნაწილობრივ ახალი ფენა გუჯარეთიდან“-ო. შემდგომ წლებში ოსები სოფელ ალექსეევკაშიც გადმოსულან და რუსების მეზობლად დასახლებულან. საქართველოში 1991-1993 წლებში მომხდარი ცნობილი მოვლენების გამო ოსური სოფლები თითქმის მთლიანად დაცარიელდა. ოსების ნაწილი გადავიდა ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში, ხოლო დიდი ნაწილი ჩრდილო კავკასიაში.


გერმანელების ჩამოსახლება  

საქართველოში 1818 წლიდან დაიწყო გერმანელების ჩამოსახლება. გერმანელთა ჩამოსახლების აუცილებლობა გენერალმა ა. ერმოლოვმა ასეთნაირად „დაასაბუთა“: „ქართველებს მეურნეობის გაძღოლის უნარი არ შესწევთ და არიქა, „ოცდაათი გვარისგან“ შემდგარი გერმანული ოჯახი ჩამომისახლეთო“. სწორედ ამას აუწყებდა იმპერატორის ქვეშევრდომს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო მრჩეველ კოზიდავლოვს გაგზავნილ მიმართვაში (N 24,1816 წლის 31 დეკემბერი). სინამდვილეში ეს ხრიკი საქართველოს კოლონიზაციას ისახავდა მიზნად. ჯერ კიდევ 1801 წელს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I საქარველოში რუსი ჯარების სარდალ გენერალ-ლეიტენანტ კ.თ. კნორინგისადმი გაგზავნილ წერილში წერდა: „განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საქართველოში საზღვარგარეთიდან უპირატესად ქრისტიანი კოლონიზატორების მოზიდვას“. თავის მხრივ, როგორც რუსები, ისე გერმანიაში შერჩეული „აგიტატორები“ საქართველოში წამოსასვლელად აგულიანებდნენ შოტლანდიის კოლონიის გერმანულ ოჯახებს. მათ საქართველოს ედემის ბაღნარად უხატავდნენ, ჩასჩიჩინებდნენ - უარი არ ეთქვათ ბუნებრივად მდიდარ მხარეზე, სადაც შრომითა და გარჯით შეეძლოთ ფუფუნებაში ეცხოვრათ. ასეთი აგიტაციის შედეგიც მოჰყვა: ვიტენბერგისა და ბადენის სამეფოდან ქ. ოდესაში, ხოლო იქიდან თბილისში ჩამოსახლებული იქნა გერმანელთა 455 ოჯახი. აქედან გერმანელთა ერთი ჯგუფი - 65 ოჯახი 307 სულით, მდინარე ასურეთის პირას, უკაცრიელ, იავარქმნილ სოფელ ასურეთის ტერიტორიაზე დასახლდა და ამ ადგილას ელისაბედტალი ეწოდა (კოლონია 19 ნოემბერს მოსულა აქ, ამ დღეს კი კალენდარი ელისაბედის სახელს მოიხსენიებდა). დიდი სამამულო ომის წინ, გერმანელების გასახლების შემდეგ, ამ სოფელში რაჭველები ჩამოსახლდნენ და კვლავ აღსდგა სახელი ასურეთი.
ასურეთში ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტების  თითოეულ ოჯახს 60-60 ჰექტარი მიწა გამოუყვეს. დასახლებულად და მეურნეობის მოსაწყობად მეფის მთავრობა მათ უხვად აძლევდა სამშენებლო მასალას, ფულს სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და პირუტყვის შესაძენად, სათესლე მასალას და ასე შემდეგ. საცხოვრებელი  სახლების აშენებაში გერმანელებს მთავრობა  უფასოდ ეხმარებოდა სამხედრო მშენებელი ჯარისკაცებით, ხოლო საშენი მასალის ურმებით მოზიდვა და პირველ წლებში მათი მიწების მოხვნა, მთავრობის დავალებით, მეზობელი სოფლების მკვიდრთა მიერ უფასოდ სრულდებოდა. მეფის მთავრობამ უხვად მოხსნა ქისას პირი. თითოეულ ოჯახზე დახმარების სახით გაიცა 2800 მანეთი. სპარსეთიდან  გადმოსახლებულ სომხებს მისცეს 25 მანეთი, ხოლო ოსმალეთიდან მოსულ ბერძნებს 10 მანეთი. უფრო მეტიც, ამ უკანასკნელთ სესხი მთლიანად დააფარვინეს, გერმანელებს კი აპატიეს. შეღავათებითა და ყურადღებით განებივრებული გერმანელები სწრაფად გამრავლდნენ და 1886 წლისთვის კომლთა რაოდენობამ 650-ს მიაღწია, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა 2440-ით გაიზარდა, რის გამოც ნაწილი კოლონისტებისა ასურეთიდან იქვე სოფელ მარაბდის გვერდით გადმოსახლდა და მას ახალი მარაბდა დაერქვა. შემდეგში სოფელ ასურეთიდან გერმანელთა ნაწილი სოფელ მარაბდის პირდაპირ მდინარე ალგეთის გაღმა მტრების მიერ განადგურებულ ქართულ ნასოფლარს ქოთიშში გადასახლდა, სადაც მაშინ ქართველთაგან აღარავინ ცხოვრობდა. მეფის მთავრობის მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ ჩამოსახლებული გერმანელი კოლონისტებისაგან ქართველი გლეხები ისწავლიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოებასო, მაგრამ როგორც შემდეგში გამოირკვა, პირიქით, თვით კოლონისტებს ბევრი რამ უსწავლიათ მკვიდრი მაცხოვრებლებისაგან. გერმანელთა საქართველოში ჩამოსახლებიდან 25 წლის შემდეგ გერმანელი ბარონი პაქსტ ჰაუზენი, რომელსაც 1843 წელს უმოგზაურია საქართველოში, წერდა: „ჩემდა განსაცვიფრებლად მე ვნახე, რომ კოლონისტებს  გადაუღიათ პურის ლეწვის ქართული წესი“ (იხ.პაატა გუგუშვილი, „საქართველოს ამიერკავკასიის ეკონომიური განვითარება XIX-XX სს“ტ.I.გვ.498, სახელგამი, 1949წ.) გერმანელებმა კოლონისტებმა თუ რამე ახალი შემოიტანეს, ეს იყო მხოლოდ ცხენების გუთანში შებმა- გვაუწყებს ჟურნალი „მოამბე“ (1899 წ. N4, „უცხოელების დაბინავება საქართველოში“).


 რუსების დასახლება

მას შემდეგ, რაც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა  და მეფის რუსეთის კოლონიად იქცა, რუსეთის მთავრობა ქართველ ხალხს ანგარიშს აღარ უწევდა. იგი ცდილობდა, რაც შეიძლება მოკლე დროში დიდი რაოდენობით დაესახლებინა ჩვენს ქვეყანაში რუსები და სხვა ეროვნების ხალხი. მთავრობა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ სკოლებში რუსულად სწავლებისა  და სახელმწიფო  დაწესებულებებში საქმის წარმოების რუსულ ენაზე შემოღებით ჩამოსახლებული არარუს ხალხთან  ქართველებიც გაერუსებინა, დავიწყებისათვის მიეცა მისი ხანგრძლივი არსებობის ისტორია, ენა და უძველესი მდიდარი კულტურა. ცარიზმს ამ ვერაგულ პოლიტიკას ქართველმა ხალხმა თავიდანვე სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა, რაც გამოიხატა XIX საუკუნეში საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გამუდმებულ  აჯანყებებსა და სხვა სახის წინააღმდეგობებში. 1801 წლიდან რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს სამთამადნო ქარხნებში სამუშაოდ მეფის მთავრობამ რუსეთის ჩრდილოეთ გუბერნიებიდან მუშა-ხელოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სახით რვაასზე მეტი რუსი ჩამოიყვანა. იმ დროს დანგრეული სამთამადნო ქარხნების აღდგენა-განვითარებისათვის ამ ღონისძიებას უთუოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მოკლე დროში, ჩამოყვანილი რუსების დიდი ნაწილი დაიხოცა კლიმატური პირობების მკვეთრად შეცვლის გამო. საბოლოოდ  არც სამთამადნო ქარხნების მუშაობა გაუმჯობესებულა.
რუსების ჩამოსახლება საქართველოში პირველად დაიწყო საქართველოში დაბანაკებული ჯარიდან გამოსული ბეგარამოხდილი ჯარისკაცების და ომში მიღებული ჭრილობების, მოხუცებულებისა და ავადმყოფობის გამო ჯარიდან დათხოვნილთა ადგილობრივი დასახლებით. მთავარმართებელმა გენერალმა ა. ერმოლოვმა 1818 წლიდან უფლება მისცა ჯარისკაცებს რუსეთიდან სახელმწიფოს ხარჯზე ჩამოეყვანათ ცოლ-შვილი და სამხედრო სამსახურის დროს მათთან ერთად ეცხოვრათ, უცოლო ჯარისკაცებს კი დაცოლშვილების უფლება მისცეს უფლება. იმ დროს საქართველოში ცოტა იყო რუსი ქალიშვილები, ამიტომ მოწოდებით მიმართეს რუსეთის გუბერნიაში მცხოვრებ ქალიშვილებს ჩამოსულიყვნენ საქართველოში. ამ მოწოდებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა  და დაიწყო ქალიშვილების ჩამოსვლაც. უცოლო ჯარისკაცები ამ ქალიშვილებს  ირთავდნენ და აქვე სახლდებოდნენ. მთავრობა ხელს უწყობდა მათ დასახლებაში და შეღავათებს აძლევდა. სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოში დაბანაკებული ჯარის ნაწილებში ჯარისკაცთა  დანაყოფების ეგრედ წოდებული „ცოლიანი ასეულების“ ჩამოყალიბება და ცოლიან ჯარისკაცთა დასახლება. ჯარში სამსახურის ბეგარის მოხდის შემდეგ ჯარისკაცთა დიდი ნაწილი ცოლ-შვილით სამუდამო საცხოვრებლად აქვე რჩებოდა. 1837 წლიდან ჯარის ნაწილების ბინებთან დაიწყო სამხედრო მოწყობა გენერალ ერმოლოვის თაოსნობით. საქართველოში სამხედრო დასახლება მოწყობილი იყო თეთრწყაროში, მანგლისში, ლაგოდეხში, წითელწყაროში, გორში, გომბორსა და სხვაგან. მაგრამ ეს სამხედრო დასახლება სახელმწიფოსთვის ზარალიანი აღმოჩნდა ამის გამო, ალექსანდრე მეორის 1857 წლის 7 ივნისის ბრძანებით ამიერკავკასიაში მოწყობილი ათივე სამხედრო დასახლება გაუქმდა და სამოქალაქო უწყებას გადაეცა. დღევანდელი თეთრწყაროს რაიონის სოფლები ადრინდელი საქართველოს მეწინავე სადროშოს ნაწილს წარმოადგენდა და სხვა მეზობელ რაიონებთან ერთად ერთ-ერთ მოწინავე და კულტურულ მხარედ ითვლებოდა, მაგრამ გამუდმებული ომებისა და ლეკთა ბანდების ხშირი თარეშის გამო XVIII საუკუნის დამლევისათვის ეს შესანიშნავი კუთხე თითქმის განადგურდა, რასაც ხელს უწყობდა ისიც,  რომ მტრის ჯარები მეტწილად მდინარე ხრამისა და ალგეთის ხეობით შემოდიოდნენ და პირველ მოულოდნელ დარტყმას ამ რაიონზე ახდენდნენ. რაიონის გაპარტახების მასშტაბის ნათელსაყოფად საკმარისია გავიხსენოთ, რომ წარსულში არსებული 186 სოფლიდან საქართველოს რუსეთთან შეერთებისას 124 სოფელი სრულიად სრულიად განადგურებული აღმოჩნდა, ხოლო 62 სოფლიდან უმრავლესობა იმდენად იყო აოხრებული რომ ბევრ მათგანს მხოლოდ სახელწოდებაღა ჰქონდა შემორჩენილი, მათ შორის იყო სოფელი გარისიც, რომლის ნანგრევებზე დღევანდელი ქალაქი თეთრიწყარო აღმოცენდა. ცოცხლად გადარჩენილმა და უშიშარ ადგილებში შეხიზნულმა ხალხმა თავის სოფლებში  დაბრუნება დაიწყო მხოლოდ ეა საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ, ზოგი ჭირი მარგებელიაო - ამაზეა ნათქვამი. დამოუკიდებლობის დაკარგვამ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა ქართველი ხალხი. ქალაქ თეთრწყაროში რუსული მოსახლეობის ცხოვრების ისტორია მეტად საინტერესოა , იგი XIX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში რუსეთის მეფის მთავრობას საქართველოში დიდი რაოდენობით ჰყავდა ჯარი საჭირო იყო ამ ჯარის სხვადასხვა კუთხეში მუდმივ საცხოვრებლად დაბინავება და მოწყობა. 1820 წლის მეფის მთავრობა გადაწყვიტა საქართველოში ჯარის მოსათავსებლად ისეთი მუდმივად სამყოფი ადგილები შეერჩია, რომლითაც ორი ძირითადი საკითხი გადაიჭრებოდა: პირველი, ჯარი მოეთავსებინათ ისეთ ადგილებში, სადაც ზაფხული გრილი  იქნებოდა და წყალი მოიპოვებოდა. ამ ადგილებში სამხედრო სწავლებასთან ერთად ჯარი დაისვენებდა. მეორე; ჯარის სამყოფი ადგილი საზღვართან ახლოს უნდა ყოფილიყო. ასეთი ადგილების გამონახვა საქართველოში რასაკვირველია სიძნელეს არ წარმოადგენდა. მეფის მთავრობის მესვეურებმა იცოდნენ, რომ ძველად ქართველები იმავე მიზნისათვის მუდამ იყენებდნენ კოჯორს, მანგლისსა და სოფელ გარისს, დღევანდელი თეთრწყაროს მიდამოებს, ჰავისა და წყლის შესწავლის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელ გარისის ნასოფლარზე დაიწყეს ჯარისთვის საჭირო ყაზარმების, საწყობების და სხვა დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. 1820 წელს მუდმივ დასაბანაკებლად იქ გადაყვანილი იქნა ეგერთა მეგრული  პოლკი თავისი შტაბით. პოლკის პირად შემადგენლობაში, მიუხედავად მისი ასეთი სახელწოდებისა, ქართველებიდან არავინ იყო. 1847 წელს მის ადგილზე ქალაქ გორიდან გადმოვიდა მე-14 გრენადერთა ქართული პოლკი. ამ პოლკშიც, გარდა მისი მეთაურის, გენერალ თავად ორბელიანისა, ქართველი არავინ იყო. 1824 წელს გადაწყვიტა მანგლისში გადაეყვანათ ერევნის გრენადერთა პოლკი თავისი შტაბით. მისი მუდმივი დაბანაკებისთვის ჯარისკაცთა ყაზარმების, ოფიცერთა საცხოვრებელი სახლებისა და სხვა საჭირო დამხმარე ნაგებობების ასაშენებლად, ჯარისკაცთა მიერ გაჩეხილი იქნა ასწლოვანი ფიჭვნარი. იქვე გაკეთდა ორი დიდი მოედანი: ე.წ. საყდრის მოედანი და მოედანი ჯარის საფრონტო მეცადინეობისათვის  ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თეთრწყაროში, მანგლისსა და საქართველოს სხვა ადგილებში მეფის ჯარის ნაწილების მუდმივ სადგომად  გადაყვანა უნდა მომხდარიყო 1820-1825 წ.წ. რუსეთში იმ დროს რეაქცია მძვინვარებდა. ჯარისკაცთა სამხედრო სამსახურის ბეგარა 25 წლით განისაზგვრებოდა ამასთან, საკმარისი იყო უმნიშვნელო დანაშაულის ჩადენა,  რომ  ჯარისკაცისათვის სამუდამო სამხედრო სამსახურში დარჩენა მიესაჯათ. მათი ცხოვრება კატორღაზე უარესი იყო. მთავრობის მითითებით, საქართველოში მუდმივად დაბანაკებული ჯარის ნაწილების შტაბებთან სახლდებოდნენ სამხედრო სამსახურის ბეგარამოხდილი, ომში მიღებული ჭრილობების. მოხუცებულობისა და ავადმყოფობის გამო ჯარიდან დათხოვნილი ჯარისკაცები. აღნიშნული მითითების თანახმად, ეგერთა მეგრული პოლკიდან გათავისუფლებული პირველი ჯარისკაცები იავარქმნილ სოფელ გარისთან ახლოს მდებარე ტყეს კაფავდნენ, სახლებს იშვენებდნენ და სახლდებოდნენ, იმ ადგილას „სლაბოდკა“ შეარქვეს, ხოლო შემდეგში „კოსტანტინოვკა“ უწოდეს. ასეთი დასახლებათა მოწყობით მეფის მთავრობა საქართველოში ჰქმნიდა თავის საიმედო დასაყრდენს, რადგან რუსების რაოდენობის გაზრდა ხელს შეუწყობდა ადგილობრივ მკვიდრთა უფრო სწრაფ რუსიკაციას. დღევანდელი თეთრწყაროს სამხედრო დასახლება მოწყობილი იქნა სოფელ გარისის ნასოფლარზე, მას „პოსელენიე“უწოდეს. ეს ადგილი დღესაც ამ სახელს ატარებს და ქალაქის ერთ-ერთ მოზრდილ უბნად ითვლება. ამ დასახლებაში მუდმივ საცხოვრებლად გზავნიდნენ სამხედრო სამსახურის ბეგარამოხდილ ჯარისკაცებს თავიანთი ცოლ-შვილით. მთავრობა თითოეულ ოჯახს აძლევდა მუშა-საქონელს და 160 მანეთ ფულს სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და სათესლე მასალის შესაძენად. მთავრობის ასეთი ღონისძიების შედეგად თეთრწყაროს სამხედრო დასახლებაში საცხოვრებლად თავს იყრიდა შიდა რუსეთის - პენზის, ტამბოვის, სარატოვისა და სხვა გუბერნიიდან  ჩამოსული რუსი მოსახლეობა. მათთან ერთად იყვნენ აგრეთვე დონის ოლქიდან და უკრაინიდან ჩამოსულებიც. სამხედრო დასახლების უფროსს აღრიცხვაზე უნდა აეყვანა ის პირები, რომლებმაც იცოდნენ, ან შეეძლოთ ადვილად შეესწავლათ რაიმე ხელობა. უნდა შეედგინა იმ პირთა სიები, რომელთა 20 წელი შეუსრულდებოდათ, აგრეთვე წარედგინა პოლკის მეთაურისათვის ცნობები ხვნაზე, თესვაზე, მუშა საქონელზე, ცხვრებზე, რა მდგომარეობაში იყო თითოეული დასახლების მეურნეობა და სხვა. თეთრწყაროში დაბანაკებული პოლკის მეთაური, პოლკოვნიკი კოცებუ კაპიტან დომბრინსკის ავალებდა - შეეგნებინებინა სამხედრო დასახლებულთათვის, რომ ისინი აქ ევროპული კულტურის გამავრცელებლები უნდა ყოფილიყვნენ . ეს იმ დროს, როდესაც სამხედრო მოხელეები თვითონ იყვნენ უვიცები. ამ დაბეჩავებულ და გაუნათლებელ ხალხს  რა ევროპული კულტურა უნდა გაევრცელებინა, როცა თითქმის ყველა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. 1840 წელს მაისის თვეში შედგენილი უწყისის მიხედვით, თეთრწყაროში უკვე დასახლებული იყო 131 ოჯახი. ამ ტერიტორიაზე  მაშინ ჩამოსახლებულთა შთამომავლები  დღესაც ცხოვრობენ რაიონში, თბილისსა და სხვა ადგილებში. თეთრწყაროდან 12-კილომეტრის დაშორებით ძველ ნასოფლარ შოშეთში (შაშვეთი) ყოველი სამხედრო დასახლებიდან XX საუკუნის დასაწყისში გადასახლებულა რუსების 22 ოჯახი. 1809 წელს ალექსანდრე პირველს შოშეთის მიდამოები „ნადელად“ გადაუცია სამხედროთა ოჯახებისათვის და ამ ახალშენისათვის უფლისწულ ალექსის სახელი დაურქმევია. სოფელს ახლაც ალექსეევკა ჰქვია. შოშეთი (შაშვეთი) ჩვენს წინაპრებს შაშვების სიმრავლის გამო შეურქმევიათ. ეს ფრინველი აქ დღესაც მრავლად ბუდობს. XX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში მეზობელი სოფლებიდან ოსების რამდენიმე ოჯახი ჩამოსახლებულა. 1991-1994 წ.წ. საქართველოში  მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, ოსებისა და რუსების დიდი ნაწილი გადასახლდა რუსეთის სხვადასხვა კუთხეებში, ხოლო მათი სახლები შეისყიდეს თბილისელმა და თეთრწყაროელმა ქართველებმა.
წარსულში თეთრწყაროს რაიონის დღევანდელი ტერიტორია, კერძოდ კი თვით თეთრწყარო, მანგლისი და ორბეთი (ყოფილი პრიუტი) ჯარის დასაბანაკებლად ფართოდ ყოფილა გამოყენებული. თეთრ წყაროში, უფრო გვიან კი მანგლისში განლაგებული იქნა ჯარის ნაწილები. ამან გამოიწვია ახალი სამოქალაქო დასახლების, ახალი სოფლების შექმნა. ასე გაჩნდა სოფელი ბუდიონოვკა (ყოფილი გალიცინსკოე), რომლებიც მთლიანად რუსული მოსახლეობით იყო დასახლებული. სოფელ ორბეთში (მდებარეობს მანგლისი-თბილისის გზაზე) თავიდან ქართველებს უცხოვრიათ, მაგრამ მტრის ურდოებს აუწიოკებიათ და მთლიანად გაუნადგურებიათ (უფრო ადრე იგი მამისდაბად მოიხსენიება). XIX საუკუნის დასასრულს რუსეთის ჯარის ერთ-ერთ ნაწილს იქ მოუწყვია საზაფხულო ბანაკი ჯარის მეთაურებს ზაფხულში იქ მოჰყავდთ ცოლ-შვილიც. იმდენად მოსწონდათ ეს ადგილი თავისი ბუნებრივი სილამაზითა და კლიმატური პირობებით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ თავიანთი ოჯახებთ სახლდებოდნენ მუდმივ საცხოვრებლად. ასე გაჩნდა ძველი ქართული ნასოფლარი ტერიტორიაზე ახალი სოფელი, რომელსაც მგზავრთა ღამის სათევი ფუნდუკის რუსული სახელი „პრიუტი“ დაერქვა. საბჭოთა ხელისუფლების წლებში (1952წ.) ცნობილი ქართული პოეტის, აკადემიკოს გიორგი ლეონიძის რეკომენდაციით, მას ორბეთი დაერქვა. ამ სახელთან დაკავშირებით ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „ზრბითის ხევზედ, მაღალ კლდეზედ, არს ეკლესია ორბეთი, ხოლო სად ერთვის ალგეთის ხევი ესე, მუნ არს ციხე ფარცხისიფარი ბირთვისის ციხისა, აწ შემუსრული“ როგორც ვხედავთ, სოფლისთვის ამ სახელის შერქმევა ძალზე გონივრული იყო. ადგილის დედის ისტორიული სახელი დავიწყებას გადაურჩა  - სოფლებმაც კარგად შეისისხლხორცა იგი და დღეს პრიუტი აღარავის ახსოვს. ორბეთში ამჟამად ძირითადად ქართველები ცხოვრობენ, სამი-ოთხი ოჯახიღაა რუსული. მაგრამ ფაქტობრივად ისინი მხოლოდ გვარებით თუ ითვლებიან რუსებად; მათი შთამომავლები ქართულ სკოლაში სწავლობენ და ქართულ ადათ-წესებზე იზრდებიან. აქ მცხოვრები ქართველები გადმოსულები არიან თეთრიწყაროს რაიონის სხვადასხვა სოფლებიდან, კერძოდ, ღვევიდან, დრიდან, შამათიდან, თონეთიდან, დეალთიდან, ხოლო ზოგიერთი მათგანი კასპის რაიონიდან.
სამხედრო დასახლებათა მოწყობით მეფის მთავრობამ მიზანს ვერ მიაღწია დასახლებულთა ცხოვრება ჯარისკაცთა ცხოვრებაზე უფრო მძიმე და აუტანელი იყო. არსებული წესებით შექმნილი პირობების გამო სანხედრო დასახლებულთა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. გაითვალისწინა რა ეს 1857 წელს მეფის მთავრობამ გააუქმა სამხედრო დასახლებები კავკასიაში და იგი სამოქალაქო უწყებებს გადასცა.


რაჭველების ჩამოსახლება ასურეთში

1941 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა საბჭოთა კავშირს მოულოდნელად თავს დაესხა გერმანია, როგორც არასაიმედო ხალხი, აღნიშნული წლის ივლის-აგვისტოში თეთრ-წყაროს რაიონის სოფლებს, ასურეთის, მარაბდისა და ქოთიშის ტერიტორიაზე მცხოვრები გერმანელების ხელისუფლების მიერ გასახლებული იქნა შუა აზიაში.
სოფელ ასურეთში გერმანელების მიერ ნაცხოვრებელ ტერიტორიაზე რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რაჭველები, როგორც ყოველმხრივ სანდო და დასაყრდენი ხალხი ჩამოესახლებინა.
რაჭველთა აღნიშნულ ტერიტორიაზე გადმოსახლების გადაწყვეტილების მიღება იმანაც განაპირობა, რომ რაჭა სახნავ-სათესი მიწების ნაკლებობას განიცდიდა.
გაეცნო რა ამბროლაურის რაიონის ხელმძღვანელობა მთავრობის გადაწყვეტილებას, სპეციალური კომისია გამოგზავნა სოფელ ასურეთის ადგილმდებარეობისა და ცხოვრების პირობების შესასწავლად. წარმოგზავნილ კომისიას მოეწონა სოფლის მდებარეობა და მისი საყოფაცხოვრებო პირობები და კარგი შთაბეჭდილებით დაბრუნდა უკან. კომისიის წევრები შეხვდნენ მოსახლეობას და გაუზიარეს შთაბეჭდილება ახალი საცხოვრებელი ადგილის ავ-კარგის შესახებ.
შედგა იმ ქალაქთა სიები, რომელთაც სურდათ მუდმივ საცხოვრებლად სოფელ ასურეთში გამგზავრება. ჩამოსახლებას ხელმძღვანელობდა ამბროლაურის რაიონის აღმასკომის თავმჯდომარე ს. ლაშხი. ტრანსპორტის სიმცირის გამო აღნიშნული რაიონის სოფლებიდან  ოჯახები ცალ-ცალკე ჩამოყავდათ. პირველად სოფელ ასურეთის მიწაზე ფეხი დადგეს ნიკორწმინდის, ხოტევის, ზნაკეის, კაჩაეთის, ჭელიაღელის წარმომადგენლობამ, ჩამოვიდნენ გოცირიძეები, შარაბიძეები, კობახიძეები, მიქიაშვილები, ენუქიძეები, ჭელიძეები, დვალები, ბაკურაძეები და სხვები. ზემო აღნიშნულ გვარებს შეემატნენ გეგეშიძეები, წერეთლები, ჯმუხაძეები, ლაიშვილები და სხვები.
დეკემბრის თვეში დამთავრდა აღნიშნული სოფლის ტერიტორიაზე მოსახლეობის ჩამოსახლება სულ ჩამოსახლდა 99 ოჯახი 270-ზე მეტი სულით.
სოფელ ასურეთში აღსდგა კოლმეურნეობა, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს ამბროლაურის რაიონის ყოფილი აღმასკომის თავმჯდომარე სიმონ დავითის-ძე ლაშხი.
შეიქმნა სასოფლო საბჭო, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს გამოცდილი მუშაკი ვიქტორ ნასარიძე.


რაჭველების ჩამოსახლება ქლუხორიდან ასურეთში

სოფელ ასურეთის ტერიტორიაზე მეორედ 1957 წელს მოხდა ქლუხორიდან რაჭველების ჩამოსახლება, ეს ის რაჭველები არიან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ზემო რაჭიდან, სოფელ ღებიდან, უწერიდან, ნაკიეთიდან და ჭიორიდან ჩაასახლეს ყარაჩაიჩერქეზეთის ავტონომიურ ოლქში, საიდანაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის ადგილობრივი მოსახლეობა (ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები) გადაასახლეს შუა აზიაში.
ისტორიიდან ცნობილია, რომ ზემოთ დასახელებული ტერიტოროა წინათ საქართველოსი ყოფილა ეგრეთ წოდებული ჯიქეთი, სადაც ცხოვრობდა ქართველური მოდგმის ქრისტიანი ხალხი. ქლუხორის ტერიტორიაზე არსებულ ეკლესიას იქ მაცხოვრებელი მუსულმანებიც თამარის ეკლესიას ეძახდნენ  და რადგან განთავისუფლდა საქართველოს ყოფილი ტერიტორია, იმ დროს საბჭოთა ხელისუფლებამ ჩაასახლა ზემო რაჭველები.
1957 წელს, ხრუშჩოვის მოღვაწეობის პერიოდში, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება შუა აზიაში გადასახლებული ყარაჩაელების უკან დაბრუნების შესახებ. ეს გადაწყვეტილება სისრულეში იქნა მოყვანილი. ამიტომ აღნიშნულ ოლქში 1941 წელს ჩასახლებული რაჭველები აყარეს და 1957 წელს საქართველოში, თეთრწყაროს რაიონის სოფელ ასურეთში გადმოასახლეს, 42 ოჯახი 153 სულით.


სვანების ჩამოსახლება

მესტიისა და ლენტეხის რაიონებიდან გადმოსახლება გამოიწვია 1987 წელს ამ მხარეში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ მოსახლეობის მასობრივი ჩამოსახლება მოხდა 1988- 1989 წლებში.
მთავრობის დადგენილებით რაიონში უნდა ჩამოსახლებულიყო 840 ოჯახი, 3000-მდე სულით. მათთვის შენდებოდა 7 სოფელი, კერძოდ, მესტიის რაიონის მოსახლეობისათვის ხაიში, დიდგორი, შავსაყდართან და ჩხიკვთასთან  შესაბამისად  350-120-30-20 საცხოვრებელი სახლით ლენტეხის მოსახლეობისათვის გოლთეთი, ჭივჭავი და სოფელ მარაბდაში შესაბამისად  200, 101 და 15 საცხოვრებელი სახლით.
დღეისათვის თეთრწყაროს რაიონის ტერიტორიაზე ცხოვრობს სვანეთიდან გადმოსახლებული 457 ოჯახი 1700-მდე სულით.
სოფელ დიდგორში ცხოვრობენ მესტიის რაიონის შემდეგი სოფლებიდან ჩამოსულები: ბეჩო, ცხუმარი, ეცერი, ფარი, ნავრა, ლენჯერი, მესტია. გვარები: კვიციანი, არღვლიანი, საღლიანი, გერლიანი, აფრასიძე, ქანცელიანი, ხორგუანი, სუბელიანი, ფარჯველიანი, გულედანი, ჯაფარიძე, დადიანი, ნარსავიძე.
სოფელ ხაიშში ცხოვრობენ - ლახამულის, ხაიშის, მესტიის, ბეჩოს, ეცერის, წვირმის, იელის, მულახის, ლენჯერის, ლატალის სოფლებიდან ჩამოსახლებული შემდეგი გვარები: ჭკადუა, კვანჭიანი, ქობალია, კვირიკაძე, ზუმბაძე, გურჩიანი, აფრასიძე, კვიციანი, გაბულდანი, ფანგანი, გულედანი, ბარლიანი, ხვიბლიანი, ნიჟარაძე, ანსიანი, ჟორჟოლიანი, ონიანი, გვიჩიანი, ფარჯიანი, ასუმბანი, სიდიანი, ხვინთელიანი, გირგვლიანი, წერედიანი, ფირცხელანი, გუჯეჯიანი, გელოვანი, ფსუმფრიანი, უშკვანი, გვარლიანი, ხორგუანი, ფილფანი, ქოჩქიანი, თორია, მერლანი, ხერგიანი, ნიგურიანი...
სოფელ ჩხიკვთაში ცხოვრობენ - გაბულდანი, შუკანი, მერლანი, ხორგუანი, რეზესიზე, ჩხვიმიანი, ფილფანი, კვიციანი, წულუკიანი, უშხვანი, ვიბლიანი.
სოფელ შავსაყდარში-ცინდელიანი, ჩხვიმიანი, კვიციანი, ხორგუანი, აფრასიძე.
სოფელ ჭივჭავში ცხოვრობენ ლენტეხის რაიონის სოფლებიდან - ლეუშერი, მუწდი, ჩუკული, ცჭველივრი, ტვიბი, მელედა, გულიდა, შემდეგი გვარები: ავლიანი, ბაბლუანი, გარდაფხიძე, გასვიანი, გველებიანი, გულბიანი, ზურაბიანი, კვასტიანი, ონიანი, კაკრიაშვილი, ლიპარტელიანი, მუკბანიანი, პირველი, ჟორჟოლიანი, ქურდიანი, შავრეშიანი, ჩარკვიანი, ჩეგიანი, ხაბულიანი, ხაჭვანი, ხვისტანი, ჭივჭავში, ერთ-ერთი პირველი ჩამოსახლდა ვიქტორ გარდაფხაძის 5 სულიანი ოჯახი.
თითოეულ სოფელში გათვალისწინებული იყო ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა. მათ შორის სამი საშუალო, სამი ცხრაწლიანი სკოლა, რვა საბავშვო ბაღი, ხუთი ამბულატორია, სავაჭრო ცენტრები და ასე შემდეგ. დღეისათვის სოფელ შავსაყდარის სახლები გასხვისებულია მათი მეპატრონეების მიერ, ხოლო ჩხიკვთაში მშენებლობა არ დამთავრდა და მხოლოდ ორი ოჯახი პატრონობს მათთვის კუთვნილ სახლებს.


აჭარელების ჩამოსახლება

თეთრწყაროს რაიონში აჭარიდან მოსახლეობის ჩამოსახლება მოხდა 1989 წელს ხულოს და ქედის რაიონიდან. პირველი ოჯახები იყო ედნარ თეიმურაზის ძე აბულაძისა (რომელიც ჩამოსახლდა 1989 წლის 17 აპრილს), ბესო და ნაზი აბულაძეებისა.
მაღალმთიანი აჭარიდან ხალხის ჩამოსახლების ძირითადი მიზეზი იყო ზვავსაშიშროება, ასევე მცირემიწიანობა. ჩამოსახლებული მოსახლეობა უმთავრესად თეთრწყაროს რაიონში სოფელ სიმღერეთში დასახლდა. აქ დაგეგმილი იყო 85, ოჯახის ჩამოსახლება. ამჟამად ჩამოსახლებულია 52 ოჯახი. საერთო სულთა რაოდენობა შეადგენს 287-ს იმ გათვალისწინებული სახლებიდან, რომელთა რაოდენობა იყო 85. პრაქტიკულად ჩაბარდა 47. დანარჩენი საცხოვრებელი სახლები დაუმთავრებელია.
სოფელ სამღერეთში იყო სომხური სკოლა, რომელიც არ ფუნქციონირებდა, იმჟამინდელმა რაიონის კომპარტიის რაიკომის მდივანმა თენგიზ პატიაშვილმა ჩამოსახლებულ მოსახლეობას დიდი დახმარება გაუწია, მოხდა სკოლის შენობის რეკონსტრუქცია  და 1990 წელს გაიხსნა სიმღერეთის ქართული საშუალო სკოლა.
მოსახლეობის ძალებით და რაიონის ხელმძღვანელთა თანადგომით გაყვანილი იქნა სასმელი წყალი, მოგვიანებით კი - სარწყავიც.
სოფელ სიმღერეთში ჩამოსახლებული აჭარლები მისდევენ: მესაქონლეობას, მებოსტნეობას. მარცვლეული კულტურებიდან ძირითადად სიმინდი მოჰყავდათ. 2002 წლის იანვრიდან სოფელში გაიხსნა სასოფლო კლუბი, რომლის გამგედ დაინიშნა, ჩამოსახლებულთაგან ერთ-ერთი პირველი ქალბატონი, ნაზი მელაძე-აბულაძე. წინაპართა სისხლით მორწყულ ბარაქიან სამღერეთის მიწას მალე დაეტყო დაუღალავ აჭარელთა მადლიანი ხელი და მოკლე ხანში იგი ბაღნარად იქცა.


სტატიის ავტორი –ზ. გიგაური, დ. ბეჟუაშვილი;
მასალა აღებულია წიგნიდან „ალგეთის ხეობა“,  2003 წ.



megobari saitebi

   

01.10.2014