აღმოსავლური და დასავლური ელემენტი ქართულ ანტროპონიმიაში

ყველა ეთნოსს წარმოქმნისა და ხანგრძლივი განვითარების პერიოდში მისი ენობრივ- ეთნიკური კოლექტივისათვის დამახასიათებელი ანთროპონიმები ჰქონდა. მაგრამ, ისევე როგორც კულტურის ელემენტები, ანთროპონიმებიც ერთი ხალხიდან მეორეში ვრცელდებოდა. ანთროპონიმების გავრცელების მიზეზი სხვადასხვა იყო. ქართველი ხალხიც (ქართული ეთნოსიც) არ ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. ქართული ენობრივი და ეთნიკური სამყარო საუკუნეთა განმავლობაში ითვისებდა უცხო, არაქართულ ანთროპონიმულ ერთეულებს, რომელთა პირველი შემთვისებელი პრივილეგირებული წოდება იყო. ქართული სახელმწიფო ერთეულები მისი წარმოქმნის დღიდან ემეზობლებოდნენ ისეთ დიდ და კულტურულ-ცივილიზებულ ხალხებს, როგორებიც იყვნენ ირანელები (სპარსელები) და ბერძენ-ბიზანტიელები. ქართულ საისტორიო წყაროებზე, საბუთებზე თვალყურის გადევნება შესაძლებლობას გვაძლევს თვალყური გავადევნოთ როგორც პირველი, ისე მეორე კულტურული სამყაროდან ქართულში ანთროპონიმების შემოდინებას. თავდაპირველად განსაკუთრებით ბევრი საკუთარი სახელი გავრცელდა ირანიდან.
ქართული საკუთარი სახელები მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ისინი ისტორიულად იცვლებოდნენ, რაც განპირობებული იყო რელიგიითა და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობით. უცხო სახელები ქართველ ხალხში, უპირველეს ყოვლისა, პრივილეგირებული ფენის წარმომადგენელთა შორის იკვლევდა გზას. ქრისტიანობის მიღებამდე დიდად იყო გავრცელებული ირანული სახელები (მ. ანდრონიკაშვილი), რომელთა შემოდინება ქრისტიანობის მიღების შემდეგაც არ შეწყვეტილა. IV საუკუნიდან ფართოდ ვრცელდება კანონიზებული ქრისტიანული სახელები, რომლებიც თავისი წარმომავლობით ძირითადად ებრაულ და ბერძნულ-ბიზანტიურ სამყაროს ეკუთვნიან. ისტორიულმა ვითარებამ საქართველოში განაპირობა არაბული და თურქული სახელების დამკვიდრება. XIX საუკუნიდან ქართველ ხალხში გავრცელდა რუსული და ევროპული სახელებიც. შეინიშნება ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული საკუთარი სახელები, განსაკუთრებით კი მათ მეზობლად მცხოვრებ ქართველ მთიელებში (თ. უთურგაიძე). ყველა შემოსული უცხო სახელი თანაარსებობდა კანონიზებულ ქრისტიანულ და საკუთრივ ქართულ-ქართველურ საკუთარ სახელებთან ერთად.
ქართულ ენობრივ-ეთნიკურ სამყაროში შემოსული უცხოური სახელები ქართულ ელფერს იძენდნენ. ბევრი მათგანი ისეა გაქართულებული და ფონეტიკურად სახეშეცვლილი, რომ სპეციალური ცოდნის გარეშე ძნელია მათი წარმომავლობის გარკვევა. საკმარისია, „ქართლის ცხოვრების“ პირველ ტომში ჩავიხედოთ, რომელშიც ზედა ფენის წარმომადგენელთა სახელებია დაფიქსირებული, აკმოვიკითხავთ ძირითადად გაქართულებულ სპარსულ (ირანულ) და კანონიზებულ ქარისტიანულ სახელებს: აბაზა, აბრაამ, არსენ, არჩილ, ბაგრატ, ბართლომ, ბაქარ, გაბრიელ, გიორგი, გუარამ, გურანდუხტ, დავით, დაჩი, დემეტრე, ელენე, ესაია, ვარაზ, ვახტანგ, ზაქარია, თევდორე, იაკობ, იოვანე, ლეონ, მარიამ, მიქაელ, პეტრე, რატი, სააკ, სამოელ, სარა, სვიმონ, ფარნავაზ... არაერთი აღმოსავლური სახელი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კანონიზებული იქნა, რადგან ასეთ სახელთა მატარებელნი წმინდანებად იქნენ შერაცხული. მაგალითად, შეიძლება კაცის სახელი ვახტანგი და ქალის სახელი ქეთევანი დავასახელოთ, რომლებიც წარმოშობით ირანული სახელებია. „ქართლის ცხოვრების“ პირველ ტომში წარჩინებულთა შორის მხოლოდ ორჯერ გვხვდება საკუთრივ ქართული სახელი: ზვიადი და კახაბერი. ზვიადი პოპულარული სახელი იყო ყველა დროის საქართველოში. ის XIII საუკუნის საბუთშიც გვხვდება. XIII საუკუნისავე საბუთში დადასტურებულია ვეფხა, მშუიდა, ნიორა. მაგრამ ქართულ წერილობით ძეგლებში ძირად ქართულ-ქართველური საკუთარი სახელები ძალზე მცირედი რაოდენობითაა წარმოდგენილი, რადგან ისინი ძირითადად მოსახლეობის დაბალ ფენებში, გლეხობაში იყო გავრცელებული, თანაც მეორე სახელის სახით. პრივილეგირებული ფენა კი ან ქრისტიანულ-კანონიზებულ, ანდა იმ ქვეყნის (ეთნოსის) სახელს ანიჭებდა უპირატესობას, რომლის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა საქართველო.
ქართულ-ქართველური საკუთარი სახელების განდევნაში, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი წვლილი ქრისტიანულ ეკლესიას მიუძღვის. ის კანონიზებულ ქრისტიანულ (მართლმადიდებლურ) სახელებს უხსნიდა გზას. ქართულ-ქართველური საკუთარი სახელები დავიწყებას მაინც არ ეძლეოდა და ისინი მეორე, ანუ ზედმეტი სახელების სახით ვრცელდებოდა. ქართულ-ქართველური საკუთარი სახელები, რომლებიც შეკრებილი და სათანადოდ კლასიფიცირებულია (ჭუმბურიძე, 1987; ღლონტი, 1982; გოდერძიშვილი, 1998) განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მთის რეგიონებსა, აგრეთვე სამეგრელოსა და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებს შემორჩა. ესენია ძირითადად გაანთროპონიმებული ქართული სიტყვები, რომლებიც გამჭვირვალენი და ადვილად ამოსაცნობი არიან. ქვემოთ მხოლოდ მათ მცირე ნაწილს ჩამოვთვლით: ახალა, აპრილა, ბიჭია, ბიძასთვალი, ბერდედა, ბოჩოლა, ბედი, გვრიტა, გვიანა, გულქალა, გონიერი, დათვია, დედუნა, დეუფალი, დედისიმედი, ერთგულა, ვეფხია, თეთრუა, თვალია, ირემა, იმედა, კაკალა, კაკაბა, კვაწუნი, კეკლუცაი, ლომა, ლეკვია, მაყვალა, მგელა, მერცხალა, მზია, მთვარისა, მახარე, მამაცა, მამისიმედი, მარცვალა, მინდოდა, მზევინარი, მხიარულა, ნებიერი, ნუკრია, ნათია, ნემსა, პირიმზე, რჩეულა, რთველია, საყვარელა, საბედო, სიხარული, ტურა, ტყემალა, უფლისა, უშიშა, ფოთოლა, ფოცხვერა, ფუტკარა, ფეტვია, ქალუკა, ქურციკა, ქერა, ღრუბელა, შავთვალა, შველია, ჩქარია, ჩხიკვი, ჩიტო, ძაღლია, წაბლიკა, ცისმარ, ჭრელა, ხმელა, ხმალა, ხოხობა, ჯიხვი, ჯვარისა...
ქართულ-ქართველურ საკუთარ სახელებს ქრისტიანობის შემდეგ ძირითადად მეტსახელის ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული. ზოგჯერ კი კნონიზებული ქრისტიანული სახელი აღარავის ახსოვდა. პიროვნებებს გარშემო მყოფნი მხოლოდ მეტსახელით მიმართავდნენ. ორი სახელით ჩაწერის (კანონიზებული ქრისტიანული სახელის და ქართული სახელის) საინტერესო ფაქტებია დადასტურებული ქართულ დოკუმენტებსა და XIX ს. აღწერის დავთრებში. ხშირად მეორე, ზედმეტი სახელის ფუნქციას ოფიციალური კანონიზებული ქრისტიანული სახელის შემოკლებული, კნინობით, საალერსო ფორმა ასრულებდა: კონსტანტინე→კოტე, კოწია; ალექსანდრე→ალე, ალეკო...; ბენიამინი→ბენო; ბესარიონი→ბესა, ბესო, ბესიკი; გაბრიელ→გაბო; თევდორე→თედო; ქრისტეფორე→ქიტა, ქიტესა; ეკატერინე→ეკა, კატო; მარიამი→მარო, მარიკო; პელაგია→პელო... (ჭუმბურიძე, 1987).
XIII საუკუნის სვანეთის კრების მატიანეში გვხვდება როგორც კანონიზებული ქრისტიანული, ისე ქართულ-ქართველური სახელები: გიორგი და მუხლუხა, ილარიონი და ქუელი, მიქელ და დუდა, იოანე და რკინა, მარიამ და ნათელი, მარინე და გვანცა, ეგნატი და ბერეჟი, გაბრიელ და ქურციკ, ნინო და ქალკმაი, დავით და ლომა, ირინე და ზექალ (ინგოროყვა, 1941). ერთგვარად გამორჩეული იყო სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგინი, სადაც უფრო ქართულ- ქართველური საკუთარი სახელები იყო გავრცელებული, ვიდრე კანონიზებული ქრისტიანული სახელები.
გვიანფეოდალურ პერიოდში ქართველ ხალხში გავრცელდა თურქული, არაბული საკუთარი სახელები. გასაოცარია, მაგრამ, ფაქტია, რომ ხშირად ჩვენში ფეხს იკიდებდა მაჰმადიან დამპყრობთა ისეთი სახელებიც, რომლებიც წესითა და რიგით სიძულვილის ობიექტი უნდა ყოფილიყვნენ და ქართულ ონომასტიკაში მათ ფეხი არ უნდა მოეკიდათ. ამის საილუსტრაციოდ თეიმურაზის (თემურის) დასახელებაც საკმარისია. ამდენად, ქართულ ანთროპონიმიაში უცხო სახელების (აღმოსავლური და დასავლური) შემოდინება უაღრესად საინტერესო სურათს გვაძლევს.
არ შეიძლება ორიოდე სიტყვა ქართულ გვარსახელებზეც არ ვთქვათ. ბუნებრივია, ქართულ გვარსახელებს ფუძედ აქვთ როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური სამყაროდან შემოსული სახელები, ლექსიკა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით გამოსაყოფია ის გვარსახელები, რომლებიც ე. წ. პროფესიული ტიპის გვარსახელებს მიეკუთვნებიან. აშკარაა, რომ ქართველ ხალხში პროფესიული ტერმინების შემცველი გვარსახელები აღმოსავლურ (ირანულ, არაბულ, თურქულ) ლექსიკას შეიცავენ, რაც უდავოდ იმ დიდი გავლენის გამოხატულება იყო, რასაც საქართველო განიცდიდა მეზობელი აღმოსავლეთის ქვეყნებისაგან. პროფესიული ტიპის გვარსახელებს რაიმე პროფესიის, თანამდებობის ხელობა-მესაქონლეობის აღმნიშვნელი ტერმინები უძევს საფუძვლად. ზემოთქმული არ ნიშნავს იმას, რომ ქართულ გვარსახელებში არ გვაქვს თვით ქართული პროფესმიული ტიპის გვარსახელები. ისინი საკმაოდ ბევრია. აღმოსავლურძირიანი პროფესიული ტიპის გვარსახელებთან შეიძლება დავასახელოთ: სადუნიშვილი (სადუნი - სხვადასხვა ენის მცოდნე), ქეშიკაშვილი (ქეშიკი - სპარსულად გვამის მცველია, Телохранитель), ჯოლბორდი („ისრის მთლელი“), თოფჩიშვილი („თოფჩი“-მეთოფე, მეზარბაზნე).
დასავლური (ბერძნულ-ბიზანტიური) ანთროპონიმების გავრცელება ძირითადად, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ქართველ ხალხში ქრისტიანობის გავრცელებით. XIX ს-დან კი ეს პროცესი აღმოსავლური სამყაროსაგან ჩამოშორებამ განაპირობა. ქართულ ანთროპონიმიაში აღმოსავლური და დასავლური ელემენტების გავრცელება ერთგვარ განსხვავებას გვაჩვენებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონების მიხედვით. ბუნებრივია, საქართველოს ამა თუ იმ რეგიონის სიახლოვე, მოსაზღვრეობა ამა თუ იმ ქვეყანასთან სათანადოდ აისახებოდა შესაბამის რეგიონზე.
ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ქართველ ხალხში სომხური საკუთარი სახელები თითქმის არ შემოდიოდა, არ ვრცელდებოდა, რაც, ალბათ, ქრიტსიანობის მიღების შემდეგ საეკლესიო დაპირისპირებითაც იყო გამოწვეული, ხოლო ქართველ მთიელებში კი ჩრდილოეთ კავკასიელთა სახელების გავრცელებას მეტი ასპარეზი ჰქონდა, რაც, ალბათ, აქ ქრისტიანობის ზედაპირული გავრცელებით უნდა აიხსნას.
უცხო სახელების გავრცელებას გვიანფეოდალურ პერიოდში განსაკუთრებით ხელი ეწყობოდა იმ ქართულ მოსახლეობაში, რომლებიც არამართლმადიდებელი სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ: კათოლიკე ქართველებში- დასავლეთ ევროპული (კათოლიკური) სახელები, გრიგორიანელ ქართველებში - სომხურ-გრიგორიანული სახელები, მაჰმადიან ქართველებში - თურქულ-არაბული სახელები...
XVI საუკუნეში სამცხე-ჯავახეთში ძირითადად ტრადიციული ქართულ-ქრისტიანული სახელები იყო გავრცელებული. „გურჯისტანის ვალაიეთის დავთრით“ ჩანს, რომ მხოლოდ გავრცელებას იწყებდა და ახლად იკიდებდა ფეხს მაჰმადიანურ-თურქული სახელები. ამრიგად, ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე ქართველ ხალხში აღმოსავლური და ევროპული სახელების გავრცელება უაღრესად საინტერესო სურათს და საყურადღებო დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს. საქართველოს ისტორიულმა ვითარებამ განაპირობა ქართველ ხალხში როგორც აღმოსავლური, ისე დასავლური საკუთარი სახელების გავრცელება. თუმცა შემოსულ ანთროპონიმებს ქართული საკუთარი სახელები საბოლოოდ არ გაუდევნია.



სტატიის ავტორი - როლანდ თოფჩიშვილი;

მასალა აღებულია წიგნიდან -  “ქართველური მემკვიდრეობა”, VI, ქუთაისი, 2002წ, გვ. 93-97.

 


megobari saitebi

   

01.10.2014