აფსილებისა და აბაზგების `სამეფოები~ რომის პოლიტიკურ სისტემაში
ახ. წ. II საუკუნე
(ე. წ. `აფხაზური სახელმწიფოებრიობის~ საკითხისათვის)

ძვ. წ. VI საუკუნის შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ჩამოყალიბდა კოლხეთის სახელმწიფო. მისი საზღვრები, ანტიკურ წყაროთა მონაცემებით, გაგრა-ბიჭვინთის სექტორიდან ჭოროხის შესართავის რაიონამდე ვრცელდებოდა [3, 5]. ამდენად, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად შედიოდა კოლხეთის სამეფოს ფარგლებში და იგი პოლიტიკური ნიშნით არაფრით განსხვავდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვა მხარეებისაგან. ამასთან ძვ. წ. VI-I საუკუნეებში წყაროებში არავითარი მინიშნება არ არსებობს იმის შესახებ, რომ აფხაზეთში ეთნიკურად განსხვავებული მოსახლეობა ცხოვრობდა. პირიქით, უძველესი ავტორები, ჰეკატეოს მილეტელი (ძვ. წ. VI ს.) და ფსევდო-სკილაქს კარიანდელი (ძვ. წ. IV ს.) ცალსახად მიუთითებენ, რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ კოლხური ტომები – თვით კოლხები, კოლები და კორაქსები ბინადრობდნენ [11, 47-48]. ასე, რომ აფხაზეთი ძველი კოლხეთის ერთიანი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური და ეთნო-კულტურული სივრცის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.
ძვ. წ. II საუკუნის კოლხეთის ერთიანი სახელმწიფო ცალკეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად, `სკეპტუხიებად~ დაიშალა. კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალმა ცალკეულმა ტომებმა მნიშვნელოვან დამოუკიდებლობას მიაღწიეს. თუმცა, აფსილები და აბაზგები, რომლებსაც აფხაზი მკვლევარები ცალსახად მიიჩნევენ თანამედროვე აფხაზთა უშუალო წინაპრებად, ამ პერიოდისათვის ჯერ კიდევ არ ჩანან ისტორიის ასპარეზზე. მიუხედავად კოლხეთის სახელმწიფოს სრული პოლიტიკური კოლაფსისა, აფხაზეთის ტერიტორია საერთო-კოლხურ კულტურულ-პოლიტიკურ არეალს არ მოწყვეტილა. ძვ. წ. I საუკუნის დასაწყისიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მიმდინარე პოლიტიკური კატაკლიზმების პირობებშიც, ჯერ მითრიდატე ევპატორის (ძვ. წ. 120-63 წწ), ხოლო შემდეგ რომაელთა მიერ დაპყრობის შემდეგაც, კოლხეთი ინარჩუნებდა ტერიტორიულ მთლიანობას.
ძვ. წ. 65-35/33 წლებში კოლხეთი ცალკე, მთლიანი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეულის სახით ექვემდებარებოდა რომს. ძვ წ. 35/33 წლების კოლხეთის ტერიტორია მარკუს ანტონიუსმა ვასალური პოლემონიდური პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შეიყვანა. ავგუსტუსის (ძვ. წ. 27-ახ. წ. 14 წწ.) ხანაში კოლხეთი ხანმოკლე დროით, ჯერ გაერთიანებული პონტო-ბოსფორის სამეფოს ნაწილია (ძვ. წ. 14-8 წწ.), შემდეგ კი, ძვ. წ. 3/2-ახ. წ. 17 წლებში, პონტო-კაპადოკიის ერთიანი სამეფოს შემადგენლობაში შედის [6, 28-43]. იმპერატორ ტიბერიუსის (ახ. წ. 14-37 წწ.) დროს კოლხეთი სამეურვეო ქვეყანაა პონტოსთან ერთად და უშუალოდ რომის პროტექტორატის ქვეშ არის მოქცეული; კალიგულამ (37-41 წწ.) პონტოს სამეფო, კოლხეთთან ერთად, კვლავ პოლემონიდებს გადასცა; ნერონის (54-68 წწ.) დროს კოლხეთი ოკუპირებულია და იგი პროვინცია გა-ლატიის შემადგენლობაში იქნა შეყვანილი; ვესპასიანეს (69-79 წწ.) მმართველობისას კოლხეთი გაერთიანებული კაპადოკია-გალატიის პროვინციის, ე.წ. `კაპადოკიური კომპლექსის~ ნაწილი იყო; დომიციანეს (81-96 წწ.) დროიდან კი კაპადოკიის პროვინციისა [6, 45-57].
ამდენად, ძვ. წ. I – ახ. წ. I საუკუნეების მთელ მანძილზე რომის არათანამიმდევრული და ცვალებადი აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად კოლხეთის პოლიტიკური სტატუსის ყველა ცვლილება და იმპერიის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში გატარებული ყველა ღონისძიება ვრცელდებოდა კოლხეთის მთელ ტერიტორიაზე, მისი უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთ ნაწილის ჩათვლით. ასე რომ, ზემოთ ჩამოთვლილი იმპერატორების მიერ აღმოსავლეთში განხორციელებული ხშირი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რეორგანიზაციის დროს, კოლხეთის ტერიტორიული მთლიანობა არ დარღვეულა.
ვითარება მკვეთრად შეიცვალა ახ. წ. II საუკუნის დასაწყისში. ერთ დროს ერთიანი კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე გაჩნდნენ ცალკეული პოლიტიკური გაერთიანებები – მაკრონ-ჰენიოხების, ლაზების, აფსილების, აბაზგებისა და სანიგების `სამეფოები~, რომლებიც უშუალოდ რომის პროვინციული მმართველობისაგან გამოსვლის შემდეგ, იმპერიასთან გარკვეულ პოლიტიკურ ურთიერთობას ამყარებენ და მისგან ფორმალურ დამოუკიდებლობასაც იღებენ.
აღნიშნული პოლიტიკური ერთეულების შესახებ პირველხარისხოვანი ცნობები შემონახულია, ფლავიუს არიანეს (დაახლ. 95-175 წწ.) ცნობილ ნაშრომში `მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო~, რომელიც წარმოადგენს ავტორის მიერ, კაპადოკიის პროვინციის პროკონსულის რანგში, ტრაპეზუნტ-სებასტოპოლისის სანაპირო ხაზზე 131 წელს ჩატარებული საინსპექციო მოგზაურობის ოფიციალურ ანგარიშს იმპერატორ ადრიანესადმი (117-138 წწ.). არიანეს ცნობით, ტრაპეზუნტის სიახლოვეს მცხოვრები ანების `გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები. მათი მეფე ანქიალეა. მაკრონებისა და ჰენიოხების მეზობლები – ძიდრიტები ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან (იგულისხმება იმპერატორი ტრაიანე (98-117 წწ.) – კ.ფ.) მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან. მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი~.
ფლავიუს არიანე, როგორც ვნახეთ, ამ ახალგაერთიანებათა მმართველებს `ბასილევსებს~ უწოდებს, რაც ბერძნულში პირველ რიგში `მეფეს~ ნიშნავს. შესაბამისად, მკვლევართა დიდი ნაწილი მათ მეფეებად მიიჩნევს, თუმცა ხშირად ამ ტერმინს ბრჭყალებში სვამენ. აღნიშნულ მმართველთა რეალურ პოლიტიკურ ძალაუფლებას შედარებით ზუსტად გამოხატავს რუსული ტერმინი, კნინობითი ფორმით - `царьки~.
არიანეს მიერ აფსილებისა და აბაზგების მმართველების `ბასილევსებად~ მოხსენიება წარმოადგენს ფაქტობრივად ერთადერთ საბუთს, რის საფუძველზეც აფხაზი სეპარატისტი მკვლევრები და იდეოლოგები, რომელთათვისაც უცხო არ არის წყაროთმცოდნეობით ბაზაში, განსაკუთრებით კი ანტიკურ წყაროებში, არსებული მწირი, ხშირად ბუნდოვანი მონაცემების მანიპულირებით მაქსიმალური პოლიტიკური გამორჩენის მიღება, ამტკიცებენ, რომ II საუკუნის დასაწყისიდან უკვე არსებობდა `აფხაზური სახელმწიფო~ და მიიჩნევენ რა ათვლის წერტილად აფსილებისა და აბაზგების `სამეფოთა~ წარმოქმნის პერიოდს, ეწევიან `აფხაზური სახელმწიფოებრიობის~ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის პროპაგანდას [იხ. მაგ., 24, 10-15].
ფლავიუს არიანეს მიერ აფსილ-აბაზგთა `ბასილევსების~ დაფიქსირების ფაქტი, აფხაზ სეპარატისტ-იდეოლოგთა ხელში, რომლებიც ყოველნაირად ცდილობენ აფხაზთა `ნაციონალური ისტორიის~ შექმნას და `დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს~ არსებობის ისტორიოგრაფიულ დასაბუთებას, ერთი შეხედვით საკმაოდ მყარი არგუმენტის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვითაა, ფაქტები და ისტორიული რეალიები კი აშკარად საწინააღმდეგოს მეტყველებენ.
ჯერ ერთი, თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, თუ რამდენად არიან აფსილები და აბაზგები თანამედროვე აფხაზთა უშუალო წინაპრები, როგორც ამას კატეგორიულად ამტკიცებენ აფხაზი მკვლევარები, პრობლემა კი საბოლოოდ გადაჭრილად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს, მათი იდენტურობის შემთხვევაშიც, II საუკუნის დასაწყისში აფსილ-აბაზგთა სატომო გაერთიანებების არსებობა, ნამდვილად არ წარმოადგენს მყარ საფუძველს იმისათვის, რომ ამ პერიოდში `აფხაზური სახელმწიფოს~ არსებობა ვივარაუდოთ.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის, რომ ტერმინი `ბასილევსი~ ყველაზე უფრო გავრცელებული ეტიმოლოგიის მიხედვით ნიშნავს `ხალხის წინამძღოლს~, და მეფის გარდა, ის შეიძლება ნიშნავდეს მთავარს, არქონტს, ზოგჯერ ტირანს, უფლისწულს, მეთაურს, მამასახლისს, პირველს ან ყველაზე გამოჩენილს თავის წრეში [12, 181-182; 13, 37]. როგორც თ. ყაუხჩიშვილმა აჩვენა, სწორედ ჩვენთვის საინტერესო ხანაში, ეს ტერმინი სხვადასხვა შინაარსით იხმარებოდა [13, 31-48].
ამდენად, ძველ ავტორებთან ამ ტერმინს მრავალგვარი შინაარსი ჰქონდა და ისინი `მეფესა~ და `მმართველს~ შორის არსებულ მკვეთრ განსხვავებას ხშირად არ აფიქსირებდნენ. მაგ., სტრაბონის (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 24 წწ.) ცნობით, ძვ. წ. I საუკუნის ჰენიოხებს ოთხი ბასილევსი ჰყავდათ (
Strabo., XI, 2, 13), ხოლო სვანებს ბასილევსი და 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო განაგებდა (Strabo, XI, 2, 19). რა თქმა უნდა, ეს `ბასილევსები~ სინამდვილეში ტომთა კავშირის ბელადებს წარმოადგენდნენ. საინტერესოა, რომ ანალოგიური სიტუაცია შეინიშნება რომაელ ავტორებთანაც. მაგ., ტაციტუსი (ახ. წ. 55-120 წწ.) თავის `ისტორიაში~ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრებ, სხვა წყაროებისათვის საერთოდ უცნობი ტომის – სედოხეზების, ბელადს, რომელსაც თავი შეაფარა აჯანყებულმა ანიკეტმა, `მეფეს~ (Sedocxezorum regi) უწოდებს [თაც., ჰისტ., III, 48].
ასე რომ, არიანეს მიერ აფსილებისა და აბაზგების, ისევე როგორც კოლხეთის დანარჩენ გაერთიანებათა მმართველების `ბასილევსებად~ მოხსენიება არ წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს იმისათვის, რომ აღნიშნული მმართველები მეფეებად, ხოლო მათ გამგებლობაში მყოფი პოლიტიკური ერთეულები სამეფოებად, დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მქონე სუბიექტებად მივიჩნიოთ.
ყოველივე ამასთან ერთად, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში II საუკუნის დასაწყისიდან შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის რომაული დიპლომატიის ჭრილში გაანალიზებაც არ იძლევა იმის საშუალებას, რომ არიანეს მიერ დასახელებული გაერთიანებები ჩავთვალოთ სახელმწიფოებად.
რომის იმპერია ასწლეულების მანძილზე თავისი საზღვრების გაფართოებასა და მისი სტაბილურობის დაცვას ახერხებდა არა მარტო სამხედრო ძლიერებით, არამედ დახვეწილი დიპლომატიითაც [იხ. 25, 30]. რომაული პოლიტიკისათვის უცხო არ იყო დაპყრობილი ხალხებისათვის გარკვეული დამოუკიდებლობის ილუზიის შექმნა, რათა რეალურად უკეთ ემართა ისინი. გლობალური საგარეო ექსპანსიის, განსხვავებული ისტორიული წარსულის, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ქვეყნების დაპყრობის შედეგად შექმნილ რომის იმპერიას ძალზე რთული ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა ჰქონდა. თითქმის ყველა აღმოსავლური პროვინცია შექმნილი იყო ადრე დამოუკიდებელი სამეფოების ბაზაზე, სადაც ისტორიული თვალსაზრისით ძლიერი იყო ადგილობრივი, ძველაღმოსავლური მემკვიდრეობისა და ელინისტური ტრადიციების სინთეზი, რის გამოც აქ ერთმანეთის გვერდით არსებობდა ელინისტური ქალაქები, ადგილობრივი ტიპის ძველაღმოსავლური ტრადიციების მატარებელი საქალაქო ცენტრები, რომაული კოლონიები და მუნიციპიუმები. გარდა ამისა, ყველა პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა ავტონომიური სატაძრო ტერიტორიები, ტომთა გაერთიანებები მათივე ბელადების მეთაურობით, ცალკეული პოლიტიკური ერთეულები – სატრაპიები და პატარა, ეფემერული სამეფოებიც კი [18, 233]. რომაელები დაპყრობილ ქვეყნებში ანგარიშს უწევდნენ ადგილობრივ ტრადიციებს, ადათ-წესებს, ეყრდნობოდნენ ადგილობრივ კანონებსა და მმართველობის ორგანიზაციას [22, 71], მეტნაკლებად ითვალისწინებდნენ კონკრეტული ქვეყნის ისტორიული განვითარების დონეს და საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკას ატარებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. რომაული პრაქტიკის თანახმად, დაპყრობილი მოსახლეობა იმპერიის სამხედრო ნაწილების კონტროლქვეშ იმყოფებოდა და ემორჩილებოდა მათ ტერიტორიაზე მყოფი საოკუპაციო სამხედრო შენაერთის მეთაურებს – პრეფექტებს [16, 46]. თუმცა, იმპერიის სამხედრო ხელისუფლებას არ ეკისრებოდა ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის მიმართ პირდაპირი ადმინისტრაციული მოვალეობების შესრულება. ამ ფუნქციებს ტომთა თუ თემთა გაერთიანებების წარჩინებული წარმომადგენლები ასრულებდნენ [19, 61]. სწორედ მათ ევალებოდათ თავიანთ თანატომელებთან უშუალო კონტაქტი, გადასახადების აკრეფა და რომაული ჯარის ნაწილებში თანამემამულეთა გაწვევის ორგანიზება. ადგილობრივი არისტოკრატიის წარმომადგენლები და სატომო ორგანიზაციათა ბელადები ანგარიშვალდებულნი იყვნენ უახლოესი რომაული სამხედრო ნაწილის პრეფექტების წინაშე [16, 46; 19, 61]. ერთი სიტყვით, რომაული სამხედრო ნაწილების მეთაურთა მიერ ზურგმომაგრებული ადგილობრივი წარჩინებულები თავიანთი თანამემამულეებისათვის იყვნენ რომის ხელისუფლების პირდაპირი წარმომადგენლები. ასეთი იყო ზოგადად რომაული პრვინციის ადმინისტრაციულ-პოლიტიკური სტრუქტურა.
ანალოგიური სიტუაცია იყო კოლხეთშიც. ახ. წ. 63 წელს ნერონის მიერ კოლხეთის პროვინციულ სისტემაში ჩართვის შემდეგ, რომაელებმა შეინარჩუნეს ქვეყნის დაყოფა ისტორიულად ჩამოყალიბებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად – სკეპტუხიებად. კოლხეთის სამეფო ჩამოყალიბების დროიდანვე მრავალტომიანი ქვეყანა იყო და მის შემადგენლობაში შემავალი ცალკეული ტომები ყოველთვის ინარჩუნებდნენ გარკვეულ დამოუკიდებლობას. ერთიანი კოლხეთის სამეფოს არსებობის პერიოდში ეს ცალკეული ტერიტორიულ-ტომობრივი ჯგუფები თანდათანობით ჩამოყალიბდნენ ადმინისტრაციულ ერთეულებად, ე.წ. `სკეპტუხიებად~. ამდენად, სკეპტუხიები წარმოადგენდნენ `ჯერ კიდევ კლასობრივი საზოგადოების წინა ხანაში არსებულ სატომო ორგანიზაციათა საფუძველზე წარმოქმნილ ადმინისტრაციულ ერთეულებს~ [2, 788], აერთიანებდნენ კოლხეთის სამეფოში შემავალ ცალკეულ ტერიტორიულ-ტომობრივ ჯგუფებს და ყოველთვის იჩენდნენ ადმინისტრაციული ერთეულიდან ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას [2, 789]. ქვეყნის დაყოფა ტრადიციულ სკეპტუხიებად, შენარჩუნებულ იქნა კოლხეთის სამეფოს დაცემის შემდეგაც, როგორც მითრიდატე VI-ის, ასევე პოლემონიდთა მმართველობის პერიოდშიც [9, 193].
აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მოსახლე ტომებისა და მათი ტერიტორიული ორგანიზაციის, სკეპტუხიების უზენაეს ხელისუფლად, რომის პოლიტიკის ადგილზე გამტარებლად ითვლებოდნენ ზღვისპირა ზოლში დისლოცირებული რომაული გარნიზონების მეთაურები. მაგ., აფსაროსის გარნიზონის უფროსს ევალებოდა ზიდრიტებისა (რომლებზეც ჯერ კიდევ არ ვრცელდებოდა იბერიის გავლენა) და მაკრონ-ჰენიოხების მეთვალყურეობა, ფასისის რომაულ გარნიზონს – ლაზების, ხოლო სებასტოპოლისის კასტელუმს – სანიგების, აბაზგებისა და აფსილების სკეპტუხიათა გაკონტროლება [9, 195-197]. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ევალებოდათ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ პირდაპირი ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება. კოლხეთის მკვიდრ მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი, გადასახადების აკრეფა, რომაული დამხმარე ჯარის ნაწილებში კონტინგენტის გაწვევის ორგანიზება და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საკითხები სკეპტუხების კომპეტენციაში შედიოდა [9, 197].
ახლა რაც შეეხება აფსილ-აბაზგებისა, და საერთოდ, II საუკუნის დასაწყისში კოლხეთის ტერიტორიაზე წარმოქმნილ `სამეფოებსა~ და მათ ბასილევსებს. ამ `მეფეების~ ძირითადი დანიშნულება იყო ადგილებზე წე¬სრიგის დამყარება, საჭიროების შემთხვევაში რომისა¬თვის სამხედრო სამსახურის გაწევა, მათ თავიანთი ხელისუფლება მემკვიდრეობით კი არ ერგოთ, არამედ, როგორც ხშირად იმეორებს არიანე, მიღებული ჰქონდათ რომის იმპერატორებისაგან – ტრაიანესა და ად¬რიანესაგან, და ეს არ იყო მხოლოდ ფორმალური მხარე. ამ `მეფეთა~ გამგებლობაში მყოფი პოლიტიკური გაერთიანებები იმპერიას უხდიან ხარკს [15, 47-48], მათი ტერიტორია შედის რომაელთა აღმოსავლური ერთიანი თავდაცვის სისტემაში და სამ¬ხედრო თვალსაზრისით ემორჩილება კაპადოკიის მთა¬ვარსარდლობას [21, 365], ხოლო კოლხეთის მკვიდრი მოსახლეობა იმყოფება მათ სანაპირო ქალაქებში დისლოცირებული რომაული გარნიზონების კონტროლქვეშ [3, 36-37; 5, 80].
ამდენად, რომის `მეგობარი და მოკავშირე~ კოლხეთის გაერთიანებათა `მეფეების~ რეალური უფლება-მოვალეობანი ფაქტობრივად არ განსხვავდებოდა რომ¬ის პროვინციის მოხელეთა და თუნდაც მათი წინამორბედების, სკეპტუხების ფუნქციებისაგან; ეს `ბასილევ¬სები~ არსებითად რომის იმპერიის ადმინისტრატორები იყვნენ [4, 41-42; 20, 27], რომელთაც რომაულ გარნიზონებთან კავშირში უნდა უზრუნველეყოთ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ტომების მორჩი¬ლება რომისადმი; მათი რეალური უფლებები ძალზე შეზღუდული იყო და ისინი ადგილებზე რომის, კე¬რძოდ, კაპადოკიის პროვინციის რომაული ადმინისტრაციის კონკრეტული ინტერესების გამტარებლები იყვნენ. აღნიშნული `მეფეების~ რეალური უფლება-მოვალეობების შესახებ საინტერესო მოსაზრება აქვს გამოთქმული ნ. ბერძენიშვილს. მკვლევარის აზრით, რომს კოლხეთში `საყრდენი კოლონიების ვაჭრობა (უმთავრესად მონების მოპოვება) აინტერესებდა და ეს `მეფეები~ ასეთი ვაჭრობის აგენტები უნდა ყოფილიყვნენ. რომაელთა გარნიზონები კი შემუშავებული სტატუსის დაცვის გარანტია იყო~ [1, 503].
უფრო მეტიც, თვით ამ `სამეფოთა~ წარმოქმნაც კი, გარკვეულწილად რომის პოლიტიკური ინტე¬რესებით იყო განპირობებული.
ჩვენ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა ადგილობრივმა პროცესებმა – ეს იყო ფეოდალიზაციის გარკვეული გავლენა [14, 211-212], თუ ადგილობრივი ტერიტორიულ-ტომობრივი წარმონაქმნების, სკეპტუხიების გააქტიურება და მათი სწ¬რაფვა დამოუკიდებლობისაკენ [2, 785-790], მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო ადგილობრივი საფუძვ¬ლები, აშკარაა, რომ რომის სანქციის, გარკვეული მხარდაჭერისა და, შესაძლოა, ინიციატივის გარეშე, ეს `სამეფოები~ ვერ წარმოიქმნებოდა [5, 75].
კოლხეთის ტერიტორიაზე ფორმირებულ `სამეფო¬თა~ მმართველების რეალური უფლებამოსილება რომ მხოლოდ საშინაო საქმეებში გარკვეული თვით¬მმართველობის ფარგლებს არ სცილდებოდა და ამ `სამეფოთა~ წარმოქმნაც კი, გარკვეულწილად რომის ინიციატივა რომ იყო, ამის დამადასტურებელ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს ის გარემოება, რომ აღნიშნულ პოლიტიკურ ერთეულთა `დამოუკიდებლობის~ აღიარება და მათი მეთაურებისათვის `სამეფო ხელისუფლების~ გადაცემა ხდება ტრაიანეს დროს [იხ. 6, 99-106; 7, 34-39], აღმოსავლეთში რომაული ჯარების კონცენტრაციის პირობებში, როდესაც ტრაიანემ არა მარტო გააუქმა რომზე დამოკიდებული იუდეისა და ნაბატეის სამეფოები, არამედ ზედიზედ დაამხო სომხეთისა და თვით პართიის სახელმწიფოები და მათი ტერიტორიები პროვინციებად გამოაცხადა [7, 15-18]. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არალოგიკური იქნებოდა, რომ ტრაიანეს აფსილ-აბაზგებისა და კოლხეთის სხვა წვრილ-წვრილი პოლიტიკური ერთეულებისათვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინა. ტრაიანესათვის არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენდა კოლხეთის დამორჩილება, რომელიც მისი მმართველობის დასაწყისისათვის უკვე ფაქტობრივად გამოსული იყო რომის გავლენის სფეროდან, მაგრამ აღმოსავლეთში შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, შორსმჭვრეტელმა იმპერატორმა უფრო ხელსაყრელად მიიჩნია კოლხეთის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატომო ორგანიზაციათა საფუძველზე წარმოქმნილი სკეპტუხიები ყოველთვის ამჟღავნებდნენ ადმინისტრაციული ერთეულიდან ცალკე სამთავროდ გადაქცევის ტენდენციას. ახ. წ. I საუკუნის ბოლოს, აღმოსავლეთში იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის შესუსტების შედეგად, სკეპტუხიებმა ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვეს და დომიციანეს (81-96 წწ.) დროს რომის გავლენა კოლხეთზე მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა [17, 13-14]. ასეთ ვითარებაში იმპერატორმა ტრაიანემ 106-114 წლებში, პართია-სომხეთის წინააღმდეგ გრანდიოზული ლაშქრობისათვის მზადების პერიოდში, კოლხეთის კვლავ რომის გავლენის სფეროში დასაბრუნებლად და აქ არსებულ სკეპტუხიებზე ფაქტობრივი სიუზერენობის შესანარჩუნებლად, მათ მმართველებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, სინამდვილეში კი, გარკვეული თვითმმართველობა საშინაო საქმეებში. ასე გამოვიდნენ ისტორიის ასპარეზზე აფსილთა `მეფე~ იულიანე და აბაზგთა `მეფე~ რესმაგა, რომლებიც, სხვა `მეფეთა~ მსგავსად, როგორც ჩანს, ადგილობრივი სკეპტუხები იყვნენ.
კოლხეთის საკითხის ასე გადაწყვეტა შემდეგი გარემოებებით იყო განპირობებული: როგორც ჩანს, ამ პერიოდისათვის რომს კოლხეთში არსებითი მატერიალური დაინტერესება არ გააჩნდა. მისთვის მთავარი იყო კოლხეთის გეოპოლიტიკური მდებარეობა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთს დიდი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა როგორც სომხეთის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ. იგი წარმოადგენდა უსაფრთხო ზურგსა და ხელსაყრელ პლაცდარმს პართიის წინააღმდეგ სომხეთისათვის ბრძოლაში [6, 29, 39]. კოლხეთის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ერთიორად გაიზარდა II საუკუნის დასაწყისში, როდესაც ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური ლაშქრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავდა პართიისა და სომხეთის სამეფოების დამხობას. ამ მართლაც რომ უპრეცენდენტო კამპანიისათვის ტრაიანე დიდი მონდომებით ემზადებოდა. იგი პირადად აანალიზებდა მომავალი ოპერაციების სამხედრო-ტექნიკურ მხარეს და დეტალურად სწავლობდა პართია-სომხეთის საზღვრებთან შექმნილ მდგომარეობას [6, 103-104]. რომაელები მომავალი საომარი მოქმედებების ტაქტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდნენ იმიერკავკასიაში მომთაბარე ალანთა ფაქტორსაც. ასეთ ვითარებაში, ტრაიანეს მხედველობიდან არ გამორჩენია რომაელთა პოზიციების სისუსტე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, საიდანაც ე. წ. `მეოტიდა-კოლხეთის~ მაგისტრალით, მცირე აზიის რომაულ სამფლობელოებში თავისუფლად შეეძლოთ შემოღწევა ჩრდილო¬კავკასიელ ნომადებს [8, 55-56]. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთში მებრძოლი რომაული ჯარების მომარაგება სურსათითა და დამატებითი ძალებით შავიზღვისპირეთიდან, ძირითადად კი, ტრაპეზუნტიდან ხდებოდა [7, 44-46; 6, 73], მაშინ ცხადი გახდება, რომ ამიერკავკასიაში შემოჭრის შემთხვევაში, ალანებს ადვილად შეეძლოთ რომაელთა ზურგში შეღწევა და ტრაპეზუნტიდან არმენიისაკენ მიმავალი ძირითადი კომუნიკაციების გადაჭრა, რისი დაშვებაც ტრაიანეს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. შექმნილ სიტუაციაში, 106-114 წლებში, მომავალი საომარი ასპარეზისათვის ფლანგების გამაგრების მიზნით მასშტაბური ღონისძიებების გატარების [იხ. 7, 36-37] დროს, ტრაიანემ კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ სკეპტუხიებს მისცა ფორმალური დამოუკიდებლობა, ხოლო მათ მმართველებს `სამეფო ხელისუფლება~, რითაც უზრუნველყო პართია-სომხეთთან დაპირისპირებაში მათი მოკავშირეობა და მინიმუმამდე დაიყვანა კოლხეთის გავლით ჩრდილო¬კავკასიელ ნომადთა შემოჭრის საფრთხე. რომაელთა მიერ დანიშნულ ადგილობრივ `მეფეებს~, რომაულ გარნიზონებთან კავშირში, უკეთ შეეძლოთ ადგილებზე წესრიგის დამყარება, საკაბოტაჟო ნავიგაციისა და ვაჭრობის უსაფრთხოების დაცვა, რომაული სამოკავშირეო – დამხმარე ძალების შესავსებად ახალი კონტინგენტის მოზიდვა და, რაც მთავარია, მეოტი¬¬და კოლხეთის მაგისტრალისა და ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების გაკონტროლება. ამდენად, რომ¬მის მიერ მთლიანად მართვად `მეფეებს~, წინამორბედ სკეპტუხებთან შედარებით, უფრო ეფექტურად შეეძლოთ რომის გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა რეგიონში.
ამასთან, ადგილობრივ `მეფეთათვის~ ძალაუფლების გადაცემა რეგიონის დაკარგვის საფრთხეს არ ქმნიდა, რამდენადაც ეს `მეფეები~ კოლხეთის სანაპირო ცენტრებში დისლოცირებული რომაული გარნიზონების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, თავისი ბუნებრივ-გეოგრაფიული მდებარეობის გამო კოლხეთი არსებითად რომაულ, პონტოურ სამყაროს მიეკუთვნებოდა. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან იგი მოქცეულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის მთათა მასივებს შორის, ხოლო აღმოსავლეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით. ასე რომ, კოლხეთი თითქმის ყველა მხრიდან, გარდა დასავლეთისა, ზღვის მიმართულებიდან, ძნელად მისასვლელი იყო, რაც ხელს უწყობდა იმას, რომ იგი ორგანულად ყოფილიყო დაკავშირებული რომაულ სამყაროსთან [15, 37]. იმპერიასთან კოლხეთის მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირისა და გეოგრაფიული სიახლოვის გამო, არ არსებობდა იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ მმართველებს, გარკვეული დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, რომთან კავშირი გაეწყვიტათ და მთლიანად საკუთარი პოლიტიკა გაეტარებინათ. ამ ახალჩამოყალიბებული გაერთიანებებიდან ყველაზე ძლიერი – მაკრონ-ჰენიოხებისა და ლაზეთის `სამეფოებიც~ კი, მთელი II საუკუნის მანძილზე მთლიანად რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყვნენ მოქცეული და იმპერიის ნება-სურვილის გარეშე მათ რაიმე დამოუკიდებელი ღონისძიების გატარება არ შეეძლოთ [იხ. 6, 127-144].
ასე რომ, კოლხეთის პოლიტიკურ გაერთიანებათა და¬მოუკიდებლობა სრული ფიქცია იყო. ისინი მთლიანად რომის კონტროლქვეშ იმყოფებოდნენ, წარმოადგენდნენ იმპერიის თავდაცვითი ზონის ნაწილს და ისეთივე გეოსტრატეგიული და სამხედრო-საკომუნიკაციო ფუნქციები ეკისრებოდათ, როგორც უშუალოდ რომის პროვინციულ სისტემაში თუ პოლემონიდური პონტოს სამეფოს შემადგენლობაში ყოფნისას.
რაც შეეხება საკუთრივ აფსილებისა და აბაზგების `სამეფოებს~, ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, ისინი ტერიტორიულადაც ძალზე უმნიშვნელონი იყვნენ. ორივე ამ `სამეფოს~ ტერიტორია მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 50-60 კმ-იან ვიწრო ზღვისპირა ზოლს მდ. ღალიძგიდან სებასტოპოლისამდე. ასეთ ვითარებაში, ცხადია, ამ პოლიტიკურ გაერთიანებათა არავითარ სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. აფსილ-აბაზგთა მმართველების `სამეფო ხელისუფლება~ რეალურად რომის პროვინციის მოხელეთა ფუნქციებს არ სცილდებოდა, ხოლო მათ გამგებლობაში მყოფი `სამეფოები~ დიდად არ განსხვავდებოდნენ იმპერიის პროვინციულ სისტემაში ჩართული ქვეყნებისაგან. გარდა ამისა, რომაელები აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებებს, როგორც ჩანს, საერთოდ არ მიიჩნევდნენ რაიმე ანგარიშგასაწევ ძალად. თუ კოლხეთის შედარებით ძლიერი `სამეფოების~ - მაკრონ-ჰენიოხების, ლაზებისა და სანიგების მიწა-წყალზე (შესაბამისად, აფსაროსში, ფასისსა და სებასტოპოლისში) დისლოცირებული იყო რომაული გარნიზონები, რომლებიც აკონტროლებდნენ ადგილობრივ მმართველებს, აფსილებისა და აბაზგების გაერთიანებებს მეზობელი სანიგეთის ტერიტორიაზე, სებასტოპოლისში მდგომი გარნიზონი აკონტროლებდა. აფსილებისა და აბაზგების `სამეფოები~, როგორც ჩანს, იმდენად სუსტი იყვნენ, რომ რომის ხელისუფლებას მათი მორჩილებაში ყოლის გარანტად არც სჭირდებოდა უშუალოდ ამ გაერთიანებათა ტერიტორიაზე იმპერიის სამხედრო ნაწილების ყოფნა. ისიც საკმარისი იყო, რომ აფსილებისა და აბაზგების წვრილ-წვრილი ერთეულები ძლიერი მეზობლების – ლაზებისა და სანიგების გარემოცვაში იყვნენ მოქცეული. ამიტომ აფსილ-აბაზგთა მმართველები მთლიანად რომზე უნდა ყოფილიყვნენ ორიენტირებული, რადგანაც იმ¬პერიის მხარდაჭერის გარეშე ძლიერი მეზობლები ადვილად მოუღებდნენ მათ ბოლოს. ასე რომ, აფსილებისა და აბაზგების `სამეფოების~ სისუსტისა და მათი მმართველების მიერ რაიმე დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების მინიმალური ალბათობის გამო, ამ გაერთიანებათა ტერიტორიაზე არ იდგა რომაული გარნიზონები [6, 144-145].
აფსილებისა და აბაზგების პოლიტიკური გაერთიანებების პირდაპირი დამოკიდებულება რომზე, დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც ჩანს, მათ ვერ შეძლეს თავიანთი ფორმალური სტატუსის შენარჩუნება და მალევე დაკარგეს `დამოუკიდებლობა~. ნიშანდობლივია, რომ არიანეს შემდგომ აფსილ-აბაზგთა `სამეფოები~ და მათი `ბასილევსები~ არც ერთ წყაროში არ იხსენიებიან. გამორიცხული არ არის, რომ ისინი უკვე II საუკუნის მეორე ნახევარშივე მოექცნენ აღმავლობის გზაზე მდგარი ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში.
ამრიგად, აფსილ-აბაზგთა `სამეფოები~ წარმოიქმნა ძველი კოლხეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ისინი წარმოადგენდნენ კოლხეთის სამეფოში არსებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, სკეპტუხიების მემკვიდრეებს და ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში, დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი პოლიტიკური ორგანიზმის არარსებობის პირობებში, აღმოსავლეთში შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, უშუალოდ ემორჩილებოდნენ რომის იმპერატორებს და სარგებლობდნენ გარკვეული თვითმმართველობით, რომლის შენარჩუნება ვერ შეძლეს. თუმცა, მათი ეფემერული დამოუკიდებლობაც კი, ზოგადად კოლხური მოვლენა იყო, რამდენადაც რომმა `სამეფო ხელისუფლება~ გადასცა არა მხოლოდ აფსილ-აბაზგთა სკეპტუხებს, არამედ მთლიანად კოლხეთის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ტომობრივი გაერთიანების მმართველს. ასე რომ, თვით II საუკუნეშიც, აფსილ-აბაზგთა `სამეფოების~ არსებობის პერიოდშიც, თანამედროვე აფხაზეთი საერთო-კოლხური, ქართული პოლიტიკური სამყაროს ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, II საუკუნეში `აფხაზური სახელმწიფოებრიობის~ არსებობის შესახებ საუბარიც ზედმეტია და აფსილ-აბაზგთა `სამეფოები~ უნდა განვიხილოთ როგორც გარკვეული თვითმმართველობის მქონე გაერთიანებები. არიანეს დროინდელი აფსილ-აბაზგთა `ბასილევსები~ ამ ფორმალურ წოდებასაც მალევე კარგავენ, მხოლოდ ლაზეთი (ეგრისი) იძენს სახელმწიფოებრიობის ნიშნებს და ერთიან დასავლურ-ქართულ სამეფოდ ყალიბდება.

 

წყაროები და ლიტერატურა

1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1990.
2. მ. ინაძე, კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის. – საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XXVI, #6, გვ. 783-790, 1961.
3. ნ. ლომოური, ეგრისის სამეფოს ისტორია, თბ., 1968.
4. ნ. ლომოური, ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიიდან, თბ., 1998.
5. ნ. ლომოური, დასავლეთ საქართველო რომის პოლიტიკურ სისტემაში ახ. წ. II-III საუკუნეებში. – ქართული დიპლომატია, 6, გვ.74-84, 1999.
6. კ. ფიფია, რომი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი I-II სს. (პოლიტიკური ურთიერთობები), თბ., 2005.
7. კ. ფიფია, ტრაიანეს აღმოსავლური პოლიტიკა და საქართველო, თბ., 2005.
8. კ. ფიფია, რომაული სამყაროს კრიზისი და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, თბ., 2006.
9. კ. ფიფია, კოლხეთი რომის იმპერიის პროვინციულ სისტემაში. – საისტორიო ძიებანი VI, გვ. 189-198, თბ., 2003,
10. ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. თარგმანი, გამოკვლევა, კომენტარები და რუკა ნ. კეჭაღმაძისა, თბ., 1961.
11. თ. ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, V, თბ., 1967.
12. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის ტერმინოლოგიისათვის. – ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, II, გვ. 181-200, თბ., 1956.
13. თ. ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.
14. ს. ჯანაშია, საქართველო ადრინდელი ფეოდალიზაციის გზაზე. – შრომები, ტ. I, თბ., 1949.
15. Д. Браунд, Римское присутствие в Колхиде и Ибе­рии. – Вестник древней истории, 1991, №4, стр. 34-52.
16. Т. Д. Златковская, Мезия в I и II веках н.э., М., 1951.
17. М. П. Инадзе, К истории Грузии античного периода (Флавий Арриан и его сведения о Грузии), Авто­ре­фе­рат кандидатскй диссертации, Тб., 1953.
18. История древнего Рима, под редакцией В. И. Кузи­щ­ина, М., 1981.
19. Ю. К. Колосовская, Паннония в I- III веках, М., 1973.
20. Н. Ю. Ломоури, Абхазия в античную и ранн­ес­ре­дн­е­в­ековую эпохи, Тб., 1997.
21. Т. Моммзен, История Рима, V, М., 1949.
22. А. Б. Ранович, Восточные провинции Римской импе­рии I-III вв., М.-Л., 1949.
23. Тацит Корнелий, Сочинения в двух томах, т. II, История, Л., 1970.
24. Е. Аджинджал, Из истории Абхазской государственности, Сухуми, 199
3.
25. D. Braund, Rome and the Friendly King: the character of cl­ient Kingship, L. – N. Y., 1984.

 



სტატიის ავტორი - კახაბერ ფიფია. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის უნივერსტეტის ასოცირებული პროფესორი;

სტატია გამოქვეყნდა _ ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი~, NIX, თბილისი, 2007წ.

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014