1832 წლის შეთქმულება

1832 წლის შეთქმულება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა XIX საუკუნის პირველი ნახევრის ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. იგი წარმოადგენდა საქართველოს პროგრესული ძალების ორგანიზებულ ცდას ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის. შეთქმულებამ, დამარცხების მიუხედავად, ღრმა კვალი დაამჩნია 30-40-იანი წლების საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას და სათავე დაუდო იმ იდეებს, რომლებიც 60-80-იან წლებში ხალხის იდეური ცხოვრების ნიშანსვეტს წარმოადგენდა.
შეთქმულების აღმოცენება. შეთქმულების პირველი კერები აღმოცენდნენ პეტერბურგსა და მოსკოვში. იქ იძულებით გადასახლებული ქართველ ბატონიშვილთა ოჯახები ვერ შეურიგნენ თავიანთ ხვედრს და იბრძოდნენ ბაგრატიონთა სამეფო ტახტის აღდგენისათვის.
ამ ბრძოლას ბიძგი მისცა ერთის მხრივ დეკაბრისტთა შეიარაღებულმა გამოსვლამ პეტერბურგში, მეორე მხრივ ოციანი წლების ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობამ ევროპის ქვეყნებში. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეები ედო საფუძვლად დავით, იულონ, თეიმურაზ, იოანე ბატონიშვილთა საქმიანობას. 20-იანი წლების დამდეგიდან ამ იდეალის მოთავენი გახდნენ დიმიტრი იულონის ძე და ოქროპირ გიორგის ძე ბაგრატიონები. პეტერბურგში დიმიტრი ბატანიშვილის ბინაში სისტემატურად იკრიბებობდნენ ელიზბარ და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, ლუარსაბ და ივანე ჩოლოყაშვილები, დავით ჯორჯაძე, სოლომონ დოდაშვილი, სოლომონ რაზმაძე და სხვები. მათი საუბარი შეეხებოდა საერთო ევროპული მოძრაობის მიმდინარეობას და იმ მძიმე ხვედრს, რომელშიც სამშობლო იმყოფებოდა. ამ საუბრებში თანდათან მწიფდებოდა ცარიზმის კოლონიური მართველობის დასამხობად შეიარაღებული გამოსვლის იდეა.
დავით ჯორჯაძის გადმოცემით მიმდინარეობდა "ბაასი თავისუფლების შესახებ", დიმიტრი ბატონიშვილს ნიმუშად ასეთი თავისუფლებისა მოყავდა "საფრანგეთი და მისი კანონები, ხან თავისუფალი ქალაქები". შეთქმულების პირველი აქტივისტები პეტერბურგში თანდათან აფართოვებდნენ თანამოაზრეთა წრეს. პეტერბურგელ ქართველთა ფარულ საქმიანობას მოსკოვში მხარი აუბა ოქროპირ ბატონიშვილმა, რომელმაც აგრეთვე თანამგრძნობთა ჯგუფი გაიჩინა.
პეტერბურგში 1825 წელს შექმნილი საიდუმლო წრის საქმიანობამ 1827 წლიდან თბილისში გადმოინაცვლა. ამ წელს დაბრუნდა საქართველოს დედაქალაქში სოლომონ ბატონიშვილი, - შეთქმულთა ერთერთი ყველაზე აქტიური მოღვაწე. მოსკოვიდან თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ოქროპირ ბატონიშვილი, ალ. ჩოლოყაშვილი. მათი თაოსნობით აქ თავი მოიყარა შეთქმულთა ფართო წრემ, რომელიც სისტემატურად იკრიბებოდა არალეგალურად და მსჯელობდა იდეურ და ორგანიზაციულ საკითხებზე. თბილისის წრეს კავშირი ქონდა პეტერბურგისა და მოსკოვის წრეებთან. მიმოწერა საიდუმლო ნიშნებით წარმოებდა. საიდუმლო ანბანის ავტორი იყო მღვდელი ფილადელფოს კიკნაძე, რომელმაც აგრეთვე შეთქმულთა საწესდებო დოკუმენტი "აქტი გონიური" შეადგინა.
1829-30 წლებში შეთქმულთა წრე გაფართოვდა. მასში ჩაებნენ გიორგი და ელიზბარ ერისთავები, გრიგოლ, ალექსანდრე და მამუკა ორბელიანები, დიმიტრი ყიფიანი, იასე ფალავანდიშვილი, თამარ ბატონიშვილი, გიორგი ავთანდილაშვილი და სხვები. ფარული ჯგუფის შტაბი შედგებოდა სამი კაცისაგან. ესენი იყვნენ ალქსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი. შეთქმულებმა ფილიალები გააჩინეს სამაზრო ქალაქებშიც. შეთქმულთა საქმიანობას იცნობდა და თანაუგრძნობდა პოეტი-გენერალი ალექსანდრე ჭავჭავაძე. შეთქმულებასთან დაკავშირებული იყვნენ თბილისის გენერეალ-გუბერნატორი პეტრე ზავილეისკი, - წარმოშობით პოლონელი, საფრანგეთის კონსული ლეტელიე და სხვები. შეთქმულთა საერთო რაოდენობა 150 კაცს აღემატებოდა.
შეთქმულები დიდ იმედებს ამყარებდნენ 1830 წლის პოლონეთის ეროვნულ მოძრაობაზე. პოლონეთის აჯანყებასთან დაკავშირებით საქართველოდან გაიწვიეს მთავარმართებული გენერალი პასკევიჩი. იმპერიის სამხედრო ნაწილები პოლონეთის წინააღმდეგ ომში იყო ჩაბმული. ეს გარემოება შეთქმულთა წარმატების იმედებს უსახავდა. ეს იმედები ამაო გამოდგა, ცარიზმმა შეძლო პოლონეთის აჯანყების ჩახშობა, რამაც შეთქმულთა საქმიანობა ერთგვარად შეანელა, მაგრამ იგი კვლავ გაცხოველდა 1832 წლიდან. ამ წლის ზაფხულში შეკრებებმა მიიღო სისტემატური ხასიათი.
შეთქმულთა პროგრამა. 1832 წლის შეთქმულება კონიუნქტურული მიზეზების გამო ზოგ მკვლევართა მიერ მიჩნეული იყო რეაქიულად. მათი აზრით შეთქმულება მიზნად ისახავდა ერეკლე მეორისდროინდელი სახელმწიფოებრიობის აღდგენას, რაც თითქოს "ისტორიის ჩარხის უკუღმა მოტრიალებას" მოასწავებდა. შემდგომმა კვლევა ძიებებმა ცხადყვეს, რომ ეს მოსაზრება მცდარია, რომ შეთქმულნი წინ იყურებოდნენ და საქართველოს მომავალი წარმოდგენილი ქონდათ XIX საუკუნის 20-30 იანი წლების სახელმწიფოებრივ სისტემათა დადებითი გამოცდილების გათვალისწინებით.
შეთქმულთა პირველი მოთავენი დიმიტრი და ოქროპირი განმანათლებლურ იდეებს თანაუგრძნობდნენ. ახლო წრეში დიმიტრი ბატონიშვილს "ქართველ ვოლტერს" ეძახდნენ. ქვეყნის რესპუბლიკური წყობა იტაცებდა ოქროპირ ბატონიშვილსაც.
შეთქმულთა წრე იდეურად ერთგვაროვანი არ ყოფილა. ერთ ნაწილს ძირითად ამოცანად მიაჩნდა მონარქიული წყობილების აღდგენა. მეორე ნაწილი რესპუბლიკურ მართველობას უჭერდა მხარს. რესპუბლიკური იდეების მოთავე იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელიც დაბალი წოდებიდან იყო გამოსული და დიდგვაროვანი არისტოკრატიის პრივილეგიებს არ თანაუგრძნობდა. მონარქისტული პროგრამის მომხრეებსაც არ სურდათ საქართველო ძველებურ რეჟიმს დაბრუნებოდა. მათი აზრით დამოუკიდებელი საქართველო ევროპის პოლიტიკური წყობის ყაიდაზე უნდა მოწყობილიყო თავისი სამინისტროებით, თავისი წარმომადგენლობითი დაწესებულებით. საქართველოს მართველობა მათი აზრით აეწყობოდა კონსტიტუციური მონარქიის ყაიდაზე. მართველობის ორ პალატიან სისტემაში ზედა პალატად იგულისხმებოდა მედე და მისი მინისტრები. ქვედა პალატად დეპუტატთა საკრებულო საქართველოს ყველა მაზრიდან. მეფედ ნავარაუდევი იყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ნაცადი ალექსანდრე ბატონიშვილი. უკვე განაწილებული იყო მინისტრთა პორტფელებიც (სამხედრო მინისტრი - ალექსანდრე ჭავჭავაძე, ფინანსთა მინისტრი - ნიკო ფალავანდიშვილი, შინაგან საქმეთა და განათლების - იაგორ ჭილაშვილი, საგარეო საქმეთა - თავ. ბებუთაშვილი, იუსტიციის - მუხრანბატონი და სხვა).
შეთქმულ ზაალ ავთანდილაშვილის ჩვენებით აჯანყების გამარჯვების მეორე დღესვე უნდა მოწვეულიყო "სეიმი" და ვიდრე მეფეს აირჩევდნენ, საქართველ მართველობა სეიმის წევრებისათვის უნდა ჩაებარებინათ. დაუყოვნებლივ უნდა მომხდარიყო მუდმივი ჯარის ორგანიზაცია ("რეღულის გაწყობა"). შეთქმულებს შემუშავებული ქონდათ ეროვნული ჰიმნი, შეთქმულმა ქალებმა ეროვნული დროშებიც მოქარგეს.
იმ ეპოქის ფონზე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შეთქმულთა მემარცხენე ფრთის რესპუბლიკური პროგრამა. ამ ფრთის მესვეურს, იმ დროის უნიჭიერეს ფილოსოფოსს, არ იტაცებდა მონარქიული რეჟიმი. იგი არ თანაუგრძნობდა წოდებრივ პრივილეგიებს და ყველაზე მეტად აწუხებდა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის - გლეხობის ბედ-იღბალი. სოლომონის აზრით საქართველოს მომავალი წყობილება მეფობა უნდა ყოფილიყო. მართველოს ფორმად იგი "რესპუბლიკის ნაირსახეობას" მიუთითებდა.
ორთავე ფრთას რუსეთთან საქართველოს მომავალი ურთიერთობა წარმოდგენილი ქონდა 1783 წლის ტრაქტატის პირობებში. საშინაო საქმეებში ქვეყანა სუვერენული იქნებოდა, რუსეთთან მისი დამოკიდებულება საგარეო სფეროებით იფარგლებოდა.
შეინიშნება შეთქმულების იდეური ნათესაობა რუს დეკაბრისტებთან. რუსეთის ბედნიერებისათვის წამებული მოღვაწენი - დეკაბრისტები აღტაცებას იწვევდნენ რუსეთის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებში. შეთქმულთა ზოგი წევრი დეკაბრისტა გამოსვლის მონაწილეც იყო. ზაქარია ჩოლოყაშვილი დაახლოვებული იყო პესტელთან, რომელიც რესპუბლიკურ წყობას უჭერდა მხარს. საქართველოში გადმოსახლებული დეკაბრისტები ალექსანდრე და პავლე ბესუჟევები, ვლადიმერ ოდოევსკი, ვალერიან გოლიცინი, ვლადიმერ ვოლხოვსკი, ვლადიმერ ტოლსტოი, ალექსანდრე განგებლიშვილი და სხვები ახლოს იყვნენ შეთქმულებთან., განსაკუთრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახთან, სადაც სისტემატურად ეწყობოდა ქართველ ინტელიგენციასთან შეხვედრები.
შეთქმულების გადამწყვეტი ეტაპი. ჩავარდნა. სასჯელი. სასჯელი. 1832 წლის დამდეგიდან შეთქმულთა საქმიანობა გაცხოველდა. დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო გაზეთ "თბილისის უწყებანის" ლიტერატურული დამატების ("სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი") გამოცემა. მისი რედაქტორი სოლ. დოდაშვილი ჟურნალის ფურცლებზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ცენზურის პირობებში, პროპაგანდას უწევდა ეროვნულ განმანთავისუფლებელ იდეებს, სააჯანყებო განწყობილებას. შეთქმულებს მიაჩნდათ, რომ დადგა ხელსაყრელი მომენტი გამოსვლისათვის: მუსლიმურ სამყაროში დაიწყო მღელვარება. ეგვიპტის ფაშა ოსმალეთს უტევს, ევროპისა და რუსეთის ყურადღების ცენტრი გადატანილია კონსტანტინეპოლზე, რუსეთი ამზადებს საექსპედიციო კორპუსს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაპატრონებისათვის. ევროპაში ისევ გაჩაღებულია ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა.
ზაფხულში შეთქმულნი გადადიან გამოსვლისათვის პრაქტიკულ მზადებაზე. პეტერბურგიდან საგანგებოდ ჩამოსული გიორგი და დიმიტრი ერისთავები აძლიერებენ შეთქმულთა ბირთვის საქმიანობას. გამოსვლის დღე ინიშნება 20 ნოემბერი - თავადაზნაურთა წინამძღოლის არჩევნების დღე. შემუშავდა ამ დღეს სამოქმედო კონკრეტული გეგმა, რომელიც ცნობილია "პირველი ღამის განკარგულების" სახელწოდებით.
ამ დოკუმენტის მიხედვით აჯანყება თბილისში უნდა დაწყებულიყო. მისი საბაბი იქნებოდა სალდათობის საწინააღმდეგოდ გამოსვლა. წინა დღეებში საგანგებო პირებს ხმა უნდა გაევრცელებინათ რომ მთავრობა იძულებით აწესებს გლეხობის ჯარში გაწვევასო და მის წინააღმდეგ განეწყოთ მოსახლეობა. ქალაქის მსხვილი მოხელეობა უნდა მიეწვიათ ნადიმზე ალექსანდრე ორბელიანის ოჯახში და იქ გაესწორებინათ მათთვის ანგარიში. ღამის პირველ საათზე შუშხუნები, ეკლესიათა ზარები, მუსიკა ამცნობდა ქალაქს აჯანყების დაწყებას. განგაშზე თავშეყრილ მოსახლეობას დააფიცებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთგულებაზე. მოხაზული იყო იერიშის მთავარი პუნქტები: დიმიტრი ორბელიანს დავალებული ქონდა ციხის აღება, გიორგი რევაზის ძე ერისთავს - შეტევა რუს ჯარისკაცთა ყაზარმებზე. ცალ-ცალკე ჯგუფებად იერიშები განხორციელდებოდა იარაღის საწყობზე (არსენალზე), სასურსათო პუნქტებზე, "ხაზინაზე" და სხვ.
შეთქმულთა ვარაუდით თბილისში მოპოვებული გამარჯვება წააქეზებდა ქართლისა და კახეთის თავადობას. ისინი ქუდზე კაცს გამოიყვანდნენ, რაც რეგულარული ჯარის საფუძველი გახდებოდა. რეგულარული არმიის სარდლებად შერჩეულნი იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძე, ივანე აფხაზი, გიორგი ერისთავი. ქვეყნის მართველობას დაუყოვნებლივ ჩაუდგებოდა სათავეში დროებითი ხელისუფლება, რომელიც თანდათან განახორციელებდა ახლებურ ყაიდაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის ღონისძიებებს.
შეთქმულებმა ვერ მოახერხეს ჩანაფიქრის 20 ნოემბრისათვის განხორციელება. აჯანყება ერთი თვით გადაიდო. დეკემბრის პირველი რიცხვები განსაკუთრებით ინტენსიური მოქმედებით ხასიათდებოდა. შეთქმულნი ყოველღამ საიდუმლოდ იკრიბებოდნენ ალექსანდრე ორბელიანის ბინაში და აზუსტებდნენ გამოსვლის დეტალებს. დამამთავრებელ ეტაპზე შეთქმულება გასცა მისმა ერთერთმა მონაწილემ იასე ფალავანდიშვილმა. 9 დეკემბერის თარიღით დასმენაში მან ქალაქის გუბერნატორს - თავის ძმას ნიკო ფალავანდიშვილს, დაწვილებით გააცნო შეთქმულთა მოქმედების გეგმა, დაასახელა აჯანყების მონაწილენი. მთავრობა მეორე დღესვე შეუდგა აჯანყების მოთავეთა დაპატიმრებას. დაპატიმრებულნი ავლაბრის ყაზარმებში გამოამწყვდიეს. მთავრობის საგანგებო კომისია იმპერატორ ნიკოლოზ I განკარგულებით შეუდგა შეთქმულთა საქმის გამოძიებას. მთავრობის კომისია დეტალურად იკვლევდა შეთქმულთა საქმიანობას. პატიმრები ღირსეულად იქცეოდნენ. ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ დაეფარათ თანამზრახველები, "რაც უნდა გვტანჯონ, არ გამოტყდეთ" - ასეთი იყო მათი დევიზი, მაგრამ დასმენის გამო ყველაფრის დაფარვა შეუძლებელი იყო. ამის გამო შეთქმულთა მესვეურებმა უმჯობესად ჩათვალეს მათი საქმიანობისათვის მიეცათ პრიმიტიული ხასიათი, დაეფარათ მისი პოლიტიკური პროგრამული საფუძველი.
1834 წლის 10 თებერვალს ყველა ბრალდებული გაასამართლეს თბილისში "სამხედრო წესდების" მიხედვით. მთავარ დამნაშავეებად ცნობილ იქნენ ელ. ერისთავი ალ. ორბელიანი, ს. დოდაშვილი, მოლა ზამანა, ლ. ორბელიანი, დ. პაუშენკო, ვახტ. ორბელიანი, სოლ. რაზმაძ, გ. ერისთავი, ზ. ჩოლოყაშვილი. ყველას სიკვდილით დასჯა მიესაჯათ. მთავარმართებელმა როზენმა პეტერბურგში გაგზავნა განაჩენი, თანაც ითხოვა მისი შემსუბუქება. როზენს არ აწყობდა აჯანყებისათვის მიეცა ცარიზმის წინააღმდეგ პოლიტიკური გამოსვლის ხასიათი, რადგან ამით მისი რეპუტაციაც ილახებოდა. შეთქმულება მან მონათლა რამდენიმე პირის ბოროტ განზრახულებად, ამასთან ხაზგასმით მიუთითა საიმპერატორო ტახტისადმი ქართველი თავადაზნაურობის ერთგულებაზე.
რუსეთის იმპერატორს, რომელიც უმკაცრესი ღონისძიებებით უსწორდებოდა ყველა სახის გამოსვლას ტახტის წინააღმდეგ, ცხადია ქართველ შეთქმულთათვის უმკაცრესი სასჯელის მისაღებად ხელი არ აუკანკალდებოდა. მაგრამ რიგი გარემოებანი მას აიძულებდა ლმობიერება გამოეჩინა. - სწორედ ამ დროს კავკასიის მთიანეთში მიმდინარეობდა შეუპოვარი ბრძოლა რუს დამპრყობთა წინააღმდეგ და ცარიზმს სჭირდეობოდა ქართველი თავადაზნაურობის მხარდაჭერა. მეორეც, ცარიზმი სწორედ ამ ხანებში გაუსწორდა უსასტიკესი ზომებით პოლონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მოთავეებს, რამაც ევროპაში საკმაოდ შეარყია მისი ავტორიტეტი. ქართველთა შეთქმულების პოლიტიკურ აქტად გამოცხადება და მისთვის მორიგი ანგარიშსწორება ამ გულისწყრომას კიდევ უფრო გააღრმავებდა. ალ. ორბელიანს კარგად აქვს შენიშნული ცარიზმის ჩანაფიქრი. მოგონებებში იგი აღნიშნავს: "იქამდისინ ოსტატნი არიან რუსეთის მთავრობა, რომ იძულებულნ ქმნილთა და შეწუხებულებს - ყველას ათქმევინეს, შეთქმულები და სხვანიც მრავალნი ალაპარაკეს, რომ რაც მოხდა, ეს მამულის გამოხსნის შეთქმა არ არის, სხვას მნიშვნელობას აძლევდნენ, რაღაც სხვა მიზეზებს. ეს რუსეთის მთავრობის საიდუმლო არის, რომელიც იმან უნდა იცოდეს და სხვამ არავინ, რისთვისაც სდებდა სხვა მიზეზებსა".
ცარიზმის კავკასიაში გაბატონებას არ თანაუგრძნობდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ნიკოლოზ პირველს არ აწყობდა გაემჟღავნებინა, რომ მისი მმართველობა შეუთავსებელი იყო ხალხის ინტერესებთან და საქართველო მიილტვოდა სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის.
ამიტომ მოხდა, რომ სენატმა მსჯავრდებულნი შეიწყალა. მთავარი დამნაშავენი სხვადასხვა ვადით რუსეთში გადაასახლეს. ელიზბარ ერისთავი გადაასახლეს ფინეთში ალ. ორბელიანი - ორენბურგში, ს . დოდაშვილი - ვიატკაში, ალ. ჭავჭავაძე - ტამბოვში, ს. რაზმაძე - პენზაში, დ. ყიფიანი - ვოლოგდაში, დ. ერისთავი პოლონეთში და სხვა. ასევე დაფანტა მთავრობამ შეთქმულებაში გამჟღავნებული ქართველი ბატონიშვილები.
1832 წლის შეთქმულების ისტორიული მნიშვნელობა. 1832 წლის შეთქმულება ქართველი ინტელიგენციის პირველი ორგანიზებული შეიარაღებული გამოსვლის ცდაა ქართველი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად. იგი არსებითად განსხვავდებოდა წინა პერიოდის მასობრივ აჯანყებებისგან იმით, რომ გარკვეულ პროგრამას შეიცავდა და ითვალისწინებდა საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციას ევროპული განმანათლებლობის პრინციპების მიხედვით.
შეთქმულებაში ჩაბმული იყო XIX საუკუნის 20-30 იანი წლების მთელი მოწინავე ქართველი ინტილიგენცია. ამდენად შეთქმულება იმის ნათელი მოწმობაა, რომ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის იდეები თანდათან იდგამდა ფესვებს საქარველოში.
შეთქმულებისათვის მზადების მთელი პერიოდი ხასიათდებოდა ეროვნული თვითშეგნების გაღვივებისათვის ბრძოლის სულისკვეთებით. განსაკუთრებით საყურადღებო მოვლენა იყო ქართული პრესის საქმიანობა. ჟურნალი "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი", რომელიც შეთქმულთა პოლიტიკური ორგანო იყო, ემსახურებოდა ქართული კულტურის წინსვლას, ქართული ენის, ლიტერატურის აღორძინების საქმეს. იგი თავის გარშემო იკრებდა და რაზმავდა ერის რჩეულ შვილებს, აღვივებდა მათ საბრძოლო განწყობილებას. ჟურნალის ფურცლებზე დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები, ლექსები, მოთხრობები განმსჭვალული იყო სამშობლოს თავისუფლებისათვის თავგანწირვის სულისკვეთებით "ჟამი არს მტერი მამულის მივცეთ მახვილსა ლესულსა!" - ნათქვამია გივი ამილახვარის აღსარებაში, რომელიც გრ. ორბელიანის მიერაა დაწრილი და გამიზნული იყო ჟურნალში დასაბეჭდად. რედაქციის არქივში, რომელიც დაპატიმრების დროს ჩამოართვეს ს. დოდაშვილს, არის მოსახლეობაში გასავრცელებლად გამიზნული პროკლამაციები და საამბოხო ლექსები, ერთ-ერთ ანონიმურ ლექსში, რომელსაც მკვლევარები იოანე ბატონიშვილს მიაწრენ, იმდროინდელი საქართველოს ვითარება ასეა დახატული: "სკვით წაგვართვეს მთლად ქვეყანა, არც კი მოგვცეს კაცი ერთი; ქართლ-კახეთსა არ დაჰჯერდნენ, ზედ დაიდვეს იმერეთი. მწირობაში დავგლახავდით, შემწე არ გვყვავს არცა ერთი, შევთხოვთ ზენას სამართალსა, ვნახოთ ვითა განსჯის ღმერთი." 1832 წლის შეთქმულება ეხმაურებოდა ევროპის მცირე ერების ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას. იგი მჭიდრო კავშირში იყო პოლონელი ხალხის ბრძოლასთან ეროვნული დამოუკიდებლობისათვის. ასეთი ხასიათის მოძრაობები უპირისპირდებოდა ცარიზმის იმპერიულ ინტერესებს, ბიძგს აძლევდა ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას და ზოგ შემთხვევაში აიძულებდა მას ერთგვარად შეემსუბუქებინა კოლონიური ჩაგვრის უღელი.
1832 წლის შეთქმულებამ ბიძგი მისცა მომდევნო თაობის ეროვნული სულისკვეთებისთვის გაღვივებას. ამის ნათელი მოწმობაა ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მისი თაობის გამოსვლა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ნ. ბარათაშვილის გენიალურ მხატვრულ ქმნილებებს საფუძვლად ედო შეთქმულთა იდეოლოგია. შეთქმულებმა ილია ჭავჭავაძის შეფასებით ცხოვრების ხნულში ჩათესეს ის კეთილშობილური იდეალები, რომლებმაც იხარა და ნაყოფი გამოიღო 60-70-იან წლებში. ილია 70-იანი წლების ქართულ პრესის, რომელიც ეროვნულ იდეალებს ნერგავდა, თვლიდა სოლომონ დოდაშვილის მემკვიდრედ.

 



სტატიის ავტორი აკაკი სურგულაძე და პაატა სურგულაძე;      

მასალა აღებულია წიგნიდან „საქართველოს ისტორია", გამომცემლობა "თბილისი", 1992 წ.      


 


megobari saitebi

   

01.10.2014