მიცვალებულის კულტი ლეჩხუმში

ადათ-წესები და ტრადიციები საქართველოში ოდითგანვე ყურადღების ობიექტი იყო, მათგან რამდენიმე არასრულყოფილად, მაგრამ მაინც გვაქვს შემორჩენილი და დღემდე დიდ ინტერესს და ყურადღებას იწვევს. ტრადიციები არის ჩვენი წინაპრების ფესვები და მათ გაფრთხილება და შენარჩუნება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ქრისტიანული მოძღვრება კრძალავს ზოგიერთ სოფელში ის არ დაკარგულა და ნაწილობრივ მაინც არის შემორჩენილი. სწორედ ასეთი კუთხეა ლეჩხუმი, რომელიც მრავალი ტრადიციის მატარებელია და ამით კიდევ ინარჩუნებს სიძველის სახელს და მნიშვნელობას.
ტრადიციები ლეჩხუმში ინარჩუნებს ადრინდელ სახეს და თითქმის უცვლელად შემორჩა. ასეთია მიცვალებულის კულტი. ლეჩხუმის ეთნოგრაფიულ ყოფაში ჭარბად არის შემორჩენილი მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ძველი წეს-ჩვეულებები და რიტუალები. მიცვალებულის დაკრძალვის წეს-ჩვეულება ასე იყოფა:

  1. მიცვალებულის დატირება.
  2. დაკრძალვა.
  3. მიცვალებულის რიგები (ხელის გახსნა, ორმოცი და წლისთავი)
  4. სულის მოსახსენიებელი დღეები და მასთან დაკავშირებული წესები.
  5. ხალხური შეხედულება საკურთხის შესახებ.

მორწმუნეთა წარმოდგენით სიკვდილის ანგელოზი უხილავია, მას ადამიანი ვერ ხედავს, მის მოახლოებას პირველად ცხოველები და ფრინველები შეიგრძნობენ. არა მარტო ლეჩხუმში, მთელს საქართველოში აქვთ რწმენა იმისა, რომ ეზოში ძაღლის ყმუილი, სახლში მამლის შემოყივლება ადამიანის სიკვდილის მომასწავებელი იყო. მორწმუნე ლეჩხუმელი ავადმყოფს (აგონიაში ჩავარდნილს) მღვდელს მოუყვანდა, რომ იმ ქვეყნად „უზიარებელი არ წასულიყო“. გარდაცვლილის პატრონი, ხმამაღლა კივილით მეზობლებს შეატყობინებდა თავის უბედურებას. ეს პროცესი სასიგნალო საშუალებაც იყო, რათა ერთმანეთისთვის ამბავი მიეწვდინათ. ჭირის გასაზიარებლად მოსული მეზობლები, იმავე დღეს ნიშნავდნენ „მიბჯეს“ - ანუ დღევანდელი ქართულით „თავი კაცი“, რომელისაც ოჯახი ანდობდა მთელი ქელეხის თადარიგს. ჭირისუფალთან შეთანხმებით ინიშნებოდა დაკრძალვის დღე. ძველი წესის მიხედვით, მიცვალებული დაუბანელი არ იმარხებოდა, ნაბან წყალს კი სხვის ეზოში არ გადაასხამდნენ „მის დღეში“ ვერ გაიხარებსო. ჩააცმევდნენ სუფთა, მაგრამ აუცილებელ ნახმარ ტანსაცმელს, უხმარზე იტყოდნენ „სასუფეველში გაუქრება და ვერ იცნობენო“. ეს ტრადიცია მიუხედავად XXI საუკუნისა ახლაც არის ლეჩხუმის სოფლებში. ადრე მიცვალებულს ტილოს სუდარაში გახვეულს მარხავდნენ, ხოლო მოგვიანებით „პირკლის ნიფხავ-პრანგში“. ახლა ჩაცმულს მარხავენ და დღემდეა შემორჩენილი ტანსაცმელ-ფეხსაცმლის ჩატანება. ამას ეკლესიის მოძღვარი ეწინააღმდეგება, მაგრამ ზოგიერთი მაინც ძველებურად აკეთებს. ღრმად მორწმუნე ხალხი ცდილობდა ჩასაცმელი შალისა არ ყოფილიყო, როგორც ლეჩხუმის მკვიდრნი ამბობენ - მიცვალებული ამბობს „თუ რაიმე გააკეთე მატყლისა, ბურტყლის ნაირი მისტი-მოსტიე და მომეწიეო“.
დაკრძალვის დღისთვის მეზობლები და მოკეთეები მოსაპატიჟებლად „მაწვიერს“ გზავნიდნენ, რომელსაც ჰქონდა სია, სადაც ხდებოდა თითოეულის მიერ მიტანილი შენაწევრის აღწერა. გარდაცვლილის ახლობლებს დასატირებლად მიჰყავდათ მეზობლები. მოტირალს თან მიჰქონდა სამყოფი ნამზადი. როგორც ლეჩხუმელი შალვა ჭაბუკიანი ასე აღწერს ამ პროცესს: „მოტანილი საქელეხო სურსათი - ასი კაცისთვის: ორმოცი ლავაში, ლობიანი, გუფთა, ხახვი ფხლად გაკეთებლი, ღვინო, „ოტკა“ ბევრი არ შეიძლებოდა, ფული რამდენის საშუალებაც ჰქონდა. ეს ყველაფერი ძარში ეწყობოდა და ხარებით მიგვქონდა, ხოლო სამეზობლო კუთხიდან თითოეული ოჯახის შენაწევრი ასეთი იყო: 1კგ. კაკალი, 3-4კგ. ლობიო, ერთი სათლი სიმინდის ფქვილი და 5 ლიტრი ღვინო.“(ეს ტრადიცია დღესაც არის ზოგიერთ სოფელში). მამაკაცები აუცილებლად ატარებდნენ ორმოცამდე წვერს, ხოლო შვილის პატრონი კი წლისთავამდე. ქალები შავი ფერის ტანსაცმელს ატარებდნენ ორმოცამდე, შვილის პატრონი 10 წლის განმავლობაში, ხოლო ცოლი მთელი ცხოვრება.
დაკრძალვა არ შეიძლებოდა ორშაბათს და ხუთშაბათს. ახალი წესით კი ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას. მიცვალებულს მზის ჩასვლამდე მარხავდნენ. „ჩამავალ მზეს მიყვება სასუფეველში-ო“. ლეჩხუმშიც სწამთ, რომ სული ხორცთან ერთად არ კვდება. სული არ კვდება, მკვდარი სხეულია და მიწაშია. სული ნიავივით ზევით ადის, ორმოცამდე სახლში მოძრაობს, ორმოცის მერე კი გამოემშვიდობება ყველაფერს და მიდის იმიერში“. ასე გადმოგვცემს ლეჩხუმის ერთ-ერთი მკვიდრი ვასილ სვანიძე. ახლად გარდაცვლილისთვის წლის განმავლობაში რიგით სამი ცხვარი და იხვი იკვლებოდა. იმ შემთხვევაში თუ მიცვალებულის დამარხვის მეორე დღეს იწყებოდა მარხვა, ხელის გხსნის სუფრა იმ საღამოსვე ხდებოდა. მიცვალებულს თუ დროზე არ გაუხსნიდნენ ხელს, ცოდოა ხელები შეკრული აქვს და უგვიანდებაო. ვიდრე ხელის გახსნა არ მოხდება, პატრონი სახსნილოს არაფერს შეჭამს. ხელი უნდა გაუხსნას ოჯახმა, ოჯახში გამოზრდილი და გაკეთებული საჭმელებით. ეს ყველაზე დიდი წადგმაა, მას არაფერი არ უნდა აკლდეს ფოთოლიც კი, შტო უნდა მოტეხო და მაგიდაზე დადგა.
ლეჩხუმში იხვი წმინდა ფრინველად ითვლებოდა. ძველები იტყოდნენ „კვატი წმინდა, ღვთისგან გაჩენილი ფრინველია, ჭირისუფალის ცრემლით ის გზას უკვალავს და შველის მიცვალებულს, რომ არ დაიხრჩოს“. ასევე როდესაც ვინმე წყალში დაიხრჩობოდა, იხვს იმავე ადგილას ჩააგდებდნენ, უპატრონო მიცვალებულს უპატრონებოსო.
მეორე ცხვარი, ხელის გახსნის შემდეგ, იკვლებოდა ორმოცისთვის, ხოლო მესამე კი ექვსი თვის თავზე და მასთან ერთად კლავდნენ გოჭს, ქათამს, მზადდებოდა „სულის კვერები“, შვიდი მოხარშული კვერცხი და ერთი სანთელი.
რიგით მესამე სუფრას წლისთავი ჰქვია, მას ლეჩხუმში „სუფრის აღებას“ ეძახიან.
სულის მოსახსენებელ წადგმებს შორის აღინიშნება სულთა შაბათი, ანუ „სულთა“. ლეჩხუმში მას მკვდრის დღეს ეძახიან. სულთა წელიწადში ორჯერ კეთდებოდა, ერთი შემოდგომაზე ნოემბრის ბოლოს, ხოლო მეორე ზამთარში დიდი მარხვის პირველ შაბათს 4-5 თებერვალს არ გადაშორდებოდა. ამ დღეებში საკურთხი ყველა ოჯახში კეთდებოდა. გლეხს რისი საშუალებაც ქონდა იმას უდგამდა სუფრაზე: შაშხი, ყველი, თევზი, სულის კვერი და შვიდი სანთელი. ოჯახის წევრები ფეხზე დამდგარნი ელოდებოდნენ მიცვალბულის სულებს, დალაპარაკება არ შეიძლებოდა, ასევე არ შეიძლებოდა იმ ღამით „სტუმრიანობა“, რადგან მიცვალებულის სულს შეაწუხებსო. ეს რიტუალი იწყებოდა ღამის 11 საათზე და გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში. ოჯახის უფროსი ქალი წაასხამდა ჭიქა ღვინოს და წავიდოდა ჭიშკრისკენ, არ შეიძლებოდა უკან გამოხედვა. გზაში იძახდა წამობრძანდით, წამობრძანდით. ჭიშკართან დაიწყებდა ლოცვას: „ღმერთო მიეცი განათლება ჩემს მკვდრებს (ჩამოთვლიდა სახელებს) ქენი ჩემი მკვდრების სულის სახსენებელი,ვინც ჩემი ხელიდან შენდობას მოითხოვს, თუ რამ დაგაკელით გვაპატიე“. ამ ლოცვის შემდეგ ლობიანს და მასზე დადებულ შაშხს ჭიშკარზე შემოდებდა, რამეს რომ არ შეეჭამა. ასე ხდებოდა სულის გადაბრძანება. (ლეჩხუმში რელიგიური რიტუალების მთავარი შემსრულებლები ქალები ყოფილან).
როგორც ლეჩხუმში ამბობენ: „კაი დღე რომ გათენდებოდა ან რელიგიური დღესასწაული, შობა, ნათლისღება, მარიამობა, ფერისცვალება მიცვალებულის სული ბორგავს და სუფრას თხოულობსო, მიდგმული ყოველივე ცხელი უნდა იყოს, ოხშივარი ასდიოდეს რაც იმას ნიშნავდა, რომ მიცვალებული საჭმელს ორთქლისა და სუნის სახით შეიგრძნობს.“ მათი ლოცვები და საკურთხი დიდად ადგებოდა ოჯახს, რადგან მიცვალებულის სულები პატივისცემის ნიშნად იცავდა მათ ოჯახებს საფრთხისაგან.
ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ სულების პატივისცემა ოჯახის წევრების უხვმოსავლიანობას და მფარველობას უზრუნველყოფდა, ასევე მიზნად ისახავდა მიწის ბარაქიანობას, საქონლის გამრავლებას და ოჯახში სიკეთის დამკვიდრებას.                                              

გამოყენებული ლიტერატურა

1. ლეჩხუმი - მასალები ლეჩხუმის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის. გამომცემლობა „მეცნიერება“ თბილისი 1985წ.
2. მ. ჩიქოვანი. (1971). ბერძნული და ქართული მითოლოგიის საკითხები . თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამ-ბა .
3. გიორგი მამარდაშვილი „საოჯახო ყოფა და რწმენა-წარმოდგენები ლეჩხუმის მოსახლეობაში“ თბილისი 2006წ.



სტატიის ავტორი – დარეჯან ჭაბუკიანი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის სტუდენტი. ხელმძღვანელი ისტორიკოსი ნინო ლაკვეხელიანი.      

 


megobari saitebi

   

22.01.2016