ჯავახების დასახლება და საცხოვრებელი

ჯავახეთის ზეგანი და ნაწილობრივ აქა-იქ არსებული მისი ბორცვიანი რელიეფი მოსახლეობის მიერ საკმაოდ იყო და არის ათვისებული. სოფელთა უმრავლესობა ვაკე ადგილებზეა გაშენებული. მათი მცირე ნაწილი, რომელშიაც შედის: განძა (ძველი განძანი), როდიონოვკა (ძველი ფარავანა), საღამო, თორია (ძვ. თორიო) და ეშტია (ძვ. ეშტიო) დაფერდებულ ადგილებზეა შეფენილი. სოფელთა მდებარეობაში აშკარად იგრძნობა მდინარეთა სიახლოვის ლტოლვის ტენდეცია. ეს ბუნებრივიცაა, ჯერ კიდევ პრეისტორიულ ხანაშიაც კი ადამიანი ცდილობდა მდინარის პირას დასახლებულიყო. ფარავნის წყლის, ანუ იგივე ჯავახეთის მტკვრის ხეობის ორივე მხარეზე ძველთაგანვე გაშენებული იყო სოფლები: არაგალი (ძვ. არაკალი), ბატკანა (ძვ. პატკანანი), ორჯოლარი (ძვ. ორჯა), ყაურმა (ძვ. გორმაკე), ჯიგრაშენი, ვარნეთი (ამჟამად ნასოფლარია), დიდი ხორანია, ხოსპია, კორხი (ნასოფლარი), საკუთრივ ახალქალაქი და სხვა.
ჩვენს წინაპრებს უყურადღებოდ არც ტბათა სანაპიროები ჰქონდათ დატოვებული. მაგალითად, ფარავნის ტბის ირგვლივ, ჯერ კიდევ შუაფეოდალურ ხანაში გაშენებული იყო სოფელი ფოკა, მახაროვანი (დღევანდელი ვლადიმიროვკა),  ასფარა, ჭაჭკა (ტამბოვკა), შაორი (ამჟამად ნასოფლარია), ფარავანა (დღევანდელი როდიონოვკა). ჩვენს პერიოდში ფარავნის ტბის შემოგარენში არსებულ სოფლებს შეემატა სომხებით დასახლებული სოფელი ახალი ხულგუმო, რომელიც თავისი არსებობის ორიოდე ათეულ წელს ითვლის.
დასახლების ფორმის მიხედვით, ჯავახეთის სოფლები ამჟამად სამგვარი ნაირსახეობითაა წარმოდგენილი - გზის, ანდა ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული, ჯგუფური ხასიათის უბან-კვარტალებად დაყოფილი და შერეული. ამ უკანასკნელის დასახლების ფორმის სოფელში ერთმანეთის გვერდით განაგრძობენ არსებობას როგორც ჯგუფურ-კვარტალური, ასევე ქუჩის ორივე მხრის დასახლება. შერეული ფორმის დასახლების მქონე სოფელი საკოlმეურნეო ცხოვრების მიერ გამოწვეული განსახლების განვითარების შედეგია. ახალი ცხოვრების მიერ მოტანილ გაზრდილ კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს ვეღარ აკმაყოფილებს ჯგუფურად გაშენებული მამა-პაპური დასახლება. საკარმიდამო ნაკვეთების ახლებურად გადანაწილებამ მოსახლეობა თანდათან გამოიყვანა მიჯრით მიყრილი ძველი უბნებიდან. ვინც კი ახალი სახლის მშენებლობა წამოიწყო, როგორც წესი, ყველა სოფელში გამავალი გზის პირას დასახლდა. ახალმოსახლემ თავისი სახლი პირდაპირ საკარ-მიდამო ნაკვეთში ჩადგა. გააკეთა პატარა ბაღ-ბოსტანი, შემოაკავა საკარმიდამო ნაკვეთი და ამრიგად, ჩაეყარა საფუძველი დასახლების ახალ ფორმას. ასეთი ვითარების მიუხედავად, სოფლის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ საბოლოოდ ვერ შეელია მამა-პაპათა საცხოვრებელ ადგილს და კვლავ პატრონომიული ნიშთით აღმოცენებულ უბნებში განაგრძობს ცხოვრებას.
რევოლუციამდელ ეპოქაში ქართველებისა და სომხების სოფლები ძირითადად პატრონომიულ საფუძველზე აღმოცენებული სისხლით ნათესავი მოგვარეთა კვარტალებისაგან - მონოგენური უბნებისაგან იყო შედგენილი. იშვიათი გამონაკლისის გარდა, XIX საუკუნეში კონკრეტულად აღებული მონოგენური უბან-კვარტალი მხოლოდ და მხოლოდ ერთი გვარით იყო დასახლებული. თითოეულ ამგვარ უბანში რამდენიმე ოჯახი იყო წარმოდგენილი და მათი სახლ-კარი ერთმანეთში მიდგმულ-მიშენებულ ბანიან ნაგებობათა ლაბირინთს წარმოადგენდა. უბნები ერთმანეთისაგან ბუნებრივ საზღვარს  წარმოადგენდა საცხოვრებლად უვარგისი კლდოვანი ფერდობი, პატარა ღელე, ხრამი და, არც თუ იშვიათად, სოფლის შუკა.
ძველი სოფლის ცენტრალურ ორიენტირს წარმოადგენდა ეკლესია, ანდა ზოგჯერ სხვა ისტორიული მნიშვნელობის რომელიმე ძეგლი, რომლებითაც ესოდენ მდიდარია ჯავახეთი.
ქართველებითა და სომხებით დასახლებულ ყოველ მონოგენურ უბანს სოფლის სასაფლაოზე საკუთარი ადგილი ჰქონდა. ამ პატრონიმულ ადგილებში მხოლოდ და მხოლოდ სისხლით ნათესავი, ერთ უბანში მცხოვრები მოგვარეები იმარხებოდნენ. გარდა აღნიშნულისა, ქართველებს, ნაწილობრივ სომხებსაც, ჰქონდათ აგრეთვე თავთავიანთი საუბნო-საგვარო წისქვილები, რომლებსაც მთელი გვარი უვლიდა და პატრონობდა. ამ წისქვილებით სხვებსაც შეეძლოთ სარგებლობა, მაგრამ დაფქვაში მინდი უნდა გადაეხადათ.
ჯავახეთში ჩამოსახლებული რუსი სექტანტების, ე. წ. „დუხობორებისა“ და „მალაკნების“ სოფლები დაგეგმარებისა და შინაგანი განსახლება-განფენილობის მიხედვით, რევოლუციამდელი ქართული და სომხური სოფლების ფონზე სრულიად განსხვავებულ სურათს იძლევიან. რუსთა სოფლები სწორად გაყვანილი ფართო ქუჩებითა და მათ გასწვრივ არსებული განაშენიანებით ხასიათდება. პატრონომიულ საფუძველზე აღმოცენებულ მონოგენურ უბნებად დასახლების ტრადიცია მათვის სრულიად უცხო და მიუღებელი მოვლენაა. ასეთი ვითარების გამო, სისხლით ნათესავ მოგვარეთა ოჯახები ერთმანეთის გვერდით იშვიათად სახლდებოდნენ. ისინი უმეტესად ცალ-ცალკე, სოფლის სხვადასხვა ნაწილში იყვნენ გაფანტულები. და, უნდა ითქვას, რომ ამჟამადაც ასე განაგრძობენ ცხოვრებას. ერთი ოჯახისგან განაყარი ახალი საქორწინო-საოჯახო წყვილი თავის სახლს მამისეულ ოჯახისაგან მოშორებით იშენებს.
რევოლუციამდელ ჯავახეთში სოფლის მოსახლეობის ტიპურ საცხოვრებელს წარმოადგენდა მიწური ბანით მომთავრებული სახლი. ქართველებისა და სომხების საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები ტიპოლოგიურად და გენეტიკურად ერთმანეთის მონათესავენი არიან, რასაც ვერ ვიტყვით რუსების ანალოგიური დანიშნულების ნაგებობებზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც მიწურბანიან შენობათა რიგს განეკუთვნებიან.
სამხრეთ საქართველოს ძველი ყოფისთავის დამახასიათებელი ბანიანი სახლი საუკუნეთა განმავლობაში ჯავახელი ქართველებისათვისაც ტიპურსა და ტრადიციულ საცხოვრებელს წარმოადგენდა და იგი საყოველთაოდ იყო გავრცელებული. ძველი წ. ა. მეორე ათასწლეულიდან მოყოლებული ჩვენი დროის 40-იან წლებამდე სწორედ ბანიანი ნაგებობებისაგან შედგებოდა ჯავახეთის მკვიდრი მოსახლეობის ძირითადი საცხოვრებელი ფონდი.
ჯავახელ ქართველთა სახლი მოიცავდა საცხოვრებელ და სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობებს. იგი წარმოადგენდა დიდ კომპლექსურ შენობას, რომლის საერთო ჭერ-ქვეშ გაერთიანებული იყო ადამიანის საცხოვრისი ერდოიან-გვირგვინიანი დარბაზი, საქონლის სადგომი ბოსელი, ზამთარში საცხოვრებელი თაკარებიანი, ანუ იგივე ახვრის ოდა, ფურნის ოთახი და კარაპანი, რომელიც საფასადო მხრიდან ჰქონდა მიდგმული შენობას.  აქ ჩამოთვლილი ყველა ოთახ-სათავსი ერთმანეთთან დაკავშირებული იყო კორიდორული სისტემით, ვიწრო და სანახევროდ ბნელი დერეფნებით. ჯავახური მიწურ-ბანიანი სახლის საოჯახო ყოფით ცენტრს, მისი სოციალური ბუნების განმსაზღვრელს წარმოადგენდა ერდოიანი გვირგვინით მომთავრებული საცხოვრისი ოთახი, რომელსაც არცთუ იშვიათად დარბაზს უწოდებდნენ ჯავახები.  ერთი ასეთი ძველებური სახლი, რომელიც 1960 წელს ჯერ კიდევ მთლიანი სახით იყო შემორჩენილი, სოფელ ბარალეთის „გოჩაანთ უბანში“ აღვწერეთ და გრაფიკულად დავაფიქსირეთ. ბარალელი გოჩაშვილების მიწურბანიანი სახლი, საკმაოდ ძველნაშენ, დახშულად, შეკრულ-შემოზღუდულ ფუნდამენტალურად ნაგებ დიდ ქვითკირის შენობას წარმოადგენდა. მის სიძველეზე და ძველნაშენობაზე ისიც მეტყველებს, რომ ადგილობრივთა გადმოცემით, სამშენებლოდ გამოყენებული ხის მასალა სოფლის მახლობლად არსებულ ტყეში ყოფილა მოჭრილი. ბარალეთში კი იმ დროს ტყე, როგორც ასეთი, უკვე აღარ არსებობოდა. თუმცა მის შემოგარენში, რაღაც საოცრებით გადარჩენილი, ორად-ორი „ობოლი ფიჭვი“ შემორჩენილიყო, რომელიც თვალნათლივ მეტყველებდა ოდესღაც ყოფილი ტყის არსებობაზე.
სახლს ჰქონდა მხოლოდ ერთი ალყურა კარი, რომელიც მის საფასადო კედელში კარაპნის მხრიდან იყო ჩადგმული. ძველებურ სახლში კარაპანი, ანუ როგორც მას ზოგჯერ ჩარდახსაც უწოდებნენ, სახლის წინკარის მოვალეობას ასრულებდა. თავისი ფორმითა და დანიშნულებით უმოაჯირო აივანის სახეს ატარებდა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მისი სახურავი მიწური ბანით  იყო მომთავრებული. სახლში მხოლოდ ამ კარაპნის გავლით შეიძლებოდა შესვლა. გოჩაშვილების სახლის კარაპანი საკმაოდ დიდი ფართბის (28 კვ. მ) მქონე სანიადაგოდ გამოსაყენებელი, წინიდან ღია და კომბინირებული ხასიათის ოთახ-სათავს წარმოადგენდა. აქ იდგა ლაზამბარი, საზაფხულო ტახტი, რომელზედაც შეღერებულ ვაჟკაცებს ეძინათ. დღის განმავლობაში აღნიშნული ტახტი ოჯახის უფროსის მოსასვენებელს წარმოადგენდა.
კარაპანი ყველა ძველებური სახლისათვის იყო დამახასიათებელი და ყოველი მათგანი გვერდებდაშული შენდებოდა.
კარაპნის მხრიდან არსებული კარის გავლის შემდეგ, 36 კვ. მ ფართობის მქონე და ბრტყელი ბანით მომთავრებული მიწურიატაკიანი ოთახია. ამ ოთახში ერთმანეთის მოპირდაპირედ მოწყობილი იყო პურის საცხობი ფურნე და მალეფუჭებადი პროდუქტების შესანახი სათავსი საციო, რომელსაც ბრტყელ ბანში. დატანებული პატარა ერდო ოდნავ ანათებდა. ეს შემთხვევითი როდია. საციოში ინახებოდა რძის პროდუქტები - ერბო, ყველი; აქვე ინახავდნენ თაფლს, ყაურმას, ღიმის მწნილსა და არაყს. ამ პროდუქტებისათვის სიგრილე და სიბნელე იყო აუცილებელი.
რაც შეეხება იმ ოთახს, სადაც პურის საცხობი ფურნე იყო მოთვსებული, მისი ბანი პატარა ერდოიანი გვირგვინით მთავრდებოდა და ამის გამო საკმაოდ ნათელ სათავს  წარმოადგენდა. ფურნესთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ გვიანფეოდალურ ხანამდე ჯავახეთში პურის საცხობად თონე გამოიყენებოდა. შემდეგ იგი თანდათანობით შეცვალა ფურნემ და ამჟამად მას ქართულ მოსახლეობაში დომინირებული მდგომარეობა უკავია. საინტერესოა ვიცოდეთ ისიც, რომ დაახლოებით ათი სულისგან შემდგარ ოჯახში კვირაში ორჯერ აცხობდნენ პურს. მაგრამ ოჯახი თუ უფრო მრავალსულიანი იყო, რაც ჯავახეთში იშვიათ მოვლენას არ წარმოადგენდა, მაშინ პური კვირაში სამჯერ მაინც ცხვებოდა.
საციოსა და ფურნის გამაერთიანებელი ოთახი, რომელიც თავისებურ ჰოლს წარმოადგენდა, გამოყენების გარეშე როდი იყო დატოვებული. მის ერთ-ერთ ყრუ კედელთან საწყლე იყო გამართული. კედელთან დალაგებული იყო ფილაქნის მოყვანილობის დიდი ბრტყელი ქვები, რომელზედაც თავის მხრივ იდგა სხვადასხვა ზომისა და მოყვანილობის საწყლე ჭურჭელი - თუნგი, ჩაფი, კოკა და კუტალი.
უკვე აღნიშნულ ჰოლისებურ ოთახში საციოსა და ფურნეში შესასვლელი კარების გარდა კიდევ ორი სხვა კარიც იყო, მარცხენა - დარბაზში შედიოდა, მარჯვენა - ბოსელში.
დარბაზი გეგმაზე თითქმის კვადრატული მოყვანილობის,  მიწურიატაკიანსა და ერდოიანი გვირგვინით მომთავრებულ საკმაოდ დიდი ფართობის (42 კვ. მ) მქონე ოთახს წარმოადგენდა. დარბაზი უშუალოდ ოჯახის საცხოვრისად ითვლებოდა და კერა თავდაპირველად ოთახის ცენტრში ყოფილა მოწყობილი. შემდეგში კი დაახლოებით XIX საუკუნის მიწურულს იგი კედელში გადაუტანიათ. კედელში გადატანილ კერას ბუხრის სახე მიუღია, რისთვისაც გოჩაშვილებს წინა ოთახში შესასვლელი კარის მოპირდაპირე კედელი სპეციალურად გაუნგრევიათ. გაუმართავთ საბუხრე ფეხები, რომელზედაც დაყრდნობილი იყო თავი, ანუ ბუხრის კამარა, საკვამური და დიდი ზომის ბრტყელი ცეცხლსანთები ქვა.
ადრე ბუხრის სიახლოვეს, მის ორივე მხარეს ორი დიდი ტახტი მდგარა. ერთი მათგანი ოჯახის უფროსის - „ჯალაბის პატრონისა“ და მისი მეუღლის ყოფილა, მეორე ტახტი ოჯახის უფროსის მომდევნო ძმას ეკუთვნოდა. თუ ოჯახში ასეთი არ იყო, მაშინ ეს ტახტი უფროსი ვაჟის განკარგულებაში გადადიოდა. გარდა აღნიშნულისა, გოჩაშვილების დარბაზში კიდევ ორი ტახტი მდგარა, ერთი მათგანი ქალიშვილებისა იყო, მეორე - ვაჟებისა. რაც შეეხება მოზარდ თაობას, პატარა გოგო-ბიჭებს, ღამე მათ ოჯახის უფროსის ტახტზე ეძინათ.
საოჯახო ჯამ-ჭურჭელისათვის საბუხრე კედელზე გამართული ყოფილა ხის თაროები. დარბაზის სხვადასხვა კუთხე-კუნჭულში განაწილებული იყო ოჯახისათვის საჭირო სხვა ინვენტარისა და ჩასაცმელ-დასახურის შესანახი კიდობან სკივრები.
გოჩაშვილების დარბაზი კუთხური წყობის ექვსსაფეხურიანი გვირგვინითა და კვადრატული მოყვანილობის გვირგვინით იყო მომთავრებული. გვირგვინს ჯავახები, არცთუ იშვიათად, „მერცხლის ბუდურასაც“ უწოდებდნენ. რადგან იგი თავისი ფორმა-მოყვანილობით, მართლაც წააგავდა მერცხლის ბუდეს. დარბაზის ეს ჭერ-სახურავი, დაკიბული პირამიდისებურად აღმართული გვირგვინი, დაყრდნობილი იყო საკედლე სვეტებსა და ოთახის ცენტრის სიახლოვეს არსებულ ორ დედაბოძზე. გვირგვინამდე აღნიშნულ სვეტებსა და დედაბოძებზე წყვილად იყო გადებული ორი მსხვილი დიდი ძელი. დარბაზის გვირგვინის მშენებლობა ამ ბოძების გამო საკმაოდ რთულსა და მძიმე სამუშაოს წარმოადგენდა. ალბათ, ამიტომაც უთქვამს ჯავახელ გლეხკაცს:

დარბაზო გვირგვინოსანო,
ვინ გაგდო წყვილი ძელიო.

დარბაზის გვირგვინის თავში დატანებული იყო ერდო, რომელიც ერთდროულად სარკმელსაც და საკვამურსაც წარმოადგენდა. ერდოს ქვემოთ, ოთახის ცენტრში გამართული კერიდან ასული ბოლი გადიოდა. დიდი ყინვებისა და თქეშად ქცეული წვიმების დროს ერდოს ხის სარქველით გმანავდნენ.
გოჩაშვილების ძველებურ ჯავახურ სახლში, ზამთარში მეორე საცხოვრებელ ოთახს, წარმოადგენდა „თაკარებიანი ოდა“, რომელსაც ხშირად „ახვრის ოდის“ სახელწოდებაც ენაცვლებოდა. მას ახვრის ოდას იმიტომ უწოდებდნენ, რომ იგი უშუალოდ ბოსლის იგივე ახორის გვერდით დაგეგმარებულ და მასთან ორგანულად დაკავშირებულ ნაგებობებს წარმოადგენდა. თაკარებიანი ოდა გეგმაზე ოდნავ მოგრძო (სიგრძე 5.50 მ, ხოლო სიგანე 4.50 მ უდრიდა) მოყვანილობის მიწურიატაკიანი იყო. ამ ოთახის შესასვლელის მოპირდაპირე კედელში გამართულ ბუხრის ორივე მხარეს, გრძლივი კედლების გასწრივ, იდგა ორი გრძელი ტახტი. მარცხენა ოჯახის უფროს თაობას ეკუთვნოდა, მარჯვენა - ასევე ასაკს ექვემდებარებოდა. იგი ოჯახის უფროსი ძმის, ანდა მისი უფროსი ვაჟიშვილის კუთვნილებას წარმოადგენდა. თაკარებიანი ოდა დარბაზთან გაცილებით ახალი დროის სამშენებლო მონაპოვარი პატარა ოთახი იყო, რის გამოც მხოლოდ ზამთარსაცხოვრებლად გამოიყენებოდა. სტუმრიანობის შემთხვევაში, თუ ზამთრის პერიოდი არ იყო, მოსასვენებელ ადგილს თაკარებიანი ოდა წარმოადგენდა.
ინტერიერის მოწყობი თვალსაზრისით, თაკარებიანი ოდა დარბაზთან შედარებით უფრო კომპაქტურად იყო დაგეგმარებული. პირველყოვლისა მისი ბუხრის მხარეს ოდნავ დაქანებული ჭერი სიგრძივ დაკიდულად იყო შეფიცრული, და სწორედ ამის გამო ეწოდებოდა მას თაკარებიანი ოდა. დაკიდულად დადგმულ ძელს მესხები და ჯავახები თაკარს უწოდებენ.
საშუქე სარკმლად თაკარებიან ოდას ბუხრის მოპირდაპირე კედლისა და ჭრის შესაყართან დატანებული ჰქონდა ოდნავ მოგრძო ოთკუთხედი მოყვანილობის (50X30) ერდო, რომელიც დარბაზის ერდოსგან განსხვავებით, არ იგმანებოდა. ბოლო ხანებში თაკარებიანი ოდის ერდოს ფანჯრის სახე მიუღია. ერდოს ჩარჩოში შუშას სვამდნენ. ამ ოთახის ერთი გრძივი კედელი, რომელიც ბოსლის მხარეს წარმოადგენდა მხოლოდ სანახევროდ, დაახლოებით  1.40-1.60 სმ სიმაღლეზე იყო ამოყვანილი. ასე იმიტომ აშენებდნენ, რომ საქონლის მიერ დაყენებული სითბო ოდაშიც გადასულიყო და ადამიანს ამით დამატებითი სითბო მიეღო.
თაკარებიანი ოდის ის კედელი, რომელიც ბოსელს არ ემიჯნებოდა, მთელი ტახტის გასწრივგარანდული ფიცრებით კოხტად იყო დაფარული. ფიცარი ადამიანს იცავდა სინესტისგან, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო ბანიანი ნაგებობისათვის. გარდა აღნიშნულისა, დარბაზის ბუხართან შედარებით, თაკარებიან ოდაში არსებული ბუხარი გაცილებით უფრო ნატიფი ფორმით ხასიათდებოდა. მართალია, იგი უფრო პატარა იყო, მაგრამ მისი ფეხები, თავი, ანუ იგივე კამარა, და უშუალოდ ცეცხლსანთები ქვის წინა მხარე იშვიათი ხელოვნებით იყო დამუშავებული. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა კამარის ზედაპირი, რომელზედაც რელიეფურად გამოქანდაკებული იყო სიცოცხლის ხე და ასტრალური კულტისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები - მზე, მთვარე და ვარსკლავები.
გადმოცემის მიხედვით, რომელიც ფრიად სარწმუნო წყაროს წარმოადგენს, ეს უბრალო მიწური ნაგებობა - თაკარებიანი ოდა ჯავახეთში სამუშაოდ გადმოსულ ლაზ ოსტატებს „გაუპატიოსნებიათ“. მათ შეუფიცრავთ ჭერი და კედელი. მათივე ნახელავს წარმოადგენს ოთახში არსებული ნატიფი ფორმების მქონე ბუხარი. სწორედ ამიტომაა, რომ სამხრეთ საქართველოს ძველი ყოფისათვის დამახასიათებელ გაუმჯობესებული ფორმის თაკარიან ოდას, ზოგჯერ ლაზურ ოდასაც უწოდებდნენ.
გოჩაშვილების სახლის კომპლექტის ორგანულად შემადგენელი ნაწილები, ბოსელი და საბძელი, დამახასიათებელი იყო ყველა ძველებური ჯავახური ბანიანი სახლებისათვის. სამეურნეო დანიშნულების ეს ორი ნაგებობა ერთმანეთისაგან მხოლოდ ორიოდე არშინის (დაახლოებით 140-150 სმ) სიმაღლის ხის ტიხრით იყო გამოყოფილი.
საქონლის სადგომი საბძელთან შედარებით, თითქმის ორჯერ მეტი ფართობის (40 კვ. მ.) იყო. მის ხის ძელებით მოგებულ იატაკში ანუ ზღვეში, ბოსლის ცენტრის გასწრივ, გაყვანილი იყო შარდსაწრეტი და ნაკელის მოსაგროვებული სანარწყული. ბოსლის ორივე გრძლივი კედლის გასწრივ გამართული იყო ხისაგან ნაკეთები ბაგები.
ბოსლის ჭერი გადმობრუნებულ ნავის შთბეჭდილებას ტოვებდა, და, აი რატომ. ოთხივე კედლის გასწრივ და სანარწყულის ორივე მხარეს გამართული იყო ხის ბოძები. საკედლე ბოძებთან შედარებით სანარწყულის გასწრივ დგმულები ორიოდე მტკაველით მაღლები იყვნენ. აღნიშნულ ბოძებზე ერთმანეთის პარალელურად და კედლების გასწრივ დიდი ძელები იყო დამაგრებული, რომელზედაც შემდეგ, მათ გადამკვეთად მიჯრით დაეწყოთ შედარებით მოკლე და წვრილი ძელები. ჭერის ასეთი კონსტრუქცია ერთნავიანი ბაზილიკის სახურავის მოყვანილობა ხალხურ სამშენებლო ხელოვნებიდან მომდინარეობს.
ბოსლის ჭერ-სახურავის კონსტრუქციაზე, ისევე როგორც გოჩაშვილების სახლში შემავალ ყველა ნაგებობის თავზე, მიწის სქელი ფენა იყო დაყრილ-დატკეპნილი, შენობის გასანათებლად ბოსლის ბანში, მის თავსა და ბოლოში დატანებული იყო ორი პატარა ერდო. ანალოგიური სამშენებლო ტექნიკითა და მასალით გაეკეთებინათ საბძელიც. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავება შეიმჩნეოდა, რომ საბძლის ჭერი, ბოსელთან შედარებით, რამდენადმე დაბალი იყო, ხოლო იატაკი - მოუზღვეველი. მიწურ საბძელს გასანათებლად და ბზისა და თივის ჩამოსაყრელად დატანებული ჰქონდა ერთი ერდო, ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სამხრეთ საქართველოში, და კერძოდ ჯავახეთში, საქონლის საკვები კარიდან კი არ შეჰქონდათ, არამედ ბანში დატანებული ერდოდან ყრიდნენ.
როგორც გოჩაშვილების სახლის მაგალითით დავინახეთ, ჯავახეთის წარსული ყოფისათვის დამახასიათებელი ბანიანი სახლი, მართლაც დიდი საოჯახო-სამეურნეო პოტენციალის მქონე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან მტკიცედ შეკრულსა და შედგენილ კომპლექსს წარმოადგენს. საუკუნეთა მანძილზე სწორედ ამგვარი კომპლექსებისაგან იყო შედგენილი ჯავახელ ქართველთა სოფლები, რომლებმაც თავიანთი ძველებური სახე, სპონტანურად, თითქმის ჩვენი დროის 40-იან წლებამდე შემოგვინახეს.
როგორც უკვე ითქვა, ჯავახეთში ჩამოსახლებული სომხების საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობანი, გენეტიკურად და ტიპოლოგიურად, სამხრეთ ქართულის ანალოგიურს წარმოადგენდა. სწორედ, ამის გამოც იყო, რომ ჯავახეთში ჩამოსახლებულმა სომხებმა, რომლებსაც აქა-იქ ადგილზე დახვათ ჯერ კიდევ გამოსაყენებლად ვარგისი სხვადასხვა დანიშნულების ხალხური ნაგებობანი, მზამზარეულად აითვისეს, ნაწილი კი თავიანთი მოთხოვნილების მიხედვით გადააკეთეს.
თურქეთიდან მოსული სომხები, ჯავახეთის სოფლებსა და ნასოფლარებში ქართველების მსგავსად, ცალკეულ გვარებად და ჯგუფ-ჯგუფად დასახლდნენ, თუ საშუალება იყო, სისხლით ნათესავი მოგვარეები ერთ უბნად სახლდებოდნენ. შესაძლებლობების ფარგლებში ყოველმა გვარმა შექმნა თავისი მონოგენური უბან-კვარტალი მაილა, რომელიც არაბულიდან მიმდინარე მაჰალას არმენიზირებული ფორმაა. მაილებს დროთა განმავლობაში გვარის უფროსის სახელი შეერქვა, რაც, ქართველებისა არ იყოს, ძველი საზოგადოებრივი ყოფის - ოჯახების პატრონომიული განსახლების ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა.
პატრონომიულ უბნებში გაერთიანებული სომხური ოჯახები, რომელთა სულადობაც პროგრესული აღმავლობით იზრდებოდა, თავისი ბუნებით საოჯახო თემის ბუნების მატარებელი იყო. სომხური მრავალსულიანი დიდი ოჯახის - მეძ ოჯახის (ლიტერატურულად მეძ-ის მაგივრად მეწ უნდა იყოს) სათავეში იდგა ასაკით ყველაზე უფროსი მამაკაცი, რომელსაც მეძ მართ, ანდა ტანუტერ - სახლის მამა, ჩვენებურად მამასახლისი ეწოდებოდა. ამ ორ სომხურ სახელწოდებას არცთუ იშვიათად თურქული ქიაღა-ც ენაცვლებოდა. ქართული ოჯახისაგან განსხვავებით, სომხური ოჯახის უფროსს, გაცილებით დესპოტური ხასიათი ჰქონდა. მეძ მართი, ანუ იგივე ტანუტერი, ოჯახის ერთპიროვნული გამგებელი და მისი ბატონ-პატრონი იყო. იგი წყვეტდა ყველაფერს, მის დაუკითხავად მეზობლისათვის ქვაბის თხოვებაც არ შეიძლებოდა.
ქართველების მსგავსად, სომხების მიწურბანიანი სახლებიც რამდენიმე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან შედგებოდა: ჩარდახ-კარაპანი, ოდა-უშუალოდ ოჯახის საცხოვრისი ოთახი, ჰაცატუნ (ტინდრატუნ-პურის, ანუ იგივე პურის ოთახი), ქილარ-საკუჭნაო, ქომ-ბოსელი და მარაკ-საბძელი. გარდა აღნიშნულისა, ზოგიერთ სომხურ სახლში იყო აგრეთვე ერდოიანი გვირგვინით მომთავრებული ოთახიც, რომელიც საცხოვრებლად გამოიყენებოდა და მას მოკლე ძელებისაგან შედგენილი ცადაქნილი გვირგვინის გამო ჰაზარაშენქ-ს უწოდებდნენ.
სომხურ მიწურბანიან სალხში შემავალი ყველა ოთახ-სათავსო, ჩარდახის გარდა, ერდოს საშუალებით ნათდებოდა და ერთმანეთს კორიდორული სისტემით უკავშირდებოდა. სომხები კორიდორს ანუ იგივე დერეფანს, ერთდორულად პაგ-ს შვაკ-საც უწოდებდნენ.
ჯავახეთში მცხოვრები სომეხთა მიწურბანიანი სახლის კომპლექსში შემავალი ოთახ-სათავსები არქიტექტურულ-კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით, მართალია იმავე რიგის ქართული ხალხური ნაგებობების ანალოგებს წარმოადგენდნენ, მაგრამ მათგან განსხვავებით უფრო ნაკლები სინატიფით ხასიათბოდნენ. მაგალითად, სომხების ოდა ქართველთა  თაკარებიანი ოდის არქაული ფორმის მატარებელი იყო. ჰაზარაშენქი, ანუ იგივე ერდოიანი გვირგვინით მომთავრებული ოჯახის საცხოვრებელი ოთახი, ქართველების დარბაზთან შედარებით, საკმაოდ დაბალსა და ბნელ ნაგებობას წარმოადგენდა. ამას გარდა არც მისი გვირგვინი იყო მაღალი და ნაირსახოვანი. აქა-იქ თუ შეინიშნებოდა ლამაზად ნაშენი დარბაზი, რომელიც ქართულისაგან არაფრით განსხვავდებოდა, ეთნოგრაფიული მასალებით დგინდება, რომ ისინი ბალანთელ ქართველთა ნახელავს წარმოადგენდა.
პურის საცხობად ჯავახეთის სომხობა მიწაში ჩადგმულ პატარა ზომის  თონეს - თუნირსაც იყენებდა, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ ლავაში ცხვებოდა. გარდა ამისა, თუნირი ოთახის გასათბობადაც გამოიყენებოდა. ზამთარში, ძილის წინ, წივით გახურებულ თონეს ლეიბებს შემოუწყობდნენ, მერე დიდ საბანს გადაახურებდნენ, შეძვრებოდნენ შიგ, და ასე იძინებდა მთელი ოჯახი.
საუკუნეების მანძილზე ჯავახეთში, ისევე როგორც თრიალეთში, ტყეთა სიმცირის გამო საწვავ მასალას ძირითადად წივას ხმარობდნენ. სამხრეთ საქართველოს აღნიშნულ რეგიონებში თხევადი გაზი კარგა ხანია დაინერგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, წივა კვლავ ფართოდ გამოიყენება. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ საოჯახო ცხოვრების ადრეულ საფეხურზე გაჩენილი კერა ეთნოგრაფიულ ჯავახეთში კომბინირებულ ხასიათს ატარებდა. იგი თავისი ფორმა-მოყვანილობით პატარა თონეს წააგავდა. ჯავახური კერა-თონე ერთდროულად ოთხის გასათბობი ღუმელისა და პურის საცხობის მოვალეობასაც ასრულებდა. ქართველებთან შედარებით, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან იგივე დანიშნულებისათვის ბუხარს უკვე მასიურად იყენებდნენ, სომხები პატარა თონისებური კერის ერთგულები ბოლომდე დარჩნენ. ქართველები ამჟამად პურს მხოლოდ და მხოლოდ ფურნეში აცხობენ, სომეხთა უმრავლესობა ძველ ტრადიციას არ ღალატობს და ლავაშის გამოსაცხობად კვლავ პატარა თონეს, თონირ/თანდირს იყენებს.
რუსი სექტანტების დასახლება, როგორც უკვე ითქვა, სწორი და ფართო ქუჩების გასწრივი განაშენიანებით ხასიათდება. მათი თვდაპირველი საცხოვრებელი ადგილიდან, რუსეთიდან თანმოყოლილი დასახლების ეს ფორმა - ცხოვრებისეული ტრადიცია იმდენად მყარი და ფესვგამდგარია, რომ მას ჯავახელი „დუხობორები“ თანამედროვე საკოლმეურნეო ცხოვრების პირობებშიაც კი ვერ ღალატობენ.
„დუხობორების“ სოფლებისათვის დამახასიათებელი ძირითადი საკომუნიკაციო არტერია - სწორხაზოვნად და ფართოდ გაყვანილი ქუჩა, - უმეტეს შემთხვევაში, სოფელზე გამავალ შარაგზის მოვალეობას ასრულდებდა. ცენტრალური არტერია - სოფლის მთავარი ქუჩა, რამდენიმე ადგილზე, ასევე სწორხაზოვნად არის გაყვანილი, მაგრამ შედარებით უფრო მოკლე და ვიწრო ქუჩებითაა გადაკვეთილი. ქუჩათა გასწრივ ცალკეულ ოჯახთა მიერ გაშენებულ სახლ-კარს თან ახლავს ყორით შემოზღუდული საკარმიდამო ნაკვეთი, რომელიც შიგნით დაბალი ყორით ძირითადად ორ ნაწილადაა გაყოფილი. ერთ ნაწილში სახლ-კარია მოთავსებული, მეორე კი დათმობილი აქვს ჯავახეთის სამხრეთის (ბოგდანოვკის რ-ნი) წარსული ყოფისათვის უცნობ პატარა ბაღ-ბოსტანსა და კარტოფილს.
ჯავახეთის რუსობის ძველებური სახლი, რომელიც კვლავ განაგრძობს არსებობას, მიწურებიანი ნაგებობების რიგს განეკუთვნება. გეგმაზე იგი ძირითადად სიგრძივაა განვითარებული და ორფერდა მიწური სახურავით მომთავრებულ ერთსართულიან შენობას წარმოადგენს. გარდა „გრძელი სახლებისა“, აქა-იქ გხვდება აგრეთვე რუსული ასო-გ მოყვანილობის ნაგებობები. ორივე შემთხვევაში დუხობორთა სახლი კომპლექსური ხასიათის ნაგებობაა. ერთ საერთო ჭერქვეშ, ერთმანეთის გვერდით წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების ოთახ-სათავსები: უშუალოდ ოჯახის საცხოვრისი „ხატა“, „სენი“, „ხატიონკა“, „ჩულან“, „ამბარ“, „კონიუშნია“.
ამგვარი სახლების მშენებლობის ტრადიცია რუსმა სექტანტებმა მოიტანეს. იგი ზედმიწევნით იმეორებს ძველებურ რუსულ საცხოვრებელ ხატას. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ჯავახეთში მას რაიმე ტრანსფორმაცია არ განუცდია. და, თუ განიცადა,  ისიც სამშენებლო მასალის მხრივ. ალიზით ნაშენი კედელი („სირცევაია სტენა“) ქვის კედელმა შეცვალა, ხოლო სახურავისთვის საჭირო ისლის კონები - ტორფის ბელტებმა. დუხობორთა სახლების მშენებლობა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს. ტორფის ბელტები და ქვა ჯავახეთში არცთუ იშვიათია. მაინდამაინც არც ხის მასალის მოტანა წარმოადგენდა დიდ სირთულეს. იგი ბაკურიანის სატყეო აგარაკებიდან მოჰქონდათ თავიანთი „პოვოზკებით“. შედარებით ძნელი ყოფილა კირის შოვნა. ამის გამო მოსახლეობის ნაკლებად შეძლებული ფენა კედლების ამოყვანისას წებოვან ტალახს ხმარობდა. ბოლო დროს, საკომუნიკაციო და სატრანსპორტო საშუალებების განვითარება-გამრავლებასთან დაკავშირებით, აღარც კირის შოვნა წარმოადგენდა დიდ პრობლემას.
ქვისა და ხის მასალის გამოყენებით ნაშენი სახლების ორფერდად მომთავრებული სახურავის ხის კარსაზე დარჩენილ ღრიჭოებს ჯერ საგულდაგულოდ ამოტენიდნენ, მერე თივას მოაფენდნენ. თივაზე ათიოდე სმ სისქის წივის ნაცარს დაყრიდნენ და დატკეპნიდნენ. ყოველივე ამის შემდეგ სახურავზე მჭიდროდ დააწყობდნენ 50 სმ სიგრძის, 30 სმ სიგანისა და 15-20 სმ სისქის ტორფის ბელტებს, რომლებსაც ერთიანად საგულდაგულოდ ტკეპნიდნენ. დატკეპნილი ბელტების პირველ ფენაზე იმნაირადვე ეწყობოდა მეორე ფენა, რომელიც ისევე იტკეპნებოდა. ასე მთავრდებოდა დუხობორთა სახლი, რომლის მშენებლობაში მხოლოდ ოჯახის წევრები და დაქირავებული მუშები მონაწილეობდნენ.
ძველი ტრადიციის თანახმად, რაგინდ ღარიბი ოჯახი ყოფილიყო სახლის საფასადო კედელი კირით ყოველწლიურად უნდა შეეღებათ. უამისობა არ შეიძლებოდა. საფასადო მხრიდან თეთრად შეღებილი სახლის ერთი ფრთა ხატასა და ხატიონკასთვის იყო განკუთვნილი. ხატას წინ, როგორც წესი, მუდამ იყო „კრილცო“, ჩარდახისებურად გაკეთბული პატარა და ვიწრო უმოაჯირო აივანი. კრილცოს მხრიდან კეთდებოდა დერეფანში („სენი“) შესასვლელი ვიწრო ორყურა კარი. სენიში თავის მხრივ ორ ერთმანეთის საპირისპიროდ გაკეთებულ კართაგან, მარჯვენა სახლის მთავარ ოთახში, ხატაში, შეჰყავდა ადამიანი, ხოლო მარცხენას - ხატიონკაში. ხატიონკიდან ჩულანში შეიძლებოდა შესვლა.
საშუალო შეძლების ოჯახის ხატას ფართობი დაახლოებით 18-22 კვ. მ-ს შორის მერყეობს. მისი იატაკი მიწატკეპნილია. ნათდება ფანჯრებით. აქვს ჭერი, რის გამო ბუნებრივია, სხვენიც. ხატას მთავარ ღირსებას წარმოადგენს ტრადიციული რუსული დიდი ღუმელი - „პეჩკა“, რომელიც მის ძირითად ფუნქციასთან ერთად (საჭმლის დამზადება და პურის გამოცხობა) ზამთარში ოჯახის უფროსებისა და მოზარდი თაობის საძინებელის მოვალეობასაც ასრულებს. საოჯახო დგამ-ჭურჭელი შერეული ხასიათისაა. ქალაქური ნაწარმის გვერდით კვლავ განაგრძობს არსებობას ადგილობრივად დამზადებული სხვადასხვა დანიშნულების დგამ-ჭურჭელი.
დუხობორთა სახლში მეორე ოთახს წარმოადგენს ასევე საცხოვრებლად გამოსაყენებელი ხატიონკა, რომელიც ფართობით პირველზე რამდენადმე მცირეა. ინტერიერის მიხედვით ხატიონკა ოჯახის მთავარ საცხოვრებელს იმეორებს. იგი ოჯახის დაქორწინებულ ვაჟიშვილს ეკუთვნის. ხატაში არსებული ღუმელის ერთი მხარე ხატიონკას კედელს წარმოადგენს, რის გამოც იგი დამატებით გასათბობ საშუალებას აღარ საჭიროებს. ხატიონკას გაგრძელებაა საკუჭნაო-ჩულანი, რომელიც ფართით ხატიონკას ოდნავ ჩამოუვარდება და თანაც სანახევროდ ბნელი ოთახია. ჩულანი პატარა საწყობისა და საკუჭნაოს მოვალეობას ასრულებს.
ჯავახეთში მაცხოვრებელ რუს სექტანტთა სახლის მეორე ფრთა ტრადიციულად დათმობილი აქვს სამეურნეო დანიშნულების ოთახ-სათავსებს. უკვე ჩვენთვის ცნობილი ჩულანის გვერდით გეგმარდებოდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შესანახი ბეღელი - „ამბარი“, მის წინ არსებული პატარა ჩარდახისებური აივნით - „კრილეჩკო“-თი, თავლა - „კონიუშნა“ და, არც თუ იშვიათად, მცირე ზომის საცხვარე ბაკი - „ოვჩრნაია“. გარდა აღნიშნულისა, ბეღელის ქვეშ თითქმის ყველა ოჯახს ჰქონდა გამართული სარდაფი - „პოდვალ“, სადაც ინახავდნენ კარტოფილს, მწნილს, ლორს, ყველს, არაყს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ოთახ-სათავსი უსხვენო და მიწურ-იატაკიანია.
რუს სექტანთთა უმრავლესობა თავიანთი ორთოდოქსალური რწმენის გამო (რომელსაც ამჟამად მტკიცედ იცავენ), რატომღაც ახალი, თანამედროვე ტიპის სახლების მშენებლობას ერიდება. დუხობორთა უმრავლესობა კვლავ ძველი ტიპის სახლებში ცხოვრებას ამჯობინებს. ამის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს ჩვენს მიერ საილუსტრაციოდ აღწერილი ერთი ტიპური ძველებური სახლი, რომელსაც სოფელ გორელოვკაში მაცხოვრებელ ეგორ ივანის ძე ჩუმაჩოვს ეკუთვნოდა.
XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან ჯავახეთში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, სოფლის მოსახლეობის გაზრდილ კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებს ძველი, რევოლუციამდელი ტიპის საცხოვრებელი უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა. ასევე დრომოჭმულად გამოიყურებოდა სოფლის შიგნით განსახლების ხასიათიც; უბან-კვარტალთა რევოლუციამდელი მორფოლოგია, დასახლების ფორმა და ტიპი.
რევოლუციამდელი ყოფისათვის სრულად უცხო, ახალმა პროგრესულმა და სოციალისტური შინაარსის მქონე კულტურულ-ეკონომიკურმა ძვრებმა და გარდაქმნება, რასაც თან მოჰყვა სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია და ინტენსიფიკაცია, არათუ ძველებურ საცხოვრებელს შეუცვალა სახე, არამედ დასახლების ფორმასა და სოფლის დაგეგმარებაზეც ძირფესვიანი გავლენა მოახდინა. აღნიშნული პერიოდიდან დაწყებული ჯავახურ სოფელში თანდათან მოიშალა მონოგენური შინაარსის მქონე უბან-კვარტალური განაშენებიანების ძველთა-ძველი ტრადიცია. სულ მალე, დაახლოებით 50-იანი წლების შემდეგ, ჯავახეთის ვაკის სოფელთა უმრავლესობამ და მათში შემავალმა უბნებმა და კვარტლებმა პოლიგენური ხასიათი მიიღო. 30-იან წლებში დაწყებულმა ახალმა ბინათმშენებლობამ 50-იანი წლებიდან არნახულ აღმავლობას მიაღწია. მაგრამ, ასეთი ვითარების მიუხედავად, თქმა იმისა, რომ ჯავახეთში ახალი ტიპის სახლების მშენებლობა ჩვენი დროის 30-იან წლებამდე არ შეიმჩნეოდა, რასაკვირველია, ფაქტიური სინამდვილის გაყალბება იქნებოდა. XX საუკუნის დასაწყისიდან სოფლად დანერგილმა კაპიტალისტური წარმოების წესისათვის დამახასიათებელმა ურთიერთობამ ბობოლა კულაკურ ფენებში კულტურულ-ეკონომიკური სტიმულიზაცია გამოიწვია. აღნიშნული სტიმულიზაცია, მატერიალური კულტურის სფეროში, ახალი, ქალაქურს მიმგვანებული სახლების მშენებლობაში გამოიხატა. აღნიშნული პერიოდის ჯავახეთში ახალი ტიპის ბინათმშენებლობას მართალია ფართო ხასიათი არ მიუღია, და არც შეიძლებოდა რომ მიეღო, მაგრამ აქა-იქ მისი დასაწყისი, ხალხურ ბინათმშენებლობაში გაჩენილი პროგრესი უკვე უტყუარ ფაქტს წარმოადგენდა.
XX საუკუნის 40-იან წლებამდე ქალაქურობის ტენდეციის მაუწყებელმა ახალი ტიპის საცხოვრებელმა, მართალია ერთეულების სახით, ჯავახეთშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. იგი ამ დროისათვის იშვიათი გამონაკლისის კატეგორიას განეკუთვნებოდა, მაგრამ დაბეჯითებით უნდა ითქვას, რომ უცხო ელემენტად უკვე აღარ გამოიყურებოდა. ახალი ტიპის საცხოვრებლისადმი ლტოლვა ჯავახეთის სოფლის მოსახლეობაში (რუსი სექტანტების გარდა) თნდათან იზრდებოდა. როცა კოლმეურნე გლეხობის ეკონომიკური ცხოვრების საფუძველი საიმედო და მყარი გახდა, უკეთესი კულტურულ-საყოფაცხოვრებო პორობების გაუმჯობესებისადმი სწრაფვა პირველ რიგში ახალი ტიპის ბინათმშენებლობის ფართოდ გაშლაში გამოიხატა.
ჯავახეთში ახალი ხალხური ბინათმშენებლობის პირველი ეტაპი 50-იანი წლების დასაწყისამდე  გაგრძელდა. ამ ეტაპზე შექმნილ კოლმეურნეთა სახლების არქიტექტურული ფორმისა და კულტურულ-საყოფაცხოვრებო ელემენტების თანდათანობით დახვეწასა და განვითარებას მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ომის დროს ამისათვის არავის ეცალა. დიდი თუ პატარა, სხვა საქმით იყო დაკავებული. სოფლის მოსახლეობის უპირველესს და გადაუდებელ ამოცანას საბჭოთა მეომრების სურსათ-სანოვაგით მომარაგება წარმოადგენდა. სამაგიეროდ, როდესაც ომი ძლევამოსილად დამთავრდა და ქვეყანამაც ჭრილობები მოიშუშა, ახალი ტიპის ხალხურმა ბინათმშენებლობამ ახალი ძალით იფეთქა. მან არნახული აღმავლობით დაიწყო განვითარება.  ამ მეორე ეტაპზე დაწყებული ახალი ბინათმშენებლობა დღესაც განუხრელად მიმდინარეობს და უკვე ინდუსტრიულ რელსებზე დგას. მშენებლობისას ფართოდ გამოიყენება ქარხნული წესით დამზადებული სამშენებლო მასალა - ცემენტი, აგური, სომხეთიდან მოტანილი ტუფი, შიფერი, თუნუქი და რკინა-ბეტონის ბლოკები. საცხოვრებლის მშენებლობისას ახალმოსახლეს კონსულტაციას უწევს და ზოგჯერ სათანადო პროექტითაც ამარაგებს რაიონული აღმასკომის სათანადო განყოფილება და ა. შ.
ჯავახეთში მიმდინარე ახალი ბინათმშენებლობის პროცესის მეორე ეტაპი განვითარებადი ხასიათისაა. იგი ფეხდაფეხ მიჰყვება, უმალვე ითვისებს ყოველი ახალსა და პროგრესულს. სახლის დაგეგმარებაში რაციონალურად მიჩნეულ თანამედროვე მიღწევებს - ფასადის გაფორმებაში, ინტერიერის მოწყობა-გაფორმებაში თუ ახალი საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელემენტებისა და სათავსოების შესისლხორცების საქმეში იყენებს. მაგალითისათვის სახლის ფარგლებში ავტოგარაჟების დასახლებაც საკმარისია.
ბუნებრივია, რომ ახალი თუ თანამედროვე კულტურულ-ეკონომიკური ძვრებისაგან გამოწვეული გარდაქმნები და ცვლილებანი ჯავახეთში მხოლოდ ზემოაღნიშნულით არ ამოიწურება. ჯავახეთში ბევრმა რამემ იცვალა სახე. მაგრამ თქმა იმისა, რომ აქ ყველაფერი რიგზეა, რასაკვირველია, სწორი არ იქნებოდა, თუნდაც ბინათმშენებლობის საქმეში. ჯერ ერთი, ბინათმშენებლობის აღნიშნული პროცესი, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით (ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს აჭარა, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, ქართლი, კახეთი) საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. მეორე და, რაც მთავარია, საქართველოს ბარის რაიონებში შექმნილი უახლესი ტიპის სახლებთან შედარებით ახალი ტიპის ჯავახური სახლები, ცოტა არ იყოს, უღიმღამოდ გამოიყურებიან. ეს გასაგებიცაა. ჯავახეთი საქართველოს მოწინავე რაიონების დონეზე ჯერ კიდევ ვერაა ასული და ამისათვის, ალბათ, დიდი დრო დასჭირდება. ამგვარი ვითარების ნათელ საილუსტრაციო მაგალითს წარმოადგენს ახალი ბინათმშენებლობის პირველ ეტაპზე შექმნილი ერთსართულიანი სახლი, რომელიც აქა-იქ დღესაც  განაგრძობს არსებობას. მან სტერეოტიპული სახე მიიღო და ამგვარად გავრცელდა მთელს ჯავახეთში.
სტერეოტიპად ჩამოყალიბებული ერთსართულიანი ჯავახური სახლი ორი ოთახისაგან შემდგარ ქვის შენობას წარმოადგენს. იგი ხასიათდება მკვიდრად ჩაყრილი საძირკველით და მტკიცედ ამოყვანილი კედლებით. საფასადო მხარეს მოწყობილი აქვს პატარა, ღია, ზოგჯერ შუშაბანდიანი აივანი, მოფიცრული იატაკითა და ჭერით. აქვს აგრეთვე სხვენი, ორფერდიანი სახურავი, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, თუნუქითაა დახურული, შენობა ყველა შემთხვევაში ქვითკირის ნაგებობას წარმოადგენს და უკანა მხარეს საკვამური აქვს დატანებული. ახალი, რევოლუციამდელი ჯავახეთის ყოფისათვის უცნობი ელემენტების დანერგვასთან ერთად, არც ძველი ნაგებობისათვის დამახასიათბელი თავისებურებანია დავიწყებული. მაგალითად, ახალი ტიპის ერთსართულიან სახლში, ბანიანმა კარაპანმა პატარა ღია აივნის სახე მიიღო. ასევე ითქმის განჯინებსა და  თახჩებზე, რომლებიც ახალ ვითარებაში კვლავ წარმატებით ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჯავახეთი დავაკებული მცირე ბორცვიანი ზეგანია და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან თითქმის 2100 მ-ს აღწევს. ასეთი მდებარეობის გამო აქ დიდ თოვლა და ყინვიანი ზამთარი იცის. უტყეობის გამო ზამთარში ცივი ქარებიც ქრის. ყოველივე ეს ჯავახეთს ისტორიულად მოდგამს. ამის გამო, ეს კლიმატურ-ბუნებრივი პირობები მუდამ ახდენდა გავლენას ხალხურ ბინათმშენებლობაზე. მის გავლენას ვერც თანამედროვე ბინათმშენებლობამ აუარა გვერდი. საწვავის ნაკლებობამ - უშეშობამ - ხანგრძლივმა დიდთოვლა და ცივმა ზამთარმა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელსაც დააჩნია თავისი დაღი. ყოველივე ამის გამო ჯავახეთში ამჟამად უპირატესად ერთსართულიანი და უაიავნო სახლები შენდება. თუმცა, იშვიათად აქა-იქ ორსართულიანებსაც აშენებენ. აივნის მაგივრად ერთსართულიან სახლებს წინა მხრიდან შუშაბანდი აქვთ გამართული, რომელიც კვლავ ადგილობრივ ბუნებრივ-კლიმატური პირობებითაა განპირობებული, ასე რომ, კომპაქტურობისა და დახშულობის თვალსაზრისით ახალი ტიპის სახლი ძველის, ბანიანის ანალოგიურად გამოიყურება.
ახალი ტიპის ჯავახურ ერთსართულიან სახლში, რომელსაც მხოლოდ საცხოვრებლის ფუნქცია აკისრია, სამეურნეო დანიშნულებას კვლავ ძველი, ბანიანი სახლიდან შემორჩენილი ნაგებობები ასრულებს. პირველყოვლისა ეს ითქმის ბოსელსა და საბძელზე. ძველებური ბანიანი სახლისათვის დამახასიათბელი ნაგებობანი (ფურნის გარდა, რომელმაც მოდერნიზაცია განიცადა) მოიშალა. მათი ადგილი დაიკავა პატარა ბაღ-ბოსტანმა.
ახალი ბინათმშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც ჯავახეთში მიმდინარე საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო, მონოგენურ უბნებად დასახლება საბოლოოდ იქნა მივიწყებული.  ახალ მოსახლეს მამა-პაპათა მიერ შექმნილი უბნის ვიწრო ჩარჩოები უკვე აღარ აკმაყოფილებს. და, რაც მთავარია,  დასახლების ამგვარ ტიპს ჩვენს ეპოქაში გამოეცალა ის სოციალური და ეკონომიკური საფუძველი, რომელმაც ესოდენ ხანგძლივად შემოინახა პატრონომიულ ურთიერთობაში აღმოცენებული მონოგენური ხასიათის უბან-კვარტალი. თანამედროვე სოფლის მოსახლეობის გაზრდილი კულტურულ-საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები ხალვათ ეზო-კარმიდამოს მოითხოვს. ასეთი ვითარების გამო ახალმოსახლეები მასიურად სახლდებიან კოლმეურნეობის მიერ გამოყოფილ საკარ-მიდამო ნაკვეთებზე, სადაც კოხტად ნაგებ თანამედროვე ტიპის სახლებთან ერთად ბაღ-ბოსტნებსაც აშენებენ. საცხოვრებელს საბოლოოდ ჩამოშორდა ისეთი სამეურნეო ნაგებობები, როგორიცაა ბოსელი და საბძელი. მათ ეზოს ფარგლებში მიუჩინეს საკუთარი ადგილი. ამრიგად, ჯავახური სოფელი თანდათან გაფართოვდა და გაიშალა, გამშვენიერდა და კეთილმოეწყო.  გაჰყავთ ახალი, შედარებით ფართო და სწორი ქუჩები, შენდება ახალი ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებანი - კლუბი, ბიბლიოთეკა, ზოგან კინოთეატრი და საყოფაცხოვრებო მოხმარების სახელოსნოები. მასიურად მიმდინარეობს სოფლებში ახალი წყალსადენის გაყვანა, შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს ტელეფონიზაცია და ა. შ.  რაც შეეხება ბინათმშენებლობას, იგი სულ უფრო და უფრო ფართოვდება და მოდიფიცირებულ სახეს იღებს.
XVII საუკუნიდან მოყოლებული, თითქმის XX საუკუნის ოცდაათიანი წლების ჩათვლით, ჯავახეთი ეკონომიურად დაკნინებულ და კულტურულად დაქვეითებულ მხარეს წარმოადგენდა. ჩვენი დროის 30-იანი წლებიდან იგი თანდათან წელში გაიმართა. სოფლის მეურნეობის ინტენსიფიკაციის შედეგად წარმოუდგენელად შეიცვალა და გაუმჯობესდა ჯავახეთის მშრომელი მოსახლეობის საოჯახო, სამეურნეო და საზოგადოებრივი ყოფა, კულტურულ-ეკონომიკური დონე. პირველყოვლისა, მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა ადგილზე დამაგრებულიყო. ბოლო მოეღო ეგრეთ წოდებულ თალანობას - იძულებით მიგრაციას, რაც ესოდენ დამახასიათებელი იყო რევოლუციამდელი პერიოდისათვის. გამუდმებული თავდასხმები და შიშიანობა სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიას. მოსახლეობამ სულიერად და ფიზიკურად მოისვენა. ჯავახეთში მყუდრო ცხოვრება დაიწყო, რასაც საუკუნეების მანძილზე ნატრულობდა ქართველი კაცი.
საქართველოში დაწყებული კულტურულ-სამეურნეო აღმავლობის საქმეს ჯავახეთმაც შეძლებისგვარად აუბა მხარი. ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში გაყვანილ იქნა ბევრი ახალი მოკირწყლულ-მოასფალტირებული შარაგზა, შესაბამისად გაფართოვდა და გასწორდა ძველი საკომუნიკაციო საშუალებანი, რის შედეგადაც შორეული სოფლებიც მტკიცედ დაუკავშირდა რაიონულ ცენტრებს - ახალქალაქსა და ბოგდანოვკას. კეთილმოეწყო რაიონული ცენტრები, პირველ რიგში, კი ახალქალაქი, რომელიც კვლავ დარჩა ჯავახეთის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად. თითქმის ყველა სოფელში დაინერგა თხევადი გაზის მოხმარება, რომელმაც თანდათანობით ამოაგდო ხმარებიდა ჯავახეთის მოსახლეობის ტრადიციული და ძირითადი საწვავ-სათბობი მასალა წივა. ყველა სოფელი ელექტროფიცირებულია. ინტენსიურად მიმდინარეობს სოფლებში კულტურულ-საგამანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა. ამჟამად ყველა სოფელს აქვს საკუთარი სკოლა, ბიბლიოთეკა, ფოსტა და კლუბი.
დიდი ძვრები მოხდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა გადანაწილების საქმეში.
უდიდესი გავრცელება ჰპოვა ეკონომიკური პოტენციალის მქონე კულტურამ - კარტოფილმა, რომელსაც სულ უფრო და უფრო მეტი სახნავ-სათესი სავარგულები ეთმობა. ასევე დიდ ფართობებზე ითესება საქონლის საკვები ერთ და მრავალწლიანი ბალახეული. ჯავახეთი ხომ მესაქონლეობის ერთ-ერთ ყველაზე დიდსა და ვრცელ რაიონს წარმოადგენს. ბუნებრივად ნოყიერ იალაღებს, რომლებსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია უკავიათ, დაემატა ხელოვნურად ნათესი საძოვრები. ამჟამად ორივე ტიპის საბალახოებს დიდი ყურადღება ექცევა. სასილოსედ და სასენაჟედ გათვალისწინებულ მცენარეულობასთან ერთად საკმაო რაოდენობით ითესება ძვირფასი და მაღალკალორიული სამყურა, იონჯა და სხვა ბალახეული, რამაც ყველა პირობა შეუქმნა მესაქონლეობის ინტენსიურ განვითარებას. მესაქონლეობის ბაზაზე ჯავახეთში შეიქმნა რამდენიმე რენტაბელური სარძევე მეურნეობა, სადაც მიღებული მაღალცხიმოვანი რძე ყველ-კარაქის ქარხნებში და მის გადასამუშვებელ პატარა პუნქტებში იგზავნება ახალქალაქის, ბოგდანოვკის, ბეჟანოს, გორელოვკისა და სხვა ყველ-კარაქის ქარხნებში მზადდება მაღალხარისხოვანი ევროპული ტიპის ნაწარმი, აგრეთვე თუშური ყველი და სულგუნი.
XVIII საუკუნის პირველი ნახევრის ჯავახეთი, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამოფოსა საქართველოსას“ მიხედვით, უხილბოსტანო ქვეყანას წარმოადგენდა. იგი წერდა, რომ “...ჯავახეთი არს, ვითარცა თრიალეთი, უვენახო, უხული-უტყეო...“ თავისი გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივ-კლიმატური პირობების გამო, იშვიათი გამონაკლისის გარდა (მხედველობაში გვაქვს ვარძიის შემოგარენში არსებული ბაღები და უკვე ხსენებულ ტერასებზე გაშენებული მცირე ბაღ-ბოსტნები), ხილი და ბოსტნეული ამ ქვეყანაში მართლაც „უცხო ხილს“ წარმოადგენდა. რაზედაც, სხვათა შორის ერთი ძველებური ნათქვამიც მეტყველებს:

ჯავახეთის ხილიო,
ძირტკბილა და ღიმიო.

ჯავახელთა დუხჭირი ცხოვრება, ისტორიას ჩაბარდა. თანამედროვე ჯავახეთში, განსაკუთრებით ახალქალაქის რაიონისა და ნაწილობრივ ბოგდანოვკის სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი პატარა ბაღ-ბოსტნები აქვს გაშენებული. ჯავახეთის კლიმატს კარგად შეეგუა ალუბალი, ასტრახანული და რენეტის ჯიშის ვაშლი, თარიჯული მსხალი. ყველა ოჯახს საკმაო რაოდენობით მოჰყავს ხახვი, სტაფილო, ბოლოკი და მწვანილეული.
აღმავლობას მიაღწია ოდითგანვე მომდინარე მეფუტკრეობამ, რომელი სათანადო ხელშეწყობის პირობებში მუდამ დიდსა და ძვირფას მოსავალს იძლეოდა. თანამედროვე აგრო-სამკურნალო პროფილაქტიკის დანერგვის შედეგად მოისპო მეფუტკრეობის ინტენსიურად წარმოების ხელისშემშლელი ავადმყოფანი - ე. წ. სიდამპლე და ნოზმატოსი, რის შედეგადაც ერთი-ორად იმატა ღალიანობამ. ჯავახეთში არც ისე იშვიათია, როცა ერთი სკიდან 30-35 კგ თაფლი ამოდის. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჯავახეთში თითქმის აღარ არის ისეთი ოჯახი, რომელსაც რამდენიმე სკა ფუტკარი არ ყავდეს.
მართალია ჯავახეთი ჯერ მთამადნეულით მდიდარ მხარედ არ ითვლება, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ სულ ახლო მომავალში აქაც აღმოჩნდეს ძვირფასი წიაღისეული სიმდიდრე.  ასეთი ვითარების მიუხედავად, მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჯავახეთში საერთოდ არ წარმოებს საბადოების დამუშავება. მაგალითად, საკმაო რაოდენობით მოიპოვება კირქვა, ვულკანური წარმოშობის ქვამასალა და ასევე ვულკანური წარმოშობის მასალა პემზა, რომელიც დიდად საჭირო წიაღისეულია მრეწველობისათვის. 1956 წელს აზავრეთში აშენდა კირის ქარხანა, რომლის ნაწარმსა და ოკამის პენზოშლაკის პროდუქციაზე თანდათანობით იზრდება მოთხოვნილება.

გარდა აღნიშნულისა, ყველ-ქარხნების ქარხნებზე რომ აღარაფერი ვთქვათ რაიონულ ცენტრებში მუშაობს სამკერვალო ფაბრიკები, ხე-ტყის სახერხი ქარხნები, ავტოსარემოენტოები და სხვა დანიშნულების საწარმოები. მეკარტოფილეობის ბაზაზე ახალქალაქში მოქმედებს სახამებლის საწარმო, აქვეა ლუდის, ავეჯის, ლიმონათის ქარხნები და თბილისის ფეხსაცმლის ფაბრიკა „ისანის“ ფილიალი.  ჩვენ აქ არ გვიხსენებია კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებანი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტები, რომელთა ფილიალები ორივე რაიონის უმთავრეს სოფლებში მოქმედებს. ეჭვი არ არის, რომ სულ ახლო მომავალში, როცა ექსპლუატაციაში შევა თბილის-ახალქალაქის რკინიგზა, ჯავახეთი ეკონომიკურად და კულტურულად უფრო განვითარდება და მხარში ამოუდგება საქართველოს მოწინავე რაიონებს.

 



სტატიის ავტორი – თეიმურაზ ჩიქოვანი;
სტატია აღებულია წიგნიდან – „ჯავახეთი“, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1982 წელი.

 

 


megobari saitebi

   

27.09.2015