ქართული ხელოვნების განვითარების ისტორიაში ერთ-ერთი საინტერესო პერიოდია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის ხანა. ამ დროს საქართველოში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ქვეყანა ახალ ისტორიულ რეალობაში აღმოჩნდა. კულტურის, ხელოვნების განვითარება საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებში მოექცა. სოციალ-პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების კონტექსტი. არსებითი იყო ის, რომ ამ 70 წლიანი პერიოდის განმავლობაში მეტ-ნაკლები სიმკაცრით იზღუდებოდა კონტაქტი გარე სამყაროსთან. დასახული იყო ამოცანა ახალი ადამიანის, საბჭოთა მოქალაქის მორალური სახის შექმნისა. ეს იდეოლოგია გულისხმობდა ტრადიციული ფასეულობების უარყოფას და სოციალისტური იდეოლოგიისადმი ერთგულებას. ახალი საბჭოთა იდეალები უმაღლესი საკაცობრიო ღირებულების მქონედ იყო დასახული და ხელოვნებაც ამ თეზის განმტკიცების სამსახურში მოიაზრებოდა.
|
|
akaki xoravas saxelobis Teatri |
akaki xoravas saxelobis Teatri |
ამდენად საბჭოთა პერიოდში ხელოვნება და ასევე არქიტექტურა ისტორიული მდგომარეობის შესაბამისად ვითარდებოდა. ის კონტაქტები მსოფლიოსთან, რომლითაც საზრდოობდა ქართული ხელოვნება საუკუნეების მანძილზე, ამ დროს შეზღუდული იყო, რამაც, ცხადია, თავისი გავლენა იქონია. საბჭოთა ხანაში ისტორიული პროცესების შესაბამისად გამოიყოფა რამდენიმე ეტაპი. განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. სტალინური პერიოდი, რომელიც იყოფა ომამდე და ომისშემდგომ ეტაპებად. ამ დროს აგებული შენობები გამოირჩევა მონუმენტურობით, პომპეზურობით, რაც ადამიანზე ზემოქმედების გარკველ საშუალებას ქმნიდა. ნაგებობების მასშტაბი წარმოაჩენდა მის მნიშვნელობას და ერთგვარად დამთრგუნველადაც კი მოქმედებდა. ამდენად ეფექტურად გამოიყენებოდა ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფაქტორი. განსაკუთრებით წარმატებით მიმართავდნენ ამგვარ ხერხს ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ, რასაც ბუნებრივია ობიექტური კონტექსტიც გააჩნდა. მტრის დამარცხება და ომში გამარჯვების მოპოვება რეალურ საფუძველს ქმნიდა შესაბამისი იდეური განწყობის ფორმირებისათვის. შედეგად იქმნება საზეიმო, პომპეზური ნაგებობები, რომელიც კარგად გამოხატავდნენ გამარჯვებულის პოზიციას. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მშენებლობა არა მხოლოდ დიდ ქალაქებში მიმდინარეობს, არამედ ფართოდ იშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატარა ქალაქებსა თუ რაიონულ ცენტრებშიც. გამოიყენება მრავალფეროვანი არქიტექტურული საშუალებები. ნაგებობები იგება მდიდრული მასალით, უხვად იმკობა ორნამენტებით და შემკულობის სხვა საშუალებებით. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ოფიციალურ ნაგებობებს გამოარჩევს. ამ დროს სოფლებშიც კი აშენებენ საკმაოდ დიდი ზომის ე.წ. კულტურის სახლებს, რომელთა მთავარი ფასადები უმეტესად მასიური სვეტებით, ფრონტონით და სხვა არქიტექტურული ელემენტებით იყო გაფორმებული.
|
|
WaRi akaki xoravas saxelobis TeatrSi |
WaRi akaki xoravas saxelobis TeatrSi |
ამ ხანაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში იგება თეატრისათვის განკუთვნილი შენობები. მასების კულტურული ცხოვრების წარმართვას დიდ ყურადღებას ანიჭებდნენ. თეატრიც იდეოლოგიის სამსახურში მოიაზრებოდა. ამ დროს აიგო თეატრები ქუთაისში, ბათუმში, ჭიათურაში და სხვა. მათ შორისაა თეატრი სენაკში, რომელიც შედარებით ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის, და დღეს ჩემი მოხსენების საკვლევ ობიექტს წარმოადგენს. მისი მშენებლობა 50-იანი წლების ბოლოს დასრულდა, ამდენად, უშუალოდ სტალინურ პერიოდს არ განეკუთვნება, თუმცა მისი აგების განზრახულობა და ჩანაფიქრი უთუოდ სწორედ ამ პერიოდში ჯდება.
|
akaki xoravas saxelobis Teatris darbazi |
როგორც ცნობილია, თეატრს დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების ცხოვრებაზე, მათ განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. ამდენად მისი როლი დიდია საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ მხრივ გასაგებია თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მისი დაარსება ისეთ პატარა ქალაქში, როგორიცაა სენაკი. ვიდრე აქ შესაბამისი შენობა აიგებოდა თეატრალური დასი თავის წარმოდგენებს მართავდა სასტუმროს შენობაში. ხოლო 1959 წელს კი აიგო დღევანდელი თეატრი. ამდენად, როგორც ჩანს სენაკში უკვე არსებობდა დასი, რომელმაც ახალი შენობის აგების შემდეგ ფუნქციონირება აქ გააგრძელა. ამას გარდა ამ ნაგებობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებიც იმართებოდა.
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის არქიტექტორია ვახტანგ გოგოლაძე. ნაგებობა აგებულია სენაკის ცენტრალურ მოედანზე, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას, და გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. შენობა სამსართულიანია, მაყურებელთა დარბაზს ცენტრალური არე უჭირავს. ის წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და 500 მაყურებელს იტევს. მის ორივე მხარეს განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების დამხმარე ოთახები. სარეპეტიციო ოთახები, მსახიობების, რეჟისორის ოთახები, დირექტორის კაბინეტი, საგრიმიორო, სამდივნო, გარდერობები, საპირფარეშოები, სცენა, ფოიეები, ვესტიბიული და სხვა. მისი გეგმა ითვალისწინებს სასურველ პირობებს, როგორც მაყურებლისთვის, ისე მსახიობთა და ტექნიკური პერსონალისთვის. მაყურებელთა და სასცენო ნაწილები შეიცავს თითქმის ყველა სავალდებულო სადგომს და ორგანულად უკავშირდება ერთმანეთს. ფოიეების, ვესტიბიულების სახე საზეიმო ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით სვეტების და პლაფონის დამუშავება გამოირჩევა მხატვრული თვალსაზრისით. ისინი დეკორაციულ აქცენტებს სხვამენ ინტერიერის საერთო სივრცეში. აქაა გამოყენებული პილასტრები, რომლებიც მხატვრულად ანაწევრებენ შიდა სივრცეს. მოხატულია ვესტიბიულის და საკონცერტო დარბაზის ჭერი 1980 წელს დიმიტრი ბარქაიას მიერ. თეატრის ფასადი საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს, აქ გამოყენებულია ორდერული სისტემა, სხვადასხვა ფორმის სარკმლები, ფრონტონიანი პორტიკი, რელიეფური ორნამენტები. განსაკუთრებით ხაზგასმულია ცენტრალური შესასვლელი დიდი სარკმლით, ფრონტონით და რელიეფური ორნამენტით, სადაც გამოსახულია ნიღბები, ცხენის და ადამიანის თავები, ვიოლინო და ფანდური. გვერდითა ფასადის საერთო დანაწევრება და მორთულობა მსგავსია მთავარი ფასადისა, აქაც ორდერული სისტემა მონაწილეობს ფასადის დანაწევრებაში. დანარჩენი ორი ფასადი მორთულობის გარეშეა, რადგან თეატრს სხვა შენობები ემიჯნება და ამდენად არაა აღქმადი.
|
|
akaki xoravas saxelobis Teatris kapitelebi |
akaki xoravas saxelobis Teatris kapitelebi |
ამდენად, ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მონუმენტური, პომპეზური ნაგებობის შექმნისკენ მისწრაფება აქ აშკარად იგრძნობა, რის მისაღწევადაც არქიტექტორი იყენებს სხვადასხვა მხატვრულ საშუალებებს, ორდერულ სისტემას, ფასადების რელიეფებით მორთვას, იტერიერის გაფორმებას მოხატულობითა თუ სხვადასხვა მხატვრული ელემენტებით. აქედან გამომდინარე ნაგებობა გამორჩეულია და დომინანტურ როლს თამაშობს მთელ განაშენიანებაში. ამჟამად თეატრი ცუდ მდგომარეობაშია, ის ჯერ 1991 წლის მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ 2008 წელს ომის პერიოდში თეატრის მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა, რამაც მანამდე არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. დაზიანებული ნაწილები აღდგენილ იქნა, თუმცა პრობლემები სრულად არ აღმოფხვრილა, ნესტისგან დაზიანებულია კედლები, არ არის ნორმალური მუშაობის პირობები. არ არსებობს გათბობა, წვიმის დროს წყალი ჩადის სცენაზე და სხვა მსგავსი პრობლემები მოუგვარებელია. ამდენად, მიუხედავად შენობის იერის მონუმენტური, პომპეზური ხასიათისა ის პრობლემები, რაც აქ არსებობს ხელს უშლის შენობის მთავარი დანიშნულებით გამოყენებას, მის ფუნქციონირებას. მართალია, თეატრალური წარმოდგენები კვლავ იმართება, მაგრამ მსახიობებს მძიმე პირობებში უწევთ მუშაობა. თეატრს პირველადი აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა: გაკეთდა სახურავის რეაბილიტაცია და დამონტაჟდა სადრენაჟე სისტემა. 2016 წელს სამუშაოები გაგრძელდება და შენობა სრულად რეაბილიტირდება. რამდენიმე წლის წინ თეატრს, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობებისა, გვერდით მიუშენეს სასტუმრო, რაც გაუმართლებელია, რადგან ამახინჯებს საერთო ხედს და ხელს უშლის თეატრის აღქმას.
სენაკის თეატრი გამოირჩევა მონუმენტური ხასიათით, თუმცა აქ უფრო ჩანს სტილის ერთიანობა. გამოყენებულია კლასიკური ხუროთმოძღვრული ელემენტები. საინტერესოა ის, რომ ადგილობრივები მას პატარა ერმიტაჟს უწოდებენ და საერთო ხასიათით მსგავსება მართლაც აღინიშნება. ეს ეხმიანება არქიტექტორის მიზანს შექმნას საზეიმო ხასიათის შენობა. თავისი ამგვარი გააზრებით სენაკის თეატრი ე.წ. სტალინური პერიოდის მეორე ეტაპის ნაგებობებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ავლენს.
უდაოდ საინტერესოა სენაკში ამ ნაგებობის აგების კონტექსტი, როგორც ჩანს ეს იყო დიდი დაკვეთა, სურვილი აშენებულიყო რეპრეზენტატიული ხასიათის შენობა და არქიტექტორი ამის განსახორციელებლად მიმართვავს ძველ სტილებს, იყენებს სტალინური პერიოდისთვის დამახასიათებელ მორთულობის ელემენტებს, რათა შექმნას მონუმენტური შენობა, რომელიც ქალაქის ურბანულ სივრცეში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ეს იყო სენაკის ურბანული სივრცისთვის უცხო სტილისტიკის ნაგებობა, თუმცა დროთა ვითარებაში მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა და მთავარი მოედნის იერსახის განმსაზღვრელი გახდა. აღსანიშნავია, რომ მოედნის უკვე ფორმირებულ სახეში ახალი დისონანსური ელემენტი გაჩნდა XXI საუკუნეშიც, აქ აიგო სასტუმრო, რომლის არქიტექტურული სახე და მხატვრული დონე არ შეესაბამება მთავარი მოედნის ხასიათს.
ამრიგად, სენაკის თეატრის განხილვამ წარმოაჩინა სტალინური ეპოქის არქიტექტურის სახასიათო პრობლემატიკა. მასზე დაყრდნობით შეგვიძლია ვიმსჯელოთ როგორია კონტექსტის გააზრება, რა ამოცანა იყო არქიტექტორის წინაშე დასახული და როგორ ხდებოდა ამ ამოცანების განხორციელება ძველი სტილების საშუალებით. მნიშვნელოვანია ფუნქციური და მხატვრული საკითხების გადაწყვეტის წარმოჩენა. ნათელი ხდება ისიც რომ, პრიორიტეტულია დეკორისადმი დიდი ყურადღება. ყოველივე ეს ნაკლებად ცნობილი ძეგლის მაგალითზე ნათლად წარმოაჩენს ეპოქის ხასიათს. დროითი დისტანცია საბჭოთა პერიოდს, მათ შორის სტალინური პერიოდის არქიტექტურას უაღრესად საინტერესოდ წარმოაჩენს, ისტორიული, პოლიტიკური, კულტურის და ხელოვნების შესწავლის კუთხით.
ბიბლიოგრაფია
1. ნ. ჯამბერიძე - ქართული საბჭოთა არქიტექტურა;
2. ვ. ცაგარელი - საქართველოს საბჭოთა არქიტექტურა;
3. ი. ციციშვილი - სათეატრო შენობები.
სტატიის ავტორი – მზეონა ჩხეიძე; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი; ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნათელა ჯაბუა.
ფოტოების ავტორი – მზეონა ჩხეიძე;.
|