საქალაქო საცხოვრებელი სახლი

ყველა ძველი ავტორი, ვისაც თბილისის შესახებ რამე დაუწერია, საგანგებოდ აღნიშნავს, რომ აქაური საცხოვრებელი სახლები ბანიანი იყო. XVII ს-ის შუა წლებში ევლია ჩელების ცნობით, თბილისში 900 ბანიანი სახლი იყო. XVIII საუკუნის 700-იან წლებში გიულდენშტედტი აღნიშნავს, რომ თბილისური სახლების “სახურავები სწორია – თიხით დაფენილი”, ხოლო კაპიტან იაზიკოვის თვალში ხვდება, რომ ჭერს ზემოთ სახურავს არ აკეთებენ; იგი აგრეთვე წერს, რომ ქალებს ჩვეულებრივად აქვთ ბანზე ჯდომის ტრადიცია. ამას სხვა ავტორებიც აღნიშნავენ. ბანიანი სახლები (ზედ მსხდომი და მოცეკვავე მანდილოსნებითურთ) დამოწმებულია XIX საუკუნის ჩანახატებსა და სურათებში.
მაგრამ წერილობითი ცნობები და ზოგი გრაფიკული მასალაც გვიჩვენებს, რომ ეს ბანიანი სახლები ყველა ერთი ტიპის არ იყო და, რომ მათი სახურავიც ნამდვილ ბანს არ წარმოადგენდა. დასტურდება ორი ძირითადი ტიპის არსებობა: ერთია დ ა რ ბ ა ზ ი, მეორე – ე. წ. შ ი რ ვ ა ნ უ ლ ა დ დახურული სახლი, ე. ი. ბრტყელბანიანი, სარკმლიან-ბუხრიანი, სახლი. შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ორი ტიპი არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
ა) დ ა რ ბ ა ზ ი. უკვე XIV ს-ში ტექსტებში იხსენიება “ტფილისურითა წესითა დარბაზოვანი “კონსტრუქცია, რაც უეჭველია, გვირგვინოვან გადახურვას უნდა ნიშნავდეს.  დ ა რ ბ ა ზ ი იხსენიება XVII-XVIII საუკუნეთა უამრავ საბუთში, რომლებიც თბილისელ მოქალაქეთა მიერ სახლების ყიდვა-გაყიდვას შეეხება (ჩანს, რომ დარბაზებში ვაჭრები და ხელოსნები ცხოვრობდნენ). არსებობს გერმანელი მხატვრის კარლ ცაარის ნახატი, უკვე რამდენიმეჯერ გამოქვეყნებული, რომელიც ასახავს ფორაქიშვილების დარბაზის ინტერიერს (ეს დარბაზი ავლაბარშია, ახლანდელ ჩეხოვის ქუჩაზე).
გორის სახლები XIX საუკუნის პირველ წლებში აღწერილი აქვს კლაპორტს. “სახლები უმეტეს წილად, მიწის ზემოთაა, ისევე, როგორც თბილისში და შედგება ორი-სამი საჟენის სიმაღლის ქვითკირის ოთხი კედლისგან, რომელთა შუა კონუსური, რამდენიმე საჟენის სიმაღლის, კედლების სიგანესთან შეფარდებული საკვამურია ამოყვანილი: აქედან სამი ფუტის სიგანის ხვრელით კვამლი გამოდის და შუქი და წვიმა ჩადის. საკვამურის ქვეშ ცეცხლი ანთია. ეს არის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ტიპი.
ძველი დარბაზების ნარჩენები შეიძლება აღმოვაჩინოთ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მაგ: დუშეთში (ჭიკაიძეების ძველი დარბაზი შაუმიანის ქუჩაზე, რომელსაც XIX საუკუნის შუა წლებში გვირგვინი მოხსნეს და მეორე სართული დააშენეს. პირველი სართულის მშვენიერ ინტერიერში ჯერ კიდევ ბევრი საინტერესო ძველი ნაწილია გადარჩენილი).
ახალციხის რაბათში, როგორც ცნობილია, ბოლო დრომდე გადარჩა შესანიშნავი დარბაზები, რომლებიც, უეჭველია, იქაც ძველ ტრადიციას აგრძელებს. სწორედ ამიტომ – როგორც ერთადერთ რეალურად ხელშესახებ მასალას – ახალციხურ დარბაზებს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
თბილისის დარბაზების გეგმარების ხასიათი ჩვენთვის უცნობია. მარტო ფორაქიშვილების დარბაზი, ისიც გადაკეთებული, საამისოდ არ კმარა. მაგრამ საბუთების მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ დარბაზული საცხოვრებელი ერთოთახიანი კი არ იყო, როგორც ქართლის სოფლური დარბაზების უმეტესობა, არამედ მრავალნაწევრიანი, მსგავსად ახალციხის დარბაზებისა. ყოველი დარბაზის აუცილებელი ატრიბუტია დ ე რ ე ფ ა ნ ი, რომელიც ყოველთვის წინაა მოთავსებული. ქართლის გლეხურ დარბაზებში დერეფანი სვეტებიანი, ზემოდან გადახურული პორტიკია. თბილისში ასე არ უნდა ყოფილიყო. დერეფნის საგანგებოდ ცალკე მოხსენიება (თითქმის უკლებლივ ყველა საბუთში) იმას მოწმობს, რომ ეს დამოუკიდებელი სადგომია – ისევე, როგორც ახალციხის დარბაზებში: ერთგვარი ჰოლი, რომელიც წინ უძღვის თვით დარბაზსა და სხვა ოთახებს. ამასვე ადასტურებს ერთი საბუთი, სადაც ცალკეული სადგომის ფართობია ჩამოთვლილი: დერეფნის ფართობი თვით დარბაზის ფართობის ნახევარს აღემატება (დარბაზი 48 კვადრატული ადლია, დერეფანი – 27). საკუთრივ დარბაზს და, საერთოდ საცხოვრებელ ოთახებს, რომელთაგანაც ზოგი ალბათ უგვირგვინოც იყო, ერთვოდა სამეურნეო დანიშნულების სადგომები. ტექსტები მოწმობს, რომ ეს სადგომები და დარბაზი ერთ შენობაში იყო გაერთიანებული; ნასყიდობის წიგნებში იხსენიება: “მთელი დარბაზი და შიგნით მარანი და სათორნე”; “მოგყიდე პატარა დარბაზი, შიგნით სათორნე.”
ამ სავალდებულო ს ა თ ო რ ნ ე ს ა  და  მ ა რ ა ნ ს გარდა, გვხვდება ს ა კ უ ჭ ნ ა ო ც, ს ა ჯ ი ნ ი ბ ო ც, ს ა ბ ძ ე ლ ი ც, შ ე შ ი ს  ო თ ა ხ ი ც, ა ნ ბ რ ი ს  ს ა ხ ლ ი ც (ე.ი. ბეღელი), თუმცა ნათლად არ ჩანს, ესენიც (მაგ. საჯინიბო) დარბაზთანაა შეერთებული, თუ შეიძლება ცალკეც იყოს. საბუთებში არ იხსენიება ბოსელი, რომელიც სოფლის დარბაზებს ქონდა. შესაძლებელია, ეს ერთი სპეციფიკური ნიშანთაგანიც იყოს თბილისური დარბაზის, სოფლურისაგან განსხვავებით, გამოწვეული ქალაქური ცხოვრების თავისებურებებით. სამაგიეროდ, ეტყობოდა, ძალიან ხშირი იყო, თუ აუცილებელი არა, ს ა რ დ ა ფ ი, რომელიც ჩვეულებრივ დერეფნის ქვეშ თავსდებოდა: “დერეფანი და მის ქუეშეთ სარდაფი”; “ერთი დარბაზი და დარბაზის წინ დერეფანი და ქვეშა სარდაფი”. საფიქრებელია, რომ ეს სარდაფები, უმეტეს წილად მაინც, კამარაოვანი იყო. ზოგს შეიძლება მარნად იყენებდნენ (როგორც ახალციხის ერთ დარბაზშია), ზოგს საკუჭნაოდ, ზოგს კი უეჭველია, ს ა ყ ი ნ უ ლ ე დ, ე. ი. მაცივრად.
დარბაზთან ერთად თითქმის ყოველთვის იხსენიება ეზო და, ზოგჯერ, ბაღჩაც: “... დარბაზის გარეთი…ეზო, ეზოსთან ბაღი და გარეთი ჭიშკარი”. ეტყობა, რომ ეზოც და ბარიც, ჩვეულებრივ, ქუჩის მხარეს იყო. ერთი ძველი ჭიშკრის ნაწილი დღემდეა გადარჩენილი: ვერცხლის ქუჩაზე.
დამაფიქრებელია ორი სხვა ტერმინი, რომელიც აგრეთვე დარბაზთან იხსენიება ზოგჯერ: ე ი ვ ა ნ ი და ტ ა ხ ტ ი: “დარბაზში ორი ოთახი, იმ ოთახების ბანზე ეივანი, ეივნის წინ ტახტი და ეზო…”.
ტახტის შესახებ მოსაზრება აქვს გამოთქმული მამისა ბერძენიშვილს: “ტახტი, ჩვენი აზრით, თანამედროვე აივნის მსგავს ნაგებობას ერქვა. ტახტი შენობის გარეთაა, შენობაზე მიბჯენილი, მას სახურავი არა აქვს. იგი ბოძებით არის მიწაზე ამოშენებული, ტახტი ალბათ უფრო საწოლად იყო გამოყენებული და ამიტომ ერქვა ამ ნაგებობას ეს სახელიო”. ეივანი კი (იგივე აივანი), უეჭველად, მეორე სართულის დონეზე უნდა ყოფილიყო გადმოკიდებული.
ასევე, დარბაზებში არსებობს რაღაც “შ ა ნ ი შ ა ნ ი”: “დიდი დარბაზი მარნითა და შანიშინითა”. სასახლეებში შანიშანი მეფეთა საჯდომს, ამაღლებულ ტახტს ნიშნავდა, მაგრამ როგორ იყო ის რეალურად მოწყობილი ჩვენთვის ეს უცნობია.
როგორი იყო ოთახების განლაგება დარბაზის კომპლექსში? ახალციხური დარბაზის ანალოგიით შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ განლაგებას თავისუფალი ხასიათი ქონდა და არ იყო დაკავშირებული ფასადის ფრონტთან. ამასვე გვაფიქრებინებს ცალკეული მესაკუთრის მიწის ნაკვეთთა სრულიად შემთხვევითი და უწესრიგო მოხაზულობა, რაც თბილისში დოკუმენტურად დადასტურებულია XIX საუკუნის პირველ ათეულ წლებში, მაგრამ ადრინდელი ვითარების ამსახველიც უნდა იყოს. დარბაზი, ე. ი. გვირგვინიანი ოთახი, მაინც ის ბირთვი იქნებოდა, რომლის გარშემოც ჯგუფდებოდა სხვა ოთახები. დამახასიათებელი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე, ცალფასადიანობა – ეს, საერთოდ ყველა დარბაზისათვის ნიშანდობლივია, მით უფრო, თუ იგი მთის ფერდზეა მიყრდნობილი.
საკუთრივ დარბაზის ინტერიერზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მხატვარ ცაარის ჩანახატით. ეს ორბოძიანი (1+1) დარბაზია, შედარებით წვრილი და მაღალი ბოძებით, რომელთაც პროფილირებული გვერდები და სადა (უორნამენტო) წინა პირები აქვთ. გვირგვინი დარბაზის მხოლოდ შუა ნაწილს ადგია, იგი თორმეტკუთხოვანია, კუთხური წყობის (ლ. სუმბაძის კლასიფიკაციით). ისევე, როგოც მესხური ტიპის ინტერიერებში, აქაც ბუხარი უნდა ყოფილიყო და არა შუაცეცხლი-კერა (ცაარის დროს უკვე ჰოლანდიური ღუმელი იდგა). კედლების დასამუშავებლად უმთავრესი მოტივი კედლის განჯინები და წალოებია, ანუ იგივე მოტივი, რაც ფეოდალთა სასახლეებში იყო; მას გლეხის დარბაზშიც შევხვდებით, სხვა ტიპის ქართული სახლების ინტერიერებშიც; როგორც მხატვრული ღირებულების კომპონენტი და წმინდა პრაქტიკული დანიშნულების მქონე ელემენტი, იგი მტკიცედ იყო ფესვგადგმული. ტრადიციულია მათი ორ რეგისტრად განლაგებაც: ქვემო რიგი ხისკარიან განჯინებს უჭირავს (კარების ზედა ნაწილები აჟურულია), ზემო რიგი – მრუთარგის პროფილიანი ჰორიზონტალური თაროს ზევით – ღია ნიშებს ეკავათ: სწორკუთხა ჩარჩოში ისრული თაღის ირანულმა მოტივმა აქაც შემოაღწია.
კედლების ამგვარი რიტმული დამუშავება ტიპიური უნდა ყოფილიყო არა მარტო დარბაზისთვის, არამედ შირვანული სახლისთვისაც. იგი ინარჩუნებდა ძალას უფრო გვიანაც, XIX საუკუნეში. ასევე, უფრო საფიქრებელია, რომ თბილისში, უმეტესად მაინც, ბუხრიანი და არა კერიანი დარბაზი იქნებოდა გავრცელებული.
ბ) შ ი რ ვ ა ნ უ ლ ი  ს ა ხ ლ ი. XVIII საუკუნის თბილისურ საბუთებში გვხვდება: “მამაპაპათ ნაქონი ერთი შირვანის სახლი და მისი სათორნე”, რომელსაც დალაქი ყიდულობს. “ერთი შირვანული დახურვილი სახლი, ქვეშ სარდაფი, სათორნე, თავისი ეზოთი და ჭიშკარით”; “ერთი შირვანული დარბაზი და ორი პატარა ოთახი”; “ერთი შირვანული დარბაზი და წინ დერეფანი და ეზო”.
თვით სახელწოდება მოწმობს, რომ ამ ტიპის სახლი, უფრო სწორად, მისი გადახურვა, უცხოეთიდან – შირვანიდან – შემოსულად იყო მიჩნეული.
რა განსხვავება უნდა იყოს შირვანულ სახლსა და დარბაზს შორის? ეტყობა, მთავარია ის, რომ გ ვ ი რ გ ვ ი ნ ი ს  ნაცვლად აქ ბ რ ტ ყ ე ლ ი  ჭ ე რ ი ა, ზ ე მ ო  ს ა რ კ მ ლ ი ს  ნ ა ც ვ ლ ა დ  კი  კ ე დ ლ ი ს  ს ა რ კ მ ლ ე ბ ი. გარედან ასეთ ს ა ხ ლ ს  ს რ უ ლ ი ა დ   ბ რ ტ ყ ე ლ ი  ბ ა ნ ი  ა ქ ვ ს, განსხვავებული დარბაზის ბანისგან, რომლის შუაშიც გვირგვინის სარკმლის კონუსია აწოწილი. ასეთ სახლს აღწერს გიულდენშტედტი: “სახლები ნაგებია აგურისა და ფილაქნებისგან, თიხანარევი კირით, ერთსართულიანია, დაახლ. 15 ფუტის სიმაღლის; ს ა ხ უ რ ა ვ ე ბ ი  ს წ ო რ ი – თ ი ხ ი თ  დ ა ფ ე ნ ი ლ ი; ო თ ა ხ ე ბ ს აქვთ ბუხარი და ფანჯრებზე, შუშის მაგიერ, გაქონილი ქაღალდებია. ყველაფერი არის მსუბუქი, ცუდი, ტლანქი და ძალიან შეუხედავად ნაშენი.”
შირვანული სახლი უფრო მარტივი და უფრო ღარიბული იყო, ვიდრე დარბაზი. ამას ადასტურებს გიულდენშტედტის აღწერაც.
მაგრამ შირვანულ სახლებშიც (ან სახლებთანაც) იყო სამეურნეო დანიშნულების სადგომები: საბუთებში დასახელებულია სათორნე, საბძელი, სარდაფი, თავლა, ეზო და ჭიშკარი.
რა თქმა უნდა თბილისური საცხოვრებელი სახლები ამ ორი ტიპით არ განისაზღვრებოდა არსებობდა ასევე ორსართულიანი სახლებიც აივნით ან ერკერებით.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებს შეეხება. დასავლეთ საქართველოს ქალაქებისთვის კი არავითარი მასალა არ გაგვაჩნია; არც წერილობითი საბუთი ჩანს  და არც რეალური ნაშთებია გამოვლენილი.




სტატიის ავტორი – ვახტანგ ბერიძე;

მასალა აღებულია წიგნიდან – „XVI-XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება“, Iტ, თბილისი, 1983წ;     
მასალა ადაპტირებულია თამარ სარიშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge;

 


megobari saitebi

   

01.10.2014