ქრისტიანული ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი

კონსტანტინე დიდის მიერ 313 წლის მილანის ედიქტით ქრისტიანული სარწმუნოების ოფიციალურ რელიგიად აღიარებით დაიწყო ახალი ერა ქრისტიანობის ისტორიაში. ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ღვთისმსახურების ფორმირებისა და განვითარებისათვის. უპირველესად დადგა ქრისტიანული ტაძრის მშენებლობის საკითხი. ერთ-ერთი პირველი არქიტექტურული ტიპი, რომელიც ქრისტიანულმა ხუროთმოძღვრებამ ეკლესიის მშენებლობისათვის გამოიყენა, იყო ბაზილიკა.
ქრისტიანული ეკლესიის, როგორც არქიტექტურული ნაგებობის, სტრუქტურაში უმთავრესია ორი არსებითი ნაწილი _ საკურთხეველი და დარბაზი მლოცველთათვის. პირველი ეკლესიის საკრალური, ხოლო მეორე მორწმუნეთა შესაკრები ადგილია. საკურთხეველი ორი სახისაა – სწორკუთხა და აფსიდის ფორმის. დარბაზს მლოცველთათვის სხვადასხვა კომპოზიციური გადაწყვეტა შეიძლება ჰქონდეს. ამას გარდა სხვადასხვა არქიტექტურული ტიპის საეკლესიო ნაგებობებში გამოიყენება განსხვავებული ფუნქციონალური დანიშნულების მქონე ნაწილები, როგორიცაა სანათლავი, ნართექსი, პატრონიკე, სტოა, გალერეა, გარშემოსავლელი, კარიბჭე და სხვა. საეკლესიო ხუროთმოძღვრებაში არქიტეტექტურული ტიპის რაობას განსაზღვრავს ძირითადი მახასიათებელი. მაგალითად, ოთხი აფსიდა ტეტრაკონქის, სამი აფსიდა ტრიკონქის, ხუთზე მეტი აფსიდა მრავალაფსიდიანის, ნაგებობის ჯვრული კონფიგურაცია თავისუფალი ჯვრის ტიპის ძეგლებში. რაც შეეხება ბაზილიკის არქიტექტურული ტიპს, მისი არსებითი მახასიათებელია საყრდენების ლუწი რიგის მეშვეობით ნავებად დაყოფილი მლოცველთა დარბაზი. გამოიყენება ნავების პროპორციული ურთიერთდამოკიდებულების, მათი გადახურვის, საყრდენების ფორმისა და ურთიერთდაკავშირების სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა ინტერიერის ნავებად დაყოფის პრინციპი ყველა ბაზილიკაში დაცულია.
ქრისტიანული ბაზილიკა გეგმაში წაგრძელებული, სწორკუთხა ფორმის ნაგებობაა, საყრდენების საშუალებით დაყოფილი კენტი რიცხვის (3-5) ნავებად. შუა ნავი გვერდითებზე მაღალი და განიერია. საყრდენები ერთმანეთს უკავშირდება თაღების საშუალებით ან გამოყენებულია არქიტრავული სისტემა.
ნაგებობის აღმოსავლეთით საკურთხევლის აფსიდაა, რომელიც გეგმის სწორკუთხედშია ჩაწერილი ან შვერილი ფორმისაა. ფართოდ გავრცელებულია ე.წ. სამნაწილიანი საკურთხეველი _ აფსიდა და გვერდითი სათავსები, პასტოფორიუმები. საკურთხეველსა და ნავებს შორის რიგ ძეგლებში გვხვდება ტრანსეპტი. ბაზილიკის გეგმაში გამოკვეთილია დასავლეთ-აღმოსავლეთი ღერძი, მიმართული საკურთხევლისაკენ. ამ ტიპის ნაგებობაში ყველა არქიტექტურული ელემენტი საკურთხეველთან მიმართებაში გაიაზრება და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას ემსახურება.
ბაზილიკის ნავების გადახურვა შეიძლება იყოს კამაროვანი ან ხის კონსტრუქციებით შესრულებული. შუა ნავს ექსტერიერში უმეტესად დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი აქვს, ხოლო გვერდითებს ცალფერდა. ასეთ შემთხვევაში ნაგებობას გააჩნია ე.წ. ბაზილიკური ჭრილი და ექსტერიერში სახასიათო სილუეტი. ბაზილიკური ჭრილის ნაგებობებში შუა ნავის კედლებში სარკმლების მოთავსების შესაძლებლობა იქმნება. ეს არსებითად განსაზღვრავს როგორც ინტერიერის განათების ინტენსივობას, ასევე შიდა სივრცის ხასიათს. გვხვდება სამი ნავის ერთიანი ორფერდა სახურავით გადახურვის მაგალითებიც. ამგვარი ნაგებობები განსხვავებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის გადაწყვეტის და განათების მხრივ. ბაზილიკის დასავლეთ ნაწილში უმეტესად ნართექსი მდებარეობს. მის დასავლეთით ადრეული ხანის რიგ ძეგლებში ატრიუმია.
ბაზილიკა, როგორც ქრისტიანული რელიგიის მიერ დაკანონებული ხუროთმოძღვრული ტიპი, მთელ ადრექრისტიანულ სამყაროში გავრცელდა და არქიტექტურულ-სამშენებლო ტრადიციებით განსხვავებულ ქვეყნებში სახეცვლილებები განიცადა. ამ პროცესში ორი ძირითადი რეგიონი იკვეთება _ ერთის მხრივ კონსტანტინოპოლისა და ხმელთაშუაზღვის ევროპული ნაწილის, მეორე მხრივ აღმოსავლეთის ქვეყნების სახით. აღსანიშნავია, რომ გეგმარების თუ რომელიმე არქიტექტურული ფორმის გადაწყვეტის თვალსაზრისით ცალკეულ ქვეყნებში ქრისტიანული ბაზილიკის თავისებური ვარიანტები დამუშავდა.
ქრისტიანული რელიგიის მიერ ბაზილიკის დაკანონებას ფაქტობრივი მონაცემების გარდა 1V-V საუკუნეების წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. ამ თვალსაზრისით საყურადღებო ინფორმაციას შეიცავს კესარიის ეპისკოპოს ევსების 317 წლით დათარიღებული ტირის ეპისკოპოს პავლინისადმი მიძღვნილი პანეგერიკი, “წესნი მოციქულთანი” და თესტამენტუმ Dომინი. პანეგერიკში ქრისტიანული რელიგიის განდიდებისა და ეპისკოპოს პავლინის საქმეთა ხოტბის შემდგომ ტირის ტაძრის აღწერისას იძლევა ის ტირის ტაძრის და მის ცალკეულ ნაწილთა ფორმის და სიმბოლური გააზრების ინტერპრეტაციას.
IV-V საუკუნეების ამ წყაროების მიხედვით წერილობით დასტურდება ქრისტიანული ეკლესიის მოთხოვნა ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის შესახებ. საეკლესიო ნაგებობა მოიაზრება წაგრძელებული გეგმარების, სვეტებიან, უგუმბათო ნაგებობად, რაც ბაზილიკის არქიტექტურული ტიპის მახასიათებლებს შეესაბამება. დადასტურებულია ნაგებობის ორიენტაცია აღმოსავლეთისაკენ. განიმარტება საკურთხევლის მოწყობის წესი (მდებარეობა ტაძრის აღმოსავლეთით, იატაკიდან სამი საფეხურით ამაღლება, ტრაპეზის ცენტრში განთავსება, სამღვდელოების ჩამოსაჯდომი რიგების მოწყობა, ფარდით ან ცხაურით გამოყოფა ტაძრის სივრციდან). განსაზღვრულია ტაძრის სხვადასხვა ნაწილის ფუნქცია და ადგილმდებარეობა: პასტოფორია - სამკვეთლო საკურთხევლის რომელიმე მხარეს, სადიაკვნე ტაძრის შესასვლელის მარჯვნივ, ხოლო სანათლავი ეზოშია. ტაძართან კათაკმეველთა სპეციალური სადგომი იმგვარად არის მოწყობილი (სავარაუდოდ ღიობებით დაკავშირებული), რომ აქ მყოფთ ფსალმუნების მოსმენის შესაძლებლობა ეძლევათ. ტაძრის დასავლეთით პორტიკებიანი ოთხკუთხა ეზოა.
ტაძარში მლოცველთა დამსახურების, სქესის და ასაკის მიხედვით იერარქიული განაწილება საკურთხეველთან მიმართების და მარჯვენა მხარის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ხორციელდება.
ქრისტიანული ეკლესიის ძირითადი ნაწილების რეგლამენტაცია, მათი ფუნქცია, მლოცველთა განაწილების წესი მკაფიოდ არის განსაზღვრული. ამავე დროს გაცხადებულია საუფლო სახლის საკრალური დანიშნულების სიმბოლური მნიშვნელობა, რომლის მიხედვით ტაძრის შიდა ეზოში შესვლა ოთხი სახარების შეგონებაა, ტაძრის სამი კარი - წმ. სამების აღიარება. თავად ტაძარი, საუფლო სახლი, მორწმუნეთა შესაკრები, კეთილი მწყემსის სამწყოსს - ცხვრების სადგომია. ტაძარი გემი – კიდობან – ხომალდია მორწმუნეთა სულების ზეციურ სასუფეველში გადასასვლელად აგებული. სასულიერო პირნი გემის გამცილებლებია, ვინც წარმართავს მრევლს ამ რთულ გზაზე. წმ. ნათლობის საიდუმლო ოცდაერთი წინასწარმეტყველის და თორმეტი მოციქულის თანადგომით ხორციელდება, რაც სანათლავის ზომებშია გაცხადებული.
ქრისტიანული ხუროთმოძღვრების განვითარების პირველ ეტაპზე, IV-V საუკუნეებში, ეკლესიის მოთხოვნა შეესაბამება ბაზილიკის არქიტექტურულ ტიპს და ეკლესიის მიერ მის დაკანონებას განაპირობებს. სიტუაცია იცვლება VI საუკუნიდან, როდესაც იმპერატორ იუსტინიანეს ეპოქაში იგება მონუმენტური გუმბათიანი ნაგებობები, თუმცა ბაზილიკისათვის დამახასიათებელი წაგრძელებული გეგმარება და სამნაწილიანობა ძირითადად ძალაში რჩება (მაგ.: ე.წ. გუმბათიანი ბაზილიკის ტიპის ძეგლები). ამ დროიდანვე იწყება ტაძრის არქიტექტურულ სტრუქტურაში გუმბათის, როგორც შიდა სივრცის მთავარი მაორგანიზებელი ელემენტის ფორმირების პროცესი საეკლესიო ნაგებობის არქიტექტურული და სიმბოლური გააზრება IV-V საუკუნეებში საგრძნობლად განსხვავდება VII-VIII საუკუნეების ინტერპრეტაციისაგან. თუ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ფორმირების პირველ საუკუნეებში ის ძირითადად ტაძრის ცალკეულ ნაწილთა ფუნქციონალური დანიშნულების და მლოცველთა განაწილების რეგლამენტაციას ითვალისწინებს, ღვთის სახლს სამწყსოს სადგომად და ქრისტიანთა სულების სასუფეველში გადასასვლელ ხომალდად აღიქვამს; VII-VIII საუკუნეებში ამ პერიოდის თეოლოგიურ ხედვას ასახავს და რთულ, მრავალსახოვან ინტერპრეტაციას ეფუძნება.
IV-V საუკუნეებში სიმბოლური გააზრება ძირითადად საკრალური რიცხვების მნიშვნელობის განმარტებას ითვალისწინებს (სამი – სამების, ოთხი – ოთხი სახარების, თორმეტი – მოციქულთა და ოცდაერთი – წინასწარმეტყველთა რიცხვის მიხედვით). მაშინ, როდესაც VII-VIII საუკუნეებში საეკლესიო ნაგებობა სიმბოლური მნიშვნელობით კოსმოსს, ხილულ სამყაროს, ღვთის ხატს განასახიერებს და წმინდა მსხვერპლშეწირვის და ხსნის იდეას გამოხატავს
ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ფორმირების საწყის ეტაპზე ეკლესიის მოთხოვნებს ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი შეესატყვისებოდა, რამაც განაპირობა მისი გავრცელება ადრექრისტიანული სამყაროს ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ქრისტიანი მოღვაწეები ტერმინ ბაზილიკის ეტიმოლოგიის თავისებურ განმარტებას იძლევიან. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბაზილიკა ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ბაზილევსის ანუ მეფის სახლს. VII საუკუნის მოღვაწე ისიდორე ისპალინელი თხზულებაში “საწყისების და ეტიმოლოგიის შესახებ” განმარტავს, რომ ბაზილიკებს უწოდებენ ტაძრებს, რადგან აქ მსხვერპლს სწირავენ ყველას მეუფეს – ღმერთს. ამავე განმარტებას იზიარებენ შემდგომ საუკუნეებში ვალფრედ სტრაბონი (IXს), ვინსენტი ბოვედან და დიურანტი (XIII ს).
გ. ჩუბინაშვილი გამოკვლევაში ბოლნისის სიონის შესახებ აანალიზებს  აღნიშნავს ბევრ შემთხვევაში ქრისტიანული ბაზილიკის დამოუკიდებელ ტიპად აღიარების ფაქტს. ამასთან შეუძლებლად და უსარგებლოდ მიაჩნია ერთი ძირის ძიება, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში ადგილობრივი ტრადიციების თავისებურების პირობებში ქრისტიანული ტაძრის ტიპების ჩამოყალიბების პროცესი განსხვავებული გზით წარიმართა.
თითქმის ყველა მკვლევარი მიუთითებს რომაული და ქრისტიანული ბაზილიკების გენეტიკურ კავშირზე თუ არა მსგავსებაზე მაინც. ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან ქრისტიანული, კერძოდ ბიზანტიის, არქიტექტურა, ტერიტორიული, ისტორიული თუ, საკუთრივ, სამშენებლო ტრადიციებით რომთან იყო დაკავშირებული. რაც შეეხება ქრისტიანულ ბაზილიკას, ის, უპირველესად, სამწყსოს შესაკრები ადგილი, ე.ი. ხალხმრავალი აუდიტორიისათვის განკუთვნილი ნაგებობაა, ისევე, როგორც ძველი რომის საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები. მისგან განსხვავებით ანტიკურ ტაძარში ცერემონიალი არა შენობაში, არამედ ეზოში, ღია ცის ქვეშ იმართებოდა. ამ ნიშნით ქრისტიანულ ბაზილიკას მეტი საერთო რომის საერო და არა სატაძრო ხუროთმოძღვრებასთან ეძებნება. ახალმა იდეოლოგიამ თვისობრივად ახალი ეტაპი შექმნა განსაკუთრებით საკულტო ხელოვნებასა და არქიტექტურაში.
ბუნებრივია, ამ თავისებურებების ფორმირებას გარკვეული დრო დასჭირდა. ქრისტიანული ბაზილიკა ის არქიტექტურული ტიპი აღმოჩნდა, რომლის ჩამოყალიბება თვით ქრისტიანული ხელოვნების ფორმირების პროცესს დაემთხვა. ამიტომ სრულიად ლოგიკურია ამ არქიტექტურული ტიპის სტრუქტურაში ქრისტიანობამდელი არქიტექტურული ტრადიციების გავლენის არსებობა. ბაზილიკის, როგორც არქიტექტურული ტიპის სისადავე და ლაკონურობა, ამ სიმარტივეში დაფარული მრავალფეროვანი მხატვრული შესაძლებლობები, მის ყველაზე დამახასიათებელ ნიშანს და ფართოდ გავრცელების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს.  ზოგადად ქრიატიანული არქიტექტურისა და, კერძოდ, ქრისტიანული ბაზილიკის ბერძნულ-რომაულ ხუროთმოძღვრებასთან გარკვეული კავშირის არსებობა უდაოა.
ქართულ არქიტექტურაში ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი შემოტანილია. მთელი რიგი ქრისტიანული ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოში ბაზილიკის გავრცელებას ადგილობრივ არ დახვდა სწორკუთხა გეგმარების, მკაფიოდ გამოხატული სიგრძივი ღერძის მქონე სვეტებიანი ნაგებობის მშენებლობის ტრადიცია, რამაც, გარკვეულწილად, განსაზღვრა საქართველოში ბაზილიკის გავრცელებისა და ფორმირების პროცესის თავისებურება.
საქართველოში ბაზილიკების აქტიური მშენებლობის პერიოდი V-VI საუკუნეებია. ქართულ ხუროთმოძღვრებაში გუმბათიანი არქიტექტურის ფორმირების შემდეგ ბაზილიკის ტიპი კარგავს თავდაპირველ მნიშვნელობას, რაც ოფიციალური რელიგიის მიერ ქრისტიანობის მიღების პირველ საუკუნეებში ჰქონდა მინიჭებული. ბაზილიკის არქიტექტურული ტიპისაგან განსხვავებით გუმბათიანი არქიტექტურა ადგილობრივ ხუროთმოძღვრულ ტრადიციებთან ორგანულ კავშირშია, რამაც ქართული ხუროთმოძღვრების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მისი პრიორიტეტი და მნიშვნელობა განაპირობა. საქართველოში გუმბათიანი ეკლესიები რაოდენობრივადაც ბევრად სჭარბობს ბაზილიკებს. თუ ბაზილიკების მშენებლობა ძირითადად XI საუკუნემდე გრძელდება, გუმბათიანი არქიტექტურა შუასაუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმთავრეს თემას წარმოადგენს და ადგილობრივი არქიტექტურულ-სამშენებლო შესაძლებლობების, შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის არსებით საშუალებად გვევლინება.
ადგილობრივ არქიტექტურულ-სამშენებლო ტრადიციებთან დაკავშირებული გუმბათიანი ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებით ბაზილიკის, როგორც არქიტექტურული ტიპის, დამახასიათებელი ნიშნები არსებულ ტრადიციებს დაუპირისპირდა, რაც საქართველოში ბაზილიკის არსებობის ყველა ეტაპზე გამოვლინდა და მისი თავისებურებები განაპირობა.





სტატიის ავტორი ნათელა ჯაბუა
მასალა აღებულია წიგნიდან – ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში. თბილისი, 2009წ.
მასალა ადაპტირებულია მარინა იტრიაშვილის მიერ სპეციალურად საიტისთვის www.dzeglebi.ge

 

 


megobari saitebi

   

01.10.2014